დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016038 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ დაგროვებითი პენსიის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის
ბრძანება №05
2025 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 – 52 პუნქტების, საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის“ 30-ე მუხლის, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის და სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 7 მაისის №02 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქცია“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია (შემდგომში − ინსტრუქცია) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის, ასევე საინვესტიციო პორტფელებში საპენსიო აქტივების ავტომატურად გადანაწილების წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;
ბ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისთვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე www.pensions.ge;
გ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;
დ) მონაწილის საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულისათვის/თვითდასაქმებულისთვის შექმნილი სამუშაო სივრცე, სადაც დასაქმებულს/თვითდასაქმებულს აქვს წვდომა თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის, მათ შორის, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელის არჩევის და ცნობის მიღების მიზნებისათვის;
ე) წარმომადგენელი – პირის ან მონაწილის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ვ) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა;
ზ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი;
თ) პენსიის მიმღები – პირი, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით პროგრამული გატანით იღებს პენსიას;
ი) 12 თვე – 365 დღე.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. საინვესტიციო პორტფელის არჩევის წესი და ვადები
1. მონაწილე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსების მიზნით, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი. პენსიის მიმღები ასევე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების განთავსებით მიზნით, აირჩიოს საინვესტიციო პორტფელი.
2. თუ მონაწილეს / პენსიის მიმღებს ამ ინსტრუქციის ამოქმედების თარიღამდე არ აურჩევია საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია და არც მისი ამოქმედების შემდეგ არ ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებით, მონაწილის შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების, ხოლო პენსიის მიმღების შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრამდე რიცხული/ასახული საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვარს და შემდეგ განხორციელებული საპენსიო შენატანები, ასევე 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრიანებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ბ.ა) 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
ბ.ბ) 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
ბ.გ) 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ასაკი დგინდება, 2028 წლის 1 იანვრამდე გაწევრიანებული მონაწილის შემთხვევაში 2028 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ გაწევრიანებული მონაწილის შემთხვევაში – გაწევრიანების თარიღის მდგომარეობით.
4. მონაწილის ასაკის ცვლილებასთან ერთად ხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადატანა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“-„ბ-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ შემთხვევისა, თუ ამ ინსტრუქციის ამოქმედების თარიღამდე მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს/ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე გამოიყენებს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას და მას შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პროგრამული გატანით დაენიშნება პენსია, ასაკის მიუხედავად მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს/ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
6. მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია, იმ პირობით, რომ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის და მისი შეცვლის შესახებ განცხადებებს შორის პერიოდი არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს უნდა შეადგენდეს.
7. მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოითხოვოს მისი საპენსიო აქტივების იმ საინვესტიციო პორტფელში შენარჩუნება, რომელშიც განცხადების წარდგენის დღისათვის არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.
8. საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ იმ მონაწილეს/პენსიის მიმღებს, რომელსაც ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აქვს საპენსიო აქტივები.
9. საპენსიო სქემაში, კანონის შესაბამისად, ხელახლა გაწევრების შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება აღნიშნულ გაწევრებამდე მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების საინვესტიციო პორტფელში განთავსებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
10. თუ მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ან ამ ინსტრუქციის ამოქმედების თარიღამდე არ უსარგებლია აღნიშნული უფლებამოსილებით, საპენსიო აქტივების ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტომატურად გადანაწილების შედეგად, მისი საპენსიო აქტივები შესაძლოა განთავსდეს საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში, კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში და ასაკის გათვალისწინებით, შესაბამის საინვესტიციო პორტფელში.
მუხლი 4🔗. საპენსიო ფონდისთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიმართვის საშუალებები
1. მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია საინვესტიციო პორტფელის არჩევისათვის ან ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობის მიღებისათვის:
ა) პირადად მიმართოს საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და წარადგინოს შესაბამისი განცხადება, ან
ბ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, საპენსიო ფონდს პირადად წარუდგინოს განცხადება საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე ან მიიღოს ცნობა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. მონაწილე/პენსიის მიმღები არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს საპენსიო ფონდს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადება, თუმცა უფლებამოსილია ასეთი წარმომადგენლის მეშვეობით, საპენსიო ფონდის მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით წარადგინოს განცხადება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობის მიღების შესახებ.
3. მონაწილის/პენსიის მიმღების კანონისმიერი ან/და სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი უფლებამოსილია საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადება საპენსიო ფონდს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალებით, თავისუფალი განცხადების წარდგენის გზით.
მუხლი 5🔗. საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენა
1. საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების წარდგენის მიზნით საპენსიო ფონდისთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, პიროვნების იდენტიფიცირებისათვის, პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს პირის პირად ნომერს და დაბადების წელს. აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს პირის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს მას.
3. თუკი მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია და ამავდროულად მოითხოვს წარადგინოს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადება, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ ზეპირი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია უცვლელად ასახოს ელექტრონულ სისტემაში, რის შემდგომაც ელექტრონული სისტემა დააგენერირებს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს მონაწილეს/პენსიის მიმღებს გაცნობისა და ხელმოწერის მიზნით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გენერირებული ინფორმაციის თანახმად, პირი, არ არის უფლებამოსილი აირჩიოს საინვესტიციო პორტფელი, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადებას და უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამის პირს მიაწვდის ინფორმაციას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იმ ცნობის შესახებ, რომელიც შესაძლოა ავტომატურ რეჟიმში იქნეს გენერირებული ელექტრონული სისტემის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ან ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის საფუძველზე, პირის მიერ შესაბამისი ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გენერირებას, ამობეჭდვას და პირისათვის გაცნობის და ხელმოწერის მიზნით გადაცემას.
მუხლი 6🔗. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით განცხადების წარდგენა
1. საინვესტიციო პორტფელის არჩევის მიზნით, საპენსიო ფონდისთვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით მიმართვის სურვილის შემთხვევაში, მონაწილე/პენსიის მიმღები ვალდებულია შეავსოს მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადების ფორმა, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენა.
მუხლი 7🔗. ცნობის გაცემა
1. პირი უფლებამოსილია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო ფონდს ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს ცნობა საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლებამოსილების და იმ საინვესტიციო პორტფელის ან პორტფელების შესახებ, რომლებშიც არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მიღების მიზნით, საპენსიო ფონდისთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
3. მონაწილე/პენსიის მიმღები ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა მიიღოს ელექტრონული სახით, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, შესაბამისი განცხადების წარდგენის გარეშე. ასეთ ცნობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
მუხლი 8🔗. საინვესტიციო პორტფელის არჩევის ან/და ცნობის მისაღებად განცხადების მიღება
1. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მონაწილის/პენსიის მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) განცხადების ნომერი და თარიღი;
გ) მონაწილის/პენსიის მიმღების ტელეფონის ნომერი და მისამართი;
დ) მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობის გაცემის შესახებ მოთხოვნა;
ე) მონაწილის/პენსიის მიმღების ხელმოწერის გრაფა.
2. საპენსიო ფონდისთვის/უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე / პენსიის მიმღები ან წარმომადგენელი (მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე / პენსიის მიმღები ან წარმომადგენელი (მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) უარს განაცხადებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
4. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს სამახსოვრო ბარათს, რომ საინვესტიციო პორტფელის არჩევის განცხადება მიღებულია, მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ არჩეული შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
5. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადების ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, რის საფუძველზეც ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში დაგენერირებული სამახსოვრო ბარათი განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება მონაწილისთვის / პენსიის მიმღებისათვის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.
6. საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადების წარდგენის დღეს მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია საპენსიო ფონდში/უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით (სამუშაო საათების დასრულებამდე) ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით (განცხადების წარდგენის დღის 24:00 საათამდე) გააუქმოს აღნიშნული განცხადება.
7. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ცნობის გაცემის მიზნით, საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის ცნობას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის ამობეჭდვას, ამობეჭდილი ცნობის ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, განმცხადებლისათვის გადაცემას და აღნიშნული ცნობის მიღების ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
მუხლი 9🔗. მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა
1. იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელიც მონაწილეა, კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, აირჩევს შესაბამისი საპენსიო აქტივების მიღებას − მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრეობით მიღებული საპენსიო აქტივები დაემატება და განთავსდება იმ საინვესტიციო პორტფელში, რომელშიც განთავსებულია მემკვიდრის სხვა საპენსიო აქტივები, ხოლო საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არსებობის შემთხვევაში საპენსიო აქტივები განთავსდება შესაბამისი პროპორციით.
მუხლი 10🔗. საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანა
1. საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ მონაწილის / პენსიის მიმღების განცხადება დაკმაყოფილდება შემდეგნაირად:
ა) თუ განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეთა/პენსიის მიმღებთა მიერ წარდგენილი განცხადებებით დაფიქსირებული მოთხოვნის ჯამური მოცულობა არ აღემატება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის 1%-ს, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი განცხადებას განიხილავს, დააკმაყოფილებს და აღასრულებს მისთვის განცხადების წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
ბ) თუ განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეთა/პენსიის მიმღებთა მიერ წარდგენილი განცხადებებით დაფიქსირებული მოთხოვნის ჯამური მოცულობა მეტია შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის 1%-ზე, თუმცა არ აღემატება 2%-ს, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი განცხადებას განიხილავს, დააკმაყოფილებს და აღასრულებს მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
გ) თუ განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეთა/პენსიის მიმღებთა მიერ წარდგენილი განცხადებებით დაფიქსირებული მოთხოვნების ჯამური მოცულობა აღემატება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის 2%-ს, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდის მიერ განცხადების განხილვის, დაკმაყოფილების და აღსრულების მექანიზმი განისაზღვრება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების დაკმაყოფილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წარდგენიდან 20 (ოცი) სამუშაო დღეს.
2. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესით საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანა განხორციელდება, ავტომატურად, მე-3 მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებების დადგომის დღეს, ხოლო თუ ასეთი დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ასეთი დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
3. მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების გადატანა საინვესტიციო პორტფელში განხორციელდება გადატანის დღეს არსებული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულებით, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტში არსებული ღირებულებისგან.
4. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს მონაწილის/პენსიის მიმღების განცხადება საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანის დროისათვის განმცხადებელი აღარ წარმოადგენს მონაწილეს/პენსიის მიმღებს, მათ შორის:
ა) საპენსიო ფონდში აღარ არის პენსიის მიმღების საპენსიო აქტივები;
ბ) პირს მონაწილის სტატუსი გაუუქმდა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანის, ასევე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მონაწილეს / პენსიის მიმღებს ეცნობება მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
მუხლი 11🔗. საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შემთხვევაში პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის სპეციფიკა
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივები მისი არჩევანის შესაბამისად ან/და ამ ინსტრუქციის საფუძველზე განთავსებულია საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში, ასეთი მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საპენსიო ფონდიდან გამოტანისას, გამოტანა განხორციელდება პროპორციულად ყველა საინვესტიციო პორტფელიდან, გამოტანის დღეს არსებული პროპორციის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. საინვესტიციო პორტფელის ავტომატური ცვლილების შესახებ შეტყობინების წესი
1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“-„ბ-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანამდე არანაკლებ 6 (ექვსი) თვით ადრე, საპენსიო ფონდი მონაწილეს/პენსიის მიმღებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს შეტყობინებას ასეთი გადატანის თაობაზე.
მუხლი 13🔗. ადმინისტრაციული წარმოების წესი
1. ამ ინსტრუქციის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
მუხლი 14🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება
1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის / პენსიის მიმღების, მისი წარმომადგენლის ან/და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება განუსაზღვრელი ვადით.
სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე