საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის შესახებ
მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №628
სარეგისტრაციო კოდი 190020000.00(0).000.000113 11
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №628
1990 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაფართოებული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროსთან, საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან, საქართველოს სსრ ფინანსთა სამინიტროსთან და საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ავტონომიური, დამოუკიდებელი თვითმართვადი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონებისა და საკუთარი წესდების საფუძველზე და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის, მასში შემავალი ინსტიტუტების, ფაკულტეტების, კათედრების, ლაბორატორიებისა და სხვა ქვედანაყოფების ეფექტურ მუშაობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებას, ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევას, ახორციელებს საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ და სამეურნეო პოლიტიკას.
2. დამტკიცდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდება, დანართის თანახმად.
3. საქართველოს სსრ საკუთრების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უშუალოდ საკუთრებაში ძირითადი ფონდები, ტერიტორია და სხვა სახელმწიფო ქონება, რომელიც ამჟამად უნივერსიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გამოყენების სფეროშია.
4.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ავტონომიური დამოუკიდებელი სახელმწიფო დაწესებულების დაფინანსება და ფონდირება ხორციელდება რესპუბლიკის ბიუჯეტში მისთვის ცალკე, მიზნობრივად გამოყოფილი მუხლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების შესაბამისად, აგრეთვე საკუთარი შემოსავლის საფუძველზე.
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირ-ურთიერთობის სასწავლო და სამეციერო დაწესებულებებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან (მათ შორის, საზღვარგარეთის) ახორციელებს უშუალოდ, პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეცნირებსა და სპეციალისტებს იწვევს ხელშეკრულებით (უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ჩათვლით) მათთვის შრომის ანაზღარების განაკვეთების პერსონალურად განსაზღვრვის უფლებით.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წესდება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მეცნიერების, კულტურისა და განათლების კერა, პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა და სტუდენტთა შემოქმედებითი გაერთიანება. მისი მიზანია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება საქართველოსა და მსოფლიო ცივილიზაციის საკეთილდღეოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სისტემაში შემავალი დამოუკიდებელი, ავტონომიური ორგანიზაციაა.
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობა წარიმართება წინამდებარე წესდების შესაბამისად, რომელიც ემყარება ეროვნული და მსოფლიო განათლებისა და კულტურის ჰუმანიტარულ-დემოკრატიულ ტრადიციებს, საზღვარგარეთის მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილებას, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და საქართველოს სახელმწიფო კანონებს, წესდებას იღებს სტუ-ს საბჭოს სხდომა და ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობა დაფუძნებულია საქართველოს სუვერენიტეტსა და მაღალ პროფესიონალიზმზე. იგი ქართული ტექნიკური ინტელიგენციის პოტენციალის ძირითადი კერაა.
4. სტუ მხარს უჭერს დემოკრატიისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის მებრძოლ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკის სამეცნიერო, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ყოველმხრივ უწყობს ხელს ქართული სახელმწიფო ენის კონსტიტუციური უფლების პრაქტიკულად განხორციელებას.
5. სტუ განსაზღვრავს საინჟინრო კადრების მომზადების პოლიტიკას საქართველოში.
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ამოცანებია:
- მოამზადოს სპეციალისტი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რომლებშიც ღრმა პროფესიული ცოდნა და ამოცანების გადაწყვეტის უნარი მეცნიერების შესაბამის დარგში შეხამებულია მაღალ კულტურასა და მოქალაქეობრივ აქტიურობასთან. სპეციალისტთა ასეთი მომზადება ხორციელდება სასწავლო პროცესის, სამეცნიერო კვლევისა და წარმოების ინტეგრაციის საფუძველზე.
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო და სამამულო მეცნიერულ კვლევაში, შეიტანოს საკუთარი წვლილი კაცობრიობის მეცნიერული აზრის საგანძურში;
- მოამ, ასპირანტურისა და დოქტორანტურის საშუალებით), აამაღლოს სპეციალისტთა კვალიფიკაცია;
- გააღრმაოს მეცნიერული ცოდნა აკადემიური, დარგობრივი და საუნივერსიტეტო მეცნიერებათა შერწყმის საფუძველზე; გასწიოს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ხელი შეუწყოს მსოფლიო ხალხების კულტურათა ურთიერთგამდიდრების პროცესს.
7. სტუ დამოუკიდებელი იურიდიული პირია. მის განკარგულებაშია უნივერსიტეტის მთელი ქონება, როგორც საერთო-სახალხო საკუთრების განცალკევებული ნაწილი და განაგებს მას, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და საკუთარი ანგარიში ბანკში, გერბიანი ბეჭედი, საკუთარი ემბლემა და ალამი.
8. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს აძლევს სახელმწიფო შეკვეთას ყველა კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსამზადებლად (უნივერსიტეტის, ასპირანტურის, დოქტორანტურისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსდამთავრებულები). სტუ-ს კურსდამთავრებულების მომზადების დონეს განსაზღვრავს სახელმწიფო საგამოცდო კომისია, რომელსაც დადგენილი წესით ქმნის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
9. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიურობა უზრუნველყოფილია იმით, რომ:
- სტუ-ს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შეესაბამება წინამდებარე წესდებას. სტუ-ს დამოუკიდებლობა ვრცელდება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითსა და საწარმოო-სამეურნეო საქმიანობაზე, მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის სტუ-ს და რომელზეც განლაგებულია უნივერსიტეტის ნაგებობანი, უნივერსიტეტი არის თავისი ნაგებობების, ქონებისა და ტერიტორიების ერთადერთი სრულუფლებიანი მფლობელი;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები და დაამყაროს კონტაქტები მეცნიერებათა აკადემიებთან, სამინისტროებთან, უწყებებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის, საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან, განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებანი (კადრების მომზადება, სპეციალისტთა გაცვლა, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საწარმოო საქმიანობა, კონფერენციების ორგანიზაცია, მოსახლეობისათვის ფასიანი სამსახურის გაწევა), შექმნას ერთობლივი საწარმოები, ფირმები, კოოპერატივები;
- სტუ-ს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებანი თავის სტრუქტურაში მისი სრულყოფის მიზნით, გახსნას სხვადასხვა რეგიონში სასწავლო ფილიალები და ფაკულტეტები ადგილობრივი საკადრო მოთხოვნილებისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად, გახსნას და დახუროს კათედრები, საუნივერსიტეტო განყოფილებები, სპეციალობები, ქვეგანყოფილებები, სამეცნიერო ერთეულები და სხვა შიდასაუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეულები;
- სტუ-ს უფლება აქვს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებანი უნივერსიტეტის მოღვაწეობის ყველა მიმართულებით საქართველოს კონსტიტუციისა და უნივერსიტეტის წესდების ფარგლებში;
- სამეცნიერო საბჭო ამუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის ინტერესების შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ძირეული რგოლების მთელი საქმიანობის დებულებებს, ინსტრუქციებს, შინაგანაწესებს, განსაზღვრავს პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა და სტუდენტთა უფლება-მოვალეობებს და საუნივერსიტეტო ცხოვრების წესებს, ჰუმანიტარულ-კულტურული აღზრდის ძირითად მიმართულებებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
10. საკითხებზე, რომელთა გამოც წარმოიქმნება კოლექტივების აზრთა არსებითი სხვაობა, ეწყობა საუნივერსიტეტო რეფერენდუმი; რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შორის კონფლიქტური სიტუაციების განსახილველად სტუ-ში ფუნქციონირებს ღირსების სასამართლო.
