ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000373 39
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 30/09/1998
3,093 სიტყვა · ~15 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №241-№62 1998 წლის 20-23 სექტემბერი ქ. თბილისი ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1). 2. დამტკიცდეს „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სარკინიგზო ტრანსპორტით საბაჟო ტვირთის გადაადგილების კონტროლის ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმა“ (დანართი №2). 3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაატაროს ზემოაღნიშნული დადგენილება და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმა სახელმწიფო რეესტრში და მიანიჭოს შესაბამისი კოდი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი                                                                                         მ. ჭკუასელი საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი           მ. ადეიშვილი ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. აღნიშნულ ინსტრუქციაში ტვირთი გულისხმობს საქონელს (მატერიალურ ფასეულობებს), რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ტრანსპორტით გადასაზიდად, კერძოდ: ცისტერნებით, კონტეინერებით, დახურული და სხვა ტიპის ვაგონებით. 2. ყველა ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე ან გადის მის ფარგლებს გარეთ, ექვემდებარება საბაჟო გაფორმებას. საბაჟო გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსისა და საბაჟო კანონმდებლობით და სხვა ნორმატიული აქტებით. საბაჟო ორგანოების და რკინიგზის სამსახურების ურთიერთობას არეგულირებს ეს ინსტრუქცია. 3. ტვირთის საბაჟო გაფორმების ვადებს განსაზღვრავს საბაჟო კოდექსი. 4. საბაჟო ორგანოები საბაჟო გაფორმებას ახორციელებენ დროებითი შენახვის საწყობებში, საბაჟო ტერმინალებში, მიმღები ორგანიზაციების სარკინიგზო ჩიხებში ტვირთის მოთავსების გზით. დროებითი შენახვის საწყობები, მიმღები ორგანიზაციების სარკინიგზო ჩიხები, საბაჟო სარკინიგზო და ნავთობპროდუქტების სარკინიგზო ტერმინალები რკინიგზის დეპარტამენტისა და იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, რომელთა ბალანსზეც ირიცხება აღნიშნული სათავსები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობითა და საბაჟო ორგანოების შესაბამის მოთხოვნათა დაცვით. 5. საბაჟო და სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტებს შეუძლიათ შეიმუშაონ ტვირთის მოძრაობისა და შენახვის ერთობლივი გაკონტროლების სხვა მექანიზმები. 6. თუ ამ ინსტრუქციის რომელიმე მუხლი შეიცვალა, მხარეები ამას წინასწარ ატყობინებენ ერთმანეთს. II. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საბაჟო ტვირთის საბაჟო გაფორმების წესი 7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან ტვირთის შემოსვლას რკინიგზის სასაზღვრო სადგურის თანამშრომელი ატყობინებს საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ მუშაკს. რკინიგზის სადგურის თანამშრომელი და საბაჟო სამსახურის ცვლის უფროსი იბარებენ ძირითადი დოკუმენტების შეკვრას, განიხილავენ ერთად და იმ შემთხვევაში, თუ აკლია რომელიმე დოკუმენტი, დგება აქტი ორ ეგზემპლარად, რის შემდეგაც მიღებული დოკუმენტების დამუშავება ხდება ცალ-ცალკე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 8. საბაჟო ორგანოს და სასაზღვრო რკინიგზის სადგურის პასუხისმგებელი მუშაკები ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში ერთობლივად ამოწმებენ შემოსული ტვირთის თანმხლები საბუთების მიხედვით რკინიგზის ვაგონების რაოდენობას, ნომრების სისწორეს, პლომბების ვარგისიანობასა და მის შესაბამისობას საბუთებთან, ღია ვაგონებზე მოთავსებული ტვირთის მთლიანობას და სხვა. ერთობლივი შემოწმებისას ყველა გამოვლენილი შეუსაბამობის ან რაიმე სხვა დარღვევის თაობაზე ფორმდება რკინიგზისა და საბაჟო ორგანოების ერთობლივი აქტი ოთხ ეგზემპლარად, აქტში უნდა აღინიშნოს შემოწმების დრო და რიცხვი, შეუსაბამობისა თუ დარღვევის დეტალური აღწერა, ასევე „შსტ“-ს ფორმის მიხედვით ყველა ძირითადი მონაცემი, რის შემდეგაც აქტის ყველა ეგზემპლარი დამოწმდება რკინიგზისა და საბაჟო ორგანოების პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით. აქტის ოთხი ეგზემპლარიდან პირველი-მეორე პირი რჩება რკინიგზის სადგურსა და საბაჟო ორგანოს, მესამე პირი ძირითად დოკუმენტებთან ერთად იგზავნება დანიშნულების სადგურამდე, ხოლო მეოთხე პირი საბაჟოს თანამშრომლის მიერ ოპერატიულად უნდა გაიგზავნოს საბაჟო დეპარტამენტის სამორიგეოს ფაქსით, ტელეფონოგრამით ან ხელზე მიტანით. საბაჟო დეპარტამენტის სამორიგეოს პასუხისმგებელი მუშაკი აქტში მოყვანილი საბაჟო წესების დარღვევებს დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს შესაბამის სამსახურს. 9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი შემოსული რკინიგზის შემადგენლობისა და თანმხლები საბუთების რეგისტრაციისა და ერთობლივი შემოწმების შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) საკონტროლო დავთარში სათანადო რეგისტრაციის შემდეგ ავსებს შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმას (შსტ), რომელიც ივსება ორ ეგზემპლარად სარკინიგზო შემადგენლობაში არსებული საბაჟო ტვირთის თანმხლები საბუთების საფუძველზე, როგორც ერთი სასაქონლო პარტია (ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი საგარეო სავაჭრო ხელშეკრულებით, ერთი საბაჟო რეჟიმის და ერთი დანიშნულების სადგურის მიხედვით). ორივე ეგზემპლარზე აკეთებს აღნიშვნებს შტამპით „აყვანილია კონტროლზე“ და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღის ჩვენებით, ამასთან რკინიგზის ზედნადებსა და საგზაო უწყისს ადასტურებს შტამპებით „საბაჟო ტვირთი“ და სასაზღვრო საბაჟო საგუშაგოს დასახელებით, რაც ასევე მოწმდება მებაჟის პირადნომრიანი ბეჭდით. ამის შემდეგ სათანადოდ გაფორმებული საბუთები, აქტის ერთი პირი და შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმის პირველი ეგზემპლარი „ეგზემპლარი საბაჟოსათვის“ დამოწმებული რკინიგზის სადგურის შტემპელით და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით) გადაეცემა რკინიგზის სადგურის თანამშრომელს და ხდება ტვირთის გაშვება დანიშნულების სადგურში სრულყოფილი საბაჟო გაფორმებისათვის. საბაჟო გაფორმების შემდეგ შევსებული „შსტ“ ფორმა ბარდება საბაჟო დეპარტამენტს. „შსტ“ ფორმის მეორე ეგზემპლარი, (რკინიგზის და საბაჟო სამსახურების მიერ სათანადოდ დამოწმებული) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს და ცვლის დამთავრების შემდეგ „შსტ“-ს ფორმა სათანადო რეესტრით (დანართი №2) წარედგინება საბაჟო დეპარტამენტს. ბ) საბაჟო ტვირთსა და მის თანმხლებ საბუთებს დამატებით ამოწმებს საბაჟო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა საბაჟო დეპარტამენტის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულ ინფორმაციას კონტრაბანდის მცდელობასთან დაკავშირებით ტვირთზე (ვაგონზე, კონტეინერზე), პლომბების ან შესაბამისი დოკუმენტების არარსებობას, ტვირთის დაზიანებას ან სხვა გაუთვალისწინებელ განსაკუთრებულ შემთხვევებს. ამ შემთხვევაში რკინიგზის სადგური მოვალეა საბაჟოსთან ერთად გადაწყვიტოს ვაგონის ახსნის და მისი შემოწმების ადგილას მიწოდების საკითხი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიულ სამორიგეოს. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის სადგურებში ვერ ხერხდება შესაბამისი ვაგონის ახსნა, საბაჟო ორგანოსა და რკინიგზის ხელმძღვანელობას ერთობლივი აქტის საფუძველზე გადაჰყავთ შემადგენლობა ერთობლივად შეთანხმებულ ლიანდაგსა ან ჩიხში. ასეთ შემთხვევებში სავაგონო სატრანსპორტო ზედნადებსა და საგზაო უწყისზე საბაჟო აკეთებს აღნიშვნას შტამპით „გაშვება აკრძალულია“, ხოლო „შსტ“ ფორმის შესაბამისი შენიშვნის გრაფაში აღნიშვნას „ვაგონი ახსნილია“, ამასთან მიუთითებს ახსნის ადგილს, თარიღის მითითებით და დასტურდება მებაჟის პირადნომრიანი ბეჭდით. ახსნილ ვაგონზე შედგენილი აქტის ერთი პირი ეძლევა რკინიგზის სადგურს, მეორე რჩება საბაჟოს, მესამე და მეოთხე პირი, საბაჟოს ნებართვის შემდეგ, მიჰყვება ტვირთის დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე, რომელთაგან ერთი ბარდება დანიშნულების საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე – რკინიგზის სადგურს. გ) იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საბაჟო საზღვარს კვეთს ტვირთი, რომლის იმპორტი აკრძალულია ან მისი ტრანზიტი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია, ტვირთის თანმხლებ საბუთებზე სასაზღვრო საბაჟო სვამს შტამპს „გაშვება აკრძალულია“ და მებაჟის პირადნომრიან ბეჭედს, რის შესახებაც საბაჟო ადგენს შესაბამის აქტს. 10. „ბ“ პუნქტის პირობებში საბაჟო ორგანოს მოთხოვნით რკინიგზამ უნდა მოათავსოს ახსნილი ვაგონი სამოქმედო რეგიონული საბაჟოს ტერმინალსა ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით ნებისმიერ სარკინიგზო ჩიხში და დაუწესოს საბაჟო კონტროლი. ასეთ პირობებში ვადა განისაზღვრება მოკვლევისათვის საჭირო დროის მიხედვით. ხარჯები სატრანსპორტო საშუალების გაჩერებასთან დაკავშირებით მთლიანად ეკისრება ტვირთის იმპორტიორს ან ექსპორტიორს, ხოლო თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანოს, რომლის მოთხოვნითაც განხორციელდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გაჩერება შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანოს მეშვეობით. 11. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მუშაკებმა ტვირთი უნდა შეამოწმონ და საბუთები გააფორმონ საჭირო დოკუმენტების მიღებიდან არაუმეტეს ერთი საათისა და 30 წუთის განმავლობაში: თუ აღნიშნული რეგლამენტი ირღვევა, რკინიგზის სადგურისა და საბაჟო ორგანოს თანამშრომლები ადგენენ შესაბამის ერთობლივ აქტს, ამასთან მიუთითებენ მიზეზს. აქტი დგება ორ ეგზემპლარად. III. საბაჟო ტვირთის გადაზიდვის პირობები საბაჟო კონტროლით 12. ტვირთის გადაზიდვა საბაჟო კონტროლით ხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების, საბაჟო კოდექსისა და ამ ინსტრუქციის საფუძველზე. 13. რკინიგზის სამსახური მოვალეა ტვირთის მიმღების მეშვეობით ხელმოწერით წარუდგინოს ტვირთი და თანმხლები საბუთები მიმღებ საბაჟოს ტვირთის შეფუთვისა და მისი პირვანდელი სახის რაიმე შეცვლის გარეშე. 14. რკინიგზის სამსახურები საბაჟო კონტროლით ტვირთის გადაზიდვას ახორციელებენ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებებით (ვაგონები, კონტეინერები). 15. ერთი საბაჟო ორგანოდან მეორეში ტვირთის გადაზიდვა, რომლის თანმხლებ საბუთებზე გაკეთებულია საბაჟო აღნიშვნები (შტამპით „საბაჟო ტვირთი“, დამოწმებული პირადნომრიანი ბეჭდით, ასევე „შსტ“-ს ფორმა, დამოწმებული შტამპით „აყვანილია კონტროლზე“, დამოწმებული პირადნომრიანი ბეჭდით) ხორციელდება საბაჟო კონტროლით რკინიგზის სამსახურის პასუხისმგებლობით. საბაჟო ორგანოების პასუხისმგებელი მუშაკების გადაწყვეტილებები საბაჟო ტვირთის გადაზიდვის მიმართ, სავალდებულოა რკინიგზის მუშაკებისთვის. 16. საზღვარგარეთიდან შემოსული სარკინიგზო შემადგენლობების საზღვარზე ზემოთ ჩამოთვლილი საბაჟო პროცედურების შემდეგ, რკინიგზის მიერ იგზავნება დანიშნულების სადგურამდე თანმხლები საბუთებით. ტვირთის მფლობელის მეშვეობით საბაჟო გაფორმებისათვის ტვირთი წარედგინება სარკინიგზო სადგურის რეგიონულ საბაჟოს (ან იმ საკვანძო სადგურში არსებულ სარკინიგზო საბაჟო ჯგუფს). 17. რკინიგზის თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, გასცენ ტვირთი, თუ რკინიგზის ზედნადებსა და საგზაო უწყისზე არ იქნება საბაჟოს შტამპი „გაშვება ნებადართულია“, რომელიც ასევე უნდა დამოწმდეს მებაჟის პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლობის ან დარღვევის შემთხვევაში რკინიგზა პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 18. სასაზღვრო საბაჟოდან იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საბაჟო ტვირთი რკინიგზის მიერ მიეწოდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მიმღები ორგანიზაციის ჩიხში, თუ კი ეს ჩიხი მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში და „შსტ“ ფორმაში. აღნიშნული ჩიხი მიმღები ორგანიზაციის მიერ აღჭურვილი უნდა იყოს სასაწყობო მეურნეობით, სათავსოებით, თხევადი ტვირთის შემთხვევაში რეზერვუარებით, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს საბაჟო ორგანოების მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევებში ტვირთი საბაჟო კონტროლით იცლება აღნიშნულ სათავსებში ან რეზერვუარებში, საბაჟო ორგანოს მიერ აიყვანება საბაჟო კონტროლზე, რისთვისაც სათავსოს ან რეზერვუარს ედება საბაჟო ლუქი, დგება საბაჟო კონტროლზე აყვანის აქტი, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადებში, საგზაო უწყისზე კეთდება აღნიშვნა შტამპით „აყვანილია კონტროლზე“, რომელიც მოწმდება მებაჟის პირადნომრიანი ბეჭდით, ამასთან მითითებული უნდა იყოს თარიღი. ზედდებულები და საგზაო უწყისები უბრუნდება რკინიგზას საბუთების ტექნოლოგიურ ცენტრში დასამუშავებლად და ითვლება დახურულად. ამ პირობებში ტვირთი ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ მის სრულ საბაჟო გაფორმებამდე. ამავე დროს საბაჟო ორგანომ უნდა მოითხოვოს ტვირთის მფლობელისაგან წერილობითი ვალდებულება იმის შესახებ, რომ ტვირთის მიმღები უზრუნველყოფს საბაჟო ტვირთის ხელშეუხებლობას მის სრულ საბაჟო გაფორმებამდე. ტვირთის საბაჟო კონტროლზე აყვანა ხორციელდება შესაბამისი საბაჟო წესების დაცვით. 19. თუ საზღვარგარეთიდან შემოსული ტვირთის სატრანსპორტო ზედნადებსა და სხვა თანმხლებ საბუთებში არ არის მითითებული მიმღები ორგანიზაციის ჩიხი და აღნიშნულია მხოლოდ მიმღები რკინიგზის სადგური, ტვირთის მფლობელის მეშვეობით რკინიგზის სადგური დაუყოვნებლივ აცნობებს რეგიონულ საბაჟოს და მასთან შეთანხმებით ტვირთს რკინიგზა საბაჟო კონტროლით ათავსებს საბაჟო სარკინიგზო ტერმინალში ან ტვირთის მფლობელის მიერ შერჩეულ რომელიმე ჩიხში. ტვირთის საბაჟო კონტროლზე აყვანა, ასეთ შემთხვევაში, ხორციელდება იმავე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ ინსტრუქციის 3.7. მუხლით. 20. ტვირთის დანიშნულების სადგურში მოსვლისთანავე რკინიგზის სამსახური დაუყოვნებლივ აცნობებს ამას ტვირთის მიმღებს და შესაბამის საბაჟო სამსახურს. 21. საბაჟო ორგანო წინასწარ ატყობინებს მის ხმარებაში არსებული ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს რკინიგზის სამსახურს. 22. ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებათა მოცდენასთან,  საბაჟო ორგანოების საფუძვლიან მოთხოვნებთან დაკავშირებით, მთლიანად ეკისრება ტვირთის მიმღებს. 23. რკინიგზა პასუხისმგებელია იმისათვის, რომ ტვირთის ყველა თანმხლები სარკინიგზო და საბაჟო დოკუმენტები სრულყოფილად მიიტანოს და ჩააბაროს დანიშნულების სადგურში. 24. ტვირთის მიმღებს, ტვირთის თანმხლები საბაჟო და სატრანსპორტო საბუთები საბაჟო გაფორმებისათვის გაეცემა რკინიგზის  სადგურის თანამშრომლის მიერ ხელწერილით, რომელშიც უნდა აღინიშნოს საბუთების ნუსხა, გაცემის თარიღი და ტვირთის მიმღების ვალდებულება საბუთების საბაჟო ორგანოში, ჩაბარებისა და გაფორმების შემდეგ უკან დაბრუნების პირობით. 25. რკინიგზა არ მიიღებს გადასაზიდად ისეთ ტვირთს, რომლის თანმხლებ სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციაზე არსებული საბაჟო აღნიშვნები გაურკვევლად იქნება დაფიქსირებული. IV. საქართველოდან საბაჟო ტვირთის გატანის საბაჟო გაფორმების წესი 26. ტვირთის საქართველოს გარეთ გატანა დაშვებულია მხოლოდ მისი საბაჟო გაფორმების შემდეგ. 27. რკინიგზისთვის ტვირთის ჩაბარებამდე ტვირთის მფლობელმა რეგიონულ საბაჟოს უნდა წარუდგინოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საბუთი. 28. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი ამოწმებს წარმოდგენილ საბუთებს და რკინიგზის მიერ სატრანსპორტო საშუალების ვარგისიანობის დადგენის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ტვირთის დატვირთვის თაობაზე. მხოლოდ ამგვარი პროცედურის შემდეგ არის რკინიგზა უფლებამოსილი, დატვირთოს ტვირთი და გააფორმოს ყველა სარკინიგზო თანმხლები საბუთი. საქონლის დატვირთვისას პასუხისმგებელი მებაჟე ახორციელებს საბაჟო კონტროლს. 29. როცა დარღვეულია 27-ე და 28-ე მუხლების მოთხოვნები, საბაჟო ორგანოს მუშაკი არ იძლევა საქონლის დატვირთვის უფლებას. 30. ტვირთის ყველა თანმხლები საბუთის დეკლარირებისა და შემოწმების შემდეგ საბაჟო ორგანო აწარმოებს ექსპორტის რეჟიმით გათვალისწინებულ საბაჟო გაფორმების ყველა პროცედურას, რაც გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსით. 31. რკინიგზა უზრუნველყოფს საბაჟო ტვირთის გადაადგილებას საბაჟო კონტროლით. 32. ქვეყნის გარეთ ტრანზიტის, ექსპორტის, რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით ტვირთის გატანის შემთხვევაში, სასაზღვრო საბაჟო სამსახური ტვირთის და საბუთების საბაჟო შემოწმების და რეგისტრაციის შემდეგ ადასტურებს სატრანსპორტო ზედნადებსა და საგზაო უწყისებს შტამპით 7 („შესაბამისი საბაჟო საგუშაგო“) თარიღის მითითებითა და პირადნომრიანი ბეჭდის დამოწმებით, ხოლო „შსტ“ ფორმას ადასტურებს შტამპით „მოხსნილია კონტროლიდან“ და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. 33. საბაჟო შემოწმება და ტვირთის თანმხლები საბუთების შემოწმება-რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვადებში. გარდა მე-9 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნებისა. ასეთ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი ტვირთის თანმხლებ საბუთებზე აკეთებს აღნიშვნას შტამპით „გაშვება აკრძალულია“, ადასტურებს პირადნომრიანი ბეჭდით და ასრულებს ზემოთ ჩამოთვლილი წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სატრანსპორტო საშუალებათა მოცდენის ხარჯები მთლიანად ეკისრება ტვირთის მფლობელს, გამგზავნს. 34. რკინიგზის სადგურები უზრუნველყოფენ საბაჟო ორგანოებს მათთან არსებული სატელეფონო და სხვა კავშირის საშუალებებით. V. ტრანზიტული ტვირთის საბაჟო გაფორმების წესი 35. ტრანზიტული ტვირთის საბაჟო გაფორმება ხორციელდება აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მიხედვით. 36. ერთი სასაზღვრო საბაჟოდან მეორემდე სატრანზიტო ტვირთის გადაადგილებას რკინიგზა ახდენს საბაჟო კონტროლით. 37. ტრანზიტული ტვირთი ექვემდებარება დეკლარირებას იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ხდება სატრანსპორტო საშუალების შეცვლა. 38. ტრანზიტული ტვირთი  შეიძლება შეამოწმონ საბაჟო ორგანოებმა, თუკი ამისთვის არსებობს რეალური საფუძველი სამართალდარღვევის თვალსაზრისით. ამგვარი შემოწმება ხორციელდება საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ან მისი შემცვლელი პირის წერილობითი მითითებით. შემოწმებას უნდა ესწრებოდეს საბაჟოსა და რკინიგზის სადგურის პასუხისმგებელი მუშაკი. პლომბის ახსნისას საბაჟო ორგანო ადგენს შესაბამისი შემოწმების აქტს. საბაჟოს მიერ ახალი პლომბის დადებისას უნდა ესწრებოდეს როგორც საბაჟოს, ისე რკინიგზის წარმომადგენელი, რაზეც დგება აქტი ორივე ორგანოს პასუხისმგებელ პირთა ხელისმოწერით, აქტი დგება სამ ეგზემპლარად რკინიგზისა და საბაჟო სამსახურებისათვის და თანმხლები საბუთების დასართავად. ასეთ შემთხვევებში შესაბამისი ცვლილებები და აღნიშვნები უნდა გაკეთდეს „შსტ“-ს ფორმაში. 39. ტრანზიტული ტვირთის თანმხლებ სარკინიგზო და საბაჟო საბუთებს საბაჟოს ცვლის უფროსი ადასტურებს შტამპებით: „გამფორმებელი საბაჟო“, „საბაჟო ტვირთი, ტრანზიტი“ და ადასტურებს პირადნომრიანი ბეჭდით. „შსტ“-ს ფორმას ადასტურებს შტამპებით: „საბაჟო ტვირთი, ტრანზიტი „აყვანილია კონტროლზე“ და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით, ხოლო გამშვები სასაზღვრო საბაჟო აღნიშნულ საბუთებს ადასტურებს შტამპით „მოხსნილია კონტროლიდან“ და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. VI. საბაჟო ტვირთის გადამისამართებისას საბაჟო გაფორმების წესი 40. ქვეყნის ტერიტორიაზე რკინიგზით შემოტანილი საიმპორტო ტვირთის სრული საბაჟო გაფორმების შემდეგ ფორმდება საბაჟო-სატვირთო დეკლარაცია, სატრანსპორტო ზედნადებსა და საგზაო უწყისებს შტამპით უკეთდება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია“, მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდით, კონტროლიდან იხსნება „შსტ“-ს ფორმა, რის შემდეგაც ეს ტვირთი რკინიგზის მიერ გადამისამართდება ქვეყნის ტერიტორიაზე იმპორტიორის თხოვნის გათვალისწინებით. 