საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/12
სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016080 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/12
2025 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე
საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, წლიური საბიუჯეტო კანონის, აგრეთვე, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ვ) წლიურ საბიუჯეტო კანონში სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების განხორციელება და საჭიროებისამებრ მისი წარდგენა;
ი) სამინისტროსთვის დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განწერის შემუშავება და დანიშნულებისამებრ მისი წარდგენა;
კ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში ცვლილების მომზადება და დანიშნულებისამებრ მისი წარდგენა;
ლ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების პერიოდული შესრულების ანგარიშის მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი წარდგენა;
მ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებიდან კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესაბამისი ანალიზი;
ნ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ბიუჯეტების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების, მატერიალური წახალისების, საკომუნიკაციო ხარჯებისა და საწვავის ლიმიტების შეთანხმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ო) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული პროგრამების ფინანსური ანალიზის განხორციელება;
პ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იმავე პროგრამებით/ქვეპროგრამებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების (ხარჯთაღრიცხვის) ფინანსური ანალიზისა და ფინანსური უზრუნველყოფის განხორციელება;
ჟ) საბიუჯეტო პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების მიზნით, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულებიდან და იურიდიული პირებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად მისი წარდგენა;
რ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, საბიუჯეტო პროგრამების ბიუჯეტის მოქმედ საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
ტ) სამინისტროს სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
უ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ფ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა და ანგარიშგება;
ქ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ღ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ყ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
შ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებების განხორციელება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი წარდგენა;
ჩ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სატენდერო და საკონკურსო პროცედურების წარმართვა, სატენდერო და საკონკურსო პირობებისა და წინადადებების მომზადება, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ც) სამინისტროს სატენდერო კომისიის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ძ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება;
წ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშების წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;
ჭ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვის შესახებ, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ხ) სამინისტროში შექმნილ დროებითი ან მუდმივმოქმედ კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ჯ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემელების გაანგარიშებისა და გაცემის, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ჰ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
ჰ1) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორების აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ჰ2) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საწარმოებისათვის კაპიტალური ტრანსფერით თანხის გადარიცხვის/კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჰ3) კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების, შეთანხმებების გაფორმებისა და მათში ცვლილების შეტანის/მათი გაუქმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჰ4) კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის მიზნით პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
ჰ5) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების მომზადება და გაცემა;
ჰ6) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ჰ7) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პრაქტიკული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ჰ8) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ფინანსური ანალიზის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამმართველო.
მუხლი 6🔗
1. საბიუჯეტო დაგეგმვის და ფინანსური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დაზუსტება, ბიუჯეტის შესრულება, ანგარიშგება და კონტროლი;
ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მინისტრისთვის წარსადგენად წინადადებების მომზადება შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების შესაბამისად საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ანგარიშგება, მონიტორინგი და ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილი ფინანსური ინფორმაციის დამუშავება;
ე) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, სამინისტროს ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
გ) შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერებისა და კონკურსების მეშვეობით განხორციელება;
დ) იმ შესყიდვების განხორციელება, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესყიდვის ელექტრონული ტენდერის/კონკურსის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში შესყიდვის ინიციატორ სტრუქტურულ ერთეულთან ერთად შესყიდვის მოსამზადებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული აუქციონების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ბრძანებების მომზადების ინიცირება, ელექტრონული აუქციონების გამოცხადება, შესაბამისი პროცედურების წარმართვა, გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშების წარდგენა;
ზ) სამინისტროსათვის საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის უზრუნველყოფა;
თ) თანამშრომლებისათვის სახელმწიფო შესყიდვებსა და მომარაგებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
ი) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროსათვის საჭირო საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევის განხორციელება;
კ) საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისგან მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და კონსულტაციის გაწევა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) საბიუჯეტო სახსრების სწორი და გამჭვირვალე აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით;
გ) ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებული ფორმის მიხედვით მომზადება და დადგენილ ვადებში წარდგენა;
დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების დროულად დარიცხვა და მათი გაცემის კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების სრული და დროული აღრიცხვა;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფა, არაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების) და სხვა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგებში ასახვა;
ზ) მატერიალური/ელექტრონული ფორმის ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების/ფინანსური ანგარიშგებების დადგენილი წესით შენახვა;
თ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემით ფულადი სახსრების ხარჯვის უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, დეკლარირება და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;
კ) თანამშრომელთა სამივლინებო თანხების გაანგარიშება, საავანსო და საბოლოო ანგარიშსწორება;
ლ) დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების გაანგარიშება, დარიცხვა და ანგარიშსწორება;
მ) სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფა;
ნ) სტიპენდიებისა და დახმარებების დარიცხვა და ანგარიშსწორება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილი ფინანსური ინფორმაციის დამუშავება;
პ) სახელმწიფო აუდიტის მოთხოვნის შესაბამისად სამინისტროს სისტემის ფარგლებში ტრანსპორტის (განპიროვნებული) და კადრების შესახებ ნაერთი ინფორმაციის მომზადება კვარტალურ ჭრილში და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ცვეთის გაანგარიშება და დარიცხვა, გაცვეთილი ინვენტარის დროულად ჩამოწერა;
რ) სარგებლობაში გადმოცემული სახელმწიფო ქონების აღრიცხვა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. დეპარტამენტის უფროსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს, უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე;
გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების, ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს უწყობს მინისტრს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ზ) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოსაზრებებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;
მ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების შესახებ;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
ო) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას და განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს;
პ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის ფინანსური მდგომარეობის პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ჟ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზებას უწევს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
რ) საჭიროების მიხედვით სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს სხვადასხვა სტატისტიკურ ანგარიშს;
ს) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მიერ ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი.
4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ისმენს ინფორმაციას დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისაგან და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან მათთვის მიცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობისა და ვადების შესახებ და აწვდის ინფორმაციას და მოსაზრებებს დეპარტამენტის უფროსს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
თ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები განისაზღვრება ამ დებულებისა და დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამმართველოს ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს;
ბ) სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებიდან და კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია დასკვნების, სხვადასხვა რეკომენდაციის მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე;
გ) პასუხისმგებელია სამმართველოს მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებსა და წარმოების მასალებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ინიციატივებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს;
ე) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს მოსაზრებას მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შეფასებასთან დაკავშირებით;
ვ) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების წახალისების, პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს;
თ) დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის დავალების შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
კ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
მ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე:
ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაო აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ვალდებულია პირადად შეასრულოს სამუშაო;
ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.