11. სტუ-ს დაფინანსება:
სტუ-ს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. სახელმწიფო-საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობას, სტუ-ს წარდგინების საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს მინისტრთა საბჭო და იგი ცალკე მუხლად გამოიყოფა რესპუბლიკის ბიუჯეტის შესაბამის განყოფილებაში. საქართველოს მინისტრთა საბჭო განსაზღვრავს აგრეთვე სტუ-სთვის გამოსაყოფი ფონდების მოცულობას; სტუ-ს დამატებითი ფინანსური თანხები შეიძლება იყოს აგრეთვე:
- სამინისტროებიდან და უწყებებიდან მიღებული თანხები, როგორც სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურება;
- ფასიანი სწავლებიდან მიღებული თანხა;
- საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოვლინებული სტუდენტების, ასპირანტებისა და სტაჟიორების მომზადებისათვის, აგრეთვე საზღვარგარეთის ფირმებთან შექმნილი ერთობლივი საწარმოებიდან მიღებული სავალუტო ფონდი;
- მოსახლეობისათვის ფასიანი სამსახურის გაწევის, სოციალური და შემოქმედებითი შეკვეთების, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან სახელშეკრულებო სამუშაოთა, სამეურნეო ანგარიშიანი საქმიანობის საფასური;
- დარგების, საწარმოების, ორგანიზაციების, კოოპერატივების სავალდებულო და ნებაყოფლობითი შესატანები, ცალკეული პირების შეწირულობანი;
საკუთარი საწარმოებისა და დამხმარე მეურნეობების, სპორტული, კულტმასობრივი ობიექტების ეფექტიანად გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი;
- საგამომცემლო საქმიანობის, სახელმძღვანელოების, დამხმარე მეთოდური ლიტერატურის, სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის, ახალი გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები;
- უნივერსიტეტს უფლება აქვს მიყიდოს სხვა საწარმოს ან დაწესებულებას გამოუყენებელი სატრანსპორტო საშუალებანი, ხელსაწყო-იარაღი, ინვენტარი, ნედლეული, მასალა, აგრეთვე დამოუკიდებლად გაასაღოს ადგილობრივ დამზადებული ფასეულობანი, ხელსაწყო-იარაღი, სხვადასხვა ნაკეთობანი. დამხმარე მეურნეობიდან მიღებული თანხები რჩება უნივერსიტეტის განკარგულებაში ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა დანამატების სახით და გამოიყენება სასწავლო და სამეცნიერო დანიშნულებით, ახალი ტექნიკური საშუალებებისა და გამოთვლითი ტექნიკის შესაძენად;
- საბიუჯეტო, სპეციალური სახსრები და უნივერსიტეტში არსებული სხვა თავისუფალი ფონდების თანხები.
12. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან ფუნქციონირებს მზრუნველთა საბჭო უნივერსიტეტის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპით; საბჭოში წარმოდგენილია რესპუბლიკის ყველა დაინტერესებული დიდი საწარმო და ორგანიზაცია. მზრუნველთა საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი დებულებით.
13. 1990 წლის 5 იანვარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფუძნების დღეა, რომლის აღსანიშნავად ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო სესია.
14. გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისათვის სტუს-ს მეცნიერებს ენიჭებათ სახელობითი პრემიები, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომები და საპატიო ნიშნები. უნივერსიტეტში პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის სტუ-ს თანამშრომლებს ენიჭებათ „სტუ-ს დამსახურებული პროფესორის“, „სტუ-ს დამსახურებული მუშაკის“ წოდებანი, ხოლო გარეშე სპეციალისტებს - „სტუ-ს საპატიო დოქტორის“ წოდება.
- პროფესორ-დოქტორს, რომელსაც შეუსრულდა დაბადებიდან 65 წელი და ამასთან დაკავშირებით წყვეტს აქტიურ მუშაობას სტუ-ში, მიენიჭება „სტუ-ს დამსახურებული პროფესორის“ წოდება და უნარჩუნდება უკანასკნელი ხელფასის ოდენობა, თუკი მას ამ დროისათვის აქვს სტუ-ში მუშაობის არანაკლებ 30 წლის სტაჟი.
II. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივი
15. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივი აერთიანებს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერ თანამშრომლებს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ადმინისტრაციულ-სამმართველო, საინჟინრო-ტექნიკური, დამხმარე და საწარმოო პერსონალს, სტუდენტებს და ასპირანტებს.
16. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი კოლექტივის წევრებისათვის უზრუნველყოფს სიტყვის, ბეჭდვის, კრებების, სინდისის, პოლიტიკურ შეხედულებათა თავისუფლებას.
17. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივის წევრს უფლება აქვს:
- აირჩიოს და არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის საბჭოში, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსა და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში;
- მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა საკითხის გადაწყვეტაში;
- ისარგებლოს უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა სათავსებით და დანადგარებით, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდებით;
- გახდეს პროფესიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სხვა ორგანიზაციების წევრი;
- მონაწილეობა მიიღოს უნივერისტეტის მოღვაწეობის ყველა უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვაში, წარმოადგინოს საქმიანი წინადადებანი და კრიტიკული შენიშვნები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
- უშუალო მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდა სპეციალისტთა, მეცნიერ მკვლევართა მომზადების გაუმჯობესებაში, მისაღები კონტიგენტისა და სპეციალობათა განსაზღვრაში.
18. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივის წევრი ვალდებულია:
- ზრუნავდეს უნივერსიტეტის ავტორიტეტის განმტკიცებისათვის;
- განუწყვეტლივ იმაღლებდეს კვალიფიკაციას;
- მტკიცედ იცავდეს წინამდებარე წესდების დებულებებს, უნივერსიტეტის შინაგანაწესს, სასწავლო და შრომის დისციპლინას; უფრთხილდებოდეს სასწავლო ინვენტარს და ტექნიკურ საშუალებებს, სახელმძღვანელოებს და წიგნად ფონდს, უნივერსიტეტის მთელ ქონებას.
19. პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ მუშაკებს აქვს სტუ-ს სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობის თანაბარი უფლებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ მუშაკებს დადგენილი წესის შესაბამისად აქვთ მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობის შიდასაუნივერსიტეტო შეთავსების უფლება სათანადო ანაზღაურებით.
20. სტუ-ს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია უნივერსიტეტში მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით და ინსტიტუტების, კათედრებისა და უნივერსიტეტს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფთა დებულებებით. სტუ-ს თანამშრომელი ვალდებულია:
- უზრუნველყოს სასწავლო პროცესისა და კვლევითი მუშაობის მაღალეფექტიანობა, ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი სწავლების ახალი ფორმებისა და მეთოდების დანერგვას, სწავლებაში გამოთვლითი ტექნიკისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებას;
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტუდენტებისათვის სასწავლო სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომების, მეთოდური მითითებების, ლექციების კურსის მომზადებისა და სათანადო რეცენზირების შემდეგ მათ გამოცემაში;
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიის, აგრეთვე ტექნიკის მიღწევათა დაუფლებასა და ფართო პროპაგანდას.
21. სტუ-ს თანამშრომლის თანამდებობრივი განაკვეთი განისაზღვრება უნივერსიტეტში დადგენილი ინდივიდუალური სქემის შესაბამისად და გამომდინარეობს უნივერსიტეტის დაფინანსების მოცულობიდან, ხოლო ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭო, რომელიც ითვალისწინებს კათედრის აზრს.
22. ვაკანტურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა არჩევა ხდება კონკურსით, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოებზე, ფარული კენჭისყრით, კათედრების პროფესორ-მასწავლებელთა საერთო კრებების რეკომენდაციით, ხოლო მეცნიერი მუშაკებისა - შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების მეცნიერ თანამშრომელთა კრებებზე.
პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ასარჩევი კანდიდატები კითხულობენ საჯარო ლექციას ინსტიტუტის სამეცნიერო საზოგადოებრიობისათვის.
თანამდებობებზე პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ მუშაკთა არჩევიდან ყოველ 5 წელიწადში ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების სხდომებზე ეწყობა მათი ხელახალი არჩევანი ფარული კენჭისყრით.
23. სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უფლება აქვთ 5 წელიწადში ერთხელ გავიდნენ შემოქმედებით შვებულებაში ერთ წლამდე ან დროებით გადავიდნენ მეცნიერ მუშაკად სასურველ სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის, საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მივლინებით როგორც სადისერტაციო შრომების, ისე მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების დასასრულებლად.
24. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის ინსტიტუტებს უფლება აქვთ ლექციების წასაკითხად, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, დროებით მოიწვიონ სპეციალისტები სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და ორგანიზაციებიდან, მათ შორის, საზღვარგარეთიდან, მოცემულ პიროვნებასთან ან ორგანიზაციასთან (სადაც ის მუშაობს) ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განსაზღვრული პირობებით. ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების პერიოდში სპეციალისტი სარგებლობს სტუ-ს თანამშრომლის ყველა უფლებით.
25. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ თანამშრომლის ასაკობრივი ზღვარი, რომელიც მუშაობს რექტორად, პრორექტორად, დირექტორად, კათედრის გამგედ და სხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელად, განისაზღვროს 65 წლით. ამ ასაკის მიღწევის შემდეგ რექტორის განკარგულებით აღნიშნული ხელმძღვანელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მასთან შეთანხმების საფუძველზე გადაიყვანება სხვა, არახელმძღვანელ თანამდებობებზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაუშვებელია ორი ადმინისტრაციული ხელმძღვანელი თანამდებობის შეთავსება.
პროფესორი და დოცენტი ერთი ვადით არჩევის განმავლობაში წოდების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით აღარ აირჩევა.
კათედრის გამგე, დოცენტი, რომელმაც ვერ აიმაღლა სამეცნიერო ხარისხი ერთი საარჩევნო ვადის განმავლობაში მეორე ვადით კათედრის გამგედ აღარ აირჩევა.
III. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ასპირანტები
სტუ-ს სტუდენტად მიიღება ის პირი, რომელსაც აქვს საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლება და წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდები; ასპირანტურაში მიიღება ის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და გაიარა კონკურსი;
სტუ-ს დღის სწავლების სტუდენტებსა და ასპირანტებს ეძლევათ სტიპენდიები, რომლის ფონდიც იქმნება სახელმწიფო ასიგნებებით და უნივერსიტეტის სხვა ფულადი შემოსავლით. უნივერსიტეტს უფლება აქვს დაუნიშნოს თავისი ფონდიდან წარჩინებულ სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები და მისცეს სტიპენდიების დანამატები;
რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები და ასპირანტები შესაძლებლობის ფარგლებში კმაყოფილდებიან საერთო საცხოვრებლით.
26. სტუ-ს სტუდენტებს და ასპირანტებს უფლება აქვთ:
- უფასოდ ისარგებლონ უნივერსიტეტის ლაბორატორიებით, კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, სამკითხველო დარბაზებით და სხვა სასწავლო ან საცდელ-საწარმოო ბაზებით, დამხმარე მეურნეობებით, სპორტული ინვენტარით, დარბაზებითა და მოედნებით, სხვა ტექნიკური საშუალებებით, კულტურულ-საგანმანათლებლო და საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებით;
- მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებისა და გეგმების შედგენაში, სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ხელფასის ანაზღაურებით, უნივერსიტეტის, ინსტიტუტებისა და კათედრების სამეცნიერო წრეების, საზოგადოებების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში;
- დაესწრონ უნივერსიტეტში დამატებით წაკითხულ ლექციებს და სხვადასხვა ღონისძიებებს;
- მონაწილეობა მიიღონ სათათბირო ხმის უფლებით კათედრების პროფესორ-მასწავლებელთა სხდომებში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში;
- თავისუფლად დაესწრონ ლექციებს;
- შექმნან თვითმმართველობის ორგანოები სწავლების ორგანიზაციასთან დაკავშირებული და საკუთარი საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად;
- მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მხატვრულ თვითშემოქმედებაში, სპორტულ სექციებში, შემოქმედებითი და სამეცნიერო-ტექნიკური წრეების მუშაობაში;
- შეიძინონ მეორე სპეციალობა საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის მეშვეობით (სტუ-ში ამ ფაკულტეტზე სწავლა ფასიანია, სწავლების ფასს ადგენს სამეცნიერო საბჭო);
- ისწავლონ ინდივიდუალური გეგმებით.
სტუდენტი, რომელმაც შეასრულა სასწავლო გეგმითა და პროგრამებით გათვალისწინებული ყველა დავალება, დაიშვება სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად, ან სადიპლომო შრომის დასაცავად; სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა, ან დაიცვა სადიპლომო ნაშრომი, სახელმწიფო საგამოცდო გადაწყვეტილებით ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომი.
სტუდენტს, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი და იცის უცხო ენა, სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ეძლევა დიპლომის დანართი.
ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა წარმოებისაგან მოწყვეტით და მომზადდა სახელმწიფო შეკვეთის შესაბამისად, განაწილდება სამუშაოზე. განაწილების ადგილზე გამოცხადება სავალდებულოა. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს ახალგაზრდა სპეციალისტის დებულებით გათვალისწინებული შეღავათებით.
სტუდენტს, რომელიც სწავლების პროცესში გამოავლენს გამორჩეულ წარმატებას და სწავლების ექვსწლიანი ციკლის შემდეგ მაღალ ნიშანზე დაიცავს სადიპლომო ნაშრომს, ეძლევა წარჩინების დიპლომი და ენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება; ასეთი სტუდენტი სამუშაოზე განაწილებისა და ასპირანტურაში შესვლის დროს სარგებლობს უპირატესობით.
27. სტუ-ს სტუდენტები და ასპირანტები ვალდებული არიან განუხრელად იცავდნენ უნივერსიტეტის წესდებას, საუნიერსიტეტო და საინსტიტუტო შინაგანაწესებს, ზნეობრივ ნორმებსა და პრინციპებს; ზრუნავდნენ პროფესიული ცოდნისა და ინტელექტუალური განვითარების სრულყოფისათვის, ეუფლებოდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების ჩვევებს, რეგულარულად ესწრებოდნენ სავალდებულო სასწავლო-ლაბორატორიულ, პრაქტიკულ და სემინარულ მეცადინეობებს; დროულად ასრულებდნენ სასწავლო გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ დავალებებს.
ასპირანტი ვალდებულია დადგენილ დროში შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო და დაიცვას საკანდიდატო დისერტაცია. ასპირანტურაში სწავლების ხანგრძლივობა 4 წელია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასპირანტებს ამზადებს იმ სპეციალობისა და სწავლების ფორმის შესაბამისად, რომლებიც უნივერსიტეტში შემოღებულია რესპუბლიკის მოთხოვნილების საფუძველზე შედგენილი გეგმის თანახმად.
28. სტუდენტი, რომელიც თავის დროზე ვერ შეასრულებს სასწავლო გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ დავალებებს, ირიცხება უნივერსიტეტიდან, ან რჩება იმავე კურსზე. კურსზე დატოვების შემთხვევაში, განმეორებითი კურსის გავლისთვის იხდის ფულად შესატანს, ხოლო ის სტუდენტი, რომელიც დადგენილ ვადაში ცალკეულ დისციპლინებში ვერ ჩააბარებს გამოცდებს განმეორებით გამოცდას აბარებს კათედრის მიერ გამოყოფილ კომისიას.
28. დაუშვებელია სტუდენტის მოწყვეტა სასწავლო პროცესიდან იმ სამუშაოთა შესასრულებლად, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესთან.
29. პირს, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, შეუძლია სტუ-ში დაეუფლოს მეორე სპეციალობას (სწავლების ნებისმიერ ფორმაზე) დაინტერესებული ორგანიზაციის შუამდოდომლობით, ან საკუთარი სურვილით. მეორე სპეციალობის მიღება, სწავლების ფორმის მიუხედავად ფასიანია. მსმენელს ან დაინტერესებულ ორგანიზაციას, რომელიც მსმენელს სასწავლებლად აგზავნის, შემოაქვს შესაბამისი თანხა. თანხის მოცულობას ადგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
30. უცხოეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები უნივერსიტეტში მიიღებიან სახელწმიფო შეკვეთით, ან კომპენსაციურ საწყისებზე, შემკვეთთან შეთანხმებული სწავლების სახელშეკრულებო ფასების, ან ინდივიდუალური შესატანების საფუძველზე. უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე ყველა სტუდენტზე ვრცელდება აღნიშნული წესებით დადგენილი უფლებები და მოვალეობანი. საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის სპეციალისტების მომზადების ანაზღაურდება ხორციელდება იმ ვადებში და პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებებით.
31. საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებს არჩეულ სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებლად შეუძლიათ ისწავლონ სტუ-ს მიერ ორგანიზებულ კურსებზე, უნივერსიტეტის რექტორის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
IV. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ორგანიზაცია
32. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეული თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ორგანიზაციულ სრულყოფას სტუ-ში.
33. სტუ-ში არის დღის, საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების ფორმები; მისაღები კონტინგენტის რაოდენობას, სწავლების ფორმებსა და სპეციალობებს ამტკიცებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
34. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია. სწავლების პირველი ეტაპის ხანგრძლივობა მომზადების პროფილის შესაბამისად 5 წელიწადია, რომლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს ენიჭება ინჟინრის კვალიფიკაცია, ხოლო 6-წლიანი კურსის დამთავრების შემდეგ - ინჟინერმკვლევარისა.
35. ინჟინერთა მომზადების პროგრამებს, სასწავლო გეგმებს, კურსების პროგრამებს, სპეციალისტთა საკვალიფიკაციო დახასიათებებს ადგენენ მაპროფილებელი კათედრები და შესაბამისი ინსტიტუტები და არსებული დებულების შესაბამისად, რასაც ამტკიცებს სტუ-ს სამეცნიერო საბჭო.
36. სწავლების ნებისმიერი ფორმის სასწავლო წელი იწყება სასწავლო გეგმების შესაბამისად და იყოფა ორ სემესტრად; თითოეული მათგანი მთავრდება საგამოცდო სესიით და არდადეგებით. სასწავლო მეცადინეობები ტარდება ცხრილების მიხედვით, რომელიც შედგენილია მთელი სემესტრისათვის ან მისი ნაწილებისათვის; სასწავლო მეცადინეობათა და შესვენებათა ხანგრძლივობას ადგენს რექტორი სტუდენტთა და თანამშრომელთა პროფკავშირულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, სამეცნიერო საბჭოს პროფკავშირულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია გადაიტანოს სასწავლო წლის დაწყების ვადა, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა.
37. სტუდენტთა ცოდნა ფასდება შემდეგი ქულებით: 5 (ფრიადი), 4 (კარგი), 3 (დამაკმაყოფილებელი), 2 (არადამაკმაყოფილებელი) ან უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი რეიტინგული ქულების სისტემით. ნიშანი შეიძლება დაიწეროს გამოცდაზე. ჩათვლა ეძლევა დისციპლინის დამთავრებისთანავე სტუდენტის სასწავლო მუშაობის მიმდინარე კონტროლის საფუძველზე. არსებული ვადების ფარგლებში გამოცდის ჩასაბარებლად სტუდენტს თითოეულ საგანში ეძლევა სამჯერ ჩაბარების უფლება. ძირითადი ვადების დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს, რომელთაც დარჩებათ აკადემიური დავალიანება ერთ ან ორ საგანში, მომავალი სემესტრის დაწყებამდე ეძლევათ აკადემიური დავალიანების სალიკვიდაციო პერიოდი. სალიკვიდაციო პერიოდში გამოცდები ტარდება კომისიური წესით. აკადემიური დავალიანების მქონე პირველი კურსის სტუდენტები უნივერსიტეტიდან ირიცხებიან აღდგენის უფლების გარეშე. სალიკვიდაციო პერიოდში დამატებითი გამოცდები და კონსულტაციები ფასიანია. სტუდენტთა მიერ ზოგადტექნიკური საგნების ციკლის დახურვის შემდეგ, სწავლების ყველა ფორმაზე, ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების შერჩევით 2-3 საგანში ტარდება ფუნდამენტური ცოდნის შემაჯამებელი სახელმწიფო გამოცდა. იმ დისციპლინებისათვის და სტუდენტთა სასწავლო მუშაობის იმ სახელობისათვის, რომელთა შეჯამების კონტროლის ფორმაა „ჩათვლა“, დგინდება ხარისხობრივი ნიშანი „ჩათვლა“, „არჩათვლა“, რომელიც იწერება სტუდენტის სასწავლო მუშაობის მიმდინარე კონტროლის საფუძველზე. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს უფლება აქვს დაადგინოს სტუდენტთა ცოდნის შეფასების სხვა მეთოდები.
38. სტუდენტი ინსტიტუტს კურსიდან კურსზე გადაჰყავს წლიური შედეგების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არაუგვიანეს ახალი სასწავლო წლის დაწყებისა შეასრულებს ყველა ნორმატიულ მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრულია სასწავლო გეგმით და სასწავლო პროგრამებით. სტუდენტი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ არის ატესტირებული თუნდაც ერთ საგანში, მომდევნო კურსზე არ გადაიყვანება.
39. პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის რაოდენობრივი დაგეგმვა ხდება სტუდენტთა საანგარიშო კონტინგენტის მიხედვით, შეფარდებით - 1:7 (დღის სწავლების ფორმისათვის) . შესაბამისად რეგულირდება აღნიშნული კოეფიციენტი საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების კონტინგენტისათვის.
40. სასწავლო პროცესის ორგანიზაციას ახორციელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო მეთოდური სამმართველო, სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტები, კათედრები, პრორექტორი სასწავლო დარგში.
V. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაცია
41. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება სამეურნეო ანგარიშის, თვითდაფინანსების, თვითანაზღაურებისა და საიჯარო ურთიერთობის საფუძველზე. სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს უნივერსიტეტში უზრუნველყოფენ პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, ასპირანტები, სტუდენტები, სტაჟიორები, შტატის სამეცნიერო და საინჟინრო პერსონალი. სხვა თანამშრომლები სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობენ შეთავსების უფლებით.
42. უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოკვლევები და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები ფინანსდება შემდეგი სახსრების ხარჯზე:
- მეცნიერების, ტექნიკის და კულტურის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით ფუნდამენტური კვლევების შესრულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაშვებული სახსრებით;
- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისათვის დარგობრივი სამინისტროებისაგან, უწყებების, გაერთიანებების, საწარმოებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან გადმორიცხული სახსრებით;
- საერთაშორისო ხელშეკრულებებით შესრულებული სამუშაოებისათვის გადმორიცხული თანხებით;
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური განვითარების ფონდებით;
- ჩვენში და უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კომერციული რეალიზაციით შესრულებული თანხებით;
- უნივერსიტეტის მონაწილეობით შექმნილი ერთობლივი საწარმოებისა და კოოპერატივების შემოსავლებით.
43. ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტების მეცნიერული გამოკვლევები ხორციელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი ინსტიტუტების კვლევათა ინტეგრირებული პროგრამების საფუძველზე. სტუ საუნივერსიტეტო განათლების და მეცნიერების ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით ახორციელებს აკადემიისა და დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრირებას შესაბამისი სპეციალობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტებთან.
44. სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმართავენ სამეცნიერო საბჭოები განსაზღვრული ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებით.
45. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საპროექტო და ექსპერიმენტული მუშაობის ორგანიზაციას ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევითი სამმართველო, სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და პრორექტორი სამეცნიერო დარგში.
46. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია ყველა ის უფლება, რომელებიც აქვთ საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებს სამეცნიერო კვლევისა და შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის დარგში.
IV. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვა და სტრუქტურა
47. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვა ხორციელდება ავტონომიის ფარგლებში ცენტრალიზებული ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების მართვის შერწყმის საფუძველზე. სტუს აქვს ორგანიზაციის შემდეგი დონეები: კათედრები, სასწავლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; სათათბირო (რექტორატი) და მისდამი დაქვემდებარებული ზოგადსაინსტიტუტო დამხმარე ქვედანაყოფები.
ყველა სტრუქტურული ერთეული თავის საქმიანობაში ავტონომიურია. რაც განისაზღვრება დებულებით „სტუ-ს შიდა ორგანიზაციის შესახებ“. (იხ. დანართი 1 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები).
48. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიური თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა უნივერსიტეტის საბჭო. უნივერსიტეტის საბჭოს ირჩევენ 5 წლის ვადით, 350-400 კაცის შემადგენლობით, შემდეგი წარმომადგენლობით: 60 პროცენტი - სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების შემადგენლობიდან, 15 პროცენტი - სხვა კატეგორიისა და 25 პროცენტი - სტუდენტთა და ასპირანტთა შემადგენლობიდან.
49. სტუ-ს საბჭოს წევრების არჩევა თანამშრომელთა შემადგენლობიდან ხდება ფარული კენჭისყრით სტუ-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოლექტივების წარმომადგენლობითი ნორმის შესაბამისად. სტუ-ს საბჭოს წევრებს სტუდენტთა და ასპირანტთა კოლექტივების წარმომადგენლობითი ნორმების შესაბამისად.
50. უნივერსიტეტის საბჭო მუშაობას წარმართავს ყოველწლიურად შედგენილი და დამტკიცებული გეგმის თანახმად. მისი სხდომები იმართება წელიწადში არანაკლებ ერთხელ. საბჭოს სხდომა უფლებამოსილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ორი მესამედი. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს რექტორის ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს და სტუ-ს საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის მოთხოვნით. განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. სტუ-ს საბჭოს თავმჯდომარეობს რექტორი.
51. უნივერსიტეტის საბჭო:
- ამტკიცებს უნივერსიტეტის წესდებას, მის შინაგანაწესებს და შეაქვს მათში სათანადო ცვლილებები;
- შეაქვს ცვლილებანი და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას, წყვეტს უნივერსიტეტის მართვის სრულყოფის საკითხებს, ამტკიცებს უნივერსიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმებს. იხილავს უნივერსიტეტის ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს;
- განსაზღვრავს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვა ქვედანაყოფების ფინანსთა განაწილების პრინციპებს, გამოყოფს სახსრებს სტუ-ს სოციალური განვითარებისათვის;
- ამტკიცებს სტუ-ს სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტის ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსების განაწილებას;
- ირჩევს რექტორს ალტერნატიული კანდიდატებიდან პირდაპირი, ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით, მაგრამ არაუგვიანეს ზედიზედ ორი ვადისა. სტუ-ს რექტორს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. რექტორის თანამდებობაზე კანდიდატურებს წარადგენენ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების საბჭოები. რექტორის თანამდებობაზე წამოყენებული კანდიდატები საბჭოს აცნობენ თავიანთ სამოქმედო პროგრამებს;
- ყოველწლიურად ისმენს რექტორის ანგარიშებს და აფასებს მის მოღვაწეობას;
- ამტკიცებს შინაგანაწესს და შეაქვს მასში ცვლილებანი;
- აუცილებლობის შემთხვევაში აჩერებს ან ცვლის სამეცნიერო საბჭოს ან რექტორის ნებისმიერ გადაწყვეტილებას;
- აჩერებს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების გადაწყვეტილებებს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას ან უნივერსიტეტის წესდებას. სტუ-ს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული დანაყოფისათვის.
52. სტუ-ს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი საკითხების განსახილველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქმნება სამეცნიერო საბჭო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს რექტორი. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან: რექტორი (თავმჯდომარე), პრორექტორები, სწავლული მდივანი, სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორები, უნივერსიტეტის დიდი სასწავლო და სამეცნიერო განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელები (საერთო რაოდენობის 30 პროცენტი). აგრეთვე თითოეული ინსტიტუტის 7-10 წარმომადგენელი (6-8 თანამშრომელი პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობიდან და 2 სტუდენტი, ან ასპირანტი) ინსტიტუტის სიდიდის მიხედვით და ორ-ორი წარმომადგენელი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან. ამ წარმომადგენლებს ფარული კენჭისყრით ირჩევენ ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოები და ექვემდებარებიან ყოველწლიურ როტაციას. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება 5 წელია. სტუ-ს საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. სამეცნიერო საბჭოს წევრები უნივერისტეტის საბჭოს წევრებია.
53. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო:
- წყვეტს სტუ-ს სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის, კადრების მომზადების, საერთაშორისო ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს;
- სტუ-ს საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად წინადადებებს ინსტიტუტების და სხვა ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსების განაწილების შესახებ;
- ანაწილებს ინსტიტუტების და ქვედანაყოფების მიხედვით საექსპლუატაციოდ გადასცემ ფართობებს და ახორციელებს არსებული ფართობების გადანაწილებას;
- მთელ თავის საქმიანობას წარმართავს წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული სემესტრული გეგმის მიხედვით;
- განიხილავს სასწავლო პროცესის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადების ორგანიზაციის, საერთაშორისო კავშირებისა და სტუ-ს საქმიანობის მნიშვნელოვან საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, სამეცნიერო საბჭოს წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით;
- სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების საკითხთა სწორად გადაწყვეტის მიზნით ირჩევს საკონკურსო კომისიას კანდიდატურების წინასწარი განხილვისათვის. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება სამეცნიერო საბჭოს. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. კანდიდატი არჩეულად ითვლება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში.
სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის რექტორის შესაბამისი ბრძანებით. დაინტერესებულ პირებს, ინსტიტუტებს ან სხვა ქვედანაყოფებს, რომლებიც მას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გაასაჩივრონ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება რექტორის მიერ მის დამტკიცებამდე, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში. საჩივრის განხილვა ხდება სამეცნიერო საბჭოს უახლოეს სხდომაზე. სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა;
- ამტკიცებს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების წარდგინების საფუძველზე კადრების მომზადების პროგრამებს, სასწავლო გეგმებს, მიღების წესებს, სპეციალობებს და განსაზღვრავს მისაღები კონტიგენტის რაოდენობას სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების წარდგინების საფუძველზე;
- ანიჭებს პროფესორისა და დოცენტის სამეცნიერო წოდებას, ამტკიცებს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებს;
- აუცილებლობის შემთხვევაში აჩერებს ან ცვლის რექტორის ან პრორექტორების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მოქმედებას; ამტკიცებს ინსტიტუტების, ფაკულტეტების, ფილიალების, კათედრებისა და ლაბორატორიების დებულებებს, კათედრათა გამგეებს, სხვა დიდი სასწავლო და სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელებს;
- ირჩევს საღამოს და დაუსწრებელი სწავლების თბილისისა და რეგიონალური ინსტიტუტების დირექტორებს, დამოუკიდებელი საფაკულტეტო ერთეულების ხელმძღვანელებს და ფილიალების დირექტორებს.
