საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტოს „საქინფორმის“ სახელწოდების შეცვლისა და საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს „საქართველოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №581
სარეგისტრაციო კოდი 010340000.02(0).000.000000 394
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.1990 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტოს „საქინფორმის“ სახელწოდების შეცვლისა და საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს „საქართველოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №581
1990 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტოს „საქინფორმის“ სახელწოდების შეცვლისა და საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს „საქართველოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტოს „საქინფორმის“ წინადადება სააგენტოს სახელწოდების შეცვლის შესახებ და ეწოდოს მას საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“.
2. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ თანდართული დებულება.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972 წლის 29 მაისის №290 დადგენილება „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტოს „საქინფორმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე
საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“
დებულება
I. ზოგადი დებულება
საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“ (შემდგომში – „საქართველო“) არის საინფორმაციო ორგანო, რომელიც სარგებლობს საქართველოს სსრ სახელმწიფო კომიტეტის უფლებებით, თავის საქმიანობაში იგი ექვემდებარება რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და განკარგულებებით და საქმიანობს საბიუჯეტო და სამეურნეო ანგარიშის საწყისებზე.
II. „საქართველოს“ საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები
„საქართველო“ კრებს რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და ტექსტისა და ფოტომასალების სახით გადასცემს მას რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, აგრეთვე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ავრცელებს რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოების გამოსაქვეყნებელ ოფიციალურ ცნობებსა და დოკუმენტებს მთლიანად ან შინაარსის სახით. ოფიციალური მასალების გადაცემისას სააგენტო ინფორმაციის წყაროს უნარჩუნებს ავტორობას.
III. „საქართველოს“ უფლებები
1. „საქართველო“ სარგებლობს ავტორის ყველა უფლებით, მათ შორის უფლებით დაურთოს ცნობებს თავისი სახელწოდება და თავისი კორესპონდენტის გვარი. ინფორმაციისა და თარგმანის სიზუსტისათვის პასუხისმგებლობა აკისრიათ სააგენტოს ხელმძღვანელობას და ავტორს. საკდესთან და სხვა საინფორმაციო სააგენტოებთან მორიგებით „საქართველო“ დამოუკიდებლად გადასცემს საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ გასავრცელებელ რესპუბლიკურ ტექსტობრივ და ფოტოინფორმაციას, ავრცელებს რესპუბლიკაში საკდესისა და სხვა საინფორმაციო სააგენტოებისაგან მიღებული ინფორმაციას.
2. აქვს რა ავტორის უფლებები, „საქართველო“ ავრცელებს დასურათხატებულ გამოცემებს, საინფორმაციო და ფოტოსაინფორმაციო მასალებს ბიულეტენების, მაცნეების, ბროშურების, ბუკლეტების, ფოტოშენარჩევების, ფოტოვიტრინების, ფოტოგამოფენების, ფოტოგაზეთისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის სახით.
3. ინფორმაციის შესაგროვებლად და მოსამზადებლად იბერია-პრესს რესპუბლიკის რეგიონებში აქვს განყოფილებები და კორესპონდენტთა ქსელი.
4. რესპუბლიკაში გასავრცელებელი ინფორმაციისა და ფოტოინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად „საქართველო“ იყენებს კავშირგაბმულობის საკუთარ საშუალებებსა და მოწყობილობას, აგრეთვე საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტროსაგან იჯარით აღებულ სადენ არხებსა და მოწყობილობას. საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტროსთან ერთად ავითარებს დისპლეების ქსელს, სატელეტაიპო და სხვა კავშირებს თავის განყოფილებებთან და კორესპონდენტებთან რეგიონებში, რესპუბლიკის გაზეთების, რადიოსა და ტელევიზიის რედაქციებთან. მათთან ერთად უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის ქსელის ნორმალური საქმიანობას და ინფორმაციის ოპერატიულ გადაცემას.
5. „საქართველოს“ და მისი კორესპონდენტების ინფორმაციებსა და ფოტოდეპეშებს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრო ამუშავებს და გადასცემს მთავრობის დეპეშების კატეგორიით, სატელეფონო საუბრებს კორესპონდენტებს აძლევს სასწრაფოობის მეორე კატეგორიით, სააგენტოს დირექტორს - პირველი კატეგორიით.
IV. „საქართველოს“ ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. „საქართველოს“ სათავეში უდგას დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. დირექტორი სარგებლობს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელწმიფო კომიტეტის თავმჯდომარის უფლებებით.
დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
დირექტორი უძღვება სააგენტოს მთელ საქმიანობას, არის კრედიტების განმკარგულებელი, პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, განსაზღვრავს თავის მოადგილეთა, ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებს, გამოსცეს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს საქართველოს კანონების, აგრეთვე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებების შესასრულებლად, რომელთა შესრულება სავალდებულოა სააგენტოს მუშაკებისათვის; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მუშაკებს; დადგენილი წესით ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს სააგენტოს სარედაქციო, საწარმოო და ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს; ამტკიცებს იბერია-პრესის საშტატო ნუსხას.
2. სააგენტოს ჰყავს კოლეგია, რომელშიც შედიან დირექტორი (კოლეგიის თავმჯდომარე) და დირექტორის მოადგილეები თანამდებობის მიხედვით, აგრეთვე სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი მუშაკები. კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
კოლექტიური ხელმძრვანელობის ორგანოს კომპეტენციიდან გამომდინარე, კოლეგია განსაზღვრავს მუშაობის ძირითად მიმართულებებს, განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია იბერია-პრესის პრაქტიკულ საქმიანობასთან, კადრების შერჩევასა და განაწილებასთან. კოლეგიის გადაწყვეტილებანი ხორციელდება დირექტორის ბრძანებებით.
V. „საქართველოს“ საქმიანობა
1. „საქართველო“ საქმიანობას წარმართავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, მის სტრუქტურას და მუშაკთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს კოლეგია.
2. „საქართველოს“ შემოსავლის წყაროა: შემკვეთისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფასური, საგამომცემლო, სარეკლამო საქმიანობისაგან, მოსახლეობისათვის გაწეული ფასიანი მომსახურებისაგან, კოოპერატივების ერთობლივი საწარმოების და კანონით დადგენილი მეწარმეობის სხვა ფორმებისაგან მიღებული სახსრები.
3. „საქართველო“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. „საქართველოს მიერ საზღვარგარეთ გადასაცემად მომზადებული ინფორმაციისა და ფოტოინფორმაციის ანაზღაურება ხორციელდება კონვენტირებული ვალუტით ან ხელშეკრულებით დათქმული პირობებით, უვალუტო გაცვლის წესით. ვალუტით ნაზღაურდება უცხოეული მოქალაქეების, საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის გაწეული მომსახურება. სავალუტო სახსრების აკუმულირება ხდება სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე, მათი განაწილება და ხარჯვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. „საქართველო“ არის იურიდიული პირი, აქვს თავისი ანგარიში ბანკში, ემბლემა და ბეჭედი.