აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2025
ძალაში შესვლა 14.03.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016428 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 17.11.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2025 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის N02-ს კანონის შესაბამისად,
1.დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილება.
მუხლი 2🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 14 მარტიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. სამინისტრო, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სამინისტროს აქვს ემბლემა, რომელიც შეიძლება ასახულ იქნეს სამინისტროს ვებგვერდსა და სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ პლატფორმაზე, სამინისტროს საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებზე, საკანცელარიო და სხვა დანიშნულების ნივთებსა და სუვენირებზე. ემბლემის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე.
მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობისა და საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები
სამინისტროს მმართველობისა და საქმიანობის სფეროს და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
გ) სამინისტროს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდეგში - სააგენტო) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადების მიღება,
დ) რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა განცხადებების დისტანციურად მიღება, მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირება;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ზ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარების კუთხით სათანადო ინიციატივების, წინადადებების, პროექტების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა;
თ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
კ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ლ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის წარდგენა;
ვ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ზ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის სრული ადმინისტრირება;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
კ) სააგენტოსთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება;
ლ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ო) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
პ) დასახული ამოცანების განსახორციელებლად სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ჟ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ს) დებულებით გათვალისწინებულ მიმართულებებთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ტ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა;
უ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო (შემდგომში – საქვეუწყებო დაწესებულება).
2. სამინისტროს სისტემაში შეიძლება იყოს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო.
3. საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს სამინისტროს საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს;
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს, ასევე, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ი) იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
კ) მთავრობას შესათანხმებლად წარუდგენს საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხას, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრი;
ლ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
მ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;
ნ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ო) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ჟ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
რ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ს) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
ტ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე;
უ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ფ)ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და განკარგულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მინისტრს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
5. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების სფერო და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას, სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.
მუხლი 6🔗. სამინისტროს მოსამსახურეები
1. სამინისტრო ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.
2. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
3. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
4. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.
6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 7🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს ან/და მინისტრის კურატორ მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და მინისტრის კურატორ მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს წარმომადგენლის ჩართულობით;
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და მინისტრის კურატორი მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 8🔗. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები
1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო.
ბ) იუსტიციის დეპარტამენტი:
ბ.ა) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
ბ.გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო.
გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
გ.ა) პროგრამული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და მასთან დაკავშირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე სამინისტროს საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) სამინისტროს კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
ე) სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;
ი) სამინისტროს ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგი, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოება, აღრიცხვა და ანალიზი;
ლ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
მ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
ო) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
პ) სამინისტროს სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ჟ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
რ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ს) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ტ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
უ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.
მუხლი 10🔗. იუსტიციის დეპარტამენტი
1.იუსტიციის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროში სავალდებულოდ წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სამინისტროში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ე) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროსათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) სამინისტროში მომზადებული, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
თ) მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
ი) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
მ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
ნ) სამართალშემოქმედების, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ო) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
პ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტური, პრეცენდენტული გადაწყვეტილებების ანალიზი და სისტემატიზაცია;
ჟ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება;
უ) ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავება და დამუშავებული დოკუმენტაციის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემა;
ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის ხელშეწყობა;
ქ) აფხაზეთის მკვიდრთათვის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა) სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
ღ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის განხორციელება;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.
მუხლი 11🔗. სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი
1. სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ)აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა; კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა (მათ შორის, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესურსით);
ი) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ლ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.
მუხლი 12🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული პოტენციური რისკებისა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარიხის შეფასება;
ბ) სამინიტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სამინისტროს სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
თ)სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
მუხლი 13🔗. სამინისტროს სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანო).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფი, საქვეუწყებო დაწესებულება.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე, სათათბირო ორგანოს თავმჯდომარედ (მათ შორის წევრად) შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, საქვეუწყებო დაწესებულება.
7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
8. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.