სტუ-ს საბჭოს და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები უფლებამოსილად ითვლება, თუ სხდომაში მონაწილეობს მისი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით;
- ადგენს სწავლების ფასიან ფორმებს და მოცულობებს.
სამეცნიერო საბჭოს წევრების გამოკლების შემთხვევაში იმართება დამატებითი არჩევნები.
54. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი:
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს სტუ-ს საქმიანობას და კონტროლს უწევს წინამდებარე წესდების შესრულებას. მუშაობის გეგმაზომიერად და ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ქმნის მრჩეველთა საბჭოს, სათათბიროს და ნიშნავს მის წევრებს, განსაზღვრავს მათ ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს;
- კოორდინაციას უწევს და მართავს კავშირს ინსტიტუტებს შორის, გეგმავს უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივას, საზღვრავს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მიმართულებებს, წარმართავს უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობას;
- მოქმედებს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად უნივერსტიტეტის საქმიანობის შედეგებისათვის;
- კოორდინაციას უწევს სათათბიროს და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად;
- გამოსცემს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის;
- ნიშნავს და ათავისუფლებს პრორექტორებს, საუნივერსიტეტო მმართველობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განყოფილებების, სექტორებისა და სამსახურების უფროსებს; შეაქვს სამეცნიერო საბჭოში სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორების, კათედრათა გამგეების გადარჩევის საკითხები ხუთწლიანი ვადის გასვლამდე;
- ამტკიცებს სამეცნიერო წოდებებს, თუ კანდიდატებს აქვთ შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი;
- მოქმედებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, განაგებს მის ქონებას და ყველა დამხმარე საშუალებას; აფორმებს საუნივერსიტეტო ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; ხსნის სახელწმიფო ბანკებში უნივერსიტეტის ანგარიშებს და აცნობს სამეცნიერო საბჭოს განხორციელებულ ღონისძიებებს;
- რექტორი ანგარიშვალდებულია სამეცნიერო საბჭოს წინაშე და ყოველწლიურად აბარებს მას ანგარიშს სტუ-ს საბჭოს სათათბიროს მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ხოლო ფართო საზოგადოებრიობისათვის გაცნობის მიზნით ანგარიშები ქვეყნდება საუნივერსიტეტო გაზეთში;
- ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს პრორექტორებს შორის, ახორციელებს კონტროლს როგორც მათი საქმიანობის, ისე სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გეგმების შესრულებისადმი;
- უნიშნავს ფრიადოსან სტუდენტებს შესაბამისი ინსტიტუტების გადაწყვეტილების საფუძველზე სახელობითს სტიპენდიებს დამტკიცებული სახელობითი სტიპენდიების ფარგლებში; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი კატეგორიის სახელობითი სტიპენდიაა საქართველოს სახელმწიფო სტიპენდია;
- წყვეტს ინსტიტუტების წარდგინების საფუძველზე საზღვარგარეთის ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებში წარჩინებული სტუდენტებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მივლინების საკითხებს;
- აყალიბებს სათათბიროს შემადგენლობას და მიზნობრივად წარმართავს მის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო და სამეურნეო საკითხების, ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების სახელმწიფო გეგმის შესრულებისა და მათი შრომითი მოწყობის უკეთეს ორგანიზაციას;
- საუნივერსიტეტო რეფერენდუმის განსახილველად გამოაქვს უნივერსიტეტის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტისას წარმოიშობა ცალკეული კოლექტივების უთანხმოებანი.
დებულებას ზოგადასაუნივერისტეტო რეფერენდუმის შესახებ ამტკიცებს სტუ-ს საბჭო.
55. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათათბირო:
- იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულად მართვის მიზნით რექტორის თავმჯდომარეობით, რომლის შემადგენლობასა და რაოდენობასაც განსაზღვრავს რექტორი;
- იკრიბება თვეში ორჯერ, განიხილავს უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა მიმართულების აქტუალურ საკითხებს და ღებულობს გადაწყვეტილებებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებების პრაქტიკულ განხორციელებას;
- ოპერატიულად ხელმძღვანელობს სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას და ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურების რთული და მრავალმხრივი პროცესების მართვას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების კონკრეტულ ღონისძიებებს. ახალგაზრდა სპეციალისტთა და მეცნიერ-მკვლევართა მომზადების ხარისხის გასაუმჯობესებლად და უნივერსიტეტის ძირეული რგოლების პერსონალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად;
- კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მეცნიერულ საფუძვლებს, სავსებით შეესაბამებოდეს უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას; კონტროლს უწევს მიმდინარე აკადემიურ მოსწრებას და დროულად იღებს ზომებს აკადემიური ჩამორჩენილობის აღმოსაფხვრელად.
სათათბირო მუშაობს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით და მისი გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ბრძანებით.
VII. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები
56. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიან ავტონომიის უფლებით. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მთელ თავის საქმიანობას წარმართავს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე, გააჩნია საკუთარი დებულება, შინაგანაწესი, ქვეანგარიში და ბეჭედი. საბუღალტრო და საფინანსო წარმოება ძირითადად ნაწილდება სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის. საუნივერსიტეტო ბიუჯეტში თითოეულ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს აქვს საკუთარი ქვეანგარიში.
სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
- ღებულობს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას და უნივერსიტეტის წესდებას;
- მოქმედებს საკუთარი დებულების შესაბამისად, რომელიც აკონტროლებს უნივერსიტეტის წესდებას მოცემული ინსტიტუტისათვის; დებულებას დამოუკიდებლად ამუშავებს ინსტიტუტი და ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო;
- შედგება კათედრებისაგან, საინსტიტუტო დაქვემდებარების ლაბორატორიებისა და სხვა სასწავლო, სამეცნიერო და დამხმარე ქვედანაყოფებისაგან;
- უფლება აქვს შექმნას თავის სტრუქტურაში კოლეჯების საშუალო და სპეციალური განათლების სისტემის შესაბამისი სპეციალობის პროფტექნიკუმებისა და ტექნიკუმების, აგრეთვე საშეფო სკოლების ბაზაზე. კოლეჯების საქმიანობა წარიმართება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო სახალხო განათლების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.
57. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოებია ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოები. მათ შემადგენლობას, ინსტიტუტების წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. საბჭოს წევრებს ირჩევენ 5 წლის ვადით ფარული კენჭისყრით, თანამშრომელთა, აგრეთვე სტუდენტთა და ასპირანტთა კოლექტივების კრებებზე.
საბჭოს შემადგენლობაში დადგენილი ნორმისა და ინსტიტუტის შესაბამისი დებულების თანახმად შედიან დირექტორი (თავმჯდომარე), მისი მოადგილეები, სწავლული მდივანი, კათედრათა გამგეები, სამეცნიერო ლაბორატორიების ხელმძღვანელები, პროფესორ - მასწავლებელთა, სტუდენტთა და ასპირანტთა წარმომადგენლები. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც და უფლებამოსილად ითვლება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი; განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.
58. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
- პრაქტიკულად ხელმძღვანელობს მის გამგებლობაში შემავალი ერთეულების საქმიანობას, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის წარმართვას თანამედროვე დონეზე, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მეცნიერ-მკვლევართა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას;
- განსაზღვრავს ყველა კატეგორიის თანამშრომლის ხელფასების რაოდენობას საშტატო ერთეულების განრიგისა და თანამდებობრივი განაკვეთების შესაბამისად, არსებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების ფარგლებში;
- დადგენილი წესით ამტკიცებს და ცვლის სასწავლო-დამხმარე, სასწავლო-საწარმოო, სამეცნიერო-ტექნიკური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის ხელფასის განაკვეთებს თანამდებობრივი განაკვეთების სქემის დაცვით, ამ პერსონალისათვის განსაზღვრულ მუშაკთა რაოდენობისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში, რაც გამოიანგარიშება თანამდებობრივ განაკვეთთა სქემის მიხედვით; წარუდგენს დასამტკიცებლად რექტორს აღნიშნულ შტატებს, განაკვეთებსა და ადმინისტრაციულ-მმართველობით ხარჯთაღრიცხვას;
- თუ პროფესორ-მასწავლებელთა შტატები სრულად არ არის დაკომპლექტებული ან საკმარისი არ არის საშტატო ერთეულები, გამოყოფს პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასის დამტკიცებული ფონდის ფარგლებში საათობრივ ფონდს, რასაც საათობრივი ანაზღაურების წესით უთავსებს სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის პროფესორ-მასწავლებლებს;
- იწვევს სამეცნიერო და პედაგოგიურ სამუშაოზე საწარმოთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წამყვან მეცნიერებს საათობრივი ანაზღაურების წესით, ან შეთავსებით;
- კონტროლს უწევს კადრების მომზადებას შესაბამის სპეციალობათა მიხედვით და პროგრამების, სასწავლო გეგმების, საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოთა გეგმების შესრულების მიმდინარეობას;
- განსაზღვრავს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სტატუსს, შესაბამის სტრუქტურასა და მისი მუშაობის ძირითად მიმართულებას;
- დროულად ადგენს სასწავლო ცხრილებსა და მეცადინეობის განრიგებს, კონტროლს უწევს ლექციებს, ლაბორატორიული მეცადინეობების, პრაქტიკუმების, სემინარებისა და საწარმოო პრაქტიკის ჩატარებას;
- ნიშნავს სახელობითს სტიპენდიებს, ადგენს თანამშრომელთა სტიმულირების, ხოლო გადაცდომათა შემთხვევაში სასჯელის ფორმებს, ყოველდღიურად ზრუნავს სტუდენტთა და თანამშრომელთა საყოფაცხოვრებო-კულტურული პირობების გაუმჯობესებისათვის;
- ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად, სტუდენტთა უზრუნველსაყოფად სასწავლო ინვენტარითა და სახელმძღვანელოებით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არსებულის ნორმალურ ექსპლუატაციას;
- აწარმოებს სტუდენტთა მიღებას, ჩარიცხვას, გარიცხვას და აღდგენას, აკადემიური შვებულების მიცემას, კურსზე დატოვებას;
- უშუალო კავშირს ამყარებს საწარმოო გაერთიანებებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, ხოლო სათათბიროსთან შეთანხმებით - საზღვარგარეთის ინსტიტუტებთან და ფირმებთან, რის საფუძველზეც უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაუმჯობესებას და მისი ეფექტიანობის ამაღლებას;
- ირჩევს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ინსტიტუტის დირექტორებს, კათედრის გამგეებს, პროფესორებს, დოცენტებს, ასისტენტებს, უფროს მასწავლებლებს, მასწავლებლებს, მეცნიერ მუშაკებს, ლაბორატორიის ხელმძღვანელებს; ახორციელებს პროფესორ-მასწავლებელთა საკონკურსო არჩევნებს. კანდიდატები არჩეულად ითვლებიან ხმების უბრალო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში. რეკომენდაციას უწევს კანდიდატებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე პროფესორის ან დოცენტის თანამდებობაზე არჩევის დროს, თუკი მათ არ გააჩნიათ შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი;
- ანიჭებს სამეცნიერო წოდებებს (თუ მაძიებელს აქვს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი) ან რეკომენდაციას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე (თუ მაძიებელს არა აქვს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი);
- დამოუკიდებლად აყალიბებს მმართველობის სისტემის პრინციპებს, განიხილავს და ამტკიცებს სოციალური და ეკონომიკური განვითარების გეგმებს, ძირითადი საქმიანობის მნიშვნელოვან პრობლემებს, კათედრათა გამგეებისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელების ანგარიშებს;
განსაზღვრავს კათედრების, ლაბორატორიებისა და სხვა ქვედანაყოფების დაფინანსების ინსტიტუტების მიერ სახელშეკრულებო თემების შესრულებით მიღებული თანხების განაწილების პრინციპებს;
- ყოველწლიურად ისმენს დირექტორების ანგარიშებს და აფასებს მათი მუშაობის შედეგებს;
- ფარული კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში;
- ცვლის ან აჩერებს დირექტორების, კათედრების გადაწყვეტილებათა მოქმედებას;
- განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო, სამეცნიერო მუშაობის, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადების, მათი განაწილების, საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ანაწილებს ფინანსებს, სასწავლო ფართობს კათედრებისა და ლაბორატორიების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და სტუდენტთა კონტიგენტის შესაბამისად;
- ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების გადაწყვეტილებანი ძალაში შედის უნივერსიტეტის რექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ.
59. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით. ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომებზე; მათ ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო 5 წლით არა უმეტეს ორი საარჩევნო ვადისა.
სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორები:
- წარმართავენ და ხელმძღვანელობენ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მთელ საქმიანობას არსებული დებულების შესაბამისად და პასუხს აგებენ არსებული მდგომარეობისათვის; განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სასწავლო და შრომის დისციპლინის განმტკიცებას, სტუდენტთა სწავლების ხარისხისა და აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას, ინსტიტუტში სასწავლო და კვლევითი მუშაობისათვის შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას;
- აყენებენ უნივერსიტეტის სათათბიროში სათანადო ფინანსების გამოყოფის, საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომელთა მივლინების საკითხებს;
ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და შესაბამისი ინსტიტუტების ფორმირებათა დროულად უზრუნველსაყოფად პრაქტიკულ მუშაობაში აბამენ ინსტიტუტების სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებს;
- აყალიბებენ შესაბამისი ინსტიტუტების შექმნისა და განვითარების კონცეფციას და რექტორის წინაშე აყენებენ მათი პრაქტიკული განხორციელების საკითხს;
- საბოლოოდ ამუშავებენ ინსტიტუტების სტრუქტურას და სათანადო დებულებებს. ამ საქმეში აბამენ უნივერსიტეტის წამყვან მეცნიერებს და პროფესორ-მასწავლებლებს;
- ამუშავებენ ინსტიტუტებში შემავალი სპეციალობების განვითარების პერსპექტივის ოპტიმალურ ვარიანტებს სტუდენტთა რაოდენობის, ფილიალებისა და საჭირო საშტატო განრიგების შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენენ უნივერსიტეტის საბჭოს.
60. კათედრები, ლაბორატორიები, განყოფილებები:
- წარმოადგენენ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ძირითად სტრუქტურულ ერთეულებს; მოქმედებენ შესაბამისი დებულებებისა და უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე; თავიანთი საქმიანობის მიზნობრივად წარსამართავად და უნიფიცირებისათვის ადგენენ და ამტკიცებენ სამუშაო გეგმებს, რომლებიც მოიცავს სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ყველა ძირეულ საკითხს;
- კათედრები, ლაბორატორიები, განყოფილებები ინსტიტუტების შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულების უფლებით, რომელთაც თავის საკუთრებაში გააჩნიათ ტექნიკური საშუალებანი, გამოთვლითი ტექნიკა, კაბინეტ-ლაბორატორიები, სააუდიტორიო ფონდი და სხვადასხვა ნივთები;
- თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ახალგაზრდა სპეციალისტთა და მეცნიერ-მკვლევართა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას, შიდასაუნივერსიტეტო შინაგანაწესის დაცვას, ისეთი პირობების შექმნას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ნორმალურად წარმართვისათვის, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებულ კანონმდებლობას;
- ახორციელებენ კონკრეტულ ღონისძიებებს ახალი სასწავლო წლის შესახვედრად, განსაზღვრავენ სასწავლო დატვირთვას დადგენილი ნორმებისა და საშტატო ერთეულების შესაბამისად;
- პერიოდულად ისმენენ კათედრის წევრთა ინფორმაციებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დავალებების შესრულების შესახებ და უზრუნველყოფენ ჩამორჩენილ სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობის ორგანიზაციას დამატებითი ლექციებისა და კონსულტაციების ჩატარების გზით;
- ხელმძღვანელობენ საგამოცდო ბილეთების შედგენა-განხილვას; პროგრამების, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და მეთოდური მითითებების, ლექციების კურსების მომზადება-გამოცემას;
- უზრუნველყოფენ მოსამზადებელ მუშაობას საკურსო და სახელმწიფო გამოცდებისათვის, საწარმოო პრაქტიკების ადგილების შერჩევას, გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას, მათი შედეგების განხილვასა და სათანადო დასკვნების გაკეთებას;
- განსაზღვრავენ კათედრის წევრთა სამეცნიერო-კვლევით თემატიკას და ახორციელებენ მისი შესრულების კონტროლს;
- ქმნიან სტუდენტთა სამეცნიერო წრეებს, სამეცნიერო საზოგადოებებს და უზრუნველყოფენ სტუდენტთა მონაწილეობას სამეცნიერო-კვლევითს მუშაობაში, სახელშეკრულებო თემებში ხელფასის ანაზღაურებით.
კათედრებს, ლაბორატორიებსა და განყოფილებებს უფლება აქვთ, ხელშეკრულების საფუძველზე კავშირი დაამყარონ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და სახელწმიფო ორგანოებთან, მათ შორის, საზღვარგარეთის ინსტიტუტების შესაბამის კათედრებთან;
- აწესებენ საშტატო განრიგს ყველა კატეგორიის თანამშრომლისათვის და განსაზღვრავენ მათი საქმიანობის თავისებურებებს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ფორმის მიხედვით;
რეგულარულად განიხილავენ კათედრის სხდომებზე პროფესორ-მასწავლებელთა ფართო მონაწილეობით სასწავლო და კვლევითი მუშაობის ძირითად საკითხებს; ამ მიზნით პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს;
- ადგენენ და კონტროლს უწევენ სპეციალობების მიხედვით კადრების მომზადების პროგრამებისა და სასწავლო გეგმების შესრულებას, სტუდენტთა მიერ საკურსო და საკონტროლო სამუშაოების დროულ ჩაბარებას, კათედრას, ლაბორატორიას, განყოფილებას ხელმძღვანელობს გამგე, რომელსაც კონკურსით ირჩევენ 5 წლის ვადით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე და ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
VIII. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა
61. სტუ-ს შემადგენლობაში შედის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც ხელს უწყობს სტუ-ს კოლექტივის სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფას.
62. სამეცნიერო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ვალდებულია:
ჩამოაყალიბოს სასწავლო კორპუსებსა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში ფილიალები სპეციალობათა შესაბამისი წიგნადი ფონდით, სამკითხველო დარბაზებით და უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი მუშაობა;
- ყოველწლიურად შეავსოს ბიბლიოთეკა ახალი გამოცემული ლიტერატურით, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;
- საგანგებო ყურადღება დაუთმოს ფონდის მოვლა-პატრონობას, შეავსოს იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იშვიათი წიგნებით და ხელნაწერებით, სხვადასხვა გამოცემებით, უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში აქტუალურ პრობლემებზე დაცული დისერტაციებით, განსაკუთრებით უცხოური ლიტერატურით;
- ყოველწლიურად გამოსცეს კატალოგები და შეიტანოს მათში სათანადო ცვლილებანი ახალი მიღებული ლიტერატურის შესახებ.
63. ბიბლიოთეკის დირექტორს ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
IX. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა
64. სტუ-ს შემადგენლობის სტრუქტურული ერთეულია, უნივერსიტეტის გამომცემლობა, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი და მთელ თავის საქმიანობას წარმართავს საგამომცემლო მუშაობის სწორი ორგანიზაციის უზრუნველსაყოფად;
65. გამომცემლობის ძირითადი ამოცანებია:
- ხელი შეუწყოს მეცნიერული ცოდნის გავრცელებას და მის ფართო პროპაგანდას;
- წინასწარ განსაზღვროს და შეადგინოს საგამომცემლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების მეთოდურ მითითებათა გამოცემა;
- გამოსცეს სასწავლო გეგმების შესაბამისად პროგრამები და სასწავლო გრაფიკები, მეთოდური მითითებანი, აუცილებელი სასწავლო სახელმძღვანელოები, მეთოდური ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომთა კრებულები, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ლექციების ტექსტები და სხვა სასწავლო-პედაგოგიური ლიტერატურა;
- ყოველწლიურად ჩააბაროს ანგარიში სამეცნიერო საბჭოს საგამომცემლო მუშაობის შესახებ.
66. გამომცემლობის მთელი საქმიანობის კოორდინაციის, საგამომცემლო გეგმის შესადგენად, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო ქმნის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს საშუალებით პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სახელმძღვანელოების, სამეცნიერო, მეთოდური და სხვა შრომების გამოცემის ორგანიზაციას.
67. გამომცემლობის დირექტორს ირჩევს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. დირექტორი ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
დანართი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები:
- სასწავლო- მეთოდური სამმართველო;
- სამეცნიერო-კვლევითი სამმართველო;
- საუნივერსიტეტო განყოფილებები;
- ფუნდამენტურ მეცნიერებათა სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტი;
- სამშენებლო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- სატრანსპორტო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- მექანიკა-მანქანათმშენებლობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- ქიმია-მეტალურგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- სამთო გეოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- ენერგეტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- ინფორმატიკის, ტელეკომუნიკაციისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
- არქიტექტურის სასწავლო-სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტი;
- ტრანსპორტაბელური სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
- დაუსწრებელი სწავლების თბილისის ინსტიტუტი;
- ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
- სოხუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
- დაუსწრებელი და საღამოს სწავლების რეგიონალური ინსტიტუტი;
- კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი;
- საზოგადოებრივი პროფესიათა ფაკულტეტი;
- საერთაშორისო ურთიერთობათა ტექნიკურ-ეკონომიკური ფაკულტეტი;
- მენეჯერთა უმაღლესი სკოლა;
- სამეცნიერო ბიბლიოთეკა;
- გამომცემლობა;
- ადმინისტრაციულ- სამეურნეო განყოფილებები და ერთეულები;
- ექსპერიმენტული საცდელ-საწარმო ქარხნები და გაერთიანებები, დამხმარე მეურნეობები;
- სპორტული და კულტურულ-დასასვენებელი ობიექტები და გაერთიანებები.