დანართი 3
განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი
პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების მიზანია
უზრუნველყოს პატენტრწმუნებულის მიერ უფლებამოსილების ეფექტიანად
განსახორციელებლად აუცილებელი პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება და
უნარ-ჩვევების განვითარება, აგრეთვე, ხელი შეუწყოს პროფესიული საქმიანობის
საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობისა და ინტელექტუალური საკუთრების
სფეროში პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დანართის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) განგრძობადი პროფესიული განათლება – პატენტრწმუნებულის სტატუსის
მქონე პირის მიერ პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი
ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეგულარული გაუმჯობესებისა და განახლების
პროცესი, რომელიც ხორციელდება ამ დანართით დადგენილი სტანდარტების
შესაბამისად;
ბ) ამ დანართში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც
განსაზღვრულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს
კანონით.
თავი II
პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამის
ორგანიზება და განხორციელების წესი
მუხლი 3. განგრძობადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა
1. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, სსიპ – საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ –
სასწავლო ცენტრი) საქპატენტის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით,
და საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციასთან კონსულტაციის საფუძველზე,
განსაზღვრავს წლის საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტულ
მიმართულებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტული
მიმართულებების შესაბამისად, სასწავლო ცენტრის მიერ ხდება განგრძობადი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და ტრენინგების კალენდრის შედგენა,
რომელიც უნდა დამტკიცდეს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით არაუგვიანეს
ყოველი წლის 31 იანვრისა.
3. განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამა შეიძლება მოიცავდეს
შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
ა) საკანონმდებლო ცვლილებები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
ბ) უახლესი ტენდენციები ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში;
გ) პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი
უნარ-ჩვევები;
დ) პროფესიული ეთიკა და მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
ე) სხვა თემატიკა, რომელიც განისაზღვრება მიმდინარე წლის პრიორიტეტების
გათვალისწინებით.
4. პატენტრწმუნებული, სპეციალიზაციისა და პროფესიული ინტერესების
გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული
მიმართულებებიდან, დამოუკიდებლად ირჩევს იმ სასწავლო ღონისძიებებს,
რომლებშიც მიიღებს მონაწილეობას.
მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამების მეთოდოლოგია და
ფორმატი
1. პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების სისტემის
ფარგლებში შესაძლებელია სწავლების შემდეგი ფორმატების გამოყენება:
ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, საერთაშორისო კონფერენცია, მრგვალი მაგიდა
და ზრდასრულთა განათლების სხვა მეთოდები.
2. პატენტრწმუნებულთა განგრძობად განათლებაში შეიძლება ჩაითვალოს
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობა,
მათ შორის, სტატიის, ნაშრომის ან პუბლიკაციის გამოქვეყნება რეცენზირებად
სამეცნიერო გამოცემებში.
მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა და
პერიოდულობა
1. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველ 2 წელიწადში, სულ მცირე, 10
აკადემიური საათი დაუთმოს განგრძობად პროფესიულ განათლებას.
2. ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში შესრულებული სამეცნიერო საქმიანობა, მათ შორის,
სტატიის, ნაშრომის ან პუბლიკაციის გამოქვეყნება რეცენზირებად სამეცნიერო
გამოცემაში ჩაითვლება 10 აკადემიურ საათად.
მუხლი 6. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის
დადასტურება
1. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა დასტურდება შესაბამისი
სერტიფიკატით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგ სავალდებულო
მონაცემები:
ა) სასწავლო ღონისძიების განმახორციელებლების სრული დასახელება;
ბ) სასწავლო ღონისძიების დასახელება;
გ) მონაწილე პატენტრწმუნებულის სახელი და გვარი;
დ) სასწავლო ღონისძიების ჩატარების თარიღი;
ე) სასწავლო ღონისძიების ხანგრძლივობა (აკადემიური საათების
რაოდენობა).
2. ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის, მათ შორის,
სტატიის, ნაშრომის ან პუბლიკაციის რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემაში
გამოქვეყნების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს:
ა) შესაბამისი გამოცემის დასახელება;
ბ) სტატიის ან ნაშრომის ავტორის სახელი და გვარი;
გ) გამოქვეყნების თარიღი.
3. პატენტრწმუნებული ვალდებულია შეინახოს სერტიფიკატები და შესაბამისი
დოკუმენტაცია არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში
დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქპატენტს ან პატენტრწმუნებულთა ასოციაციას.
მუხლი 7. ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამის
ორგანიზებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი.
2. განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამის უზრუნველყოფა მოიცავს
შემდეგ ღონისძიებებს:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და მისი პერიოდული
განახლება;
ბ) წელიწადში ერთხელ კატალოგის (კალენდრის) გამოქვეყნება, რომელშიც
ასახული იქნება დაგეგმილი სასწავლო ღონისძიებები (აქტივობები);
გ) სწავლების სხვადასხვა ფორმატების უზრუნველყოფა;
დ) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერების შერჩევა და მოწვევა;
ე) ყოველწლიური კალენდრის ფარგლებში თითოეული პატენტრწმუნებულისთვის
მინიმუმ 2 უფასო სასწავლო აქტივობის შეთავაზება.
მუხლი 8. სხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ
საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის აღიარების წესი
1. პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში
გამოიყენება კონკრეტული საგანმანათლებლო ღონისძიებების აღიარების
პროცედურა, რომელსაც უზრუნველყოფს საქპატენტი.
2. პატენტრწმუნებულის მიერ საერთაშორისო ან ადგილობრივ საგანმანათლებლო
ღონისძიებაში (ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, კონფერენცია) მონაწილეობა
შეიძლება აღიარებულ იქნეს განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში, თუ
ღონისძიება არსებითად შეესაბამება სასწავლო ცენტრის მიერ ამ დანართის მე-3
მუხლის საფუძველზე განგრძობადი პროფესიული განათლებისთვის განსაზღვრულ
საგანმანათლებლო პროგრამასა და წლის საგანმანათლებლო საქმიანობის
პრიორიტეტულ მიმართულებებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ორგანიზაციის მიერ
განხორციელებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის აღიარება
ხორციელდება ინდივიდუალურად, პატენტრწმუნებულის მიერ შესაბამისი
განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენით საქპატენტში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ღონისძიების პროგრამასა და აღწერას;
ბ) ჩატარების თარიღებსა და ხანგრძლივობას (აკადემიური საათები);
გ) მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან სხვა ოფიციალურ
დოკუმენტს;
დ) განმარტებას, თუ როგორ შეესაბამება აღნიშნული ღონისძიება საქპატენტის
მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს;
5. საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ
საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის აღიარება ხორციელდება ამ
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
6. საქპატენტი განიხილავს სხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ
საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის აღიარების თაობაზე წარდგენილ
განცხადებებსა და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განცხადების წარდგენიდან
არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
7. საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც არ უკავშირდება ინტელექტუალური
საკუთრების სფეროს, პატენტრწმუნებულის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო
უნარებს, ან საქპატენტის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს, არ
ექვემდებარება აღიარებას.
8. სხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან
დაკავშირებული ყველა ხარჯის დამოუკიდებლად გაწევა ეკისრება
პატენტრწმუნებულს.
თავი III
ხარისხის მონიტორინგი, შეფასება და გაუმჯობესება
მუხლი 9. ანგარიშგება და დოკუმენტაცია
1. პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი მე-3 კალენდარული
წლის 31 იანვრისა პატენტრწმუნებულთა ასოციაციას წარუდგინოს ანგარიში
განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში ბოლო 2 წლის განმავლობაში
მიღებული სწავლების შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერტიფიკატები, სასწავლო ღონისძიებაში
(აქტივობებში) მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობები და სხვა).
2. იმ შემთხვევაში, თუ პატენტრწმუნებულს მონაწილეობა მიღებული აქვს სხვა
ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებაში,
პატენტრწმუნებულთა ასოციაციას დამატებით უნდა წარედგინოს საქპატენტის მიერ
ამ დანართის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული
გადაწყვეტილება.
3. პატენტრწმუნებულთა ასოციაცია უფლებამოსილია განახორციელოს წარდგენილი
დოკუმენტაციის შემოწმება და გადაამოწმოს წარდგენილი ინფორმაციის
სიზუსტე.
მუხლი 10. ხარისხის მონიტორინგი
საქპატენტი და პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს
პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების სისტემის მონიტორინგს
შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასწავლო ღონისძიებების შესრულება და მონაწილეთა დასწრება;
ბ) სასწავლო ღონისძიებების შინაარსი და მეთოდოლოგია;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა პრიორიტეტულ
მიმართულებებთან.
მუხლი 11. სისტემის გაუმჯობესება
ამ დანართის მე-10 მუხლის საფუძველზე განხორციელებული მონიტორინგის
შედეგად, ნაკლოვანებების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით, სასწავლო
ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებასა და
განახლებას.