საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 24.02.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000465 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 26/02/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №148
1993 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის №39 დადგენილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“, რომელიც დაამუშავა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების რეგულირებისა და საქმიანობის კოორდინაციის სამთავრობო კომისიამ.
2. მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად მოსახლეობისათვის საკარმიდამო ნაკვეთების შესავსებად, აგრეთვე ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოსაყოფად ფართობების შერჩევის მოტივით სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა შორის არსებული საზღვრების გადასინჯვის მოთხოვნა, ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მე-4 პუნქტი.
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწების გამოყოფასთან დაკავშირებით ახალი მიწების გარანტირებული ათვისებისათვის და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწების გამოყოფისას სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგების ასანაზღაურებლად საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცანგარიშზე გადარიცხული სახსრების გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:
– დადგენილების სათაურსა და დებულების მე-4 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები: „საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე“ შეივალოს სიტყვებით: „საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის ანგარიშზე“;
– დებულებას დაემატოს ასეთი შინაარსის 41 პუნქტი:
„41 ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს დასვას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე საკითხი იმ წარმოება-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის და მათი ყოფილ მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების თაობაზე, რომლებმაც მიწის გამოყოფის შესახებ დადგენილების მიღებიდან სამი თვის ვადაში ვერ უზრუნველყვეს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით ახალი მიწების ათვისების ხარჯების გადარიცხვა. მათვე დაეკისროთ მიწის მოცდენასთან დაკავშირებული დანაკარგების ანაზღაურება დადგენილი წესით“.
4. „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი მიწების სანაცვლოდ ახალი მიწების ათვისების ღირებულების ნორმატივის დამტკიცებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დანაკარგების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივები გადიდდეს მიწის გამოყოფის პერიოდისათვის განსაზღვრული ინფლაციის კოეფიციენტის შესაბამისად.
5. დადგენილება დანართითურთ გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს საინფორმაციო საშუალებებით.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა