„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.1998
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 000000360.00(0).003.000240 13
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №75
1998 წელის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის წესით საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის კოლეგიის დადგენილებით 1996 წლის 26 დეკემბრის №10/45 დამტკიცებული დებულება „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად“ კონკურსის ჩატარების წესის შესახებ.
3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ~ დებულების რეგისტრაციაში გატარება.
თავმჯდომარე თ. აბულაძე
„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების თაობაზე
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის კოლეგია, ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის კოლეგიის დადგენილებით 1996 წლის 26 დეკემბრის №10/45 დამტკიცებული დებულება „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად “ კონკურსების ჩატარების წესის შესახებ.
3. საბაჟო დეპარტამენტისა და საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელებმა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ იხელმძღვანელონ საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ და აღნიშნული დებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის კადრების სამმართველოს (შ. ჟორდანია).
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1.1. ეს დებულება განსაზღვრავს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს კონკურსთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს და ადგენს კონკურსის მონაწილეთა სამართლებრივ მდგომარეობას.
1.2. კონკურსი თანამდებობის დასაკავებლად უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის.
1.3. კონკურსი თანამდებობის დასაკავებლად ტარდება იმ პირებს შორის, რომლებმაც შეიტანეს განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
1.4. კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ როგორც სახელმწიფო მოსამსახურეებმა დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, აგრეთვე პირებმა, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურში.
1.5. ვაკანტურ თანამდებობად ითვლება საშტატო განრიგით გათვალისწინებული ყველა ის თანამდებობა, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურის მიერ არ არის დაკავებული.
1.6. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე საქართველოს მოქალაქეს 40 წლის ჩათვლით, უმაღლესი იურიდიული, ეკონომიური ან სხვა სპეციალობით მუშაობის 2 წლის სტაჟით მაინც, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
1.7. მსურველები კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ საკუთარი ინიციატივით.
II. კონკურსის გამოცხადება
2.1. გადაწყვეტილებას საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში კონკურსის მოწყობის თაობაზე იღებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე და უთანხმებს მას სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურს.
2.2. განცხადება კონკურსის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ ქვეყნდება გაზეთ „საქართვლოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ გამოცემებში. კონკურსის შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულ უნდა იქნეს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის დასახელება, ზოგადი მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილეს, საკონკურსო პირობები და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.
2.3. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა გამოქვეყნდეს 3 კვირით ადრე კონკურსის დანიშვნის თარიღამდე.
24. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება კონკურსის გამოცხადების დღიდან და გრძელდება ორი კვირის განმავლობაში.
III. კონკურსის ჩატარების ორგანიზება
3.1. კონკურსის ჩატარების მიზნით :
– ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და სპეციალიზაციის მიხედვით ქვეკომისიების ან მუშა ჯგუფების ფორმირება;
– დგინდება კონკურსის ჩატარების გრაფიკი;
– დგება კონკურსის მონაწილეთა სიები;
– მზადდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის აუცილებელი დოკუმენტები;
– ტარდება სხვა ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებები.
3.2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, როგორც წესი, განისაზღვრება შემდეგი სახით: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი და კომისიის წევრები. კომისიას ხელმძღვანელობს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიყვანოს, როგორც საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის აპარატისა და სისტემის თანამშრომლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები.
საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ვალდებულების სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება შეიქმნას რამოდენიმე საკონკურსო კომისია.
3.3. კონკურსის ჩატარების გრაფიკი მტკიცდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მიერ.
3.4. კონკურსის ჩატარებამდე 5 დღით ადრე საკონკურსო კომისიაში შემოსული განცხადებების შეჯამების საფუძველზე დგება კონკურსის მონაწილეთა სიები.
IV. კონკურსის მონაწილენი და მათდამი წაყენებული სპეციალური მოთხოვნები
4.1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,
4.2. კონკურსში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მოქალაქე, თუ:
– სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილია არაქმედითუნარიანად ან შეზღუდულქმედუნარიანობის მქონედ;
– სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეული ვადით ჩამორთმეული აქვს უფლება ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში;
– დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი;
– კონკურსით შესავსები თანამდებობა კონტროლირებადი ან ქვემდებარეა კონკურსში მონაწილეობის მსურველის ახლო ნათესავის მიერ უკვე დაკავებული თანამდებობისას ან პირიქით (უკანასკნელია პირველის ქვემდებარე ან კონტროლირებადი);
– არ ფლობს სახელმწიფო ენას ან არ გააჩნია უმაღლესი ეკონომიური, იურიდიული თუ სხვა მაპროფილებელი განათლება;
– ვერ პასუხობს კონკურსის მონაწილეთათვის დადგენილ ასაკობრივ მოთხოვნებს;
– ამ დებულებით გათვალისწინებული აუცილებელი სათანადო დოკუმენტაციის არქონისას;
– შესაბამისი შრომითი სტაჟის არქონისას.
