აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №465
სარეგისტრაციო კოდი 460070000.10.003.024860 8
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №465
2024 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების
წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების ძირითად პრინციპებს, შესაბამისი სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები
აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპებია:
ა) მდგრადობისა და გარემოს დაცვა;
ბ) ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა;
გ) ხარისხისა და ავთენტიკურობის უზრუნველყოფა;
დ) აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების სახეობათა კონსერვაცია და ჰაბიტატის დაცვა;
ე) უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვა;
ვ) მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
ზ) ინოვაცია და უწყვეტი გაუმჯობესება.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ დადგენილების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაცია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
ბ) დაინტერესებული პირი − აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მიღების მსურველი ფიზიკური პირი;
გ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი − სივრცე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება;
დ) რეესტრი − აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მქონე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრი;
ე) სტატუსის მქონე პირი − მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც ამ დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვს აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი;
ვ) ფერმერთა რეესტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო;
ზ) შემოსავლების სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.
2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 4🔗. აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მოპოვება
1. აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი განცხადებით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს ადმინისტრაციას.
2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების განსახილველად დაინტერესებულ პირს, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის/ ინფორმაციის წარდგენა ან/და მომხმარებელთა მომსახურების ობიექტის ადგილზე დათვალიერება.
3. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმების შემოწმების მიზნით, დათვალიერება განახორციელოს თავად ან მესამე პირის მეშვეობით. მომხმარებელთა მომსახურების ობიექტის ადგილზე დათვალიერებისას დგება დათვალიერების ოქმი, რომელიც მოიცავს ობიექტის ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ანგარიშს.
4. განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ადმინისტრაცია განიხილავს განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირისთვის აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და თუ მომხმარებელთა მომსახურების ობიექტის დათვალიერებისას არ დგინდება ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვისთვის, ამ წესით დადგენილი ვადის დინება ჩერდება.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ არ აღმოიფხვრა ან ნაწილობრივ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი, ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
7. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ან/და დათვალიერებით არ დასტურდება დაინტერესებული პირის საქმიანობის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
8. გადაწყვეტილება აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭების ან გაუქმების თაობაზე მიიღება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით.
9. პირისათვის აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის სტატუსი მინიჭებულად ითვლება სტატუსის მინიჭების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
10. ნებისმიერი ინფორმაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო მოთხოვნები
აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლების შესაბამისად, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
ბ) საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ფერმერულ მეურნეობას;
გ) რეგისტრირებულია ფერმერთა რეესტრში;
დ) შეესაბამება ამ დადგენილების და დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა
1. დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მცირე ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატი;
ბ) ფერმერული მეურნეობის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა − ფერმათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
2. დაინტერესებული პირის განცხადება უნდა შეიცავდეს მოკლე აღწერას, რომ მას გააჩნია მომხმარებელთა მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი შეთავაზება და ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღწერას უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისობა.
მუხლი 7🔗. ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო მოთხოვნები
1. ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლების შესაბამისად, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
ბ) არის მესაკუთრე ან მოსარგებლე უძრავი ქონების (ვენახის), სადაც ის აწარმოებს (მათ შორის, წურავს) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტის მდებარეობიდან გამომდინარე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს;
გ) შეესაბამება ამ დადგენილების და დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი ავტომატურად ენიჭება იმ პირს, რომელსაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლების შესაბამისად, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ჩართულია ადმინისტრაციის პროექტში − „ღვინის გზაში“ და აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
მუხლი 8🔗. ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მისაღებად მინიჭების სავალდებულო წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მცირე ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატი;
ბ) ღვინის ტურიზმთან დაკავშირებული საკუთრების ან სარგებლობის (მარანი ან ღვინის საწარმო, სადეგუსტაციო სივრცე, ვენახი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დაინტერესებული პირის განცხადება უნდა შეიცავდეს მოკლე აღწერას, რომ მას გააჩნია მომხმარებელთა მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი შეთავაზება და ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღწერას უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისობა.
მუხლი 9🔗. აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის გაუქმება
1. აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის გაუქმების საფუძვლებია:
ა) სტატუსის გაუქმების შესახებ სტატუსის მქონე პირის მოთხოვნა;
ბ) სტატუსის მქონე პირის გარდაცვალება;
გ) სტატუსის მქონე პირის სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, რის თაობაზეც, სტატუსის მქონე პირი დაუყოვნებლივ აცნობებს ადმინისტრაციას;
ე) ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
2. სტატუსის მქონე პირისათვის აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება სტატუსის გაუქმების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
3. სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია უგზავნის შესაბამის პირს.
მუხლი 10🔗. აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის შეჩერება
1. აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის შეჩერება ადმინისტრაციის მიერ შეიძლება, განხორციელდეს, თუ სტატუსის მქონე პირი არ ახორციელებს ტურისტების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეჩერების წესი დგინდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური აქტით.
2. სტატუსის შეჩერება შესაძლებელია ასევე აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მქონე პირის განცხადების საფუძველზე.
3. პირს, რომელსაც ამ მუხლის საფუძველზე შეუჩერდა აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი, უფლება აქვს, სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს ადმინისტრაციას და, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.
მუხლი 11🔗. აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მოქმედების ვადა
1. აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი მოქმედებს უვადოდ.
2. პირს, რომელსაც გაუუქმდა აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი, უფლება აქვს, სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს ადმინისტრაციას და კვლავ მიიღოს სტატუსი, ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
მუხლი 12🔗. რეესტრის წარმოება
1. ადმინისტრაცია ვალდებულია, აწარმოოს რეესტრი და უზრუნველყოს მისი მუდმივი განახლება და საჯარო ხელმისაწვდომობა.
2. ადმინისტრაცია რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
3. რეესტრი უნდა მოიცავდეს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მქონე პირთა მაიდენტიფიცირებელ და საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას მომხმარებელთა მომსახურების ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ.
4. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები ეცნობება შემოსავლების სამსახურს და ქვეყნდება ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დანართი №1
მუხლი 1🔗. აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო კრიტერიუმები:
ა) დაინტერესებული პირი ფერმერული მეურნეობის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით ახორციელებს ჩამოთვლილი ტურისტული მომსახურებიდან ერთ-ერთს მაინც: განთავსება, კვებით მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა;
ბ) დაინტერესებულ პირს აქვს მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ეზო/კარ-მიდამო;
გ) დაინტერესებულ პირს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ცალკეული სანიტარიული კვანძი (გარდა საყოფაცხოვრებო სანიტარიული კვანძისა).
მუხლი 2🔗. ღვინის ტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო კრიტერიუმები:
ა) დაინტერესებულ პირს აქვს მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ეზო/კარ-მიდამო, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე, ჰიგიენური სანიტარიული კვანძები (სანიტარიული კვანძი არ უნდა იყოს განთავსებული მარნის სივრცეში ან მის სიახლოვეს და უნდა მდებარეობდეს მისგან მოშორებით. ასევე, მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ცალკეული სანიტარიული კვანძი, გარდა საყოფაცხოვრებო სანიტარიული კვანძისა);
ბ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი აღჭურვილია შესაბამისი ღვინის საწარმოო ჭურჭლეულით (ღვინო არ ინახება იმგვარი პლასტმასის ბიდონებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ღვინის შესანახად. ასევე, მარანში არ გამოიყენება პლასტმასის ჭურჭელი, მაგ., არ ხდება პლასტმასის დიდი ზომის ჭიქით ქვევრიდან ღვინის ამოღება და ა.შ.);
გ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტზე, მომხმარებლების გამასპინძლებისთვის უნდა იყოს ღვინისთვის შესაბამისი ჭურჭლეული (მაგ.: მინის ან თიხის დოქი, დეკანტერი, თიხის ან მინის სასმისები, ქვევრის შემთხვევაში ღვინის ამოსაღები ორშიმო, ხაპი, ორხელი ან სხვა);
დ) მომხმარებელს სთავაზობს ღვინოსთან დაკავშირებულ ერთზე მეტ მომსახურებას, მათ შორის, სულ მცირე:
დ.ა) ღვინის დეგუსტაციის მომსახურებას;
დ.ბ) ღვინისა და კერძის შეხამების მომსახურებას;
დ.გ) ადგილისთვის დამახასიათებელი კერძების მასტერკლასს;
დ.დ) რთველში მონაწილეობის შესაძლებლობას;
ე) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი სრული კალენდარული წლის განმავლობაში აწარმოებს დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ სრულწლოვან სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის გამასპინძლებისთვის საკმარის ღვინოს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
A x B x C = D
სადაც,
A = დეგუსტაციის ფარგლებში ერთი ადამიანის მიერ საშუალოდ მოხმარებული ღვინის რაოდენობა (ფორმულაში მუდმივად გამოიყენება 2.5 ლიტრი);
B = დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ ზრდასრულ სტუმართა მაქსიმალური რაოდენობა;
C = მასპინძლობის დღეების რაოდენობა;
D = დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის გამასპინძლებისთვის საკმარისი ღვინის რაოდენობა.
მაგალითი:
მაგალითი მოცემულია შემდეგ დაშვებებზე დაყრდნობით: B = 10, ხოლო C = 182.
2.5 ლ. x 10 x 182 = 4,550 ლ.
ვ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად, ყველა სეზონზე;
ზ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტის ინფრასტრუქტურა სრულად დასრულებულია და უკვე დაწყებულია სტუმრების მიღება;
თ) კვებითი მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, ობიექტს აქვს მენიუ.