ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბ მერებაშვილი და ლალი ჯიოშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3919/21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია)

გადაწყვეტილება 

საჩივარი N3919/21


მერაბ მერებაშვილი და ლალი ჯიოშვილი
საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ 2024 წლის 5 სექტემბერს შემდეგი შემადგენლობით:

მიკოლა გნატოვსკი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
უნა ნი რაიფერტაი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 3919/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2020 წლის 30 დეკემბერს სასამართლოში შეიტანეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებმა, ბატონმა მერაბ მერებაშვილმა და ქალბატონმა ლალი ჯიოშვილმა (შემდგომში „მომჩივნები“), დაბადებულები 1964 და, შესაბამისად, 1971 წელს, რომლებსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი ი. ბრელიძე და ბ-ნი ლ. დვალიშვილი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;

გადაწყვეტილება ეცნობოს საჩივრების შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ბ. ძამაშვილი;

მხარეთა მოსაზრებები;

განხილვის შედეგად, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის არსი

1. საქმე ეხება, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების ფარგლებში, მომჩივნის შვილის, ტ.მ.-ის გარდაცვალების გარემოებებზე ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიების შესაბამისობას. 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:25 საათზე, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი დაეჯახა მამაკაცს, მომჩივნის შვილს, რომელიც იწვა უგონო მდგომარეობაში ან ეძინა სოფლის საავტომობილო გზაზე („ხელთუბანის საავტომობილო გზა“).

2. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, რა დროსაც განიხილებოდა ორი შესაძლო ვერსია – (i) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი), ანუ განხორციელდა თუ არა მსხვერპლის მიმართ ფიზიკური ძალადობა უბედურ შემთხვევამდე და (ii) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი), ანუ დაკავშირებულია თუ არა ტ.მ.-ის სიკვდილი მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან. ამის შემდეგ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ღონისძიება, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო, კერძოდ, სხვადასხვა სამედიცინო, სასამართლო და სხვა ექსპერტიზის ჩატარება, ვიდეოსათვალთვალო სისტემებიდან ვიდეომტკიცებულებების შეგროვება, საკომუნიკაციო მონაცემების (ზარები და ტექსტური შეტყობინებები) ამოღება დაზარალებულისა და მთელი რიგი დაინტერესებული მხარეების მობილური ტელეფონებიდან და ასევე ყველა შესაძლო მოწმის გამოკითხვა, რომელსაც შეეძლო რაიმე ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ტ.მ. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე (ჯამში თითქმის 100 ინტერვიუ ჩატარდა მოწმეებთან). ამ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგებმა, რომლებიც შემდგომში დადგენილ ფაქტებად იქნა აღიარებული შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ (იხ. პარაგრაფები 9-10 ქვემოთ), გამოავლინა შემდეგი.

3. 2018 წლის 5 ივლისს, გვიან საღამოს, მომჩივნის ვაჟი დაესწრო გვიან წვეულებას თავისი მეგობრის (გ.კ.‑ის) სახლში ოთხ სხვა ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც მათი საერთო მეგობრები იყვნენ. იმ საღამოს ახალგაზრდებმა დიდი ოდენობით დალიეს ალკოჰოლი, რასაც მოჰყვა არაერთი მცირე ინციდენტი, როგორიცაა სიტყვიერი შელაპარაკება ტ.მ.-სა და ერთ-ერთ სტუმარს შორის და ამ უკანასკნელის მიერ ხელის გაჭრა ნასვამი ტ.მ.-ის მიერ შემთხვევით გატეხილი მინის ნამსხვრევებით; მომჩივნის შვილმაც ოდნავ გაიჭრა ხელი იმავე გატეხილ მინაზე. დაშავებულ სტუმარს – მინის ნამსხვრევებით ხელში – ადგილზე აღმოუჩინეს საჭირო სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი გ.კ.-ის მამამ წაიყვანა სახლში. მეორე მხრივ, ტ.მ.-მა, რომელიც იმ დროისთვის ძალიან ნასვამი იყო, მარტომ დატოვა გ.კ.-ის სახლი 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 00:50 საათზე. 35 წუთის შემდეგ, დაახლოებით 01:25 საათზე, უცნობმა პირმა, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იქნა როგორც ზ.კ., მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც დაზარალებულს დაეჯახა (იხ. პარაგრაფი 9 ქვემოთ), გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება და შეატყობინა ცხედრის აღმოჩენის შესახებ (რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იქნა როგორც ტ.მ.), რომელიც გონდაკარგულ მდგომარეობაში ეგდო ხელთუბანის საავტომობილო გზაზე.

