ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის
გადაწყვეტილება
საქმეზე „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N39503/17)
მუხ.3 და მუხ.5 (პროცედურული და მატერიალური) • საქართველოს მიერ ეფექტური გამოძიების ჩატარების წარუმატებლობა, აზერბაიჯანის მოქალაქის გატაცების, მის მიმართ ცუდი მოპყრობისა და საქართველოდან აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის ბრალდებებზე და, რომ ისინი დაკავშირებული იყო მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან • გამოძიების ხარვეზების გათვალისწინებით, შეუძლებელია საკმარისად დარწმუნებით დადგინდეს მომჩივნის საქართველოდან გაუჩინარება და აზერბაიჯანში ხელახალი გამოჩენა • სასამართლომ ვერ დაასკვნა „გონივრულ ეჭვს მიღმა“, რომ სავარაუდო ქმედებები მოხდა საქართველოს ხელისუფლების (აქტიური ან პასიური) მონაწილეობით ან თანხმობით
მუხ. 5 § 1 • თავისუფლების აღკვეთა • სასამართლომ ვერ დაადგინა მომჩივნის დაკავებისა და თავდაპირველი დაპატიმრების უკანონობა აზერბაიჯანში მოსამართლის წინაშე წარდგენამდე • მუხ. 5 § 3 • წინასწარი პატიმრობის გონივრულობა • აზერბაიჯანის სასამართლოებმა არ წარმოადგინეს „შესაბამისი“ და „საკმარისი“ მიზეზები მომჩივნის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის გასამართლებლად
მუხ. 8 • პირადი ცხოვრება • მიმოწერა • მომჩივნის მობილური ტელეფონის ჩხრეკა აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოების მიერ, სასამართლო ნებართვის გარეშე და „კანონის შესაბამისად“ სასამართლო განხილვის გარეშე
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.
სტრასბურგი
05.09.2024
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.
საქმეზე „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“,
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ პალატამ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
მატიას გუიომარი, თავმჯდომარე
ლადო ჭანტურია
კარლო რანზონი,
ლატიფ ჰუსეინოვი,
მარია ელოსეგუი,
კატერინა შიმაჩკოვა,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N39503/17) აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქის, ბ-ნი აფგან საბირ ოღლუ მუხთარლის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ 2017 წლის 3 ივნისს;
გადაწყვეტილება აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებისთვის (შემდგომში „მთავრობები“) საჩივრების შეტყობინების შესახებ, კონვენციის მე-3, მე-5 §§1 (c) და მე-4, მე-8, მე-10, მე-13 და მე-18 მუხლებისა და მე-4 ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად და საჩივრების დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;
მოპასუხე მთავრობების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მომჩივნის საპასუხო მოსაზრებები;
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კომენტარები: ეს ორგანიზაციებია: „ფრიდომ ნაუ“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“;
2024 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის დახურული თათბირების შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საქართველოსთან დაკავშირებით, საჩივარი ეხება მომჩივნის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ ცუდ მოპყრობას და იძულებით გადაყვანას აზერბაიჯანში და შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ამ კუთხით ეფექტური გამოძიების ჩატარების წარუმატებლობას. აზერბაიჯანთან დაკავშირებით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება იქ იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მისი საქართველოდან გატაცება და შემდგომ აზერბაიჯანში დაკავება მიზნად ისახავდა მის გაჩუმებას და დასჯას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-3 მუხლს, მე-5 მუხლის 1(c)-ელ, მე-3 და მე-4 პუნქტებს, მე-8, მე-10, მე-13 და მე-18 მუხლებს, მე-4 ოქმის მე-2 მუხლს და მე-7 ოქმის 1-ელ მუხლს.
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1974 წელს და ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. მას წარმოადგენდნენ ბ-ნი ნ. ლეგაშვილი და ბ-ნი ა. ჩოფიკაშვილი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში და ბ-ნი ე. სადიგოვი და ქ-ნი ზ. სადიგოვა, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ აზერბაიჯანში.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი. აზერბაიჯანის მთავრობას წარმოადგენდა თავიანთი წარმომადგენელი ბ-ნი ჩ. ასკეროვი
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით:
I. ზოგადი ინფორმაცია
5. მომჩივანი არის გამომძიებელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანში მუშაობდა რამდენიმე მედიასაშუალებაში, მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, და ცნობილი იყო აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკული ჟურნალისტური გაშუქებით. 2009 წელს მას სავარაუდოდ სცემა პოლიციამ ბაქოში მანიფესტაციის დარბევის დროს (იხ. საქმე Haji and Others v. Azerbaijan [Committee], no. 3503/10, §§ 26-31 და 172, 177-180, 2020 წლის 1 ოქტომბერი). 2011 წელს მას მსჯავრი დადეს ქალაქში მორიგ მანიფესტაციაში მონაწილეობისთვის (იხ. საქმე Mukhtarli and Aslanli v. Azerbaijan [Committee], nos. 13509/12 და 64801/12, §§ 2-5 და 15-26, 2023 წლის 2 მარტი).
6. 2015 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სავარაუდო დევნის გამო, მომჩივანი და მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადავიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს. საქართველოში ყოფნისას ის აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა მედიასაშუალებაში და აშუქებდა აზერბაიჯანის მთავრობაში არსებულ მაღალი დონის კორუფციას.
II. მომჩივნის სავარაუდო გატაცება საქართველოში და იძულებით გადაყვანა აზერბაიჯანში
A. მომჩივნის განმარტება
7. 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, როდესაც მომჩივანი სახლში მიდიოდა ფეხით, თბილისში, ნიაღვრის ქუჩაზე მდებარე თავისი ბინისკენ, ის გააჩერა ქართულად მოლაპარაკე ოთხმა უცნობმა მამაკაცმა, რომლებიც ვერცხლისფერი, „ოპელის“ მარკის ავტომობილს; სამ მათგანს ეცვა ფორმის ტანსაცმელი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს კრიმინალურ პოლიციას ეკუთვნოდა. მამაკაცებმა მომჩივანი მანქანაში ძალით ჩასვეს, ხელბორკილები დაადეს და ცემა დაუწყეს. მომჩივნის თანახმად, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით წაიყვანეს; მანქანა აეროპორტს გასცდა და მოძრაობა განაგრძო საგარეჯოს მიმართულებით (აღმოსავლეთი საქართველო, კახეთი). როგორც კი მანქანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გასცდა, მომჩივანს თვალები აუხვიეს. მათ ორჯერ გამოიცვალეს სატრანსპორტო საშუალება. ბოლო მანქანაში რადიოში აზერბაიჯანული სიმღერა უკრავდა და მომჩივანი მიხვდა, რომ ის აზერბაიჯანელებს გადასცეს სახელმწიფო საზღვართან. ეს მამაკაცები ყოველ ხუთ-შვიდ წუთში ტელეფონით აწვდიდნენ ინფორმაციას ადამიანს, რომელსაც „ბატონ გენერალს“ ეძახდნენ.
8. იმავე დღეს, დაახლოებით 22:40 საათზე ისინი მივიდნენ გაურკვეველ დანიშნულების ადგილზე და მომჩივანი გადაიყვანეს ოთახში, სადაც მას თვალების ასახვევი ნაჭერი მოხსნეს. მან კედლებზე დაინახა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინსიგნია და მიხვდა, რომ ის დააკავეს ამ სამსახურის სამხედრო ნაწილში, ბელაქანის რეგიონში. სამხედრო მოსამსახურეებმა უთხრეს მომჩივანს, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და, რომ მათ მის ჯიბეში აღმოაჩინეს 10000 ევრო ნაღდი ფული. ის ამტკიცებდა, რომ ფული მას არ ეკუთვნოდა. ის ასევე გაჩხრიკეს და ამოიღეს მობილური ტელეფონი, ქართული საბანკო და სატრანსპორტო ბარათები და რამდენიმე ქართული მონეტა. მომჩივანს თან არ ჰქონდა საერთაშორისო პასპორტი.
B. საქართველოს მთავრობის განმარტება
9. სავარაუდო მოვლენების რაიმე ვერსიის წარმოდგენის გარეშე, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი და არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით.
C. აზერბაიჯანის მთავრობის განმარტება
10. აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით 22:40 საათზე, ბელაქანის რაიონში დისლოცირებული სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის N 2007 სამხედრო ნაწილის მეექვსე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლებმა, პატრულირებდნენ რა შესაბამის სასაზღვრო მონაკვეთზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარედ, შენიშნეს საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით მოძრავი მომჩივანი. ოფიცრები დაელოდნენ მომჩივნის მიახლოებას და შემდეგ უბრძანეს შეჩერებულიყო. მომჩივანმა გაქცევა სცადა, მაგრამ ერთ-ერთი ოფიცერი მას დაედევნა. როდესაც ოფიცერი მომჩივანთან მივიდა, მომჩივანმა მუშტი დაარტყა მკერდში, რის შედეგადაც ოფიცერი დაეცა, თავი დაარტყა ბლაგვ საგანს და დაკარგა გონება. ამის შემდეგ მომჩივანი დააკავა სხვა ოფიცერმა და გადაიყვანა სასაზღვრო პუნქტში, სადაც ის ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს ეჭვის ნიადაგზე, რომ მან ჩაიდინა სასაზღვრო რეჟიმის რეგულაციების ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
11. იმავე დღეს მომჩივანი გადაიყვანეს ბაქოში, სადაც მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სხვადასხვა ბრალდებით (იხ. პარაგრაფები 81-95 ქვემოთ).
D. საქართველოს ხელისუფლების ორგანოების რეაქცია მომჩივნის ბრალდებებზე
12. მომჩივნის ბრალდებებმა, რომლებიც პირველად მისმა ადვოკატმა უკვე 2017 წლის 31 მაისს გააჟღერა (იხ. პარაგრაფი 22ქვემოთ), გამოიწვია საზოგადოების რეაქცია რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოში.
13. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მომჩივნის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მოკლე კომენტარში თქვა, რომ ბრალდებები საფუძვლიანად გაანალიზებას საჭიროებს, რადგან „საქართველოს ტერიტორიიდან პირის გაუჩინარება – იქნება ეს ზღვით, ჰაერით თუ ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქსა თუ ქვეყნის საზღვართან – არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტისათვის. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ „არ უნდა ვიჩქაროთ რაიმე დასკვნების გაკეთება“ და, რომ მომჩივნის დაკავების აზერბაიჯანული ოფიციალური ვერსია, რომ ის დააკავეს „მწვანე საზღვრის“ გადაკვეთისას, გადამოწმებას საჭიროებს.
14. 2017 წლის 1 ივნისს საქართველოს პრემიერ‑მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა „ყველაფერი გაეკეთებინათ საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად“. მან ასევე აღნიშნა, რომ „სპეკულაციები“ აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომჩივნის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია და, რომ ის გამორიცხავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობას ნებისმიერ ასეთ საქმიანობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „ადამიანის მიერ [სახელმწიფო საზღვრის] გადაკვეთის ალბათობა ნებისმიერ სექტორში, მესაზღვრეების გვერდის ავლით, დაბალია, თუმცა ის ჯერ კიდევ არსებობს“. მან ასევე განაცხადა, „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არავითარი კავშირი არ აქვთ და არ შეიძლება ჰქონდეთ საქმის [მომჩივნისეულ] ვერსიასთან“.
E. აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების რეაქცია მომჩივნის ბრალდებებზე
15. 2017 წლის ივნისის დაუზუსტებელ თარიღში, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა, ე.ნ.-მა, მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომჩივნის დაკავება და გადაყვანა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის სადაზვერვო სამსახურებს შორის თანამშრომლობის შედეგი.
16. 2017 წლის 13 ივნისს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ ე.ნ.-ის მიერ მედიასთან აზერბაიჯანისა და საქართველოს სადაზვერვო სამსახურებს შორის სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ, მომჩივნის თბილისში დაკავებასთან და მის შემდგომ აზერბაიჯანისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ტყუილი იყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოები არ თანამშრომლობდნენ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ან სადაზვერვო სამსახურებთან მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებით და მსგავსი მოთხოვნაც არ გაუკეთებია ქართულ მხარეს. მასში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე, მომჩივანი დააკავეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, როდესაც ის უკანონოდ კვეთდა სახელმწიფო საზღვარს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
III. მომჩივნის სავარაუდო გატაცების გამოძიება საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, ცუდი მოპყრობა და იძულებითი გადაყვანა აზერბაიჯანში
A. სისხლისსამართლებრივი საჩივარი, რომელიც ეხება მომჩივნის სავარაუდო გაუჩინარებას
17. 2017 წლის 30 მაისს მომჩივნის მეუღლემ, ლ.მ.-მა, პოლიციას წერილით აცნობა ქმრის გაუჩინარების შესახებ. წერილში მან განმარტა, რომ მან წინა საღამო თავის აზერბაიჯანელ მეგობართან, დ.ა.-სთან ერთად, თბილისში გაატარა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში. დაახლოებით 19:00 საათზე მან დაურეკა მას დ.ა.-ის მობილური ტელეფონით და უთხრა, რომ სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ის გაუჩინარებული იყო.
18. იმავე დღეს ადვოკატმა, რომელიც მოქმედებდა ლ.მ.-ის სახელით, მისწერა წერილი პოლიციას და მოითხოვა, დაედგინათ მომჩივნის ადგილსამყოფელი. მან აღნიშნა, რომ ბოლოს მომჩივანი ესაუბრა თავის მეუღლეს 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე. მან მას დაურეკა მეგობრის მობილური ტელეფონის გამოყენებით, რადგან თავისი მობილურის ბატარეა დაუჯდა. ადვოკატმა ასევე მიაწოდა მომჩივნის მობილური ტელეფონის ნომერი და აღნიშნა, რომ ბოლოს ის ჩართული იყო (WhatsApp-ის მიხედვით) 2017 წლის 30 მაისს, 01:32 საათზე. იმავე წერილში ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი გაუჩინარების წინა პერიოდში მომჩივანს აედევნენ უცნობი პირები და, რომ მან ამ კუთხით საჯარო პოსტიც კი დადო თავის პირად ფეისბუკ-ანგარიშზე.
B. გამოძიების დაწყება თბილისის პოლიციის განყოფილების მიერ
19. 2017 წლის 30 მაისს მომჩივნის გაუჩინარების გარემოებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად (სისხლის სამართლის დანაშაული, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების მიერ. მომჩივნის ცოლი დაუყოვნებლივ იქნა გამოკითხული მისი ადვოკატისა და თარჯიმნის თანდასწრებით. მან დაადასტურა, რომ ბოლოს ქმართან კომუნიკაცია დაახლოებით 19:00 საათზე ჰქონდა, 2017 წლის 29 მაისს. მისი ჩვენების თანახმად, მან დაურეკა მას მეგობრის, დ.ა.-ის, მობილური ტელეფონით და უთხრა, რომ სახლში მიდიოდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ მან სცადა მასთან დაკავშირება თავის მობილურ ტელეფონზე, მაგრამ ის გამორთული იყო. მეორე დილით, როცა გაიაზრა, რომ ქმარი სახლში არ იყო, დაურეკა დ.ა.-ს მომჩივნის ადგილსამყოფლის დასადგენად. საპასუხოდ, მან მას უთხრა, რომ მას არ უნახავს მომჩივანი წინა დღეს კაფეში მათი შეხვედრის შემდეგ.
20. გამოკითხვის დროს ლ.მ.-მა ასევე უთხრა გამომძიებელს, რომ მისმა ქმარმა ცოტა ხნის წინ უთხრა მას, რომ რამდენიმე უცნობი პირი უთვალთვალებდა.
21. იმავე დღეს გამომძიებელმა გამოჰკითხა დ.ა. და რ.შ., მომჩივნის ორი მეგობარი, რომლებთანაც მან გაატარა 2017 წლის 29 მაისის საღამო გაუჩინარებამდე. ორივემ თქვა, რომ ისინი შეხვდნენ მომჩივანს დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, კაფეში „ჩვენი გემო“. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ რ.შ. წავიდა, ხოლო დ.ა. და მომჩივანი დარჩნენ დაახლოებით 19:00 საათამდე. შემდეგ მათაც დატოვეს კაფე და წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. მომჩივანი, დ.ა.-ის ჩვენების თანახმად, გეგმავდა სახლში წასვლას.
22. მეორე დღეს ლ.მ.-ის ადვოკატმა ასევე უთხრა პოლიციას, რომ მომჩივანი აშკარად გაიტაცეს და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში.
23. 2017 წლის 1 ივნისის წერილით ადვოკატმა პოლიციას მიაწოდა დამატებითი დეტალები მომჩივნის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით – ინფორმაცია, რომელიც, მისი თქმით, მან მიიღო აზერბაიჯანიდან. როგორც წერილში დეტალურად არის აღწერილი, 2017 წლის 29 მაისს მომჩივანი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ჩვენი გემოდან“ გამოსვლის შემდეგ, მიკროავტობუსით წავიდა თბილისში, ნიაღვრის ქუჩაზე მდებარე მისი საცხოვრისის მიმართულებით. ის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა სასტუმრო „ასტორიასა“ და „საქართველოს ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცოტა ხნის ფეხით სიარულის შემდეგ მარჯვნივ შეუხვია, ნიაღვრის ქუჩაზე, სადაც მას მაშინვე მიუახლოვდა ქართულად მოლაპარაკე ორი მამაკაცი. მათ ის ძალით ჩასვეს „ოპელის“ მარკის ავტომობილში, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და თავზე ჩანთა ჩამოაცვეს. გარკვეული დროის განმავლობაში ასე მიდიოდნენ, სანამ მას სხვა ავტომობილში და, საბოლოოდ, აზერბაიჯანში გადაიყვანდნენ. ინფორმაციის თანახმად, რომელიც ლ.მ.-მ მიიღო, მომჩივანი ნაცემი იყო და დაექვემდებარა სხვა სახის არაადამიანურ მოპყრობას მისი გატაცებისას; შედეგად, მას დიდი ალბათობით ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები.
24. ამ წერილში ადვოკატი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს სთხოვდა (i) მიეცათ მისთვის წვდომა საქმის საგამოძიებო მასალებზე, (ii) ამოეღოთ სასტუმრო „ასტორიასა“ და „საქართველოს ბანკის“ ზემოაღნიშნული ფილიალის გარეთ არსებული სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა და (iii) გამოეკითხათ მომჩივნის ცოლი.
25. ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც შემდგომში ჩაატარა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ, შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:
1. მოწმეთა გამოკითხვა
26. 2017 წლის 31 მაისს მთავარმა გამომძიებელმა გამოჰკითხა კაფე „ჩვენი გემოს“ მფლობელი, რომელშიც მომჩივანი იმყოფებოდა 2017 წლის 29 მაისს. ჩვენების თანახმად, კაფეს მეპატრონე მომჩივანს იცნობდა, რადგან ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირად სტუმრობდა მის დაწესებულებას. განსახილველ დღეს ის კაფეში ორ სხვა ადამიანთან ერთად მივიდა დაახლოებით 14:00 საათზე. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უკვე ოცდაათ წლამდე იყო, კაფეს მეპატრონისთვის უცხო იყო, რადგან პირველად ნახა იმ დღეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კაფე დატოვა. რაც შეეხება მეორე პირს, რომელიც მომჩივანზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, კაფეს მეპატრონე მას იცნობდა, რადგან ის მანამდე ერთხელ უკვე იყო კაფეში მომჩივანთან ერთად. კაფეს მეპატრონის თანახმად, მათ ორივემ კაფე დატოვეს 17:00 საათსა და 18:00 საათს შორის დროის მონაკვეთში. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მეპატრონემ განმარტა, რომ კაფეს შიგნით და გარეთ არ იყო დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. იმავე დღეს გამომძიებელმა დაათვალიერა კაფე და მისი შემოგარენი და გადაიღო სხვადასხვა ფოტომასალა.
27. 2017 წლის 2 ივნისს კაფეს მეპატრონე ხელახლა იქნა გამოკითხული. მისი თავდაპირველი ჩვენების დადასტურებისას მან დაამატა, რომ, როცა ბოლოს ნახა მომჩივანი (ზემოხსენებული ორი სხვა პირის კომპანიაში), 2017 წლის 29 მაისს, მას არაფერი საეჭვო არ შეუნიშნავს. სამივე ჩუმად საუბრობდა და სვამდა ჩაის. ამ დროის განმავლობაში კაფეში სხვა პირი არ შესულა. მესაკუთრემ ასევე განაცხადა, რომ მომჩივანმა მან დატოვა კაფე დაახლოებით 19:00 საათზე, მაგრამ არ დაუნახავს, თუ რა მიმართულებით წავიდა ის. გამომძიებელმა ასევე გამოჰკითხა კაფეს ორი თანამშრომელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნახეს მომჩივანი ორ სხვა პირთან ერთად 2017 წლის 29 მაისს. მათ აღნიშნეს, რომ იმ დღეს ვერაფერი შენიშნეს საეჭვო ან უჩვეულო, რომ სამი კაციდან ყველაზე უმცროსმა დატოვა კაფე დანარჩენ ორზე ადრე და, რომ მომჩივანი წავიდა დაახლოებით 19:00 საათზე.
28. იმავე დღეს გამოიკითხა 28 ადამიანი – მათ შორის, სამი ტაქსის მძღოლი, მახლობლად მდებარე ავტოსადგომის ხუთი თანამშრომელი, რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე და გარე წიგნის გამყიდველები და სასურსათო მაღაზიებისა და რესტორნების რამდენიმე თანამშრომელი იმ სამეზობლოში, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს. ყველამ განაცხადა, რომ 2017 წლის 29 მაისს არ უნახავთ ან გაუგონიათ რაიმე საეჭვო ან უჩვეულო.
29. განსახილველი ტერიტორიიდან ადამიანების გამოკითხვა გაგრძელდა 2017 წლის 3, 6 და 7 ივნისს. კიდევ 25 მოწმე გამოიკითხა მომჩივნის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ იმ დღეს ტერიტორიაზე რაიმე სახის დაპირისპირების ან რაიმე საეჭვო ან უჩვეულო მოვლენის მომსწრე არ ყოფილან.
30. 2017 წლის 3 ივნისს გამომძიებელმა გამოჰკითხა მომჩივნის ცოლი. მიუთითა რა აზერბაიჯანში მომჩივნის ადვოკატთან, ო.კ.-სთან, სატელეფონო საუბარზე, მან გაიმეორა მოვლენების თავდაპირველი ვერსია და პოლიციას მიაწოდა დამატებითი დეტალები მომჩივნის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ ჩვენების თანახმად, 2017 წლის 29 მაისს კაფედან გამოსვლის შემდეგ მომჩივანი ავიდა მიკროავტობუსში №4 ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. ის მიკროავტობუსიდან ამ ქუჩაზე ჩამოვიდა, ადგილობრივი პარკის კუთხეში და იმავე მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა, სანამ მარჯვნივ, ნიაღვრის ქუჩაზე შეუხვევდა. იქ ის ოთხმა მამაკაცმა გააჩერა, რომელთაგან სამს ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმის ტანსაცმელი ეცვა. ოთხივე ლაპარაკობდა ქართულად. მან სცადა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, რის შედეგადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის იძულებით ჩასვეს „ოპელის“ მარკის ავტომობილში, რომლის ფერი და სანომრე ნიშანი არ ახსოვდა. ის ბარათაშვილის ხიდის, მეტროსადგურ „300 არაგველისა“ და ე.წ. „აეროპორტის გზის“ გავლით, თბილისის გარეთ, კახეთის რეგიონის (აღმოსავლეთ საქართველოში) მიმართულებით წაიყვანეს. ჩვენების თანახმად, თბილისიდან გასვლის შემდეგ მომჩივანს თავზე ჩანთა ჩამოაცვეს. მგზავრობისას მან მოისმინა მამაკაცის ზარები მობილურზე და, როგორც ჩანს, ანგარიშს აბარებდა ვიღაცას ქართულ ენაზე.
