შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016205 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№79
2025 წლის 25 მარტი
ქ. ბათუმი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის (შემდეგში – აღიარებული ორგანიზაცია) აღიარების პროცედურას და პირობებს, აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს, მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პირობებს და აღიარების გაუქმების წესსა და პირობებს.
2. აღიარებას, აღიარებაზე უარის თქმას, აღიარების გაუქმებას, აღრიცხვას, აგრეთვე ხელშეკრულების დადებას/მოშლას და აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღიარებული ორგანიზაცია – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომელსაც სურვილი აქვს ინსპექტირება გაუწიოს შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას დაქვემდერებულ/რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას;
ბ) ინსპექტირება – შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის აუცილებელი ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოსთან შეთანხმებული აღიარებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წესების მოთხოვნებთან დადგენის მიზნით;
გ) წესები და პროცედურები – აღიარებული ორგანიზაციის მიერ შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და ინსპექტირების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან;
დ) მოწმობა – აღიარებული ორგანიზაციის მიერ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული დოკუმენტი ინსპექტირების წარმატებით გავლის თაობაზე.
მუხლი 3🔗. აღიარების პროცედურა
1. აღიარების მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას (შემდგომში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ხელს აწერს მაძიებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ორგანიზაციის პარტნიორების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ხარისხის მართვის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასერტიფიკაციო აუდიტის ანგარიში;
ე) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციას გააჩნია შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა საქმიანობის განსახორციელებლად;
ვ) სატრანსპორტო საშუალებების შემმოწმებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სატრანსპორტო საშუალებების შემმოწმებელთა დასაქმების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ასლები;
თ) ინფორმაცია ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით (შემოწმების დანადგარები და მატერიალური აღჭურვილობა);
ი) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მოწმობების ჩამონათვალი და შესაბამისი ფორმები;
კ) ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის წესები და პროცედურები;
ლ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა სააგენტოში ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და იმ მიზნით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, მასზე თანდართული დოკუმენტები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს.
4. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ სააგენტო მაძიებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზ(ებ)ზე, და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზ(ებ)ი და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
5. აღიარების პროცესში სააგენტო, მაძიებლის ადამიანური რესურსების (პერსონალის კვალიფიკაცია, რაოდენობა), ტექნიკური საშუალებების (მოწყობილობები, დანადგარები), არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ადგენს მაძიებლის შესაძლებლობას, განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.
6. სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს მაძიებლის საქმიანობის ფაქტობრივი მდგომარეობა და აღნიშნული შესაძლებლობა.
7. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების განხილვის შემდეგ, თუ სააგენტო დაადგენს მაძიებლის წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის აღიარების შესახებ.
8. აღიარებულ ორგანიზაციასთან სააგენტო დებს ხელშეკრულებას.
9. აღიარებულ ორგანიზაციას ეკრძალება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების გარეშე განახორციელოს ინსპექტირება შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 4🔗. აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები
სააგენტო ორგანიზაციის აღიარებაზე უარს აცხადებს, თუ:
ა) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და მასზე თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესის მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული მაძიებლის მიერ;
ბ) მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია;
დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.
მუხლი 5🔗. აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლი
1. აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
2. აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმება ხორციელდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ, იმ მიზნით, რათა დადგინდეს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობასთან.
3. აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია შეუქმნას სააგენტოს ხელსაყრელი პირობები შემოწმების ჩასატარებლად.
მუხლი 6🔗. აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციები, ან თუ ორგანიზაცია არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ სააგენტო მას წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც აღიარებულმა ორგანიზაციამ უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. თუ აღნიშნულ ვადაში ორგანიზაცია არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს, მაშინ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
2. თუ აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შემდეგ დადგინდება, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი აღიარება ყალბია, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
3. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისა და მოწმობების გაცემის უფლებამოსილება.
4. აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ.
მუხლი 7🔗. აღიარებული ორგანიზაციის აღრიცხვა
სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ აღიარებული ორგანიზაციის აღრიცხვა და შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.
მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.