საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არჩეულ პალატაზე მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №6/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017167 330
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახარჯ მასალაზე მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არჩეულ პალატაზე მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №6/ნ
2025 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არჩეულ პალატაზე მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების (შემდგომ – სამედიცინო დაწესებულება) მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არჩეულ პალატაზე პროგრამის მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინება შესაძლებელია ამ ბრძანებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
2. არჩეული პალატა უნდა იყოს მაღალი დონის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით.
3. არჩეული პალატა იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან. იზოლირება არ გულისხმობს არჩეული პალატის იზოლირებული დერეფნით ან ფლიგელით განცალკევებას.
4. არჩეული პალატა აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებითა და თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით, რომელიც მოქმედი სანებართვო პირობებით გათვალისწინებულია პალატაში სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის და, კანონმდებლობით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) I კატეგორიის პალატის შემთხვევაში მისი საერთო ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 25 მ2-ისა, ხოლო II კატეგორიის პალატის შემთხვევაში – არანაკლებ 18 მ2-ისა, მათ შორის, ორივე კატეგორიის პალატის შემთხვევაში სააბაზანო – არანაკლებ 4 მ2-ისა;
ბ) უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს (არ იგულისხმება ცალკე სველი წერტილი. ფართი განკუთვნილი უნდა იყოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული შესაბამისი ნივთების დასაწყობებისა და სარგებლობისთვის), სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს;
გ) უნდა ჰქონდეს დამატებითი საწოლი (შესაძლებელია გასაშლელი), სულ მცირე, ერთი თავმდგმურისთვის, იმ შემთხვევისთვის, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან/და მისი უსაფრთხოება იძლევა მასთან ერთად პალატაში სხვა პირის ყოფნის/დარჩენის შესაძლებლობას;
დ) პალატა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. პალატაში განთავსებული უნდა იყოს ტანსაცმლის კარადა, მაცივარი, მაგიდა, სკამები, ტახტი (რომელიც შესაძლოა იყოს გასაშლელი და აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას) ან/და სავარძლები; პალატას უნდა ჰქონდეს საკუთარი ჭურჭელი, ელექტრო ჩაიდანი, მიკროტალღური ღუმელი, ტელევიზორი, თეთრეული, აბაზანის ინვენტარი და ჰიგიენური საშუალებები;
ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24-საათიანი ექთნის მომსახურება (არ იგულისხმება ინდივიდუალური ექთნის პოსტი), მათ შორის, ექთნის გამოძახების ღილაკი;
ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტთან კავშირი (wifi);
ზ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცენტრალური ან ინდივიდუალური გათბობა/კონდიცირება.
მუხლი 2🔗
1. არჩეული პალატები I და II კატეგორიებად იყოფა.
2. ორივე კატეგორიის პალატა უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დამატებით, პირველი კატეგორიის პალატაში ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცე გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ოთახის ან კედლის მეშვეობით გადატიხრული სივრცის სახით, რაც ქმნის ამ ორი სივრცის იზოლირებულ პირობებს. ორივე სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი ბუნებრივი განათებით.
3. ორივე კატეგორიის არჩეული პალატების შესათავაზებელი რაოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული საწოლფონდის საერთო მოცულობის 20%-ს.
4. არჩეული პალატის ღირებულების ასანაზღაურებლად შესაძლებელია დაწესდეს პროგრამის მოსარგებლის მიერ დამატებით გადასახდელი თანხა შემდეგი ოდენობით:
ა) I კატეგორიის პალატაზე – საწოლდღე არაუმეტეს 350 ლარისა;
ბ) II კატეგორიის პალატაზე – საწოლდღე არაუმეტეს 250 ლარისა.
5. თუ სამედიცინო დაწესებულების გადატვირთულობიდან გამომდინარე, დაწესებულებაში არ არის თავისუფალი პალატა, დაწესებულება ვალდებულია პროგრამის მოსარგებლე განათავსოს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ პალატაში, მისთვის დამატებითი თანხის გადახდევინების გარეშე.
მუხლი 3🔗
1. სამედიცინო დაწესებულების მიერ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისას არჩეული პალატის შეთავაზება შესაძლებელია, თუ ეს გავლენას არ ახდენს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე.
2. პროგრამის მოსარგებლისთვის არჩეულ პალატაზე დამატებითი თანხის გადახდევინების პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული და განხორციელებული, რომ გამოირიცხოს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვა.
3. პროგრამის მოსარგებლეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მისი უფლების შესახებ, ისარგებლოს პროგრამის ფარგლებში მოქმედი სტანდარტული პირობებით ან, საკუთარი სურვილის შესაბამისად, აირჩიოს პალატა დამატებითი თანხის გადახდის გზით. მოსარგებლეს დეტალურად უნდა განემარტოს დამატებითი თანხის გადახდევინების პირობები.
4. პირი, რომელიც სარგებლობს არჩეული პალატით, ხელს აწერს თანხმობის ფორმას (დანართი №1), რომლითაც ადასტურებს, რომ მას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ და თანხმობას აცხადებს დამატებითი თანხის გადახდის გზით არჩეული პალატით სარგებლობაზე.
5. სამედიცინო დაწესებულებაში არსებული პალატის/პალატების ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დასტურდება დაწესებულების წერილობითი მიმართვის საფუძველზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ შედგენილი აქტით. სააგენტოს აქტის საფუძველზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ბრძანება სამედიცინო დაწესებულების მიერ დამატებითი თანხის გადახდევინების მეთოდის გამოყენების საფუძველია.
6. სააგენტოს დირექტორის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 წელი. ამ ვადის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულების მიერ ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ბრძანება ძალადაკარგულად ჩაითვლება და სამედიცინო დაწესებულებას ერთმევა უფლება, მომდევნო 1 წლის განმავლობაში მიმართოს სააგენტოს შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
მუხლი 4🔗
1. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა სააგენტოს წარუდგინოს წინა თვის ანგარიში ამ ბრძანების შესაბამისად დამატებითი თანხის გადახდევინების მეთოდის გამოყენების შემთხვევათა შესახებ. ანგარიშს თან უნდა დაერთოს არჩეული პალატით სარგებლობის თითოეულ შემთხვევაში ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, პაციენტის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა.
2. სამედიცინო დაწესებულების მიერ ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა განიხილება, როგორც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და გამოიწვევს იმავე პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქციის გამოყენებას.
მუხლი 5🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე
დანართი №1
პაციენტის თანხმობის ფორმა არჩეული პალატით სარგებლობის თაობაზე
(ტექსტი მოცემული უნდა იყოს სილფაენის შრიფტით, არანაკლებ 14 ერთეულისა)
მე, _____________________ (პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ვადასტურებ, რომ:
– სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მომეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაქვს უფლება, პალატის არჩევისას ვისარგებლო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი სტანდარტული პირობებით, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, ან დავრჩე პროგრამის მოსარგებლედ, მაგრამ ავირჩიო პალატა დამატებითი თანხის ______ (თანხის ოდენობა) გადახდის გზით;
– განმემარტა დამატებითი თანხის გადახდის პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებ თანხმობას დამატებითი თანხის გადახდის გზით ჩემ მიერ არჩეული პალატით სარგებლობაზე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
ხელმოწერა:
პაციენტი _________________________