საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 10.02.1998
ძალის დაკარგვა 28.12.2006
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №59/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000181 24
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/02/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №59/ო
1998 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებები:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის (დანართი №1);
ბ) წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის (დანართი №2);
გ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის (დანართი №3);
დ) საგარეო ურთიერთობათა სააგენტოს (დანართი №4);
ე) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის (დანართი №5).
2. დაევალოს სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს თავიანთი საქმიანობა წარმართონ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების საფუძველზე და აღნიშნული დებულებების შესაბამისად.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულების შესაბამისად.
1.2. დეპარტამენტი წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ასრულებს სახელმწიფოს დავალებებს სამედიცინო პროფილაქტიკურ სფეროში, შეიმუშავებს და ორგანიზაციას უწევს სამედიცინო პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელებას ქვეყნის ტერიტორიაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის მართვასა და კოორდინაციას ადმინისტრაციულ, რაიონისა და ქალაქის დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული (საქალაქო) ცენტრების მეშვეობით.
1.3. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იმყოფებიან, როგორც სამეცნიერო-კვლევითი პროფილური დაწესებულებები, ასევე ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურული ერთეულები (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო, საქალაქო და რაიონული ცენტრები) (დანართი №1) დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მათი მუშაობის კოორდინაციას, მართვასა და ზედამხედველობას.
1.4. დეპარტამენტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით: კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებით.
1.5. დეპარტამენტის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლა, პროგნოზირება და მართვა. დაავადებათა აღმოცენებისა და გავრცელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება, ორგანიზება, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
1.6. დეპარტამენტი თავის მიზნებს ახორციელებს მის ფუნქციონალურ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მეშვეობით, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
1.7. დეპარტამენტის ფუნქციონალურ დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო პროფილაქტიკური დაწესებულებები ძირითადად ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამებს პროფილის შესაბამისად.
1.8. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშები, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და შტამპი საკუთარი დასახელებით.
1.9. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
1.10. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გამსახურდიას გამზ., 30.
2. დეპარტამენტის ამოცანები
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
2.1. საქართველოს მოსახლეობის ავადობის სტატისტიკის ორგანიზაცია და წარმოება;
2.2. გადამდები და არაგადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლის და ავადობის მოკლევადიანი და პერსპექტიული პროგნოზირება;
2.3. გადამდები დაავადებების (განსაკუთრებით საკარანტინო) აღმოცენების, შემოტანის, გავრცელების პროფილაქტიკური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაცია და გატარება სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან ერთად კოორდინაციაში;
2.4. დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
2.5. დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამების პროექტების შედგენა და განხორციელება;
2.6. ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიებათა დამკვიდრების ორგანიზაცია;
2.7. დაავადებათა პროფილაქტიკის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება;
2.8. ნოზოკომიური ინფექციების მონიტორინგი.
3. დეპარტამენტის ფუნქციები
3.1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო სტატისტიკის წარმოება;
3.2. ავადობის გამომწვევი მიზეზების მონიტორინგი;
3.3. სამედიცინო სტატისტიკის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების შემუშავება და დანერგვა;
3.4. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ავადობასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;
3.5. მოსალოდნელი ან არსებული ეპიდსიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან ერთად წინადადებების შემუშავება ცხოვრების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ როგორც ცალკეულ რეგიონებში, ასევე მთელ ქვეყანაში;
3.6. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შედგენასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
3.7. დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია.
3.8. საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და ჯანდაცვის მინისტრთან წარდგენა სახელმწიფო პროგრამების დროებით ან სრულიად შეწყვეტის, ან მათი შეცვლის (განახლების) შესახებ;
3.9. პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვისა და მისი შესრულების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
3.10. გადამდებ დაავადებათა კერებში ოპერატიული მუშაობის, მათი ლიკვიდაციის ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზაცია;
3.11. გადამდებ დაავადებათა სპეციფიკური პროფილაქტიკისა და მკურნალობის ხარისხის შეფასება;
3.12. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებით საშიში ინფექციების ბუნებრივი კერების შესწავლა და მათზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება;
3.13. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და სხვა სპეციფიკური ღონისძიებებით ფართო საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
3.14. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დროებითი და მუდმივი სამუშაოების ორგანიზაცია-გატარება;
3.15. საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება;
3.16. საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების ორგანიზება და მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
4. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
4. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
4.1. ძირითადი ამოცანების შესასრულებლად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები;
4.2. შეიმუშაოს და სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ გაავრცელოს სტატისტიკური დაკვირვებისა და მონიტორინგის სხვადასხვა ფორმა;
4.3. მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია, დასვას საკითხი ინფორმაციათა მიუწოდებლობისა და (ან) გაყალბებისათვის;
4.4. დაამუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ინფორმაცია;
4.5. შეიტანოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში კონკრეტული გადაწყვეტილებების დროებით შეჩერების ან გაუქმების შესახებ, თუკი მათი განხორციელება იწვევს ავადობის სიტუაციის დამძიმებას;
4.6. შეიმუშაოს ჯანდაცვითი სახელმწიფო პროფილაქტიკური პროგრამების პროექტები, გასცეს შემუშავებულ პროექტებზე დასკვნები;
4.7. შეითანხმოს ჯანდაცვის სახელმწიფო მუნიციპალური პროგრამები;
4.8. იყოს ცალკეულ სახელმწიფო პროგრამათა კოორდინატორი;
4.9. განახორციელოს სახელმწიფო პროგრამების მართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
4.10. ფუნქციურ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების საშუალებითა და სახელშეკრულებო თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელოს მისთვის აუცილებელი სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოები;
4.11. გადამდებ დაავადებათა კერის ლიკვიდაციისათვის მოსთხოვოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მის მიერ დასახული ღონისძიებების შესრულება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სათანადო ორგანოებს;
4.12. შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებებში გადამდებ დაავადებათა სპეციფიკური პროფილაქტიკის და მკურნალობის მდგომარეობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები მისი გაუმჯობესების მიმართულებით;
4.13. სამედიცინო დაწესებულებების, ლაბორატორიების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა დადგენილი წესის შესაბამისად.
4.14. ლაბორატორიების, სამედიცინო დაწესებულებების ეპიდრეჟიმის კონტროლი.
5. დეპარტამენტი ვალდებულია
5.1. უზრუნველყოს მოსახლეობის იმუნიზაციის ორგანიზაცია დადგენილი წესისა და გრაფიკის მიხედვით;
5.2. დადგენილი წესით აწარმოოს სტატისტიკური აღრიცხვა და სათანადო ინფორმაცია წარუდგინოს ზემდგომ ორგანოებს;
5.3. დადგენილი წესით წარუდგინოს დასამტკიცებლად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მუშაობის ძირითადი მიმართულებანი, წლიური ანგარიში;
5.4. ეპიდსაშიში სიტუაციის წარმოქმნისას უზრუნველყოს აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
5.5. დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი, შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებანი, განკარგულება, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებები და სხვა ნორმატიული აქტები;
5.6. შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
5.7. უზრუნველყოს დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
5.8. უზრუნველყოს განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების ბუნებრივი კერების ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება;
5.9. უზრუნველყოს საკუთარ მუშაკთა შრომისა და ყოფის პირობების სისტემატური გაუმჯობესება.
6. დეპარტამენტის მართვა
6.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის „დეპარტამენტს“ ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი;
6.2. დეპარტამენტი ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, თავის საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით (დანართი 2). დადგენილი წესის შესაბამისად გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარედგინება ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს. დეპარტამენტის თავმჯდომარე პერსონალურად პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებზე და ანგარიშვალდებულია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის წინაშე.
6.3. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთა ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება შესაბამისი დებულებების საფუძველზე შედგენილი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი;
6.4. დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ ცვლილებებს ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი;
6.5. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე, ასრულებენ მის ბრძანებებს.
საჭიროების შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით მიმართავენ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მისგან წერილობითი ნებართვის მიღების შემდეგ ასრულებენ შესაბამის ქმედებას.
6.6. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
6.7. დეპარტამენტის თავმჯდომარე თავის კომპეტენციის ფარგლებში სცემს ბრძანებებს.
6.8. თავის კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესის შესაბამისად, განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს.
7. ეკონომიკური ურთიერთობები
7.1. დეპარტამენტი წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
7.2. დეპარტამენტის შემოსავლის წყაროებია:
7.2.1. სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები მის მიერ მართვადი სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების ჩარჩოებში;
7.2.2. ცალკეული სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სახსრები;
7.2.3. საზღვარგარეთის პროგრამებში მონაწილეობისათვის და გრანტების სახით მიღებული სახსრები.
8. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
8.1. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
დანართი №2
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დებულება
1. ზოგადი დებულებები
1.1. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი (შემდგომში –დეპარტამენტი) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ორგანოა, რომლის მეშვეობით ხორციელდება სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო მართვა.
1.2. დეპარტამენტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე აქტებით, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და წინამდებარე დებულებით.
1.3. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით, ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს არასაბიუჯეტო შემოსავლები.
1.4 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ჯამრთელობის დაცვის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს მის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
1.5. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი, №30.
2. დეპარტამენტის მმართველობის სფერო და ამოცანები
2.1. დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შედის წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი სახელმწიფო ნორმებისა და წესების შემუშავების, დანერგვისა და მათ დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ორგანიზება და მართვა, რასაც ახორციელებს მის სისტემაში არსებული სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ შესაბამის უწყებებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
2.2. დეპარტამენტის სისტემაშია: ფარმაკოლოგიური კომიტეტი, ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო სამსახური, ფარმაკოპეის კომიტეტი, ფარმაცევტულ დაწესებულებათა ინსპექცია, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, საორგანიზაციო ფარმაცევტული განყოფილება, სარეგისტრაციო ბიურო და საინფორმაციო კომპიუტერული განყოფილება.
2.3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
2.3.1. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ფარმაცევტული საქმიანობის კოორდინაცია.
2.3.2. ქვეყანაში ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება.
2.3.3. სამკურნალო საშუალებების ხარისხის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
2.3.4. სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციაში გატარება დადგენილი წესის მიხედვით და საქართველოს სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრის შედგენა.
2.3.5. უხარისხო და ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი სამკურნალო საშუალებების გავრცელების აკრძალვა;
2.3.6. ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტების აკრედიტაციისა და ლიცენზირების წესების განსაზღვრა.
2.3.7. სამკურნალო საშუალებების წარმოების, საბითუმო და საცალო რეალიზაციის, ექსპორტ-იმპორტის ლიცენზიების გაცემა;
2.3.8. სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ვაქცინების, შრატებისა და ეპიდსაწინააღმდეგო საშუალებების სავალდებულო ასორტიმენტის მინიმუმის, აგრეთვე ურეცეპტოდ გასაშვები სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის განსაზღვრა.
2.3.9. სამკურნალო საშუალებების შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება, სისტემაში მოყვანა და მისი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა შორის გავრცელება. ანალიზური საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვება.
2.3.10. სამკურნალო საშუალებების შესახებ ინფორმაციასა და რეკლამაზე კონტროლი.
2.3.11. სამკურნალო საშუალებების კლინიკურ გამოკვლევაზე ნებართვის გაცემა, შედეგების დამტკიცება.
2.3.12. შხამ-ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურის განსაზღვრა და მათ ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება.
2.3.13. სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება, განზოგადება და გაცვლა სხვა ქვეყნების სამედიცინო სამსახურებთან;
2.3.14. ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული პირების ატესტაცია- სერტიფიკაციაში მონაწილეობის მიღება.
2.3.15. დარგში სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება;
2.3.16. ფარმაციის დარგში განათლების სისტემის ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება;
2.3.17. წამალთა პოლიტიკისა და ფარმაციის დარგში კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
3. ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
3.1. სამკურნალო საშუალებების წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ნორმებისა და წესების შემუშავება;
3.2. დარგის მარეგულირებელი კანონებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის დაწესება.
3.3. ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტების მიერ სამკურნალო საშუალებების წარმოების, ხარისხის, შენახვის, აღრიცხვის, გადაგზავნა-გადაზიდვის, რეალიზაციის თაობაზე კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.
3.4. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისას დაშვებული დარღვევებისათვის სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების დაჯარიმება კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების ნუსხის მიხედვით.
3.5. ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინფორმირება სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის შესახებ;
3.6. ფარმაცევტული პროფილის ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რეგისტრაცია და ლიცენზირება;
3.7. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირის საქმიანობის დროებითი და მუდმივი შეწყვეტა, თუ მათი საქმიანობა შეუთავსებელია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
3.8. კადრების მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაცია;
3.9. ფარმაცევტული პროგრამების პროექტების შემუშავება, დამტკიცებული პროგრამის შესრულების კოორდინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
3.10. სახელმწიფო და ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან
დარგის მუშაკთა პროფესიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
3.11. ფარმაცევტულ სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
3.12. საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების მოწყობა, მონაწილეობა
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
3.13. მოსახლეობის სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის პროგნოზირებაში მონაწილეობა, სტატისტიკური ანგარიშის ფორმების, მათი წარმოების წესისა და პერიოდულობის შემუშავება დადგენილი წესით. დამტკიცების შემდგომ მათი გამოყენების უზრუნველყოფის ორგანიზაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
3.14. მონიტორინგული დაკვირვების ფორმების შემუშავება და გავრცელება.
3.15. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, დამტკიცებული ფორმებით და დადგენილ ვადებში საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციათა მოუწოდებლობის ან გაყალბებისათვის მათი ავტორების პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის დასმა;
3.16. დადგენილი წესის მიხედვით მის განკარგულებაში არსებული ინფორმაციის დამუშავება, გამოცემა და გავრცელება.
3.17. იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
3.18. საჭიროების შემთხვევაში საუწყებათაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური, საზოგადოებრივი საბჭოებისა და კომისიების შექმნა. ექსპერტიზისათვის საზოგადო მოღვაწეების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებათა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლების მოწვევა.
3.19. უცხოეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, ამგვარი თანამშრომლობის განხორციელების ინიციატივით გამოსვლა და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების გაფორმება.
3.20. მოსახლეობის წამალთდახმარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული უწყებების საწარმოების და ორგანიზაციების, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, ხელმძღვანელთა ანგარიშების განხილვა.
3.21. დეპარტამენტის სისტემაში არსებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სათანადო ნორმატიული დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
3.22. ქვეყანაში წარმოებული წამლის ხარისხზე კონტროლის დაწესება საერთაშორისო დონის სტანდარტების გათვალისწინებით.
4. მართვა-კოორდინაცია
4.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მქონე თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
4.2. დეპარტამენტის წარმომადგენლობა ეკისრება თავმჯდომარეს.
4.3. დეპარტამენტის თავმჯდომარე აწესებს სამსახურებრივ ზედამხედველობას და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს, დეპარტამენტის სფეროში არსებული დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანებით ან სხვა შემდგომი სამართლებრივი აქტებით.
4.4. დეპარტამენტის თავმჯდომარე განიხილავს და ამტკიცებს მის სისტემაში მყოფი სამსახურების დებულებებს.
4.5. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4.6. დეპარტამენტის სხვა მუშაკებთან შრომით კონტრაქტებს დებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4.7. დეპარტამენტის თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. შეიმუშავებს და შეაქვს წინადადებები ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე.
V. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
დანართი №3
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია (შემდგომში – „ინსპექცია“) წარმოადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. იგი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად.
