საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.05.2025
გამომცემი ორგანო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ნომერი №ნ-5
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016155 20
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/05/2025
857 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ამ წესის მიზნებისთვის, სდპ-თვის აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა (შემდგომ
აუდიტორული ფირმა) არის აუდიტორული ფირმა, რომელიც სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 11.11.2016 ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი 85% 08.06.2016 მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 84% 20.10.2017 კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 84% 26.12.2018 არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 82% 08.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-5 2025 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესი“, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე დანართი საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურების) გამჭვირვალობის მიზნით, საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმების მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების პროცედურებს. მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანია: ა) სდპ-თვის აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორული მომსახურების მიმართ ინვესტორთა და მომხმარებელთა ნდობის გაზრდა; ბ) ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნებთან მიახლოებით. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის, სდპ-თვის აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა (შემდგომაუდიტორული ფირმა) არის აუდიტორული ფირმა, რომელიც სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულება 1. აუდიტორული ფირმა ვალდებულია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 მაისისა. თუ აუდიტორული ფირმის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში გაასაჯაროოს თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა. 2. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში. აუდიტორული ფირმის მიერ უკვე გამოქვეყნებული, გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის განახლების შემთხვევაში, აუდიტორული ფირმა ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშის განახლების თაობაზე ინფორმაციის მითითება და ანგარიშის თავდაპირველი ვერსიის ვებგვერდზე ხელმისაწვდომობა. 3. აუდიტორული ფირმა  ვალდებულია განცხადების მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (სამსახურის ვებგვერდზე (www.saras.gov.ge) არსებული მეილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: https://saras.gov.ge/ms/) წარდგენით არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეატყობინოს სამსახურს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნების/განახლების თაობაზე. მუხლი 5🔗. გამჭვირვალობის შესახებ  წლიური ანგარიშის შინაარსი 1. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) აუდიტორული ფირმის სამართლებრივი ფორმა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმა ქსელის წევრია: ბ.ა) ქსელის აღწერა, ასევე, ქსელის სამართლებრივი და სტრუქტურული მოწყობის აღწერა;  ბ.ბ) ქსელის წევრი აუდიტორული ფირმ(ებ)ის დასახელება; ბ.გ) ქვეყანას/ქვეყნებს, სადაც ქსელის წევრ  აუდიტორულ ფირმას/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აქვს  ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება ან გააჩნია იურიდიული მისამართი, ცენტრალური ადმინისტრაცია ან საქმიანობის ძირითადი ადგილი;  ბ.დ) ჯამური შემოსავალი, რომელიც საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელმა აუდიტორებმა ან აუდიტორულმა ფირმებმა, რომლებიც ქსელის წევრები არიან, მიიღეს საანგარიშგებო პერიოდში ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტის შედეგად; გ) აუდიტორული ფირმის მმართველობის სტრუქტურის აღწერა; დ) აუდიტორული ფირმის შიდა ხარისხის მართვის სისტემის აღწერა და ადმინისტრაციული ან მმართველი ორგანოს განცხადება მისი ფუნქციონირების ეფექტიანობაზე; ე) სამსახურის მიერ ბოლო ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების  თარიღი; ვ)  სდპ-ების დასახელება, რომელსაც ის უწევდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტს  საანგარიშგებო პერიოდის  განმავლობაში; ზ) განცხადება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა  აუდიტორული ფირმის მიერ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ჩატარდა დამოუკიდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შიდა მონიტორინგი; თ) განცხადება იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ახორციელებს აუდიტორული ფირმა იმ აუდიტორთა (გარიგების პარტნიორთა) განგრძობით განათლებასთან დაკავშირებით, რომლებიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებენ/გააჩნიათ აღნიშნული უფლებამოსილება; ი) ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში პარტნიორების ანაზღაურების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ; კ) აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის პოლიტიკის აღწერა, რომელიც ეხება გარიგების პარტნიორებისა და სხვა საკვანძო პერსონალის როტაციას ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად; ლ) ინფორმაცია  აუდიტორული ფირმის შემოსავლის შესახებ, რომელიც დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:  ლ.ა) სდპ-ების, ასევე ისეთ საწარმოთა ჯგუფში შემავალი  სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან მიღებული შემოსავლები, რომელთა მშობელი საწარმო არის სდპ;  ლ.ბ) ამ პუნქტის ,,ლ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულის გარდა სხვა პირთა ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან მიღებული შემოსავლები;  ლ.გ) აუდიტორული ფირმის მიერ  აუდიტირებული სუბიექტისათვის, მისი მშობელი საწარმოსათვის ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოსათვის, კანონის 14​1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაშვებული, არააუდიტორული მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;    ლ.დ) არააუდიტორული მომსახურების გაწევით მიღებული სხვა შემოსავლები; მ) სამსახურის მიერ აუდიტორული ფირმის მიმართ იმავე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში გამოცემული გადაწყვეტილებები სანქცირების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი გამომწვევი მიზეზები. 2. აუდიტორული ფირმა თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამჭვირვალობის შესახებ წლიურ ანგარიშში  ასახვის ვალდებულებისაგან, თუ ინფორმაცია გამჟღავნებულია მის ფინანსურ ანგარიშგებაში/კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში და გამოქვეყნებულია სამსახურის ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge). 3. გამჭვირვალობის ანგარიში შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. გამჭვირვალობის შესახებ წლიურ ანგარიშს ხელს აწერს აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.  4. დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი  6🔗. გარდამავალი დებულება ამ წესის ამოქმედებიდან, გამჭვირვალობის ანგარიშის  პირველად, 2025 წელს გასაჯაროვების მიზნებისთვის,  აუდიტორულმა ფირმებმა: ა) რომელთა საანგარიშგებო პერიოდი დასრულდა 2024 წლის  31 დეკემბრის ჩათვლით, გამჭვირვალობის ანგარიში გაასაჯაროონ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ნოემბრისა; ბ) რომელთა საანგარიშგებო პერიოდი დასრულდა/დასრულდება 2025 წლის 1 იანვრიდან – 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, გამჭვირვალობის ანგარიში გაასაჯაროონ არაუგვიანეს 2026 წლის  1 იანვრისა; გ) რომელთა საანგარიშგებო პერიოდი დასრულდება 2025 წლის 1 ივლისიდან -  30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, გამჭვირვალობის ანგარიში გაასაჯაროონ არაუგვიანეს 2026 წლის 1 აპრილისა.