საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/16
სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016084 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/16
2025 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე
საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია, თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ – ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომ – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების, ასევე მონიტორინგის პროცესში.
5. დეპარტამენტი და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის აუდიტის/მონიტორინგის დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, ჩაითვლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად. ასეთი ქმედების არსებობისას აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის უფროსი აცნობებს მინისტრს, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან აცილებას.
მუხლი 3🔗
1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს დებულების, ამ დებულების, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს.
3. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. ამასთანავე, დეპარტამენტის მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროსა და მის სისტემაში კანონმდებლობის დაცვას.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) სამინისტროსა და მისი სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ზ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
თ) შიდა აუდიტორული საქმიანობის, სამინისტროსა და მის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ი) სამინისტროსა და მისი სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
კ) სამინისტროსა და მის სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ლ) სამინისტროსა და მის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
მ) სამინისტროსა და მის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტების, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების აღმოჩენა და სამსახურებრივი შემოწმება, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;
ნ) სამინისტროსა და მის სისტემაში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ო) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების კონტროლი;
ჟ) დისციპლინური წარმოების ჩატარება სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე;
რ) სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათებისა და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასალების, ცნობებისა და სხვა კორესპონდენციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია. სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია და დამუშავება;
ს) შიდა აუდიტორული შემოწმებისას, შიდა აუდიტის ობიექტისათვის აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა;
ტ) შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ ინფორმაციის/მონაცემების გაუცემლობა, რომელიც ცნობილი გახდა მისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
უ) საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, თუ არ არსებობს მინისტრის თანხმობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა;
ფ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამისი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ქ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების, შიდა აუდიტის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება;
ღ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება;
ყ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და დამოუკიდებლობის პრინციპებს.
3. სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა მონაცემთა ბაზისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ბ) შიდა მონიტორინგის სამმართველო.
მუხლი 6🔗
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროსა და მისი სისტემის შიდა აუდიტორული შემოწმება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შიდა აუდიტის სახეების გამოყენებით;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროსა და მისი სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ზ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
თ) შიდა აუდიტორული საქმიანობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ი) სამინისტროსა და მისი სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ასევე საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება;
კ) შიდა აუდიტორული შემოწმებისას, შიდა აუდიტის ობიექტისათვის აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათებისა და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასალების, ცნობებისა და სხვა კორესპონდენციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია. სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია და დამუშავება;
მ) შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ ინფორმაციის/მონაცემების გაუცემლობა, რომელიც ცნობილი გახდა მისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ნ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამისი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ო) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების, შიდა აუდიტის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, შეუზღუდავად, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით, სამინისტროსა და მისი სისტემიდან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, დოკუმენტის მოთხოვნა და კანონით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზებზე (მიუხედავად მათი ფორმისა) წვდომა, ასევე სამინისტროსა და მისი სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
ჟ) კომპეტენციის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. შიდა მონიტორინგის სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
გ) სამინისტროსა და მის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, რეაგირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამინისტროსა და მის სისტემაში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების კონტროლი;
თ) დისციპლინური წარმოების ჩატარება სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათებისა და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასალების, ცნობებისა და სხვა კორესპონდენციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია. სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია და დამუშავება;
კ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამისი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ლ) საქმიანობის პროცესში ყველა საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტისა და განმარტების მოთხოვნა/მიღება;
მ) დისციპლინური წარმოების ფარგლებში საჭირო დასკვნების მომზადება;
ნ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, საქმიანობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის/მასალების შესწავლა/ანალიზი;
პ) კომპეტენციის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს, უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე;
გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების, ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს უწყობს მინისტრს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ზ) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოსაზრებებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;
მ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების შესახებ;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
პ) საჭიროების მიხედვით მინისტრს წარუდგენს სხვადასხვა სტატისტიკურ ანგარიშს;
ჟ) უზრუნველყოფს მინისტრის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული სხვა პირი.
4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები განისაზღვრება ამ დებულებისა და დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამმართველოს ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს;
ბ) სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია დასკვნების, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს;
გ) ითანხმებს და პასუხისმგებელია სამმართველოს მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებსა და წარმოების მასალებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ინიციატივებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს მოსაზრებას მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შეფასებასთან დაკავშირებით;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების წახალისების, პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს;
თ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
კ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
მ) უზრუნველყოფს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე:
ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაო აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ვალდებულია პირადად შეასრულოს სამუშაო;
ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
შიდა აუდიტორული შემოწმება
მუხლი 10🔗
1. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
2. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
3. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 11🔗
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მინისტრი, დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.
7. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე.
8. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება დეპარტამენტის უფროსის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
მუხლი 12🔗
1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან დეპარტამენტის უფროსის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, წარმოადგინოს არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების გეგმა, რაც აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.
4. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, რაც აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ან/და ცალკე დოკუმენტში, რომელიც დაერთვება ანგარიშს.
5. დეპარტამენტი, შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას, შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, უგზავნის მინისტრს.
6. თუ შიდა აუდიტის დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე, წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.
3. დეპარტამენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ციფრული მმართველობის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან 1 თვის ვადაში.
4. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში მოქმედ შიდა აუდიტის სუბიექტებთან კოორდინირებული და ადეკვატური შემოწმებების განსახორციელებლად, დუბლირების თავიდან აცილებისა და რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით და უფლება აქვს, ინფორმაციის სახით მოითხოვოს მათი საქმიანობის წლიური ანგარიშები, სტრატეგიული და წლიური გეგმები, შიდა აუდიტორული შემოწმების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშები. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ცოდნის, უნარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას კონსულტაციების გაწევის გზით.
5. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.