📋

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #1
პუბლიკაციის თარიღი 22.08.2025
მოქმედების პერიოდი 22.08.2025 — 14.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №495
კონსოლიდირებული ვერსიები (4)
31.12.2024
22.08.2025
14.11.2025
26.12.2025
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №495 2024 წლის 31 დეკემბერი  ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილება. მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შესავალი ნაწილი) მე-7 მუხლისა („პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები“), ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შესავალი ნაწილი) მე-7 მუხლი („პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები“) ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში − ზრუნვის სააგენტო) უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება (სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადების მიზნით). პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა შესავალი მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ ტექსტში – პროგრამა) მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შემდგომ ტექსტში – შშმ) პირთა, ხანდაზმულთა და შშმ ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებების (შემდგომ ტექსტში – მოსარგებლე) დაცვა და რეალიზება ხარისხიანი სოციალური მომსახურების (შემდგომ ტექსტში – მომსახურება) მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით. 2. პროგრამა მოიცავს შემდეგს: ა) „სოციალური რეაბილიტაციის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1); ბ) „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №2). მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები 1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პროგრამის მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. მუხლი 3🔗. პროგრამის ძირითადი ეთიკური პრინციპები 1. პროგრამით დადგენილ ღონისძიებათა აღსრულების პროცესი ეფუძნება შემდეგ ეთიკურ პრინციპებსა და ღირებულებებს პროგრამის მოსარგებლეთა უფლებების დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა და დაცვა, მათ შორის, თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა, მოსარგებლის პირადი ცხოვრების პატივისცემა და კონფიდენციალობის დაცვა; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვა; გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება; დ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მისი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა; ე) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება; ვ) მოსარგებლის ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა; ზ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და სხვებთან თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა. 2. მომსახურების მიწოდების პროცესში პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღსრულებისას, მომსახურების მიმწოდებელი ორიენტირებულია წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რაც ასევე მოიცავს: ა) მომსახურების მიწოდებას კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და სამართლიანად, ყოველგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკის გარეშე; ბ) ქვეპროგრამით/კომპონენტით და/ან შესაბამისი მომსახურების სტანდარტით განსაზღვრული საქმიანობების სათანადოდ განხორციელებას და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ხარისხიანად წარმოებას; გ) მოსარგებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ გარემოში სათანადო პირობების შექმნით, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემების და ინციდენტზე რეაგირებისა და შეტყობინების სისტემის გამართვის ჩათვლით; დ) მომსახურებაში დასაქმებული პირებისათვის სათანადო შრომის პირობების შექმნას, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების (შემთხვევის შეტყობინებისა და რეაგირების ჩათვლით) მექანიზმების განვითარებასა და მონიტორინგს და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას. მუხლი 4🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და თანხმობა 1. პროგრამის მიზნების განხორციელებისათვის, მოსარგებლეს/კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი პასუხისმგებელი მხარის მიერ მიეწოდება სრული ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებათა შესახებ, რის საფუძველზეც იგი იღებს გადაწყვეტილებას და გასცემს თანხმობას პროგრამაში ჩართვის და მისი მონაცემების კანონით განსაზღვრული წესით შეგროვებაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გამოყენებასა და მესამე მხარესთან გაზიარებაზე. 2. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი მიზნობრიობით გამოიყენოს პროგრამის ფარგლებში წარმოებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს, შეინახოს, გამოიყენოს მომსახურების მაძიებლის და მოსარგებლის (მათ შორის, მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის) პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5🔗. მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის პროცედურა 1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) ინდივიდუალური ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში), მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად (შემდგომ – მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს – სამინისტროს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია; ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის განაცხადს, ახორციელებს მომსახურების ფიზიკური გარემოს შესაბამისობის შემოწმებას მომსახურების სტანდარტთან. წარდგენილი განაცხადისა და სტანდარტთან შესაბამისობის ანგარიშის საფუძველზე კომისიური წესით იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის წესით დადგენილ ვადებში. 2. მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის (კომპონენტის) მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის მითითებით) ერთი თვით ადრე და გააგრძელოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმებამდე. ასევე, უზრუნველყოს მოსარგებლეთა გაფრთხილება მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში. 4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. 5. რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან. 6. მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 7. რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს წერილობით აცნობოს მომსახურების (საქონლის) მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის, მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების ან/და მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილებების (მათ შორის, იურიდიული ან/და ფიზიკური მისამართის ცვლილების ან/და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული დაგეგმილი ნებისმიერი სახის ცვლილების) შესახებ არანაკლებ ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. წინამდებარე დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ წერილობითი განაცხადი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის გადაწყვეტილება ერთობლივად წარმოადგენენ შეთანხმებას ზრუნვის სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის, იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი. შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით). 9. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული რეგისტრაციის წესის შესაბამისად. მუხლი 6🔗. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება 1. მონიტორინგის და შეფასების წესი: ა) პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვისა და ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით: ა.ა) სამინისტრო ახორციელებს პროგრამის შეფასებას მე-7 მუხლის შესაბამისად; ა.ბ) ზრუნვის სააგენტო ახორციელებს მიმწოდებლის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე მიმდინარე მონიტორინგს (მათ შორის, სწრაფ მონიტორინგს) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით, სტანდარტით და წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით, რაც მოიცავს შემდეგს: ა.ბ.ა) გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგს (მათ შორის, სწრაფი მონიტორინგი და მოქმედ შიდა რეგულაციებთან შედარება) და პროგრამის მოსარგებლის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს; ა.ბ.ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ ინდივიდუალური პროგრამის და არსებობის შემთხვევაში, პროგრამის სტანდარტის შესრულების შესაბამისობის დადგენას; ა.ბ.გ) მონიტორინგის (მათ შორის, სწრაფი მონიტორინგის) განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მონიტორინგის აქტის შედგენას სამინისტროს და/ან ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა). მონიტორინგის აქტი (მათ შორის, სწრაფი მონიტორინგის აქტი) წარმოადგენს განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ეგზავნება მიმწოდებელ ორგანიზაციას. 2. იმ ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების მიმდინარე მონიტორინგს განახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში. 3. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქვეპროგრამის/კომპონენტის დარგობრივ ზედამხედველობას (მათ შორის, შეფასებას და მონიტორინგის სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის მიწოდებას) საჭიროებისამებრ განახორციელებს სამინისტრო. 2. ჩატარების ვადები: ა) ზრუნვის სააგენტო ახორციელებს ქვეპროგრამის/კომპონენტის მონიტორინგს შერჩევითი შემოწმების გზით და საჭირო პერიოდულობით. დასრულებული მომსახურების შემთხვევაში, აქტივობის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს; ბ) სამინისტრო ახორციელებს ინდივიდუალური ქვეპროგრამის/კომპონენტის შეფასებას საჭირო პერიოდულობითა და შერჩევის საფუძველზე. 3. დოკუმენტაციის შესწავლა: ა) ქვეპროგრამის/კომპონენტის მონიტორინგისა და შეფასებისას ხორციელდება მომსახურებაში წარმოებული დოკუმენტაციის ხარისხის შემოწმება; ბ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები. განახორციელონ პროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება და საჭიროებისამებრ განახორციელონ მოსარგებლის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი. 4. მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების ეთიკური პრინციპები: ა) მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების პროცესი: ა.ა) ემსახურება მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესების პრინციპს; ა.ბ) არის მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული. ინტერესთან შეუთავსებლობის ფაქტი დეკლარირებულია პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ; ა.გ) ტარდება გამჭვირვალედ და თანამშრომლობის პრინციპის დაცვით; ა.დ) ეფუძნება ხარვეზების გამოვლენას, მაკორექტირებელი ზომების განსაზღვრასა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას; ა.ე) ითვალისწინებს მოსარგებლისა და მომსახურების სპეციფიკურ საკითხებზე მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას, კანონით დადგენილი წესით. 5. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები: ა) მიმწოდებელი ვალდებულია: ა.ა) პროგრამის განხორციელების დროს ითანამშრომლოს სამინისტროსთან და ზრუნვის სააგენტოსთან, მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე გარე შემოწმების ჩატარების დროს; ა.ბ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს (ადგილზე იქონიოს) კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია; ა.გ) გაეცნოს, გაანალიზოს მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტი (ანგარიში/დასკვნა), უზრუნველყოს ყველა საჭირო რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების აღსრულება; ა.დ) რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოს წერილობითი უკუკავშირი მონიტორინგის/შეფასების განმახორციელებელ სუბიექტთან; ა.ე) დაიცვას მოსარგებლის შესახებ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა და პატივი სცეს მოსარგებლის პირად ცხოვრებას; ა.ვ) ელექტრონულად აწარმოოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების ფორმა (იმ მომსახურებების შემთხვევაშიც, რომლებიც შერჩეულია შეფასებისათვის) და მიაწოდოს სამინისტროს განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმატით. 6. სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები: ა) სამინისტრო უფლებამოსილია: ა.ა) განახორციელოს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით; ა.ბ) ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ა.გ) ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია, ველზე მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ რეაგირებას და შემთხვევის შესწავლას. ბ) ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია: ბ.ა) მონიტორინგის დროს დაადგინოს დარღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსაზღვროს საჯარიმო სანქციები თანაზომიერების პრინციპის დაცვით, იმ ქვეპროგრამასთან მიმართებაში, სადაც უკვე დანერგილია აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო მონიტორინგის ინსტრუმენტი; ბ.ბ) ჩაატაროს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შემოწმება. შემოწმების შედეგების საფუძველზე, შესაძლებელია მიზანშეწონილად განისაზღვროს ორგანიზაციაში განმეორებითი მონიტორინგის განხორციელება, გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ადგილზე არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით. გ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო ვალდებულნი არიან: გ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნონ ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები; გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ/მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მონიტორინგისა და შეფასების შედეგების შესახებ. დ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილნი არიან: დ.ა) საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცონ პროგრამების მონიტორინგისა და შეფასებისათვის საჭირო დამატებითი წესები, მეთოდოლოგია და პირობები; დ.ბ) კოორდინირებულად და საჭიროების შემთხვევაში ერთად ჩაატარონ მონიტორინგის ღონისძიებები; დ.გ) გაცვალონ მონიტორინგისა და შეფასების შედეგები და რეკომენდაციები ზეპირსიტყვიერად და წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების შესაბამისად; დ.დ) საჭიროებისამებრ, ჩაატარონ მონიტორინგის საკოორდინაციო შეხვედრები გატარებული ღონისძიებების შედეგების განხილვის მიზნით; დ.ე) საჭიროებისამებრ, დადგენილ ვადებში, გააკეთონ მომსახურების მიმწოდებლისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგი. მუხლი 7🔗. პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები ქვეპროგრამების/კომპონენტების პერიოდული შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული პერიოდულობითა და ინდივიდუალური ქვეპროგრამის/კომპონენტისათვის წინასწარ შემუშავებული შეფასების დიზაინის მიხედვით (რომლითაც ასევე განისაზღვრება ინდივიდუალური წლის ქვეპროგრამის/კომპონენტის საბაზისო მაჩვენებლები და გადამოწმების წყაროები), რომლებიც მოიცავს პროგრამის/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას შემდეგი ძირითადი რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების მიხედვით: ა) ქვეპროგრამის/კომპონენტის ეფექტურობა: გაზრდილია ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული მისაწვდომობა და მოცვა: ა.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა % მაჩვენებელი ასაკობრივ, სქესობრივ და გეოგრაფიულ ჭრილში; ა.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა გაზრდილი საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში; ა.გ) ინდიკატორი: მომლოდინეთა რიგში მყოფი მოსარგებლეების შემცირებული რაოდენობა წლის განმავლობაში; ა.დ) ინდიკატორი: წლის განმავლობაში ჩართულ ახალ მოსარგებლეთა რაოდენობა; ა.ე) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების გეოგრაფიული განაწილების % მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით; ა.ვ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებლების მიერ მომსახურების შეჩერების/დახურვის % მაჩვენებელი; ბ) ქვეპროგრამის/კომპონენტის ეფექტიანობა (მომსახურების ორგანიზაციული მართვა და პროცესები): მოსარგებლე იღებს სტანდარტით დადგენილ, ხარისხიან მომსახურებას: ბ.ა) ინდიკატორი: მიმწოდებელი ორგანიზაციების % მაჩვენებელი, რომელთა მიერ მომსახურების განხორციელების ხარისხი აკმაყოფილებს მომსახურების სტანდარტების 80% ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგის მონაცემების შესაბამისად, იმ სერვისებში სადაც არსებობს სტანდარტი ან დანერგილია მონიტორინგის ინსტრუმენტი; ბ.ბ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლის მომსახურების მიწოდების ფიზიკური გარემო შეესაბამება სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს; ბ.გ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ (წერილობით) მოსარგებლის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმირების პროცედურა და საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები; ბ.დ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებიც იცავენ მოსარგებლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობას; ბ.ე) ინდიკატორი: პროგრამაში მონაწილე გამოკითხული სპეციალისტების % მაჩვენებელი, რომლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმწოდებელი ორგანიზაციების პროფესიული მხარდაჭერით (ასეთი არსებობის შემთხვევაში). გ) ქვეპროგრამის/კომპონენტის შესაბამისობა: ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შინაარსი და დიზაინი შეესაბამება მოსარგებლეთა საჭიროებებს: გ.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა და მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დაადასტურეს მომსახურების აქტუალობა; გ.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურება პასუხობს მოსარგებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. დ) ქვეპროგრამის/კომპონენტის გავლენა მოსარგებლის  გამოსავლების მიხედვით: ქვეპროგრამაში/კომპონენტში მონაწილეობის შედეგად მოსარგებლეთა მდგომარეობა შეიცვალა. დ.ა) გავლენის ინდიკატორები მოსარგებლის გამოსავლების მიხედვით (ზოგადი): დ.ა.ა) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დატოვეს მომსახურება ინდივიდუალური შედეგით (მდგომარეობა გაუმჯობესდა, სტაბილურად შეინარჩუნა მდგომარეობა, მდგომარეობა გაუარესდა); დ.ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურების მიღების შედეგად; დ.ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა მდგომარეობა მომსახურების მიღების შედეგად შეიცვალა/არ შეიცვალა (გაუმჯობესდა, გაუარესდა, არ შეცვლილა/სტაბილურია); დ.ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩართულები არიან სხვა პროგრამაში, რაც ზეგავლენას ახდენს პროგრამის განხორციელებაზე და მოსარგებლის გამოსავლებზე; დ.ა.ე) მოსარგებლეთა ოჯახის წევრების % მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ (ასევე თვითდასაქმებული) და შემსუბუქდა მათი ყოფითი ცხოვრება. დ.ბ) გავლენის ინდიკატორები მოსარგებლის გამოსავლების მიხედვით (ინდივიდუალური მომსახურებებისთვის): დ.ბ.ა) ზრდასრულ პირთა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტისთვის: დ.ბ.ა.ა) მოსარგებლეთა ან/და კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას; დ.ბ.ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა სოციალური უნარები გაუმჯობესდა; დ.ბ.ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების (მათ შორის, საბაზისო თვითმოვლის, პრაქტიკული საყოფაცხოვრებო) მაჩვენებელი შეიცვალა % საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით; დ.ბ.ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევები გაუმჯობესდა; დ.ბ.ა.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც დარეგისტრირდნენ სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში; დ.ბ.ა.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება პროფესიული განვითარების მიზნით; დ.ბ.ა.ზ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც გაიარეს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების კონსულტანტთან კონსულტაცია; დ.ბ.ა.თ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ ღია შრომის ბაზარზე ან საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან თვითდასაქმდნენ და მოახდინეს სამუშაოს ფორმალიზება. დ.ბ.ბ) მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამებისთვის/კომპონენტებისთვის: დ.ბ.ბ.ა) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ფიზიკური ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურებაში ჩართვის შემდეგ; დ.ბ.ბ.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა თვითმოვლის, პრაქტიკული-საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარები გაუმჯობესდა; დ.ბ.ბ.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა პროფესიული/სახელობო უნარები გამოვლინდა/გაუმჯობესდა; დ.ბ.ბ.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთაც ფსიქო-ემოციური და ქცევის მდგომარეობა გაუმჯობესდა (შესაბამისი პროფესიული მხარდაჭერით); დ.ბ.ბ.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩაერთვნენ პროფესიული სწავლებისა და დასაქმების პროგრამაში/პროცესში. დ.ბ.გ) შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისთვის: დ.ბ.გ.ა) მოსარგებლეთა ან/და კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალური მომვლელის % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას; დ.ბ.გ.ბ) მოსარგებლის არაფორმალური მომვლელების % მაჩვენებელი, (ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, მეგობარი – ნებისმიერი პირი ვინც ზრუნავს მოსარგებლეზე), რომელთა ძირეული მოვლის უნარები გაუმჯობესდა მომსახურების მიწოდების შედეგად; დ.ბ.გ.გ) მოსარგებლეთა ჰოსპიტალიზაციის % მაჩვენებელი მოვლის ან/და საექთნო პროცედურების შედეგად (მოსარგებლის თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომსახურებაში ჩართვიდან 6 თვის შემდეგ ან ყოველ 6 თვეში); დ.ბ.გ.დ) მოსარგებლეთა თავიდან აცილებადი ინსტიტუციონალიზაციის შემთხვევების % მაჩვენებელი; დ.ბ.გ.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა/დასტაბილურდა შინმოვლის მომსახურების მიწოდების შედეგად; დ.ბ.გ.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა მოვლისა ან/და საექთნო პროცედურების შედეგად (მაგ. ნაწოლის პრევენცია ან/და არსებულის გაქრობა); დ.ბ.გ.ზ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც სხვა პროგრამებიდან ისარგებლეს მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მხარდაჭერით (მათ შორის, სოციალური მუშაკის მხარდაჭერით (ქალაქის მოდელი), რის შედეგადაც გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხი. დ.ბ.დ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის: დ.ბ.დ.ა) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას (ჩართულობის ინტენსივობა); დ.ბ.დ.ბ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომელთა პოზიტიური მშობლობისათვის საჭირო ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება გაუმჯობესდა (ბავშვსა და მშობელს შორის სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, ბავშვთან კომუნიკაციის უნარი, პოზიტიური დისციპლინის მეთოდების ცოდნა, თვითზრუნვა და სხვა, ასაკობრივი თავისებურებების და ავტონომიის გათვალისწინება); დ.ბ.დ.გ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახულ მიზნებს; დ.ბ.დ.დ) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა განვითარებაც გაუმჯობესდა პირველი და მომდევნო შეფასებების მიხედვით; დ.ბ.დ.ე) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა განვითარების მიზნების 70% მიღწეულია ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით; დ.ბ.დ.ვ) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა ტრანზიცია მოხდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დ.ბ. ე) ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამისთვის (დანართი 2.3): დ.ბ.ე.ა) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას; დ.ბ.ე.ბ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამით განსაზღვრული, მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული თერაპიების მიწოდებაში, რაც ხელს უწყობს მოსარგებლის მდგომარეობის შენარჩუნებას/გაუმჯობესებას; დ.ბ.ე.გ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომელთა პოზიტიური მშობლობაც გაუმჯობესდა; დ.ბ.ე.დ) მოსარგებლე ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთა ინდივიდუალური გამოსავლებიც გაუმჯობესდა პროგრამით განსაზღვრული თერაპიების მიღების შედეგად: ფიზიკური ფუნქციონირება, მობილობა და დამოუკიდებლობა, დამხმარე საშუალებების გამოყენება (ფიზიკური თერაპია); სოციალური, თვითმოვლის უნარები (ოკუპაციური თერაპია); მეტყველების/კომუნიკაციის უნარი (მეტყველების და ენის თერაპიები); მოსარგებლე ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთაც ჩამოუყალიბდათ პოზიტიური ქცევა და (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში) ჩაერთო სასწავლო/საგანმანათლებლო პროცესში (ფსიქოლოგიურ დახმარება). ე) ქვეპროგრამის/კომპონენტის გავლენა მოსარგებლის  უფლებების მიხედვით: მოსარგებლე და/ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/არაფორმალური მომვლელი ინფორმირებულია და ადასტურებს მისი ინდივიდუალური გეგმითა და საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიღებას რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე: ე.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას პროგრამით და სტანდარტით განსაზღვრული ინტერვენციების შესახებ; ე.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დაადასტურეს მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმით გაწერილი ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია; ე.გ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონირ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც მომსახურება მიეწოდება თანაბრად რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე (სქესი, ასაკი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა); ე.დ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონირ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია მათ შესახებ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის უფლების შესახებ. ვ) ქვეპროგრამის/კომპონენტის კმაყოფილების მიხედვით: მოსარგებლე ადასტურებს/არ ადასტურებს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ინტერვენციების მიღებით კმაყოფილებას: ვ.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის/არაფორმალური მომვლელის % წილი, რომელიც კმაყოფილია მომსახურებით სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (მათ შორის, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის პერსონალით, სამუშაო პროცესებით, უსაფრთხო გარემოთი და სხვა); ვ.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლეთა კანონიერი წარმომადგენლის/არაფორმალური მომვლელის % წილი, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურების მიღების შედეგად მათი საჭიროება დაკმაყოფილდა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა; ვ.გ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებსაც არ შეუცვლიათ მომსახურების მიმწოდებელი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). მუხლი 8🔗. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების საჯარიმო სანქციები 1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს ზრუნვის სააგენტოს მიერ დაეკისრება საჯარიმო სანქცია გამოვლენილი დარღვევის პროპორციულად. 2. ქვეპროგრამის და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით მონიტორინგის ინსტრუმენტი შემუშავდება ზრუნვის სააგენტოს მიერ სამინისტროსთან კოორდინაციით. 3. მონიტორინგის ინსტრუმენტის (რომელიც ამოქმედდება ზრუნვის სააგენტოს მიერ შესაბამისი ქვეპროგრამების/კომპონენტებისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს ამ პროგრამით დადგენილი შემდეგი საჯარიმო სანქციები: ა) 81% > შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში; ბ) 51% – დან 81%-მდე შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში. შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა გამოიწერება განმეორებითი მონიტორინგის თვის გადასარიცხი ჯამური თანხის დარღვევის პროპორციული ოდენობით; გ) 30% – დან 51% – მდე შესრულება – დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) ეძლევა გაფრთხილება მომსახურების რეგისტრაციის გაუქმების და სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციების ხარვეზების გამოსწორების შესახებ, ასევე, რეკომენდაციების შესრულების ვადა, ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში; დ) 30 % < შესრულება – საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და/ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) განიხილება მომსახურების რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. 4. მონიტორინგის ინსტრუმენტის არარსებობის შემთხვევაში, გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, დადგენილებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვევებში, სანქციის სახით მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებელია დაუკავდეს დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის სრული ოდენობა. 5. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრულ ვადაში. შემდგომი ვიზიტებისას ერთგვაროვანი ხარვეზების/ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, სანქციის სახით გამოიყენოს ბოლო შემოწმების თვის მდგომარეობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია. 6. მომსახურებაში ვიზიტების დროს მოსარგებლეთა დასწრების შესახებ ადგილზე არსებულ მდგომარეობასთან (ელექტრონულ პორტალსა და სპეციალურ ჟურნალში) შეუსაბამო აღრიცხვიანობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია დააჯარიმოს მომსახურების მიმწოდებელი: ა) ვიზიტების/დასწრების 20%-მდე რაოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს არასწორად აღრიცხულ თითოეულ ბენეფიციარზე დაუკავდება თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის 40%; ბ) ვიზიტების/დასწრების 20%-დან 40%-მდე რაოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს არასწორად აღრიცხულ თითოეულ ბენეფიციარზე დაუკავდება თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის 80%; გ) ვიზიტების/დასწრების 40%-ით და მეტი ოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენისას, ან/და იმ შემთხვევაში როდესაც ორგანიზაციის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით გამოყენებულია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიება, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას დაუკავოს დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ორგანიზაციისთვის თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის სრული ოდენობა. 7. გამოვლენილი ხარვეზების და განსაზღვრული სანქციების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ზრუნვის სააგენტოს და/ან სამინისტროს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია მიღებულ რეკომენდაციებთან და სანქციებთან დაკავშირებით. 8. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მომსახურების მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი მომსახურების (საქონლის) თანხის დაკავება/უკან დაბრუნება, რომლის ვადა აითვლება შესაბამისი საჯარიმო სანქციის დაკისრებაზე ან/და თანხის დაკავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (როგორც ქმედების) შესახებ მიმწოდებლისთვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტიდან. 9. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია საჯარიმო სანქციის სახით განსაზღვრული თანხა გამოაკლოს ვაუჩერით დასაფინანსებელი მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას. 10. პროგრამიდან გასვლა, ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან. 11. პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. 12. როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და გამოიწერება დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით. 13. მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან ან უფლებამოსილი პირის მიერ მსგავსი ქმედების განხორციელებიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე. მუხლი 9🔗. პროგრამის განმახორციელებელი, პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები 1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 95 000 000 ლარს. 2. პროგრამის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო თუ რომელიმე ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების/კომპონენტების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან სამინისტროს მიერ დამტკიცებული და ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული, ამასთან: ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში არის ფინანსური ანგარიშსწორების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი; ბ) პროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით; გ) იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ფინანსური ანგარიშგების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 4. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2024 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2024 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2025 წელს, თუ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) და ლიმიტების ზრდის საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე. 6. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელება დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ვაუჩერის ადმინისტრირება ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ. 7. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2025 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2024 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2024 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2024 წლის ამოწურვამდე. 8. პროგრამის განხორციელების პარალელურად, ზრუნვის სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ასევე მართავს ,,სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის პროგრამას“ (პროგრამული კოდი – 27 02 05), რომელიც მოიცავს: ა) ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნას, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მათ მოვლა-პატრონობას, კვებას, პირველად სამედიცინო მომსახურებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება/ორგანიზებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერას, მსხვერპლთა თავშესაფრის (დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით) ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას და ამ მომსახურების ფარგლებში ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარება/რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების მიღების და/ან ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, იურიდიულ მხარდაჭერას, ამასთანავე, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში, დამატებით მათი მოვლა-პატრონობას, კვებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას; გ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მხარდაჭერას ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველყოფას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის ფარგლებში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებას ზრუნვის სააგენტო ახორციელებს ფილიალებისა (ხანდაზმულთა პანსიონატები, შშმპ პანსიონატები და ბავშვთა სახლი) და სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) მეშვეობით, ცენტრალიზებულად, პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 05) გამოყოფილი ასიგნების – 8 630 000 ლარის ფარგლებში. მუხლი 10🔗. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში განსახორციელებელი კომპონენტ(ებ)ის დაფინანსების წესი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ქვეპროგრამის/კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს ამ დადგენილების შესაბამისი ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებზე გადასაცემად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. მუხლი 11🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა მისი ამოქმედებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №495 2024 წლის 31 დეკემბერი  ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილება. მუხლი 3 1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შესავალი ნაწილი) მე-7 მუხლისა („პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები“), ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შესავალი ნაწილი) მე-7 მუხლი („პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები“) ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში − ზრუნვის სააგენტო) უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება (სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადების მიზნით). პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა შესავალი მუხლი 1. პროგრამის მიზანი 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ ტექსტში – პროგრამა) მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შემდგომ ტექსტში – შშმ) პირთა, ხანდაზმულთა და შშმ ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებების (შემდგომ ტექსტში – მოსარგებლე) დაცვა და რეალიზება ხარისხიანი სოციალური მომსახურების (შემდგომ ტექსტში – მომსახურება) მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით. 2. პროგრამა მოიცავს შემდეგს: ა) „სოციალური რეაბილიტაციის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1); ბ) „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №2). მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები 1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პროგრამის მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. მუხლი 3. პროგრამის ძირითადი ეთიკური პრინციპები 1. პროგრამით დადგენილ ღონისძიებათა აღსრულების პროცესი ეფუძნება შემდეგ ეთიკურ პრინციპებსა და ღირებულებებს პროგრამის მოსარგებლეთა უფლებების დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა და დაცვა, მათ შორის, თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა, მოსარგებლის პირადი ცხოვრების პატივისცემა და კონფიდენციალობის დაცვა; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვა; გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება; დ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მისი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა; ე) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება; ვ) მოსარგებლის ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა; ზ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და სხვებთან თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა. 2. მომსახურების მიწოდების პროცესში პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღსრულებისას, მომსახურების მიმწოდებელი ორიენტირებულია წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რაც ასევე მოიცავს: ა) მომსახურების მიწოდებას კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და სამართლიანად, ყოველგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკის გარეშე; ბ) ქვეპროგრამით/კომპონენტით და/ან შესაბამისი მომსახურების სტანდარტით განსაზღვრული საქმიანობების სათანადოდ განხორციელებას და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ხარისხიანად წარმოებას; გ) მოსარგებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ გარემოში სათანადო პირობების შექმნით, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემების და ინციდენტზე რეაგირებისა და შეტყობინების სისტემის გამართვის ჩათვლით; დ) მომსახურებაში დასაქმებული პირებისათვის სათანადო შრომის პირობების შექმნას, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების (შემთხვევის შეტყობინებისა და რეაგირების ჩათვლით) მექანიზმების განვითარებასა და მონიტორინგს და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას. მუხლი 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და თანხმობა 1. პროგრამის მიზნების განხორციელებისათვის, მოსარგებლეს/კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი პასუხისმგებელი მხარის მიერ მიეწოდება სრული ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებათა შესახებ, რის საფუძველზეც იგი იღებს გადაწყვეტილებას და გასცემს თანხმობას პროგრამაში ჩართვის და მისი მონაცემების კანონით განსაზღვრული წესით შეგროვებაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გამოყენებასა და მესამე მხარესთან გაზიარებაზე. 2. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი მიზნობრიობით გამოიყენოს პროგრამის ფარგლებში წარმოებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს, შეინახოს, გამოიყენოს მომსახურების მაძიებლის და მოსარგებლის (მათ შორის, მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის) პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5. მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის პროცედურა 1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) ინდივიდუალური ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში), მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად (შემდგომ – მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს – სამინისტროს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია; ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის განაცხადს, ახორციელებს მომსახურების ფიზიკური გარემოს შესაბამისობის შემოწმებას მომსახურების სტანდარტთან. წარდგენილი განაცხადისა და სტანდარტთან შესაბამისობის ანგარიშის საფუძველზე კომისიური წესით იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის წესით დადგენილ ვადებში. 2. მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის (კომპონენტის) მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის მითითებით) ერთი თვით ადრე და გააგრძელოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმებამდე. ასევე, უზრუნველყოს მოსარგებლეთა გაფრთხილება მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში. 4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. 5. რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან. 6. მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 7. რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს წერილობით აცნობოს მომსახურების (საქონლის) მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის, მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების ან/და მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილებების (მათ შორის, იურიდიული ან/და ფიზიკური მისამართის ცვლილების ან/და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული დაგეგმილი ნებისმიერი სახის ცვლილების) შესახებ არანაკლებ ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. წინამდებარე დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ წერილობითი განაცხადი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის გადაწყვეტილება ერთობლივად წარმოადგენენ შეთანხმებას ზრუნვის სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის, იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი. შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით). 9. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული რეგისტრაციის წესის შესაბამისად. მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება 1. მონიტორინგის და შეფასების წესი: ა) პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვისა და ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით: ა.ა) სამინისტრო ახორციელებს პროგრამის შეფასებას მე-7 მუხლის შესაბამისად; ა.ბ) ზრუნვის სააგენტო ახორციელებს მიმწოდებლის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე მიმდინარე მონიტორინგს (მათ შორის, სწრაფ მონიტორინგს) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით, სტანდარტით და წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით, რაც მოიცავს შემდეგს: ა.ბ.ა) გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგს (მათ შორის, სწრაფი მონიტორინგი და მოქმედ შიდა რეგულაციებთან შედარება) და პროგრამის მოსარგებლის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს; ა.ბ.ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ ინდივიდუალური პროგრამის და არსებობის შემთხვევაში, პროგრამის სტანდარტის შესრულების შესაბამისობის დადგენას; ა.ბ.გ) მონიტორინგის (მათ შორის, სწრაფი მონიტორინგის) განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მონიტორინგის აქტის შედგენას სამინისტროს და/ან ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა). მონიტორინგის აქტი (მათ შორის, სწრაფი მონიტორინგის აქტი) წარმოადგენს განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ეგზავნება მიმწოდებელ ორგანიზაციას. 2. იმ ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების მიმდინარე მონიტორინგს განახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში. 3. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქვეპროგრამის/კომპონენტის დარგობრივ ზედამხედველობას (მათ შორის, შეფასებას და მონიტორინგის სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის მიწოდებას) საჭიროებისამებრ განახორციელებს სამინისტრო. 2. ჩატარების ვადები: ა) ზრუნვის სააგენტო ახორციელებს ქვეპროგრამის/კომპონენტის მონიტორინგს შერჩევითი შემოწმების გზით და საჭირო პერიოდულობით. დასრულებული მომსახურების შემთხვევაში, აქტივობის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს; ბ) სამინისტრო ახორციელებს ინდივიდუალური ქვეპროგრამის/კომპონენტის შეფასებას საჭირო პერიოდულობითა და შერჩევის საფუძველზე. 3. დოკუმენტაციის შესწავლა: ა) ქვეპროგრამის/კომპონენტის მონიტორინგისა და შეფასებისას ხორციელდება მომსახურებაში წარმოებული დოკუმენტაციის ხარისხის შემოწმება; ბ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები. განახორციელონ პროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება და საჭიროებისამებრ განახორციელონ მოსარგებლის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი. 4. მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების ეთიკური პრინციპები: ა) მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების პროცესი: ა.ა) ემსახურება მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესების პრინციპს; ა.ბ) არის მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული. ინტერესთან შეუთავსებლობის ფაქტი დეკლარირებულია პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ; ა.გ) ტარდება გამჭვირვალედ და თანამშრომლობის პრინციპის დაცვით; ა.დ) ეფუძნება ხარვეზების გამოვლენას, მაკორექტირებელი ზომების განსაზღვრასა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას; ა.ე) ითვალისწინებს მოსარგებლისა და მომსახურების სპეციფიკურ საკითხებზე მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას, კანონით დადგენილი წესით. 5. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები: ა) მიმწოდებელი ვალდებულია: ა.ა) პროგრამის განხორციელების დროს ითანამშრომლოს სამინისტროსთან და ზრუნვის სააგენტოსთან, მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე გარე შემოწმების ჩატარების დროს; ა.ბ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს (ადგილზე იქონიოს) კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია; ა.გ) გაეცნოს, გაანალიზოს მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტი (ანგარიში/დასკვნა), უზრუნველყოს ყველა საჭირო რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების აღსრულება; ა.დ) რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოს წერილობითი უკუკავშირი მონიტორინგის/შეფასების განმახორციელებელ სუბიექტთან; ა.ე) დაიცვას მოსარგებლის შესახებ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა და პატივი სცეს მოსარგებლის პირად ცხოვრებას; ა.ვ) ელექტრონულად აწარმოოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების ფორმა (იმ მომსახურებების შემთხვევაშიც, რომლებიც შერჩეულია შეფასებისათვის) და მიაწოდოს სამინისტროს განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმატით. 6. სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები: ა) სამინისტრო უფლებამოსილია: ა.ა) განახორციელოს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით; ა.ბ) ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ა.გ) ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია, ველზე მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ რეაგირებას და შემთხვევის შესწავლას. ბ) ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია: ბ.ა) მონიტორინგის დროს დაადგინოს დარღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსაზღვროს საჯარიმო სანქციები თანაზომიერების პრინციპის დაცვით, იმ ქვეპროგრამასთან მიმართებაში, სადაც უკვე დანერგილია აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო მონიტორინგის ინსტრუმენტი; ბ.ბ) ჩაატაროს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შემოწმება. შემოწმების შედეგების საფუძველზე, შესაძლებელია მიზანშეწონილად განისაზღვროს ორგანიზაციაში განმეორებითი მონიტორინგის განხორციელება, გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ადგილზე არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით. გ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო ვალდებულნი არიან: გ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნონ ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები; გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ/მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მონიტორინგისა და შეფასების შედეგების შესახებ. დ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილნი არიან: დ.ა) საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცონ პროგრამების მონიტორინგისა და შეფასებისათვის საჭირო დამატებითი წესები, მეთოდოლოგია და პირობები; დ.ბ) კოორდინირებულად და საჭიროების შემთხვევაში ერთად ჩაატარონ მონიტორინგის ღონისძიებები; დ.გ) გაცვალონ მონიტორინგისა და შეფასების შედეგები და რეკომენდაციები ზეპირსიტყვიერად და წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების შესაბამისად; დ.დ) საჭიროებისამებრ, ჩაატარონ მონიტორინგის საკოორდინაციო შეხვედრები გატარებული ღონისძიებების შედეგების განხილვის მიზნით; დ.ე) საჭიროებისამებრ, დადგენილ ვადებში, გააკეთონ მომსახურების მიმწოდებლისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგი. მუხლი 7. პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები ქვეპროგრამების/კომპონენტების პერიოდული შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული პერიოდულობითა და ინდივიდუალური ქვეპროგრამის/კომპონენტისათვის წინასწარ შემუშავებული შეფასების დიზაინის მიხედვით (რომლითაც ასევე განისაზღვრება ინდივიდუალური წლის ქვეპროგრამის/კომპონენტის საბაზისო მაჩვენებლები და გადამოწმების წყაროები), რომლებიც მოიცავს პროგრამის/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას შემდეგი ძირითადი რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების მიხედვით: ა) ქვეპროგრამის/კომპონენტის ეფექტურობა: გაზრდილია ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული მისაწვდომობა და მოცვა: ა.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა % მაჩვენებელი ასაკობრივ, სქესობრივ და გეოგრაფიულ ჭრილში; ა.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა გაზრდილი საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში; ა.გ) ინდიკატორი: მომლოდინეთა რიგში მყოფი მოსარგებლეების შემცირებული რაოდენობა წლის განმავლობაში; ა.დ) ინდიკატორი: წლის განმავლობაში ჩართულ ახალ მოსარგებლეთა რაოდენობა; ა.ე) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების გეოგრაფიული განაწილების % მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით; ა.ვ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებლების მიერ მომსახურების შეჩერების/დახურვის % მაჩვენებელი; ბ) ქვეპროგრამის/კომპონენტის ეფექტიანობა (მომსახურების ორგანიზაციული მართვა და პროცესები): მოსარგებლე იღებს სტანდარტით დადგენილ, ხარისხიან მომსახურებას: ბ.ა) ინდიკატორი: მიმწოდებელი ორგანიზაციების % მაჩვენებელი, რომელთა მიერ მომსახურების განხორციელების ხარისხი აკმაყოფილებს მომსახურების სტანდარტების 80% ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგის მონაცემების შესაბამისად, იმ სერვისებში სადაც არსებობს სტანდარტი ან დანერგილია მონიტორინგის ინსტრუმენტი; ბ.ბ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლის მომსახურების მიწოდების ფიზიკური გარემო შეესაბამება სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს; ბ.გ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ (წერილობით) მოსარგებლის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმირების პროცედურა და საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები; ბ.დ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებიც იცავენ მოსარგებლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობას; ბ.ე) ინდიკატორი: პროგრამაში მონაწილე გამოკითხული სპეციალისტების % მაჩვენებელი, რომლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმწოდებელი ორგანიზაციების პროფესიული მხარდაჭერით (ასეთი არსებობის შემთხვევაში). გ) ქვეპროგრამის/კომპონენტის შესაბამისობა: ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შინაარსი და დიზაინი შეესაბამება მოსარგებლეთა საჭიროებებს: გ.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა და მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დაადასტურეს მომსახურების აქტუალობა; გ.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურება პასუხობს მოსარგებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. დ) ქვეპროგრამის/კომპონენტის გავლენა მოსარგებლის  გამოსავლების მიხედვით: ქვეპროგრამაში/კომპონენტში მონაწილეობის შედეგად მოსარგებლეთა მდგომარეობა შეიცვალა. დ.ა) გავლენის ინდიკატორები მოსარგებლის გამოსავლების მიხედვით (ზოგადი): დ.ა.ა) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დატოვეს მომსახურება ინდივიდუალური შედეგით (მდგომარეობა გაუმჯობესდა, სტაბილურად შეინარჩუნა მდგომარეობა, მდგომარეობა გაუარესდა); დ.ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურების მიღების შედეგად; დ.ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა მდგომარეობა მომსახურების მიღების შედეგად შეიცვალა/არ შეიცვალა (გაუმჯობესდა, გაუარესდა, არ შეცვლილა/სტაბილურია); დ.ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩართულები არიან სხვა პროგრამაში, რაც ზეგავლენას ახდენს პროგრამის განხორციელებაზე და მოსარგებლის გამოსავლებზე; დ.ა.ე) მოსარგებლეთა ოჯახის წევრების % მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ (ასევე თვითდასაქმებული) და შემსუბუქდა მათი ყოფითი ცხოვრება. დ.ბ) გავლენის ინდიკატორები მოსარგებლის გამოსავლების მიხედვით (ინდივიდუალური მომსახურებებისთვის): დ.ბ.ა) ზრდასრულ პირთა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტისთვის: დ.ბ.ა.ა) მოსარგებლეთა ან/და კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას; დ.ბ.ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა სოციალური უნარები გაუმჯობესდა; დ.ბ.ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების (მათ შორის, საბაზისო თვითმოვლის, პრაქტიკული საყოფაცხოვრებო) მაჩვენებელი შეიცვალა % საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით; დ.ბ.ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევები გაუმჯობესდა; დ.ბ.ა.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც დარეგისტრირდნენ სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში; დ.ბ.ა.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება პროფესიული განვითარების მიზნით; დ.ბ.ა.ზ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც გაიარეს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების კონსულტანტთან კონსულტაცია; დ.ბ.ა.თ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ ღია შრომის ბაზარზე ან საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან თვითდასაქმდნენ და მოახდინეს სამუშაოს ფორმალიზება. დ.ბ.ბ) მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამებისთვის/კომპონენტებისთვის: დ.ბ.ბ.ა) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ფიზიკური ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურებაში ჩართვის შემდეგ; დ.ბ.ბ.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა თვითმოვლის, პრაქტიკული-საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარები გაუმჯობესდა; დ.ბ.ბ.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა პროფესიული/სახელობო უნარები გამოვლინდა/გაუმჯობესდა; დ.ბ.ბ.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთაც ფსიქო-ემოციური და ქცევის მდგომარეობა გაუმჯობესდა (შესაბამისი პროფესიული მხარდაჭერით); დ.ბ.ბ.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩაერთვნენ პროფესიული სწავლებისა და დასაქმების პროგრამაში/პროცესში. დ.ბ.გ) შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისთვის: დ.ბ.გ.ა) მოსარგებლეთა ან/და კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალური მომვლელის % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას; დ.ბ.გ.ბ) მოსარგებლის არაფორმალური მომვლელების % მაჩვენებელი, (ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, მეგობარი – ნებისმიერი პირი ვინც ზრუნავს მოსარგებლეზე), რომელთა ძირეული მოვლის უნარები გაუმჯობესდა მომსახურების მიწოდების შედეგად; დ.ბ.გ.გ) მოსარგებლეთა ჰოსპიტალიზაციის % მაჩვენებელი მოვლის ან/და საექთნო პროცედურების შედეგად (მოსარგებლის თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომსახურებაში ჩართვიდან 6 თვის შემდეგ ან ყოველ 6 თვეში); დ.ბ.გ.დ) მოსარგებლეთა თავიდან აცილებადი ინსტიტუციონალიზაციის შემთხვევების % მაჩვენებელი; დ.ბ.გ.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა/დასტაბილურდა შინმოვლის მომსახურების მიწოდების შედეგად; დ.ბ.გ.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა მოვლისა ან/და საექთნო პროცედურების შედეგად (მაგ. ნაწოლის პრევენცია ან/და არსებულის გაქრობა); დ.ბ.გ.ზ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც სხვა პროგრამებიდან ისარგებლეს მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მხარდაჭერით (მათ შორის, სოციალური მუშაკის მხარდაჭერით (ქალაქის მოდელი), რის შედეგადაც გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხი. დ.ბ.დ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის: დ.ბ.დ.ა) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას (ჩართულობის ინტენსივობა); დ.ბ.დ.ბ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომელთა პოზიტიური მშობლობისათვის საჭირო ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება გაუმჯობესდა (ბავშვსა და მშობელს შორის სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, ბავშვთან კომუნიკაციის უნარი, პოზიტიური დისციპლინის მეთოდების ცოდნა, თვითზრუნვა და სხვა, ასაკობრივი თავისებურებების და ავტონომიის გათვალისწინება); დ.ბ.დ.გ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახულ მიზნებს; დ.ბ.დ.დ) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა განვითარებაც გაუმჯობესდა პირველი და მომდევნო შეფასებების მიხედვით; დ.ბ.დ.ე) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა განვითარების მიზნების 70% მიღწეულია ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით; დ.ბ.დ.ვ) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა ტრანზიცია მოხდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დ.ბ. ე) ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამისთვის (დანართი 2.3): დ.ბ.ე.ა) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას; დ.ბ.ე.ბ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამით განსაზღვრული, მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული თერაპიების მიწოდებაში, რაც ხელს უწყობს მოსარგებლის მდგომარეობის შენარჩუნებას/გაუმჯობესებას; დ.ბ.ე.გ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომელთა პოზიტიური მშობლობაც გაუმჯობესდა; დ.ბ.ე.დ) მოსარგებლე ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთა ინდივიდუალური გამოსავლებიც გაუმჯობესდა პროგრამით განსაზღვრული თერაპიების მიღების შედეგად: ფიზიკური ფუნქციონირება, მობილობა და დამოუკიდებლობა, დამხმარე საშუალებების გამოყენება (ფიზიკური თერაპია); სოციალური, თვითმოვლის უნარები (ოკუპაციური თერაპია); მეტყველების/კომუნიკაციის უნარი (მეტყველების და ენის თერაპიები); მოსარგებლე ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთაც ჩამოუყალიბდათ პოზიტიური ქცევა და (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში) ჩაერთო სასწავლო/საგანმანათლებლო პროცესში (ფსიქოლოგიურ დახმარება). ე) ქვეპროგრამის/კომპონენტის გავლენა მოსარგებლის  უფლებების მიხედვით: მოსარგებლე და/ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/არაფორმალური მომვლელი ინფორმირებულია და ადასტურებს მისი ინდივიდუალური გეგმითა და საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიღებას რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე: ე.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას პროგრამით და სტანდარტით განსაზღვრული ინტერვენციების შესახებ; ე.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დაადასტურეს მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმით გაწერილი ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია; ე.გ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონირ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც მომსახურება მიეწოდება თანაბრად რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე (სქესი, ასაკი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა); ე.დ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონირ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია მათ შესახებ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის უფლების შესახებ. ვ) ქვეპროგრამის/კომპონენტის კმაყოფილების მიხედვით: მოსარგებლე ადასტურებს/არ ადასტურებს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ინტერვენციების მიღებით კმაყოფილებას: ვ.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის/არაფორმალური მომვლელის % წილი, რომელიც კმაყოფილია მომსახურებით სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (მათ შორის, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის პერსონალით, სამუშაო პროცესებით, უსაფრთხო გარემოთი და სხვა); ვ.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლეთა კანონიერი წარმომადგენლის/არაფორმალური მომვლელის % წილი, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურების მიღების შედეგად მათი საჭიროება დაკმაყოფილდა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა; ვ.გ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებსაც არ შეუცვლიათ მომსახურების მიმწოდებელი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). მუხლი 8. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების საჯარიმო სანქციები 1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს ზრუნვის სააგენტოს მიერ დაეკისრება საჯარიმო სანქცია გამოვლენილი დარღვევის პროპორციულად. 2. ქვეპროგრამის და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით მონიტორინგის ინსტრუმენტი შემუშავდება ზრუნვის სააგენტოს მიერ სამინისტროსთან კოორდინაციით. 3. მონიტორინგის ინსტრუმენტის (რომელიც ამოქმედდება ზრუნვის სააგენტოს მიერ შესაბამისი ქვეპროგრამების/კომპონენტებისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს ამ პროგრამით დადგენილი შემდეგი საჯარიმო სანქციები: ა) 81% > შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში; ბ) 51% – დან 81%-მდე შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში. შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა გამოიწერება განმეორებითი მონიტორინგის თვის გადასარიცხი ჯამური თანხის დარღვევის პროპორციული ოდენობით; გ) 30% – დან 51% – მდე შესრულება – დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) ეძლევა გაფრთხილება მომსახურების რეგისტრაციის გაუქმების და სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციების ხარვეზების გამოსწორების შესახებ, ასევე, რეკომენდაციების შესრულების ვადა, ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში; დ) 30 % < შესრულება – საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და/ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) განიხილება მომსახურების რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. 4. მონიტორინგის ინსტრუმენტის არარსებობის შემთხვევაში, გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, დადგენილებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვევებში, სანქციის სახით მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებელია დაუკავდეს დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის სრული ოდენობა. 5. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრულ ვადაში. შემდგომი ვიზიტებისას ერთგვაროვანი ხარვეზების/ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, სანქციის სახით გამოიყენოს ბოლო შემოწმების თვის მდგომარეობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია. 6. მომსახურებაში ვიზიტების დროს მოსარგებლეთა დასწრების შესახებ ადგილზე არსებულ მდგომარეობასთან (ელექტრონულ პორტალსა და სპეციალურ ჟურნალში) შეუსაბამო აღრიცხვიანობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია დააჯარიმოს მომსახურების მიმწოდებელი: ა) ვიზიტების/დასწრების 20%-მდე რაოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს არასწორად აღრიცხულ თითოეულ ბენეფიციარზე დაუკავდება თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის 40%; ბ) ვიზიტების/დასწრების 20%-დან 40%-მდე რაოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს არასწორად აღრიცხულ თითოეულ ბენეფიციარზე დაუკავდება თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის 80%; გ) ვიზიტების/დასწრების 40%-ით და მეტი ოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენისას, ან/და იმ შემთხვევაში როდესაც ორგანიზაციის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით გამოყენებულია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიება, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას დაუკავოს დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ორგანიზაციისთვის თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის სრული ოდენობა. 7. გამოვლენილი ხარვეზების და განსაზღვრული სანქციების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ზრუნვის სააგენტოს და/ან სამინისტროს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია მიღებულ რეკომენდაციებთან და სანქციებთან დაკავშირებით. 8. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მომსახურების მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი მომსახურების (საქონლის) თანხის დაკავება/უკან დაბრუნება, რომლის ვადა აითვლება შესაბამისი საჯარიმო სანქციის დაკისრებაზე ან/და თანხის დაკავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (როგორც ქმედების) შესახებ მიმწოდებლისთვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტიდან. 9. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია საჯარიმო სანქციის სახით განსაზღვრული თანხა გამოაკლოს ვაუჩერით დასაფინანსებელი მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას. 10. პროგრამიდან გასვლა, ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან. 11. პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. 12. როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და გამოიწერება დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით. 13. მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან ან უფლებამოსილი პირის მიერ მსგავსი ქმედების განხორციელებიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე. მუხლი 9. პროგრამის განმახორციელებელი, პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები 1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 95 000 000 ლარს. 2. პროგრამის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო თუ რომელიმე ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების/კომპონენტების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან სამინისტროს მიერ დამტკიცებული და ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული, ამასთან: ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში არის ფინანსური ანგარიშსწორების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი; ბ) პროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით; გ) იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ფინანსური ანგარიშგების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 4. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2024 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2024 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2025 წელს, თუ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) და ლიმიტების ზრდის საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე. 6. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელება დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ვაუჩერის ადმინისტრირება ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ. 7. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2025 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2024 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2024 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2024 წლის ამოწურვამდე. 8. პროგრამის განხორციელების პარალელურად, ზრუნვის სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ასევე მართავს ,,სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის პროგრამას“ (პროგრამული კოდი – 27 02 05), რომელიც მოიცავს: ა) ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნას, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მათ მოვლა-პატრონობას, კვებას, პირველად სამედიცინო მომსახურებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება/ორგანიზებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერას, მსხვერპლთა თავშესაფრის (დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით) ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას და ამ მომსახურების ფარგლებში ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარება/რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების მიღების და/ან ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, იურიდიულ მხარდაჭერას, ამასთანავე, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში, დამატებით მათი მოვლა-პატრონობას, კვებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას; გ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მხარდაჭერას ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველყოფას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის ფარგლებში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებას ზრუნვის სააგენტო ახორციელებს ფილიალებისა (ხანდაზმულთა პანსიონატები, შშმპ პანსიონატები და ბავშვთა სახლი) და სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) მეშვეობით, ცენტრალიზებულად, პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 05) გამოყოფილი ასიგნების – 8 630 000 ლარის ფარგლებში. მუხლი 10. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში განსახორციელებელი კომპონენტ(ებ)ის დაფინანსების წესი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ქვეპროგრამის/კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს ამ დადგენილების შესაბამისი ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებზე გადასაცემად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. მუხლი 11. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა მისი ამოქმედებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.