განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4202-24
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის №080210324010627019

საქმე №2/4202-24

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის

რეჟიმის გახსნის თაობაზე

2025 წლის 13 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი/მოვალე   შპს „უნიქალმედი“

წარმომადგენელი   არჩილ კბილაშვილი;

მოთხოვნა   გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა – შპს „უნიქალმედის“ წარმომადგენელმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, შპს უნიქალმედის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, შპს „უნიქალმედის“ განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა;

ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2025 წლის 17 იანვარს.

2025 წლის 22 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „უნიქალმედის“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ.

2025 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს „უნიქალმედის“ განცხადებას ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა გაუგრძელდა.

2025 წლის 7 თებერვალს შპს „უნიქალმედის“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა სასამართლოს.

წარმოდგენილი განცხადების თანახმად,  შპს „უნიქალმედი“ არის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა, რომელიც დარეგისტრირდა 28.01.2016 წელს. მოვალე ვერ ფარავს ვადამოსულ ფულად ვალდებულებებს, რაც ჯამურად 15 586 703.15 ლარს შეადგენს და ითხოვს კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას გახსნის რეაბილიტაციის რეჟიმით.

2025 წლის 10 თებერვალს შპს „უნიქალმედის“ დირექტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებებეის გამოყენება, კერძოდ, მოითხოვა: სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ აეკრძალოს შპს „უნიქალმედისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად  ცნობის შესახებ განჩინების გამოტანამდე წარმოშობილი დავალიანებების გამო; შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ აეკრძალოს შპს „უნიქალმედისათვის“ ბუნებრივი აირის (გაზის) მიწოდების შეწყვეტა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად  ცნობის შესახებ განჩინების გამოტანამდე წარმოშობილი დავალიანებების გამო; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიას აეკრძალოს შპს უნიქალმედისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად  ცნობის შესახებ განჩინების გამოტანამდე წარმოშობილი დავალიანებების გამო;

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ   შპს „უნიქალმედის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს: ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „უნიქალმედის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე შპს „უნიქალმედის“ განცხადებაში მითითებული გარემოებებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა სადავოობის საკითხი და სასამართლომ შპს „უნიქალმედის“ განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 44.1 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

ამავე კანონის 69.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს. ამავე კანონის 74.1 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის ზედამხედველს ნიშნავს სასამართლო მხოლოდ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალე უნდა დარჩეს მართვაში და დაინიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს უნიქალმედის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, მოვალის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.   შპს „უნიქალმედის“ (ს/ნ 412714870) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი;

2. შპს „უნიქალმედის“ (ს/ნ 412714870) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი;

3. შპს „უნიქალმედის“ (ს/ნ 412714870) დირექტორი – კახა ნურალიძე (პ/ნ 01030017748, ტელ.: 599277337, ელ.ფოსტა nuralidze@gmail.com)  დარჩეს მართვაში;

4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი  სერგი ჯორბენაძე (პ/ნ 01008028649, მისამართი:ქ.თბილისი,  ი.აბაშიძის ქუჩა №34, ტელ.: 599792322, ელ.ფოსტა jorbenadze@jgc.ge), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1. გამოყენებულ იქნეს მორატორიუმის დამატებითი ღონისძიება, კერძოდ:

ა) სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ (ს/ნ 205169066) აეკრძალოს შპს „უნიქალმედისათვის“ (ს/ნ 412714870)  ელექტრო ენერგიის მიწოდების შეწყვეტა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად  ცნობის შესახებ განჩინების გამოტანამდე წარმოშობილი დავალიანებების გამო;

ბ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (202403121) აეკრძალოს შპს „უნიქალმედისათვის“ (ს/ნ 412714870)  ბუნებრივი აირის (გაზის) მიწოდების შეწყვეტა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად  ცნობის შესახებ განჩინების გამოტანამდე წარმოშობილი დავალიანებების გამო;

გ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (ს/ნ 41260097) აეკრძალოს შპს „უნიქალმედისათვის“ (ს/ნ 412714870)  წყლის მიწოდების შეწყვეტა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად  ცნობის შესახებ განჩინების გამოტანამდე წარმოშობილი დავალიანებების გამო.

6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:

ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;

ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

7. განემარტოს  მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი  

ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:

ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;

ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;

ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;

ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;

გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;

დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;           

ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;

ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება: თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;

თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

3. მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.

9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

12.  განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი  უფლებამოსილია:

ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად;

ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;

ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით; გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე; დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმებაამ პროექტს; ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია; ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით; თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება,  ინფორმაცია ან/და  ანგარიში  ნებისმიერ  საკითხზე; ი) განახორციელოს  ამ კანონით  გათვალისწინებული  სხვა  უფლებამოსილებები.

13. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.

14. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე  გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ECOURT.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

15.  განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

  მოსამართლე                                                                  დარინა აბულაძე