პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მოქმედი ტრანსპორტი
მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/154
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016003 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ პროფესიული განათლების შესახებ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №1-1/154
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი
პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მატარებლის მემანქანის პროფესიული განათლების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების პროცესს.
2. სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების პროცესი დაფუძნებულია დამოუკიდებლობის, შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე, ამ წესით განსაზღვრული პირობებისა და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების მეშვეობით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;
ბ) მემანქანის მართვის მოწმობა (შემდგომ – მართვის მოწმობა) − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს;
გ) სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე;
დ) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს ამ წესის საფუძველზე მიიღოს სასწავლო ცენტრის სტატუსი, ამ სტატუსის შეჩერება ან/და გაუქმება;
ე) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
ვ) პროფესიული განათლება – განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც/რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომელიც/რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ;
ზ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი − იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები;
თ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა − სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების, შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით. თუ ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ხორციელდება, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის/დიპლომების გაცემით;
ი) დიპლომი − უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) ავტორიზაცია – კოლეჯის სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ლ) ავტორიზაციის საბჭო – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე;
მ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი – საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს;
ნ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი − დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები, შესაბამისი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომლებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების და ამ პროგრამის/პროგრამების განხორციელების წინაპირობები, დასაქმების სფეროები და საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები
მუხლი 3🔗. სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება
1. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
2. სააგენტო უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებას აქვს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მინიჭებული ავტორიზაცია და ახორციელებს მემანქანეთა მოსამზადებელ პროფესიული სწავლების შესაბამის საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
3. იმ პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა მოსამზადებელ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას და სურვილი აქვს, მის მიერ გაცემული დიპლომის ფლობის საფუძველზე, პირი დაშვებულ იქნას სააგენტოს მიერ ჩატარებულ მემანქანეთა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, სააგენტოს უნდა მიმართოს სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების განცხადებით ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება;
ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (მოდულები, სასწავლო გეგმები);
დ) პროფესიული განათლების შესაფასებლად გამოცდის ჩატარების პროცედურა, ტიპი და მიზანი;
ე) შეფასების ჩატარების პროცედურა, ტიპი და მიზანი;
ვ) კურსდამთავრებულთა პროფესიული სტანდარტის აღწერა;
ზ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში;
თ) სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და განმცხადებელს განუსაზღვრავს 14 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განმცხადებელს დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით 7 სამუშაო დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
5. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის საფუძველზე, სააგენტო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ანიჭებს სასწავლო ცენტრის სტატუსს 6 წლის ვადით.
მუხლი 4🔗. სასწავლო ცენტრის პასუხისმგებლობა
1. სასწავლო ცენტრი ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს საკუთარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოდულები, რომლებიც პერიოდულად უნდა განაახლოს მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
2. სასწავლო ცენტრი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მემანქანეთა სწავლების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ყოველკვირეული სასწავლო ცხრილის შესახებ.
მუხლი 5🔗. მონიტორინგი
1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების პროცესის და სასწავლო ცენტრის მონიტორინგი.
2. სააგენტო უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესის პერიოდულ მონიტორინგს, ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სააგენტოს ნორმატიული აქტით დამტკიცებული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებთან და პირობებთან და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესებთან და პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. დაწესებულებების მონიტორინგს სააგენტო ახორციელებს წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
3. სასწავლო ცენტრის მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია, უშუალოდ შეამოწმოს სასწავლო და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა, დაწესებულებების შენობები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა, ასევე შეაფასოს დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები, ამ წესთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 6🔗. სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერება/გაუქმება
1. სააგენტო, უფლებამოსილია შეაჩეროს სასწავლო ცენტრის სტატუსი:
ა) მონიტორინგის პროცესში ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ წესთან ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დადგენილ წესთან სასწავლო პროცესის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში;
გ) საჭირო ადამიანურ ან/და აკადემიურ რესურსთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში;
დ) სასწავლო მატერიალურ ან/და საინფორმაციო რესურსებთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში;
ე) სასწავლო ცენტრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო სასწავლო ცენტრს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით.
3. სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმების საფუძველია:
ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერების მიზეზების გამოუსწორებლობა;
ბ) სასწავლო ცენტრის სტატუსის აღდგენიდან 12 თვის განმავლობაში, თუ კვლავ დადგინდა იგივე მიზეზი, რაც გახდა სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერების საფუძველი;
გ) თუ სასწავლო ცენტრს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, 6 თვეზე მეტი ვადით აქვს სტატუსი შეჩერებული;
დ) სასწავლო ცენტრის მოთხოვნა სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმების თაობაზე;
ე) სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია;
ვ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სასწავლო ცენტრის ავტორიზაციის ან/და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების გაუქმება;
ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობა.
4. სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმების შესახებ სააგენტო აცნობებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მუხლი 7🔗. სასწავლო ცენტრის სტატუსის განახლება
სააგენტო სასწავლო ცენტრის შეჩერებულ სტატუსს განაახლებს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სტატუსის შეჩერების მიზეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის მეშვეობით;
ბ) სასწავლო ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, თუ შეჩერება გამოწვეული იყო სასწავლო ცენტრის მოთხოვნით.
თავი III
სააგენტოს პასუხისმგებლობა
მუხლი 8🔗. სააგენტოს მოვალეობები
1. სააგენტო უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრების რეესტრის წარმოებას ელექტრონული საინფორმაციო ბაზის (eTDS) მეშვეობით.
2. სააგენტო ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს სასწავლო ცენტრის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასწავლო ცენტრის დასახელება და მისამართი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
გ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) სასწავლო ცენტრის სტატუსის მოქმედების ვადა;
ე) საკონტაქტო ინფორმაცია.
3. ელექტრონული საინფორმაციო ბაზის განახლების მიზნით, სასწავლო ცენტრმა უნდა აცნობოს სააგენტოს, ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შემავალ მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
დანართი
სასწავლო ცენტრის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენი განცხადების ფორმა
1. განცხადების ტიპი
1.1. სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება; ☐
1.2 სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერება; ☐
1.3. სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმება; ☐
2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
2.1. იურიდიული პირის სახელწოდება;
2.2. საიდენტიფიკაციო კოდი;
2.3. სრული საფოსტო მისამართი;
2.4. ტელეფონის ნომერი;
2.5. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
2.6. ვებგვერდი;
2.7. სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
3. ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ:
3.1. სახელი, გვარი;
3.2. პოზიცია/თანამდებობა;
3.3. სრული საფოსტო მისამართი;
3.4. ტელეფონის ნომერი;
3.5. ელექტრონული ფოსტის მისამართი.
4. განცხადების შედგენის ადგილი და თარიღი:
5. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:
6. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები:
6.1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება;
6.2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა;
6.3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (მოდულები, სასწავლო გეგმები);
6.4. პროფესიული განათლების შესაფასებლად გამოცდის ჩატარების პროცედურა, ტიპი და მიზანი;
6.5. შეფასების ჩატარების პროცედურა, ტიპი და მიზანი;
6.6. კურსდამთავრებულთა პროფესიული სტანდარტის აღწერა;
6.7. პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში;
6.8. სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.