„ხანძრების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ურთიერთმოქმედებაზე შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №393/№36

1997 წლის 1 დეკემბერი, 1998 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

„ხანძრების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ურთიერთმოქმედებაზე შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ“

საქართველოში ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით

ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს თანდართული შეთანხმება ხანძრების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ურთიერთმოქმედების შესახებ.

2. აღინიშნოს, რომ შეთანხმება მტკიცდება პირველად.

3. ბრძანება ძალაშია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გენერალ-ლეიტენანტი                        პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი

ვ. ნადიბაიძე                                                          კ. თარგამაძე

 

 

შეთანხმება

ხანძრების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ურთიერთმოქმედების შესახებ

1. წინამდებარე შეთანხმება შემუშავებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტთა კაბინეტის 1994 წლის 7 დეკემბრის № 845 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შესახებ დებულების მე-15 პუნქტის შესაბამისად.

შეთანხმება ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მართვის ორგანოებისა, ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე, ხანძრების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის დროს ურთიერთმოქმედების წესს და მიმართულია თავდაცვის სამინისტროს ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და შესაძლო ხანძრების ქრობის ორგანიზაციის გაუმჯობესებისათვის.

2. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გარნიზონის, ნაწილების მეთაურები, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების უფროსები პერსონალურად აგებენ პასუხს მათი დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მოვალენი არიან:

2.1. მიიღონ გადაუდებელი ზომები ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სახელწმიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებისა და თავდაცვის სამინისტროს სახანძრო სამსახურის ინსპექციის მიწერილობების დადგენილ ვადებში შესასრულებლად;

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მართვის ორგანოებისა და ქვედანაყოფების მიმართვისას, მიაწოდონ საჭირო ინფორმაციები ხანძრების ქრობის ოპერატიულ-სამსახურებრივი დოკუმენტაციის შესამუშავებლად;

2.3. უზრუნველყონ ხანძრის ქრობაში მონაწილე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების გამოძახების ადგილზე შეუფერხებელი მისვლა და შეასრულონ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებები.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის საუწყებო ზედამხედველობას აწარმოებს ჯარებს განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს სახანძრო სამსახურის ინსპექცია.

4. საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები მთელი მოცულობის საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებენ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს იმ ობიექტებზე, რომელიც შეტანილია სპეციალურ ნუსხაში.

4.1. აღნიშნული ნუსხა დგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს მიერ, თანხმდება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართველოსთან;

4.2. იმ ობიექტებზე, რომლებიც არ არიან შეტანილი სპეციალურ ნუსხაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გარნიზონების უფროსების, სამხედრო ნაწილების მეთაურების თხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანოებსა და ქვედანაყოფებს შეუძლიათ ჩაატარონ სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევები, სახანძრო-ტაქტიკური სწავლებები, პირად შემადგენლობას შეასწავლონ სახანძრო უსაფრთხოების წესები, მისცენ კონსულტაციები სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში და აღმოუჩინონ სხვა დახმარება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხაზით.

5. საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ სპეციალურ ნუსხაში შეტანილ ობიექტებზე სამოქალაქო პერსონალის მიმართ, რომლებიც არღვევენ ან არ ასრულებენ სახანძრო უსაფრთხოების წესებს, მიიღონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომები.

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების დროს, რომლებიც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებასა და (ან) ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, შეაჩერონ საწარმოო უბნების, აგრეგატების მუშაობა, აკრძალონ შენობების, ნაგებობებისა და სათავსების ექსპლუატაცია.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველო ვალდებულია „საქართველოს ხანძრებისა და მათი შედეგების სახელწმიფო სტატისტიკური აღრიცხვის ინსტრუქციით“ დადგენილი წესით და ვადებში წარადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართველოში თავდაცვის ობიექტებზე მომხდარი ხანძრების სტატისტიკური ანგარიშგება.

7. თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ ერთობლივ მოქმედებებს ხანძრის ქრობისა და (ან) მოკვლევის საკითხებში.

8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა ობიექტებზე, რომლებიც არ არიან შეტანილი სპეციალურ ნუსხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების გამოძახება განისაზღვრება ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებით, რომლებიც დგება ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს სახანძრო სამსახურის ინსპექციის მიერ, უთანხმდება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მართვის ორგანოებს და მტკიცდება სამხედრო გარნიზონების უფროსების ან სამხედრო ნაწილების მეთაურების მიერ.

ამ გეგმებში  უნდა აისახოს ხანძრის ქრობაში მონაწილე ძალები და საშუალებები, ხანძრების ლიკვიდაციისათვის მისული ხანძარსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების ობიექტებზე შეუფერხებელი შესვლისა და ხანძრის ქრობის უზრუნველსაყოფი სხვა ზომები, მათ შორის, საბრძოლო მანქანების საწვავით უზრუნველყოფის საკითხები.

9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმების, ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმებისა და ბარათების გათამაშება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების მონაწილეობით ტარდება ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მართვის ორგანოებისა და ქვედანაყოფების უფროს შემადგენლობას ნება ეძლევა წინასწარ გაეცნონ საქართველოს თავდაცვის სამინიტროს იმ ობიექტების სახანძრო-ტაქტიკურ თავისებურებებს, რომლებზედაც გადიან ხანძრის საქრობად.

10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე ხანძრების ქრობის (სწავლებებისა და მეცადინეობების ჩატარების) ორგანიზაცია აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში მიღებული წესის მიხედვით.

11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შტატით გათვალისწინებული სამხედრო ნაწილების ხანძარსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები (მათ რიცხვში შტატგარეშეც, რომლებსაც შეიარაღებაზე აქვთ ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა) გამოიყენება საქართველოს ეროვნული მეურნეობის ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებში წარმოშობილი ხანძრების ქრობასა და მასთან დაკავშირებული პირველი რიგის ავარიულ-მაშველი სამუშაოების ჩასატარებლად, სამხედრო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონების უფროსების მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად.

12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალები და საშუალებები გამოიყენება დიდი და გავრცელებული ხანძრების, კატასტროფების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციისათვის ან დაზარალებული მოსახლეობისადმი დახმარების აღმოსაჩენად, თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის ნებართვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც დრო არ ითმენს – სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელების ნებართვით.

13. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისა და ხანძრების ლიკვიდაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობა ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმძღვანელო ნორმატიული დოკუმენტებით.

14. ამ შემთხვევაში გამოყენებისას წარმოშობილი უთანხმოება განიხილება ხანძარსაწინააღმეგო სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელობისა და სამხედრო გარნიზონების (ნაწილების) უფროსების მიერ.

იმ შემთხვევაში თუ საკამათო საკითხი ადგილზე ვერ გადაწყდება, უთანხმოებას განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო  სამსახურის მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველო.

15. მხარეები პასუხისმგებლობას იღებენ წინამდებარე შეთანხმების დადგენილი წესით შესრულებაზე.

16. შეთანხმება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს       

ჯარების განთავსებისა და მშენებლობის

მთავარი სამმართველოს უფროსი

მინისტრის მოადგილე

გენერალ-მაიორი

თ. მენაბდე

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის

მთავარი სამმართველოს უფროსი

პოლიციის პოლკოვნიკი

ჯ. სურმავა