41. ქვეყნის ტერიტორიაზე რკინიგზით შემოტანილი ტვირთის გადამისამართება, როდესაც არ მომხდარა ტვირთის სრული საბაჟო გაფორმება, დოკუმენტები კონტროლზეა და სატრანსპორტო ზედნადებზე, საგზაო უწყისებზე არის მხოლოდ ერთი აღნიშვნა – „საბაჟო ტვირთი“ ან „საბაჟო ტვირთი ტრანზიტი“, დასმულია პირადნომრიანი ბეჭედი, გადამისამართება უნდა განახორციელონ რკინიგზის სადგურებმა რეგიონული საბაჟო ორგანოების მონაწილეობით, საბაჟო დეპარტამენტის წერილობითი ნებართვის შემდეგ. 42. გადამისამართებასთან დაკავშირებული საბაჟო და სარკინიგზო ხარჯები მთლიანად ეკისრება ტვირთის მფლობელს. 43. საბაჟო ტვირთის გადამისამართებისას გაფორმების საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი მოვალეა ახალ ზედნადებსა და საგზაო უწყისზე გააკეთოს აღნიშვნა „საბაჟო ტვირთი“, ხოლო ძველზე დასვას შტამპი „გადამისამართდა“ და დაამოწმოს პირადნომრიანი ბეჭდით. 44. საბაჟო ტვირთის გადამისამართებისას ახალ „შსტ“-ს ფორმას გამოწერს ის საბაჟო, რომელიც აფორმებს გადამისამართების დოკუმენტებს. ახალ და პირვანდელ „შსტ“ ფორმის გრაფებში საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნებს, შესაბამისად: ახალში პირვანდელი „შსტ“ ფორმის ნომრის ჩვენებით, ხოლო პირვანდელ შსტ-ში ახალი „შსტ“ ფორმის ნომრის ჩვენებით. 45. საბაჟო ტვირთის გადატვირთვა ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორეზე, თუ არ იცვლება საბაჟო რეჟიმი, ხორციელდება რეგიონალური საბაჟო ორგანოს ნებართვით და მისი კონტროლით. ასეთ დროს საბაჟო ორგანო აფორმებს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის საბაჟო დოკუმენტებს. VII. საბაჟო ტვირთის საბაჟო დათვალიერებისა და შემოწმების წესი 46. საბაჟო ორგანოები ტვირთის შემოწმებას ახორციელებენ შერჩევის პრინციპით დეკლარაციაში დაუფიქსირებელი საქონლისა და სხვა დარღვევების გამოვლენის მიზნით. 47. გადაწყვეტილებას ტვირთის შემოწმების აუცილებლობის თაობაზე იღებს შესაბამისი საბაჟო ორგანო საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 48. რკინიგზა პრაქტიკულ დახმარებას უწევს საბაჟო ორგანოებს საბაჟო შემოწმებაში. 49. როდესაც არსებობს ამა თუ იმ საბაჟო წესების დარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის რეალური საფუძველი, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს გადამოწმება ნებისმიერ დროს. რის ნებართვას იძლევა საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე. 50. რკინიგზის ვაგონებსა და კონტეინერებზე დადებული პლომბების რაოდენობა და ნომრები იწერება „შსტ“ ფორმაში და სარკინიგზო საბუთებში. 51. თუ ტვირთის შემოწმება აუცილებელია პლომბების მოხსნის და საქონლის შეფუთვის გახსნაზე, საბაჟო ორგანო რკინიგზასთან ერთად ადგენს შემოწმების აქტს 3 ეგზემპლარად. პირველი რჩება შემმოწმებელ საბაჟოს, მეორე ეძლევა რკინიგზას, ხოლო მესამე ერთვის ტვირთის თანმხლებ საბუთებს დანიშნულების ადგილზე წარსადგენად. 52. ახალი პლომბების დადებას ახორციელებს საბაჟო ორგანო, ამასთან თანმხლებ საბუთებში აკეთებს შესაბამის ჩანაწერებს და სვამს პირადნომრიან ბეჭედს. 53. როგორც მიღებული, ასევე გასაგზავნი ტვირთის საბაჟო გაფორმება ტვირთის მიმღებსა და ტვირთის გამგზავნის მიერ ხორციელდება სარკინიგზო საბუთების გაფორმების პარალელურად. ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების დაყოვნების პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის მფლობელს, გამგზავნს. VIII. საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ავარიის ან რაიმე უბედური შემთხვევების დროს 54. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვისას, ავარიის ან სხვა ტექნიკური თუ სტიქიური უბედურების შემთხვევაში, როცა შეუძლებელი ხდება ტვირთის გადატანა იმავე ვაგონებით, რკინიგზა ტვირთის გადატვირთვას (გადაზიდვას) ახორციელებს რეგიონულ-ტერიტორიულ საბაჟოსთან ერთობლივი აქტის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის 9.1 მუხლის შესაბამისად. 55. თუ ტვირთი მალფუჭებადია და შეუძლებელი ხდება მისი შემდგომი ტრანსპორტირება, რკინიგზა დაუყოვნებლივ აცნობებს ამას უახლოეს საბაჟო ორგანოს ასეთ შემთხვევებში რკინიგზას შეუძლია გადაწყვიტოს ამ საქონლის განკარგვა უახლოეს საბაჟო ორგანოში საბაჟო გაფორმების შემდეგ. IX. განსაკუთრებულ შემთხვევაში შემადგენლობიდან ვაგონის ახსნისას ან შეცდომით სხვა მისამართით მისული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლის წესი 56. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი რკინიგზის შემადგენლობის რომელიმე ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური წუნის ან ვაგონში ტვირთის წონის გადამეტების გამოვლენისას, რამაც გამოიწვია ვაგონის ახსნა, რკინიგზის სადგური მოვალეა შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის პირველი პირი დაერთვის ვაგონის თანმხლებ საბუთებს დანიშნულების სადგურამდე, მეორე რჩება რკინიგზის სადგურს, მესამე გადაეცემა საბაჟოს წინასწარი შეტყობინებით. ამ აქტში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს ყველა აუცილებელი მონაცემი, რის შესახებაც რკინიგზამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს რეგიონულ და მიმღებ საბაჟოს, რომლის ტერიტორიაზე მოხდა ვაგონის ახსნა. რეგიონალური საბაჟო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ვაგონის ახსნა, აღნიშნულ ვაგონს დაუწესებს მეთვალყურეობას. ვაგონის ტექნიკურად გამართვის ან სხვა დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ აფორმებს ახალ „შსტ“ ფორმას, სადაც მე-9 გრაფაში აღნიშნავს პირვანდელ „შსტ“ ფორმის ნომრებს. იმ „შსტ“ ფორმაში, რომელიც მიჰყვება შემადგენლობას (რომლისგანაც მოხდა ახსნა), რეგიონული საბაჟოს თანამშრომელი ახსნილ ვაგონზე აკეთებს აღნიშვნას შენიშვნის გრაფაში „ვაგონი ახსნილია“, მიუთითებს ადგილს და ადასტურებს პირადნომრიანი ბეჭდით. 57. თუ რკინიგზამ აღმოაჩინა უსაბუთო ტვირთი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უახლოეს რეგიონულ საბაჟოს. შესაბამისად, რეგიონულ საბაჟო ატყობინებს საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს. 58. თუ რკინიგზის სადგურში შეცდომით ან უსაბუთოდ მოვიდა საბაჟო ტვირთი, რკინიგზამ წერილობით უნდა მიმართოს რეგიონულ საბაჟოს და აღნიშნოს ვაგონების ზედნადების ნომრები. შესაბამისი აქტის გაფორმებისა და დეპარტამენტის ნებართვის შემდეგ ტვირთი უნდა გაგზავნოს დანიშნულების ადგილამდე (სადგურში). 59. რკინიგზის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბაჟო დეპარტამენტის ჯგუფებისათვის რკინიგზის სადგურებში სამუშაო პირობების შექმნას. X. ჩამორთმეული საბაჟო ტვირთის, როგორც სამართალდარღვევის ნივთმტკიცების საქონლის შენახვა 60. საბაჟო ტვირთი, როგორც სამართალდარღვევის ნივთმტკიცება, გადმოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან და ინახება საბაჟო საწყობებში. რკინიგზის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ნივთმტკიცების გადატანასთან, გადმოტვირთვასთან და სხვა, ეკისრება ტვირთის პატრონს, უნაზღაურდება რკინიგზას საბაჟოს მიერ ამ ხარჯების თანხების ამოღებისთანავე. 61. ნივთმტკიცების ამოღებისას საბაჟო უგზავნის რკინიგზას ტვირთის კონფისკაციის თაობაზე დადგენილების ერთ პირს. XI. პასუხისმგებლობა 62. სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს საბაჟო ტვირთის გადაზიდვას, ქონებრივად პასუხისმგებელია საბაჟოს წინაშე ამ ინსტრუქციის მუხლების  დარღვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისათვის. 63. საბაჟო დეპარტამენტი ქონებრივად პასუხისმგებელია რკინიგზის წინაშე ამ ინსტრუქციის მუხლების დარღვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისათვის. XII. რკინიგზის სამსახურებისა და საბაჟო ორგანოების მიერ სამგზავრო მატარებლების ერთობლივი მომსახურება 64. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე სარკინგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი შესაბამისი ქვეყნების რკინიგზის ადმინისტრაციებთან შეთანხმებით ადგენს სარკინიგზო სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგს, რომელსაც ათანხმებს საბაჟო დეპარტამენტთან. 65. სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში ქვეყნიდან გამსვლელი სამგზავრო მატარებლების საბაჟო შემოწმების პროცესის სრულყოფის მიზნით ფიზიკური პირების დეკლარაციები (ფორმა №) ურიგდებათ მგზავრებს შესავსებად სარკინიგზო სადგურების სალაროებში სამგზავრო ბილეთების შეძენის დროს. 66. სასაზღვრო საბაჟო ორგანოები ახორციელებენ მგზავრთა და მათი ბარგის, ხელბარგის საბაჟო შემოწმებას შერჩევის პრინციპით, საბაჟო შემოწმება წარმოებს საბაჟო კოდექსისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. 67. საზღვარგარეთიდან საქართველოში მგზავრთა შემოსვლისას საბაჟოს თანამშრომლები რკინიგზის სადგურის მუშაკთა დახმარებით ოპერატიულად უზრუნველყოფენ მგზავრთა და მათი ბარგის, ხელბარგის დეკლარირებასა და საბაჟო შემოწმებას. 68. საქართველოს სახელმწიფო სარკინიგზო საზღვარზე ტვირთის სარკინიგზო ტრანსპორტის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის რეგისტრაცია და საბაჟო შემოწმება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 მაისის №224 და 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებებით, საბაჟო კოდექსით. 69. მგზავრთა ბარგისა და ხელბარგის საბაჟო შემოწმებისას, თუ საჭირო გახდა, საბაჟო ორგანოს თანამშრომლები იწვევენ საკარანტინო სამსახურების წარმომადგენლებს. 70. საზღვარგარეთიდან შემოსული და გამსვლელი სამგზავრო მატარებლების საბაჟო შემოწმება ხორციელდება მატარებლების მოძრაობის განრიგით გათვალისწინებული დროის ფარგლებში. 71. მგზავრების ბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვა ხორციელდება საბაჟო შემოწმების შემდეგ, შესაბამისად, საბარგო ან ტვირთბარგის ქვითრებზე საბაჟოს დამოწმებით, ხოლო თუ აუცილებელია ბარგისა და ტვირთბარგის დამატებითი საბაჟო შემოწმება, მხარეები ხელმძღვანელობენ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით. საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სარკინიგზო ტრანსპორტით საბაჟო ტვირთის გადაადგილების კონტროლის ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გ ე გ მ ა 1. ქვეყნის ტერიტორიაზე თბილის-საკვანძოს, თბილის-სატვირთოს, თბილის-დამხარისხებლის, რუსთავის, გორის, ხაშურის, სამტრედიის, ფოთის, ბათუმის, ახალციხის, გარდაბნის, სადახლოს, რკინიგზის საკვანძო სადგურებში, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტში – მებაჟეთა პრაქტიკული საქმიანობისათვის სამუშაო ოთახების გამოყოფა და კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა. 1998 წლის მარტი პასუხისმგებელი – სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი 2. რკინიგზის საკვანძო სადგურებში მებაჟეთა სადღეღამისო მორიგეობის და მათი პრაქტიკული საქმიანობის უზრუნველყოფა. მუდმივად პასუხისმგებელი – საბაჟო დეპარტამენტი, რეგიონული საბაჟო სამმართველოები, რეგიონალური საბაჟოები 3. საბაჟო ტვირთის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ქვეყნის რეგიონებში სარკინიგზო-საბაჟო ტერმინალების შექმნა. 1998-2000 წლები პასუხისმგებელი – სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი რეგიონული საბაჟო სამმართველოები რეგიონალური საბაჟოები 4. ქვეყანაში სარკინიგზო ტრანსპორტით გადასაზიდი საბაჟო ტვირთის სრულყოფილი სტატისტიკური აღრიცხვის მიზნით ყოველთვიური ერთობლივი შედარებების მოხდენა, ერთმანეთთან საჭირო ინფორმაციების გაცვლა. ყოველთვიურად პასუხისმგებელი – სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი 5. რკინიგზისა და საბაჟოს ურთიერთანამშრომლობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა. რკინიგზის ტრანსპორტით საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი გადასაადგილებელი ნავთობპროდუქტების, ალკოჰოლური სასმელების, ფქვილის, შაქრისა და სხვა აქციზური საქონლის შერჩევითი დათვალიერება ქვეყნის საკვანძო და სასაზღვრო სადგურებში. საჭიროებისამებრ პასუხისმგებელი – სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი