⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.08.2007)

საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 10.07.1998
ძალის დაკარგვა 15.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000311 39
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
3,301 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.1998 მიღება
15.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შესახებ  საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №42 1998 წლის 10 ივლისი ქ. თბილსი საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შესახებ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ორგანიზაციის, სატრანსპორტო პროცესში მონაწილე მხარეების უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის მიზნით: 1. დამტკიცდეს „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“. 2. „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესი“ ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი     მ. ადეიშვილი საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წესი შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არეგულირებს მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის სატრანსპორტო პროცესს, განსაზღვრავს მონაწილეთა ურთიერთდამოკიდებულებას, მათ უფლებებს, მოვალეობასა და პასუხისმგებლობას. 2. წესი სავალდებულოა შესასრულებლად სატრანსპორტო პროცესში მონაწილე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა. 3. მგზავრთა გადაყვანის პროცესში მონაწილენი არიან: მგზავრთა გადამყვანი, ავტოვაგზალი (ავტოსადგური, ავტოსალარო) მგზავრი, მძღოლი და სატრასპორტო საშუალება. 4. მგზავთა გადაყვანაზე მომსახურება ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას და ლიცენზირებას ყველა სახის მარშრუტებზე. 5. ტერმინებს, რომლებიც ნახსენებია წესებში გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობები: „მგზავრთა გადამყვანი“ - (შემდეგში გადამყვანი) არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს მარშრუტის მომსახურებისათვთის საჭირო რაოდენობის, ტიპი, ტექნიკურად გამართულ საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს და უფლება აქვს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „ავტობუსი“ _ ავტომობილი, რომლის დანიშნულებაა ერთდროულად გადაიყვანოს არანაკლებ 8 მგზავრი (მძღოლის გარდა). „მსუბუქი ტაქსი“ _ შესაბამისად ეკიპირებული მსუბუქი ავტომობილი, რომლის დანიშნულებაა დადგენილი ტარიფით გადაიყვანოს არაუმეტეს 7 მგზავრი (მძღოლის გარდა). - „ავტოვაგზალი“ – დასახლებულ პუნქტებში მგზავრების და გადამყვანების მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს – 100 კვადრატული მეტრი და მეტი ფართობის მქონე, მოსაცდელ დარბაზსა და საბილეთო სალაროებს, ბაქნებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომისათვის, ავტობუსების წინასარეისო გასაჩერებელ მოედანს, ავტობუსების  დასუფთავების და დათვაალიერების პუნქტს. „ავტოსადგური“ – დასახლებულ პუნქტებში მგზავრების და გადამყვანების მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს – 100 კვადრატული მეტრამდე ფართობის მქონე, მოსაცდელ დარბაზსა და საბილეთო სალაროებს, ბაქნებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომისათვის და ავტობუსების წინასრეისო გასაჩერებელ მოედანს. „ავტოსალარო“ – მგზავრებზე ბილეთების სარეალიზაციო ნაგებობა, რომელიც ეწყობა მგზავრთა ნაკადის წარმოქმნის ადგილებში, ავტობუსის ბოლო და შუალედური გაჩერების პუნქტებში. „ბილეთი“ – საბუთი, რომელიც ადასტურებს მგზავრის უფლებას იმგზავროს აღნიშნული ავტოტრანსპორტით და წარმოადგენს მგზავრის გადაყვანისა და მის დაზღვევაზე გადამზიდავსა და მგზავრს შორის ხელშეკრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. „მგზავრობის ხელშეკრულება“ – არარეგულარულ სატრანსპორტო მომსახურებაზე მგზავრთა გადამყვანსა და მგზავრს (მგზავრების ჯგუფს) შორის დადებული შეთანხმება. „მგზავრი“ - ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს ავტოსატრანსპორტო საშუალებით. „მარშრუტი“ – განსაზღვრულ პუნქტებს შორის ავტოსატრასპორტო საშუალების მოძრაობის დადგენილი მიმართულება. „რეისი“ – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე შესრულებული გადაადგილება.    „ბრუნი“ – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე და უკუმიმართულებით შესრულებული გადაადგილება. „მოძრაობის განრიგი“ – ცხრილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას რეისის შესრულების დროის, მანძილის, გაჩერების პუნქტებისა და მოძრაობის თანმიმდევრობის შესახებ. „ბარგი“ – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი ტვირთი ან ნივთები (თითოეული ზომით არა უმეტეს 60X50 X30სმ, მასით არაუმეტეს 30კგ). „ხელბარგი“ – მგზავრის მიერ პერსონალურად უფასოდ გადასატანი ბარგი (ზომით არა უმეტეს 60X40 X20სმ, მასით არაუმეტეს 16კგ). „რეგულარული მარშრუტი“ – მარშრუტი, რომელზეც მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ხორციელდება განსაზღვრული მგზავრობის პირობებით, ტარიფით და დადგენილი მოძრაობის განრიგით. „არარეგულარული მარშრუტი“ – მარშრუტი, რომელზეც მგზავრთა გადაყვენის პირობები განისაზღვრება გადამზიდავსა და მგზავრს შორის დადებული მგზავრობის ხელშეკრულებით თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის. „ფასი (ტარიფი)“ – მგზავრის გადაყვანის ღირებულება. „საბითუმო ფასი“ – გადამყვანის (საბითუმო ქსელის) ფასი, რომლის საქონელი (მომსახურება) არასაბოლოო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს გადამყვანის დანახარჯებს, მოგებასა და კანონმდებლობით დაწესებულ საგადასახადო განაკვეთებს. „მგზავრთა გადაყვანაზე მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატი“ – საბუთი, რომელიც ადასტურებს ავტოსატრასპორტო საშუალებების, მძღოლების, ავტოვაგზლების (ავტოსადგურების, ავტოსალაროების) შესაბამისობას მარშრუტებთან და სხვა წაყენებულ მოთხოვნებთან. მუხლი 2🔗. საავტობუსო მარშრუტების კლასიფიკაცია 1. არსებობს შემდეგი სახის საავტობუსო მარშრუტები: - საქალაქო; - სარაიონო; - სარაიონოთაშორისო; - საგარეუბნო; - საქალაქთაშორისო; -საერთაშორისო. 2. საქალაქოს მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც მოქმედებს ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში. 3. სარაიონოს მიეკუთვენება მარშრუტი, რომელიც მოქმედებს რაიონის ტერიტორიის ფარგლებში. 4. სარაიონთაშორისოს  მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც მოქმედებს ორი ან მეტი რაიონის ფარგლებში და მისი სიგრძე არ აღემატება 50 კილომეტრს. 5. საგარეუბნოს მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც გადის ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, ცხინვალის, რუსთავის ფარგლებს გარეთ და რომლის სიგრძე არ აღემატება 50 კილომეტრს. 6. საქალაქთაშორისოს (დასახლებული პუნქტის) მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც გადის ქალაქის ფარგლებს გარეთ და რომლის სიგრძე აღემატება 50 კილომეტრს; 7. საერთაშორისოს მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც კვეთს საქართველოს საზღვარს. მუხლი 3🔗. რეგულარული საავტობუსო მარშრუტების დანიშვნა, გაუქმება და მოძრაობის ორგანიზაცია 1. საქალაქო რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებს საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით ნიშნავს, აუქმებს და მათზე მოძრაობის განრიგებს ამტკიცებს ადგილობრივი მმმართველობის ორგანო. 2. სარაიონო, სარაიონთაშორისო, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მარშრუტებს ნიშნავს, აუქმებს და მათზე მოძრაობის განრიგებს ამტკიცებს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი მგზავრთა გადამყვანის მიერ წარმოდგენილი განრიგის პროექტის გათვალისწინებით, ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით. 3. საერთაშორისო რეგულარული საავტობუსო მარშრუტები ინიშნება, უქმდება და მათზე მოძრაობის განრიგები მტკიცდება სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე მგზავრთა გადაყვანის ბარგის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციების გათვლისწინებით. მუხლი 4🔗. მოქმედი რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამყვანების შერჩევა 1. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მოქმედ რეგულარულ საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამყვანების შერჩევას კონკურსის წესით. 2. ლიცენზია რეგულარული მარშრუტის მომსასხურებაზე გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ გადამყვანზე, რომელთანაც მარშრუტის მომსახურებისათვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 3. კონკურსის პირობები განისაზღვრება რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამყვანებისა და ავტოსადგურების შერჩევის წესების მიხედვით. 4. გადამყვანსა და ავტოსადგურს (ავტოვაგზალი, ავტოსალარო) შორის ურფიერთანგარიშსწორება ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე. მუხლი 5🔗. გადამყვანის უფლება- მოვალეობანი და პასუხისმგებლობა 1. გადამყვანს უფლება აქვს: ა) მიიღოს მონაწილეობა მოქმედი რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამყვანების შერჩევის მიზნით გამართულ კონკურსებში; ბ) იქონიოს საკუთარი ავტოსადგური, აიღოს ვადიანი სარგებლობით ავტოსადგუკრის ქონება (სალარო, ბაქანი და სხვა საჭირო საშუალებები) ან ისარგებლოს ავტოსადგურის მომსახურებით მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. გ) გადადოს ავტობუსის რეისი მისგან დამოუკიდებელი ხელის შემშლელი გარემოებების გამო (ფორსმაჟორი), რომელთა განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო მიღებული ზომების მიუხედავად. ამ შემთხვევაში ბილეთის წარმოდგენის შემდეგ ბილეთის გამცემი უბრუნებს მგზავრს ბილეთისა და დამატებით მომსახურებაზე გადახდილ ღირებულებას. დ) უზრუნველყოს ბილეთების წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის ორგანიზაცია; 2. გადამყვანი ვალდებულია: კონკურსში გამარჯვებისა და მარშრუტის მომსახურებაზე სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ: ა) სატრასპორტო პროცესი განახორციელოს პარიტეტზე კონკურსის წესით შერჩეულ პარტნიორ გადამყვანთან; ბ) დროულად მიაწოდოს მარშრუტის საწყის პუნქტში ტექნიკურად გამართული და დასუფთავებული სატრანსპორტო საშუალება; გ) უზრუნველყოს მძღოლი მოძრაობის განრიგით, ბილეთით, უწყისით და სხვა საგზაო დოკუმენტაციით; დ) უზრუნველყოს მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმება; ე) უზრუნველყოს ყველა მგზავრის გაბილეთიანება; ვ) დაიცვას მგზავრთა უფლებები; ზ) დაიცვას მოძრაობის განრიგი; თ) დაადგინოს მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ღირებულება ამ წესების 10 მუხლით განსაზღვრული გადაზიდვების თვითღირებულებიდან გამომდინარე; ი) მის მიერ გაყიდული ბილეთები აღირიცხოს უწყისში; კ) სარაიონთაშორისო, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს ავტობუსის დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილი ადგილების რაოდენობის მიხედვით; ლ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტრლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოებს ან თანამდებობის პირებს თავიანთი მოვალეობის განხორციელებისას; მ) ტექნიკური მიზეზების გამო მგზავრობის შეწყვეტის შემთხვევაში მარშრუტის დანიშნულების პუნქტამდე უზრუნველყოს მგზავრების გადაყვანა დამატებითი გადასახადების გარეშე. გადამყვანი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: ნ) მგზავრის სიკვდილზე, სხეულის დაზიანებაზე ან მისი ჯანმრთელობისათვის სხვა ზიანის მიყენებაზე, თუ შემთხვევა მოხდა მგზავრის გადაყვანის, მისი ჩასხდომა-გადასხდომის ან ბარგის დატვირთვა-გადამოტვირთვის დროს, თუ ეს შემთხვევები გამოწვეულია გადამყვანის მიზეზზით. ო) ბარგის მთლიან ან ნაწილობრივ დაკარგვასა და დაზიანებაზე; პ) განრიგით გათვალისწინებული რეისების ჩაშლაზე და წინამდებარე წესების სხვა მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე; ჟ) რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებაზე დადგენილი წესების დაუცველობაზე; რ) რეისების განრიგების დაცვით შესრულებაზე; ს) ყოველი კვარტლის ბოლოს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ლიცენზიის გამცემ ორგანოს. 3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილდება და გადამყვანი ეხსნება მარშრუტის მომსახურებიდან. შენიშვნა: გადამყვანი სამგზავრო ბილეთებს ამზადებს (იძენს) ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ავტოვაგზალი, ავტოსადგური, ავტოსალარო მათი მოვალეობანი და პასუხისმგებლობა 1. ავტოვაგზალის დანიშნულებაა დამტკიცებულ რეგულარულ მარშრუტებზე უზრუნველყოს მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურება: მოსაცდელი დარბაზით, ავტობუსებში ჩასაჯდომი ბაქნებით, სასტუმროთი, საყოფაცხოვრებო, სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურების და კვების ბლოკით, შემნახველი საკნით, საინფორმაციო საშუალებებით, მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების და ავტობუსების წინასარეისო დათვალიერების პუნქტებით, ავტობუსების წინასარეისო მოცდის და მომსახურების ზონებით. 