საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ინტელექტუალური საკუთრება
მიღების თარიღი 31.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016043 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№11
2025 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო პროგრამა, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა და გაცემის წესი“ თანდართული ფორმით.
2. დამტკიცდეს საგამოცდო პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ა) ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა.
ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო პროგრამა, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა
და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი
1. საქართველოს პატენტრწმუნებულთა (შემდგომ – პატენტრწმუნებული) საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია იმის დადასტურება, რომ პირს აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო გამოცდა
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ.
2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) თავმჯდომარე.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.
4. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობით, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შექმნილი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ფიზიკურ ფორმატში.
მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
1. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის, ან წარმოების სფეროში;
გ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი;
დ) გადახდილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
2. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება;
გ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი;
დ) გადახდილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების მქონედ ითვლება პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან/და დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა და გამოცდაზე რეგისტრაცია
1. საქპატენტის თავმჯდომარე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა, საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის თაობაზე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღების, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
2. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის თაობაზე საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების მიღებისთანავე საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაზე რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით.
3. საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება თითოეული სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის და რეგისტრაცია წარმოებს საკვალიფიკაციო გამოცდის რეგისტრაციის დაწყების თარიღიდან რეგისტრაციის დასრულების თარიღის ჩათვლით. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.
4. საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირი ვალდებულია, რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს სარეგისტრაციო განაცხადი სპეციალიზაციის მითითებით საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სარეგისტრაციო განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ელექტრონული ვერსია, სპეციალიზაციის შესაბამისად;
გ) პირადი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
დ) ფოტოსურათი (3X4 ფორმატი);
ე) საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს, სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უდასტურდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ან უდგინდება ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა.
6. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო განაცხადი დარჩება განუხილველი.
მუხლი 5🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური
1. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 250 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასური გადაიხდება საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას, საქპატენტის მიერ მითითებულ ანგარიშზე. რეგისტრაციის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება.
თავი II
საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები
მუხლი 6🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები, ხანგრძლივობა და შედეგების გამოცხადება
1. საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც საერთო, ისე სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით, ტარდება წერილობითი ფორმით ორ ეტაპად საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შექმნილი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ფიზიკურ ფორმატში.
2. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის მიზანია პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნის შემოწმება/შეფასება. ხოლო, საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპის მიზანია პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმება/შეფასება.
3. საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვების წინაპირობაა პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრის გადალახვა.
4. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.
5. საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე გამოსაცდელს შეუძლია გამოიყენოს ნორმატიული აქტები, რომელზე წვდომაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით. გამოსაცდელს ეკრძალება კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალების ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.
6. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპისთვის გამოსაცდელს ეძლევა 2 საათი, ხოლო მეორე ეტაპისთვის – 3 საათი. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ 2-ჯერ – საგამოცდო დროის დამთავრებამდე 30 და 15 წუთით ადრე.
7. საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება გამოსაცდელის მიერ გამოცდის ორივე ეტაპისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.
8. საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები გამოსაცდელ პირებს ეცნობება ინდივიდუალურად, საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამასთან, საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 7🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი
1. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი, როგორც საერთო, ისე სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით, შედგება 50 ტესტური დავალებისაგან.
2. ტესტური დავალება შედგენილი უნდა იყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.
3. ტესტური დავალება შედგება პირობისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან, 1 სწორი პასუხით.
4. ტესტური დავალების თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით. თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, ტესტი ფასდება 0 ქულით.
5. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 50 ქულა.
6. ტესტური გამოცდა ჩაბარებულად ითვლება გამოსაცდელის მიერ 35 ან მეტი ქულის მიღების შემთხვევაში, რის შემდეგაც იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე.
7. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
8. საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის თაობაზე იწარმოება ტესტირების შედეგების უწყისი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსაცდელის სახელისა და გვარის, საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღისა და გამოსაცდელის მიერ მიღებული ქულის შესახებ. გამოსაცდელის მიერ ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ სამდივნოს უფლებამოსილი პირი ტესტირების შედეგების უწყისში აღნიშნავს გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობას. უწყისში ასახულ ინფორმაციას გამოსაცდელი და სამდივნოს უფლებამოსილი პირი ადასტურებენ ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე უწყისში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. გამოსაცდელის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ სამდივნოს უფლებამოსილი პირი ამობეჭდავს გამოსაცდელის მიერ დამუშავებული ელექტრონული ტესტების შეფასების ამონაწერს, რომელიც ინახება საგამოცდო კომისიასთან 1 წლის განმავლობაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი
1. საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი შედგება 1 კაზუსის ტიპის წერითი დავალებისაგან.
2. წერითი დავალება შედგენილი უნდა იყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.
3. წერითი დავალება სრულდება პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით ინტერნეტზე წვდომის გარეშე ფიზიკურ ფორმატში. გამოსაცდელი პირი, საგამოცდო ფურცელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საგამოცდო ნაშრომს ინახავს PDF ფორმატში, აბარებს მას სამდივნოს უფლებამოსილ პირს და ხელს აწერს შესაბამის უწყისში. გამოსაცდელის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ, სამდივნოს უფლებამოსილი პირი გამოსაცდელის ელექტრონულ დოკუმენტს ამობეჭდავს. გამოსაცდელის ელექტრონული დოკუმენტი დაშიფრულია და შემფასებლისთვის არ არის ცნობილი ვის ნაშრომს აფასებს.
4. წერითი დავალების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური – 50 ქულა.
5. გამოსაცდელს წერითი დავალება ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ მისი ნაშრომი შეფასდება 25 ან მეტი ქულით.
6. წერით დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოსაცდელს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი სამუშაო (სანიშნი) ფურცელი, რომელიც რჩება საგამოცდო დარბაზში და წერითი დავალების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
7. ყოველ საგამოცდო ნაშრომს წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით ასწორებს შესაბამისი სპეციალიზაციის მოწვეული ექსპერტი ანონიმურად და აკეთებს შეფასებას, რომელიც გადაეცემა საგამოცდო კომისიას. შეფასების შედეგზე პასუხისმგებელია საგამოცდო კომისია.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებულ საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგს საგამოცდო კომისია ელექტრონულ ფოსტაზე ინდივიდუალურად ატყობინებს გამოსაცდელს.
თავი III
საგამოცდო კომისია
მუხლი 9🔗. საგამოცდო კომისია
1. საგამოცდო კომისია ორგანიზებას უწევს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია ამ წესით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასებაზე და ახორციელებს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები.
3. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.
4. საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქპატენტის თანამშრომლები;
ბ) საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტი (ექსპერტები) − საჭიროების შემთხვევაში;
გ) პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული).
5. საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია:
ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება;
ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სისტემის შემუშავება, საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადასინჯვა;
გ) საგამოცდო კომისიის თავმჯდომარისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეული ექსპერტის შრომა ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. საგამოცდო კომისიის საქმიანობის წესი
1. საგამოცდო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. საგამოცდო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე.
2. საგამოცდო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
3. საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და საგამოცდო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
4. საგამოცდო კომისია საქმიანობას ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე.
მუხლი 11🔗. საგამოცდო კომისიის სამდივნო
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საგამოცდო კომისიის სამდივნო (შემდგომ – სამდივნო), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბრძანებით. საქპატენტის თავმჯდომარე ამავე ბრძანებითვე ნიშნავს სამდივნოს უფროსს, რომელიც ხელმძღვანელობს სამდივნოს.
2. სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლები.
3. სამდივნოს ევალება საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის:
ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა სარეგისტრაციო განაცხადების მიღება და წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება;
ბ) საგამოცდო დავალებების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა;
გ) საგამოცდო ინსტრუქტაჟის მომზადება და მისი გამოსაცდელი პირებისთვის გაცნობა;
დ) საკვალიფიკაციო გამოცდის პროცესის ადმინისტრირება, ზედამხედველობა (დაკვირვება) და საგამოცდო უწყისის წარმოება;
ე) საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, საგამოცდო პროგრამის განთავსების უზრუნველყოფა;
ვ) გამოსაცდელის მიერ საკუთარი ნაშრომის გაცნობისა და გამოცდის შედეგის გასაჩივრების პროცესის მეთვალყურეობა;
ზ) სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული ხასიათის დავალებების შესრულება.
თავი IV
საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება და საბოლოო შედეგები
მუხლი 12🔗. საგამოცდო ნაშრომის გაცნობა და გასაჩივრება
1. გამოსაცდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები. ამ მიზნით მას უფლება აქვს მიმართოს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს საკუთარი ნაშრომის გაცნობა, გამოცდის შედეგების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. გამოსაცდელი ეცნობა საკუთარ ნაშრომს სპეციალურად განკუთვნილ ოთახში, სამდივნოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. გამოსაცდელი უფლებამოსილია საგამოცდო ნაშრომის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველ კომისიას (შემდგომ – საჩივრების განმხილველი კომისია) დასაბუთებული საჩივრით. დაგვიანებული საჩივარი არ მიიღება.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო დავალებები არ ექვემდებარება გაცემას. საგამოცდო დავალების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი განჩინების საფუძველზე.
მუხლი 13🔗. საჩივრების განმხილველი კომისია
1. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრებს განიხილავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საჩივრების განმხილველი კომისია იმავე ბრძანებით დადგენილი წესით.
2. საჩივრების განმხილველი კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან. საქპატენტის თავმჯდომარე ამავე ბრძანებითვე ნიშნავს საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს იმავდროულად საგამოცდო კომისიისა და საჩივრების განმხილველი კომისიის წევრი. ინფორმაცია საჩივრების განმხილველი კომისიის შემადგენლობის შესახებ ანონიმურია. საჩივრების განმხილველი კომისიის წევრის მიერ ანონიმურობის ვალდებულების დარღვევა შეიძლება გახდეს მისთვის საჩივრების განმხილველი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
3. საჩივრების განმხილველი კომისიის წევრი ვალდებულია საჩივრის განხილვამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა მას ხელი შეუშალოს საჩივრის ობიექტურად შეფასებაში. ამ შემთხვევაში საჩივრების განმხილველი კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თუ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრი წინასწარ არ განაცხადებს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო ამ გარემოების არსებობა ცნობილი გახდება საჩივრების განმხილველი კომისიისათვის გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისი კომისიის წევრის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის განხილვის შედეგი აისახება შესაბამის ოქმში და გადაეცემა საგამოცდო კომისიას. საგამოცდო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საჩივრების განმხილველი კომისიის მოწვეული ექსპერტის შრომა ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპერტი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის/წერითი დავალების შედგენაში, არ შეიძლება იყოს წევრი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განხილვისას.
მუხლი 14🔗. საჩივრების განხილვა
1. საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომას იწვევს საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარე.
2. საჩივრების განმხილველი კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საჩივრების განმხილველი კომისია უფლებამოსილია გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
გ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. საჩივრების განმხილველი კომისია განიხილავს საჩივარს მხოლოდ საჩივრის ფარგლებში. საჩივრების განმხილველი კომისია არ განიხილავს საჩივარს გამოსაცდელის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის შესახებ.
5. საჩივარი განიხილება საჩივრის ავტორის გარეშე. საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა. საჩივრების განმხილველი კომისიისთვის უცნობია, თუ ვისი ნამუშევარი ფასდება/საჩივრდება.
6. საჩივრების განმხილველი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. საჩივრების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარე. მოწვეული ექსპერტის მოსაზრება/რეკომენდაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თან ერთვის საჩივრების განმხილველი კომისიის ოქმს/გადაწყვეტილებას.
8. საჩივრების განმხილველი კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება ოქმში შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 15🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია. ხოლო შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, საგამოცდო კომისია საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საჩივრების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები საკვალიფიკაციო გამოცდის დასრულებისთანავე ინდივიდუალურად ეცნობება თითოეულ მონაწილეს საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
თავი V
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
მუხლი 16🔗. სერტიფიკატი
1. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში, პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით.
2. სერტიფიკატი გაიცემა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით. ბეჭდური ფორმით გაცემული სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ცნობა.
3. სერტიფიკატზე აღნიშნულია პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სპეციალიზაცია. სერტიფიკატს ენიჭება უნიკალური ნომერი.
მუხლი 17🔗. სერტიფიკატის ძალის შენარჩუნება
1. პირი ვალდებულია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირდეს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.
2. თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება პატენტრწმუნებულთა რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
თავი VI
საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი, გამოცდის მიმდინარეობა და ზედამხედველობა
მუხლი 18🔗. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი
1. საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია. საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყების შემდეგ გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი საკვალიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება.
მუხლი 19🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი და ინსტრუქტაჟი
1. გამოცდაზე შესვლამდე გამოსაცდელი იღებს ბარათს ადგილის მითითებით, რომლის შესაბამისადაც იკავებს ადგილს საგამოცდო დარბაზში.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
3. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, სპეციალური საშვის მქონე პირები და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირები შესაბამისი სამკერდე მოწმობით (ბეიჯით). უცხო პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია.
4. საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე სამდივნოს უფლებამოსილი პირი გამოსაცდელებს უტარებს ინსტრუქტაჟს ელექტრონული პროგრამის გამოყენების, საკვალიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისა და საგამოცდო დარბაზში ქცევის წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი გამოსაცდელებს, ასევე, ეგზავნებათ წინასწარ, წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5. ინსტრუქტაჟი უნდა მოიცავდეს, ასევე, მითითებას იმის შესახებ, რომ გამოსაცდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოცდის პროცესში კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა სახის დაბრკოლების შექმნისას, საკვალიფიკაციო გამოცდის შესაბამისი ეტაპისთვის განკუთვნილი დროის დინება შეჩერდება იმ ხანგრძლივობით, რაც საჭიროა კონკრეტული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 20🔗. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პირს არ აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას ან/და მომდევნო საკვალიფიკაციო გამოცდაზე გადატანას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი წარმოადგენს საპატიო მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს გამოცდის დღემდე ან/და გამოცდის დღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 21🔗. საკვალიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელის მიერ წესრიგის უხეში დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
2. უხეშ დარღვევად შესაძლებელია ჩაითვალოს:
ა) გამოსაცდელი პირის მიერ გადაწერის მცდელობა/გადაწერა;
ბ) გამოსაცდელი პირის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა;
გ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა;
დ) გამოსაცდელი პირის მიერ სხვა გამოსაცდელ პირთან კომუნიკაცია.
3. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო დავალებები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აკრძალულია საგამოცდო დავალებების რაიმე ფორმით გატანა (ფოტოს, ვიდეოს ან ქსეროასლის გადაღება ან რაიმე ფორმით დუბლირება).
4. სამდივნოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებიდან ერთ-ერთის დაფიქსირების შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება საკვალიფიკაციო გამოცდიდან, რის შესახებაც შედგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამდივნოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი გამოსაცდელი პირი. თუ გამოსაცდელი პირი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 22🔗. კონფიდენციალურობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ყველა ეტაპზე, საგამოცდო კომისია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საგამოცდო დავალებების შემუშავებაში მონაწილე ისევე, როგორც საგამოცდო დავალებებზე წვდომის მქონე ყველა პირი, ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 23🔗. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში პირი საერთო სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო პირი სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.