თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებაში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №809
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000123 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1990
299 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებაში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება №809 1990 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებაში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ რთული ვითარება შეიქმნა თბლისის სატრანსპორტო გაერთიანებაში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 26 ნოემბრის №662 დადგენილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1988-1990 წლებში გასცა 392 ბინა, დღეისათვის ხელშეკრულების ვადა გასული აქვს და ბინით დაკმაყოფილებას ექვემდებარება 150 ოჯახი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბოლომდე და 1991-1993 წლებში ხელშეკრულების ვადა გასდის კიდევ 600 მძღოლს. ზემოაღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა ნუცუბიძის პლატოზე, მიცკევიჩის ქუჩასა და ფონიჭალის დასახლებაში გამოყო ტერიტორიები საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად სპეციალური დანიშნულებით სატრანსპორტო გაერთიანებაში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს გამოუყოს 1991-1993 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს სპეციალური დანიშნულებით შესაბამისი თანხა (სულ 750 ბინა), სატრანსპორტო გაერთიანებაში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლებისათვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. მათ შორის: 1991 წელს – 400, 1992 წელს – 200, 1993 წელს – 150 ბინა). 2. დაევალოს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს განახორციელოს შემკვეთის ფუნქციები აღნიშნული საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. 3. სამშენებლო ასოციაცია „თბილისმა“ გაუფორმოს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელშეკრულებანი და უზრუნველყოს აღნიშნული სახლების დადგენილ ვადებში მშენებლობა. 4. ნება დაერთოს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, როგორც გამონაკლისი, გაუფორმოს საგარანტიო ხელშეკრულებანი საცხოვრებელი სადგომების (ბინების) მისაცემად: – ხელშეკრულებადამთავრებულ მძღოლებს თბილისის საქალაქო საბჭოს მიერ დამაგრებულ ტეტიროტიებზე მშენებარე საცხოვრებელ სახლებში, მათი სურვილის მიხედვით ექსპლუატაციაში არსებულ ბინებზე გაცვლის უფლებით; –  იმ მოქალაქეებს, რომლებიც გამოათავისუფლებენ მათ მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში დაკავებულ ბინებს, შემდგომში მათთვის შესატყვისი ბინების მიცემის ან მათთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (ბინების) მშენებლობის ნებართვის მიცემის გათვალისწინებით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე