საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“

მიღების თარიღი 28.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №01/139/87
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000132 39
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/1997
2,785 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის  ერთობლივი ბრძანება №01/139/87 1997 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს  „საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევის წესები (შემდგომში - წესები) შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავენ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების წესებს და პირობებს, რომლებიც სავალდებულოა ფიზიკური პირებისათვის და ნებისმიერი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მეურნე სუბიექტებისათვის. მუხლი 2🔗 წინამდებარე წესები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირის გამოყოფილ ქსელებზე, მათ შორის - სამთავრობო კავშირგაბმულობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულების სატელეფონო კავშირის გამოყოფილ ქსელებზე, რომლებსაც გასასვლელი არა აქვთ საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელებზე. მუხლი 3🔗 წინამდებარე წესებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები: „მომხმარებელი“ - იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ან გააჩნიათ განზრახვა გამოიყენონ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურება. „მეურნეობის სუბიექტი“ - იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით. „სერტიფიკატი“ - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო სერტიფიკაციის წესების შესაბამისად და რომელიც შეიცავს დასკვნას, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია, მომსახურება ან პროცესი შეესაბამება მოქმედ სტანდარტს, ან სხვა ნორმატულ დოკუმენტს. მუხლი 4🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომხმარებლების მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგამბულობისა და ფოსტის სამინისტროსგან მიღებული აქვს მომხმარებლის მომსახურების სპეციალური ნებართვა (ლიცენზია). მუხლი 5🔗 იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირი მიეცემათ მომსახურების თანაბარი პირობებით, იმ უპირატესობების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 6🔗 1. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობენ შეტყობინებები ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში, კოსმოსურ სივრცეში, თავდაცვითი და სამართალდაცვითი ხასიათის ღონისძიებები, აგრეთვე შეტყობინებები დიდ ავარიებზე, კატასტროფებზე, ეპიზოოტიებსა და სტიქიურ უბედურებებზე. 2. მომსახურებაზე პრიორიტეტები მიეცემათ: საქართველოსა და მის შემადგენლობაში შემავალი აჭარის და აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლებისა და რეგიონების მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს; უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლებს; საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს; მოქალაქეთა ზოგიერთ კატეგორიას, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით მომსახურება პირველ რიგში გაეწევათ სამთავრობო, კავშირგაბმულობის, თავდაცვის, უშიშროების და სამართალდამცავ ორგანოებს. მუხლი 7🔗 საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლების საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება საქართველოს სახელმწიფოში - ქართულ ენაზე ხორციელდება. საერთაშორისო სატელეფონო კავშირზე მეურნე სუბიექტებს შორის სამსახურებრივი ურთიერთობანი ხორციელდება იმ ენაზე, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს. საქართველოს მეურნე სუბიექტებს შორის სამსახურებრივი ურთიერთობანი და სასამსახურო საქმის წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 8🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის გამოყენების დროს მომხმარებლებს შორის საუბარი (ინფორმაციის გადაცემა) შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ენაზე. მუხლი 9🔗 საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ტექნოლოგიურ პროცესებში გამოიყენება თბილისის დრო. საერთაშორისო სატელეფონო კავშირში სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო დრო განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მომხმარებლების ინფორმირება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევის შესახებ ხდება თბილისის დროით. მუხლი 10🔗 მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან სატელეფონო საუბრებისა და  შეტყობინებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა ცნობის საიდუმლოება. სატელეფონო საუბრების მოსმენა, მათ შესახებ ცნობების გაცემა დასაშვებია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მუხლი 11🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება მისი ხარისხით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს, ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებსა და აგრეთვე მეურნე სუბიექტის ინფორმაციას მომსახურების შესახებ. მუხლი 12🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ერთიან სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს ამუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, მათი დაცვა სავალდებულოა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომხმარებლების მომსახურების გამწევი მეურნე სუბიექტებისათვის.  თავი II საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ფორმები და სახეობანი მუხლი 13🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ფორმასა და სახეობას განსაზღვრავს თვით მეურნე სუბიექტი მისთვის გაცემული ლიცენზიის და მომხმარებლის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 14🔗 მეურნე სუბიექტი, რომელიც ეწევა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას, ვალდებულია მომხმარებლებს უსასყიდლოდ მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურებათა ფორმებსა და სახეობებზე, მომსახურების წესებისა და ტარიფების შესახებ. მუხლი 15🔗 მომხმარებელი უფლებამოსილია, მოქმედი სტანდარტების დაცვით, ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გადასაცემად გამოიყენოს მიღებული საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის შეერთება ან არხი, აგრეთვე ნებისმიერი ტიპის სააბონენტო აპარატი (ტერმინალი), რომელიც სერტიფიცირებული იქნება საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელებზე გამოსაყენებლად. მუხლი 16🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დაზიანების ან გადატვირთვის შემთხვევაში მეურნე სუბიექტს შეუძლია მოაწესრიგოს მომსახურების წესი, შემოიღოს შეზღუდვები სატელეფონო საუბრების შეკვეთებზე, ხოლო მიღებულ შეკვეთებზე დააწესოს ლაპარაკის ხანგრძლივობა. შეზღუდვების შემოღების სისწორის დასაბუთება ევალება მეურნე სუბიექტს. შეზღუდვის შემოღების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს შეკვეთის მიღების ან სატელეფონო ლაპარაკის შეთავაზების დროს. მუხლი 17🔗 1. მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უკავია, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეურნე სუბიექტი დაამტკიცებს, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება მის საწარმოო შესაძლებლობებს ან სცილდება ლიცენზიით დაშვებული საქმიანობის საზღვრებს. 2. ტიპურ მომსახურებას მიეკუთვნებიან: ა) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკი ავტომატური კავშირის გამოყენებით; ბ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკი ოპერატორის (მეელსლმენის) დახმარებით; გ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კონფერენც-კავშირი; დ) მომხმარებლების სატელეფონო კავშირით კომპლექსური უზრუნველყოფა სოციალურ-პოლიტიკური, კულტურულ-სანახაობრივი და სპორტული ღონისძიებების ჩატარების დროს; ე) დამატებითი მომსახურების კომპლექსი, რომელიც მომხმარებელს გაეწევა ოპერატორის (მეელსმენის) მიერ მისი წინასწარი შეკვეთით. თავი III საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით სარგებლობის თავისებურებანი მუხლი 18🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ქსელებისათვის დადგენილია შემდეგი კატეგორიის სატელეფონო ლაპარაკები: ა) ლაპარაკები უბედურების შესახებ, რომლებსაც მიეკუთვნებიან ლაპარაკები ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერსა და კოსმოსურ სივრცეში, აგრეთვე ლაპარაკები, რომლებიც გამოწვეულია მაშველი სამსახურების მონაწილეობის აუცილებლობით მძიმე უბედური შემთხვევების, მიწისძვრის, ქარიშხლის, გრიგალის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვათა შედეგების სალიკვიდაციოდ. უბედურების შესახებ ლაპარაკებს უთანაბრდება განსაკუთრებული სასწრაფო სატელეფონო საუბრები, რომელსაც აწარმოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაკავშირებულია ეპიდემიებთან. ბ) სახელმწიფოებრივი ხასიათის სატელეფონო ლაპარაკები, რომლებსაც მიეკუთვნება შემდეგი თანამდებობის პირთა ლაპარაკები: – საქართველოს პრეზიდენტი; – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; – საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები; – საქართველოს პარლამენტის დეპუტატები; – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილეები; – საქართველოს მინისტრები და მათი მოადგილეები; – საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების და კომიტეტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები; – აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები; – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები; – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის განყოფილებათა უფროსები და მათი მოადგილეები; – საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები; – საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები; – საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები; – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები; - ქალაქების მერები და მათი მოადგილეები; – ადგილობრივი მმართველობის რაიონული ორგანოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები; – სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მისი მოადგილეები; – კორპორაცია „საქტელერადიოს“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; – საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობათა სარდლები; – დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურები და პირები, რომლებიც მათ ცვლიან; –იმ ტერიტორიების მეთაურები, რომლებიც იმყოფებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეურვეობის ან მანდატის ქვეშ. საქალაქთაშორისო და საეთაშორისო სატელეფონო ლაპარაკები სახელმწიფო კატეგორიებით წარმოებს წინასწარ განსაზღვრული ტელეფონების ნომრებიდან. გ) სასამსახურო ლაპარაკები, რომლებიც ეხება სატელეფონო კავშირის ფუნქციონირებას ან სატელეფონოო არხების გამოყენებით ელექტროკავშირგაბმულობის სხვა კავშირების ორგანიზაციას და მუშაობას;  დ) ლაპარაკები პაროლით; ე) კერძო ხასიათის ლაპარაკები, რომლებსაც მიეკუთვნება ყველა სახის სატელეფონო ლაპარაკი გარდა წინამდებარე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ლაპარაკებისა. მუხლი 19🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო საუბრებს მომხმარებლები იღებენ შემდეგი რიგის მიხედვით: ა) ლაპარაკები უბედურების შესახება; ბ) სასამსახურო ლაპარაკები მთლიანად შეწყვეტილი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის აღდგენის შესახებ; გ) სახელმწიფო ხასიათის ლაპარაკები; დ) სასამსახურო ლაპარაკები კავშირის ორგანიზაციასა და ტექნიკური მომსახურების შესახებ; ე) კერძო ხასიათის ლაპარაკები. მუხლი 20🔗 საერთაშორისო სატელეფონო კავშირით აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სახის მომსახურება: ა) ლაპარაკი ერთი აპარატიდან მეორეზე - ლაპარაკი გამომძახებელ აბონენტსა და ნებისმიერ მოპასუხე აბონენტს შორის; ბ) პერსონალური ლაპარაკი - ლაპარაკი გამომძახებელ აბონენტსა და განსაზღვრული გამოძახებულ აბონენტს შორის - გამოძახებული პირი შეიძლება მითითებული იყოს გვარით, თანამდებობით, დამატებითი ტელეფონის ნომრით, მისამართით (შეკვეთა-შეტყობინებით), ამა თუ იმ ენის ცოდნით და სხვა ნიშნებით. თითოეულ დამატებით მომსახურებაზე აბონენტი იხდის 1 წუთიანი ლაპარაკის ღირებულებას, ხოლო თუ შეკვეთის შესრულების დროს დასახელებულია დამატებითი ტელეფონის ნომერი და გვარი გადასახადი მომსახურებისათვის იანგარიშება, მასზე ფაქტობრივად დახარჯული დროის მიხედვით; გ) ლაპარაკი გამოძახებული პირის ანგარიშზე. ასეთი ლაპარაკები დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნების აბონენტებთან, რომელთა შესაბამისი საერთაშორისო საოპერატორო სატელეფონო კომპანიებთან საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კავშირის საოპერატორო ორგანიზაციას დადებული აქვს სპეციალური ხელშეკრულება. შეკვეთა გამოძახებული პირის ანგარიშზე მიიღება იმის მიუხედავად, გამოძახებული ტელეფონი ბინისაა თუ არა,ამ შემთხვევაში გაწეული მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ გამოძახებული პირი; დ) ლაპარაკი საკრედიტო ბარათის გამოყენებით - ლაპარაკი, რომლის შეკვეთის დროსაც გამომძახებელი აბონენტი ასახელებს თავისი საკრედიტო ბარათის ნომერს და საკუთარ გვარს. უცხოეთის ქვეყნების სატელეფონო კომპანიების საკრედიტო ბარათების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კავშირის საოპერატორო ორგანიზაციის და დაინტერესებული ქვეყნების შესაბამის საერთაშორისო საოპერატორო სატელეფონო კომპანიებს შორის სპეციალური ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში. ე) ლაპარაკი ცნობით დადგენილ ტელეფონის ნომერზე  - გადასახადი აღნიშნული დამატებითი მომსახურებისათვის იანგარიშება, როგორც ერთწუთიანი ლაპარაკის ღირებულება. მუხლი 21🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკების შეკვეთის მოქმედების ვადა მთავრდება შეკვეთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, თუ მანამდე მომხმარებელმა შეკვეთა არ გააუქმა. მუხლი 22🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებისათვის დადგენილია ორი სახის ტარიფი – ჩვეულებრივი და სასწრაფო. სასწრაფო ტარიფით ლაპარაკი ანაზღაურდება ჩვეულებრივი ტარიფის ორმაგი ოდენობით. მუხლი  23🔗 ლაპარაკები უბედურების შესახებ ანაზღაურდება ჩვეულებრივი ტარიფით, ხოლო ლაპარაკი პაროლით ანაზღაურდება სასწრაფო ტარიფით. მუხლი 24🔗 სამთავრობო კატეგორიის ლაპარაკების ანაზღაურება ხდება ჩვეულებრივი ან სასწრაფო ტარიფით იმის მიხედვით, თუ რომელი ტარიფით იქნა მიცემული შეკვეთა. მუხლი 25🔗 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკების ღირებულების გადახდა შესაძლებელია ავანსად, კრედიტით, ნაღდი ფულით. მუხლი 26🔗 მომხმარებლის მიერ გადასახადი არ გადაიხდება, თუ ლაპარაკი არ შედგა კავშირგაბმულობის ორგანიზაციების მიზეზით ან თუ შეკვეთის შესრულების დროს არ იქნა გათვალისწინებული ცვლილებანი, რომელიც კავშირის შეერთებამდე მომხმარებელმა შეკვეთაში შეიტანა. მუხლი 27🔗 თუ გამოძახება შედგა და პერსონალური ლაპარაკი არ შედგა მეურნე სუბიექტისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მომხმარებელი გადაიხდის თანხის ლაპარაკის ერთი წუთის ღირებულების ოდენობით, ტარიფით, რომლითაც მან ლაპარაკი შეუკვეთა. თავი IV კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურების ტარიფები მუხლი 28🔗 სახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებს არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინსიტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ახორციელებს მათი დაცვის კონტროლს. კერძო საკუთრების საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებს ადგენს მისი მესაკუთრე. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე შეთავაზების დაწესების შემთხვევაში განსხვავებული თანხის კომპენსირება ხორციელდება იმ ორგანოების ან იურიდიული პირების მიერ, ვინც შეღავათები დააწესა. მუხლი 29🔗 1. მომხმარებლის მიერ ავტომატური საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით ლაპარაკის (ინფორმაციის გადაცემის) განხორციელებისათვის გადახდის დაქვემდებარებული დრო განისაზღვრება გამოძახებული აბონენტის ტელეფონის პასუხის მომენტიდან, აბონენტის მიერ კავშირის შეწყვეტის მომენტამდე. 2. ავტომატური საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით სარგებლობის ანაზღაურებადი მინიმალური ინტერვალი მრგვალდება 30 წამამდე სიზუსტით და განისაზღვრება წუთობრივად (30 წამამდე  და 30 წმ ხანგრძლივობის ლაპარაკი განისაზღვრება როგორც ნახევარ წუთიანი ლაპარაკი, ხოლო 30 წამზე ხანგრძლივობისა კი – როგორც ერთ წუთიანი ლაპარაკი).  მუხლი 30🔗 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკები ოპერატორის (მეელსმენის) დახმარებით ხორციელდება. ლაპარაკის ხანგრძლივობა განისაზღვრება იგივე წესით, როგორც ეს ამ წესების 29-ე მუხლშია მოცემული. 2. ოპერატორის (მეელსმენის) დახმარებით განხორციელებული 2 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის საქალაქთაშორისო სატელეფონო ლაპარაკის დრო, რომელიც გადახდას ექვემდებარება 2 წუთამდე მრგვალდება, ხოლო უფრო მეტი ხანგრძლივობის ლაპარაკის საფასური იანგარიშება თითოეული წუთის ღირებულების მიხედვით. მუხლი 31🔗  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკზე (ან ინფორმაციის გადაცემაზე) გამომძახებელი პირის მიერ შეერთების მომენტში შეკვეთის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი სრული მოცულობით ანაზღაურებს იმ სამუშაოს ღირებულებას, რომელიც შეასრულა მეურნე სუბიექტმა შეკვეთის შესასრულებლად შეერთების მომენტისათვის, აგრეთვე მომხმარებელი დამატებით გადაიხდის ლაპარაკის 1 წუთის ღირებულებას იმ ტარიფის მიხედვით, რომლითაც შეკვეთა იყო მიცემული. მუხლი 32🔗 თუ შეკვეთილი ლაპარაკი არ შედგა მეურნე სუბიექტის მიზეზით, მომხმარებელმა არ უნდა გადაიხადოს შესრულებული მომსახურების ღირებულება. მუხლი 33🔗 ანგარიშის წარდგენის საფუძველს ავტომატური კავშირით სარგებლობისას წარმოადგენს ღირებულების აღმრიცხავი აპარატურის მონაცემები, რომლებიც ჩაწერილია მაგნიტურ მატარებელზე (მაგნიტური ლენტი, დისკი), ხოლო ოპერატორის (მეელსმენის) დახმარებით კავშირის განხორციელების დროს კი ოპერატორის (მეელსმენის) მიერ შევსებული შეკვეთის ბლანკი. მუხლი 34🔗 დანადგარების კონსტრუქცია და მოწყობილობა, რომელსაც მეურნე სუბიექტი გაწეული მომსახურების ღირებულების დაუყოვნებლივ მიღებისთვის იყენებს, უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მიღებას და მისი ღირებულების ანაზღაურებას ერთი ერთეულის სიზუსტით (ლაპარაკის წუთი, გადაცემული ციფრული ინფორმაციის კილობაიტი, ა4 ფორმატის სტანდარტული ფურცლის გრაფიკული ინფორმაცია და სხვა). თავი V გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშსწორება მომხმარებელთან მუხლი 35🔗 მეურნე სუბიექტი, რომელიც ეწევა მომხმარებლების საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ტელეფონი კავშირით მომსახურებას, აწარმოებს ანგარიშსწორებას იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომელთაც გაუწია ამ სახის მომსახურება. მუხლი 36🔗  გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშსწორების ფორმა და წესი დგინდება მეურნე სუბიექტის მიერ. მუხლი 37🔗 მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის ყველა სახის ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ეროვნული ვალუტით – ლარით. ანგარიშსწორება უცხოური ვალუტით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 38🔗 მეურნე სუბიექტი მომხმარებლებთან – ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტებთან, ანგარიშსწორებას აწარმოებს იურიდიულ და ფიზიკურ პირზე მიკუთვნებული სააბონენტო ნომრის ინფორმაციის საფუძველზე. მუხლი 39🔗 მომხმარებლისთვის წარდგენილი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევის ანაზღაურების ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: – საანგარიშსწორებო პერიოდს; – საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკის რიცხვის, მომხმარებლის თითოეულ ტელეფონზე (თუ რამდენიმეა) და მათზე დარიცხულ თანხას; – გადასახდელ საერთო თანხას; – ანგარიშის (მოთხოვნის) წარდგენის თარიღს; – გადახდის ვადას. მუხლი 40🔗 მომხმარებლის ან მის მიერ კანონიერად უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მეურნე სუბიექტი ვალდებულია მას წარუდგინოს მომსახურების გაწევის ანაზღაურების ანგარიშის დაწვრილებით გაშიფრული ინფორმაცია ქალაქის კოდის, ლაპარაკის თარიღის, დროის ხანგრძლივობის და ღირებულების აღნიშვნით. მუხლი 41🔗 მეურნე სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს ან მის მიერ კანონიერად უფლებამოსილ პირს სამი დღის ვადაში წარუდგინოს მომსახურების გაწევის ანაზღაურების ანგარიშის დაწვრილებით გაშიფრული ინფორმაცია, თუ მოთხოვნა ამის შესახებ შემოვიდა 30 დღის განმავლობაში მისთვის ანგარიშის წარდგენის მომენტიდან. მუხლი 42🔗 გაწეული მომსახურების ანაზღაურების ვადას მეურნე სუბიექტი დამოუკიდებლად ადგენს, მაგრამ იგი 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. მუხლი 43🔗 მომხმარებელს უფლება აქვს დაიბრუნოს ავანსად შეტანილი თანხის ნაწილი, თუ სრულად ვერ გამოიყენა შეკვეთილი დრო. ტალონის შეძენიდან ერთი თვის განმავლობაში ასევე შეუძლია დაიბრუნოს ნაწილობრივ გამოყენებული ტალონის ღირებულების დარჩენილი თანხა. თავი VI პრეტენზიების განხილვის წესი მუხლი 44🔗 გაწეულ მომსახურებაზე მეურნე სუბიექტისათვის პრეტენზიების წარდგენა შესაძლებელია ერთი თვის ვადაში ლაპარაკის ან ანგარიშის წარდგენის მომენტიდან. პრეტენზიები, რომელიც წარდგენილი იქნება ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, მეურნე სუბიექტის მიერ არ განიხილება. მუხლი 45🔗 მომხმარებლის მიერ პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იყოს ნებისმიერი ფორმით. საპრეტენზიო საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტის შეუძლებლობის  შემთხვევაში იგი წაყენებული უნდა იქნას წერილობითი ფორმით, განმცხადებლის ხელმოწერითა და იმ მისამართის მითითებით, რომელზეც შეიძლება მიღებული იქნას პასუხი. მუხლი 46🔗 მეურნე სუბიექტს უფლება აქვს წარუდგინოს პრეტენზია მომხმარებელს, ამ შემთხვევაში თუ იგი არღვევს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების წესებს, რითაც სამეურნეო სუბიექტს ურთულებს საქმიანობას ან დადგენილი წესით არ იხდის მოხმარებული მომსახურების ღირებულებას. მუხლი 47🔗 მეურნე სუბიექტისა და მომხმარებლის მიერ ერთმანეთისათვის წარდგენილი პრეტენზიები შეძლებისდაგვარად უნდა მოგვარდეს ნებაყოფლობით, ორივე მხარის შეთანხებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ზემდგომ ან სასამართლო ორგანოებს. მუხლი 48🔗 წერილობით წარმოდგენილი პრეტენზიის განხილვას მეურნე სუბიექტი აწარმოებს პრეტენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პრეტენზიის განხილვის შედეგები მომხმარებელს წერილობით ეცნობება. პრეტენზიის განხილვასთან  დაკავშირებით მიმოწერა უნდა ინახებოდეს 5 წლის განმავლობაში. თავი VII მეურნე სუბიექტებისა და მომხმარებლების პასუხისმგებლობა მუხლი 49🔗 მეურნე სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს თავისი მოვალეობები მომსახურების შესრულების ვადისა და ხარისხის შესახებ. მუხლი 50🔗 ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში მეურნე სუბიექტის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 51🔗 მომსახურების შესრულების დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება მეურნე სუბიექტის მიერ მომსახურების დაწყებიდან (საათი, წუთი, თარიღი) მის დასასრულამდე (საათი, წუთი, თარიღი), რომლის განმავლობაშიც მეურნე სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება. მუხლი 52🔗 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესები, ხელშეკრულების პირობები, დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური. მუხლი 53🔗 მეურნე სუბიექტი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე გაცხადებულ მომსახურების ხარისხზე, ვადებსა და მომხმარებლის საჩივრის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრაზე, აგრეთვე მომსახურების შესახებ გაცემული ინფორმაციის სისწორეზე. მუხლი 54🔗 მეურნე სუბიექტის მიერ მომსახურების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს თავისი არჩევნით შეუძლია: ა) დანიშნოს მომსახურების შესრულების ახალი ვადები; ბ) გააუქმოს ხელშეკრულება; მომსახურების ვადების დარღვევის თან უნდა მოჰყვეს კლიენტისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით. მხარეთა მოლაპარაკების (ხელშეკრულების) თანახმად აღნიშნული პირგასამტეხლო მომხმარებლის არჩევნით შეიძლება გადახდილი იყოს: ა) მომსახურების ღირებულების შემცირებით; ბ) მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების უსასყიდლოდ გაწევით. შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მუხლი 55🔗 1. მეურნე სუბიექტი პასუხს აგებს კავშირგაბმულობის საშუალებებით უხარისხო მომსახურებისათვის და მომსახურებაში არსებული ხარვეზების მოლაპარაკებულ ვადებში აღმოფხვრისათვის. 2. მომხმარებელი, რომელსაც კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება გაუწიოს ხარვეზებით, რომელთა შესახებ იგი მეურნე სუბიექტის მიერ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული უფლებამოსილია თავისი არჩევანით მოითხოვოს: ა) ნორმალური ხარისხით მომსახურების უსასყიდლო ხელახალი გაწევა; ბ) ხელშეკრულების გაუქმება; უხარისხო მომსახურებისა და ხარვეზების აღმოფხვრის ვადების დარღვევას თან უნდა მოჰყვეს მომხმარებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით. მხარეთა მოლაპარაკების თანახმად აღნიშნული პირგასამტეხლო მომხმარებლის არჩევით შეიძლება გადახდილი იყოს: ა) მომსახურების ღირებულების შემცირებით; ბ) მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების უსასყიდლო გაწევით. შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მუხლი 56🔗 მეურნე სუბიექტს მომხმარებლის წინაშე მატერიალური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დროულად ან ხარისხიანი მომსახურება შეუძლებელი გახდა მომხმარებლის მიზეზით ან წარმოქმნილი დაუძლეველი წინააღმდეგობების გამო. მუხლი 57🔗 1. მომხმარებელი პასუხს აგებს მეურნე სუბიექტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების დროულად გადახდაზე. 2.  მეურნე სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადებში გადაუხდელობისთვის მეურნე სუბიექტს უფლება აქვს მომხმარებელს გაფრთხილების შემდეგ გაუთიშოს ტელეფონი და გათიშვიდან ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლის მიერ მომსახურების და გათიშული ტელეფონის ჩართვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მოუხსნას ტელეფონი, ხოლო მასზე რიცხული დავალიანება ამოიღოს დადგენილი წესით. მუხლი 58🔗 დაუძლეველი წინააღმდეგობის გამო მეურნე სუბიექტის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მომხმარებელს უფლებას აძლევს მეურნე სუბიექტთან შეთანხმებით დანიშნოს მომსახურების შესრულების ახალი ვადა. მუხლი 59🔗 მეურნე სუბიექტს შეუძლია უარი უთხრას მომხმარებელს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე, თუ: ა) მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება მეურნე სუბიექტის საწარმოო შესაძლებლობას ან ლიცენზიაში აღნიშნულ პირობებს; ბ) მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებს. მუხლი 60🔗 მეურნე სუბიექტის მიერ უარის თქმა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოებში ან სასამართლოში. მუხლი 61🔗 წინამდებარე წესების სისტემატური უხეში დარღვევისათვის მეურნე სუბიექტს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩამოერთვას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით მომსახურების უფლება (ლიცენზია). თავი VIII კონტროლი მუხლი 62🔗. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 63🔗 „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში. თავი IX წესების ამოქმედების ვადები მუხლი 64🔗. წინამდებარე წესები ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს კავშირგაბმულობისა და  ფოსტის მინისტრი მინისტრი ფრ. ინჯია    საქართველოს ეკონომიკის მინისტრი    ვ. პაპავა