ხორბლისა და ფქვილის ხარისხზე სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 17.04.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №142/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000258 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 08/05/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხორბლისა და ფქვილის ხარისხზე სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №142/ო №180 №2-198
1998 წლის 17 -28 -27 აპრილი
ქ. თბილისი
ხორბლისა და ფქვილის ხარისხზე სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ
სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციის – ხორბლისა და ფქვილის – ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოებასა და ხარისხზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით,
ვბრძანებთ:
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობის ცენტრალური, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, საქალაქო და
რაიონული ინსპექციების უფროსებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული და საქალაქო განყოფილებების ხელმძღვანელებმა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის სამხარეო და საქალაქო სამმართველოების უფროსებმა „საქსტანდარტის“ ტერიტორიული ორგანოების უფროსებთან ერთობლივად:
1.1 შეამოწმონ სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ხორბლისა და ფქვილის გადამამუშავებელი და ბითუმად მარეალიზებელი ობიექტები და მათზე მინიჭებული უფლებამოსილებით დარღვევების გამოვლენისას გამოიყენონ ადმინისტრაციული და სხვა სანქციები.
1.2 განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმპორტული და ადგილზე წარმოებული ფქვილის ჰიგიენური სერტიფიკატისა და შესაბამისობის სერტიფიკატის არსებობასა და მათი გაცემის სისწორეზე.
1.3 ჩატარებული მუშაობის შესახებ ა.წ. 1 ივნისამდე წარმოადგინონ ინფორმაცია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ცენტრალურ ინსპექციაში, ეკოპოლიციის მთავარ სამმართველოსა და პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციაში.
2. საბაჟო საზღვარზე სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებებმა სახელმწიფო საზღვარზე უზრუნველყონ იმპორტული ხორბლისა და ფქვილის ვიზუალურ-დოკუმენტური შემოწმება თანმხლებ დოკუმენტებში სათანადო აღნიშვნითა და აღრიცხვით, ტერმინალებსა და განბაჟების სხვა ადგილებიდან ნიმუშების აღება პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის.
3. იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ხორბლისა და ფქვილის ჰიგიენური სერტიფიცირება განხორციელდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილ სამმართველოსა და ინსპექციებში, ხოლო ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოკვლევები ჩატარდეს მხოლოდ სახსანზედამხედველობის ცენტრალურ და ქუთაისის ინსპექციებში.
4. ეთხოვოს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს და ქ. ფოთის მერიას პროდუქციის ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოკვლევების სრული მოცულობით ჩატარებისათვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ინსპექციების ლაბორატორიების აღჭურვა.
5. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტმა, ეკოპოლიციის მთავარმა სამმართველომ და პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციამ უზრუნველყონ:
5.1. ერთობლივი თათბირის ჩატარება ამ ბრძანების მოთხოვნების შესაბამისი ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ძირეულ რგოლებამდე ოპერატიულად დაყვანის მიზნით.
5.2. ბრძანების 1.1 პუნქტით განსაზღვრული ობიექტების გადამოწმების ორგანიზება სანიტარიულ-ჰიგიენური წესებით, ნორმებით, სხვა ნორმატიული და ინფორმაციის აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენა ა.წ. 15 ივნისამდე.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციამ (გ. ჭუჭულაშვილი) უზრუნველყოს:
6.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობის დეპარტამენტის, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზების სამსახურისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტების მონაწილეობით იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ფქვილების ერთობლივი ექსპერტიზის (მ.შ. კვლევის ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით) ჩატარება, შედეგებზე პერიოდულად ინფორმაციის წარმოდგენა.
6.2. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმება იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ფქვილების ხანგრძლივვადიანი მეცნიერული მედიკო-ბიოლოგიური და სხვა გამოკვლევებისათვის.
7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურმა დეპარტამენტმა პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო
ინსპექციასთან ერთად მოამზადოს წინადადება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიების სამუშაოების დაფინანსების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად.
8. დაწესდეს, რომ მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების განბაჟება მოხდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობის დეპარტამენტი და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსაკარანტინო სამსახური ვალდებულნი არიან ოპერატიულად მიაწოდონ ინსპექციას შესაბამისად ჰიგიენური სერტიფიკატი და ფიტოსაკარანტინო დასკვნა.
9. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 11.12.97წ. №2-423 ბრძანებით „სახელმწიფო საზღვრებზე (ნავსადგურებში, რკინიგზის სადგურებში, ავტოსაგზაო გასასვლელებში, აეროპორტებში, ფოსტამტებში, საბაჟო ტერმინალებში და სხვა საბაჟო საწყობებსა და დასატვირთ-გადმოსატვირთ მოედნებზე) კონტროლქვემდებარე ტვირთების შემოწმებისას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მაკონტროლებელ სამსახურებს შორის ფუნქციათა და მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ“ გამიჯნულია ფუნქციები სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებს შორის.
10. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ფქვილებიდან აღებულ სინჯებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობის დეპარტამენტისა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიებში შემოწმების შედეგად არ აღმოჩნდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები.
11. მიღებულ იქნეს ცნობად საბაჟო დეპარტამენტის განცხადება, რომ მ.წ. 1 თებერვლიდან შემოღებული წესის „საქართველოს საბაჟო ტერმინალებში ფქვილის შემოტანასა და გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ” შესაბამისად ფქვილის საბაჟო გაფორმება ხორციელდება საზღვრის გადაკვეთის შემდგომ შესაბამის რეგიონალურ საბაჟო ტერმინალებში.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური და ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტების, რაიონული და საქალაქო განყოფილებების ხელმძღვანელებმა სათანადო დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების შესაბამის სამსახურებს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, ოპერატიული რეაგირება მოახდინონ ამ სამსახურების მიერ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე.
13. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს ამ ბრძანების რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება.
14. ბრძანება ძალაში შევიდეს პრესაში გამოქვეყნების დღიდან.
15. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებთ პირადად.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა. ჯორბენაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კ. თარგამაძე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ბ. გულუა