ინსპექციის კომპეტენციას განეკუთვნება: სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, სამკურნალწამლო საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების გამოყენებისა და რეალიზაციის არსებული წესების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების, მათი შესრულებისათვის გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხების შესწავლა და ანალიზი, მოსახლეობის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიას შორის არსებული ხელშეკრულების პირობების შესრულების
შესწავლა, სამედიცინო დახმარების სტანდარტების, ლიცენზირების პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა (განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) მიერ მათთვის დამტკიცებული მუშაობის წესებისა და პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა.
2. ინსპექცია წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა მაკონტროლებელი სამსახურების საკოორდინაციო სტრუქტურას.
3. ინსპექციას გააჩნია მრგვალი ბეჭედი და შტამპი წარწერით „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია“.
4. ინსპექციის ადგილსამყოფელია: თბილისი, გამსახურდიას გამზირი №30.
2. ფუნქციები
1. ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ქვეყნის მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების დონის ასამაღლებლად სამედიცინო საქმიანობაზე კონტროლის კოორდინაციისა და ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
2. ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსპექციის სამუშაო გეგმისა და შესაბამისი დავალებების საფუძველზე სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა (განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) ინსპექტირება.
3. სამედიცინო დახმარების სახეობასა და მეთოდების სტანდარტიზაციაში, ხარისხის ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობის მიღება.
4. ჯანდაცვის სარეგულაციო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
3. უფლებები
1. ინსპექცია უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი დავალებების შესასრულებლად დადოს ხელშეკრულებები.
2. საკუთარი კომპეტენციისა და ამოცანებიდან გამომდინარე შეაგროვოს, დაამუშაოს და გაავრცელოს სათანადო ინფორმაცია.
3. საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად გამოიყენოს მოწვეული სპეციალისტები.
4. გაატაროს კანონით დადგენილი ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებისას.
4. ვალდებულებები
1. ინსპექციას ეკისრება შემდეგი ვალდებულებები: მკაცრად დაიცვას სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა შემოწმების წესი და პირობები.
2. ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად მოახსენოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. მართვა.
1. ინსპექციის მუშაობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
2. ინსპექციის უფროსი პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და კანონიერებაზე.
3. ინსპექციის უფროსი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
4. ინსპექციის უფროსი წარმოადგენს ინსპექციას ყველა უწყებასა და ინსტანციაში.
5. ინსპექციის უფროსი ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის თანამშრომლებს. ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის.
6. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით
6. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ინსპექციის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №4
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა
ს ა ა გ ე ნ ტ ო
I. ზოგადი დებულება
1.1. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სააგენტო, შემდგომში წოდებული „სააგენტო“, წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
1.2. სააგენტოს ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა მეთოდური, ინსტრუქციული და ნორმატიული დოკუმენტებით, აგრეთვე წინამდებარე დებულებით.
1.3. სააგენტოს აქვს მრგვალი გერბიანი ბეჭედი, კუთხოვანი შტამპი და ბლანკები საკუთარი დასახელებით. სხვა აუცილებელი რეკვიზიტები და ატრიბუტები.
1.4. სააგენტოს იურიდიული მისამართია – თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი №30.
II. მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
2.1. სააგენტოს შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საერთო კოორდინაციას და საზღვარგარეთის სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე ჯანდაცვის სახელმწიფოებრივ და არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან პირდაპირი კავშირების დამყარებას.
სააგენტოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
2.2. ჯანდაცვის სფეროში უცხოეთის ქვეყნების დაწესებულებებთან სამეცნიერო-პრაქტიკულ ურთიერთობათა ორგანიზაცია და მართვა. ამ ურთიერთობათა შემდგომი გაფართოება, სრულყოფა, ანალიზი, შედეგების პრაქტიკაში დანერგვის კონტროლი.
2.3. უცხოეთის ქვეყნებთან სამეცნიერო-ტექნიკური და პრაქტიკული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება და გაფორმება:
ა) ერთობლივი სამეცნიერო კვლევები;
ბ) სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა;
გ) სპეციალისტების, სტუდენტებისა და ავადმყოფების გაცვლა და სხვა.
2.4. ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნის განსაზღვრა;
2.5. ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციული ბანკის შექმნა;
2.6. საქმიანი კონტაქტების დამყარება უცხოეთის ქვეყნებთან;
2.7. უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების, ბიზნესმენებისა და იურიდიულ პირთა მიღების ორგანიზაცია;
2.8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უცხოელების მიღების ოქმის წარმოება;
2.9. საერთაშორისო კონგრესების, ყრილობების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, სემინარების და ა.შ. ჩატარების ორგანიზაცია.
2.10. უცხოელთათვის სერვისის სამსახურის ორგანიზება;
2.11. უცხოეთის ქვეყნებთან სამედიცინო პროფილის ერთობლივი სასწავლებლების შექმნის ორგანიზაცია;
2.12. მსურველების საზღვარგარეთ სასწავლებლად, სტაჟირებაზე, სამკურნალოდ და დასასვენებლად გაგზავნის კოორდინაცია;
2.13. სპეციალისტების რეზერვის შერჩევა და მომზადება მოკლევადიან (საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, სტაჟირება, მეთოდიკის ათვისება და ა.შ.) და ხანგრძლივ (სამუშაოდ, ასპირანტურაში, სწავლა და ა.შ.) მივლინებაში გასამგზავრებლად. შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება და ორგანიზაცია.
2.14. უცხოეთში მოკლევადიან და ხანგრძლივ მივლინებებში შერჩეული რეზერვის მომზადების ორგანიზაცია (ენების შესწავლის, კომპიუტერული და მანქანის მართვის კურსების შექმნა, მიღებული ცოდნის შეფასება).
2.15. უცხოეთში სამკურნალოდ ავადმყოფებისა და მათი თანმხლები პირების გასამგზავრებლად საბუთების გაფორმება (მათ შორის კურორტული მკურნალობისათვის გამგზავრებისას).
2.16. მეცნიერების, სპეციალისტების, საქმიანი ადამიანებისა და სპეციალიზირებული სამედიცინო ჯგუფების ურთიერთგაცვლა.
2.17. უცხოეთთან მიმოწერის უზრუნველყოფა.
2.18. თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიის იმპორტი და ექსპორტი.
2.19. არასამედიცინო დარგის დაწესებულებების, ორგანიზაციების, წარმოების საექსპორტო საშუალებათა გამოყენება მედიცინის ინტერესების გათვალისწინებით.
2.20. ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით ტენდერის ჩატარება.
2.21. საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
III. უფლებები და ვალდებულებები
3.1. სააგენტოს უფლება აქვს ხელი მოაწეროს პირდაპირ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, იურიდიულ აქტებს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებთან, ნებისმიერ იურიდიულ პირთან, აგრეთვე ცალკეულ მოქალაქეებთან სამსახურის გაწევის თაობაზე (მათ შორის კომერციული), რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.
3.2. უფლება აქვს რეკლამა გაუწიოს თავის მოღვაწეობას მასობრივი ინფორმაციის არხებითა და სხვა საშულებებით.
3.3. უფლება აქვს მიიღოს სარგებლობაში ბალანსზე დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო შენობა-ნაგებობანი, ოთახები. მოწყობილობები და სხვა ძირითადი ფონდები, აგრეთვე ძირითადი ამოცანების შესრულებისათვის საჭირო საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქცია.
3.4. უფლება აქვს ხელშეკრულება დადოს პარტნიორულ თანამშრომლობაზე სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და კერძო პირებთან.
3.5. უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოიტანოს ან მიიღოს გზავნილებანი და სხვა ქონება სააგენტოს მისამართზე.
3.6. სააგენტო ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი.
3.7. სააგენტოსათვის მიყენებული ზარალი, გამოწვეული მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა, ანდა სახელმწიფოს ორგანოების მიერ მისი ქონებრივი უფლებების დარღვევის შედეგად, უნაზღაურდება მას სასამართლოს გადაწყვეტილებით.
IV. მართვა
4.1. სააგენტოს მართავს გენერალური დირექტორი, რომელიც ინიშნება ჯანდაცვის მინისტრის მიერ. გენერალური დირექტორი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და ახორციელებს მის გადაწყვეტილებებს.
4.2. გენერალური დირექტორი:
– ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, განაგებს მის ქონებას ფულადი სახსრების ჩათვლით.
– მოქმედებს სააგენტოს სახელით მინდობილობის გარეშე და წარმოადგენს მის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ყველა ორგანიზაციაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
– განუსაზღვრავს უფლებებსა და მოვალეობებს თავის მოადგილეებსა და თანამშრომლებს.
– დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილება სააგენტოს მოღვაწეობის ყველა საკითხზე, რომელიც არ განეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას.
– ამზადებს წინადადებებს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
– ნიშნავს და ათავისუფლებს მოადგილეებს და თანამშრომლებს საშტატო განრიგის შესაბამისად (თანამშრომლებს საკონტრაქტო საფუძველზე).
V. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
5.1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი წესით.
დანართი №5
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი
დებულება
1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – „დეპარტამენტი“) არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ფლობს მრგვალ სახელმწიფო გერბიან ბეჭედსა და შტამპს საკუთარი სახელწოდებით, რომელსაც დამოუკიდებლად განაგებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
1.2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბრძანებები და წინამდებარე დებულება.
დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მიცკევიჩის №29
ტელ: 29-00-13
2. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
2.1. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებებია:
2.2. ჯანმრთელობის დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, განმტკიცებისა და მისი მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ა) პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური შეკეთების ჩატარების კოორდინაცია;
2.3. სამედიცინო ობიექტების პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, კაპშეკეთებისა და საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შედგენა;
2.4. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და მისი შენარჩუნების ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
2.5. საბაზო ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობებში დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვის განხორციელება სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე;
2.6. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვის არსებული მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და რეალიზაცია;
2.7. სამედიცინო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, უფლება არა აქვთ საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებანი გაატარონ, თუ ისინი არ არის შეთანხმებული დეპარტამენტთან, იმ შემთხვევაში, თუ ეს დაფიქსირებული იქნება, მისი შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით დეპარტამენტის უფლება აქვს დასვას საკითხი მისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების ან საერთო ჩამორთმევის შესახებ.
2.8. არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის (ძირითადი პარამეტრები, შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა, ამორტიზაციის დონე და ა.შ.) საინფორმაციო უზრუნველყოფა და ამისათვის საჭირო შესაბამისი მასალების მომზადება.
2.9. მშენებარე დაკონსერვებული ობიექტების საკითხების განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
2.10. სამედიცინო ობიექტების მშენებლობის, კაპშეკეთების სამუშაოთა საკონკურსო საწყისებზე (უცხოური ინვესტიციებისა და დაფინანსების სხვა წყაროების ხარჯზე) სათანადო ინფორმაციის მომზადება, ტენდერების ჩატარება და აქედან გამომდინარე, შესაბამისი საკითხებისა და სამუშაოების ორგანიზაცია;
2.11. უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ღონისძიებათა განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
2.12. სამედიცინო დაწესებულებაში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო პროექტების დამუშავება, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაოთა ჩატარება;
2.13. დარგში დასაქმებული საინჟინრო-ტექნიკური და საექსპლოატაციო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული კადრცოდნის დაუფლებისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურეობის ორგანიზაცია;
2.14. სამედიცინო დაწესებულებების მომარაგების, მათი ტექნიკური გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის (ახალი მოწყობილობის დანერგვის, დაკომპლექტებისა და ა.შ.) სამუშაოთა კოორდინაცია;
2.15. სამედიცინო ობიექტების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ტექნიკური ზედამხედველობა;
2.16. ცნობების, ანალიზური და სხვა სახის მასალებისა და ინფორმაციის მომზადება და წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციებში;
2.17. ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოებიდან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობიდან შემოსული ინფორმაციის და მასალების დამუშავება და ანალიზი.
