მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/152
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016002 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2024
4,248 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ინსპექტირება
მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რომელიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, მემანქანეებისა და მათი დამსაქმებლების შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას
მუხლი 2
ინსპექტირების ობიექტი
მემანქანე ან დამსაქმებელი, კერძოდ, სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი (მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი), სადაც მუშაობს მემანქანე და რომლის მიმართაც ხორციელდება გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირება
მუხლი 2
უფლებამოსილი პირი
სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში და მისი სახელით. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად
სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
მუხლი 17
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 98% 27.02.2026 ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 96% 29.12.2025 ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 96% 27.12.2024 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 96% 06.08.2021 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 95% 01.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/152 2024 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 63​6 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების  წესი თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების  წესი (შემდგომ – წესი) ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ინსპექტირების განხორციელების მიზნებსა და წესს, ასევე განსაზღვრავს სააგენტოს უფლებამოსილი პირისა  და ინსპექტირების ობიექტის უფლება-მოვალეობებს. 2. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსპექტირება – მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რომელიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, მემანქანეებისა და მათი დამსაქმებლების შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ბ) ინსპექტირების ობიექტი – მემანქანე ან დამსაქმებელი, კერძოდ, სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი (მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი), სადაც მუშაობს მემანქანე და რომლის მიმართაც ხორციელდება გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირება; გ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში და მისი სახელით. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II  ინსპექტირების მიზნები, სახეები და ფარგლები მუხლი 3🔗. ინსპექტირების  მიზანი ინსპექტირების მიზანი შესაძლოა იყოს: ა) სამართალდარღვევათა პრევენცია; ბ) ინსპექტირების ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა. მუხლი 4🔗. ინსპექტირების განმახორციელებელი სუბიექტი 1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს სააგენტო. 2. ინსპექტირების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება; ბ) დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა; გ) ინსპექტირების მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი პირებისგან და ორგანოებისგან; დ) შევიდეს ინსპექტირების ობიექტის ტერიტორიაზე ცალკეული გარემოებების ადგილზე შესწავლის მიზნით. მუხლი 5🔗. ინსპექტირების სახეები სააგენტო უფლებამოსილია ინსპექტირება განახორციელოს გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირებით. მუხლი 6🔗. გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების დაწყება გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ინსპექტირების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც მიეთითება ინსპექტირების დაწყების საფუძველი, სფერო, ფარგლები და ჩატარების პერიოდი/ვადები (ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების თარიღები). მუხლი 7🔗. გეგმური ინსპექტირება 1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების  დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 2. ინსპექტირების წლიური გეგმის შემუშავებისას, სააგენტომ სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გაითვალისწინოს: ა) რისკების შეფასების შედეგები; ბ) ტექნოლოგიური სიახლეები; გ) კონსულტაციები ინსპექტირების ობიექტთან; დ) სააგენტოს რესურსები. 3. სააგენტო უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი. 4. გეგმური ინსპექტირების დაწყების შესახებ  სააგენტო ინსპექტირების ობიექტს აცნობებს წინასწარ. მუხლი 8🔗. არაგეგმური ინსპექტირება 1. სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს არაგეგმური ინსპექტირება. 2. სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების შესაძლო დარღვევის თაობაზე. მუხლი 9🔗. ინსპექტირების ფარგლები 1. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ტარდება ინსპექტირების ჩატარების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში. 2. გეგმური ინსპექტირების ფარგლების დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია ინსპექტირების ობიექტისგან ან გამართოს შეხვედრა ინსპექტირების ობიექტთან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით, რის შესახებაც არსებობის შემთხვევაში უნდა ეცნობოს ინსპექტირების ობიექტს. მუხლი 10🔗. არაგეგმური ინსპექტირების გამომრიცხავი გარემოებები 1. არაგეგმური ინსპექტირების გამომრიცხავი გარემოებებია: ა) სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობა ან/და ისეთი გარემოებების არარსებობა, რომლებიც მიანიშნებს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობაზე; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობა იმავე დარღვევის ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; გ) დავის სასამართლო წარმოებაში არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; ე) სისხლის სამართლის საქმის არსებობა იმავე ფაქტზე, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს ინსპექტირება; ვ) საკითხის შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებების არსებობა, რომლებიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. 