აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ბრძანება №1-1/420
2024 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 20 მარტის №1-1/108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით“ გათვალსწინებულ 400 კვ „ახალციხე-თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს. საქართვლო-თურქეთის ენერგოსისტემის დამაკავშირებელი „ახალციხე-თორთუმის" ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული კავშირი როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. პროექტის შექმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისება. პროექტით გათვალისწინებულია 92 ანძის მონტაჟი მთელ საპროექტო არეალში, მათ შორის 37 არის კუთხური ანძა, ხოლო 55 შუალედური. „ახალციხე-თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზი დაუკავშირდება ახალციხის ქვესადგურს და თურქეთის ქვესადგურს თორთუმში. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
პროექტის არეალში მოექცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში მდებარე აკაკი დემეტრაძის (პ/ნ: 03001014469) საკუთრებაში არსებული 3193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №61.19.21.122) ნაწილი, კერძოდ, 425.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, მესაკუთრეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 400 კვ. „ახალციხე-თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში მდებარე 3193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №61.19.21.122) მესაკუთრეა აკაკი დემეტრაძე (პ/ნ 03001014469).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში მდებარე აკაკი დემეტრაძის საკუთრებაში არსებული 3193 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ№61.19.21.122) ნაწილი, კერძოდ, 425.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 400 კვ „ახალციხე-თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში მდებარე აკაკი დემეტრაძის (პ/ნ 03001014469) საკუთრებაში არსებული 3193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ№61.19.21.122) ნაწილზე, 425.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი