წინამდებარე დებულებაში გამოყენებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინები. ამ დებულებაში დამატებით მოცემული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
ა) არაპირდაპირი დანახარჯები – საერთო და ერთობლივი ზედნადები დანახარჯები, რომელიც უშუალოდ არ მიეკუთვნება ცალკეული მომსახურების (ან პროდუქციის) სახეს. არაპირდაპირი დანახარჯები ნაწილდება მომსახურების კონკრეტულ სახეზე ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად;
ბ) დანახარჯების განაწილება – მომსახურების კონკრეტულ სახეზე ზედნადები დანახარჯების განაწილება დანახარჯთა აღრიცხვის შერჩეული მეთოდის შესაბამისად;
გ) ერთობლივი დანახარჯები – რამოდენიმე სახის მომსახურების გაწევასთან ან პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული ზედნადები დანახარჯები;
დ) თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის პრინციპი – საოპერაციო აქტივების ღირებულებისა და ამორტიზაციის ოდენობების განსაზღვრა ეკვივალენტური სიმძლავრისა და ფუნქციონალობის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მოდერნიზაცია-გადაიარაღების საბაზრო ღირებულებისა და აქტივების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით;
ე) კაპიტალის ღირებულება – საკუთარი და სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი ოდენობა, რომელიც გაიანგარიშება დარგის საშუალო მომგებიანობისა და სასესხო საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით.
ვ) პირდაპირი დანახარჯები – დანახარჯები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული კონკრეტული სახის პროდუქციის გამოშვებასთან ან მომსახურების გაწევასთან;
ზ) რეგულირებადი მომსახურება – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახე, რომელსაც ავტორიზებული პირი ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;
თ) სააღრიცხვო ფინანსური ინფორმაცია – ამ დებულების შესაბამისად შედგენილი სააღრიცხვო-ფინანსური მონაცემების ერთობლიობა;
ი) საერთო დანახარჯები – საერთო საწარმოო ზედნადები დანახარჯები;
კ) საქმიანობის სახეობები – ავტორიზებული პირის საწარმოო საქმიანობის ძირითადი სახეობები, რომლებიც ერთობლიობაში დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფასთან.
საწარმოს საქმიანობის სახეობებია:
კ.ა) ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობა;
კ.ბ) ძირითადი საკომუტაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობა;
კ.გ) საცალო საქმიანობა;
კ.დ) ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით საქმიანობა;
კ.ე) საქმიანობის სხვა სახეობები.
ლ) საცალო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით ბოლო მომხმარებელზე მიწოდებული საკომუნიკაციო მომსახურება, მათ შორის ადგილობრივი კავშირის ზონაში სატელეფონო ზარები, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო ზარები, ზარები მობილური კომპანიის აბონენტებთან, გაფართოებული და დამატებითი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა;
მ) საოპერაციო დანახარჯები – ოპერატორის მიერ გაწეული პერიოდული დანახარჯები ელექტრნული საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირებისა და მომხმარებლების მომსახურების უზრუნველსაყოფად;
ნ) ძირითადი გამანაწილებელი სისტემა – ადგილობრივი დაშვების ქსელის ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განთავსებულია ოპერატორის სადგურში და უზრუნველყოფს მომხმარებლების სახაზო საკაბელო წყვილების საკომუტაციო სადგურის კომუტატორთან დაკავშირებას.