4.3. მოქალაქე (საბაჟო დეპარტამენტის მოსამსახურეთა გარდა), რომელსაც სურს კონკურსში მონაწილეობის მიღება, მოვალეა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში (საკონკურსო-საატესტაციო კომისიას) წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
– პირადი განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
– ავტობიოგრაფია;
– განათლების, ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
– უკვე გაცემული შრომის წიგნაკი.
4.4. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მოსამსახურე კონკურსში მონაწილეობისათვის წარადგენს პირად განცხადებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სახელზე კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით.
4.5. მოქალაქის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტები (მონაცემები) ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას.
4.6. კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტები საბაჟო დეპარტამენტში მიიღება შესაბამისი განცხადების გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაში.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს:
4.7. კონკურსის მონაწილეთა სიების დადგენის შემდეგ მასში (სიაში) ცვლილების თუ დამატების შეტანა არ დაიშვება .
V. საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნები
5.1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში თანამდებობათა ძირითადი საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნები არის ის მინიმალური მოთხოვნები მოსამსახურის განათლების, გამოცდილების, ჩვევების, ცოდნისა და პირადული თვისებების მიმართ, რაც აუცილებელია საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე სამსახურისათვის.
5.2. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის სპეციალიზაციიდან გამომდინარე, ამ დებულებით განსაზღვრული საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების ფარგლებში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ამტკიცებს კონკრეტული თანამდებობისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს.
5.3. ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებული მოთხოვნები იყოფა სახეებად. ეს მოთხოვნებია:
– განათლების;
– გამოცდილების;
– ცოდნისა და ჩვევების;
– პირადული თვისებების.
VI. კონკურსის ჩატარების წესი
6.1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ტარდება შესაბამისი განცხადების პრესაში გამოქვეყნებიდან არაუადრეს 3 კვირისა.
6.2. კონკურსის ჩატარებისას გარანტირებულია მონაწილეთა თანასწორუფლებიანობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების შესაბამისად.
6.3. კონკურსი ტარდება კონკურსის მონაწილის თანდასწრებით. არასაპატიო მიზეზით მონაწილის კონკურსზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მონაწილის კონკურსზე არდაშვების შესახებ.
6.4. კონკურსის ჩატარებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისია უპირველეს ყოვლისა მონაწილეს აფასებს წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემების მიხედვით.
6.5. კონკურსი ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ. კომისია უფლებამოსილია შეუდგეს საქმიანობას, თუ სახეზეა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ფარული ან ღია კენჭისყრით კომისიის დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
ფარული კენჭისყრისას კომისიის წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება ღია კენჭისყრა თუ ღია კენჭისყრის შემთხვევაშიც ხმები თანაბრად გაიყო, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის შეხედულება.
6.6. კონკურსის დროს მონაწილეთა პროფესიული, პირადი და სხვა მონაცემების შეფასებისას გამოიყენება მეთოდები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის: ტესტირება, პრაქტიკული ამოცანის წერილობითი გადაწყვეტა, ინდივიდუალური გასაუბრება.
კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილ იქნეს კონკურსის გამარტივებული პროცედურა.
6.7. მონაწილის შეფასება ხდება დეპარტამენტის კურატორი ხელმძღვანელისა და შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით. ამასთან ყურადღება ექცევა მონაწილის პროფესიულ მომზადებას, გამოცდილებასა და უცხო ენის ცოდნას, მუშაობის სტაჟს, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მეორად მომზადებას, აგრეთვე პიროვნულ თვისებებს.
6.8. თუ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის რამდენიმე მონაწილემ დააგროვა ქულათა თანაბარი რაოდენობა, უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში აქვს მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო წოდება, სპეციალობით მუშაობის უფრო დიდი სტაჟი, აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის განათლება, ფლობს უცხო ენებს.
6.9. საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის მონაწილეთა დაუსწრებლად და იგი წარმოადგენს საფუძველს ვაკანტურ თანამდებობაზე ერთ-ერთი მონაწილის დანიშვნისათვის ან დანიშვნაზე უარისათვის.
6.10. საკონკურსო კომისიის კენჭისყრის შედეგები ფორმდება გადაწყვეტილების სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი და კომისიის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში.
6.11. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსთან დაკავშირებით ფორმდება საბაჟო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
6.12. კონკურსის ყველა მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ წერილობითი სახით ეცნობება დამთავრებიდან ორი დღის ვადაში.
VII. დასკვნითი დებულებანი
7.1. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით კანდიდატის მიერ გაღებული ხარჯების დაფარვა ხდება მათივე საკუთარი სახსრებიდან.
7.2. კონკურსთან დაკავშირებული დავებისა და საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ხდება საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ კონკურსის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში.