შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/02/2025
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2025 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 იანვრის №24 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს ან/და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციას (მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო)) შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიებისა და სხვა კომერციული ობიექტების მომარაგების უზრუნველყოფისათვის.
2. შემსყიდველის მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ამავე წესის შესაბამისად.
3. წესის მიზანია, შემსყიდველის მიერ სამინისტროსთან ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან ან/და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციასთან (მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო)) არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებისა და თანმხლები პირების კვებითი მომსახურების უსაფრთხოდ, უწყვეტად, ჯეროვნად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფა, ამასთან, სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიებისა და სხვა კომერციული ობიექტების უწყვეტად და გამართულად ფუნქციონირება.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვებზე:
ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) რომელთაც შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა;
ბ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი;
გ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შერჩევის/შეფასების შემდეგ დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) საქონლის შესყიდვის შესახებ (მწარმოებელი, იმპორტიორი ან/და დისტრიბუტორი);
დ) საქონელი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით განახორციელოს შესაბამისი პროცედურები სამინისტროს წერილობითი თანხმობის მისაღებად;
გ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალება
ამ წესის შესაბამისად, ამავე წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შემსყიდველის მიერ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესასყიდი საქონლის მწარმოებლისაგან, იმპორტიორისაგან ან/და დისტრიბუტორისაგან.
მუხლი 5🔗. ანგარიშის წარდგენა
1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს სამინისტროს, ასევე სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
დანართი №1
საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
№
CPV კოდი
დასახელება
1
03100000
სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
2
03200000
ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული
3
15100000
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები
4
15200000
მზა და დაკონსერვებული თევზი
5
15300000
ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები
6
15400000
ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები
7
15500000
რძის პროდუქტები
8
15600000
დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
9
15800000
სხვადასხვა საკვები პროდუქტი
10
15900000
სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
11
19600000
ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
12
30100000
საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
13
31100000
ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
14
31200000
ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
15
31300000
იზოლირებული მავთული და კაბელი
16
31500000
გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
17
31600000
ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
18
33700000
პირადი ჰიგიენის საშუალებები
19
39200000
ავეჯის აქსესუარები
20
39700000
საოჯახო ტექნიკა
21
41100000
ბუნებრივი წყალი
22
42100000
დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
23
42500000
გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
24
44500000
ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები და ზამბარები/რესორები.
დანართი №2
ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ
№
შესყიდვის საშუალება
შესყიდვის
ერთგვაროვან
ობიექტთა ჯგუფის
დასახელება (CPV)
მიმწოდებლის დასახელება
შესყიდვის
შედეგად
დადებული
ხელშეკრულების მოქმედების
ვადა
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა