სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.025026 114
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №135
2025 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2🔗
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის II თავისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის II თავი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი
თავი I
ყველა ტიპის სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი და სფერო
1. „სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს დასაქმებულის ან/და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.
2. რეგლამენტი ვრცელდება სამუშაო მოწყობილობებზე, რომელიც განთავსებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომელმაც შესაძლოა, წარმოშვას რისკის შეფასების წესის შესაბამისად განსაზღვრული რისკი.
3. რეგლამენტის I თავი შეეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო სივრცეში/ადგილზე განთავსებულ ყველა ტიპის სამუშაო მოწყობილობას, ხოლო სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით დამატებით გამოიყენება რეგლამენტის II თავით განსაზღვრული მოთხოვნები.
4. დამსაქმებელი უფლებამოსილია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
5. რეგლამენტის მიზნებისთვის სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი სტანდარტები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამუშაო მოწყობილობები − რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე გამოყენებული ნებისმიერი მანქანა-დანადგარი, აპარატურა, ხელსაწყო ან მოწყობილობა;
ბ) სპეციფიკური სამუშაო მოწყობილობები − რეგლამენტის II თავით გათვალისწინებული სამუშაო მოწყობილობები: მოძრავი მოწყობილობა, ჩანგლიანი დამტვირთველი, თვითმავალი მოწყობილობა, ტვირთამწე მოწყობილობა, ტვირთამწე სტაციონარული მოწყობილობა, ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი მოწყობილობა, სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობა;
გ) სამუშაო მოწყობილობის მართვის პულტი − სამუშაო მოწყობილობის სამართავი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება სამუშაო მოწყობილობისთვის შესასრულებელი დავალების მიცემა;
დ) ტვირთის ასაწევი საშუალებები (ტვირთსატაცი მოწყობილობები) − ტვირთის დაკიდების, ატაცებისა და მოდებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა (კავი, გრეიფერი, ჩანგალი, მარყუჟი, ტვირთსატაცი მაგნიტი და ა.შ.);
ე) სამუშაო მოწყობილობების გამოყენება − ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო მოწყობილობებთან, კერძოდ, სამუშაო მოწყობილობების ჩართვა ან გამორთვა, გამოყენება, ტრანსპორტირება, შეკეთება, გადაკეთება, ტექნიკური მომსახურება, მათ შორის სამუშაო მოწყობილობების წმენდა;
ვ) სახიფათო ზონა − ნებისმიერი ზონა სამუშაო მოწყობილობების შიგნით/ფარგლებში ან მის გარშემო, რომლის მოქმედების არეალში მყოფი დასაქმებულის ან/და სხვა პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე;
ზ) საფრთხის ქვეშ მყოფი პირი − სრულად ან ნაწილობრივ სახიფათო ზონის მოქმედების არეალში მყოფი დასაქმებული ან/და სხვა პირი;
თ) სხვა პირი − პირი, რომელიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სამუშაოს ან ახორციელებს საქმიანობას, აგრეთვე მიმწოდებელი, ვიზიტორი, საწარმოო/სამუშაო პრაქტიკის განმახორციელებელი პირი და სხვა;
ი) ოპერატორი − დასაქმებულ(ებ)ი ან სხვა პირ(ებ)ი, რომლებიც უფლებამოსილი არიან სამუშაო მოწყობილობების გამოყენებაზე/მართვაზე;
კ) პასუხისმგებელი პირი − დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი/პროფესიული/სასერტიფიკატო განათლება ან გააჩნია მასზე დაკისრებულ მოვალეობებთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
ლ) ერგონომია − სამუშაო ადგილის, სამუშაო მოწყობილობა დანადგარების და ადამიანის ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო, კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნას და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დაზიანების რისკის შესამცირებლად.
2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
მუხლი 3🔗. დამსაქმებელთა ზოგადი ვალდებულებები
1. დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს დასაქმებულები/სხვა პირ(ებ)ი ისეთი სამუშაო მოწყობილობებით, რომლებიც შეესაბამება ან მიესადაგება შესასრულებელ სამუშაოს და შესაძლებელია დასაქმებულთა ან/და სხვა პირთა მიერ მათი გამოყენება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
2. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დამსაქმებელმა სამუშაო მოწყობილობების შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოს სპეციფიკური სამუშაო პირობები, მახასიათებლები, არსებული და სხვა დამატებითი საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს საწარმოში/ორგანიზაციაში, სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას.
3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრულად დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
4. სამუშაო მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაცია განხორციელდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
5. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. სამუშაო მოწყობილობების შემოწმება
1. იმისათვის, რომ სამუშაო მოწყობილობები იყოს უსაფრთხო და ფუნქციონირებდეს გამართულად, მისი მონტაჟისას უნდა განხორციელდეს შემოწმება, პასუხისმგებელი პირის მიერ შემდეგნაირად:
ა) პირველადი შემოწმება − შემოწმება მონტაჟის შემდგომ და პირველად ექსპლუატაციაში შესვლამდე;
ბ) რიგგარეშე შემოწმება − სამუშაო მოწყობილობის სხვა ტერიტორიაზე ან სხვა სამუშაო სივრცეში გადატანისას.
2. იმისათვის, რომ სამუშაო მოწყობილობის ექსპლუატაციისას დამსაქმებელმა უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნება, დროულად გამოავლინოს და გამოასწოროს სამუშაო მოწყობილობის ფუნქციური გაუმართაობა, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს სამუშაო მოწყობილობების შემოწმება, პასუხისმგებელი პირის მიერ შემდეგნაირად:
ა) პერიოდული შემოწმების განხორციელებით, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ხოლო სათანადო რისკის არსებობისას, სამუშაო მოწყობილობის ტესტირებით საჭიროებისამებრ;
ბ) სპეციალური შემოწმების განხორციელებით, ისეთი განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხოებას (მაგ.: სარემონტო სამუშაოები, სამუშაო მოწყობილობის მოდიფიკაცია, ავარიები, სტიქიური მოვლენები ან სამუშაო მოწყობილობების ხანგრძლივი უმოქმედობა).
3. შემოწმების შედეგები უნდა აისახოს დოკუმენტურად (გაკეთდეს სათანადო ჩანაწერები/შემოწმების მტკიცებულებები) და ინახებოდეს პასუხისმგებელ პირთან, სამუშაო მოწყობილობის ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იყოს ზედამხედველი ორგანოსთვის.
4. სამუშაო მოწყობილობის დაწესებულების გარეთ გამოყენებისას, მას თან უნდა ახლდეს ბოლო შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუხლი 5🔗. სპეციფიკური რისკების შემცველი სამუშაო მოწყობილობები
თუ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დასაქმებულების ან სხვა პირების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება ან ჯანმრთელობის დაზიანება, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება, რომ:
ა) სამუშაო მოწყობილობები გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ პირთა მიერ, რომელთაც მიეცათ ამ სამუშაო მოწყობილობებთან მუშაობის დავალება;
ბ) სამუშაო მოწყობილობების აწყობა, დაშლა, გამართვა, ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოები განახორციელონ ამისათვის სათანადოდ განსაზღვრულმა პირ(ებ)მა/ორგანიზაციამ/ორგანიზაციის სტრუქტურულმა ერთეულ(ებ)მა.
მუხლი 6🔗. ერგონომია
დამსაქმებელმა, სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულთა სამუშაო გარემო, სამუშაო მოწყობილობებთან მუშაობისას დასაქმებულის სხეულის პოზა და ერგონომიული პრინციპები.
მუხლი 7🔗. დასაქმებულებისა და სხვა პირების ინფორმირება, სწავლება, კონსულტირება და ჩართულობა
1. დამსაქმებელი ვალდებულია, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს:
ა) დასაქმებულთა, სხვა პირთა ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლების ინფორმირება და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის წერილობითი ინსტრუქციების მიწოდება სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა.ა) სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენების თაობაზე;
ა.ბ) პროგნოზირებად შემთხვევებთან დაკავშირებით;
ა.გ) სამუშაო მოწყობილობის გამოყენებისას მიღებული გამოცდილების შედეგად გაკეთებული დასკვნების თაობაზე;
ბ) დასაქმებულების ან/და სხვა პირთა ინფორმირება სამუშაო მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, ასევე იმ გავლენის თაობაზე, რომელიც შესაძლოა მომდინარეობდეს დასაქმებულთა სიახლოვეს განთავსებული სამუშაო მოწყობილობებიდან, მიუხედავად იმისა, უშუალოდ იყენებენ თუ არა აღნიშნულ სამუშაო მოწყობილობებს;
გ) შესაბამისი სწავლების ჩატარება დასაქმებულთა და სხვა პირთათვის, რომელთაც ევალებათ სამუშაო მოწყობილობების გამოყენება, მათ შორის სწავლების, ყველა იმ რისკის თაობაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამგვარი მოწყობილობების გამოყენების დროს;
დ) უშუალოდ, ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით, სპეციალური სწავლების ან ინსტრუქტაჟის ჩატარება, დასაქმებულთა ან/და სხვა პირთათვის, რომელთაც ევალებათ სამუშაო მოწყობილობების აწყობა, მოდიფიკაცია, დაშლა, გამართვა, ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
ე) სამუშაო მოწყობილობების შერჩევისა და გამოყენების პროცესში დასაქმებულების, სხვა პირების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით წინადადებების ინიცირების უფლება.
2. სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციები დასაქმებულთა და სხვა პირთათვის უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი და მიწოდებული მათთვის გასაგებ ენაზე.
თავი II
სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები
მუხლი 8🔗. ზოგადი დებულებები
1. სამუშაო მოწყობილობები დამონტაჟებული, განლაგებული და გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სამუშაო მოწყობილობებიდან გამომდინარე რისკები, როგორც დასაქმებულთა, ასევე სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიმართ.
2. სამუშაო მოწყობილობების მოძრავ ნაწილებს შორის უნდა არსებობდეს საკმარისი სივრცე, მოწყობილობის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ამასთან, უძრავი ან მოძრავი ნაწილები განთავსებული უნდა იყოს მათთვის განკუთვნილ ადგილზე და შესაძლებელი იყოს გამოყენებული ან წარმოებული ენერგიისა და ნივთიერების (ყველა ფორმის) უსაფრთხოდ მიწოდება ან მოცილება.
3. სამუშაო მოწყობილობების აწყობა და დაშლა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოდ – მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
4. სამუშაო მოწყობილობა, რომლის ფუნქციონირებისას არსებობს მეხის დაცემის რისკი, დაცული უნდა იყოს სათანადო მეხამრიდი მოწყობილობით ან შესაბამისი საშუალებებით მისი ზემოქმედების გასანეიტრალებლად.
მუხლი 9🔗. სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხოება
1. თუ სამუშაო მოწყობილობიდან შესაძლებელია საგნების ცვენა ან ამოვარდნა, არსებული რისკების გათვალისწინებით, სამუშაო მოწყობილობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო დაცვის საშუალებ(ებ)ით.
2. გაზის, ორთქლის, სითხის ან მტვრის ემისიის საფრთხის წარმომქმნელი სამუშაო მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი შემაკავებელი ან/და გამწოვი მოწყობილობით, რომელიც უნდა განთავსდეს საფრთხის წყაროსთან ახლოს.
3. სამუშაო მოწყობილობა და მისი ნაწილები, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დამაგრებული უნდა იყოს დამჭერით ან სხვა საშუალებებით (გადმოვარდნის, ჩამოვარდნის და ა.შ. თავიდან ასაცილებლად).
4. სამუშაო მოწყობილობის ნაწილებად დაშლის ან გატეხვის რისკის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას შეუქმნას განსაკუთრებით მაღალი საფრთხე, მიღებული უნდა იქნეს სათანადო უსაფრთხოების ზომები.
5. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამუშაო მოწყობილობის მოძრავ ნაწილებთან მექანიკური კონტაქტის შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უბედური შემთხვევები, აღნიშნული ნაწილები სპეციალური დამცავი მოწყობილობებით უნდა იქნეს აღჭურვილი, რომლებიც სახიფათო ზონებზე წვდომას შეზღუდავს ან სახიფათო ნაწილების მოძრაობას მათთან კონტაქტში შესვლამდე გააჩერებს.
მუხლი 10🔗. სამუშაო მოწყობილობების დამცავი მექანიზმები
1. დამცავი ბარიერები ან მოწყობილობები:
ა) უნდა იყოს მყარი კონსტრუქციის;
ბ) არ უნდა წარმოშობდეს დამატებით რისკს;
გ) არ უნდა იყოს ადვილად მოსახსნელი ან არამუშა მდგომარეობაში;
დ) უნდა იყოს განთავსებული სახიფათო ზონიდან საკმარის მანძილზე მოშორებით;
ე) საჭიროზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს სამუშაო მოწყობილობების სრული სამუშაო პროცესის ხილვადობას;
ვ) უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას ჩატარდეს სამუშაო მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება ან განხორციელდეს მისი ზოგიერთი ნაწილის მორგება/შეცვლა, ხოლო წვდომა შეიზღუდოს იქ, სადაც ამგვარი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, თუ შესაძლებელია ეს სამუშაოები განხორციელდეს დამცავი ბარიერის ან მოწყობილობის მოხსნის გარეშე.
2. სამუშაო მოწყობილობასთან მუშაობისას და ტექნიკური მომსახურებისას, სამუშაო სივრცეები და ადგილები უნდა იყოს სათანადოდ განათებული შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად.
3. სამუშაო მოწყობილობის ნაწილები, რომლებიც ძალიან ცხელდება ან ცივდება, შეძლებისდაგვარად ისე უნდა განთავსდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული მასთან მომუშავეთა კონტაქტი ან ზედმეტად მიახლოების რისკი.
4. სამუშაო მოწყობილობაზე განთავსებული გამაფრთხილებელი საშუალებები უნდა იყოს თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და გასაგები.
5. სამუშაო მოწყობილობების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შესასრულებელი სამუშაოებისთვის და იმ პირობებში, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი.
6. ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს გამორთულ სამუშაო მოწყობილობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიღებული უნდა იქნეს სათანადო უსაფრთხოების ზომები ასეთი მომსახურების განსახორციელებლად ან ეს სამუშაოები შესრულდეს სახიფათო ზონების გარეთ.
7. მანქანა-დანადგარის ტექნიკური მომსახურების ჟურნალი ექვემდებარება მუდმივ განახლებას (არანაკლებ თვეში ერთხელ), სადაც აღირიცხება სამუშაო მოწყობილობის დათვალიერების ისტორია, ხოლო ტექნიკური მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ასეთი მომსახურების განხორციელების თაობაზე ინფორმაცია.
8. სამუშაო მოწყობილობების ენერგიის წყარო უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი და განცალკევებული ყველა სხვა ენერგიის წყაროებიდან, ხოლო მისი ჩართვა/გამორთვა არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი მასთან მომუშავე დასაქმებულებისა და სხვა პირებისთვის.
9. ყველა სამუშაო მოწყობილობას უნდა ჰქონდეს სრული და უსაფრთხო გათიშვის შესაძლებლობა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თითოეულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს ზოგიერთი ან ყველა სამუშაო მოწყობილობის ერთად გათიშვის შესაძლებლობა.
10. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამუშაო მოწყობილობებს უნდა გააჩნდეს გამაფრთხილებელი ნიშნები და აღნიშვნები;
11. დასაქმებულებსა და სხვა პირებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოდ შესვლისა და ყოფნის შესაძლებლობა, ყველა იმ ადგილას, სადაც ხდება წარმოების, რეგულირების და შეკეთების სამუშაოების შესრულება.
12. სამუშაო მოწყობილობები უნდა იყოს იმგვარად გამართული, რომ:
ა) დაიცვას დასაქმებულები და სხვა პირები სამუშაო მოწყობილობის აალების ან გადახურებისგან, ასევე გაზის, მტვრის, სითხის, ორთქლის ან სხვა ნივთიერებების გაჟონვისგან, რომლებიც იწარმოება, გამოიყენება ან ინახება სამუშაო მოწყობილობაში;
ბ) თავიდან იქნეს აცილებული სამუშაო მოწყობილობის აფეთქების ან იმ ნივთიერებების აფეთქების რისკი, რომლებიც იწარმოება, გამოიყენება ან ინახება აღნიშნულ მოწყობილობაში;
გ) დაიცვას დასაქმებულები და სხვა პირები ელექტროენერგიასთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის რისკისგან.
მუხლი 11🔗. სამუშაო მოწყობილობები, რომელთაც გააჩნიათ მართვის პულტი
1. სამუშაო მოწყობილობის მართვის პულტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას (მათ შორის, სამუშაო მოწყობილობის ჩართვას, გამორთვას და სხვ.), უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული, ადვილად იდენტიფიცირებადი და (საჭიროების შემთხვევაში) სათანადოდ ნიშანდებული.
2. სამუშაო მოწყობილობის მართვის პულტი (გარდა სამუშაო მოწყობილობის კონკრეტული ნაწილის მართვის პულტისა), უნდა განთავსდეს სახიფათო ზონების მიღმა იმგვარად, რომ მათი გამოყენება არ ქმნიდეს დამატებით საფრთხეებს. სამუშაო პროცესში არ უნდა წარმოიქმნას საფრთხეები, მათზე უნებლიე ზემოქმედების შედეგად.
3. ოპერატორს უნდა შეეძლოს ისეთი პოზიციის შერჩევა, საიდანაც ხილვადია სამუშაო მოწყობილობის ფუნქციონირების არეალი და შეუძლია დარწმუნდეს, რომ არავინ იმყოფება სახიფათო ზონებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გატარება, სამუშაო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემით, რომელიც სამუშაო მოწყობილობის ჩართვამდე ავტომატურად გამოსცემს ხმოვან ან/და ხილვად გამაფრთხილებელ სიგნალს.
5. სამუშაო მოწყობილობის ზემოქმედების არეალში მყოფ ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება, დაუყოვნებლივ აიცილოს საფრთხე, რაც შესაძლოა გამოწვეულ იქნეს სამუშაო მოწყობილობის ჩართვის, ფუნქციონირების ან/და გამორთვის შედეგად.
6. სამუშაო მოწყობილობის მართვის პულტი უნდა იყოს უსაფრთხო და შერჩეული იმ ავარიული სიტუაციების, ხარვეზებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მისი ექსპლუატაციის დროს.
7. სამუშაო მოწყობილობების ჩართვა ან/და სამუშაო მოწყობილობის მუშაობისას ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის, ნებისმიერი მიზეზით სამუშაო მოწყობილობის გაჩერების შემდგომ მისი ხელახლა ჩართვა ან სამუშაო მოწყობილობის ფუნქციონირების პროცესში მაგ., სიჩქარის, წნევის და სხვა მაჩვენებლების ცვლილება) უნდა განხორციელდეს სამუშაო მოწყობილობის მართვის პულტზე წინასწარ განსაზღვრული ზემოქმედების საშუალებით, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ ამ მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გადატვირთვა ან ცვლილება არ უქმნის საფრთხეს დასაქმებულებს ან/და სხვა პირებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ სამუშაო მოწყობილობებზე, რომელთა ხელახლა ჩართვა ან სამუშაო მაჩვენებლების ცვლილება არის ავტომატურად მართვადი სამუშაო მოწყობილობის, ნორმალური სამუშაო/საოპერაციო ციკლის შედეგი.
9. სამუშაო მოწყობილობების გამოსართველ მექანიზმს უნდა ჰქონდეს უპირატესობა ჩართვის მექანიზმთან მიმართებით, ხოლო სამუშაო მოწყობილობების ან მისი საფრთხის შემცველი ნაწილების გაჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს ამძრავი მექანიზმისათვის ენერგიის მიწოდების გათიშვა.
10. სამუშაო მოწყობილობა, საჭიროების შემთხვევაში და სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამორთვისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული გამორთვის მექანიზმით.
მუხლი 12🔗. მოძრავ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული მოთხოვნები (მათ შორის, ძრავიან, ჩანგლიან და თვითმავალ სამუშაო მოწყობილობებთან)
1. მოძრავი სამუშაო მოწყობილობები, რომლითაც გადაადგილდებიან დასაქმებულები და სხვა პირები, ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მათი გადაადგილების დროს მინიმუმამდე შემცირდეს რისკები, მათ შორის, ბორბლებთან ან მუხლუხებთან კონტაქტის ან ჩათრევის რისკები.
2. მოძრავი სამუშაო მოწყობილობა აღჭურვილი ან ადაპტირებული უნდა იყოს ისე, რომ სამუშაო მოწყობილობასა და მის დეტალებს ან მისაბმელებს შორის ამძრავი მოწყობილობის უნებლიე დაზიანებამ არ გამოიწვიოს ამძრავი ელემენტების ბლოკირების რისკი, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მიღებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლო ზომა დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
3. სამუშაო მოწყობილობის მოძრავ ნაწილებს შორის ენერგიის გადასაცემად გამოყენებული ამძრავი ლილვების დაბინძურების ან სხვა ნებისმიერი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.
4. გადაადგილების მიზნით დასაქმებულთა და სხვა პირთა მიერ მოძრავი სამუშაო მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს, სამუშაო მოწყობილობის გადაბრუნების რისკის შემცირების მიზნით, ის სამუშაო მოწყობილობა, სადაც არსებობს შესაბამისი რისკი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთ-ერთი შემდგომი საშუალებით:
ა) დამცავი აღჭურვილობით, რომელიც გამორიცხავს სამუშაო მოწყობილობის მეოთხედზე მეტად გადახრას;
ბ) აღჭურვილობით, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა და სხვა პირთა ირგვლივ საკმარისი დისტანციის დაცვას, თუ გადახრილი სამუშაო მოწყობილობის მოძრაობა შესაძლოა გაგრძელდეს მეოთხედზე მეტი ბრუნით;
გ) სხვა იგივე ეფექტის მქონე მსგავსი აღჭურვილობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობა შესაძლოა იყოს თავად მოძრავი სამუშაო მოწყობილობის განუყოფელი ნაწილი.
6. სამუშაო მოწყობილობის ამგვარი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა არ არის საჭირო, თუ სამუშაო მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას სამუშაო მოწყობილობა სტაბილურია ან შეუძლებელია მისი გადაბრუნება.
7. დასაქმებულის ან სხვა პირისთვის უნდა დამონტაჟდეს შემაკავებელი სისტემა (ღვედები ან სხვა დამჭერი მოწყობილობები), თუ არსებობს სამუშაო მოწყობილობის გადატრიალებისას მასზე მყოფი დასაქმებულის ან სხვა პირის სამუშაო მოწყობილობის ნაწილებსა და მიწას შორის მოყოლის საშიშროება.
8. თვითმავალი სამუშაო მოწყობილობები, რომელთა მოძრაობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დასაქმებულებს და სხვა პირებს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) გააჩნდეს სათანადო საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შეუძლებელი გახდება არაუფლებამოსილი პირის მიერ მისი დაქოქვა;
ბ) ჰქონდეს შესაბამისი საშუალებები შეჯახების შედეგების თავიდან ასაცილებლად, როდესაც ერთ სივრცეში ერთდროულად მოძრაობს ერთზე მეტი სამუშაო მოწყობილობა;
გ) ჰქონდეს დამუხრუჭებისა და გაჩერების მექანიზმი და რომელსაც გაუმართაობის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ექნება საავარიო მოწყობილობა, ადვილად სამართავი ან ავტომატური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი მოწყობილობის დაუყოვნებლივ დამუხრუჭებას და გაჩერებას;
დ) იქ, სადაც თვითმავალი სამუშაო მოწყობილობის მძღოლის პირდაპირი თვალთახედვის არეალი არასაკმარისია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ხილვადობის გასაუმჯობესებლად, დამონტაჟებული უნდა იყოს შესაბამისი დამხმარე მოწყობილობები.
9. ღამით ან ბნელ ადგილებში გამოსაყენებლად განკუთვნილი თვითმავალი სამუშაო მოწყობილობა, დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღჭურვილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოსთვის შესაფერისი განათების მოწყობილობით.
10. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს თვითმავალი სამუშაო მოწყობილობის ან მისი მისაბმელის ხანძრის გაჩენის საშიშროება, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებას, და სამუშაო მოწყობილობის გამოყენების ადგილთან ახლოს არ არის სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, ამგვარი სამუშაო მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.
11. თუ სამუშაო მოწყობილობა არ/აღარ არის მართვის ზონის არეალში, მას უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვის მექანიზმის გამოყენებით ავტომატურად გაჩერების შესაძლებლობა.
12. დისტანციურად მართვადი სამუშაო მოწყობილობა, რომელმაც ნორმალურ პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს შეჯახების ან სხვაგვარი ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისი მაკონტროლებელი მოწყობილობის არარსებობის შემთხვევაში აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო დამცავი საშუალებით.
13. თვითმავალ სამუშაო მოწყობილობას უნდა მართავდეს მხოლოდ ის დასაქმებული, რომელიც ფლობს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო მოწყობილობაზე არ გაიცემა მართვის მოწმობა, მოწყობილობას უნდა მართავდეს დასაქმებული, რომელსაც შესაბამისი სწავლება აქვს გავლილი, რომელიც ადასტურებს, რომ მას შეუძლია ამგვარი სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხო მართვა.
14. თუ სამუშაო მოწყობილობა გადაადგილდება სამუშაო სივრცეში, უნდა შემუშავდეს მოძრაობის შესაბამისი წესები და უზრუნველყოფილ იქნეს ამ წესების დაცვა.
15. თვითმავალი სამუშაო მოწყობილობის მოქმედების არეალში ფეხით მოსიარულე დასაქმებულთა და სხვა პირთა შესვლის აკრძალვის მიზნით უნდა გატარდეს შესაბამისი ორგანიზაციული ზომები.
16. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით მოსიარულე დასაქმებულებისა და სხვა პირების დახმარებით, მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი დაშავება სამუშაო მოწყობილობების მიერ.
17. დასაქმებულთა და სხვა პირთა გადაყვანა მექანიკური მოძრავი სამუშაო მოწყობილობებით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღჭურვილია დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საშუალებებით. თუ სამუშაო სრულდება სამუშაო მოწყობილობის გადაადგილების დროს, სიჩქარე უნდა განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს საჭიროებებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
18. დაუშვებელია შიდა წვის ძრავით აღჭურვილი მოძრავი სამუშაო მოწყობილობის გამოყენება ისეთ სამუშაო სივრცეში, სადაც არ არის შესაძლებელი დასაქმებულებისა და სხვა პირების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ოდენობის სუფთა ჰაერის მიწოდება.
19. ჩანგლიანი დამტვირთველები, რომლებსაც გადაჰყავთ ერთი ან მეტი დასაქმებული ან/და სხვა პირი, უნდა იყოს ადაპტირებული ან აღჭურვილი ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მათი ამოტრიალების რისკი. ამ მიზნით შესაძლებელია დამონტაჟდეს, მაგალითად:
ა) მძღოლისთვის დამცავი კაბინა;
ბ) კონსტრუქცია, რომელიც ხელს შეუშლის ჩანგლიანი დამტვირთავის ამოტრიალებას;
გ) კონსტრუქცია, რომელიც ჩანგლიანი დამტვირთველის ამოტრიალების შემთხვევაში უზრუნველყოფს დასაქმებულების და სხვა პირებისთვის საკმარისი სივრცის შენარჩუნებას მიწასა და ჩანგლიანი დამტვირთველის ცალკეულ ნაწილებს შორის;
დ) კონსტრუქცია, რომელიც ჩანგლიანი დამტვირთველის ამოტრიალების შემთხვევაში შეაკავებს დასაქმებულებს ან სხვა პირებს მძღოლის სავარძელზე და დაიცავს მათ ჩანგლიანი დამტვირთველის ან მისი ნაწილების ქვეშ მოყოლისგან.
მუხლი 13🔗. ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობასთან და ტვირთამწე სტაციონარულ სამუშაო მოწყობილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. სტაციონარულად დამონტაჟებული ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობის გამოყენების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სიმტკიცე და სტაბილურობა, განსაკუთრებით, გასათვალისწინებელია მიმაგრების წერტილებსა ან კონსტრუქციების ნაწილებზე ასაწევი ტვირთის წონისა და დატვირთვის განაწილება.
2. ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობაზე გარკვევით უნდა იყოს დატანებული ნიშანდება მისი ნომინალური დატვირთვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში აღჭურვილი უნდა იყოს ტვირთის წონის მაჩვენებელი მოწყობილობით, რომელიც მოწყობილობების ყოველი კონფიგურაციისას უჩვენებს მის ნომინალურ დატვირთვას.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტაციონარულ სამუშაო მოწყობილობაზე განთავსებული ტვირთის წონა აღემატება ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობის ნომინალური დატვირთვის მაჩვენებელს, სამუშაო მოწყობილობა ავტომატურად უნდა გაჩერდეს.
4. ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობის ამწევი აღჭურვილობები უნდა იყოს ნიშანდებული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს უსაფრთხო გამოყენებისთვის არსებითი მახასიათებლების იდენტიფიცირება.
5. სამუშაო მოწყობილობა, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანების ასაყვანად, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ შეცდომით იქნეს გამოყენებული ამ მიზნით, უნდა იყოს გარკვევით და სათანადოდ ნიშანდებული.
6. ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობა, რომელიც არის მოძრავი ან შესაძლებელია მისი დაშლა, გამოყენებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო მოწყობილობის მდგრადობა ნებისმიერ პროგნოზირებად პირობებში, მისი განთავსების ზედაპირის მდგრადობის გათვალისწინებით.
7. ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობაზე დასაქმებულებისა და სხვა პირების ყოფნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამუშაო მოწყობილობაზე სრული კონტროლი, ასევე დასაქმებულებსა და სხვა პირებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაციის, ხოლო საფრთხის შემთხვევაში – ევაკუაციისთვის აუცილებელი საიმედო საშუალებები.
8. სათანადო ზომები უნდა იქნეს მიღებული, რათა გამოირიცხოს დაკიდებული ტვირთის ქვეშ დასაქმებულთა ყოფნა (მათ შორის, დაკიდებული ტვირთის ქვეშ არსებული სივრცის შემოსაზღვრა).
9. დაუშვებელია ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობით ტვირთის გადატანა ისეთ სამუშაო სივრცეში, სადაც, როგორც წესი, იმყოფებიან დასაქმებულები, რომელთა უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული. იმ შემთხვევებში, თუ სამუშაოს შესრულება სხვაგვარად შეუძლებელია, უნდა განისაზღვროს და გამოყენებულ იქნეს სათანადო პროცედურები.
10. ტვირთის ასაწევი საშუალებები (ტვირთსატაცი მოწყობილობები) უნდა შეირჩეს გადასატანი ტვირთის, მისი დაჭერის წერტილების, სამაგრი მოწყობილობებისა და ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით. ამასთან, უნდა შეესაბამებოდეს ასაწევი ბაგირის რეჟიმსა და ფორმას (კონფიგურაციას).
11. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ასაწევი სამუშაო მოწყობილობა გამოყენების შემდეგ არ ექვემდებარება დემონტაჟს, იგი მკაფიოდ უნდა იყოს ნიშანდებული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებელთა ინფორმირება მისი მახასიათებლების შესახებ.
12. ტვირთის ასაწევი საშუალებები (ტვირთსატაცი მოწყობილობები) ისე უნდა იქნეს შენახული, რომ არ დაზიანდეს ან არ გამოვიდეს მწყობრიდან.
13. სტაციონარული სამუშაო მოწყობილობა ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ შეამციროს შემდეგი რისკები:
ა) ტვირთის დასაქმებულზე შეჯახება;
ბ) ტვირთის უნებლიე სახიფათო მოძრაობა ან თავისუფალი ვარდნა;
გ) ტვირთის უკონტროლო ვარდნა.
მუხლი 14🔗. ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობით ადამიანების აწევა და გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ამ მიზნისთვის განკუთვნილი სამუშაო მოწყობილობებისა და დამხმარე აღჭურვილობების მეშვეობით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვით.
2. დასაქმებულების ან სხვა პირების ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობაზე ყოფნისას უნდა ხორციელდებოდეს მასზე მუდმივი ზედამხედველობა.
3. დასაქმებულების აწევის ან გადაადგილებისთვის განკუთვნილი სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უზრუნველყოფილ უნდა იყოს:
ა) კალათის ვარდნის რისკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აცილება შესაბამისი საშუალებების გამოყენებით;
ბ) დასაქმებულისა და სხვა პირის კალათიდან გადმოვარდნის რისკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავიდან აცილება;
გ) დასაქმებულისა და სხვა პირის დაშავების, დაჯახების ან სხვაგვარად დაზიანების რისკის (განსაკუთრებით საგანთან უნებლიე კონტაქტისას) თავიდან აცილება;
დ) ავარიის შემთხვევაში კალათაში ჩარჩენილი პირების უსაფრთხოება და მათი გათავისუფლების შესაძლებლობა.
4. თუ სამუშაო ადგილის თავისებურებების გამო ან სიმაღლეზე მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებით ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რისკების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა დამონტაჟდეს ბაგირი/უსაფრთხოების ღვედი, რომელიც დააკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, ხოლო მისი შემოწმება განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს.
მუხლი 15🔗. თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი სამუშაო მოწყობილობები
1. თუ თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევად განკუთვნილი სამუშაო მოწყობილობის ორი ან მეტი ელემენტი დამონტაჟებული ან აღმართულია იმგვარად, რომ მათი სამუშაო რადიუსი ერთმანეთს კვეთს, ტვირთებსა და სამუშაო მოწყობილობის ნაწილებს შორის შეჯახების თავიდან ასაცილებლად მიღებულ უნდა იქნეს სათანადო ზომები.
2. თუ მოძრავი სამუშაო მოწყობილობა გამოიყენება თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევად, მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი დახრა, გადატრიალება ან (რიგ შემთხვევებში) გამოძრავება ან გაცურება. აღნიშნული ზომების სწორად განხორციელების მიზნით აუცილებელია გადამოწმდეს დაგეგმილი ღონისძიებები, ასეთი ღონისძიებების სათანადოდ გატარების უზრუნველსაყოფად.
3. თუ თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევად განკუთვნილი სამუშაო მოწყობილობის ოპერატორი ვერ ხედავს ტვირთის სრულ მარშრუტს ვერც უშუალოდ და ვერც საჭირო ინფორმაციის მიმწოდებელი დამხმარე საშუალების გამოყენებით, სამუშაო პროცესის სახელმძღვანელოდ უნდა გამოიყოს სათანადო ცოდნით აღჭურვილი პირი, რომელიც იქნება უშუალო კომუნიკაციაში ოპერატორთან და დაეხმარება მას ამ პროცესის წარმართვაში. ასევე, მიღებულ უნდა იქნეს ორგანიზაციული ზომები, ტვირთის შეჯახების თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებულებსა და სხვა პირებს.
4. სამუშაო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დასაქმებულის ან სხვა პირის მიერ ტვირთის ხელით ჩაბმა ან ჩახსნა განხორციელდეს უსაფრთხოდ, ისე რომ შენარჩუნდეს სამუშაო მოწყობილობაზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლი.
5. ნებისმიერი ტვირთის აწევის ოპერაცია სათანადოდ უნდა დაიგეგმოს, გაკონტროლდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.
6. თუ ტვირთი ერთდროულად უნდა აიწიოს თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი სამუშაო მოწყობილობის ორი ან მეტი ნაწილის ჩართულობით, უნდა შემუშავდეს და დაინერგოს პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ოპერატორთა კარგ კოორდინაციას.
7. თუ, ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი გამორთვის შემთხვევაში თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი სამუშაო მოწყობილობა ვერ უზრუნველყოფს ტვირთის დაჭერას/დამაგრებას, მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამდგარი შედეგის ზემოქმედების შესაძლებლობა დასაქმებულსა და სხვა პირებზე.
8. დაკიდებული ტვირთი არ უნდა დარჩეს მეთვალყურეობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საფრთხის ზონაში დაშვება არ არის ნებადართული და ტვირთი საიმედოდაა ჩამოკიდებული და დამაგრებული.
9. თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი სამუშაო მოწყობილობების ღია ცის ქვეშ გამოყენება უნდა შეჩერდეს, თუ მეტეოროლოგიური პირობები იმ დონემდე გაუარესდა, რომ საფრთხე ექმნება სამუშაო მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენებას და დასაქმებულებს ან სხვა პირებს აყენებს რისკის ქვეშ.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს სათანადო ზომები, დასაქმებულის ან სხვა პირებისთვის ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად (განსაკუთრებით სამუშაო მოწყობილობის გადაბრუნების პრევენციის მიზნით).
მუხლი 16🔗. სიმაღლეზე დროებითი სამუშაოების განხორციელებისას სამუშაო მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. თუ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და რეგლამენტის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, სათანადო ერგონომიული პირობების უზრუნველყოფით, შეუძლებელია სიმაღლეზე შესასრულებელი დროებითი სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელება, საჭიროა შეირჩეს ისეთი სამუშაო მოწყობილობა, რომელიც შესაბამისი რისკის დონის გათვალისწინებით, მეტად უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო პირობების შენარჩუნებას.
2. კოლექტიური დაცვის საშუალებებს ენიჭებათ უპირატესობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან შედარებით.
3. სამუშაო მოწყობილობების პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკასა და მოსალოდნელ დატვირთვას, ამასთან სამუშაო მოწყობილობის დატოვება შესაძლებელი უნდა იყოს საფრთხის გარეშე.
4. სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის განკუთვნილ დროებით სამუშაო სივრცეზე წვდომის მიზნით უნდა შეირჩეს უსაფრთხო გზა გადაადგილების სიხშირის, სიმაღლისა და გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით, რომელსაც გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში ექნება ევაკუაციის შესაძლებლობა სამუშაო მოწყობილობის სრულად გაჩერებისთანავე. ამასთან, მისასვლელები ისე უნდა შეირჩეს, რომ ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა, მასსა და პლატფორმებს, ბაქნებს ან ხიდებს შორის არ უნდა ქმნიდეს ვარდნის დამატებით რისკს.
5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კიბეები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების დროს დროებით სამუშაო ადგილებად, თუ კიბეზე უფრო უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობების გამოყენება არ არის გამართლებული რისკის დაბალი დონის და სამუშაო მოწყობილობის ძალიან მცირე დროით გამოყენების ან სამუშაო ადგილზე არსებული ისეთი თავისებურებების გამო, რომლის შეცვლაც დამსაქმებელს არ შეუძლია.
6. იმ სამუშაოების განხორციელებისას, რომელიც დაკავშირებულია სიმაღლეზე დროებით/არამუდმივ სამუშაოს შესრულებასთან და რომელთა განსახორციელებლად საჭიროა სპეციალური სამუშაო მოწყობილობის გამოყენება (მაგ., ამწე მოწყობილობა და ა.შ.), თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ამგვარი მოწყობილობების გამოყენება შეუძლებელი ან/და არაგამართლებულია, ასეთ შემთხვევაში დასაქმებულთა ჩაბმის მიზნით, შესაძლებელია სამუშაო განხორციელდეს ვერტიკალურ ბაგირზე ჩაბმის ან/და სხვა სათანადო საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაოს განხორციელებისას რისკის შეფასების საფუძველზე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი სამუშაო დიდხანს გრძელდება და ახასიათებს ერგონომიული შეზღუდვები, დასაქმებულთა ჩასაბმელი საშუალებები დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩამოჯდომისათვის საჭირო აღჭურვილობით.
8. სიმაღლეზე სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი სამუშაო მოწყობილობის ტიპიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს სათანადო ზომები, სამუშაო მოწყობილობაზე მომუშავე დასაქმებულისა და სხვა პირისათვის შრომითი რისკების შემცირებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კონფიგურაციისა და გამძლეობის დამცავი ბარიერები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიმაღლიდან ვარდნისა და დასაქმებულთა და სხვა პირთა დაშავების შემთხვევები.
9. კოლექტიური დაცვის საშუალებები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე, გარდა მისადგმელი კიბისა და კიბეებთან მისასვლელებისა.
10. თუ კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს სიმაღლიდან ვარდნის პრევენციისთვის საჭირო კოლექტიური დაცვის საშუალებების დროებით მოხსნას, ასეთი სამუშაოების განხორციელებამდე ეფექტური ალტერნატიული უსაფრთხოების ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული, ხოლო კონკრეტული სამუშაოს დასრულების (მუდმივად ან დროებით) შემდეგ, სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო კოლექტიური დაცვის საშუალებები ხელახლა უნდა დამონტაჟდეს.
11. სიმაღლეზე შესასრულებელი დროებითი სამუშაოები შესაძლებელია შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კლიმატური პირობები საფრთხეს არ უქმნის დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.
მუხლი 17🔗. სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელების დროს ხარაჩოებისა და კიბეების გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები
1. სამუშაო სივრცეში კიბეების განთავსება-გამოყენება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მათ შორის, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმებს.
2. სამუშაო სივრცეში არსებული ნებისმიერი ხარაჩო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.