2. არაგეგმური ინსპექტირება არ დაიწყება, ხოლო დაწყებული არაგეგმური ინსპექტირება შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ. არაგეგმური ინსპექტირება წყდება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, არაგეგმური ინსპექტირების დაწყებული პროცესის შეწყვეტა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. თავი III  უფლებამოსილი პირის და ინსპექტირების ობიექტის უფლება-მოვალეობები მუხლი 11🔗. უფლებამოსილი პირი, მისი უფლებები და მოვალეობები 1. უფლებამოსილი პირი ინსპექტირებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებითა და პირობებით, ამ წესითა და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ინსპექტირების პროცესში, უფლებამოსილმა პირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და უნდა დაიცვას ისინი. 2. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს მატარებლის მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) შესაბამისი პირებისგან და ორგანოსაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინსპექტირების განხორციელებისთვის; გ) საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით, ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება; დ) შევიდეს ინსპექტირების ობიექტის შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს მატარებლის მემანქანის საქმიანობას, სასერტიფიკატო სწავლების/გამოცდის მიმდინარეობას  ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი; ე) გაეცნოს ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; ვ) ინსპექტირების ობიექტს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების მიცემა ან გაესაუბროს მათ მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის საკითხებზე; ზ) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები; თ) ინსპექტირების პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ი) ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ვიდეოაუდიო ფიქსაცია; კ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ლ) ისეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სარკინიგზო უსაფრთხოებას, დაუყონებლივ მოსთხოვოს მყისიერი რეაგირება ინსპექტირების ობიექტს; მ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) განუხრელად დაიცვას კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები; ბ) ინსპექტირება განახორციელოს ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევითა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით; გ) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება უფლებამოსილ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება; დ) ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში მოამზადოს ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს, მისი სახელით გასაგზავნ კორესპონდენციას, მოხსენებით და სამსახურებრივ ბარათს.  მუხლი 12🔗. უფლებამოსილი პირის თვითაცილება და აცილება 1. ინსპექტირების  პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს უფლებამოსილი პირი, რომელიც: ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი; ბ) საქმეში მონაწილე სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის მიმართაც ხორციელდება ინსპექტირება; დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. ინსპექტირების ობიექტს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კონკრეტული უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს დირექტორს წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება ამ უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ  წარდგენილი უნდა იქნეს  5  სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება ინსპექტირების დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც ინსპექტირების ობიექტისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. 5. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 13🔗. ინსპექტირების ობიექტის უფლებები და მოვალეობები 1. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს: ა) წარმოადგინოს მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები; ბ) როგორც ინსპექტირების პროცესში, ასევე ამ პროცესის დასრულების შემდგომ მოითხოვოს საქმის წარმოების მასალების გაცნობა ან მასალების ასლების გადაცემა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა), თუ აღნიშნული ხელს არ უშლის ინსპექტირების განხორციელებას; გ) ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის, ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; დ) მოითხოვოს უფლებამოსილი პირის აცილება ამ წესის მე-13 მუხლის საფუძველზე; ე) მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა; ვ) გაასაჩივროს სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ისარგებლოს ამ წესითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 2. ინსპექტირების ობიექტი ვალდებულია: ა) დაემორჩილოს სააგენტოს ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას და უზრუნველყოს მითითებულ ვადაში ამ მოთხოვნის  ჯეროვნად შესრულება; ბ) უზრუნველყოს უფლებამოსილი პირი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, ადგილზე შემოწმების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით გამოუყოს მას სამუშაო ოთახი ან ადგილი; გ) უზრუნველყოს სააგენტო ან/და უფლებამოსილი პირი ინსპექტირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციით/დოკუმენტაციით, ამასთან, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისრულეზე; დ) არ ჩაერიოს უფლებამოსილი პირის საქმიანობაში, არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს ინსპექტირების პროცესი; ე) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება. თავი IV  ინსპექტირების პროცესი მუხლი 14🔗. ინსპექტირების პროცესში დასადგენი გარემოებები 1. ინსპექტირების  პროცესში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს: ა) ინსპექტირების ობიექტის მიერ დაცულია თუ არა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი  წესები და მოთხოვნები მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ; ბ) ინსპექტირების ობიექტის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; გ) ექვემდებარება თუ არა ინსპექტირების ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; დ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მუხლი 15🔗. მტკიცებულება 1. ინსპექტირების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები უნდა იყოს საკმარისი სამართალდარღვევის არსებობის/არარსებობის ფაქტისა და ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი სხვა ნაკლოვანებების დასადგენად. ამასთან, მტკიცებულებები უნდა იყოს სანდო, რაც გულისხმობს მტკი­ცე­ბუ­ლების მოძიების წყაროსა და მეთოდის სანდოობას (მტკი­­ცებულების სანდოობის ხარისხი იზ­რდება, როდესაც იგი მოპოვებულია თავდაპირველი წყაროდან ან მისი დადასტურება შესაძლებელია რამ­დე­ნიმე წყაროთი) და შესაფერისი, რაც გულისხმობს მტკი­ცებულების ლოგიკურ კავშირს იმას­თან, რის დასამ­ტკი­ცებლადაც ხდება მისი მოძიება. 