მცხეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016730 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/02/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2025 წლის 25 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის №01-13/ნ ბრძანების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტში „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით.
მუხლი 3🔗
პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;
გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიისა და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;
დ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;
ე) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
ვ) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
მცხეთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „პერსონალური ასისტენტის მომსახურების“ ქვეპროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით.
2. პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
3. პროგრამის განმახორციელებელი არის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;
გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას;
დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);
ე) მომსახურების მიმღები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი;
ვ) ვაუჩერი (საგარანტიო წერილი) – მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად;
ზ) მომსახურების მიღების მსურველთა სია – სია, რომელშიც შეიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა;
თ) მომსახურების მაძიებელი – პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ;
ი) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი;
კ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ლ) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მუხლი 4🔗. პერსონალური ასისტენტის სერვისი
1. პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია მომსახურების მიმღები პირის ხელშეწყობისკენ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
მუხლი 5🔗. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები
1. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრათ პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისათვის მომსახურების მისაღებად განსაზღვრულია დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც სერვისით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირებს;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს;
დ) მარტოხელა პენსიონერებს (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);
ე) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი პირი) სრულწლოვან პირებს;
3. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:
ა) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
მუხლი 6🔗. პროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/შშმ პირის მხარდამჭერი/შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) განაცხადის ფორმა;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მერია აცნობებს სერვისის მაძიებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული), გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც 1 თვის ვადაში წარდგენილი უნდა იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მომსახურების მაძიებელს დამატებით ეგზავნება მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.
4. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში პირი შეყვანილი იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში.
მუხლი 7🔗. პროგრამაში ჩართვის ორგანიზება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება პირის პროგრამაში ჩართვის შესახებ ეცნობება მომსახურების მაძიებელს და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.
2. შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მაძიებელმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის, ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით.
3. მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიღების მსურველი პირის საჭიროებების შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
ა) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ.: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით.
ბ) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.
4. პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებსა და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. მე-7 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს.
მუხლი 8🔗. მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა;
გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას;
დ) მომსახურების მიმღების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლა (რის თაობაზეც ინფორმაცია წერილობით მიეწოდება მუნიციპალიტეტის მერიასა და მომსახურების მიმწოდებელს).
2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;
დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
ე) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ვ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
ზ) მოსარგებლის გარდაცვალება.
მუხლი 9🔗. პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება, რომელიც ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ადმინისტრირებისა და საზედამხედველო ხარჯებს.
3. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება:
ა) რეგულარული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 60 საათი;
ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 120 საათი.
4. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის – საათში 13 ლარი.
5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
6. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 10🔗. მომსახურების მონიტორინგი
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური:
ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას;
გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს;
დ) პერიოდული მონიტორინგისა და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.