საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№602
სარეგისტრაციო კოდი
460070000.10.003.025496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №602

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელი ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის (შემდგომში − სავალდებულო დაზღვევა) მინიმალურ სტანდარტსა და მოთხოვნებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში შემომსვლელ ტურისტზე.  

3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;

ბ) დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;

გ) საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;

დ) პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;

ე) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სადაზღვევო ორგანიზაცია − საქართველოს ან/და უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია, განახორციელოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა;

ბ) დაზღვეული – ტურისტი, რომლის მიმართაც ხორციელდება ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (შემდგომში − პოლისი) – ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა;

დ) სადაზღვევო თანხა – პოლისით განსაზღვრული თანხა (მაქსიმალური ლიმიტი), რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება;

ე) დაზღვევის პერიოდი – ტურისტის საქართველოში შემოსვლიდან საქართველოს დატოვებამდე პერიოდი, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

  მუხლი 3. ზოგადი პირობები

1. ტურისტი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას იქონიოს მინიმუმ ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისი, რომელიც გაცემულია საქართველოს ან უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ.

2. ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა, ამ დადგენილების შესაბამისად.

3. საქართველოში შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეამოწმოს ტურისტის მიერ პოლისის ფლობა.

მუხლი 4. სავალდებულო დაზღვევის პირობები

ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისის სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 30 000 ლარს.

მუხლი 5. დაზღვევის განხორციელება

პოლისი შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.