31. 2017 წლის ივნისის სხვადასხვა თარიღში გამომძიებლებმა გამოჰკითხეს 22 მძღოლი, რომლებიც მუშაობდნენ N4 მიკროავტობუსის ხაზზე. ყველამ აღნიშნა, ერთი მძღოლის გარდა, რომელიც არ მუშაობდა 2017 წლის 29 მაისს, რომ არ ახსოვდათ მომჩივნის ჩაჯდომა თავიანთ მიკროავტობუსში და, რომ მათ არ შეუნიშნავთ რაიმე უჩვეულო ან საეჭვო მოვლენა იმ დღეს.
32. იმავე პერიოდში გამოძიებამ გამოჰკითხა 87 მოწმე იმ სამეზობლოდან, რომელშიც მომჩივანი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 2015 წლიდან. იმ რამდენიმე პირის გარდა, რომლებიც 2017 წლის 29 მაისის საღამოს არ იმყოფებოდნენ სახლში, ყველა მათგანმა მისცა ჩვენება, რომ მათ არ უნახავთ ან არ გაუგონიათ რაიმე უჩვეულო ან საეჭვო მოვლენა იმ დღეს სამეზობლოში.
33. 2017 წლის 12 ივნისს გამომძიებელმა გამოჰკითხა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის 8 თანამშრომელი. მათ აღნიშნეს, რომ მათი სტანდარტული სამუშაო საათები იყო 10:00-დან 17:30 საათამდე და, რომ ყველა მათგანი მუშაობდა 2017 წლის 29 მაისს, მათგან, სულ მცირე, ოთხი დარჩა ოფისში 19:00 საათამდე. არცერთ მათგანს არ ახსენდება იმ დღეს რაიმე უცნაური ან საეჭვო მოვლენა.
34. 2017 წლის 11-18 ივლისს გამომძიებელმა გამოჰკითხა „ოპელის“ მარკის 7 ავტომობილის მძღოლი, რომლებიც მოხვდნენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების სხვადასხვა კადრებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ გაიტაცეს მომჩივანი 2017 წლის 29 მაისის საღამოს. მათგან ოთხი აღმოჩნდა, რომ იყო ტაქსის მძღოლი, ერთი – თბოტექნიკოსი, ხოლო ბოლო ორი – იურისტი და პოლიციელი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს არ ახსოვდა ზუსტი მიზეზი, რის გამოც მართავდნენ შესაბამის ტერიტორიაზე 2017 წლის 29 მაისის საღამოს, ყველა მათგანმა თქვა, რომ არ იცნობდნენ მომჩივანს და არ ჰქონდათ რაიმე კავშირი მის შესაძლო გატაცებასთან. პოლიციელმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ განსახილველ საღამოს ის მანქანით მიდიოდა ბაღში შვილის გამოსაყვანად. მისი განცხადება შემდგომში დაადასტურეს მისმა მეუღლემ და აღნიშნული საბავშვო ბაღის დირექტორმა, რომლებიც გამოიკითხნენ, 2017 წლის 13 და, შესაბამისად, 20 ივლისს.
35. თბილისში პოტენციური მოწმეების გამოკითხვის პარალელურად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან (შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება) აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთებთან დაკავშირებით (ტერიტორია, სადაც მომჩივანი დააპატიმრეს, აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების თანახმად, იხ. პარაგრაფი 10 ზემოთ) და მესაზღვრეები, რომლებიც 2017 წლის 29-30 მაისის ღამეს მსახურობდნენ და პატრულირებდნენ სახელმწიფო საზღვრის შესაბამის მონაკვეთებზე. მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, 2017 წლის ივნის-ივლისში გამოკითხული იქნა 73 მესაზღვრე ოთხი სხვადასხვა სასაზღვრო მონაკვეთიდან, რომლებიც იმ ღამეს პატრულირებდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. „მწვანე საზღვარზე“ (დაახლოებით 100 კმ სიგრძის). მათი აღწერის თანახმად, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი „მწვანე საზღვრის“ მონაკვეთი მოიცავდა 5 კმ სიგანის სასაზღვრო ზონას და 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ხაზს. ტერმინი „მწვანე“ საზღვარი მიუთითებდა, რომ საზღვრის ამ მონაკვეთზე არ არსებობდა სასაზღვრო გამტარი პუნქტები და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ხალხის საქართველოდან კანონიერად გასვლა და აზერბაიჯანში შესვლა ტერიტორიის ამ მონაკვეთის გავლით. სასაზღვრო ზოლზე წვდომა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა, რომლებსაც სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა ჰქონდა. ამ მონაკვეთზე საზღვარი გადიოდა მდინარის გასწვრივ, რაც ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ფეხით, წყალზე გადასვლით. „მწვანე“ სასაზღვრო ზონაში არ იყო მანქანების გამშვები პუნქტი; ამდენად, „მწვანე“ საზღვრის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალებით შეუძლებელი იყო. საზღვრის სახმელეთო ნაწილის გასწვრივ მავთული იყო გადაჭიმული.
36. ყველა მესაზღვრემ, რომლებიც გამოიკითხა მომჩივნის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ იმ დღეს არანაირი ინციდენტი არ მომხდარა იმ მონაკვეთებზე, სადაც ისინი პატრულირებდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სატრანსპორტო საშუალებების გარდა, სასაზღვრო ზონაში არცერთი უცხო მანქანა არ შესულა მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და საზღვრის გადაკვეთის მცდელობა არ დაფიქსირებულა.
2. სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალის ამოღება და შემოწმება
37. 2017 წლის 1 და 2 ივნისს მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა გამოჰკითხა იმ ექვსი ბიზნესსაქმიანობის წარმომადგენლები, რომლებიც მდებარეობდა ბარათაშვილის (სადაც კაფე მდებარეობდა) და რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე და აღჭურვილი იყო გარე სათვალთვალო კამერებით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ტექნიკის მაღაზია („ალტა“), აფთიაქი, ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა და ორი პატარა მაღაზია. ისინი ყველა დათანხმდნენ, რომ გამოძიებას მიაწოდებდნენ მათი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების ასლებს, რომელიც მოიცავდა განსახილველ პერიოდს. 2017 წლის 6 ივნისს გამომძიებელმა, სასამართლოს ნებართვის მოპოვების შემდეგ, ამოიღო ვიდეოკადრები სამი ბიზნესისსაქმიანობის კამერებიდან. შეუძლებელი შეიქნა ორი პატარა მაღაზიიდან და ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლიდან სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების მოპოვება, რადგან მათი უსაფრთხოების სამსახურის უფროსებისთვის უცნობი ტექნიკური მიზეზების გამო, შესაბამისი დროის კადრები არ იყო შენახული მათ შესაბამის ციფრულ ვიდეოსისტემებში.
38. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან მოპოვებული ვიდეოჩანაწერების გაანალიზების შემდეგ, 2017 წლის 8 ივნისს გამომძიებელმა შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნა, რომ მან ამოიცნო მამაკაცი თეთრ პერანგში, რომელიც 19:24 საათზე ჩაჯდა ყვითელ, N4 მიკროავტობუსში თავისუფლების მოედნის მიმართულებით. 2017 წლის 14 ივნისს მან ხელახლა სცადა ვიდეოჩანაწერების ყურება მომჩივნის ადვოკატის თანდასწრებით, მაგრამ, როგორც შემდგომში დასკვნაში იქნა აღნიშნული, რომ მათ ვერ შეძლეს შესაბამისი DVD-ფაილის გახსნა, ტექნიკური მიზეზების გამო. 2017 წლის 16 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა – საბოლოოდ უყურა რა იმავე ვიდეოჩანაწერებს – დაადასტურა, რომ ვიდეოში წარმოდგენილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მომჩივანი იყო. ამ ვიდეოჩანაწერებში ადვოკატმა ასევე შენიშნა შავ კოსტიუმში ჩაცმული პირი, რომელიც, სავარაუდოდ, უყურებდა მომჩივანს მიკროავტობუსში ასვლისას; ადვოკატმა გამომძიებელს მისი ვინაობის დადგენა მოსთხოვა. 2017 წლის 12 ივლისს იყო ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერების ხელახლა გამოკვლევის მცდელობა, ლ.მ.-ისა და მომჩივნის ადვოკატის მონაწილეობით; თუმცა, DVD-ფაილი არ გაიხსნა. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით „ტექნიკური მიზეზით შეუძლებელი აღმოჩნდა DVD-ზე შენახული ფაილის გახსნა; კერძოდ, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის შემთხვევაში, ფაილის შემოწმება შეუძლებელი იყო“.
39. იმავდროულად, გამომძიებელმა ასევე შეისწავლა ტექნიკის მაღაზია „ალტადან“ და აფთიაქიდან მოპოვებული ვიდეოჩანაწერები (იხ., პარაგრაფი 37 ზემოთ). აფთიაქიდან ამოღებულმა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებმა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ გამოავლინა. რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიას, ვიდეოჩანაწერის შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში გამომძიებელმა აღნიშნა მამაკაცი თეთრ პერანგში, რომელიც ყვითელ მიკროავტობუსში ავიდა 19:22 საათზე. 2017 წლის 12 ივლისს ლ.მ.-მ ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერების ყურებისას დაადასტურა, რომ თეთრ პერანგში ჩაცმული მამაკაცი, დიდი ალბათობით, მისი ქმარი იყო.
40. შემდგომში სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები მოპოვებულ იქნა კიდევ ხუთი ბიზნესსაქმიანობიდან, რომლებიც განლაგებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს. ამ ვიდეოჩანაწერების შესწავლამ, საქმის მასალების შესაბამისი დასკვნების მიხედვით, ახალი ინფორმაცია არ წარმოადგინა.
41. გამომძიებელი ასევე ცდილობდა, მოეპოვებინა ვიდეოჩანაწერები საგზაო მოძრაობის სამი კამერიდან, რომლებიც განთავსებული იყო ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩის უშუალო სიახლოვეს (სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს). 2017 წლის 2 ივნისს გამომძიებელს თბილისის საპატრულო პოლიციის მსგავს საკითხებზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა განუცხადა, რომ 2017 წლის 29 მაისს შესაბამისი კამერები არ მუშაობდა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელმა კონკრეტულ კითხვაზე პასუხად უბრალოდ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე კამერები ტექნიკური მიზეზების გამო მწყობრიდან იყო გამოსული 2017 წლის 21 მაისიდან. 2017 წლის 24 ივნისს კიდევ ერთი პოლიციელი გამოიკითხა სხვა საგზაო მოძრაობის კამერებთან დაკავშირებით, რომლებიც განლაგებულია იმ გზის გასწვრივ, რომელიც სავარაუდოდ გაიარეს მომჩივანმა და მისმა გამტაცებლებმა თბილისში. პოლიციელის თანახმად, ამ გზის გასწვრივ დამონტაჟებული ორმოცამდე საგზაო მოძრაობის კამერა ან გამორთული იყო, ან არ იწერდა კადრებს აღნიშნულ პერიოდში, მათ შორის, ოთხი კამერა – ბარათაშვილის ხიდზე, სამი კამერა – ბარათაშვილის ფერდობზე და რვა კამერა – ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სხვა საგზაო მოძრაობის კამერები, პოლიციელის თანახმად, პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მაგრამ არ იწერდა.
42. 2017 წლის 14 ივნისს გამომძიებელმა წერილობით მიმართა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორს და მოითხოვა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების ასლები, რომლებიც მდებარეობდა სასაზღვრო გამტარი პუნქტის „ცოდნა/ლაგოდეხის“ გარე პერიმეტრზე (აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონთან ყველაზე ახლოს, სადაც მომჩივანი სავარაუდოდ დააკავეს და, რომელიც ერთადერთია საქართველოს ლაგოდეხის რაიონში) 2017 წლის 29 მაისის 18:00 საათიდან 2017 წლის 30 მაისის 06:00 საათამდე პერიოდში. 2017 წლის 16 ივნისს პასუხისმგებელი დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა, რომ ვიდეოჩანაწერების მოძიება და ამოღება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ „ვიდეოთვალთვალის სისტემის ჩამწერი სისტემა“ არ ფუნქციონირებდა. 2017 წლის 20 ივნისს იდენტური მოთხოვნა გაეგზავნა, ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამ უკანასკნელმა მოთხოვნილი კადრები მოამზადა 2017 წლის 2 ივლისს. შემდგომში, საგამოძიებო ორგანოებმა გამოჰკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომელი, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერების მოპოვებას 2017 წლის ივნისში (გამოკითხვა დათარიღებულია 2017 წლის 3 ოქტომბრით). თავის ჩვენებაში მან განმარტა, რომ იმის აღნიშვნით, რომ „ვიდეოთვალთვალის სისტემის ჩამწერი სისტემა არ ფუნქციონირებდა“, ის არ გულისხმობდა, რომ ჩანაწერები, როგორც ასეთი, არ არსებობდა, არამედ უბრალოდ, რომ მან ვერ შეძლო ამ ჩანაწერების მოძიება და ამოღება. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირდაპირი წვდომა ჰქონდა ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის ვიდეოთვალთვალის სისტემაზე და მათ ჰქონდათ უკეთესი აღჭურვილობა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, მოეძებნათ და ამოეღოთ შესაბამისი ჩანაწერები.
43. 2017 წლის ივნისსა და ივლისში გამომძიებელმა მოიპოვა და შეისწავლა ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა სათვალთვალო კამერიდან, რომლებიც განლაგებული იყო მომჩივნის საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, სავარაუდოდ, მომჩივანი გაიტაცეს. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ნებართვით ამოღებულ იქნა სასტუმრო „ასტორიადან“, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან (მოხსენიებულია ადვოკატის 2017 წლის 1 ივნისის წერილში – იხილეთ პარაგრაფი 23 ზემოთ), „საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდიდან“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სასტუმრო „ასტორიას“ ვიდეოჩანაწერების კადრების დათვალიერებისას გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ გამოვლენილა, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ ჩანაწერზე „ოპელის“ მარკის ავტომობილები ჩანდა. ამასთან, ექსპერტიზის შესაბამის დასკვნაში გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ამ მანქანების სარეგისტრაციო ნომრების დადგენა შეუძლებელი იყო. არც ჩიტაძის N3ა-ში მდებარე „საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდიდან“ მოპოვებულ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების კადრებს არ გამოუვლენია რაიმე შესაბამისი ინფორმაცია. რაც შეეხება ჩიტაძის 4 ნომერში მდებარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოპოვებულ მოცულობით კადრებს, მხოლოდ ერთ-ერთ ჩანაწერზე განსაზღვრა გამომძიებელმა რვა „ოპელის“ მარკის ავტომობილი შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრებით. გამომძიებელი ასევე ცდილობდა „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების კადრების მოპოვებას (იხ. იქვე). 2017 წლის 13 ივნისის წერილით „საქართველოს ბანკის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა გამოძიებას აცნობა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, ეს კადრები ვერ იქნებოდა მიწოდებული.
44. 2017 წლის ივნის-ივლისში გამომძიებლებმა დამატებით მიმართეს ორმოცდაათამდე იმ კერძო საკუთრების ან ბიზნესსაქმიანობის მფლობელებს, რომლებიც განლაგებულია ტერიტორიაზე, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს, ტერიტორიაზე, საიდანაც ის სავარაუდოდ გაიტაცეს და გზის გასწვრივ, რომლითაც ის სავარაუდოდ გადაიყვანეს მისი გატაცების შემდეგ და მათგან მოითხოვეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა. შესაბამისი გამოკითხვების ანგარიშების თანახმად, ირკვევა, რომ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი კამერა გამორთული იყო, ნაწილი – გაფუჭებული, ხოლო დანარჩენი კამერების უმეტესობიდან კადრები – უკვე წაშლილი.
3. ურთიერთქმედება მომჩივნის ადვოკატთან გამოძიების მიმდინარეობისას და მომჩივნის სახელით შეტანილი სხვადასხვა საჩივარი
45. 2017 წლის 5 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა მოსთხოვა საქართველოს მთავარ პროკურორს, მომჩივნის გატაცებაში პოლიციის თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობის გამო, საქმე ჩამოერთვა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებისთვის და გამოძიება დაევალებინა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის. თავის მოთხოვნაში ადვოკატმა წარმოადგინა დამატებითი დეტალები მომჩივნის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბრალდება, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს ლაგოდეხის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. პასუხის არარსებობის გამო, 2017 წლის 9 ივნისს ადვოკატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართ, რომ საქმე უნდა გამოეძიებინა მთავარ პროკურატურას. თავისი მოთხოვნის გასამყარებლად მან წარმოადგინა ნაწყვეტი რადიოინტერვიუდან აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთ წევრთან, რომელშიც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ მომჩივნის დაკავება იყო ერთობლივი ძალისხმევისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის სადაზვერვო სამსახურების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი (ამასთან დაკავშირებით იხ., პარაგრაფები 15-16 ზემოთ). მომჩივნის ადვოკატმა ასევე მოსთხოვა საოლქო პროკურორს, რომელიც ხელმძღვანელობდა პოლიციის გამოძიებას, მიენიჭებინა მომჩივნისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსი სამართალწარმოების პროცესში და მათთვის დაეშვა წვდომა საქმის საგამოძიებო მასალებზე. მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.
46. 2017 წლის 9 ივნისს ადვოკატმა პრეტენზია განაცხადა თბილისის პროკურორთან, საოლქო პროკურორის მხრიდან მის მოთხოვნაზე პასუხის ვერმიღების გამო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა საქმის მასალების ხელმისაწვდომობისა და მომჩივნისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ. მისი წერილი 2014 წლის 14 ივნისს გადაეგზავნა საოლქო პროკურატურას, მაგრამ პასუხი არ მოჰყოლია.
47. 2017 წლის 13 ივნისს მომჩივნის ადვოკატს წვდომა მიეცა საქმის საგამოძიებო მასალებზე. ფაილი შეიცავდა 200-მდე მოწმის ჩვენებას და რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატმა გამომძიებელთან პრეტენზია განაცხადა გამოძიების არაადეკვატურობაზე. ის ამტკიცებდა, რომ ნაცვლად ასობით მოწმის გამოკითხვისა, რომლებსაც არაფერი უნახავთ ან სმენიათ, უფრო ეფექტური იქნებოდა ამოღებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების კადრების გაანალიზება, მომჩივნის გატაცებაში მონაწილე მანქანის განსასაზღვრად და მისი მგზავრების ვინაობის დასადგენად. იმავე დღეს მომჩივნის ადვოკატმა განცხადება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან მოითხოვა, რომ სასამართლოს უკანონოდ ეცნო საოლქო პროკურატურის ნაგულისხმევი უარი, მომჩივნისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა 2017 წლის 28 ივნისს. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მას არ გააჩნდა მისი განხილვის იურისდიქცია, რადგან დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები შედიოდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, პროკურორის დისკრეციაში. სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობდა.
48. 2017 წლის 16 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა მოითხოვა საქმის ყველა საგამოძიებო მასალის ასლი. ის ამტკიცებდა, რომ მასალა მოცულობითი იყო და, რომ სათანადო ასლის გარეშე შეუძლებელი იყო ფაილის შესწავლა სულ რამდენიმე საათში ან თუნდაც დღეში. გარდა ამისა, ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას არ მიეცა საშუალება, ეყურებინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების ნაწილისთვის.
49. იმავე დღეს ადვოკატს მიეცა უფლება, ეყურებინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების ერთი ნაწილი, რომელზედაც მოხდა მომჩივნის იდენტიფიცირება. ეს უკანასკნელი ყვითელ, N4 მიკროავტობუსში ბარათაშვილის ქუჩის 2 ნომერში ავიდა. ვიდეოჩანაწერზე ნაჩვენები დრო იყო 19:24 საათი. ამ ვიდეოჩანაწერებში ადვოკატმა ასევე შენიშნა შავ კოსტიუმში ჩაცმული პირი, რომელიც, სავარაუდოდ, უყურებდა მომჩივანს მიკროავტობუსში ასვლისას; ადვოკატმა გამომძიებელს მისი ვინაობის დადგენა მოსთხოვა. მან ასევე მოითხოვა შემდეგი საგამოძიებო ღონისძიებების გატარება:
- N4 მიკროავტობუსის ხაზის გასწვრივ ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერის ამოღება;
- ნიაღვრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კადრების ვიდეოჩანაწერების ამოღება;
- სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერების ამოღება იმ მარშრუტის გასწვრივ, რომლითაც მომჩივანი წაიყვანეს მისმა გამტაცებლებმა, მათ შორის, მეტროსადგურ „300 არაგველის“ გარშემო და ე.წ. „აეროპორტის გზის“ გასწვრივ; და
- საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შესაბამისი პერიოდის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების ამოღება.
50. 2017 წლის 3 ივლისს მომჩივნის ადვოკატმა გაიმეორა მისი მოთხოვნა, საქმის საგამოძიებო მასალის ასლზე წვდომის შესახებ. 2017 წლის 20 ივლისს ძველი თბილისის საოლქო პროკურატურის საოლქო პროკურორმა უარყო მოთხოვნა. მან დაადგინა, რომ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადვოკატს არ ჰქონდა რაიმე სტატუსი მიმდინარე გამოძიებაში, მას პროცედურულად არ ჰქონდა უფლება მიეღო საქმის მასალების ასლი. თუმცა, ამასობაში, 2017 წლის 12 ივლისს, მომჩივნის ცოლსა და ადვოკატს მიეცათ საქმის მასალებზე წვდომა რამდენიმე საათის განმავლობაში.
51. 2017 წლის ივნის-ივლისში გამომძიებელმა ასევე არაერთხელ სცადა კონტაქტის დამყარება მომჩივნის ორ აზერბაიჯანელ ადვოკატთან, თუმცა წარუმატებლად, რადგან ისინი არ იღებდნენ მობილურ ტელეფონებს. საბოლოოდ, 2017 წლის 17 ივლისს გამომძიებელი ორივე მათგანს დაუკავშირდა. პირველმა მათგანმა უარი განაცხადა ქართულ პოლიციაში გამოკითხვაზე. მეორე ადვოკატმა განაცხადა, რომ ის აცნობებდა მათ თავის პოზიციას მომჩივანთან კონსულტაციის შემდეგ. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არცერთი აზერბაიჯანელი ადვოკატი არ გამოუკითხავს ქართველ გამომძიებელს.
4. პოლიციის მიერ გამოძიების პროცესში გადადგმული სხვა ნაბიჯები
52. 2017 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, მიანიჭა უფლებამოსილება, ამოეღოთ: (i) ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ ჩანაწერებიდან მომჩივნის მობილური ტელეფონიდან 2017 წლის 25 მაისის დილის 10:00 საათიდან 2017 წლის 1 ივნისის შუადღემდე განხორციელებული ყველა შემომავალი და გამავალი ზარი; (ii) ამავე პერიოდის განმავლობაში მომჩივნის მიერ გაგზავნილი ან მიღებული ტექსტური შეტყობინებები; და (iii) შესაბამისი მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის (IMEI) კოდები, ანტენების სიით, რომლებმაც გადასცა სიგნალები მომჩივნის ტელეფონიდან. „მაგთიკომის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანმა ბოლოს მობილური ტელეფონი გამოიყენა 2017 წლის 29 მაისს, 16:49 საათზე, თბილისში.
5. თანამშრომლობა აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებთან
53. 2017 წლის 31 მაისს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების უფროსმა წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სთხოვა მას, მოეპოვებინა ინფორმაცია აზერბაიჯანში მომჩივნის დაკავების გარემოებებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებმა აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მომჩივანი დააკავეს 2017 წლის 29 მაისს ბელაქანის რეგიონში, როდესაც ცდილობდა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
54. 2017 წლის 8 ივნისს ძველი თბილისის საოლქო პროკურატურამ – საქართველოს მთავარი პროკურატურის მეშვეობით – მიმართა აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს „სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის (1959 წ.) ფარგლებში დახმარების მოთხოვნით. მათ წარმოადგინეს კითხვების დეტალური სია და მოითხოვეს მომჩივნის გამოკითხვა. ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა; ამიტომ მოთხოვნა გამეორებულ იქნა 2017 წლის 13 ივნისს.
C. გამოძიება საქართველოს პროკურატურის მიერ
55. 2017 წლის 20 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება საქმის გამოძიების ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაში გადაცემის შესახებ. საქმე გადაეცა საგამოძიებო დეპარტამენტის რამდენიმე გამომძიებელს, რომლებიც ყველაზე მძიმე დანაშაულებს იძიებდნენ.
56. ლ.მ., მომჩივნის ცოლი, გამოჰკითხა ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა გამომძიებელმა 2017 წლის 25 ივლისს. მან გაიმეორა მომჩივნის ვერსია მისი სავარაუდო გატაცების, ცუდი მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის შესახებ. მან მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და განაცხადა, რომ მათზე არასოდეს ყოფილა ძალადობა ან ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მან დაადასტურა, რომ მის ქმარს აედევნენ და უთვალთვალებდნენ უცნობი ადამიანები, თუმცა მას ამის შესახებ არასოდეს უთქვამს პოლიციისთვის, რადგან არ ელოდა რაიმე შედეგს. სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით, ლ.მ.-მა აღნიშნა, რომ განსახილველ დღეს მომჩივანს თან არ ჰქონდა არც ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არც საერთაშორისო პასპორტი. როგორც მან შეიტყო მისი ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ადვოკატისგან, გატაცების შემდეგ მომჩივანმა და მისმა გამტაცებლებმა ორჯერ გამოიცვალეს მანქანა – პირველად, საგარეჯოსთან ახლოს. იქ მას თავიდან მოხსნეს ჩანთა და ჩაანაცვლეს თვალებზე შემოხვეული წებოვანი ლენტით. მეორედ, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შესვლამდე, დიდი ალბათობით, ლაგოდეხის რაიონში, როცა მომჩივანი გადაიყვანეს ერთგვარ მიკროავტობუსში. ქართულად მოლაპარაკე გამტაცებლები იმ დროს აზერბაიჯანულ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცებმა ჩაანაცვლეს. მომჩივანმა საზღვარი მიკროავტობუსით გადაკვეთა და, როდესაც წებოვანი ლენტი მოხსნეს თვალებიდან, ის აღმოჩნდა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კუთვნილ შენობაში. ლ.მ.-ის თანახმად, უკვე აზერბაიჯანიდან მომჩივნის გამტაცებლებმა დაურეკეს ვიღაც პირს და უთხრეს: „გთხოვთ, უთხარით გენერალს, რომ მოლა მოგვყავს – შეგიძლიათ დაკრძალვაზე მოხვიდეთ.“ შემდეგ მომჩივანს ჯიბეში ჩაუდეს 10 000 ევრო, რომელიც შემდგომში აღმოაჩინეს ე.წ. „პირადი ჩხრეკისას“. 30 მაისს, დილით ადრე, მომჩივანი გადაიყვანეს მდინარე მაზიმჩაის ნაპირზე (საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე), სადაც გადაიღეს მისი ვითომდა დაკავების ფოტოები. ლ.მ. ამტკიცებდა, რომ ფოტოები გადაღებულია მომჩივნის ვითომდა მცდელობის დადგმის მიზნით, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის მწვანე საზღვარი. თუმცა, მან გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მომჩივნის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უცნაურად მშრალი იყო. მომჩივნის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით, ლ.მ.-მა გაიმეორა, რომ WhatsApp-ის მიხედვით, მისი ქმრის ტელეფონი ჩართული იყო 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე.
57. 2017 წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტომდე რამდენიმე გამომძიებელმა განიხილა სასაზღვრო პუნქტის „ცოდნა“ სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებული ყველა ვიდეოჩანაწერი. მათ ანგარიშებში აღნიშნული იყო დამატებითი დეტალების მითითების გარეშე, რომ მასში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე არსებითი დეტალი მათ არ უნახავთ.
58. 2017 წლის 3-დან 10 აგვისტომდე გამომძიებლებმა განიხილეს მომჩივნის საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპოვებული ვიდეოჩანაწერები – კერძოდ, სასტუმრო „ასტორიადან“, იტალიის საელჩოდან, „საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდიდან“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. შესაბამის ანგარიშებში გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მათ საქმესთან დაკავშირებით რაიმე არსებითი დეტალი არ უნახავთ. 2017 წლის 20 სექტემბერს გამომძიებელმა დანიშნა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერების სასამართლო ექსპერტიზა. როგორც გამომძიებლის შესაბამისი ბრძანებაშია აღნიშნული, ექსპერტიზის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ასახული ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრების დადგენა. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რა შედეგი ჰქონდა სასამართლო ექსპერტიზას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
59. აგვისტოში გამომძიებლებმა ასევე განიხილეს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მოპოვებული იყო იმ სამეზობლოდან, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს 2017 წლის 29 მაისს. ბარათაშვილის 2 ნომერში მდებარე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან მოპოვებული ვიდეოჩანაწერები ვერ გახსნეს (იხ. პარაგრაფი 38ზემოთ), ხოლო ტექნიკის მაღაზია „ალტას“ ვიდეოჩანაწერების ანალიზმა აჩვენა, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე მომჩივანი ავიდა ყვითელ მიკროავტობუსში 19:23 საათზე (იხ. პარაგრაფი 39ზემოთ). გამომძიებლის თანახმად, რომელმაც განიხილა ვიდეოჩანაწერები, მომჩივნის სიახლოვეს სხვა პირი ვიდეოში არ ჩანდა.
60. შემდგომში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან მოპოვებულ მასალებზე წვდომის მოპოვების არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2018 წლის 13 ივლისს გამომძიებელმა ბრძანა სასამართლო-კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა დაედგინა, დაზიანდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვიდეოჩანაწერები (და თუ ასეა, როგორ) ან, თუ არა, თავად DVD-დისკი ხომ არ იყო დაზიანებული (და თუ ასეა, როგორ). გამომძიებელმა ასევე მოითხოვა ხელმისაწვდომი მასალების მოძიება და ამოღება, თუ ეს შესაძლებელია ისეთი ფორმატით, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, წაიკითხონ სპეციალისტის ჩარევის გარეშე. სასამართლო-კომპიუტერული ექსპერტიზა 2018 წლის 30 ივლისს ჩატარდა. ჩართულმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ DVD-დისკი არ იყო დაზიანებული; თუმცა, მას თავად არ შეეძლო ფაილების წაკითხვა, რადგან ისინი დაზიანებული იყო ან ისინი მისი კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეუთავსებელი იყო.
61. 2017 წლის 7 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე პერიოდში გამომძიებლებმა გამოჰკითხეს თერთმეტი სასაზღვრო-საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც 2017 წლის 29-30 მაისის ღამეს „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მორიგეობდნენ. მათი ჩვენების თანახმად, „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტი იყო ყველაზე ახლოს აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონთან და ერთადერთი – საქართველოს ლაგოდეხის რაიონში; საზღვრის გადაკვეთა არავის შეეძლო, პასპორტის კონტროლისა და ავტომობილის რეგისტრაციის გარეშე. სასაზღვრო გამტარ პუნქტზე სამი ე.წ. „კარიბჭე“ იყო: პირველი განკუთვნილი იყო ქვეითთა შესამოწმებლად, მეორე – სატრანსპორტო საშუალებების შესამოწმებლად და მესამე – სატვირთო მანქანების შესამოწმებლად. „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტი საპატრულო პოლიციის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, ხოლო მესამე კარიბჭის გავლით მიმავალ სატვირთო მანქანებს ამოწმებდნენ საბაჟოს მოხელეები. ისინი ასევე პასუხისმგებელნი იყვნენ სატვირთოს მძღოლების პასპორტების შემოწმებაზე. სასაზღვრო გამტარი პუნქტის ირგვლივ ე.წ. მწვანე საზღვარს სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებდა. გამოკითხულმა სასაზღვრო-საპატრულო პოლიციის თერთმეტმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ 2017 წლის 29-30 მაისის ღამეს „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა და მათ საეჭვო ვერაფერი შეუნიშნავთ. კონკრეტულ კითხვაზე საპასუხოდ მათ უარყვეს, როგორც არარეალისტური, იმის ალბათობა, რომ ვინმეს მისცენ საზღვრის გადაკვეთის უფლება, მისი პასპორტის შემოწმების გარეშე. ყველამ დაადასტურა, რომ მსგავსი ბრძანება არასოდეს მიუღიათ.
62. ამავდროულად, გამომძიებლებმა გამოჰკითხეს თერთმეტი საბაჟოს მოხელე, რომლებიც, გარდა ერთისა, 2017 წლის 29-30 მაისის ღამეს „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მორიგეობდნენ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების ზოგადი მიმოხილვის გარდა, ყველამ დაადასტურა, რომ არცერთ პირს არ შეეძლო აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა, პასპორტის კონტროლის გარეშე. ვერცერთი მათგანი ვერ იხსენებდა იმ ღამით სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მომხდარ რაიმე ინციდენტს.
63. გამომძიებლებმა ასევე მოიპოვეს ინფორმაცია იმ მძღოლების შესახებ, რომლებმაც აზერბაიჯანის საზღვარი „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით გადაკვეთეს 2017 წლის 29-30 მაისის ღამეს. 2017 წლის 28 სექტემბერს ერთ-ერთმა გამომძიებელმა გამოჰკითხა მ.უ., ერთადერთი მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც იმ ღამით აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. მისი ჩვენების თანახმად, ის იყო აზერბაიჯანის მოქალაქე, აღნიშნული მიკროავტობუსის მფლობელი და მუშაობდა კერძო ტაქსის მძღოლად და საქართველოდან დაღესტანში, რუსეთის ფედერაციაში დაჰყავდა ხალხი. ის ამ გზას ჩვეულებრივ კვირაში ორჯერ გადიოდა. მ.უ.-მა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო მისთვისაც და მისი მგზავრებისთვისაც, რომ გადაეკვეთათ საზღვარი რომელიმე მიმართულებით, პასპორტის შემოწმების გარეშე. გვიან იმ ღამით ის აზერბაიჯანის მშობლიურ სოფელში ბრუნდებოდა „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. როდესაც აჩვენეს მომჩივნის ფოტო, მან თქვა, რომ არ იცნობდა ამ კაცს და არასდროს უნახავს ის. მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის არასოდეს არავის უთხოვია მომჩივნის აზერბაიჯანში გადაყვანა. გამოკითხვის დღეს მისი მიკროავტობუსი გაჩხრიკეს და ბიოლოგიური ნიმუშები და მიკრონაწილაკები ამოიღეს მისი ინტერიერიდან. 2017 წლის 13 ოქტომბერს იურიდიული დახმარების მოთხოვნა გაეგზავნა აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებს, სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზების მიზნით, რომელიც დაადგენდა, გადაიყვანეს თუ არა მომჩივანი ამ მიკროავტობუსით. კერძოდ, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა სთხოვეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებს, შეედარებინათ ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშები მომჩივნის დნმ-თან, ხოლო მიკრონაწილაკები – მომჩივნის ტანსაცმლიდან ამოღებულ ბოჭკოებთან. საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
64. 2017 წლის 17 ოქტომბერს ერთ-ერთმა გამომძიებელმა ასევე გამოჰკითხა მ. მ. (რომელიც იყო მ.უ.-ის ერთ-ერთი მგზავრი 2017 წლის 29 მაისის ღამეს). მ. მ.-მა დაადასტურა, რომ მან მისი ტაქსით იმგზავრა სხვა მგზავრებთან ერთად დაღესტნიდან მის მშობლიურ სოფელში, აზერბაიჯანში. მან აღნიშნა, რომ საზღვარზე იმ ღამით არანაირი ინციდენტი არ ყოფილა და, რომ მან გადაკვეთა საზღვარი დაბრკოლების გარეშე, მას შემდეგ, რაც მისი პასპორტი შეამოწმეს. მ. მ.-მა განაცხადა, რომ მას არაფერი სმენია მომჩივნის შესახებ და არ უნახავს, რომ მას გადაეკვეთოს საზღვარი.
65. შემდგომში, სასამართლო ნებართვის მოპოვების შემდეგ, გამომძიებელმა ასევე მოითხოვა მონაცემები მ.უ.-ის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით – კერძოდ, ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული და მიღებული ზარების შესახებ, 2017 წლის 29‑30 მაისის ღამეს, სადაც მითითებულია შესაბამისი IMEI კოდები, ანტენების სიით, რომლებმაც გადასცა სიგნალები მ.უ.-ის ტელეფონიდან. 2018 წლის 12 მარტის წერილით, მობილური ტელეფონის შესაბამისმა კომპანიამ გამომძიებელს აცნობა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო მოთხოვნილი მონაცემების მოძიება და ამოღება.
66. 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 თებერვლამდე გამომძიებლებმა გამოჰკითხეს დამატებით ათი პირი, რომლებმაც 2017 წლის 29-30 მაისის ღამეს გადაკვეთეს საქართველო‑აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო პუნქტის გავლით. იმ ღამეს საზღვრის გადაკვეთის გარემოებებთან და მოტივებთან დაკავშირებით დეტალური განცხადებების მიცემისას ყველამ განაცხადა, რომ არ უნახავთ მომჩივანი; არც არაფერი გაუგიათ მათ „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე იმ ღამეს.
67. ამასობაში, 2017 წლის 31 ივლისსა და 12 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა გაიმეორეს თავიანთი მოთხოვნა აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებისგან იურიდიული დახმარების მიღების შესახებ (იხ. პარაგრაფი 54 ზემოთ); თუმცა, პასუხი არ მოჰყოლია. 2018 წლის 29 იანვარს აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებს იურიდიული დახმარების მორიგი მოთხოვნა გაეგზავნათ. ამჯერად, მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელიც მომჩივანს მსჯავრს სდებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ოფიციალური წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და კონტრაბანდაში (ამასთან დაკავშირებით, იხ. პარაგრაფი 122 ქვემოთ). საპასუხოდ, 2018 წლის 31 იანვარს წარმოდგენილ იქნა მოთხოვნილი გადაწყვეტილება.
68. 2018 წლის 2 აპრილს მომჩივნის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ, რომ საქმის მასალებში გარკვეული ვიდეოჩანაწერები იყო მანიპულირებული, გამომძიებელმა გასცა „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მოპოვებული ვიდეოჩანაწერების სასამართლო ექსპერტიზის ბრძანება. მან მოსთხოვა ექსპერტებს დაედგინათ, იყო თუ არა DVD-R დისკზე ჩაწერილი ვიდეომასალა განზრახ დაზიანებული. გამომძიებელმა ასევე მოითხოვა ვიდეოჩანაწერებში ასახული ყველა მანქანის სარეგისტრაციო ნომრის დადგენა. სასამართლოს ხელთ არსებული საქმის მასალა არ შეიცავს ამ სასამართლო ექსპერტიზის შედეგებს.
69. 2018 წლის 26 ივნისს გამომძიებელმა ხელახლა შეისწავლა ინფორმაცია მომჩივნისა და მისი ცოლის მიერ მობილური ტელეფონების 2017 წლის 29 მაისს გამოყენების შესახებ. დასკვნის თანახმად, რომელიც მან შემდგომ შეადგინა, მომჩივნის მეუღლემ მიიღო ორი ზარი დ.ა.-ის მობილური ტელეფონიდან – 19:00 საათზე და 19:01 საათზე. ორივე ზარის მომენტში ლ.მ. ჩიტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (მათი საცხოვრისის მიმდებარედ) იმყოფებოდა, ხოლო დ.ა. იმყოფებოდა გრიგოლ ორბელიანის პარკის ტერიტორიაზე (იმ ტერიტორიაზე, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს).
70. 2018 წლის 3 ივლისს მომჩივნის ადვოკატმა მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს მიაწოდა მომჩივნის ხელნაწერი ჩვენების ასლი აზერბაიჯანულ ენაზე და მისი ქართულ ენაზე თარგმანი. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჩვენება დაწერა მომჩივანმა და გადასცა მის აზერბაიჯანელ ადვოკატს 2018 წლის 14 ივნისს. თავის ჩვენებაში მომჩივანმა გაიმეორა მოვლენების თავისი ვერსია და განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის ფორმის ტანსაცმელში ჩაცმული სამი პირი თავს დაესხა მას უკნიდან და დაუწყეს ცემა. ის იძულებით ჩასვეს მანქანაში, რომელმაც რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა გზაზე და შემდეგ ადგილობრივ საბავშვო ბაღთან გაჩერდა. იქ მას ისევ სცემეს და ხელები ზურგს უკან შეუკრეს. მომჩივანმა წარმოადგინა იმ მგზავრობის დეტალური აღწერა, რომელიც მან და მისმა გამტაცებლებმა გაიარეს მაშინ. აღსანიშნავია, რომ მან ახსენა საქართველოს პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე გავლა, შემდეგ – თავისუფლების მოედნის გავლით – ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადახვევა; შემდეგ მათ გადაკვეთეს ხიდი, გაიარეს მეტროსადგურები „ავლაბარი“ და „300 არაგველი“ და აიღეს ე.წ. „აეროპორტის მარშრუტი“. მან განაცხადა, რომ ავტომობილის თბილისიდან გასვლის შემდეგ თავზე ჩანთა ჩამოაცვეს, თუმცა, გზის დანახვა მაინც შეეძლო, რადგან ჩანთა დაზიანებული იყო. პირველი გაჩერება დაახლოებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გაკეთდა საგარეჯოსთან. იქ გამტაცებლებმა მომჩივანს თავიდან მოხსნეს ჩანთა და მის ნაცვლად თავისივე პერანგი მოახვიეს თავზე. კიდევ ორმოცი წუთის შემდეგ ის იძულებით ჩასვეს სხვა ავტომობილში. იგივე კაცები განაგრძობდნენ მის თანხლებას. ორი საათის მგზავრობის შემდეგ ის სხვა ავტომობილში გადაიყვანეს. იქიდან უკვე მას თან ახლდნენ აზერბაიჯანულად მოლაპარაკე მამაკაცები. ცოტა ხანში მათი ავტომობილი ისევ გაჩერდა და ვიღაცამ თქვა: „ალი, მოდი და ნახე“. შემდეგ, დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ, მომჩივანი შეიყვანეს შენობაში, სადაც პერანგი მოაშორეს თავიდან და მან შეძლო დაენახა, რომ ის იმყოფებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო გამტარ პუნქტში. მომჩივანმა თავის ჩვენებაში დაასახელა ორი პირი, რომლებმაც ის, სავარაუდოდ, მიიყვანეს აზერბაიჯანულ მხარესთან: ა.შ., სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწე და ჯ.გ. მან ასევე განაცხადა, რომ გატაცებამდე ის უკვე ელოდა, რომ დაიჭერდნენ და გაიტაცებდნენ საზღვრის აზერბაიჯანის მხარეს, რადგან მას ინტენსიურად ედევნებოდნენ და აკვირდებოდნენ. მან დაასკვნა, რომ მის გატაცებაზე პასუხისმგებელი იყვნენ საქართველოს მთავრობა, საქართველოს კრიმინალური პოლიცია და ლაგოდეხის საბაჟო და სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსი და, რომ ის ლაგოდეხის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით გადაიყვანეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც ის გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებს.
71. 2018 წლის 27 ივლისს გამომძიებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის გადაკვეთის შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეამოწმა, გადაკვეთეს თუ არა მომჩივნის მიერ იდენტიფიცირებულმა ორმა პირმა ა.შ. და ჯ.გ. საქართველოს საზღვარი 2017 წელს. მან სისტემაში აღმოაჩინა ა.შ.-ის გვარის მატარებელი სამი პირი; თუმცა, არცერთ მათგანს საქართველოს საზღვარი 2017 წელს არ გადაუკვეთია. რაც შეეხება ჯ.გ.-ს, გამომძიებელმა დაადგინა ამავე გვარის მატარებელი ერთი პირი, რომელმაც საქართველო დატოვა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე სხვა სასაზღვრო პუნქტის, „ვახტანგისის“, გავლით 2017 წლის 28 მაისს და საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 7 ივნისს იმავე სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
72. იმავე დღეს გამომძიებელმა ასევე შეამოწმა, გადაკვეთა თუ არა საზღვარი ვინმე პირმა სახელად „ალი“, როგორც ეს მომჩივნის ჩვენებაშია აღნიშნული, 2017 წლის 29 მაისს „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. მან შესაბამის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა, რომ აზერბაიჯანის ერთმა მოქალაქემ, ვინმე ა.ი.-მა იმ დღეს, 22:41 საათზე მართლაც გადაკვეთა საზღვარი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ის დღემდე არ გამოკითხულა.
D. ბრალდებები საქართველოში თვალთვალის ქვეშ ყოფნასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებული გამოძიება
73. 2017 წლის 7 აგვისტოს ლ.მ.-მა მოსთხოვა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პროკურორს ასევე გამოეძიებინა ბრალდებები, რომ მას და მომჩივანს უთვალთვალებდნენ და ედევნებოდნენ უცნობი პირები. მან განაცხადა, რომ მათზე თვალთვალი დაიწყო მომჩივნის სავარაუდო გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი მოთხოვნის გასამყარებლად ლ.მ.-მა წარმოადგინა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც გამოსახულია ოთხი განსხვავებული მამაკაცი, რომლებიც, სავარაუდოდ, აედევნენ მას 2017 წლის 4 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
74. 2017 წლის 14 აგვისტოს ლ.მ.-მა წარმოადგინა მამაკაცების კიდევ სამი ფოტო, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ მათ. ერთ-ერთ ფოტოსთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ის მომჩივანმა გადაიღო გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე.
75. 2017 წლის 24 აგვისტოს მომჩივნის ცოლი გამოიკითხა უკანონო თვალთვალის ბრალდებებთან დაკავშირებით. მან წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია იმ ოთხი ფოტოს შესახებ, რომლებიც მან 2017 წლის 4 აგვისტოს გადაუღო რუსთაველის გამზირზე მამაკაცებს, როდესაც ისინი, სავარაუდოდ, მას უთვალთვალებდნენ. მან ასევე გაიხსენა, რომ 2017 წლის 3 აგვისტოს შენიშნა დაახლოებით შვიდი მამაკაცი, რომლებიც მისი თქმით, მას და მის ქალიშვილს უთვალთვალებდნენ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში. ლ.მ.-მა ასევე აღნიშნა კიდევ ერთი ინციდენტი 2017 წლის 26 ივნისს, როდესაც დ.ა.-სთან ერთად თბილისის ერთ-ერთ კაფეში ჯდომისას მის სკამზე ხელჩანთა დადეს. ის ამტკიცებდა, რომ ჩანთაში ჩამწერი მოწყობილობა იყო.
76. 2017 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების შესახებ, სადაც 2017 წლის 4 აგვისტოს ლ.მ.-ს, სავარაუდოდ, უცნობი მამაკაცი აედევნა. კადრები ოთხი კერძო საკუთრებიდან იქნა მოპოვებული.
77. 2017 წლის 19 სექტემბერს ლ.მ.-მა გამართა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მან აჩვენა მამაკაცების რამდენიმე დამატებითი ფოტო, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ მას, მომჩივანსა და მათ აზერბაიჯანელ მეგობრებს (მათ შორის, დ.ა.-ს) თბილისში.
78. მრავალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ფოტოებზე გამოსახული ოთხი მამაკაცის ვინაობა დადგინდა. ოთხივე აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. პირველი, შ.მ., გამოჰკითხა ერთ-ერთმა გამომძიებელმა 2017 წლის 28 სექტემბერს. მან განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე მოკლე მივლინების შემდეგ, 2017 წლის 24 აპრილს, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაიწყო საქმიანობა. მან აღნიშნა, რომ ის არ იცნობდა არც მომჩივანს და არც მის ცოლს და, რომ არასოდეს სმენია მათ შესახებ. მან ბრალდებები, რომ ის უთვალთვალებდა ლ.მ.-ს, უარყო როგორც ცრუ. რაც შეეხება მის ფოტოს, მან თქვა, რომ ის 2017 წლის 31 მაისს გადაიღო ორმა აზერბაიჯანელმა მამაკაცმა და, რომ მან ამის შესახებ პოლიციაშიც კი იჩივლა. მისი 2017 წლის 31 მაისით დათარიღებული საჩივრის ასლი შემდგომში დაემატა საქმის მასალებს.
79. ფოტოებზე იდენტიფიცირებულმა კიდევ ერთმა პირმა, გ.ჰ.-მა, განაცხადა, რომ მისი ფოტო გადაღებულია 2016 წლის აპრილში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში და, რომ ფოტოზე გამოსახული მეორე პირი იყო მისი ყოფილი მეუღლის ბიძა, ბ.მ. მოვლენების მისეული ვერსია შემდგომში დაადასტურეს როგორც ბ.მ.-მა, ისე სასტუმროს მეპატრონემ, რომლებიც გამომძიებელმა გამოჰკითხა 2017 წლის სექტემბერში და, შესაბამისად, 2018 წლის აპრილში. მათ უარყვეს რაიმე სახის ურთიერთობა მომჩივანთან და მის ცოლთან.
IV. მომჩივნის დაკავება აზერბაიჯანში და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება
A. მომჩივნის დაპატიმრება
80. აზერბაიჯანის მთავრობას მოსთხოვეს, მიეწოდებინა მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ყველაზე შესაბამისი დოკუმენტები მოცემულია ქვემოთ.
81. მომჩივნის დაკავების შემდეგ, 2017 წლის 30 მაისს, ბ-ნმა ა.ო.-მა, N 2007 სამხედრო ნაწილის გამომძიებელმა, მოამზადა შემდეგი დოკუმენტი:
„ ადმინისტრაციული
დაკავების ოქმი
30.05.2017
12:30 საათი სოფელი მაზიმგარა, ბელაქანის რაიონი
სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის 27-ე და 28-ე მუხლებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88.1.2-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად, [ბატონმა ა.ო.-მა, თანამდებობა და წოდება] განახორციელა [მომჩივნის] ადმინისტრაციული დაკავება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 570-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო.
– ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი: სასაზღვრო რეჟიმის რეგულაციების დარღვევა.
...
დაკავებული პირი უნდა დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ დაკავებას 24 საათის განმავლობაში სამხედრო ნაწილში.
82. ზემოაღნიშნულ ჩანაწერს მოჰყვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივანი ინფორმირებული იყო მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
83. დაკავების შემდეგ მომჩივანი გაჩხრიკეს და ამოიღეს შემდეგი ნივთები: მობილური ტელეფონი, 10 000 ევრო, ქართული ბანკის და სატრანსპორტო ბარათები და რამდენიმე მონეტა. ჩხრეკის ოქმი შედგა 2017 წლის 30 მაისს, 00:40 საათზე.
84. იმავე დღეს ბატონმა ა.ო.-მ მოამზადა შემდეგი დოკუმენტი:
„ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
30.05.2017
00:30 საათი სოფელი მაზიმგარა, ბელაქანის რაიონი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, [ბატონმა ა.ო.-მა] მოამზადა წინამდებარე ოქმი, რადგან [მომჩივნის] ქმედებები მიუთითებს შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე.
2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე [მომჩივანმა] დაარღვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი [გადაკვეთა საქართველოდან] N 2007 სამხედრო ნაწილის (რომელიც განლაგებულია სოფელ მაზიმგარაში, ბელაქანის რაიონი) 45-ე სექციის მე-6 ავანპოსტის მარცხენა ფლანგზე.
...
ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მითითებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 570-ე მუხლში, [მომჩივანს] ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
85. 2017 წლის 30 მაისს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის გამომძიებელმა გამოსცა შემდეგი გადაწყვეტილება:
„ გადაწყვეტილება
სისხლის სამართლის საქმის გახსნისა და საგამოძიებო გუნდის შექმნის შესახებ
2017 წლის 30 მაისი ბაქო
[ბატონმა ა.ი.-მა, თანამდებობა და წოდება], გაითვალისწინა რა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის N 2007 სამხედრო ნაწილისგან მიღებული მასალა,
დაადგინა რა, რომ:
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის N 2007 სამხედრო ნაწილისგან მიღებული მასალიდან გამომდინარე, 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე, [მომჩივანმა] უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაცული სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარ პუნქტს მიღმა... კონკრეტულად, [ის] უკანონოდ გადავიდა საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საზღვრის გავლით, N 2007 სამხედრო ნაწილის (რომელიც განლაგებულია ბელაქანის რაიონში) 45-ე სექციის მე-6 ავანპოსტთან და კონტრაბანდულად შემოიტანა დიდი ოდენობით ნაღდი ფული – [კერძოდ,] 10 000 ევრო [რაც 19,062 აზერბაიჯანული მანათის ეკვივალენტია] ... ამის შემდეგ ის დააკავეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა.
[მომჩივნის პირადი] ჩხრეკის დროს დიდი ოდენობით ნაღდი ფული – [კერძოდ,] 10 000 ევრო (რაც 19,062 აზერბაიჯანული მანათის ეკვივალენტია) – იქნა ნაპოვნი და ამოღებული.
ფაქტის გათვალისწინებით, რომ [მომჩივნის] ქმედება შეიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 318.1-ე და 206.1-ე მუხლებში ჩამოთვლილ დანაშაულთა ელემენტებს, აუცილებელია აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ მუხლების შესაბამისად და შეიქმნას საგამოძიებო გუნდი ... სისხლის სამართლის საქმის სრულად და მიუკერძოებლად გამოძიების მიზნით.
გაითვალისწინა რა ზემოაღნიშნული...
მიიღო გადაწყვეტილება:
1. გახსნას სისხლის სამართლის საქმე [მომჩივნის] წინააღმდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 318.1-ე და 206.1-ე მუხლების შესაბამისად.
2. დაარეგისტრიროს საქმე ნომრით 172960049 ...“
86. 2017 წლის 30 მაისს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა დაათვალიერა დანაშაულის ჩადენის ადგილი. შესაბამის ოქმში იკითხება:
ოქმი
(დანაშაულის ჩადენის ადგილის დათვალიერების შესახებ)
2017 წლის 30 მაისი N 2007 სამხედრო ნაწილის ავანპოსტი N 6,
სოფელი მაზიმგარა, ბელაქანის რაიონი
...
დათვალიერების დაწყების დრო: 06:30 საათი
დათვალიერების დასრულების დრო: 07:00 საათი
დათვალიერება ჩატარდა დღის შუქზე. დათვალიერების დროს დადგინდა: დანაშაულის ჩადენის ადგილი მდებარეობს სასაზღვრო ღობის ბოლოში, N 2007 სამხედრო ნაწილის (რომელიც განლაგებულია სოფელ მაზიმგარაში, ბელაქანის რაიონი) 45-ე სექციის მე-6 ავანპოსტის მარცხენა ფლანგთან 50 მეტრში. სასაზღვრო გალავნის ბოლოდან 2 მეტრის დაშორებით მდინარე მაზიმჩაის კალაპოტისკენ მიმავალი ხევია, სადაც ხის მშრალი ტოტებია მოთავსებული. მდინარის კალაპოტის სიღრმე 2,5 მეტრია. მდინარის კალაპოტიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკისკენ მიმავალი რელიეფის ნაწილი ბრტყელია.
დანაშაულის ჩადენის ადგილის დათვალიერებისას [ოფიცრებმა გ.მ.-მა და დ.ხ.-მა] აღნიშნეს, რომ [ისინი] იმყოფებოდნენ საყარაულო სამსახურში 2017 წლის 29 მაისის 22:15 საათიდან 2017 წლის 30 მაისის 01:00 საათამდე, სასაზღვრო ავანპოსტის მარცხენა ფლანგის 45-ე სექციაზე; 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე [მომჩივანმა] გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით, სასაზღვრო ღობის ბოლოში არსებულ პოსტთან ნომრით „46-45“, სასაზღვრო ღობის ბოლოში, 45-ე სექციაში. დანაშაულის ჩადენის ადგილი დათვალიერებისას აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე მაზიმჩაის ნაპირზე, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის გასწვრივაა, აღმოაჩინეს ტერფის ანაბეჭდები.
დათვალიერების დროს გადაიღეს ფოტოები...“
87. დაუზუსტებელ თარიღში გამომძიებელმა გამოჰკითხა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ერთი ოფიცერი. მისი გამოკითხვის შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ:
„2017 წლის 29 მაისს 22:15 საათიდან 2017 წლის 30 მაისის 01:00 საათამდე მე – [ოფიცრებთან ა.შ., ჯ.გ., გ.მ. და დ.ხ. ერთად] – ვიმყოფებოდი [სასაზღვრო-პატრულის] მორიგეობაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 22:40 საათზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით შევნიშნეთ სამოქალაქო პირი. ეს ადამიანი გაფრთხილებულ იქნა, რომ გაჩერებულიყო. თუმცა ეს პირი, გაფრთხილების უგულებელყოფით, ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდა. შემდგომში გატარებული ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ პირი, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის გარღვევას. დაკავებისას აღნიშნულმა პირმა მუშტების ქნევით წინააღმდეგობა გაუწია სასაზღვრო პატრულის წევრს და მკერდში დაარტყა [გ.მ.-ს], რომელიც მიწაზე დაეცა. როდესაც [გ.მ.] მიწაზე დაეცა, კეფა ქვას დაარტყა და ცოტა ხნით გონება დაკარგა. რადგან [გ.მ.-ის] გვერდით ვიდექი, ზუსტად დავინახე რაც მოხდა. ამის შემდეგ, აღნიშნული პირი დაკავებულ იქნა... [და] გადაყვანილ იქნა ავანპოსტში, მისი ვინაობის დადგენის მიზნით. თავდაპირველი მოკვლევის დროს დაკავებული პირი იდენტიფიცირებულ იქნა როგორც [მომჩივანი].
88. გამომძიებლის მიერ გამოკითხულმა გ.მ.-მა შემდეგი ჩვენება მისცა:
„... მე დავიწყე სამხედრო სამსახური სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში 2015 წლის 28 იანვარს და ვაგრძელებ სამსახურს ზაქათალის რაიონში განლაგებულ სამხედრო ნაწილში ...
2017 წლის 29 მაისს, სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, გამომგზავნეს მორიგეობაზე მე-6 ავანპოსტში, რომელიც განლაგებულია ბელაქანის რაიონის სოფელ მაზიმგარაში. მიმაგრების დროს მე – [ოფიცრებთან ა.შ., ჯ.გ., შ.ზ. და დ.ხ.] ერთად – ვიმყოფებოდი [სასაზღვრო-პატრულის] მორიგეობაზე 2017 წლის 29 მაისის 22:15 საათიდან 2017 წლის 30 მაისის 01:00 საათამდე. [ჩვენი პატრულირებისას], 22:40 საათზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით შევნიშნეთ სამოქალაქო პირი. ეს ადამიანი გაფრთხილებულ იქნა, რომ გაჩერებულიყო. თუმცა ეს პირი, გაფრთხილების უგულებელყოფით, ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდა. შემდგომ გატარებული ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ პირი, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის გარღვევას. დაკავებისას აღნიშნულმა პირმა მუშტების ქნევით წინააღმდეგობა გაუწია სასაზღვრო პატრულის წევრებს; მკერდში დამარტყა და მე მიწაზე დავეცი. მიწაზე რომ დავეცი, კეფა დავარტყი ქვას. ამ დროს თვალებში დამიბნელდა და გონი დავკარგე. ამის შემდეგ, აღნიშნული პირი დაკავებულ იქნა... [და] გადაყვანილ იქნა ავანპოსტში, მისი ვინაობის დადგენის მიზნით. თავდაპირველი მოკვლევის დროს დაკავებულ პირი იდენტიფიცირებული იქნა როგორც [მომჩივანი].
89. გამომძიებელმა ასევე გამოჰკითხა დ.ხ., რომელმაც შ.ზ.-ისა და გ.მ.-ის მსგავსი ჩვენება მისცა.
90. 2017 წლის 30 მაისს მომჩივანი გამოცხადდა ეჭვმიტანილად სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში და მას შეატყობინეს, რომ მას ჰქონდა ადვოკატზე წვდომისა და დუმილის უფლება. მომჩივანმა შეინარჩუნა მისივე არჩეული ადვოკატი, ბ-ნი ელჩინ სადიგოვი. იმავე დღეს, 19:40 საათზე, გამომძიებელმა შეადგინა ოქმი მომჩივნის, როგორც ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
91. იმავე დღეს მომჩივანი გამოიკითხა ეჭვმიტანილის სახით, მისი ადვოკატის თანდასწრებით. მისი ჩვენების შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ:
„კითხვა: თქვენ მოწვეული ხართ ჩვენების მისაცემად თქვენს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულის ჩადენის ეჭვთან დაკავშირებით. რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?
პასუხი: მინდა განვაცხადო, რომ 2015 წელს ოჯახთან ერთად გავემგზავრე თბილისში, საქართველოში, შიჰლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, [იქ] დროებით საცხოვრებლად. იქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, ნაქირავებ ბინაში... ჟურნალისტური კარიერა დაახლოებით 2000 წელს დავიწყე. ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი გაზეთებისთვის Yeni Müsavat, Azadlig, Muhalifat, Bizim Yol, და Khural, ხოლო ამჟამად ვთანამშრომლობ ინტერნეტტელევიზიის სადგურთან „მეიდან ტვ“. პარალელურად – 2000 წლიდან 2010 წლამდე – ვიყავი პარტია „მუსავათის“ (პოლიტიკური პარტია) წევრი და ჩართული ვიყავი პოლიტიკურ საქმიანობაში. მე აღარ ვარ ამ პარტიის წევრი და ამჟამად ჟურნალისტურ საქმიანობას ვაგრძელებ თბილისში, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი.
2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ვიყიდე პური ნიაღვრის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ჩემი დროებითი საცხოვრებელი ადგილის ახლოს და უკან დაბრუნებისას „ოპელის მარკის“ ავტომობილმა [რომელიც აღმართს ამოუყვა] გზა ჩამიხერგა და სამმა ადამიანმა უკნიდან ჩამავლო ხელი და ძალით ჩამსვეს მანქანა... მე მქონდა განცდა, რომ ეს პირები იყვნენ სახელმწიფო აგენტები. მათ მანქანა [გადააყენეს] და მიმდებარე პარკში გაჩერდნენ ... შემდეგ ხელები ზურგს უკან მავთულით შემიკრეს და აეროპორტის მიმართულებით წავედით. მანქანაში ყოფნისას აღნიშნულმა პირებმა დამაშავეს, მირტყამდნენ მუშტებს სახესა და გულ-მკერდის არეში. ამჟამად მაჯაზე მაქვს მავთულისგან გამოწვეული სისხლჩაქცევების კვალი, დაზიანებები მარცხენა საფეთქელზე, შუბლზე, ცხვირის [და] მარჯვენა თვალის ზედა ნაწილში, ასევე – ტკივილი გულმკერდის მარცხენა მხარეს. აეროპორტის გავლის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა თავზე ჩანთა ჩამომაცვეს და მიმართულება საგარეჯოს რაიონისკენ შეცვალეს. ცოტა ხანში გულმა ტკივილი დამიწყო. ... მე მათ ამის შესახებ ვაცნობე, მათ გააჩერეს მანქანა და მომხსნეს ჩანთა ... ამ დროს დავინახე, რომ მანქანა არა გზაზე, არამედ მინდორში იყო გაჩერებული. იმის გამო, რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი, [მხოლოდ] თვალები ამიხვიეს, [ლენტით] და მანქანიდან გადმომიყვანეს. ხუთი-ექვსი წუთის ლოდინის შემდეგ სხვა მანქანა მოვიდა და იმ მანქანაში ჩამსვეს. მანქანები შეცვალეს, მაგრამ პირები, რომლებმაც დამაკავეს, ისევ იქ იყვნენ – ამას მათი ხმებით ვხვდებოდი. გზაზე ორი საათის შემდეგ გადმომიყვანეს მანქანიდან და ჩამსვეს დიდ კროსოვერის ტიპის ავტომობილში. ამ მანქანაში სხვა პირები ისხდნენ და ისინი აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. ცოტა ხნის მგზავრობის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მიმიყვანეს შენობაში და თვალები ამიხილეს. შემდეგ მივხვდი, რომ სასაზღვრო ავანპოსტში მიმიყვანეს. ავანპოსტში დამიწყეს გამოკითხვა და მითხრეს, რომ სახელმწიფო საზღვარი [უკანონოდ გადავკვეთე]. ჩემი პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს ერთი მობილური ტელეფონი, ერთი [გადახდის] ბარათი, ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი, ერთი [ქართული] ლარი, ორი ხუთთეთრიანი მონეტა და 10 000 ევრო. ვაცხადებ, რომ ნაპოვნი და ამოღებული 10 000 ევრო მე არ მეკუთვნის. ... სანამ თვალები აკრული მქონდა, ხოლო ხელები – შეკრული, [ეს ფული] ჩემს გვერდით მყოფმა პირებმა ჩამიდეს ჯიბეში...“
92. 2017 წლის 30 მაისს, 20:50 საათზე, მომჩივანი მიიყვანეს ხატაის რაიონის პოლიციის დროებითი ყოფნის იზოლატორში, სადაც ის ექიმმა გასინჯა. დროებითი ყოფნის იზოლატორში დაცული სამედიცინო ჟურნალებიდან ამონაწერების მიხედვით, მომჩივნის სხეულზე დაზიანების არანაირი კვალი არ ყოფილა და მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია ამ მიმართებით.
93. 2017 წლის 30 მაისს გამომძიებელმა დანიშნა გ.მ.-ის სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება. 2017 წლის 31 მაისის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ.მ.-ს აღენიშნებოდა შეშუპება თავის უკანა ნაწილში, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა. მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მკერდსა და წინამხარზე. ექსპერტმა დაასკვნა, რომ გ.მ.-ისთვის მიყენებულმა დაზიანებებმა ჯანმრთელობის ხანმოკლე დაზიანება გამოიწვია.
94. 2017 წლის 31 მაისს გამომძიებელმა მოახდინა მომჩივნისა და გ.მ.-ის დააპირისპირა, რომლებიც ინარჩუნებდნენ თავდაპირველ არგუმენტებს.
95. 2017 წლის 31 მაისს მომჩივანს დამატებით ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 315.2 მუხლით (სახელმწიფო მოხელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ან ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და გ.მ. საქმისწარმოებას დაზარალებულის სტატუსით შეუერთდა.
96. ბაქოს წინასწარი პატიმრობის დაწესებულების ხელმძღვანელის 2017 წლის 1 ივნისით დათარიღებული წერილიდან ჩანს, რომ 2017 წლის 1 ივნისს, 12:10 საათზე, მომჩივანი გადაიყვანეს ხატაის რაიონის პოლიციის დროებითი ყოფნის იზოლატორიდან ბაქოს წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში და, რომ ბაქოს წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დროს მის სხეულზე დაზიანების კვალი არ აღმოჩენილა.
B. მომჩივნის წინასწარი პატიმრობა
97. 2017 წლის 31 მაისს საქმეზე პასუხისმგებელმა პროკურორმა საჩივარი შეიტანა საბაილის რაიონულ სასამართლოში მომჩივნის პატიმრობაში დატოვების მოთხოვნით.
98. იმავე დღეს საბაილის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს სამი თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დაასაბუთა მომჩივნის პატიმრობა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების სიმძიმესა და ალბათობაზე მითითებით, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ის გაიქცეოდა და ხელს შეუშლიდა გამოძიებას.
99. 2017 წლის 2 ივნისს მომჩივანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მისი პატიმრობა იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ის, მათ შორის, ჩიოდა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ჩაიდინა რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მას უკანონოდ არ გადაუკვეთია სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ ის გაიტაცეს საქართველოს სახელმწიფოს აგენტებმა და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მასთან ნაპოვნი ნაღდი ფული ჩადებული იყო და, რომ გ.მ.-ის დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო მტკიცებულებები შეთხზული იყო. გარდა ამისა, მან სააპელაციო სასამართლოს სთხოვა, მოეთხოვა და შეესწავლა აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონში, სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსებული უსაფრთხოების კამერების ვიდეოჩანაწერები.
100. 2017 წლის 6 ივნისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და დაადასტურა მისი წინასწარი პატიმრობა. მომჩივნის 2017 წლის 30 მაისის დაკავების ოქმზე მითითებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება ეყრდნობოდა საფუძვლიან ეჭვს, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის სავარაუდო შეთხზვასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების შეგროვება ექვემდებარებოდა საგამოძიებო ორგანოების პასუხისმგებლობას და, რომ მომჩივანს თავისი პრეტენზიები უნდა განეცხადებინა მათთან.
101. 2017 წლის 13 ივნისს მომჩივანმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ან შინაპატიმრობის მოთხოვნით. ის ინარჩუნებდა თავის არგუმენტებს, მისი სავარაუდო გატაცებისა და საქართველოდან აზერბაიჯანში ფარული გადაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ არ არსებობდა მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელების მიზეზი.
102. 2017 წლის 20 ივნისს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი; ძირითადად მიუთითა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების მახასიათებლებსა და სიმძიმეზე.
103. 2017 წლის 22 ივნისს მომჩივანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და გაიმეორა თავისი წინა არგუმენტები.
104. 2017 წლის 29 ივნისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნასიმის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
105. 2017 წლის 17 აგვისტოს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა 2017 წლის 29 ოქტომბრამდე. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ საჭირო იყო დამატებითი დრო შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად და, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობის საფუძველი არ შეცვლილა. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მომჩივანმა გაასაჩივრა ნასიმის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.
106. 2017 წლის 13 ოქტომბერს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, მომჩივნის წინასწარი პატიმრობა 2017 წლის 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მომჩივანმა გაასაჩივრა ნასიმის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
107. ამასობაში, 2017 წლის 27 აგვისტოს, 4 ოქტომბერსა და 7 ნოემბერს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ან შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.
108. მომჩივნის პატიმრობის გახანგრძლივების შემდგომი გადაწყვეტილებები საქმის მასალებში არ არის მოცემული.
C. საქმის წარმოება, რომელიც ეხება 2017 წლის 29 მაისიდან 31 მაისამდე მომჩივნის სავარაუდოდ უკანონო პატიმრობას
109. 2017 წლის 31 მაისს მომჩივანმა შეიტანა საჩივარი, შესწორებული 2017 წლის 16 ივნისს, საბაილის რაიონულ სასამართლოში, სადაც სთხოვდა სასამართლოს, უკანონოდ გამოეცხადებინა მისი თავისუფლების აღკვეთა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 29 მაისის 22:40 საათიდან, საბაილის რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, 2017 წლის 31 მაისის 17:00 საათამდე. მისი მოთხოვნის გასამყარებლად ის ძირითადად ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დააკავეს 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე, მისი როგორც ეჭვმიტანილის დაკავების ოქმი შედგენილი იყო მხოლოდ 2017 წლის 30 მაისს – დაკავებიდან თითქმის ოცი საათის შემდეგ.
110. 2017 წლის 16 ივნისს საბაილის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და დაადგინა, რომ მომჩივნის პატიმრობა, განსახილველი პერიოდის განმავლობაში, კანონიერი იყო. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც ეხებოდა მომჩივნის დაკავებას, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო, შედგენილი იყო 2017 წლის 30 მაისის 00:30 საათზე, მას შემდეგ, რაც მომჩივანი დააკავეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარზე 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე.
111. 2017 წლის 19 ივნისს მომჩივანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და გაიმეორა თავისი წინა პრეტენზიები.
112. 2017 წლის 23 ივნისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
D. მომჩივნის მობილური ტელეფონის ჩხრეკა
113. 2017 წლის 31 მაისს გამომძიებელმა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლზე მითითებით შეადგინა მომჩივნის მობილური ტელეფონის შემოწმების ოქმი (mobil telefona baxış keçirilməsi haqqında protokol). ჩანაწერის მიხედვით, მომჩივნის დაკავების დროს ჩატარებული მობილური ტელეფონის შემოწმება დაიწყო 10:00 საათზე და დასრულდა 11:00 საათზე. ოქმში მითითებულია, რომ მომჩივანსა და სხვადასხვა პირს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით განხორციელდა მრავალი შეტყობინებების გაცვლა, მაგრამ ამ შეტყობინებებში სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნა ნაპოვნი. ოქმში ასევე მითითებულია, რომ მობილური ტელეფონის გალერეაში იყო 604 ფოტო და ვიდეო და, რომ მობილური ტელეფონი შეიცავდა სხვადასხვა სოციალური მედიის აპლიკაციებს.
114. 2017 წლის 14 ივნისს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა გასცა მომჩივნის მობილური ტელეფონის სასამართლო-ტექნიკური და ლინგვისტური ექსპერტიზის ჩატარება. კერძოდ, გამომძიებელმა სთხოვა ექსპერტს, ამოეღო მოწყობილობაში შენახული ყველა ინფორმაცია, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მოწყობილობაში არსებული ყველა SMS-შეტყობინება (და, თუ შესაძლებელია, ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომჩივნის სოციალური მედიის ანგარიშებზე) და დაედგინა, შეიცავდა თუ არა აუდიო, ვიდეო, ფოტო და ტექსტური დოკუმენტები რაიმე მოწოდებას, ძალაუფლების უკანონო უზურპაციისა და კონსტიტუციური წყობის ძალის გამოყენებით შეცვლის ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ, ან რაიმე მოწოდებას ეთნიკური, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ან მოქალაქეთა უფლებების ზემოაღნიშნული საფუძვლებით შეზღუდვის შესახებ.
115. იმავე დღეს მომჩივანმა მიმართა გამომძიებელს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მისი მობილური ტელეფონი შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენდა ოჯახის პირად ინფორმაციას.
116. 2017 წლის 19 ივნისს გამომძიებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე და დაადგინა, რომ ექსპერტი ვალდებული იყო, არ გაემჟღავნებინა მომჩივნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და, რომ სასამართლო ექსპერტიზა დაინიშნა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მობილური ტელეფონი შესაძლოა შეიცავდეს გამოძიებისთვის შესაბამის ინფორმაციას.
117. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ განუსაზღვრელ თარიღში მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ნასიმის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 449-ე მუხლის შესაბამისად (საპროცესო მოქმედებების ან პროკურატურის გადაწყვეტილებების კანონიერების განხილვის პროცედურა) და ჩიოდა, რომ მისი მობილური ტელეფონის ჩხრეკა უკანონო იყო. მხარეებმა სასამართლოს ვერ მიაწოდეს ამ საჩივრის ასლი.
118. 2017 წლის 6 ივლისს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა მომჩივნის საჩივრის განხილვაზე და დაადგინა, რომ გასაჩივრებული ზომები არ იყო გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 449-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული ზომების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გასაჩივრებულიყო ეროვნული სასამართლოების წინაშე.
119. 2017 წლის 10 ივლისს მომჩივანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება; ძირითადად ამტკიცებდა, რომ მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა უკანონო იყო, ვინაიდან ჩატარდა სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში.
120. 2017 წლის 14 ივლისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნასიმის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
121. 2017 წლის 14 ივლისს ექსპერტმა გასცა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა N15634, მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის შესწავლის შესახებ, გამომძიებლის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების მითითებების შესაბამისად.
V. შემდგომი განვითარება საქმეში
A. მომჩივნის ნასამართლობა აზერბაიჯანში, შემდგომი გათავისუფლება და თავშესაფარი გერმანიაში
122. 2018 წლის 12 იანვარს მომჩივანი გაასამართლეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევის გამო და მიუსაჯეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. 2020 წლის 17 მარტს მას თავისუფლების აღკვეთა შეუცვალეს ჯარიმით და გაათავისუფლეს ციხიდან. იმავე დღეს ის გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მიიღო თავშესაფარი.
B. გამოძიების პროგრესი საქართველოში
123. 2020 წლის 23 მარტს მომჩივნის ადვოკატმა მოსთხოვა პროკურატურას, მოეწყო მომჩივნის დისტანციურად გამოკითხვა. პასუხის არ არსებობის გამო, მომჩივანმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა 2020 წლის 23 ივლისს.
124. 2020 წლის 24 ივლისს მომჩივანი გამოიკითხა გერმანიაში, გერმანელი გამომძიებლის მონაწილეობით. მან გაიმეორა თავისი ბრალდებები, რომ ის საქართველოდან გაიტაცეს და დაასახელა ხუთი აზერბაიჯანელი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ მის გატაცებასა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანაში. მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ მხარეს გადაუხადა 3 მილიონი აშშ დოლარი მისი გატაცების ორგანიზებისთვის.
125. 2021 წლის 14 იანვარს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა სისხლის სამართლის საკითხებში იურიდიული დახმარების მოთხოვნით მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებს, სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის (1959 წ.) საფუძველზე. მათ მოითხოვეს მომჩივნის მიერ 2020 წლის 24 ივლისის საჩივარში დასახელებული ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქის გამოკითხვა და ინფორმაციის წარმოდგენა მათი ოფიციალური სტატუსისა და 2017 წლის 29 მაისს ადგილსამყოფლის შესახებ. იმავე მოთხოვნაში საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდა, იყო თუ არა დაყენებული სათვალთვალო კამერები „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის აზერბაიჯანულ მხარეს და თუ ასეა, შეიძლებოდა თუ არა შესაბამისი ჩანაწერების მოპოვება და შენახვა. საქმის მასალები არ შეიცავს დამატებით ინფორმაციას ზემოაღნიშნული მოთხოვნის პროგრესის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
126. 2021 წლის 20 აპრილს დანაშაული გადაკვალიფიცირებულ იქნა თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულიდან (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილი) ჯგუფის მიერ განზრახ თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულზე (143-ე მუხლის მე-3 „ა“ ნაწილი). მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი. შესაბამის საბრალდებო გადაწყვეტილებებში ნათქვამია, რომ საქმის მასალებში არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ მომჩივანს უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება და მან ამის გამო განიცადა მორალური ზიანი.
127. საქმის მასალების მიხედვით, 2021 წელს ჩატარდა რამდენიმე დამატებითი საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა მომჩივნის გენეტიკური კოდის დნმ-ის გამოკვლევა, მიკროავტობუსიდან მიღებულ დნმ-ის ნიმუშებთან შედარების მიზნით, რამდენიმე ქართველი პოლიციელის გამოკითხვა და მომჩივნის გატაცების რეკონსტრუქცია (მომჩივნის მონაწილეობით).
128. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ი.გ.-მა – რომელიც იმ დროისთვის სხვადასხვა ბრალდებით იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში – გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც, მათ შორის, ამტკიცებდა, რომ მომჩივნის გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა განხორციელდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ და, რომ ბრალდებების დამადასტურებელი ვიდეომასალა წაშლილი იყო. 2022 წლის 27 სექტემბერს, რამდენიმე განმეორებითი მოთხოვნის საპასუხოდ, საქმეზე პასუხისმგებელმა პროკურორმა მომჩივანს აცნობა, რომ ი.გ.-ს არ დაუსრულებია და, შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარება ჯერ არ შეიძლებოდა.
129. ამასობაში ი.გ.-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი საჯარო განცხადება, რომელშიც მან დაასახელა ორი პირი, რომლებმაც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბ.ი.-ის მოთხოვნით, მოაწყო და აღასრულა მომჩივნის გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვ.გ., რომელიც შესაბამის დროს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ო.კ. 2022 წლის 28 სექტემბერს მომჩივანმა მოითხოვა ზემოაღნიშნული სამი პირის გამოკითხვა.
130. მომჩივნის მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაციის კომენტირებისას, 2023 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ აცნობა სასამართლოს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის სავარაუდო გატაცების ფაქტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და, რომ ი.გ.-ის გამოკითხვა დასრულებული იყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დაკითხული იქნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოთხი ოფიცერი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოთხი ოფიცერი (რომლებიც ი.გ.-მა დაასახელა თავის ჩვენებაში) და, რომ ყველამ უარყო მტკიცება, რომ ისინი მონაწილეობდნენ მომჩივნის გატაცებაში ან მტკიცებულებათა გაყალბებაში, როგორც ცრუ.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა
I. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა საქართველოში
131. სისხლის სამართლის კოდექსის (1999 წ.) 143-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. ამავე დებულების მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე იმავე დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით.
132. იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისს N34 ბრძანების შესაბამისად, იმჟამად ძალაში მყოფი რედაქციით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას ჩვეულებრივ აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულის გამოძიება, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანაშაულს, უნდა მიენდოს პროკურატურას.
II. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა აზერბაიჯანში
133. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც ეხება წინასწარ პატიმრობას, დეტალურად არის აღწერილი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Farhad Aliyev v. Azerbaijan (no. 37138/06, §§ 83-102, 2010 წლის 9 ნოემბერი) და საქმეზე Muradverdiyev v. Azerbaijan (no. 16966/06, §§ 35‑49, 2010 წლის 9 დეკემბერი).
134. უზენაესი სასამართლოს პლენუმის შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება წინასწარ პატიმრობას, დეტალურად არის აღწერილი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Rasul Jafarov v. Azerbaijan (no. 69981/14, §§ 79-80, 2016 წლის 17 მარტი).
135. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც ეხება დათვალიერებას, ჩხრეკასა და ამოღებას, დეტალურად არის აღწერილი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Avaz Zeynalov v. Azerbaijan (nos. 37816/12 და 25260/14, § 51, 2021 წლის 22 აპრილი) და საქმეზე Azer Ahmadov v. Azerbaijan (no. 3409/10, § 37 და §§ 43-50, 2021 წლის 22 ივლისი).
III. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
A. ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ (1959)
136. 1959 წლის 20 აპრილის ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ (შემდგომში „კონვენცია ურთიერთდახმარების შესახებ“) რატიფიცირებულ იქნა საქართველოს მიერ 1999 წლის 13 ოქტომბერს და ძალაში შევიდა საქართველოსთან მიმართებით 2000 წლის 11 იანვარს. კონვენცია ურთიერთდახმარების შესახებ რატიფიცირებული იქნა აზერბაიჯანის მიერ 2003 წლის 4 ივლისს და ძალაში შევიდა აზერბაიჯანთან მიმართებით 2003 წლის 2 ოქტომბერს. ამ კონვენციის შესაბამისი დებულებები შემდეგნაირად იკითხება:
„1. ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, ამ კონვენციის დებულებათა თანახმად აღმოუჩინონ ერთმანეთს ფართო ურთიერთდახმარება იმ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებში, სასჯელი რომლებზეც დახმარებაზე თხოვნის მიღების მომენტში ექვემდებარება მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების იურისდიქციას.
...“
დახმარებაზე შეიძლება უარი ითქვას:
თუ თხოვნა დაკავშირებულია დანაშაულთან, რომელსაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან ფისკალურ დანაშაულად;
თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ თხოვნის შესრულებას შეუძლია ზიანი მიაყენოს მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა ძირითად ინტერესებს“.
„1. მოპასუხე მხარე მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს ნებისმიერ სასამართლო დავალებას, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეებთან და მიღებულია მის მიერ მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოებიდან, მოწმეთა ჩვენებების ან ნივთიერი მტკიცებულებების, ჩანაწერების ან დოკუმენტების მიღების მიზნით.
2. თუ მომთხოვნ მხარეს სურს, რომ მოწმეებმა და ექსპერტებმა ჩვენება მისცენ ფიცის ქვეშ, მან უნდა გამოხატოს ასეთი სურვილი და მოპასუხე მხარე ასრულებს ამ თხოვნას, თუ მისი ქვეყნის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს.
3. მოპასუხე მხარეს შეუძლია მოთხოვნილი ჩანაწერებისა და დოკუმენტების დამოწმებული ასლების ან ფოტოასლების გადაცემა, თუ მომთხოვნი მხარე სპეციალურად არ ითხოვს დედნებს; უკანასკნელ შემთხვევაში, მხარე, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა, იღებს ყველა ზომას თხოვნის შესასრულებლად“.
„1. მოპასუხე მხარეს შეუძლია გადადოს მოთხოვნილი საკუთრების, ჩანაწერების ან დოკუმენტების გადაცემა, თუ ზემოხსენებული საკუთრება, ჩანაწერები ან დოკუმენტები მას ესაჭიროება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის.
...“
„1. მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში ნახსენები სასამართლო დავალებები და მე-11 მუხლში ნახსენები შუამდგომლობები ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს, პასუხები მათზე ბრუნდება იმავე არხებით.
2. გადაუდებელ შემთხვევებში სასამართლო დავალებები შესაძლებელია გადაგზავნილ იქნეს ერთი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მეორე მხარის სასამართლო ორგანოებისადმი. მათზე პასუხები შესაბამისი დოკუმენტებით უბრუნდებათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არხებით.
...
7. წინამდებარე მუხლის დებულებანი არ ლახავს იმ ორმხრივ შეთანხმებებსა და მოლაპარაკებებს, რომლებიც მოქმედებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის და რომლებითაც გათვალისწინებულია დახმარების შესახებ თხოვნის გადაცემა მათი შესაბამისი ორგანოების მიერ“.
„ურთიერთდახმარებაზე უარის თქმის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განიმარტოს მიზეზები“.
B. 1993 წლის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ (შემდგომში „მინსკის კონვენცია“)
137. 1993 წლის მინსკის კონვენცია, რომლის მხარეებიც არიან აზერბაიჯანი და საქართველო, ხელმოწერილ იქნა 1993 წლის 22 იანვარს მინსკში. ის ორივე ქვეყანასთან მიმართებით ძალაში შევიდა 1996 წლის 11 ივლისს. მინსკის კონვენციის მე-2 ნაწილი არეგულირებს სისხლის სამართლის საქმეებზე თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
C. ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
138. ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელმოწერილი იქნა 1996 წლის 8 მარტს თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ხოლო მხარეებს შორის რატიფიცირების დოკუმენტების გაცვლა განხორციელდა 1997 წლის 20 იანვარს. ამ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები შემდეგნაირად იკითხება:
„1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური და სხვა მოქმედებების შესრულების, კერძოდ, დოკუმენტების შედგენის და გადაგზავნის, ჩხრეკის ჩატარების, ამოღების, ნივთიერ მტკიცებულებათა გადაგზავნისა და გაცემის, ექსპერტიზის ჩატარების, მხარეთა გამოკითხვის, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მოწმეთა, ექსპერტთა დაკითხვის, სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნისა და გადაცემის, სასამართლო დათვალიერების, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენთა ცნობისა და აღსრულების, სააღსრულებო წარწერათა შესრულების, აგრეთვე დოკუმენტების გადაცემის გზით“.
„სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ ამით ზიანი ადგება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს“.
D. სხვა შესაბამისი დოკუმენტები
139. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის 2184 (2017) – „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება აზერბაიჯანში“, მიღებული 2017 წლის 11 ოქტომბერს – შესაბამისი ამონარიდები შემდეგნაირად იკითხება:
„...6. ასამბლეა შეშფოთებულია, თავისუფლების შეზღუდვის მიზნით სისხლის სამართლის კანონმდებლობის თვითნებური გამოყენების პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ხაზგასმულია მინისტრთა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ზედამხედველობის ფარგლებში. 2013 წლიდან რამდენიმე ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით (ნარკოტიკების კონტრაბანდა ან ხულიგნობა). არსებობს ე.წ. „ფეისბუკის პატიმრების“ ჯგუფები, ახალგაზრდებისა, რომლებსაც ციხეში უშვებენ, ფეისბუკზე ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის გამო...
8. ასამბლეა შეშფოთებულია აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მომხრეების მიმართ რეპრესიული ქმედებებით. ეს ქმედებები ზიანს აყენებს მედიის ეფექტურ თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს უთხრის ჟურნალისტების უსაფრთხოებას და ქმნის ძალადობის ატმოსფეროს მათ მიმართ, ვინც განსხვავებულ შეხედულებებს გამოთქვამს...
16. ყველა ამ შეშფოთებისა და მოვლენის გათვალისწინებით, ასამბლეა მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას:
16.1. დაასრულოს ადამიანის უფლებათა დამცველების, მედიის და ხელისუფლების კრიტიკოსების სისტემური რეპრესიები, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა...
16.3. განიხილოს ე.წ. „პოლიტპატიმრების“/„სინდისის პატიმრების“ საქმეები, რომლებიც დაკავებულ იქნენ სისხლის სამართლის ბრალდებით იმ სასამართლო პროცესების შემდეგ, რომელთა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ და გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება იმ პატიმრების გასათავისუფლებლად, რომელთა პატიმრობა იწვევს დასაბუთებულ ეჭვებს და ლეგიტიმურ შეშფოთებას, კონკრეტულად კი, მაგრამ არა მხოლოდ, ... აფგან მუხთარლი...“
140. ევროპარლამენტმა თავის 2017 წლის 15 ივნისის რეზოლუციაში (2017/2722(RSP)), აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის შესახებ, განაცხადა შემდეგი:
„...1. კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის თბილისში გატაცებას და მის შემდგომ თვითნებურ დაკავებას ბაქოში; მიიჩნევს, რომ ეს არის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა და გმობს კანონის ამ მძიმე დარღვევას;
2. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს, უზრუნველყონ საქართველოში აფგან მუხთარლის იძულებით გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის ფაქტზე სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა;
3. უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მიმართონ ყველა შესაძლო ძალისხმევა, იძულებით გაუჩინარებაში ქართველი სახელმწიფოს აგენტების მონაწილეობის შესახებ ყველა ეჭვის გასარკვევად;
4. იხსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის დაცვა, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში ან ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მძიმე სასამართლო შედეგები თავიანთ წარმოშობის ქვეყანაში, უფლებადაცვითი ან პოლიტიკური საქმიანობის გამო; ამასთან დაკავშირებით იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის მხარეც არის საქართველო;
5. კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის დევნას, ყალბი ბრალდებების გამო და იმეორებს, რომ ის იდევნება დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობის გამო...“
კანონი
I. საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ
A. კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების სავარაუდო დარღვევა
141. მომჩივანი ჩიოდა, რომ ის გაიტაცეს თბილისში 2017 წლის 29 მაისს, ცუდად მოეპყრნენ და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ჩართულობით ან ნაგულისხმევი თანხმობით და, რომ ამ მოვლენების გამოძიება არაეფექტური იყო. იგი ამტკიცებდა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას, რომლებიც, რამდენადაც შესაბამისია, შემდეგნაირად იკითხება:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
„1. „ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
(a) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;
(b) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ან/და კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
...“
1. მისაღებობა
(a) მხარეთა არგუმენტები
142. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ან ალტერნატიულად მიუღებელი დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო. მათ თანახმად, საქმის მასალებში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ან აქტიურად, ან პასიურად მონაწილეობდა მომჩივნის სავარაუდო გატაცებასა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანაში, ან, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა მათი პოზიტიური ვალდებულება, დაეცვათ მომჩივანი. ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი გამოძიების ჩატარების შემდეგ მთავრობამ განაცხადა, რომ ვერ დადგინდა, რომ მომჩივანი ფაქტობრივად იქნა გატაცებული თბილისის ცენტრიდან და იძულებით იქნა გადაყვანილი აზერბაიჯანში. ალტერნატიულად, მათ განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა; შესაბამისად, საჩივარი ნაადრევი იყო.
143. საპასუხოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი სავარაუდო გატაცების გამოძიება უბრალოდ მიზნად ისახავდა გამოძიების ილუზიის შექმნას. დროის გასვლისა და რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და პროცესუალური დარღვევის გათვალისწინებით, მან განაცხადა, რომ მისთვის უაზრო იყო, დალოდებოდა ამ საქმის წარმოების დასასრულს.
(b) სასამართლოს შეფასება
144. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი შუამდგომლობა მიუღებლობის მოთხოვნით ეყრდნობა იმ ამოსავალ დებულებას, რომ ბრალდება, რომ მომჩივანი გაიტაცეს თბილისიდან და იძულებით გადაყვანის აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობით ან ნაგულისხმევი თანხმობით, არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად. ის მიიჩნევს, რომ თავისი ხასიათით ეს არგუმენტი ხვდება მომჩივნის საჩივრის არსებით მხარეში, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად.
145. რაც შეეხება მთავრობის პრეტენზიას დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის და საჩივრის ნაადრევი ხასიათის შესახებ, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების გამო, სასამართლო აღიარებს, რომ საჩივრის შეტანის დროს შესაძლოა ნაადრევი იყო დასკვნების გამოტანა სახელმწიფოს მატერიალური და პროცედურული ვალდებულებების შესახებ, კონვენციის მე‑3 და მე-5 მუხლების შესაბამისად და, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობის შესახებ. თუმცა, სასამართლო თანმიმდევრულად ადგენდა, რომ საჩივრის განხილვისას მან შეიძლება გაითვალისწინოს ფაქტები, რომლებიც მოხდა საჩივრის შეტანის შემდეგ, მაგრამ რომლებიც პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტებთან, რომლებსაც ის მოიცავს (იხ., საქმე Shmorgunov and Others v. Ukraine, nos. 15367/14 და 13 სხვა, § 302, 2021 წლის 21 იანვარი). ამ საქმეში მხარეებმა დეტალური არგუმენტები წარმოადგინეს საჩივრის წარდგენის შემდეგ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და მთავრობა დაეყრდნო შვიდ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამიტომ სასამართლოს არ ეკრძალება პრეტენზიების განხილვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მოხდა საჩივრის შეტანის შემდეგ (იხ. საქმე Tsaava and Others v. Georgia, nos. 13186/20 და 4 სხვა, § 184, 2024 წლის 7 მაისი [საბოლოო არ არის ჯერ]). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და მომჩივნის სწორედ ამ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრეტენზიების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას.
146. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-3 და მე‑5 მუხლების საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიები საქართველოს წინააღმდეგ არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
2. არსებითი მხარე
(a) მხარეთა არგუმენტები
147. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2017 წლის 29 მაისს ის გაიტაცა ოთხმა უცნობმა პირმა (რომელთაგან სამის, სავარაუდოდ, ეცვა საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმის ტანსაცმელი) და, რომ ის უკანონოდ გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და მიიყვანეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილში, ბელაქანის რაიონში. მან გააპროტესტა ბრალდება, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა და აღნიშნა, რომ მისი „გაქრობა“ მოხდა, როცა მისი ცოლი და მათი ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდნენ და მას თან არ ჰქონდა საერთაშორისო პასპორტი ან სხვა პირადი ნივთები.