3. დეპარტამენტის უფლებამოსილება და მოვალეობები
3.1. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია:
3.2. დადოს ხელშეკრულებები, მონაწილეობა მიიღოს სამედიცინო ლიცენზირების პროცესში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
3.3. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს დადგენილი წესით მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
3.4. დაამუშაოს დადგენილი წესით მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
ა) შეიმუშაოს ჯანდაცვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების სახელმწიფო
პროგრამების პროექტები, გასცეს დასკვნები ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებზე, შეადგინოს, შეათანხმოს და დასამტკიცებლად მოამზადოს საპროექტო, სარეკონსტრუქციო მშენებლობისა და კაპშეკეთების სამუშაოთა გეგმები და დადგენილი წესით ზედამხედველობა განახორციელოს მათ შესრულებაზე;
3.5. ორგანიზაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული სამედიცინო ობიექტების ექსპლოატაციაში მიმღები მუშა კომისიების დანიშვნას, მუშაობისა და ძირითადი ფონდების მოქმედებაში გადაცემას;
3.6. დაგეგმოს და მოაწყოს დეპარტამენტის თანამშრომელთა მივლინებები;
3.7. ისარგებლოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ინფორმაციული მონაცემებით;
ა) გამოიყენოს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის სახელმწიფოებრივი, მათ შორის სამთავრობო სისტემები;
3.8. იყოს ცალკეული სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი;
3.9. მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამების მართვასა და შესრულებაში;
3.10. სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მიმოწერა, სატელეგრაფო, სატელექსო, სატელეფონო და სხვა კავშირების განხორციელება;
3.11. კანონით ნებადართულ საფუძველზე საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების შექმნა;
3.12. საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების ზომები, ფორმები და მეთოდები;
3.13. მუშაობაში ჩართოს საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, ცალკეული მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც დაკავებულნი არიან სახელმწიფოებრივ და არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, მოახდინოს მათი მოწვევა სახელშეკრულებო საწყისებზე;
ა) დარგის ბაზის განვითარების მიზნით შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად ნორმატიული აქტების პროექტები.
3.14. მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაატაროს მათთან ერთად ერთობლივი ღონისძიებები, გამოვიდეს ზემოაღნიშნული ღონისძიებების მოწყობის ინიციატორად;
3.15. წარუდგინოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დადგენილი წესით და თანმიმდევრობით მუშაობის ძირითადი მიმართულებები და ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ.
3.16. დაამუშაოს სათანადო ინფორმაცია და წარუდგინოს იგი ზემდგომ ორგანოებს და სამინისტროს, დადგენილი წესის თანახმად.
3.17. შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, განკარგულებები და ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებები და დავალებები.
3.18. უზრუნველყოს საბუღალტრო და საფინანსო ოპერაციების სისწორე და კანონიერება;
3.19. უზრუნველყოს საკუთარ მუშაკთა შრომისა და სოციალური პირობების სისტემატური გაუმჯობესება;
ა) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
4. დეპარტამენტის მართვა (სტრუქტურა)
4.1. დეპარტამენტის თანამდებობის პირები არიან:
– დეპარტამენტის თავმჯდომარე
– თავმჯდომარის პირველი მოადგილე
– დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
– დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები
დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი შედგება სტრუქტურული დანაყოფებისაგან (დანართი №1).
4.2. დეპარტამენტის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; თავმჯდომარე დამოუკიდებლად წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრის წინაშე.
4.3. დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სამმართველოს აპარატის მუშაკებს.
4.4. დეპარტამენტის თავმჯდომარე ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ორგანიზაციის საქმიანობის საერთო შედეგებსა და ვალდებულებების შესრულებაზე.
4.5. დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
5. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
6. რეორგანიზაცია ლიკვიდაცია
6.1. დეპარტამენტის გარდაქმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.