2. ინსპექტირების ობიექტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სააგენტოსთვის აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუ ეჭვს არ იწვევს მისი წარმომავლობა და ავთენტურობა. 3. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარდადგენილი ძალა. 4. გამოკვლევას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც: ა) საყოველთაოდაა ცნობილი; ბ) დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან სააგენტოს დირექტორის მიერ სხვა ინსპექტირების ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მუხლი 16🔗. მტკიცებულების სახეები და მათი მოპოვების მეთოდები 1. ინსპექტირების ფარგლებში მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: ა) ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ბ) ნივთიერი მტკიცებულება; გ) სამართალდამრღვევის აღიარება; დ) ფაქტების კონსტატაციის მასალები; ე) აუდიოჩანაწერი; ვ) ვიდეოჩანაწერი; ზ) ფოტო;  თ) საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ი) უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; კ) ალკოტესტის ან/და ნარკოტესტის შედეგების ამსახველი ქვითარი; ლ) ინსპექტირების ოქმი; მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის. 2. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მტკიცებულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მეთოდი: ა) ინსპექტირების ობიექტისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; ბ) ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოთხოვა ან/და დათვალიერება; გ) ექსპერტიზის დანიშვნა/ექსპერტის მოწვევა; დ) ადგილზე შემოწმება; ე) ზეპირი გამოკითხვა. 3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებისა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება მას ინსპექტირების პროცესში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 4. ინსპექტირების განსახორციელებლად კონკრეტული მტკიცებულების მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეოაუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს ინსპექტირების მიზანი და მოცულობა. მუხლი 17🔗. ინსპექტირების ობიექტის ახსნა-განმარტება და მისი ჩამორთმევის წესი 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ინსპექტირების ობიექტს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი ფორმით წარუდგინოს უფლებამოსილ პირს ახსნა-განმარტება. 2. უფლებამოსილი პირისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე ინსპექტირების ობიექტის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება, არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სააგენტოში დაბარებული ინსპექტირების ობიექტის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას.  3. ახსნა-განმარტების მიცემისას, ინსპექტირების ობიექტი, თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას ინსპექტირების ობიექტს ახსნა-განმარტების მიცემის ნებისმიერ მომენტში. 4. ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად – სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 5. ახსნა-განმარტების ზეპირად ჩამორთმევის, ასევე ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, ინსპექტირების ობიექტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 18🔗. დოკუმენტური მტკიცებულება, მისი გამოთხოვისა და დათვალიერების წესი 1. დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დოკუმენტური მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ინფორმაციას. დოკუმენტურ მტკიცებულებად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია; ბ) მოიპოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან ისეთი წყაროებიდან, რომელზე წვდომაც უფლებამოსილ პირს აქვს კანონიერად. 3. ინსპექტირების ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია უფლებამოსილ პირს მიაწოდოს დროულად და სრულად. უფლებამოსილი პირისთვის დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდებაზე ინსპექტირების ობიექტის  უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება ან/და არაჯეროვანი შესრულება (მათ შორის არასაპატიო მიზეზით ვადის დარღვევა) უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას.  4. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ინსპექტირების ობიექტს ან/და ნებისმიერ სხვა პირს დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვოს წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით. 5. უფლებამოსილ პირს დოკუმენტი/ინფორმაცია უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით (მატერიალურად), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის გაცემას ელექტრონული ფორმით ან თუ უფლებამოსილ პირთან წინასწარ შეთანხმებულია დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა ფორმით წარდგენა. 6. ინსპექტირების ფარგლებში დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვისას, ინსპექტირების ობიექტი ან/და ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია მიაწოდოს დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა საჭიროებს: ა) დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. 7. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ინსპექტირების ობიექტის ან/და ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით. მუხლი 19🔗. ექსპერტის დასკვნა და ექსპერტიზის დანიშვნის წესი 1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის თანხმობით, ინსპექტირების ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ექსპერტი ან/და მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება. 2. ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს, რომელშიც აღინიშნება ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, აუცილებლობის დასაბუთება და ექსპერტის წინაშე დასასმელი საკითხები. 3. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს ინსპექტირების დასრულებამდე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ობიექტი სადავოდ ხდის ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად დადგენილ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ალკოჰოლური შემოწმების შედეგებს, უფლებამოსილი პირი ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგს აფიქსირებს სამართალდარღვევის ოქმში და გადასცემს ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითრის ერთ ეგზემპლარს. 5. თუ ინსპექტირების ობიექტი არ ეთანხმება  ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არაუმეტეს 2 საათისა, საკუთარი ხარჯით, ექსპერტიზა ჩაიტაროს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1017/01-52/ნ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღებ დაწესებულებებსა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში ამავე ბრძანებით ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილი წესით. ინსპექტირების ობიექტის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტზე რეაგირებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფის ორგანიზმში, ყოველ ერთ საათში, ალკოჰოლის შემცველობა საშუალოდ – 0,15 პრომილეთი მცირდება. 6. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ინსპექტირების ობიექტს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში ინსპექტირების ობიექტის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ინსპექტირების ვადის გაგრძელების საფუძველი. 7. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 8. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს. 9. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს გაეცნოს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებულ ექსპერტის დასკვნას და წერილობით გამოთქვას თავისი მოსაზრება. 10. თუ ექსპერტის მომსახურება ან ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით ექსპერტის მომსახურების ან ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20🔗. ადგილზე შემოწმება და მისი ჩატარების წესი 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილზე შემოწმება. 2. ადგილზე შემოწმებისას ინსპექტირების ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებული ვიდეო ან აუდიოჩანაწერი), მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეოაუდიო გადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და ინსპექტირების პროცესის შეფერხება. 3. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი; გ) აუდიოჩამწერი, ფოტო და ვიდეოკამერა; დ) სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ადგილზე შემოწმების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ინსპექტირების ობიექტი იღებს ალკოჰოლურ სასმელს ან იმყოფება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ალკოტესტის აპარატით. 5. თუ ინსპექტირების ობიექტს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, უფლებამოსილი პირი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელსაც დაურთავს ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითრის ერთ ეგზემპლარს. 6. ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება ინსპექტირების ობიექტზე ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. ინსპექტირების ობიექტმა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე. 7. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მატარებლის მემანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას. 8. ალკოტესტის აპარატზე 0,3-ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მატარებლის მემანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს მემანქანის მოწმობის შეჩერების ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს. 9. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 21🔗. ზეპირი გამოკითხვა 1. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენას. 2. ზეპირი გამოკითხვის ჩატარებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 22🔗. უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დასადასტურებლად ოქმის შედგენის წესი 1. ინსპექტირების პროცესში შექმნილი აუდიო და ვიდეო-აუდიო  ჩანაწერი (აუდიო, ვიდეო-აუდიოოქმი) ან წერილობითი ოქმი წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი ზეპირი კომუნიკაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 3. თუ აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი დგება ისეთ მოქმედებაზე, რომელშიც გარდა უფლებამოსილი პირისა, მონაწილეობს სხვა პირიც, აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენა დასაშვებია მხოლოდ კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობით. კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობა უნდა დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმში. 4. კომუნიკაციის მონაწილე პირის მიერ აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ადგენს წერილობით ოქმს. 5. უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს აუდიოჩამწერი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო უნდა დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ.: თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა). 6. აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი უნდა შეიცავდეს: ა) კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოხატულ თანხმობას ან უარს თანხმობაზე აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენაზე და შესაბამისად აუდიო ან ვიდეო-აუდიო ჩაწერაზე; ბ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; გ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარსა და თანამდებობას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); დ) აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმის შედგენის დროსა და ადგილს; ე) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი; ვ) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია. 7. წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  ა) სააგენტოს დასახელებას; ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს; გ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიოოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; დ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობას; ე) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელებას. თუ კომუნიკაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია; ვ) შესაბამისი მოქმედების დროს განხორციელებულ ღონისძიებებს, მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომუნიკაციის მონაწილეების მიერ გამოთქმულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საკითხებს მოქმედებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით; ზ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მოქმედებაში მონაწილე მხარის პოზიციას ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშვნას ამის თაობაზე. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. 8. ინსპექტირების ობიექტის ახსნა-განმარტებებთან,  ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებასთან, ადგილზე შემოწმებასთან და ზეპირ გამოკითხვასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი, გაცნობისა და ოქმში მოყვანილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების მიზნით, უფლებამოსილი პირის მიერ წარედგინება მასში მონაწილე პირებს. ოქმის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის პირს უფლებამოსილი პირის მიერ განესაზღვრება ვადა ოქმის გასაცნობად (არაუმეტეს 5  სამუშაო დღისა) და განემარტება, რომ უფლება აქვს, გამოთქვას შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. პირის მიერ ოქმის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.  მუხლი 23🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენისა და გაცნობის წესი 1. თუ უფლებამოსილი პირი მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი დაერთვის საქმეს, ხოლო მეორე დაუყოვნებლივ წარედგინება გასაცნობად სამართალდამრღვევს, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენის პროცესს, ხოლო თუ იგი არ ესწრება სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცესს – ეგზავნება ამ წესის 26-ე მუხლის შესაბამისად, ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. 4. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის თაობაზე, ასევე ჩამოაყალიბონ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები. მუხლი 24🔗. ინსპექტირების ვადა ინსპექტირების ვადები განისაზღვრება ინსპექტირების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ვადის ცვლილება დასაშვებია სააგენტოს დირექტორის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით. მუხლი 25🔗. ვადების გამოთვლის წესი საქმის წარმოებაში 1. ამ წესით დადგენილი ვადა აითვლება ინსპექტირების დაწყების დღიდან. 2. თუ ინსპექტირების ობიექტი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება მხარისთვის შესაბამისი მოქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების/დოკუმენტის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 3. ამ წესის მიზნებისთვის, დოკუმენტების სამუშაო დროს სააგენტოში წარმოდგენის შემთხვევაში, მათი წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება სააგენტოში წარმოდგენის დღე, ხოლო არასამუშაო დროს/უქმე/დასვენების დღეს წარმოდგენის შემთხვევაში – მომდევო პირველი სამუშაო დღე. თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან. 4. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 5. კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, განსაზღვრული ვადა მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე – ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას. 6. თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე/დასვენების დღეს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. მუხლი 26🔗. მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება და ჩაბარება 1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები.  2. ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ინსპექტირების ობიექტებსა და  მესამე პირს ჰბარდებათ ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების ისეთი განსხვავებული წესით, რაც ჩაბარების დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში. 3. უფლებამოსილი პირი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების ჩაბარების რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი. 4. თუ პირველად გაგზავნისას დოკუმენტების ინსპექტირების ობიექტის ან/და მესამე პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სხვა საშუალების გამოყენებით. თავი VI  ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ამ წესით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრების ვადა მუხლი 27🔗. ინსპექტირების დასრულება 1. ინსპექტირება სრულდება, თუ  მოპოვებულია საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების მიზანი. ინსპექტირების დასრულების დროდ მიიჩნევა სააგენტოს დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე. 2. ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და ინსპექტირების ანგარიშის  საფუძველზე, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ინსპექტირების დასრულების შესახებ სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირისთვის წარდგენას. მუხლი 28🔗. ინსპექტირების დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ინსპექტირების შედეგად სააგენტოს დირექტორი წერილობით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ინსპექტირების ობიექტისთვის ქმედების განხორციელების რეკომენდაციის მიცემის თაობაზე; ბ) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ვერგამოვლენის თაობაზე; დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე. მუხლი 29🔗. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ძალა და მისი აღსრულება 1. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. 2. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების, მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 30🔗.  სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებისა და ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადები საქმის წარმოების შედეგად მიღებული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან  1 თვის ვადაში. სააგენტოს დირექტორის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.