148. რაც შეეხება გამოძიებას, მომჩივანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით უბრალოდ გამოძიების ილუზიას ქმნიდა. ის ამტკიცებდა, რომ: ამოღებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები იყო არასრული და, რომ არანაირი სერიოზული მცდელობა არ განხორციელებულა, პოტენციურად შესაბამისი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების ამოღების მიზნით; ვიდეოჩანაწერების ნაწილი მაინც იყო მანიპულირებული; და მრავალი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა. მან ასევე გააკრიტიკა, რომ გამოძიებამ მიერ შეძლო მიკროავტობუსის მძღოლის იდენტიფიცირება, რომელმაც მომჩივანი ბარათაშვილის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გადაიყვანა, და ფაქტი, რომ გამოძიების დაწყებით სტადიას პოლიცია აწარმოებდა – მიუხედავად მისი ბრალდებებისა, რომ პოლიცია ჩართული იყო მის გატაცებაში. მომჩივანი ასევე წუხდა, სავარაუდო დანაშაულის არაზუსტი სამართლებრივი კლასიფიკაციის გამო, რომლის გამოძიება მიმდინარეობდა პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში და საქმის მასალებზე შეზღუდული წვდომის გამო, რომელიც მის ადვოკატს მიეცა. ამასთან დაკავშირებით მან დაგმო ის ფაქტი, რომ მას დაუყოვნებლივ არ მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი მიმდინარე საქმის წარმოებაში.
149. მთავრობა, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა მომჩივნის გატაცების და საქართველოდან აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის არანაირი მტკიცებულება. მათ ასევე განაცხადეს, რომ მომჩივნის ბრალდებების გამოძიება ყველა თვალსაზრისით შეესაბამებოდა კონვენციის პროცედურულ მოთხოვნებს. ის დაიწყო მომჩივნის ცოლის მიერ საჩივრის შეტანისთანავე – ანუ მომჩივნის სავარაუდო გაუჩინარების მომდევნო დღეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქმის წარმოება ჩატარდა მიუკერძოებლად, საფუძვლიანად და ეფექტურად და, რომ ყველა შესაძლო ზომა იყო მიღებული მომჩივნის სავარაუდო გატაცების გარემოებების გასარკვევად. გამოიკითხა 375-ზე მეტი პოტენციური მოწმე, ამოიღეს და გამოიკვლიეს სათვალთვალო კამერების მოცულობითი ვიდეოჩანაწერები – მათ შორის, „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან. ის ფაქტი, რომ არცერთ ზემოხსენებულ საგამოძიებო მოქმედებას არ გამოუღია რაიმე მკაფიო შედეგი, მთავრობის აზრით, არ ხდიდა გამოძიებას არაეფექტურს. მომჩივნის ცოლსა და მათ ადვოკატს რეგულარულად აძლევდნენ წვდომას საგამოძიებო საქმის მასალებზე სამართალწარმოების დაწყებით სტადიაზე. მთავრობამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქმის წარმოების მსვლელობისას ლ.მ. რვაჯერ გამოიკითხა, რომ მისი და მომჩივნის ადვოკატის მიერ მოწოდებული ვერსია საფუძვლიანად იქნა განხილული და, რომ მათ მიიღეს დასაბუთებული პასუხები.
150. რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებების მანიპულირების ბრალდებას, მთავრობამ განმარტა, რომ „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების პირველად მოთხოვნაზე უარი განპირობებული იყო ტექნიკური მიზეზებით, რომელთა გამოც ვერ ხერხდებოდა ჩანაწერების მოძიება და ამოღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული სათვალთვალო კამერების გაუმართაობასთან მიმართებით, მთავრობამ მიიჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით ორი პასუხისმგებელი პოლიციელის მიერ მოწოდებული განმარტება უჩვეულო არ იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობის თანახმად, სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები მოპოვებულ იქნა გამოძიებისთვის ყველაზე სტრატეგიული ტერიტორიებიდან, როგორიცაა სამეზობლო, საიდანაც მომჩივანი სავარაუდოდ გაიტაცეს და სასაზღვრო გამტარი პუნქტი, რომლითაც ის სავარაუდოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამოღებული ვიდეოჩანაწერების ანალიზმა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ გამოავლინა.
(b) სასამართლო პროცესში საქმის მონაწილე მესამე მხარეები
151. მესამე მხარემ გამოთქვა შეშფოთება საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მუდმივი დევნის გამო, მათი დისიდენტური საქმიანობის საფუძველზე; მათ ასევე განაცხადეს რამდენიმე სხვა საქმეზე მითითებით, რომ თბილისიდან მომჩივნის გატაცება წარმოადგენს ქვეყანაში აზერბაიჯანელი დისიდენტების შევიწროების უფრო ფართო მაგალითს, რომლის მიმართაც საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ტოლერანტული იყვნენ. მათ გაიმეორეს – მათ შორის, სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის იურისპრუდენციაზე მითითებით, რომ წევრ სახელმწიფოებს ჰქონდათ მათი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ვალდებულება და, რომ ეს ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ ძალადობაზე საკუთარი აგენტების მხრიდან, არამედ ასევე ძალადობაზე მესამე მხარის სუბიექტების მხრიდან.
(c) სასამართლოს შეფასება
152. სასამართლო პირველ რიგში განიხილავს მომჩივნის საჩივარს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების პროცედურული ასპექტის შესაბამისად, რომ არ ჩატარებულა მისი გატაცების, მის მიმართ ცუდი მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის ბრალდებების ეფექტური და შესაბამისი გამოძიება (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე El‑Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 181, ECHR 2012; საქმე Al Nashiri v. Poland, no. 28761/11, § 462, 2014 წლის 24 ივლისი; და საქმე Husayn (Abu Zubaydah) v. Poland, no. 7511/13, § 459, 2014 წლის 24 ივლისი). ამის შემდეგ ის გააგრძელებს გამოკვლევას კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალური ასპექტის შესაბამისად და დაადგენს, გაიტაცეს თუ არა მომჩივანი თბილისიდან და გადაიყვანეს თუ არა ის შემდეგ იძულებით აზერბაიჯანში და, თუ ეს მართლაც ასე იყო, იყო თუ არა მომჩივნის გატაცებაში როგორმე ჩართული საქართველოს ხელისუფლება.
(i) იყო თუ არა მომჩივნის ბრალდებების გამოძიება შესაბამისი და ეფექტური
( α) ზოგადი პრინციპები
153. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება – მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან ერთად – არის ძირითადი უფლებების პირველ რიგში, რომლებიც იცავს პიროვნების ფიზიკურ უსაფრთხოებას; როგორც ასეთი, მისი მნიშვნელობა უმთავრესია. მისი მთავარი მიზანია თავისუფლების თვითნებური ან გაუმართლებელი აღკვეთის პრევენცია (იხ., მაგ., საქმე Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, § 171, ECHR 2004‑II; საქმე Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 461, ECHR 2004‑VII; და საქმე Buzadji v. the Republic of Moldova [GC], no. 23755/07, § 84, 2016 წლის 5 ივლისი). გარდა ამისა, ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებული სავარაუდო გატაცების საქმეებში სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების ხასიათი და ფარგლები, გამოიძიოს სავარაუდო გატაცება, იგივეა როგორც კონვენციის მე-3, ისე მე-5 მუხლებთან მიმართებით (იხ. საქმე El-Masri, ციტირებული ზემოთ, § 242; საქმე Razvozzhayev v. Russia and Ukraine and Udaltsov v. Russia, nos. 75734/12 და 2 სხვა, § 173; და, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Medova v. Russia, no. 25385/04, §123, 2009 წლის 15 იანვარი).
154. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება ხელშემკვრელი სახელმწიფოების პროცედურულ ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, შეჯამებულია საქმეში Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, §§ 81-123, ECHR 2015). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ მას უნდა შეეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სათანადო დასჯა. ამავე დროს, კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება არის არა შედეგის, არამედ საშუალებების ვალდებულება. აგრეთვე, ის არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი დააკისროს ხელისუფლების ორგანოებს (იხ. საქმე J. and Others v. Austria, no. 58216/12, § 107, 2017 წლის 17 იანვარი). გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულობისა და გონივრული დაჩქარების მოთხოვნა იგულისხმება ამ კონტექსტში, აღიარებული უნდა იქნეს, რომ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში.
155. მოთხოვნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ეფექტური იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებას, ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებთან, რაც გულისხმობს დახმარების მოთხოვნის ან გაწევის ვალდებულებას. ამ ვალდებულებების ხასიათი და ფარგლები აუცილებლად იქნება დამოკიდებული თითოეული კონკრეტული საქმის გარემოებებზე – მაგალითად, განლაგებულია თუ არა მტკიცებულების ძირითადი ელემენტები ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან გაიქცნენ თუ არა ეჭვმიტანილები იქ (იხ., კონვენციის მე-2 მუხლის პერსპექტივიდან, საქმე Güzelyurtlu and Others v. Cyprus and Turkey [GC], no. 36925/07, §§ 222-236, 2019 წლის 29 იანვარი). ეს ნიშნავს, რომ შესაბამისმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან გონივრული ნაბიჯები ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის, კეთილსინდისიერად ამოწურონ მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებები სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის კომპეტენტური, ზედამხედველობა გაუწიოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ვალდებულებების დაცვას, გარდა კონვენციისა, ის, ჩვეულებრივ, ამოწმებს ამ კონტექსტში, გამოიყენა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული შესაძლებლობები (იქვე, § 235, და მასში ციტირებული მითითებები; იხ. ასევე საქმე Nasr and Ghali v. Italy, no. 44883/09, §§ 270 და 272, 2016 წლის 23 თებერვალი, თანამშრომლობის ვალდებულებასთან დაკავშირებით, მე-3 მუხლის შესაბამისად, და საქმე X and Others v. Bulgaria [GC], no. 22457/16, § 191, 2021 წლის 2 თებერვალი).
156. დაბოლოს, კრიტერიუმები, რომლებიც გამოძიებამ უნდა დააკმაყოფილოს, კონვენციით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებების მიზნებისათვის, ურთიერთდაკავშირებულია და თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, არ არის, თავის თავად, საბოლოო მიზანი, როგორც ეს არის სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნების შემთხვევაში, მე-6 მუხლის შესაბამისად. ეს არის კრიტერიუმები, რომლებიც, ერთად აღებული, იძლევა გამოძიების ეფექტურობის ხარისხის შეფასების შესაძლებლობას. სწორედ ეფექტური გამოძიების ამ მიზანთან დაკავშირებით უნდა შეფასდეს ნებისმიერი საკითხი (იხ. საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], no. 24014/05, § 225, 2015 წლის 14 აპრილი; საქმე Nicolae Virgiliu Tănase v. Romania [GC], no. 41720/13, § 171, 2019 წლის 25 ივნისი; და საქმე Tsaava and Others, ციტირებული ზემოთ, §211).
(b) ზემოთ აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
157. სასამართლო იწყებს იმით, რომ თავისი თანმიმდევრული და დეტალური ჩვენებებით მომჩივანმა შეადგინა შესაძლო ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებული მისი გატაცების prima facie საქმე, რომელიც მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლების ორგანოების სწრაფ პასუხს შესაბამისი გამოძიების სახით (იხ. საქმე Razvozzhayev, ციტირებული ზემოთ, §§173 და 175-76).
158. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანი სავარაუდოდ გაიტაცეს 2017 წლის 29 მაისს. მისი სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანში გადაყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება 2017 წლის 30 მაისს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. რაც წინამდებარე საქმეში სასწორზე დევს, შესაბამისად, არის დროულად დაწყებული გამოძიება, რომელიც შვიდ წელზე ოდნავ მეტი ხანია, მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში გამომძიებლებმა გამოჰკითხეს ასობით პოტენციური მოწმე, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს და ასევე იმ სამეზობლოში, საიდანაც ის სავარაუდოდ გაიტაცეს. მათ ასევე გამოჰკითხეს პოტენციური მოწმეები საზღვრის შესაბამისი მონაკვეთის სიახლოვეს, მათ შორის, ყველა მესაზღვრე და მებაჟე, რომლებსაც შესაძლოა ურთიერთობა ჰქონოდათ მომჩივანთან. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა ასევე მრავალი მოთხოვნით მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებს, სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით მისი გადაყვანის გარემოებების მომჩივნისეული ვერსია, დაადგინეს ყველა, ვინც იმ დღეს გადაკვეთა საზღვარი და ჩაატარეს სხვა საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა სათვალთვალო კამერების მრავალი ვიდეოჩანაწერის ამოღება და გამოკვლევა (იხ. პარაგრაფები 19-72 ზემოთ). საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მომჩივანი, თავის მხრივ – გამოძიების დაჩქარებისა და დამაკმაყოფილებელი შედეგის იმედით – რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებდა პროკურატურასთან, შეჰქონდა სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნა, ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
159. უბრუნდება რა გამოძიების არსს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოები აღმოჩნდნენ ორი ალტერნატიული ვერსიის წინაშე იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩინარდა მომჩივანი საქართველოდან და კვლავ გამოჩნდა აზერბაიჯანში: პირველი, აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც, მან უკანონოდ გადაკვეთა „მწვანე საზღვარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის; და მეორე, მომჩივნისეული ვერსია, რომლის მიხედვითაც, ის გაიტაცეს და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. რამდენიმე საათით ადრე თბილისში ნახვის შემდეგ მომჩივნის აზერბაიჯანში გამოჩენის სხვა ახსნა-განმარტების არარსებობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს საფუძვლიანად და გულმოდგინედ უნდა გამოეკვლიათ მოვლენების ორივე ვერსია, რათა მისულიყო დასკვნებამდე მათი დამაჯერებლობის შესახებ (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ).
160. ამ მიმართებით, სასამართლო იწყებს იმის აღნიშვნით, რომ არანაირი ძალისხმევა არ განხორციელებულა ადგილზე, საზღვრის შესაბამისი მონაკვეთის ქართული მხრიდან, იმის შესამოწმებლად, ფაქტობრივად ჰქონდა თუ არა ადგილი „მწვანე საზღვრის“ უკანონო კვეთას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. შესაბამისად, არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა შესაბამის ტერიტორიაზე პირის ან მანქანის რაიმე ნაკვალევის ან კვალის არსებობის, ან საზღვრის გადაკვეთის სხვა რაიმე ფიზიკური მტკიცებულების არსებობის შესამოწმებლად. არ ჩატარებულა ადგილზე ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო თუ არა ფიზიკურად შესაძლებელი პირის ან/და მანქანის მიერ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე „მწვანე საზღვრის“ გადაკვეთა. ასეთი ზომები აუცილებელი იყო არა მხოლოდ მოვლენების აზერბაიჯანული ვერსიის დამაჯერებლობის შესამოწმებლად, არამედ იმის შესამოწმებლადაც, ჩაიდინა თუ არა მომჩივანმა ფეხით ან სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს დატოვებით დანაშაული, როგორიცაა საზღვრის უკანონო კვეთა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურატურის შემდგომი დაგვიანებული მცდელობა, გამოეკვლია ეს საგამოძიებო ხაზი მესაზღვრეების დაკითხვით (73-მა მათგანმა ერთსულოვნად განაცხადა, რომ იმ დღეს არანაირი ინციდენტი არ მომხდარა „მწვანე საზღვრის“ სექციებზე, რომლებზეც ისინი პატრულირებდნენ (იხ. პარაგრაფები 35-36ზემოთ)), ვერ აანაზღაურებდა პოლიციის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტური მტკიცებულებების მოპოვების წარუმატებლობას.
161. რაც შეეხება მოვლენების მომჩივნისეულ ვერსიას, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი ამ კუთხით, როგორც ჩანს, არის მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულებების შეგროვება და გამოკვლევა. დასაწყისისთვის, 2017 წლის 5 ივნისს გაკეთდა განცხადება მომჩივნის „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით აზერბაიჯანში გადაყვანის შესახებ (იხ. პარაგრაფი 45 ზემოთ). თუმცა, ზემოაღნიშნული სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების პირველადი მოთხოვნა მხოლოდ 2017 წლის 14 ივნისს განხორციელდა, ანუ ცხრა დღის დაგვიანებით. გარდა ამისა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თავდაპირველად უარი იყო, რადგან, როგორც შესაბამის წერილშია აღნიშნული, ვიდეოჩანაწერების მოძიება და ამოღება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ სათვალთვალო სისტემის ჩამწერი სისტემა არ ფუნქციონირებდა (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ). საბოლოოდ, განმეორებითი მოთხოვნის შემდეგ, 2017 წლის 2 ივლისს, ვიდეოჩანაწერები მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა მომჩივნის გატაცებაში) და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრმა, რომელსაც პირველადი მოთხოვნა გაეგზავნა (იქვე). მთავრობის ახსნა‑განმარტება ზემოაღნიშნული შეუსაბამობების შესახებ არ ჩანს დამაჯერებელი (იხ. პარაგრაფები 42 და 150 ზემოთ). იმავდროულად, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ვიდეოჩანაწერები მანიპულირებული იყო, თუმცა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. 2018 წლის 2 აპრილს გაიცა ვიდეოჩანაწერების სასამართლო ექსპერტიზის ბრძანება, იმის გამოსარკვევად, იყო თუ არა ისინი გაყალბებული; მაგრამ ექვს წელზე მეტი ხნის შემდეგ გამოძიების საქმე არ შეიცავს ამ ექსპერტიზის შედეგებს (იხ. პარაგრაფი 68 ზემოთ).
162. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „ცოდნა/ლაგოდეხის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან ვიდეოჩანაწერების შესწავლის შესახებ ანგარიშებში უბრალოდ ნათქვამია, დეტალების დაზუსტების გარეშე, რომ ადამიანებმა, რომლებმაც განიხილეს ეს ვიდეოჩანაწერები, „მათში საქმისთვის რაიმე საინტერესო ვერ დაინახეს“. (იხილეთ პარაგრაფი 57 ზემოთ). ვიდეოჩანაწერების გამოსაკვლევად გამოყენებული ზუსტი მეთოდი გაუგებარია (ამასთან დაკავშირებით იხ. საქმე Merabishvili v. Georgia [GC], no. 72508/13, § 345, 2017 წლის 28 ნოემბერი). ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერების სასამართლო ექსპერტიზა დაინიშნა 2018 წლის 2 აპრილს, კადრებში ხილული ყველა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირების მიზნით (იხ. პარაგრაფი 68 ზემოთ); მაგრამ კიდევ ერთხელ, გამოძიების საქმის მასალები არ შეიცავს ამ ექსპერტიზის შედეგებს. სასამართლო ზუსტად იმავე საკითხს აღნიშნავს მომჩივნის გატაცების სავარაუდო ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 58 ზემოთ). ვიდეოჩანაწერების სასამართლო ექსპერტიზის ბრძანება გაიცა 2017 წლის 20 სექტემბერს, კადრებში ხილული სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ნომრების იდენტიფიცირების მიზნით; მაგრამ გამოძიების საქმის მასალები არც ამ ექსპერტიზის შედეგებს შეიცავს (იქვე).
163. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან მოპოვებული ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მომჩივნის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ დაინახა შავ კოსტიუმში ჩაცმული ადამიანი, რომელიც უყურებდა მომჩივანს მიკროავტობუსში ასვლისას, გამოძიების ადრეულ ეტაპზე გახდა ხელმიუწვდომელი (იხ. პარაგრაფები 38და 59ზემოთ) და არ ყოფილა რეალური ძალისხმევა ამ კადრებზე წვდომის აღსადგენად, სადავო პირის იდენტიფიცირების მიზნით (იხ. პარაგრაფი 60ზემოთ). ანალოგიურად, მთავრობის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ ფუნქციონირებდა ამდენი საგზაო მოძრაობის კამერა მომჩივნის სავარაუდო გატაცების დღეს, გადაუმოწმებელი რჩება (იხ. პარაგრაფი 41ზემოთ). იხსენებს რა, რომ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას, რომელიც გადამწყვეტია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად (იხ. საქმე M.H. and Others v. Croatia, nos. 15670/18 და 43115/18, § 271, 2021 წლის 18 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით), და აღნიშნავს რა მომჩივნის ბრალდებას, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე მოხდა პოტენციურად მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულების მანიპულირება, რაც გამყარებულია ი.გ.-ის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, განცხადებით (იხ. პარაგრაფი 128ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების კუმულაციურად გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმეში, სულ მცირე, ვიდეოჩანაწერების შეგროვებისა და გაანალიზების წესი არადამაკმაყოფილებელია და ეჭვქვეშ აყენებს მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას.
164. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზები შეიძლება საკმარისი იყოს იმის დასადგენად, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ გადაუდგამთ ყველა გონივრული ნაბიჯი მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების გულმოდგინედ დასაცავად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განიხილოს რამდენიმე სხვა სავარაუდო ხარვეზიც.
165. დავიწყოთ იმით, რომ ი.გ. (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე) ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბ.ი.-ის, მოთხოვნით, მონაწილეობდა მომჩივნის გატაცების ორგანიზებაში (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები, რომლებშიც ი.გ.-მა მისცა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ცალსახა არ იყო (იხ. იქვე), სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საგამოძიებო ხაზი იმსახურებდა შემდგომ შესწავლას. მთავრობამ სასამართლოს განუცხადა, რომ ი.გ.-ის მტკიცებულებები არ დადასტურდა მის მიერ თავის ჩვენებებში განსაზღვრული მტკიცებულებებით (იხ. პარაგრაფი 130 ზემოთ). მათ არ მიუწოდებიათ სასამართლოსთვის შესაბამისი საქმის მასალების ასლები – მათ შორის, ი.გ.-ის განცხადების ასლი (იქვე); ასევე ჩანს, რომ მომჩივნისთვის არ შეუზღუდავთ მტკიცებულებებზე წვდომა (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ). ასეთ გარემოებებში, კერძოდ, მომჩივნის საქმის (რომელიც განვითარდა ყოფილი ან/და მოქმედი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების შესაძლო როლის გარშემო, რომელიც მათ სავარაუდოდ ჰქონდათ მომჩივნის საქართველოდან „გაქრობაში“) უკიდურესი პოლიტიკური სენსიტიურობის და მთავრობის სურვილის არქონის გათვალისწინებით, გააზიაროს გამოძიების ამ კონკრეტული ხაზის შედეგები, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ ის წარიმართა გულმოდგინედ და დამაკმაყოფილებლად.
166. რაც შეეხება მომჩივნის შემდეგ საჩივარს, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების არასაკმარისი ძალისხმევის შესახებ, მიეღოთ იურიდიული დახმარება აზერბაიჯანელი კოლეგებისგან, სასამართლო იმეორებს, რომ თანამშრომლობის პროცედურული ვალდებულება დაირღვევა მხოლოდ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც უნდა მიმართოს თანამშრომლობისთვის, თუ მან ვერ შეძლო თანამშრომლობის სწორი მექანიზმების ამოქმედება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (იხ. საქმე Güzelyurtlu and Others, ციტირებული ზემოთ, §236). საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა წინამდებარე საქმეში ფართოდ გამოიყენეს თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, თუმცა, წარუმატებლად (იხ. პარაგრაფები 54, 63, 67 და 125 ზემოთ). იმის გამო, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამ მიმართებით საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი, სასამართლოს არ ეკისრება განხილვა, შეასრულეს თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებმა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის ვალდებულება (შეუპირისპირეთ საქმე Güzelyurtlu and Others, ციტირებული ზემოთ, §241). თუმცა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეში თანამშრომლობის მექანიზმის არაეფექტურობა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მოთხოვნის, იურიდიული დახმარების შესახებ, შეუსრულებლობით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებისთვის დამატებითი მოთხოვნებით არ მიუმართავთ, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს დასკვნისთვის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან პასუხის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყვნენ მათი აზერბაიჯანელი კოლეგების წარუმატებლობაზე, მიეწოდებინათ მტკიცებულებები, რომლებიც გადამწყვეტი იქნებოდა საქმის ფაქტების დასადგენად.
167. დაბოლოს, სასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული ბრალდებების გამოძიებისას, მათ შორის, ისეთი ბრალდებების, როგორებიცაა წინამდებარე საქმეში, ზოგადად, შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, სახელმწიფოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვისადმი საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნებისმიერი შეთქმულების ან ტოლერანტობის თავიდან ასაცილებლად (იხ., სხვა საქმეებს შორის, საქმე Gongadze v. Ukraine, no. 34056/02, §177, ECHR 2005‑XI; იხ. ასევე საქმე Mikeladze and Others v. Georgia, no. 54217/16, § 68, 2021 წლის 16 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით). საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ განხორციელებული თითოეული და ყოველი საგამოძიებო ღონისძიების შინაარსში ჩასვლის გარეშე – და იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც მათ აზერბაიჯანელ კოლეგებს უნდა ეთამაშათ მომჩივნის ბრალდებების გამოძიების პროცესში – სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: გამოძიების მიმდინარეობის შვიდ წელზე მეტი ხნის შემდეგ, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რა გარემოებებში აღმოჩნდა მომჩივანი თბილისიდან აზერბაიჯანში 2017 წლის 29 მაისს. როგორც ჩანს, 2018 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე იყო გამოძიების უმოქმედობის პერიოდი, ხოლო მთავრობას ამ მხრივ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ბრალდებები მისი გატაცების, მის მიმართ ცუდი მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის შესახებ და, რომ ეს უკავშირდებოდა მის როგორც ჟურნალისტის საქმიანობას, დამაჯერებელი იყო; ამდენად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს განსაკუთრებული გულმოდგინებით და ოპერატიულად უნდა გამოეძიებინათ ეს ბრალდებები (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Huseynova, v. Azerbaijan, no. 10653/10, § 115, 2017 წლის 13 აპრილი; საქმე Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 52, 2015 წლის 29 იანვარი; საქმე Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, § 73, 2018 წლის 17 ივლისი; და საქმე Khadija Ismayilova v. Azerbaijan (no. 3), no. 35283/14, §§ 119‑20, 2020 წლის 7 მაისი).
168. დასკვნის სახით, ითვალისწინებს რა ზემოაღნიშნული საქმის წარმოების ხარვეზებს და, კერძოდ, გამოძიების შელახულ მთლიანობას, მათ შორის, სათვალთვალო კამერების მტკიცებულებების არასათანადო დამუშავებისა და მოვლენების აზერბაიჯანის მთავრობისეული ვერსიის დამაჯერებლობის გადამოწმების რეალური ძალისხმევის არარსებობის კუთხით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს მომჩივნის საქართველოდან სავარაუდო გატაცების გარემოებების, მის მიმართ ცუდი მოპყრობისა და იძულებით აზერბაიჯანში გადაყვანის ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები.
169. შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას, რამდენადაც ეხება საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ვალდებულებებს, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება.
(ii) გაიტაცეს თუ არა მომჩივანი და გადასცეს თუ არა ის აზერბაიჯანს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ჩართულობით ან ნაგულისხმევი თანხმობით
(a) ფაქტების დადგენასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
170. შესაბამისი ზოგადი პრინციპების შეჯამებისთვის საქმეებში, რომლებშიც ფაქტები სადავო გახადეს მხარეებმა, იხ. საქმე El‑Masri, ციტირებული ზემოთ, §§ 151-53, ECHR 2012).
171. სასამართლო იხსენებს, რომ ის მგრძნობიარეა თავისი როლის სუბსიდიარული ხასიათის მიმართ და აღიარებს, რომ უნდა იყოს ფრთხილი მატერიალური ფაქტები განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის მორგებისას, როდესაც ეს გარდაუვალი არ არის კონკრეტული საქმის გარემოებებით (იხ. საქმე Imakayeva v. Russia, no. 7615/02, § 113, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები); საქმე Aslakhanova and Others v. Russia, nos. 2944/06, 8300/07, 50184/07, 332/08 და 42509/10, § 96, 2012 წლის 18 დეკემბერი; იხ. ასევე საქმე El‑Masri, § 154, და საქმე Al Nashiri, § 393, ორივე ციტირებული ზემოთ). მიუხედავად ამისა, საქმეებში, რომლებშიც არსებობს მოვლენების ურთიერთგამომრიცხავი ანგარიშები, სასამართლოს შემოწმება აუცილებლად მოიცავს ფაქტების დადგენას, რომლებსაც მხარეები არ ეთანხმებიან. ასეთ სიტუაციებში სასამართლო ფაქტების დადგენისას გარდაუვალად აწყდება ისეთივე სირთულეებს, როგორსაც პირველი ინსტანციის სასამართლო (იხ. საქმე Al Nashiri v. Romania, no. 33234/12, § 490, 2018 წლის 31 მაისი, შემდგომი მითითებებით).
172. მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო იღებს მტკიცების სტანდარტს „გონივრულ ეჭვს მიღმა“. თუმცა, მისი მიზანი არასდროს ყოფილა, გადაეღო იმ ეროვნული სამართლებრივი სისტემების მიდგომა, რომლებიც იყენებენ ამ სტანდარტს. სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს გადაწყვეტილების გამოტანა არა ბრალეულობასთან ან სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან, არამედ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კონვენციით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. კონვენციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მისი ამოცანის სპეციფიკა – უზრუნველყოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულება – განაპირობებს მტკიცებულებებსა და მტკიცების საკითხებისადმი მის მიდგომას. სასამართლოში საქმის წარმოებისას მტკიცებულებების მისაღებობასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი პროცედურული დაბრკოლებები ან მათი შეფასების წინასწარ განსაზღვრული ფორმულები. ის იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, გამყარებულია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, ისეთი დასკვნების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა წარდგინებებიდან. დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, მტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს საკმარისად მტკიცე, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნების ან ფაქტის ანალოგიურად შეურყეველი პრეზუმფციების თანაარსებობაზე. გარდა ამისა, კონკრეტული დასკვნის გამოტანისთვის საჭირო დარწმუნების დონე და ამ მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილება, დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიკურობასთან, ბრალდების ხასიათთან და კონვენციით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებასთან. სასამართლო ასევე ყურადღებიანია იმ მნიშვნელობისადმი, რომელიც თან ახლავს გადაწყვეტილებას, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ დაარღვია ძირითადი უფლებები (იხ. იქვე, § 491, შემდგომი მითითებებით).
173. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა შემთხვევაში არ ექვემდებარება affirmanti incumbit probatio პრინციპის მკაცრ გამოყენებას (მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, რომელიც უარყოფს). გარკვეულ გარემოებებში, როდესაც განსახილველი მოვლენები მთლიანად ან დიდწილად ექვემდებარება ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიურ ცოდნას, მტკიცების ტვირთი, რომ წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხელისუფლების ორგანოებზეა (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII). თუ მხარე ვერ ახერხებს მტკიცებულებების მოტანას ან სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენას, ან არ გასცემს შესაბამის ინფორმაციას საკუთარი ინიციატივით, ან სხვაგვარად ვერ მონაწილეობს საქმის წარმოებაში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს ისეთი დასკვნები, როგორსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს (იხ. საქმე Abu Zubaydah v. Lithuania, no. 46454/11, § 482, 2018 წლის 31 მაისი).
(ß) ზემოთ აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
174. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მისი სავარაუდო გატაცების, მის მიმართ ცუდად მოპყრობისა და აზერბაიჯანში გადაყვანის მომჩივნისეული ვერსია იყო დეტალური და კონკრეტული და დარჩა თანმიმდევრული მთელი გამოძიების განმავლობაში, ასევე, სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმისწარმოებისას. გარკვეული შეუსაბამობების მიუხედავად, თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ის გაიტაცა ოთხმა კაცმა, რომელთაგან სამს ეცვა ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმის ტანსაცმელი და საუბრობდა ქართულად; რომ ის გაიტაცეს ნიაღვრის ქუჩიდან, თბილისში, მისი ბინის უშუალო სიახლოვეს; და, რომ ის წაიყვანეს საგარეჯოს, შემდეგ კი ლაგოდეხის მიმართულებით და ორჯერ გამოიცვალა სატრანსპორტო საშუალება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე (იხ. პარაგრაფები 7-8, 23, 56 და 124 ზემოთ). სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს მომჩივნის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ის ნებაყოფლობით არ გაემგზავრებოდა აზერბაიჯანში. ამ პოზიციას ამყარებს, მათ შორის, ის ფაქტი, რომ მომჩივანს და მის ცოლს შეტანილი ჰქონდათ საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნა, რომელიც იმ დროისთვის განხილვის პროცესში იყო (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ).
175. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოს არ ხდიან, რომ ბოლოს მომჩივანი ნახეს 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით 19:25 საათზე, როცა №4 მიკროავტობუსში ავიდა ბარათაშვილის 4 ნომერთან. ამის შემდეგ მომჩივნის კვალი დაიკარგა მის აზერბაიჯანში ხელახლა გამოჩენამდე. ქვემოთ მოცემულ პარაგრაფში განხილული არაპირდაპირი ელემენტების გამოკლებით, დღემდე არცერთი გადამწყვეტი მტკიცებულება არ არის გამოვლენილი, რომელიც დაადასტურებდა მომჩივნის გატაცებისა და შემდგომში იძულებით აზერბაიჯანში გადაყვანის ფაქტს, საქართველოს სახელმწიფო აგენტების მონაწილეობით.
176. ერთი არაპირდაპირი ელემენტი, რომელიც შეიძლება ადასტურებდეს მის მტკიცებას, არის აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის განცხადება, რომელმაც მიუთითა, რომ მომჩივნის დაკავება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, განცხადება, რომელიც 2017 წლის 13 ივნისს ცრუდ გამოაცხადა გენერალურმა პროკურატურამ (იხ. პარაგრაფები 15 და 16 ზემოთ). მომჩივნისეული ვერსიის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებაა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ი.გ.-ის განცხადება (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ). მიუხედავად განსაკუთრებული ინტერესისა, სასამართლოს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მტკიცებულებას. ი.გ.-ის სანდოობა დასუსტებულია იმ ფაქტით, რომ მან ეს გაამჟღავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული რიგი ბრალდებებით (იქვე). ის ასევე ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს, რომ ი.გ.-ის მტკიცებულებების სიზუსტე არ შეიძლება დადასტურდეს იმ პირების განცხადებებით, რომლებზეც მან დაადგინა, რომ მონაწილეობდნენ მომჩივნის გატაცებაში, ან სხვა რომელიმე ობიექტური ელემენტით.
177. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება სასამართლოს მიერ განხილული საქმეების ჯგუფისგან, სადაც მან დაადგინა, რომ „გატაცებულმა“ მომჩივნებმა, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს მესამე ქვეყნებში თვითმფრინავით, ვერ გაიარეს პასპორტისა და საბაჟო შემოწმება აეროპორტში და ჩასხდნენ რეისზე შესაბამისი ორგანოების პასიური ან აქტიური ჩართულობის გარეშე (იხ., სხვა საქმეებს შორის, საქმე Iskandarov v. Russia, no. 17185/05, §§ 113-15, 2010 წლის 23 სექტემბერი; საქმე Abdulkhakov v. Russia, no. 14743/11, § 125, 2012 წლის 2 ოქტომბერი; საქმე Savriddin Dzhurayev v. Russia, no. 71386/10, §§ 201-02, ECHR 2013 (ამონარიდები); საქმე Kasymakhunov v. Russia, no. 29604/12, §§ 109-110, 2013 წლის 14 ნოემბერი; საქმე Belozorov v. Russia and Ukraine, no. 43611/02, § 107, 2015 წლის 15 ოქტომბერი, და საქმე Khamidkariyev v. Russia, no. 42332/14, § 123, 2017 წლის 26 იანვარი). განხილულ საქმეში აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი ე.წ. „მწვანე საზღვრის“ გავლით (იხ. პარაგრაფი 10 ზემოთ).
178. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ მომჩივნის სავარაუდო გატაცების წინა პერიოდში საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა გამოიჩინეს რაიმე ინტერესი მომჩივნის პიროვნების ან მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ (შეუპირისპირეთ საქმე Gongadze, ციტირებული ზემოთ, §§ 167 და 170; ასევე შეადარეთ საქმე Huseynova, ციტირებული ზემოთ, §§ 100-101, და საქმე Tagiyeva v. Azerbaijan, no. 72611/14, § 65, 2022 წლის 7 ივლისი). მომჩივანი არავის უნახავს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ხელში ან სხვაგვარად მათი უფლებამოსილების ქვეშ (შეუპირისპირეთ საქმე Belozorov, ციტირებული ზემოთ, §§ 104-110; ასევე იხ. საქმე Rantsev v. Cyprus and Russia, no. 25965/04, § 320, ECHR 2010 (ამონარიდები); ასევე იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Gaysanova v. Russia, no. 62235/09, §§ 113-14, 2016 წლის 2 მაისი).
179. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მის თვალთვალთან დაკავშირებით განცხადების საჯაროდ გამოქვეყნების ფაქტი, მის სავარაუდო გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე (იხ., პარაგრაფი 18 ზემოთ), არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მოვლენების მისი ვერსიის გასამყარებლად.
180. ასეთ გარემოებებში, საქმის არსებული მასალების შესწავლის შემდეგ, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, საკმარისი დარწმუნებით დაადგინოს ფაქტობრივი მოვლენები, რომლებშიც მოხდა მომჩივნის თბილისიდან გაუჩინარება და მისი ხელახალი გამოჩენა აზერბაიჯანში. ეს სირთულე განპირობებულია, კერძოდ, იმით, რომ საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა არ ჩაატარეს ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიება (იხ. პარაგრაფები 157-169 ზემოთ). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ასკვნის „გონივრულ ეჭვს მიღმა“, რომ მომჩივანი გაიტაცეს, მას ცუდად მოეპყრნენ და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების ორგანოების (აქტიური ან პასიური) მონაწილეობით ან თანხმობით.
181. შესაბამისად, ის ვერ ადგენს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალურ დარღვევას საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით.
B. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები საქართველოს მიერ
182. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-8, მე-10 და მე-13 მუხლების, მე-4 ოქმის მე-2 მუხლისა და მე-7 ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას, მისი სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო. ის ასევე ამტკიცებდა კონვენციის მე-10 მუხლისა და მე-18 მუხლის დარღვევას, მე-5 მუხლის ფარგლებში შეტანილ პრეტენზიასთან ერთობლიობაში. ითვალისწინებს რა თავის დასკვნებს, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 157-169და 174-181ზემოთ) და მხარეთა არგუმენტებს, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, ცალკე განიხილოს ამ პრეტენზიების მისაღებობა და არსებითი მხარე (შეადარეთ საქმე Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014).
II. საჩივრები აზერბაიჯანის წინააღმდეგ
A. კონვენციის მე-5(1) მუხლის სავარაუდო დარღვევა
183. მომჩივანი ჩიოდა, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება არ ეფუძნებოდა საფუძვლიან ეჭვს, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 29-დან 31 მაისამდე იყო უკანონო. კონვენციის მე-5(1) მუხლის შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
...
(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის ...“
1. მისაღებობა
184. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელი კონვენციის 35‑ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლებით. აქედან გამომდინარე, საჩივრები უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
2. არსებითი მხარე
(a) გონივრული ეჭვი
185. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო შეთხზული.
186. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანი დააკავეს და დააპატიმრეს გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ეჭვი ეფუძნებოდა ფაქტს, რომ მომჩივანი დააკავეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს მიცემულ სხვადასხვა ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებს.
187. სასამართლო მიუთითებს მის პრეცედენტულ სამართალში დადგენილ ზოგად პრინციპებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქმეში Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2) ([GC], no. 14305/17, §§ 311-321, 2020 წლის 22 დეკემბერი), რომლებიც თანაბრად ეხება წინამდებარე საქმეს.
188. სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს, გაიმეოროს, რომ, რათა დაპატიმრება გონივრული ეჭვის საფუძველზე დასაბუთებული იქნეს მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტით, არ არის აუცილებელი, პოლიციამ მოიპოვოს საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების წასაყენებლად დაკავების მომენტში, ან სანამ მომჩივანი იმყოფება პატიმრობაში (იხ. საქმე Brogan and Others v. the United Kingdom, 1988 წლის 29 ნოემბერი, § 53, Series A no. 145‑B, და საქმე Erdagöz v. Turkey, 1997 წლის 22 ოქტომბერი, § 51, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1997‑VI). არც ის არის აუცილებელი, რომ დაკავებულ პირს საბოლოოდ წარედგინოს ბრალი ან წარდგენილი იქნეს სასამართლოს წინაშე. დაკითხვის მიზნით დაკავების მიზანია სისხლის სამართლის გამოძიების გაგრძელება იმ ეჭვების დადასტურებით ან გასაფანტად, რომლებიც საფუძვლად დაედო დაკავებას. ამრიგად, ფაქტები, რომლებიც აჩენს ეჭვს, აუცილებელი არ არის, რომ იყოს იმავე დონის, რაც საჭიროა მსჯავრდების ან ბრალდების დასასაბუთებლად, რაც ხდება სისხლის სამართლის გამოძიების პროცესის მომდევნო ეტაპზე (იხ. საქმე Murray v. the United Kingdom, 1994 წლის 28 ოქტომბერი, § 55, Series A no. 300‑A, და საქმე Merabishvili, ციტირებული ზემოთ, § 184). თუმცა, მოთხოვნა, რომ ეჭვი უნდა იყოს დაფუძნებული გონივრულ საფუძვლებზე, წარმოადგენს თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრებისგან დაცვის არსებით ნაწილს. ის ფაქტი, რომ ეჭვები კეთილსინდისიერია, საკმარისი არ არის. სიტყვები „გონივრული ეჭვი“ ნიშნავს ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ შესაბამის პირს შეიძლება ჩაედინა დანაშაული (იხ. საქმე Fox, Campbell and Hartley v. the United Kingdom, 1990 წლის 30 აგვისტო, § 32, Series A no. 182, და საქმე Cebotari v. Moldova, no. 35615/06, § 48, 2007 წლის 13 ნოემბერი).
189. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პრეტენზია არსებითად უკავშირდება მომჩივნის პრეტენზიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხება მის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ ცუდ მოპყრობას და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანას. ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მომჩივნის საქართველოდან სავარაუდო გატაცების, მის მიმართ ცუდი მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გარემოებების ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები (იხ. პარაგრაფი 169 ზემოთ), სასამართლომ ასევე მიიჩნია, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომ მას არ შეეძლო საკმარისი დარწმუნებით დაედგინა ფაქტობრივი მოვლენები, რამაც გამოიწვია მომჩივნის თბილისიდან გაუჩინარება და ხელახლა გამოჩენა აზერბაიჯანში (იხ. პარაგრაფი 180 ზემოთ).
190. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მომჩივანი ეჭვმიტანილი იყო ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის სისხლის სამართლის დანაშაულებში. მის მიმართ თავდაპირველი ეჭვი ეფუძნებოდა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის აგენტების ჩვენებებს, რომლებმაც დააკავეს ის, მომჩივანსა და გ.მ.-ის შორის გამართული დაპირისპირების ჩანაწერსა და 2017 წლის 31 მაისის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგინდა გ.მ.-ის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი იქნებოდა გამოძიების პირველ ეტაპზე მის წინააღმდეგ „გონივრული ეჭვის“ შესაქმნელად (იხ. ზოგადი პრინციპები, ციტირებული პარაგრაფებში 187-188ზემოთ).
191. ზემოაღნიშნული მოსაზრებების ფონზე და, კერძოდ, მისი ფაქტობრივი დასკვნების გათვალისწინებით, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალური ასპექტის შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოტანილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მას არ შეუძლია სრულად გამორიცხოს, რომ შესაძლებელია არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომჩივანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტი. ასეთ გარემოებებში სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაადგინოს, რომ ამ მხრივ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
(b) მომჩივნის თავდაპირველი დაკავების კანონიერება, ვიდრე მოსამართლის წინაშე წარდგენამდე
192. მომჩივანი ამტკიცებდა თავის პრეტენზიას, დავობდა რა, რომ მისი დაკავება 2017 წლის 29-დან 31 მაისამდე უკანონო იყო.
193. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის თავდაპირველი დაკავება კანონიერი იყო და ჩატარდა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივანი დააკავეს 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა და გადაიყვანეს სასაზღვრო დაცვის პუნქტში, სადაც შედგა ოქმი მისი ადმინისტრაციული დაკავების შესახებ. შემდეგ ის გადაიყვანეს ბაქოში, სადაც 2017 წლის 30 მაისს, 19:40 საათზე, ის დააკავეს როგორც ეჭვმიტანილი და გამომძიებელმა შეადგინა მისი დაკავების ოქმი.
194. სასამართლო მიუთითებს მის პრეცედენტულ სამართალში დადგენილ ზოგად პრინციპებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილებაში საქმეზე Nagiyev v. Azerbaijan (no. 16499/09, §§ 54-57, 2015 წლის 23 აპრილი), რომლებიც თანაბრად ეხება წინამდებარე საქმეს.
195. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ჩიოდა ეროვნულ სასამართლოებში, ძირითადად ამტკიცებდა რა, რომ მას თავისუფლება აღუკვეთეს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 29 მაისის 22:40 საათიდან, საბაილის რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, 2017 წლის 31 მაისის 17:00 საათამდე, იყო უკანონო, იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დააკავეს 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე, მისი, როგორც ეჭვმიტანილის დაკავების ოქმი მხოლოდ შედგენილი იყო მხოლოდ 2017 წლის 30 მაისს, 19:40 საათზე (იხ. პარაგრაფი 90 ზემოთ).
196. თუმცა, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მომჩივნის დაკავების შემდეგ, 2017 წლის 29 მაისს, 22:40 საათზე, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა ის მიიყვანეს სასაზღვრო დაცვის პუნქტში, სადაც შედგა ოქმი მომჩივნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ 2017 წლის 30 მაისის 00:30 საათზე (იხ. პარაგრაფი 81ზემოთ). ოქმში ნათლად იყო მითითებული, რომ მომჩივანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პატიმრობას ოცდაოთხი საათის ვადით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 570-ე მუხლის შესაბამისად, სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევის გამო (იხ. იქვე). იმავე დღეს, 00:50 საათზე, ასევე შედგენილი იქნა ოქმი მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ (იხ. პარაგრაფი 84ზემოთ). მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, 2017 წლის 30 მაისს, 19:40 საათზე, სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა შეადგინა ოქმი მომჩივნის როგორც ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, ხოლო 2017 წლის 31 მაისს, 17:00 საათზე, საბაილის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
197. ამ გარემოებებში, სასამართლო ვერ მიიღებს მომჩივნის მტკიცებას, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 29-დან 31 მაისამდე იყო უკანონო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 29 მაისის 22:40 საათიდან საბაილის რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, 2017 წლის 31 მაისის 17:00 საათამდე, იყო სათანადოდ დოკუმენტირებული და განხორციელდა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
198. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ადგენს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას, მომჩივნის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, 2017 წლის 29 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდში.
B. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
199. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს მისი წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა და ვერ დაასახელეს მისი განგრძობადი პატიმრობის მიზეზები. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად იკითხება:
„ამ მუხლის 1-ელი (c) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ წარედგინება მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და იგი აღჭურვილია უფლებით, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით“.
1. მისაღებობა
200. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
2. არსებითი მხარე
(a) მხარეთა არგუმენტები
201. მომჩივანმა შეინარჩუნა საჩივარი.
202. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის წინასწარი პატიმრობისთვის საკმარისი და შესაბამისი მიზეზები დაასახელეს. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ არსებობდა საკმარისი მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მომჩივანი შესაძლოა გაჰქცეოდა გამოძიებას ქვეყნიდან გასვლის მცდელობით ან სხვა საშუალებებით.
(b) სასამართლოს შეფასება
203. სასამართლო მიუთითებს მის პრეცედენტულ სამართალში დადგენილ ზოგად პრინციპებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Buzadji (ციტირებული ზემოთ, §§ 84‑91), რომლებიც თანაბრად ეხება წინამდებარე საქმეს.
204. რაც შეეხება პერიოდს, რომელიც გასათვალისწინებელია მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი დაიწყო 2017 წლის 29 მაისს (როდესაც მომჩივანი დააკავეს) და დასრულდა 2018 წლის 12 იანვარს (როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრი დასდო). ამრიგად, მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა ჯამში შვიდი თვისა და თოთხმეტი დღის განმავლობაში.
205. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის პატიმრობასთან დაკავშირებით თავიანთ გადაწყვეტილებებში გამოიყენეს სტანდარტული შაბლონი და შემოიფარგლნენ პატიმრობის რიგი საფუძვლების აბსტრაქტული და სტერეოტიპული გზით გამეორებით, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე, თუ რატომ მიიჩნიეს ეს საფუძველი მომჩივნის საქმესთან დაკავშირებულად. მათ ასევე ვერ აღნიშნეს ამ საფუძვლებთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები და ვერ დაასაბუთეს ისინი შესაბამისი და საკმარისი მიზეზებით. სასამართლომ არაერთხელ დაადგინა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა წინა საქმეებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სადაც მსგავსი ხარვეზები იყო აღნიშნული და დეტალურად გაანალიზებული (იხ. საქმე Farhad Aliyev, ციტირებული ზემოთ, §§ 191‑94; საქმე Muradverdiyev, ციტირებული ზემოთ, §§ 87‑91; საქმე Zayidov v. Azerbaijan, no. 11948/08, §§ 64-69, 2014 წლის 20 თებერვალი; და საქმეMammadov and Others v. Azerbaijan, no. 35432/07, §§ 97-100, 2019 წლის 21 თებერვალი).
206. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მან უკვე (სხვა საქმეებში) განიხილა და გამოიტანა გადაწყვეტილება წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წამოჭრილი სამართლებრივი საკითხის შესახებ და ვერ ხედავს რაიმე ფაქტს ან არგუმენტს, რომელიც შეძლებს მის დარწმუნებას, მივიდეს სხვა დასკვნამდე (იხ. საქმე Avaz Zeynalov v. Azerbaijan, nos. 37816/12 და 25260/14, §§ 61-62, 2021 წლის 22 აპრილი). აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ დაასახელეს „შესაბამისი“ და „საკმარისი“ მიზეზები მომჩივნის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის გასამართლებლად.
207. აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.
C. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
208. მომჩივანი ჩიოდა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა იყო კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების დარღვევა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
1. მისაღებობა
209. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
2. არსებითი მხარე
(a) მხარეთა არგუმენტები
210. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა წარმოადგენდა ჩარევას მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში და არ იყო კანონის შესაბამისად, ან აუცილებელი კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თვალსაზრისით. მან გააპროტესტა აზერბაიჯანის მთავრობის არგუმენტები და აღნიშნა, რომ მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის შემოწმება არ შემოიფარგლებოდა ზარებისა და კონტაქტების სიით, არამედ მოიცავდა მის მობილურ ტელეფონში შემავალ ფოტოებს, ვიდეოებსა და დოკუმენტებს, ასევე, სოციალური ქსელის მასალასა და მიმოწერას სხვა ადამიანებთან.
211. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის გამოკვლევა ჩატარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 92-ე მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207.4-ე და 246.2-ე მუხლების შესაბამისად, მისდევდა უწესრიგობის ან დანაშაულის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზანს და მკაცრად აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანი დააკავეს კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენის მომენტში, საჭირო იყო ამ მოქმედებების განხორციელება, რათა დადგენილიყო, მარტო მოქმედებდა მომჩივანი თუ ჰყავდა თანამზრახველები. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა მომჩივნის ზარების ჟურნალისა და კონტაქტების ჩხრეკა, მაგრამ არ დაადგინა, გააგზავნა თუ არა მან შეტყობინებები თავისი მობილური ტელეფონიდან სოციალური ქსელების საშუალებით.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) იყო თუ არა რაიმე ჩარევა
212. სასამართლო იმეორებს, რომ ნებისმიერი ზომა – თუ ის არ განსხვავდება ჩხრეკისგან მისი აღსრულების წესით და მისი პრაქტიკული ეფექტით – წარმოადგენს (მიუხედავად მისი დახასიათებისა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად) ჩარევას მომჩივნის უფლებებში კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად (იხ. საქმე Avanesyan v. Russia, no. 41152/06, § 39, 2014 წლის 18 სექტემბერი, და საქმე Kruglov and Others v. Russia, nos. 11264/04 და 15 სხვა, § 123, 2020 წლის 4 თებერვალი). სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში, 2017 წლის 31 მაისს საგამოძიებო ორგანოებმა ჩაატარეს მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის „შემოწმება“, რომელიც შემდგომში დაექვემდებარა „სასამართლო ექსპერტიზას“ 2017 წლის 14 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა გაჩხრიკეს მომჩივნის ზარების ჟურნალი და კონტაქტები, მაგრამ მათ არ დაადგინეს, გააგზავნა თუ არა მან შეტყობინებები მისი მობილური ტელეფონიდან სოციალური ქსელების საშუალებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გაჩხრიკეს მომჩივნის მობილური ტელეფონის მთელი ციფრული შიგთავსი – მათ შორის, მომჩივნის მიერ გაგზავნილი და მიღებული SMS შეტყობინებები და მომჩივანსა და სხვადასხვა პირებს შორის შეტყობინებები სოციალური ქსელების საშუალებით (იხ. პარაგრაფები 113-114ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა წარმოადგენდა ჩარევას მომჩივნის პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლების განხორციელებაში, კონვენციის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში (შეადარეთ საქმე Trabajo Rueda v. Spain, no. 32600/12, § 32, 2017 წლის 30 მაისი, და საქმე Saber v. Norway, no. 459/18, § 48, 2020 წლის 17 დეკემბერი).
(ii) იყო თუ არა ჩარევა დასაბუთებული
213. ასეთი ჩარევა არღვევს კონვენციის მე-8 მუხლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიძლება დასაბუთებული იქნეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომ არის „კანონის შესაბამისი“, მისდევს მასში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და არის „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ მიზნის ან მიზნების მისაღწევად.
214. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ სასამართლოს წინაშე არგუმენტებში მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 92-ე მუხლსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207.4-ე და 246.2-ე მუხლებზე, როგორც მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის სამართლებრივ საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 135ზემოთ), საგამოძიებო ორგანოები არ დაეყრდნნენ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ დებულებებს. კერძოდ, მომჩივნის მობილური ტელეფონის შემოწმების ოქმში მითითებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლი, როგორც მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი (იხ. პარაგრაფი 113 ზემოთ).
215. სასამართლო იმეორებს, რომ მისი კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ფორმულირება „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს, რომ სადავო ღონისძიებას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში და – როგორც პირდაპირ არის აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში და თანდაყოლილია მე-8 მუხლის არსისა და მიზნისა – უნდა იყოს კანონის უზენაესობასთან თავსებადი. ამრიგად, კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნებს: ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირისთვის და განჭვრეტადი, მისი შედეგების მიხედვით (იხ. საქმე Azer Ahmadov v. Azerbaijan, no. 3409/10, §63, 2021 წლის 22 ივლისი).
216. ჩხრეკისა და ამოღების კონტექსტში, შიდასახელმწიფოებრივმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვა მე-8 მუხლის უფლებებში თვითნებური ჩარევისგან. ამრიგად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკმარისად მკაფიო უნდა იყოს თავისი პირობებით, რათა მოქალაქეებს მისცეს შესაბამისი მითითება გარემოებებისა და პირობების შესახებ, რომლებშიც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი არიან, მიმართონ ასეთ ზომებს (იხ. საქმე Särgava v. Estonia, no. 698/19, § 87, 2021 წლის 16 ნოემბერი). გარდა ამისა, ჩხრეკისა და ამოღების ღონისძიება წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას პირად ცხოვრებაში, საცხოვრისსა და მიმოწერაში და, შესაბამისად, უნდა ეფუძნებოდეს „კანონს“, რომელიც განსაკუთრებით ზუსტია. აუცილებელია ამ საკითხის შესახებ მკაფიო, დეტალური წესების ქონა (იხ. საქმე Saber, ციტირებული ზემოთ, § 50).
217. ამასთან დაკავშირებით, საკმარისი პროცედურული გარანტიების არსებობა შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური იყოს – გარკვეულწილად მაინც და სხვა ფაქტორებთან ერთად – განსახილველი ჩარევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზომები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, უნდა ექვემდებარებოდეს რაიმე სახის შეჯიბრებით პროცესს დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვეტილების მიზეზებისა და შესაბამისი მტკიცებულებების დროულად განსახილველად (იხ. საქმე Ivashchenko v. Russia, no. 61064/10, § 74, 2018 წლის 13 თებერვალი). მიუხედავად ფართო დისკრეციული უფლებამოსილებისა, რომელიც, სასამართლოს აღიარებს, რომ ამ სფეროში აქვთ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, ის განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს, როდესაც ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, გასცეს და განახორციელოს ჩხრეკა, სასამართლო ორდერის გარეშე. თუ პირები უნდა იქნენ დაცულნი მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებში ხელისუფლების ორგანოების თვითნებური ჩარევისგან, მოითხოვება სამართლებრივი ჩარჩო და ასეთი უფლებამოსილების ძალიან მკაცრი შეზღუდვები (იხ. საქმე Brazzi v. Italy, no. 57278/11, § 41, 2018 წლის 27 სექტემბერი).
218. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ შეიცავს მკაფიო დებულებებს მობილური ტელეფონის ციფრული შიგთავსის ჩხრეკასთან დაკავშირებით, ჩხრეკისა და ამოღების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ზოგადი დებულებები ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ჩხრეკა ან ამოღება, როგორც წესი, ჯერ უნდა იყოს უფლებამოსილი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243.1 მუხლი). გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177.3.5 მუხლი ასევე ითვალისწინებს, რომ ტელეფონით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გადაცემული მონაცემების ამოღება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 135ზემოთ).
219. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე საქმეში მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა ჩატარდა როგორც „შემოწმება“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც, განსხვავებით ჩხრეკისა და ამოღების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ზოგადი დებულებებისგან (რომლებიც ადგენს წინასწარ სასამართლო ორდერის გაცემას), გამომძიებელს საშუალებას აძლევს შეამოწმოს, მათ შორის, საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და საგნები, სასამართლოს ორდერის გარეშე. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გაიმეოროს, რომ მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა – რაც წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში და მიმოწერაში სერიოზული ჩარევის ზომას – არ შეიძლება შეესაბამებოდეს კონვენციის მე-8 მუხლს, თუ ის დარჩება გამომძიებლის შეუზღუდავ დისკრეციად; მე-8 მუხლი მოითხოვს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ბრძანების გაცემას, როდესაც საქმე ეხება პირის პირად ცხოვრებაში ჩარევას (იხ. საქმე Dumitru Popescu v. Romania (no. 2), no. 71525/01, § 71, 2007 წლის 26 აპრილი, და საქმე Trabajo Rueda, ციტირებული ზემოთ, § 35).
220. ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა გარემოებამ შეიძლება გაამართლოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გადაუდებელი ქმედებები სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებს ასეთი გარემოებების არსებობას (შეადარეთ საქმე Cacuci and S.C. Virra & Cont Pad S.R.L. v. Romania, no. 27153/07, § 78, 2017 წლის 17 იანვარი). ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ვერ ხედავს, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გარემოებები წინამდებარე საქმეში, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა ჩატარდა მისი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, რამაც საგამოძიებო ორგანოებს დაუტოვა საკმარისი დრო, რომ მოეპოვებინათ წინასწარი სასამართლო ავტორიზაცია.
221. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მან უკვე დაადგინა, რომ წინასწარი სასამართლო ორდერის არარსებობა შეიძლება დაბალანსდეს განსახილველი ღონისძიების კანონიერების და აუცილებლობის შესახებ ex post factum სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომობით. კერძოდ, მე-8 მუხლის დამრღვევი ღონისძიების ეროვნული სასამართლოების მიერ განხილვა უზრუნველყოფს შესაბამისი პირის დაცვის საშუალებას, იმ პირობით, რომ მოსამართლე ეფექტურად განიხილავს სადავო ღონისძიების კანონიერებას და დასაბუთებას, და, საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში შეგროვებულ მტკიცებულებებს (იხ. საქმე Brazzi, ციტირებული ზემოთ, §§ 44-45).
222. თუმცა, წინამდებარე საქმეში ეროვნულ სასამართლოებს არ განუხილავთ საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს მომჩივნის საჩივრის განხილვაზე, მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის კანონიერებასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 118ზემოთ). მთავრობამ ასევე ვერ წარმოადგინა განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ განაცხადეს ეროვნულმა სასამართლოებმა უარი ასეთ განხილვაზე.
223. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ ასკვნის, რომ მომჩივნის პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევა, მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის გამო, არ იყო „კანონის შესაბამისად“, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ამრიგად, აუცილებელი არ არის განხილვა, ემსახურებოდა თუ არა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს და იყო თუ არა ის პროპორციული.
224. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
D. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები აზერბაიჯანის მიერ
225. კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-10 და მე-18 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი ჩიოდა მისი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე.
226. ითვალისწინებს რა დასკვნებს, რომლებიც მიღწეული იქნა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-8 მუხლების შესაბამისად ზემოთ (იხ. პარაგრაფები 207და 224ზემოთ), მხარეთა არგუმენტებს და, გარდა მისი ზემოთ მოყვანილი დასკვნებისა, რომ მის წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მას არ შეუძლია დაასკვნას, რომ არსებობდა საკმარისი ელემენტები, რომლებიც ადასტურებს გონივრული ეჭვის მიღმა, რომ მომჩივანი გაიტაცეს და წაიყვანეს აზერბაიჯანში (იხ. პარაგრაფი 196 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა ამ საჩივრების მისაღებობისა და წინამდებარე საქმის პრეტენზიების არსებითი მხარის შესახებ (შეადარეთ საქმე Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებული ზემოთ, § 156; ასევე იხ. საქმე Khadija Ismayilova, ციტირებული ზემოთ, § 87; და საქმე Farzaliyev v. Azerbaijan, no. 29620/07, § 73, 2020 წლის 28 მაისი).
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
227. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. ზიანი
1. საქართველოსთან მიმართებით
228. მომჩივანმა მოითხოვა 83,000 ევრო, მორალურ ზიანთან დაკავშირებით.
229. მთავრობამ განაცხადა, რომ თანხა იყო გადაჭარბებული.
230. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ეფექტური გამოძიების უფლების დარღვევის შედეგად მომჩივანმა განიცადა მორალური ზიანი, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ დარღვევების დადგენით და, რომ მიკუთვნებული უნდა იქნეს კომპენსაცია. აფასებს რა სამართლიან საფუძველზე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 41‑ე მუხლი, სასამართლო მომჩივანს აკუთვნებს 10 000 ევროს, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
2. აზერბაიჯანთან მიმართებით
231. მომჩივანმა მოითხოვა 83 000 ევრო, მორალურ ზიანთან დაკავშირებით.
232. მთავრობამ გააპროტესტა, რომ ოდენობა დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო.
233. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე‑8 მუხლების შესაბამისად, მომჩივანმა განიცადა მორალური ზიანი, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ დარღვევების დადგენით და, რომ მიკუთვნებული უნდა იქნეს კომპენსაცია. აფასებს რა სამართლიან საფუძველზე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 41-ე მუხლი, სასამართლო მომჩივანს აკუთვნებს 6 000 ევროს, ამ მიმართებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
B. ხარჯები და დანახარჯები
234. მომჩივანმა საქართველოს მთავრობისგან მოითხოვა შემდეგი თანხა: 10 650 ევრო სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რაც შედგებოდა 5 650 ევროსგან – ბ-ნი ნ. ლეგაშვილის მიერ გაწეული იურიდიული ხარჯებისთვის – და 5 000 ევროსგან, შესაბამისად, ბ-ნი ა. ჩოფიკაშვილის მიერ გაწეული იურიდიული ხარჯებისთვის. მან ასევე აზერბაიჯანის მთავრობისგან მოითხოვა შემდეგი თანხები: 42 900 ევრო – ბ-ნი ე. სადიგოვის იურიდიული მომსახურებისთვის; 13 650 ევრო – ქ-ნ ზ. სადიგოვას იურიდიული მომსახურებისთვის; 16 950 ევრო – ბ-ნი ნ. ქერიმლის იურიდიული მომსახურებისთვის; და 6 650 ევრო – ნ. ლეგაშვილის იურიდიული მომსახურებისთვის.
235. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ ხარჯები და დანახარჯები იყო ფაქტობრივად და აუცილებლად გაწეული და იყო გონივრული ოდენობით. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იურიდიული მომსახურების მაქსიმალური საფასური, რომელსაც ისინი მიიღებდნენ თითო ადვოკატზე, იყო შემდეგი: ე. სადიგოვი – 1 050 ევრო; ზ. სადიგოვა – 500 ევრო; ნ. ლეგაშვილი – 200 ევრო; და ნ. ქერიმლი – 450 ევრო. საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, განაცხადა, საქართველოსგან მოთხოვნილი ორი ქართველი ადვოკატის იურიდიულ ხარჯებთან დაკავშირებით, რომ თანხა გადაჭარბებული და არაგონივრული იყო.
236. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიიღოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ნაჩვენები იქნება, რომ ეს ხარჯები და დანახარჯები რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული და რაოდენობრივად გონივრულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი იურიდიული საფასურიდან 16 950 ევრო უკავშირდებოდა ბ-ნ ნ. ქერიმლის, რომლის წერილობითი უფლებამოსილების ფორმა არ იყო წარმოდგენილი საქმის მასალებში (იხ. პარაგრაფი 2ზემოთ). მოთხოვნის ეს ნაწილი, შესაბამისად, უარყოფილი უნდა იქნეს. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნას ხარჯებისა და დანახარჯების შესახებ, წინამდებარე საქმის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება ქართველი და აზერბაიჯანელი ადვოკატების წარმომადგენლობის საჭიროებას. მიუხედავად ამისა, ის მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ჯამური თანხა გადაჭარბებულია. გაითვალისწინა რა მის ხელთ არსებული დოკუმენტები და ზემოაღნიშნული კრიტერიუმები, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს ბ-ნი ნ. ლეგაშვილის მომსახურებისთვის 2 000 ევროს და ბ-ნი ა. ჩოფიკაშვილის, ბ-ნი ე. სადიგოვისა და ზ. სადიგოვას მომსახურებებისთვის, თითოეულისათვის, 1 000 ევროს მიკუთვნებას (სულ 5000 ევრო). ითვალისწინებს რა პასუხისმგებლობას სასამართლოს მიერ დადგენილ კონვენციის სხვადასხვა დარღვევაზე, საქართველო და აზერბაიჯანი, თითოეული, გადაიხდის ამ თანხის ნახევარს.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს მისაღებად მომჩივნის პრეტენზიას კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, მის სავარაუდო გატაცებასთან, მის მიმართ ცუდ მოპყრობასთან და საქართველოსთან მიმართებით – აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას საქართველოს მიერ, მომჩივნის გატაცების, მის მიმართ ცუდი მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო;
3. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალურ დარღვევას საქართველოს მიერ;
4. ადგენს, რომ არ არის საჭირო დანარჩენი პრეტენზიების მისაღებობის და არსებითი მხარის ცალკე განხილვა საქართველოსთან მიმართებით;
5. აცხადებს მისაღებად პრეტენზიებს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის და მე-3 და მე-8 მუხლების შესაბამისად, აზერბაიჯანთან მიმართებით;
6. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას აზერბაიჯანის მიერ;
7. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას აზერბაიჯანის მიერ;
8. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას აზერბაიჯანის მიერ;
9. ადგენს, რომ არ არის საჭირო მომჩივნის დანარჩენი პრეტენზიების მისაღებობისა და არსებითი მხარის ცალკე განხილვა აზერბაიჯანთან მიმართებით;
10. ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფოები ვალდებული არიან, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში გადაუხადონ მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები:
(i) საქართველოს მთავრობამ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 10 000 (ათი ათასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
(ii) აზერბაიჯანის მთავრობამ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 6 000 (ექვსი ათასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
(iii) საქართველოს მთავრობამ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;
(iv) აზერბაიჯანის მთავრობამ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2 500 (ორი ათას ხუთასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით.
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების გადახდის სრულ განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
11. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 5 სექტემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ვიქტორ სოლოვეიჩიკი მატიას გუიომარი
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე შიმაჩკოვას განსაკუთრებული აზრი, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე ელოსეგუი.
მოსამართლე შიმაჩკოვასა და მოსამართლე ელოსეგუის თანმხვედრი აზრი
1. ჩვენ სრულად ვეთანხმებით პალატის გადაწყვეტილებას მომჩივნის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებების მდგომარეობით, ჩვენ ასევე უნდა დავეთანხმოთ დასკვნას, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალურ დარღვევას და, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას აზერბაიჯანის მხრიდან.
2. თუმცა, ჩვენ ვწუხვართ, რომ პალატამ საკმარისად არ გაითვალისწინა საქართველოში გამოძიების მნიშვნელოვანი ასპექტი, კერძოდ, მისი დამოუკიდებლობის არარსებობა, რაც გამოწვეულია საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ოფიციალური პირის მყისიერი საჯარო რეაგირებით (იხ., კერძოდ, გადაწყვეტილების პარაგრაფები 12-14). ასევე მხედველობიდან გამორჩა მომჩივნის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების არასანდოობისა და დამაჯერებლობის ასპექტი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მის მიერ სავარაუდო ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით.
3. ზოგადად, სასამართლო დიდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობის პირების პოლიტიკურმა განცხადებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს სასამართლო პროცესებზე, იქნება ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის თვალსაზრისით (იხ. საქმე Bavčar v. Slovenia, no. 17053/20, 2023 წლის 7 სექტემბერი და მასში ციტირებული საქმეები) თუ საქმისწარმოების მთლიანი სამართლიანობის თვალსაზრისით (იხ. საქმე Kinsky v. Czech Republic, no. 42856/06, 2012 წლის 9 თებერვალი). თუმცა, ასეთ საქმეებში მოსამართლეებს და მთლიანად სასამართლო სისტემას აქვს დამოუკიდებლობის სხვა განსხვავებული გარანტიები, როგორიცაა მოსამართლეთა თანამდებობიდან გადაყენების შეუძლებლობა ან კანონის უზენაესობის გარანტიები.
4. პოლიციელები და მათი კარიერა გაცილებით ნაკლებად არიან დაცული პოლიტიკოსების გავლენისგან, ვიდრე მოსამართლეები. როდესაც პოლიციელებს გამოძიების დასაწყისში ეძლევათ მკაფიო მითითება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რომ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ არცერთი პოლიციელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, ჩვენი აზრით, გამოძიება არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი. მით უმეტეს, რომ არსებობს გარკვეული მინიშნებები და ეჭვები, რომ ამ საქმეში შესაძლოა პოლიციელები ან სახელმწიფო აგენტები (ქართველი ან აზერბაიჯანელი) იყვნენ ჩართული. სწორედ პოლიტიკოსების ამ განცხადებებმა, გამოძიების ზოგიერთ სხვა ასპექტთან ერთად, შეიძლება გააჩინოს ეჭვი გამოძიების დასკვნის არარსებობაზე. ასევე, აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივნის წინააღმდეგ წარმოდგენილი ეჭვები, რამაც გამოიწვია მისი დაკავება, შეიძლება არც ისე სარწმუნო აღმოჩნდეს ამ ფონზე.