4. გამომძიებლებმა ჩაატარეს მრავალი საგამოძიებო მოქმედება, რომელთა შედეგებმა შეძლო მომჩივნის მიერ წამოჭრილი მრავალი სპეციფიკური პრობლემების მოგვარება, როგორც შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, ასევე სასამართლოში სამართალწარმოების დროს. აღსანიშნავია, რომ თუმცა მომჩივნები შიშობდნენ, რომ მათი ვაჟის გარდაცვლილი ან უგონო მდგომარეობაში მყოფი სხეული შესაძლოა უცნობმა პირებმა ხელთუბანის საავტომობილო გზაზე გადაათრიეს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ინსცენირების მიზნით, გარდაცვლილის ტანსაცმლისა და სხეულის არაერთი სასამართლო ექსპერტიზის შედეგები გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ სხეული გადატანილი იყო. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა დასვეს კითხვები მათი ვაჟის ცხედრის გვერდით აღმოჩენილ დანასთან დაკავშირებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს დანა თავად ტ.მ.-ს ჰქონდა. დანის დაქტილოსკოპირებისას მასზე სხვა თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა, გარდა ტ.მ.-ისა. ცხედრის სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზამ ასევე არ გამოავლინა დანით ან სხვა ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები ვარაუდობდნენ, რომ მათი ვაჟი შეიძლებოდა მოკლული ყოფილიყო ახალგაზრდებთან ჩხუბის შედეგად, რომლებიც გ.კ.-ის სახლში იმყოფებოდნენ (იხ. პარაგრაფი 3ზემოთ), გამომძიებლებმა გამოჰკითხეს ყველა ადამიანი, ვისთანაც ტ.მ.-ს უშუალო კონტაქტი ჰქონდა მის გარდაცვალებამდე და, გარდა ერთ-ერთ სტუმართან მსუბუქი სიტყვიერი შეხლა-შემოხლის ფაქტის დადგენისა (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ), სხვა საეჭვო გარემოება არ დადგენილა. იგივე დასკვნები მოჰყვა ყველა ზემოაღნიშნული დაინტერესებული პირის მობილური ტელეფონებიდან ამოღებული საკომუნიკაციო მონაცემების დეტალურ შესწავლას; სოფელ ხელთუბანში სათვალთვალო კამერების კადრები ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა.

5. გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ მას შემდეგ, რაც ტ.მ.-მა დატოვა გ.კ.-ის სახლი, 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 00:50 საათზე (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ), მან რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა თავის ახლო ნათესავებთან, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ეროვნულ ნომერზე (112); მომჩივნების ვაჟი დამაბნევლად საუბრობდა და მისი ზოგი თანამოსაუბრე მიხვდა, რომ ის მთვრალი იყო. სხვადასხვა პირებთან სატელეფონო საუბრისას ტ.მ. წინააღმდეგობრივად აცხადებდა, რომ სოფელ ხელთუბანში ან „დაჭრილი ადამიანები არიან“, ან „თვითონ არის დაჭრილი“, დაბნეულად ამბობდა, რომ ან „სოფელში სასწრაფო დახმარება უნდა მოვიდეს“, ან თვითონ მიდიოდა „უახლოეს საავადმყოფოში“. საბოლოოდ, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ეს სატელეფონო ზარები უნდა მიეწეროს ტ.მ.-ის ნასვამ მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ მას ჰქონდა დადასტურებული ისტორია, რომ იყო ზედმეტად კომუნიკაბელური ტელეფონზე, როცა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. სოფელ ხელთუბანში „დაჭრილი ადამიანების“ შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აშკარად ალუზია ჰქონდა იმ გარემოებებზე, რომელთა დროსაც ის და გ.კ.-ის წვეულების კიდევ ერთი სტუმარი დაშავდნენ გატეხილი მინით (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალის დახმარებით და სათანადოდ გამოჰკითხეს ერთი გამვლელი სოფელ ხელთუბანში, რომელმაც დაინახა ტ.მ. ხელთუბანში შესაბამისი საავტომობილო გზის პირას მჯდომი 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:15 საათზე; ამ მოწმის თქმით, მომჩივნის შვილს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ძალიან დეზორიენტირებული ჩანდა.

6. გარდა ამისა, ტ.მ.-ის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე ის გამოიკვლია რამდენიმე ექსპერტმა. მათი დასკვნები ადგენდა, რომ ბიოლოგიური სიკვდილის მიზეზი იყო გარეგანი წნევით გამოწვეული დაზიანებები (სხვადასხვა ძვლის მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების მრავალი დაზიანება), რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მაღალი ტვირთამწეობის სატრანსპორტო საშუალების სხეულთან შეჯახებით. ექსპერტებმა ვერ იპოვეს რაიმე დამატებითი დაზიანების დამადასტურებელი ნიშნები, რომელიც შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო ავტოსაგზაო შემთხვევისგან დამოუკიდებლად (როგორიცაა, მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღით ან დანით მიყენებული დაზიანებები). ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს და ეს დასკვნები შემდეგ ზეპირად გაიმეორეს სასამართლო პროცესის დროს (იხ. პარაგრაფი 9 ქვემოთ), რომ ტ.მ. ცოცხალი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაზიანებების მიღებამდე. სასამართლო ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ დაზარალებულის სხეულში აღმოჩენილი ალკოჰოლის დონე განსაკუთრებით მაღალი იყო.

7. მრავალი ექსპერტიზა ჩაუტარდა იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მართავდა ზ.კ. – პირი, ვინც პირველად შეატყობინა პოლიციას ტ.მ.-ის ცხედრის აღმოჩენის შესახებ. (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). ზ.კ. ასევე რამდენჯერმე გამოიკითხა და აღიარა, რომ ის ტ.მ.-ს დაეჯახა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ იმ ღამეს ცუდი ხილვადობის გამო უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ვერ მოახერხა. თუმცა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგებმა და ზ.კ.-ის მანქანაში მყოფი სხვა პირის ჩვენებამ გამომძიებლები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მძღოლმა შენიშნა გზაზე მწოლიარე პირი და შეეძლო თავიდან აეცილებინა უბედური შემთხვევა, თუ ის დაიცავდა საგზაო მოძრაობის შესაბამის წესებს უსაფრთხო სიჩქარესა და მანძილთან დაკავშირებით.

8. ზემოაღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, 2019 წლის 10 თებერვალს ხელისუფლების ორგანოებმა გადაწყვიტეს 117-ე მუხლის ფარგლებში გამოძიების შეწყვეტა საკითხთან დაკავშირებით, მოეპყრნენ თუ არა ტ.მ.-ს ცუდად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე და სანაცვლოდ კონცენტრირდნენ მხოლოდ გამოძიებაზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ). მომჩივნები, რომლებსაც მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ამ გადაწყვეტილების შესახებ. შედეგად, დაკავებულ ზ.კ.-ს წარედგინა სისხლის სამართლის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ფარგლებში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და საქმე სასამართლოში გადაიგზავნა განსახილველად.

9. 2019 წლის 15 ნოემბერს, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო განხილვის შემდეგ, რომლის დროსაც გამოიკითხა ყველა მოწმე და შესწავლილი იქნა ყველა სხვა მტკიცებულება მხარეთა თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.კ.-ს მსჯავრი დასდო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, რამაც ტ.მ.-ის გარდაცვალება გამოიწვია. ადასტურებს რა გამოძიების ყველა ზემოაღნიშნულ დასკვნას (იხ. პარაგრაფები 4-8 ზემოთ) როგორც დადასტურებულ ფაქტს, სასამართლომ დაადგინა, რომ ზ.კ.-ს შეეძლო თავიდან აეცილებინა ტ.მ.-სთან შეჯახება, რომელიც იწვა ხელთუბანის საავტომობილო გზაზე აშკარად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი. ზ.კ.-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვით.

10. 2020 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრული ხელახალი სასამართლო განხილვის შედეგად ძალაში დატოვა 2019 წლის 15 ნოემბრის მსჯავრდება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგროვებული მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვის საფუძველს, რომ ტ.მ.-ის მიმართ რაიმე დანაშაული განხორციელდა მას შემდეგ, რაც მან გ.კ.-ის სახლი დატოვა 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 00:50 საათზე (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ), გარდა ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა.

სასამართლოს შეფასება

11. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათი შვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური იყო, რაც არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლს, რადგან საგამოძიებო ორგანოებმა ვერ გამოიკვლიეს შესაძლებლობა იმისა, რომ მათ შვილს ცუდად მოექცნენ ან ის მოკლული იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე.

12. სასამართლო იმეორებს, იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, მისი დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის საფუძვლიან ანალიზს და, რომ გამოძიების ყველა სანდო ხაზის სათანადოდ არშესწავლა ძირს უთხრის გამოძიების შესაძლებლობას, დაადგინოს საქმის გარემოებები და პასუხისმგებელი პირები (იხ. საქმეTsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, § 93, 15 February 2011).

13. თუმცა, წინამდებარე საქმეში არ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ორგანოებმა უგულებელყვეს მომჩივნების მიერ წამოყენებული საგამოძიებო ხაზი. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მათ წამოჭრეს კითხვები იმის შესახებ, თუ რა დაემართა მათ შვილს გ.კ.-ის წვეულებაზე, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, გამოძიებამ სათანადოდ დაადგინა მოვლენების ჯაჭვი და ვერ დაადგინა მიზეზი ეჭვისთვის, რომ წვეულებაზე დამსწრე რომელიმე პირმა მათი შვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები სასამართლოს წინაშე ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილის ცხედარი ხელთუბანის საავტომობილო გზაზე გადაათრიეს ავარიის ინსცენირების მიზნით, გამოძიებამ სათანადოდ განიხილა ეს ვარიანტი და გამორიცხა ის, როგორც დაუდასტურებელი ან თუნდაც შეგროვებული მტკიცებულებების საწინააღმდეგო. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული მათი შვილის ცხედრის მახლობლად დანის საეჭვო აღმოჩენა და ის ფაქტი, რომ უშუალოდ გარდაცვალებამდე ტ.მ.-მ რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა და აცნობა სხვადასხვა პირს, რომ ის დაშავდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა ეს ასპექტი სათანადოდ იქნა გათვალისწინებული ეროვნული ორგანოების მიერ (იხ. პარაგრაფები 4-7ზემოთ).

14. მთლიანობაში, მის წინაშე არსებული ყველა მასალის ფონზე და რამდენადაც გასაჩივრებული საკითხები მის კომპეტენციაში შედის, სასამართლო ადგენს, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ორგანოებმა უგულებელყვეს გამოძიების გონივრული ხაზი ან არ მიიღეს აუცილებელი და აშკარა საგამოძიებო ზომები გამოძიების ასეთი ხაზის მიმართულებით (შეადარეთ საქმე Pankov v. Bulgaria, no. 12773/03, §§ 53-54, 2010 წლის 7 ოქტომბერი, და საქმე Huohvanainen v. Finland, no. 57389/00, §§ 110-15, 2007 წლის 13 მარტი). ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის გამოძიების შესაბამისობის ეჭვქვეშ დაყენების სხვა საფუძველი (საეჭვო სიკვდილის შემთხვევაში მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულების მარეგულირებელი პრინციპები ახლახან იქნა შეჯამებული საქმეში Oghlishvili v. Georgia, no. 7621/19, §§ 46-47, 2024 წლის 11 ივნისი), საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2024 წლის 26 სექტემბერს.

         მარტინა კელერი                                                           მიკოლა გნატოვსკი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                             თავმჯდომარე