2. ავტოსადგურის დანიშნულებაა დამტკიცებულ რეგულარულ მარშრუტებზე უზრუნველყოს მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურება: მოსაცდელი დარბაზებით, ავტობუსებში ჩასაჯდომი ბაქნებით, საყოფაცხოვრებო, სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურების და კვების ბლოკით, შემნახველი საკნით, საინფორმაციო საშუალებებით მძღოლთა წინასაარჩევნო სამედიცინო შემოწმების და ავტობუსების წინასარეისო დათვალიერების პუნქტებით. 3. ავტოსალაროს დანიშნულებაა დამტკიცებულ რეგულარულ მარშრუტებზე უზრუნველყოს მგზავრების მომსახურება საბილეთო სალაროებით და მოსაცდელით. 4. ავტოვაგზალს, ავტოსადგურს და ავტოსალაროს უნდა ჰქონდეს შესაბამოსობის სერტიფიკატი და ლიცენზია. ავტოსადგური ვალდებულია: ა) მოემსახუროს მარშრუტზე მიმაგრებულ გადამყვანს; ბ) გაყიდოს ბილეთი (ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევევაში) გადამყვანის მიერ წარმოდგენილი ფასის შესაბამისად; გ) რეისის შესასრულებლად დაუშვას ავტობუსი, მხოლოდ ტექნიკური დათვალიერების გავლის და მძღოლის სამედიცინო შემოწმების შემდეგ. ავტოსადგური პასუხისმგებელია: ა) მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურებაზე. მუხლი 7🔗. მგზავრის უფლება-მოვალეობანი 1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მგზავრზე ვრცელდება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი უფლებები. 2. რეგულარულ მარშრუტებზე ავტობუსით მგზავრობისთვის მგზავრი ვალდებულია: ა) შეიძინოს ავტობუსით მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ბილეთები, რომელთა ღირებულება დადგენილია გადაზიდვის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაიკავოს ავტობუსის სალონში ბილეთში მითითებული ადგილი, შეინახოს ბილეთი მგზავრობის ბოლომდე და მოთხოვანის შესაბამისად წარუდგინოს ის კონტროლის უფლებამოსილ პირებს; ბ) გამოცხადდეს ბაქანზე ავტობუსის გასვლამდე 15 წუთით ადრე; გ) საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისას შესაძლებელი დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს; დ) სხვა მგზავრთა მიერ დაკარგული ან დატოვებული ნივთების აღმოჩენისას ჩააბაროს ისინი მძღოლს; ე) დაიცვას წინამდებარე წესები. 3. რეგურარულ მარშრუტზე მომუშავე ავტობუსის მგზავრს უფლება აქვს: ა) უფასოდ წაიყვანოს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ ის არ დაიკავებს ცალკე დასაჯდომ ადგილს; ბ) 5-დან 10 წლამდე ბავშვის გადაყვანის შემთხვევაში გადაიხადოს ბილეთის ღირებულების 50 პროცენტი ცალკე დასაჯდომი ადგილის სარგებლობით; გ) უფასოდ გადაზიდოს ხელბარგი, რომელიც თავსდება ავტობუსის სალონში და თავისი ზომებით არ შეავიწროებს სხვა მგზავრებს და ხელს არ შეუშლის მათ ავტობუსის სალონში გასასვლელად; დ) გადაიყვანოს შინაური ცხოველები (ძაღლი პირბადითა და თასმით), ფრივნელები გალიის საშუალებით გადამყვანის მიერ დადგენილი საფასურით; ე) უფასოდ, გადიყვანოს გალიის საშუალებით მცირე ზომის ცხოველები და ფრინველები; ვ) ავტობუსის საბარგულში ბარგის ჩაბარების შემთხვევაში გადამყვნს განუცხადოს ბარგის ღირებულების შესახებ; ზ) მიიღოს გადამყვანისაგან ამომწურავი ინფორმაცია მგზავრობისა და მომსახურების პირობების შესახებ; თ) გადამყვანის მიზეზით მგზარის ჯანმრთველობაზე მავნე ზემოქმედების ან ბარგის დაზიანების შემთხვევაში მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება;     ი) დაესწროს მისი ბარგის ან სხვა ქონების შემოწმების პროცესს. 4. მგზავრობაზე მგზავრს შეიძლება ეთქვას უარი: ა) თავისუფალი ადგილების უქონლობის შემთხვევაში; ბ) თუ ის არღვევს სამოქალაქო წესრიგს; გ) თუ მას გადააქვს ბარგი, რომელიც არ შეესაბამება გადაზიდვისათვის დადგენილ წონასა და გაბარიტს. 