საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016495 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/12/2024
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ წყალტუბო მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პრინციპების შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის №01-13/ნ ბრძანების საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით.
მუხლი 3🔗
პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;
გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;
დ) მომსახურების მიმღებ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ;
ე) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;
ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
ზ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმების დამტკიცება;
თ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
ი) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის მომხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით;
2. პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;
გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას;
დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);
ე) მომსახურების მიმღები - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი;
ვ) ვაუჩერი – მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად;
ზ) მომსახურების მიღების მსურველთა სია - სია, რომელშიც შეიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა;
თ) მომსახურების მაძიებელი - პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ.
ი) მოსარგებლე - პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი;
კ) სამინისტრო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მუხლი 4🔗. პროგრამის აღწერა და ინფორმაციის გავრცელება
1. პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები, ინფორმაციას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ების შესახებ და სხვა) გავრცელებას უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი;
დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
მუხლი 5🔗. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები
1. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი), რომელიც აკმაყოფილებს ა) პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას;
დ) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ა) პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას;
ე) დევნილი, რომელიც დროებით რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
3.პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავ კრიტერიუმს წარმოადგენს ანალოგიური/მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა;
4. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:
ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;
ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;
დ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია;
მუხლი 6🔗. კომისიის ფორმირება და მუშაობის წესი
1. პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და პროგრამით დადგენილ კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
2. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებული კომისიის დებულებით.
3. კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს მომსახურების მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პირისთვის პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამაში ჩართვის ან უარის თქმის შესახებ.
მუხლი 7🔗. პროგრამაში ჩასართავ ბენეფიციართა რაოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1.აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 10 ბენეფიციარისთვის.
2.მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ პერსონალური ასისტენტის საჭიროების (რეგულარული/სპეციალიზებული) შეფასების ფორმა/დასკვნა;
ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შემთხვევაში ვეტერანის მოწმობა;
ზ) მარტოხელა პენსიონერის შემთხვევაში მერის წარმომადგენლის ცნობა;
თ) მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილებიდან. ცნობა არ მოეთხოვება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას.
3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამაში ჩართვის ან უარის თქმის შესახებ.
4. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗. პროგრამაში ჩართვის ორგანიზება და გადაწყვეტილების მიღება
1. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და დოკუმენტები სრულყოფილად არის წარმოდგენილი, მომსახურების მაძიებელს ეცნობება დადებითი გადაწყვეტილება და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.
2. დადებითი გადაწყვეტილების შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მაძიებელმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის, ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით.
3. მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიღების მსურველი პირის საჭიროებების შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
ა) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ.: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით.
ბ) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.
4. პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას.
5. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამაში ჩართვის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა (ბრძანება) და პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების წარმოდგენის საფუძველზე, გაიცემა მატერიალიზებული ვაუჩერი;
6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს.
მუხლი 9🔗. მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა;
გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას;
2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მომსახურების ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გამოუყენებლობა;
გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;
დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
ე) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ვ) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში;
ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
თ) მოსარგებლის გარდაცვალება.
მუხლი 10🔗. პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება, რომელიც ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს (ტრანსპორტირება).
3. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება:
ა) რეგულარული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 60 საათი;
ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 120 საათი.
4. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის - საათში 13 ლარი.
5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
6. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 11🔗. მომსახურების მონიტორინგი
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია:
ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას;
გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს;
დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.
მუხლი 12🔗. პროგრამის მოქმედების ვადა
პროგრამის მოქმედება იწყება 2025 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.