📋

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.01.2025
მოქმედების პერიოდი 30.01.2025 — 18.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №1/ნ
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.01.2025
18.02.2026
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №1/ნ 2025 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების თანდართული მეთოდოლოგია. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტებმა მათთვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი მიმართონ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და შესაბამისი ანგარიშგებისას იხელმძღვანელონ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებით (შემდგომ – მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანება) დამტკიცებული სტანდარტით.  მუხლი 4🔗 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო): ა) მუნიციპალიტეტების მიერ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისამდე დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის გაანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ყოველი წლის 15 ივლისამდე მუნიციპალიტეტებს განუსაზღვრავს მომავალი წლისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ნუსხას, განხორციელების ვადებსა და ბიუჯეტს; ბ) მუნიციპალიტეტ(ებ)თან კონსულტაციების შემდეგ, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობის შესახებ, თითოეული დელეგირებული უფლებამოსილების მითითებით; გ) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს მოქმედი კანონმდებლობითა და „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 აგვისტოს №327 დადგენილების შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტი: ა) არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ – ზრუნვის სააგენტო) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილ, დათარიღებულ და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია  ორგანიზაცი(ებ)ის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები (ზრუნვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად); ბ) უზრუნველყოფს, რომ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი მომსახურების ხარჯები მოიცავდეს როგორც მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაწეულ ხარჯებს („სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის  №1.6 დანართით (პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) გათვალისწინებული ვაუჩერის და მოსარგებლის შეფასების ღირებულება), ასევე, ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების 5%-ს. 3. ზრუნვის სააგენტო მიზნობრივი ტრანსფერის ანაზღაურებას უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ინფორმაციის წარმოდგენის თვის ბოლომდე; ბ) იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია და ხორციელდება მომსახურების მიწოდება. მუხლი 5🔗 მუნიციპალიტეტი 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მომსახურებაში ჩარიცხულ და მომსახურების მიმღებ მოსარგებლეთათვის 2025 წლის იანვრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას განახორციელებს ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებული ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს 2025 წლის 20 თებერვლისთვის წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში. მუხლი 6🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია 1. მუნიციპალიტეტი დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი გაანგარიშდება შემდეგი ფორმულით: T1 = A + U , სადაც: T1 − კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მუნიციპალიტეტის მიერ ყოველთვიურად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით; A − ადმინისტრირების ხარჯი გამოიანგარიშება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების თვიური ჯამური გადასარიცხი თანხის არაუმეტეს (T1) 5%-ის (შეფასების ერთჯერადი ხარჯის გარდა) ოდენობით, რომელიც მოიცავს პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას, საკომუნიკაციო, სათანადო მატერიალური რესურსის, ტრანსპორტისა და სხვა ხარჯებს; U − უშუალოდ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი, რომელიც გულისხმობს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ხარჯებს: ა) მოსარგებლის შეფასების ანაზღაურება - ერთი მოსარგებლის შეფასების ღირებულება განისაზღვრება 25 ლარის ოდენობით; ბ) პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რომლის ტარიფიც განსაზღვრულია მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებით, შემდეგი სახით: ბ.ა) რეგულარული ასისტირების შემთხვევაში, არაუმეტეს 60 საათი – არაუმეტეს 720 ლარის ოდენობით; ბ.ბ) სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში, არაუმეტეს 120 საათი – არაუმეტეს  1560 ლარის ოდენობით.