5. მგზავრს ეკრძალება: ა) მოძრაობის დროს სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა ან მძღოლის გართობა ლაპარაკით და მისი ყურადღების მიქცევა; ბ) სატანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე ან კარის დახურვისათის ხელის შეშლა; უფასოდ მგზავრობა ან ბარგის გადაზიდვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;დ) ბილეთში ცვლილებების შეტანა; ე) დასაჯდომ ადგილებზე ბარგის მოთავსება;, ვ) საავარიო საშულებებით სარგებლობა,  თუ ეს საჭიროებით არ არის გამოწვეული; ზ) ფეთქებადი, ცეცეხლსაშიში, ადვილად აალებადი, მომწამვლელი და ნარკოტიკული ნივთიერების შემცვლელი ბარგის გადატანა; თ) პირბადისა და თასმის გარეშე ძაღლების გადაყვანა; ი) ისეთი ბარგის გადაზიდვა, რომელიც გააჭუჭყიანებს სხვა მგზავრთა ტანსაცმელს, შეუქმნის მათ დისკომფორტს ან დაანაგვიანებს სატრანსპორტო საშუალებებს; კ) მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული ბარგის გადაზიდვა; ლ) სატრანსპორტო საშუალების სალონში მოწევა. 6. სატრანსპორტო საშუალების სალონში ხელბარგის შენახვაზე პასუხიმგებელია მიგზავრი. 7. მგზავრი პასუხს აგებს მისი მიზეზით გამოწვეულ ყოველგვარ ზარალზე, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების სალონისა და მოწყობილობის დაბინძურებასა და დაზიანებაზე. მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლოობით. მუხლი 8🔗. მძღოლის უფლება-მოვალეობანი: 1. მძღოლი, რომელიც ასრულებს მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია: ა) იხელმძღვანელოს საგზო მოძრაობის, ტექნიკური ექსპლუატაციის და მოცემული წესით; ბ) იქონიოს რეგულარულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში: მძღოლის მართვის მოწმობა; სატრანსპორტო-საგზაო ბარათი; სალიცენზიო ბართი; ბილეთის სააღრიცხვო დოკუმეტაცია; ავტობუსის მოძრაობის განრიგი; მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ბარათი. გ) არარეგულარული გადაზიდვების (ერთჯერადი და სხვა ცალკეული შეკვეთები) დროს: მძღოლის მართვის მოწმობა; სატრანსპორტო-საგზაო ბარათი; სალიცენზიო ბარათი; ა) იმოძრაოს დადგენილი მარშრუტით და დაიცვას ავტობუსის მოძრაობის განრიგი; ბ) იყოს თავაზიანი მგზავრების მიმართ; გ) მიაწოდოს ავტობუსი ავტოსადგურში გასვლამდე 20 წუთით ვდრე; დ) კონტროლის შემთხვევაში გააჩეროს ავტობუსი მაკონტროლებლის სიგნალზე, შეასრულოს მათი მოთხოვნები და ხელი შეუწყოს მათ კონტროლის განხორციელებაში; ე) უზრუნველყოს ჩასხდომა (ჩამოსვლა) მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, ჩასაჯდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის ტროტუარზე ან გზის გვერდულზე, ისე რომ ეს იყოს მგზავრებისათვის უსაფრთხო და მან ხელი არ შეუშალოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. ვ) ყურადღება მიაქციოს მგზავრთა მიერ წესების დაცვას  და ბარგს ავტობუსის სალონში; ზ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს შესაძლებლობისამებრ აღმოუჩინოს დახმარება დაზარალებულებს და მომხდარის შესახებ აცნობოს შესაბამის ორგანოებს. თ) საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მგზავრს პირველადი სამედიცინო დახმრება, ან მიიყვანოს ის უახლოეს მოქმედ პუნქტამდე. ი)ავტობუსი ადგილიდან დაძრას მხოლოდ კარების სრული დახურვის შემდეგ და გააღოს ის მხოლოდ ავტობუსის გაჩერების შემდეგ; კ) მიიღოს ბარგი, მოათავსოს ავტობუსის საბარგულში და დაუბრუნოს ის მგზავრს კუთვნილებისამებრ; ლ) ავტობუსის საბარგულში ყოველ ნაჭერ ბარგზე მიამაგროს ნომრიანი ჟეტონი, იგივე ნომრიანი ჟეტონის მეორე ნაწილი მისცეს ბარგის მფლობელ მგზავრს, ხოლო მგზავრობის დამთავრების შემდეგ ჟეტონის წარმოდგენისას დაუბრუნოს მას ბარგი; ზ) იზრუნოს სატრანსპორტო საშუალების საბარგულში მოთავსებული ბარგის შენახვაზე; ნ) ნივთი, რომელიც დარჩა მგზავრს ავტობუსში ჩააბაროს მარშრუტის საწყისი ან ბოლო ავტოსადგურის პასუხისმგებელ პირს; ო) მოთხოვნისათანავე მიაწოდოს მგზავრს საჭირო ინფორმაცია გადამზიდავის იურიდიული მისამართისა და სხვა რეკვიზიტების შესახებ. მძღოლს უფლება აქვს: ა) არ დაუშვას ავტობუსში მგზავრი ან ჩამოსვას უახლოეს გაჩერებაზე, თუ ის არღვევს გადაზიდვების ხეშეკრულებისა და წინამდებარე წესების მოთხოვნებს ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სხვა მგზავრებს. მუხლი 9🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები  1. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობის უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ეკოლოგიის საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და ტექნიკურ პირობებს. 2. საავტობუსო მარშრუტებზე (გარდა საქალაქოსი) მომუშავე ავტობუსებში დასაჯდომი ადგილები უნდა იყოს დანომრილი. მუხლი 10🔗. ტარიფები 1. რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის (მომსახურების) ზღვრული (ზედა და ქვედა) საბითუმო ფასს (ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებშიც კი – სეზონურობა, ინფლაცია და სხვა) მგზავრთა გადამყვანების მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი და წარუდგენს მას საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს. 2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის ზღვრულ ტარიფებს. 3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზღვრული ფასებიდან გამომდინარე: ა) საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის ტარიფებს ადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანო; ბ) სარაიონათშორისო, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ტარიფებს ადგენს გადამყვანი. 4. საერთაშორისო რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ფასები განისაზღარება სამთავრობათაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. 5. აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ გარანტირებული კომპენსაციით დააწესონ ქვედა ზღვრულ ტარიფებზე დაბალი ფასები. 6. არაეგულარულ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის ფასების დადგენა ხდება სახელშეკრულებო საფუძველზე. 7. მგზავრთა გადამყვანები ვალდებულნი არიან წარუდგინონ ინფორმაცია სათანადო ორგანოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗. სამგზავრო ბილეთი 1. ავტობუსით მგზავრობის უფლებას იძლევა სამგზავრო ბილეთი; 2. ბილეთი ძალაშია იმ მარშრუტზე, რეისზე და დღეზე, რომელზედაც ის არის გაყიდული. 3. ავტოვაგზლებში, ავტოსადგურებში, ავტოსალაროებში ავტობუსებზე სამგზავრო ბილეთები იყიდება სალარო აპარატების მეშვეობით შესაბამის სალაროებში. 4. გაყიდული ბილეთები უნდა აღირიცხოს უწყისში. 5. სამგზავრო ბილეთები იყიდება როგორც ნაღდ ანგარიშზე, ისე გადარიცხვით. 6. საწყის პუნქტებში წარმოებს ბილეთების წინასწარი გაყიდვა. 7. სარაიონო, სარაინათაშორისო, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მარშრუტის ავტობუსებზე დასაშვებია ბილეთების რეალიზაცია დასაჯდომი ადგილების ზევით, დადგენილი ნორმის ფარგლებში, გარდა სამთო პირობებში მომუშავე მარშრუტებისა. 8. მარშრუტებზე გადამყვანი ვალდებულია იქონიოს ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ბილეთი. 9. ბილეთში შეტანილი უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) საწყისი პუნქტი; ბ) დანიშნულების პუნქტი; გ) ადგილის ნომერი; დ) გასვლა „…..“ სთ. „…..“ წთ; ე) ავტობუსის სახ.N; ვ) ბილეთის ფასი; ზ) თარიღი; თ) სერია და N. 10. იქ სადაც არ არის ავტოვაგზალი, ავტოსადგური, ავტოსალარო ან გზაზე მგზავრის აყვანის შემთხვევში, მძღოლი ვალდებულია, შეავსოს ბილეთის რეკვიზიტები, შევსებული ბილეთი ეძლევა მგზავრს, ხოლო ყუა რჩება მძღოლს. 11. საქალაქო საავტობუსო გადაზიდვებზე მგზავრებზე ბილეთის რეალიზაციის სისტემას განსაზღვრავს და საჭიროების შემთხვევში ბილეთის ფორმას ადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანო (მუნიციპალიტეტი). 12. გადამყვანი ვალდებულია ბილეთების აღრიცხვა და მძღოლებზე გაცემა უზრუნველყოს არსებული წესების შესაბამისად. 13. გადამყვანი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით შესაბამის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში დეკლარაციას აკეთებს საბილეთო უწყისებითა და გახარჯული ბილეთების მიხედვით. მუხლი 12🔗. ბილეთის უკან დაბრუნება 1. იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრობა არ შედგება გადამყვანის მიზეზით ან მგზავრობის ხელშემშლელი საგზაო-კლიმატური და ა.შ. პირობების გამო მგზავრს უბრუნდება ბილეთის სრული ღირებულება. 2. მგზავრის მიერ ავტობუსის გასვლამდე 1 საათით ადრე სალაროში ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება ბილეთის ღირებულება, წინასწარ ნაყიდი ბილეთის შემთხვევაში საკომისო გადასახადის გამოკლებით. ამ პირობებში აღნიშნულ დროზე დაგვიანებით, მაგრამ ავტობუსის გასვლამდე არანაკლებ 30 წუთისა, ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, მგზავრს ბილეთის ღირებულება უბრუნდება 20 პროცენტის დაქვითვით. 3. ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მგზავრს ბილეთის ღირებულება არ დაუბრუნდება, დუბლიკატი არ გაიცემა და პრეტენზიები არ მიიღება. 4. იძულებითი გაჩერების შემთხვევში, როდესაც დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ხერხდება მგზავრების დანიშნულების პუნქტამდე მიყვანა, ან თუ მგზავრს ავადმყოფობის ან სათანადო საბუთით დამოწმებული მძიმე შემთხვევის გამო არა აქვს საშუალება გააგრძელოს მგზავრობა, მას უბრუნდება მგზავრობის ღირებულება და ბარგის გადაზიდვის საფასური (საკომისო გადასახადის გამოკლებით) საწყისი პუნქტიდან იძულებით გაჩერების ადგილამდე მგზავრობის თანხის გამოკლებით (თანხის დაბრუნება ხდება გადამყვანის მიერ). 5. მგზავრს უფლება აქვს ავტობუსის გასვლამდე ჩააბაროს ბილეთი და მიიღოს სრული ღირებულება საკომისიო გადასახადთან ერთად (წინასწარ შეძენილი ბილეთის შემთხვევაში) მოძრაობის განრიგით გათვალისწინებულ დროზე ავტობუსის ერთი სათით და მეტი დაგვიანების შემთხვევაში; 6. თუ მარშრუტზე (რეისზე) დადგენილი კლასის ავტობუსის ნაცვლად გამოცხადდა ნაკლები კლასის ავტობუსი და მგზავრი თანახმაა იმგზავროს ამ კლასის ავტობუსით, მას უბრუნდება ბილეთის ღირებულებათა შორის სხვაობა; 7. თუ მარშრუტზე (რეისზე) მოძრაობის განრიგით გათვალისწინებული კლასის ავტობუსის ნაცვლად გამოცხადდა უფრო მაღალი კლასის ავტობუსი, მგზავრებს, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთები აღნიშნული ცვლილებების გამოცხადბამდე, უფლება აქვთ დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე იმგზავრონ ამ კლასის ავტობუსით, ხოლო ამის შესახებ სათანადო ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ დარჩენილი ბილეთების რეალიზაცია ხდება შესაბამისი ტარიფით; 8. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს დააგვიანდა ავტობუსის გასვლაზე, რმელზედაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, მას უფლება აქვს ავტობუსის გასვლიდან სამი საათის განმავლობაში, ხოლო ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის მიზეზით – სამი დღე-ღამის განმავლობაში, ახლიდან შეიძინოს სამგზავრო ბილეთი ღირებულების 25 პროცენტის დამატებით ან დაიბრუნოს შეძენილი ბილეთის ღირებულება 25 პროცენტის დაქვითვით, ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება. 9. ბილეთის ღირებულების უკან დაბრუნება ხორციელდება: - წინასწარი გაყიდვის სააგენტოს მეშვეობით, რომელმაც გაყიდა ბილეთი ან მიიტანა მოთხოვნის ადგილზე, ავტობუსის რეისში გასვლამდე 18 საათით და მეტი ხნით ადრე. - მარშრუტის საწყისი პუნქტის ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მიმდინარე გაყიდვის სალაროს მიერ. მუხლი 13🔗. საბილეთო უწყისი 1. საბილეთო უწყისი წარმოადგენს სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტით შესრულებული სატრანსპორტო მუშაობის აღრიცხვის ძირითად დოკუმენტს. 2. მისი გამოყენება სავალდებულოა ყველა გადამყვანისათვის, ავტოვაგზლისთვის, ავტოსადგურისათვის, ავტოსალაროსათვის, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანას, მიუხედავად მათი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა და დაქვემდებარებისა. 3. საბილეთო უწყისი გამოიყენება მგზავრებზე ბილეთის რეალიზაციის აღრიცხვიანობისათვის. 4. საბილეთო უწყისი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელიც უნდა იყოს დანომრილი და რეგისტრირებული, შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში. 5. საბილეთო უწყისში შეტანილი უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) შევსების თარიღი; ბ) გადამყვანი; გ) მძღოლის გვარი; დ) მარშრუტი; ე) გასვლის დრო; ვ) ავტობუსის მარკა; ზ) დასაჯდომი ადგილების ნუმერაცია; თ) მოლარის გვარი; ი) ბილეთის ნომერი; კ) ბილეთის ფასი. 6. სადგურის მოლარე ბილეთების რეალიზაციის დამთავრების შემდეგ აჯამებს გაყიდული ბილეთების რაოდენობას და თანხას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით; 7. საბილეთო უწყისი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი ეძლევა გადამყვანს, მეორე ეგზემპლარი კი რჩება ავტოსადგურს. 8. ყველა ავტოვაგზალი, ავტოსადგური, ავტოსალარო ვალდებულია უწყისზე დასვას შესაბამისი შტამპი. 9. დაუშვებელია საბილეთო უწყისში ჩანაწერების გადასწორება, გაურკვევლად ჩაწერა და უზუსტობა. უზუსტობის ან არასწორად ჩაწერის შემთხვევაში უწყისი უქმდება, მასზე დიაგონალურად დაიტანება სიტყვა „გაუქმებულია“, რაც დამოწმდება პასუხიმგებელი პირის ხელმოწერითა და შტამპის დასმით. მუხლი 14🔗. მსუბუქი ტაქსებით მგზავრთა გადაყვანა 1. მსუბუქი ტაქსით მგზავრობისათვის წესდება განსაზღვრული ტარიფი გარბენის ერთ კილომეტრზე დადგენილი წესის თანახმად. 2. მგზავრობის ფასაის გადახდა ხდება ტაქსომეტრის ჩვენების მიხედვით. 3. დაუშვებელია გაუმართავი ტაქსომეტრიანი მსუბუქი ტაქსით მგზავრების გადაყვანა. 4. მგზავრის მიერ დაკავებული ტაქსის მძღოლს ეკრძალება სხვა მგზავრის წაყვანა მასთან შეთანხმების გარეშე. 5. იმ შემთხვევაში, როცა ტაქსში მჯდმი მგზავრის დანიშნულ ადგილამდე მიყვანა ვერ მოხერხდა მძღოლის მიზეზით (ტექნიკური გაუმართაობა, საწვავის უქონლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ა.შ.) გავლილი მანძილის საფასურს მგზავრი არ იხდის, ხოლო თუ მგზავრის მიყვანა ვერ მოხერხდა მძღოლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (გზის დაზიანება, მგზავრობის ხელშემშლელი კლიმატი და ა.შ.) მგზავრი იხდის ჩაჯდომის ადგილიდან გაჩერების ადგილამდე გავლილი მანძილის საფასურს ტაქსომეტრის ჩვენების მიხედვით. 6. მსუბუქი ტაქსი ეკიპირებული უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით (ტაქსის მაჩვენებელი ნიშანი, ტაქსომეტრი, მწვანე ნათურა და ა.შ.). მუხლი 15🔗. მსუბუქი ტაქსით ბარგის გადაზიდვა 1. მსუბუქი ტაქსის საბარგულით ბარგის გადატანისათვის მგზავრი ცალკე საფასურს არ იხდის. 2. მსუბუქი ტაქსით დასაშვებია ისეთი ხელბარგის და ბარგის გადატანა, რომელიც არ დააზიანებს დასაჯდომს და შესაძლებელი იქნება საბარგულის სრული დახურვა. 3. ტაქსის მძღოლი ვალდებულია მგზავრის მიერ დარჩენილი ნივთები ჩააბაროს სატრანსპორტო საწარმოს, ან სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ პუნქტს. მუხლი 16🔗. შემნახველ საკანში ხელბარგისა და ბარგის შენახვა 1. ხელბარგისა და ბარგის დროებითი შენახვა ხდება ავტოვაგზლების და ავტოსადგურების შემნახველ საკანში, სადაც უპირატესად მგზავრებისაგან (მოქალაქეებისაგან) იღებენ ხელბარგს. 2. შემნახველ საკანში ხელბარგის (ბარგის) შენახვის საფასურის გადახდა წარმოებს არსებული წესებით, ყოველ კალენდარულ დღეზე, ბარგის მიღების და გაცემის დღის ჩათვლით, დღე-ღამის ნაწილი ითვლება სრულ დღედ. 3. შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმი დგინდება ავტოვაგზლის, ავტოსადგურის მუშაობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით. 4. აკრძალულია ფეთქებადი, შხამიანი, მწვავე და მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების ჩაბარება. 5. ხელბარგისა და ბარგის შენახვისას მფლობელი შესანახ ქირას იხდის თითოეული ნაჭრისათვის (ადგილისათვის). 6. ხელბარგისა და ბარგის შესანახად ჩაბარების შემდეგ მგზავრს ეძლევა ქვითარი. 7. ხელბარგისა და ბარგის შენახვაზე და დაცვაზე მატერიალური პასუხისმგებელია ავტოსადგურის ადმინისტრაცია. მუხლი 17🔗. ნაპოვნი ნივთების ჩაბარება, შენახვა და გაცემა 1. ავტობუსის სალონში ნაპოვნი (მგზავრის მიერ დარჩენილი) ნივთების ჩაბარება ხდება საწყის ან ბოლო ავტოსადგურში პასუხისმგებელ პირთან. 2. მსუბუქი ტაქსის სალონში ნაპოვნი ნივთების ჩაბარება ხდება შესაბამის სატრანსპორტო ორგანიზაციაში (კომპანიაში, ფირმაში და ა.შ.). 3. ნაპოვნი ნივთების შენახვა ხდება 10 დღე-ღამის განმავლობაში. 4. მფლობელზე ნაპოვნი ნივთების გაცემა ხდება განცხადების საფუძველზე, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს დაკარგული ნივთების ნიშნები. 5. ნაპოვნი ნივთების გაცემის დროს უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, სადაც აღინიშნება მფლობელის გვარი, სახელი, მამის სახელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი. მუხლი 18🔗. მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის კონტროლი 1. წინამდებარე წესების შესრულებაზე და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. წინამდებარე წესების დარღვევისთვის გადამყვანისა და მგზავრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 3. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური. მუხლი 19🔗. საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა 1. საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ხორციელდება „საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის წესების“ შესაბამისად.