ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-406
სარეგისტრაციო კოდი 340070000.22.023.016910
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა ტექნიკური რეგლამენტის - ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-406
2025 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა წესის (დანართი №9)“ 58-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ – გეგმა) მიზნად ისახავს ფრინველის გრიპის დაავადების წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში.
2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე. გეგმაში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში დაავადების აფეთქებისას და ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების ძუძუმწოვრებზე შესაძლო გავრცელების შემთხვევაში გასატარებელ კონტროლის ზომებს და სხვა დამატებით ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელება სხვა სახეობებზე.
3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია კონკრეტულ დაცვის ზომებზე, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც გამოვლინდება H5 ქვეტიპის A ვირუსით გამოწვეული ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი (შემდეგში – HPAI) და როდესაც არსებობს ეჭვი ან დასტურდება H5N1-ში N1 ტიპის ნეირამინადაზას არსებობა გარეულ ფრინველში, გარეული ფრინველიდან ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში, ასევე მათ პროდუქტებში ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით.
4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.
5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
მუხლი 2🔗.
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და ვალდებულებები
1. ფრინველის გრიპზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ ფრინველში ან ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების დადგენის მიზნით დიაგნოსტიკური პროცედურების განხორციელებას, ნიმუშების აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
ბ) კარანტინისა და შეზღუდვების დაწესებას;
გ) შეტყობინების გაგზავნას ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH);
დ) გადაადგილების კონტროლს;
ე) დაავადებული შინაური ფრინველის დეპოპულაციასა და დამარხვას;
ვ) მოწყობილობებისა და საფრინველეების დეზინფექციას;
ზ) სხვა შემთხვევების მინიტორინგს.
3. სააგენტო პასუხისმგებელია ფრინველის გრიპის კონტროლზე როგორც გარეულ, ისე შინაურ ფრინველებში.
მუხლი 3🔗.
დაავადების კონტროლის კრიზისული ცენტრი
1. დაავადების აფეთქების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების კონტროლის კრიზისული ცენტრის (შემდგომ – ცენტრის) შექმნა, რომლის მიერ მოხდება ქვეყნის მასშტაბით დაავადების კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
2. ცენტრის შემადგენლობა:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (სააგენტოს კურატორი) – ცენტრის თავმჯდომარე;
ბ) სააგენტოს უფროსი;
გ) სააგენტოს უფროსის მოადგილე (კურატორი – მოადგილე);
დ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი;
ე) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
ზ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
თ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ი) სხვა უწყებების წარმომადგენლები – საჭიროებისამებრ.
3. ცენტრი პასუხისმგებელია:
ა) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური და ამ გეგმის მე-4 მუხლით განსაზღვრული ადგილობრივი კრიზისული ცენტრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მართვაზე;
ბ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (შემდგომში – სახელმწიფო ლაბორატორია) მუშაობის კოორდინირებაზე;
გ) ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მედიის საშუალებებთან კოორდინირებაზე;
დ) საბაჟო გამშვებ პუნქტებში სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებთან კოორდინირების უზრუნველყოფაზე;
ე) საჭირო დაფინანსებისა და აღჭურვილობის განსაზღვრასა და კოორდინირებაზე;
ვ) ტრენინგისა და სიმულაციური სავარჯიშოების გეგმების მომზადებასა და მათ განხორციელებაზე;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსებით (ფინანსები, ადამიანური რესურსი, აღჭურვილობა) უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადებასა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე;
თ) ქვეყანაში ფრინველის გრიპის წინააღმდეგ რეაგირების ეროვნული გეგმის განხორციელების ღონისძიებებზე.
4. ცენტრს ჰყავს კოორდინატორი, რომელსაც წარადგენს ცენტრის თავმჯდომარე და ირჩევს ცენტრი ხმათა უმრავლესობით.
5. ცენტრის კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ცენტრის წევრთა შეხვედრის დაუყოვნებელი ორგანიზება;
ბ) სააგენტოს საქალაქო სამსახურის/რეგიონული სამმართველოების მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანა;
გ) ცენტრთან ერთად ქვეყანაში ფრინველის გრიპის წინააღმდეგ რეაგირების ეროვნული გეგმის განხორციელების ღონისძიებების შემუშავება/დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ფრინველის გრიპის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევები, ცენტრის კოორდინატორი წევრებთან ერთობლივად ახორციელებს ღონისძიებებს ამ გეგმის მე-4 მუხლით განსაზღვრული ადგილობრივი კრიზისული ცენტრების მეშვეობით;
დ) პერსონალის, აღჭურვილობისა და სხვა საჭირო რესურსების განაწილება სააგენტოს საქალაქო სამსახურზე/რეგიონულ სამმართველოებზე;
ე) სააგენტოს საქალაქო სამსახურიდან/რეგიონული სამმართველოებიდან /სახელმწიფო ლაბორატორიიდან ინფორმაციისა და მონაცემების მიღება;
ვ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება სათანადო ფორმით;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სავალდებულო ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზება და განხორციელება;
თ) ფერმერებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
ი) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზაციის ხელშეწყობა;
კ) რესურსების (ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების, დამცავი და სადეზინფექციო აღჭურვილობის და სხვა) განაწილებისა და გამოყენების მუდმივი კონტროლი;
ლ) დამცავ და საკონტროლო ზონებში არსებული მდგომარეობის კონტროლი;
მ) სხვა უწყებებთან კოორდინაცია.
6. ცენტრისა და ადგილობრივი კრიზისული ცენტრების აღჭურვილობა მოცემულია ამ გეგმის №1 დანართში „დაავადების კონტროლის კრიზისული ცენტრის და ადგილობრივი კრიზისული ცენტრების აღჭურვილობა“.
მუხლი 4🔗.
ფრინველის გრიპის კონტროლის ადგილობრივი კრიზისული ცენტრები
1. ფრინველის გრიპის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევებში, ცენტრის კოორდინატორი, წევრებთან ერთობლივად ახორციელებს ღონისძიებებს ფრინველის გრიპის ადგილობრივი კრიზისული ცენტრების (შემდგომ – ადგილობრივი ცენტრი) მეშვეობით.
2. ადგილობრივი ცენტრის შემადგენლობა:
ა) სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ან სააგენტოს რეგიონული სამართველოს უფროსი;
ბ) სახელმწიფო ლაბორატორიის საველე სადგურების უფროსები;
გ) სხვა უწყებების წარმომადგენლები, საჭიროებისამებრ.
3. ადგილობრივი ცენტრები ფრინველის გრიპისათვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის საორგანიზაციო და პრაქტიკული განხორციელების შესახებ მითითებებს იღებს ცენტრიდან, ხოლო კონკრეტულ ინფორმაციას – სააგენტოს საქალაქო სამსახურიდან/რეგიონული სამმართველოდან.
4. ადგილობრივი ცენტრები უზრუნველყოფენ:
ა) ფრინველის გრიპის აფეთქებისათვის მომზადებას ცენტრის მითითებების შესაბამისად;
ბ) დაავადების კონტროლის მიზნით, ცენტრის ინფორმაციით უზრუნველყოფას;
გ) ტრენინგებისა და სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარებას ვეტერინარების, მეფრინველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის, სხვა უწყების წარმომადგენლებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც ჩართული იქნება ეპიდემიის მართვის პროცესში;
დ) ადგილობრივ უწყებებთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული მომზადების კოორდინაციას;
ე) ერთობლივი მუშაობის გზამკვლევების შემუშავებას და ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო აღჭურვილობის რეზერვის შექმნას;
ვ) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ მზადყოფნას საეჭვო შემთხვევის დროს, რაც მოიცავს:
ვ.ა) ცენტრისთვის შეტყობინებას;
ვ.ბ) უფლებამოსილი პირის ფერმაში მისვლისას პირადი უსაფრთხოების სრული აღჭურვილობის ჩაცმას;
ვ.გ) მონაცემთა ფორმის შევსებას მფლობელის/პასუხისმგებელი პირის ვინაობის, მისი საკონტაქტო ინფორმაციის, ადგილმდებარეობის, ფრინველის სახეობისა და ამ სახეობათა მიახლოებითი რაოდენობის მითითებით;
ვ.დ) თითოეულ ობიექტზე ფრინველებიდან ნიმუშების აღებას ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
ვ.ე) ლაბორატორიიდან პასუხის მიღებამდე, ფერმაში შეზღუდვების დაწესებასა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვას;
ზ) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ მზადყოფნას დაავადების აფეთქებისას, რაც მოიცავს:
ზ.ა) ცენტრისთვის ნებისმიერი ახალი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
ზ.ბ) საკონტროლო ზონის საზღვრების (მინიმუმ 10კმ-ის დიამეტრით) განსაზღვრას მინიმუმ 3კმ-იანი დამცავი ზონის შექმნას;
ზ.გ) შინაური ფრინველის რაოდენობის განსაზღვრას დამცავ და საკონტროლო ზონებში;
ზ.დ) დამცავი ზონის დახურულ ზონად გამოცხადებასა და კონტროლის დაწესებას;
ზ.ე) საკონტროლო ზონის ფარგლებში ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით;
ზ.ვ) დეპოპულაციისათვის საჭირო ზომების მიღებას ცენტრის მითითებების შესაბამისად;
ზ.ზ) დაავადებულ საფრინველეში ფრინველის რაოდენობის, ასაკისა და სახეობის დოკუმენტურად დაფიქსირებასა და შემდგომ მათი დეპოპულაციის განხორციელებას, ამ გეგმის №2 დანართის „შინაური ფრინველის დეპოპულაციის მეთოდები და შესაბამისი აღჭურვილობა“ შესაბამისად;
ზ.თ) დეზინფექციის ჩატარების უზრუნველყოფასა და დეზინფექციის ჩატარებაზე ზედამხედველობას;
ზ.ი) კონტროლის ზონის ფარგლებში ან მის მახლობლად არსებულ კომერციულ ფერმებში ფრინველის დაავადების გავრცელების რისკის განსაზღვრას. საჭიროების შემთხვევაში, მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას ჯანმრთელი ფრინველის დეპოპულაციასთან დაკავშირებით;
ზ.კ) საკონტროლო ზონაში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დეზინფექციის უზრუნველყოფას.
მუხლი 5🔗.
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართული მხარეები
1. სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს ლაბორატორიაში მიღებული ყველა სინჯის, პათმასალის, ნაცხებისა და სხვა მასალების ანალიზის პროცესს.
2. დაავადების საწინააღმდეგო სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებაში ჩართულია:
ა) სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ბ) მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;
გ) სახელმწიფო რწმუნებული ტერიტორიულ ერთეულში;
დ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია;
ე) ცხოველზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 6🔗.
შეტყობინება ფრინველის გრიპის შესახებ
1. მფლობელი ან ნებისმიერი პირი ვალდებულია ფრინველის გრიპის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
2. დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (სასაკლაოში, სატრანსპორტო საშუალებებში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, საკარანტინო ობიექტებში და სხვა ადგილებში) შესახებ სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH), დადგენილი წესით.
3. სააგენტომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH) ასევე უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის გამომწვევ ვირუსებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
მუხლი 7🔗.
ეპიდემიოლოგიური მოკვლევა
ეპიდემიოლოგიური მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგს:
ა) დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფრინველის გრიპი შეიძლება არსებობდეს საფრინველეში, სხვა ობიექტში ან სატრანსპორტო საშუალებაში;
ბ) ფრინველის გრიპის სავარაუდო წარმოშობას;
გ) კონტაქტური საფრინველეების იდენტიფიკაციას;
დ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ადამიანების, ძუძუმწოვრების, სატრანსპორტო საშუალების ან სხვა ისეთი საშუალებების გადაადგილებას, რითაც შეიძლება გავრცელდეს ფრინველის გრიპი.
მუხლი 8🔗.
კარანტინის დაწესება და მოხსნა
1. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
2. დაავადების აფეთქებისას დადგენილი ზომები უნდა შენარჩუნდეს დაინფიცირებულ საფრინველეში, კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციიდან არანაკლებ 30 დღე.
მუხლი 9🔗.
დასუფთავება, დეზინფექცია
ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით დაბინძურებულ ან, სავარაუდოდ, დაბინძურებული საფრინველის და მასში არსებული ნებისმიერი მასალის ან ნივთიერების დასუფთავება, დეზინფექცია და დამუშავება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის დროს „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა წესის“ (დანართი №9) 48-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
ბიოუსაფრთხოების ზომები დაავადების აფეთქების ტერიტორიაზე
1. ბიოუსაფრთხოების ზომების გაძლიერება უნდა მოხდეს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ადგილი ჰქონდა დაავადების აფეთქებას ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია შინაური ფრინველის კონცენტრაცია.
2. საფრინველეების შესასვლელებში მოწყობილი უნდა იქნეს სადეზინფექციო ხალიჩები. ეს ხალიჩები რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს, რათა მათზე არ დარჩეს ორგანული ნარჩენები და შემდეგ აუცილებლად გაიჟღინთოს სათანადო კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით.
3. ფერმებში შესვლისას ყველა უფლებამოსილმა პირმა უნდა ჩაიცვას ერთჯერადი გამოყენების პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა. ობიექტის ტერიტორიიდან გამოსვლისას ეს დამცავი ტანისამოსი უნდა გადაიყაროს, ხოლო ფეხსაცმელი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება და მრავალჯერადი გამოყენების სხვა ინვენტარი უნდა დაექვემდებაროს დეზინფექციას.
4. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს ინფიცირებულ ფერმებს შორის, უნდა გადიოდეს დეზინფექციას ფერმაში ყოველი შესვლისა და გამოსვლის შემდეგ.
5. ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები რეგულირდება „ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა წესით“ (დანართი №9) და ასევე სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბიოუსაფრთხოების სოპებით (საველე ბიოუსაფრთხოების სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, პირადი დაცვის აღჭურვილობის (PPE) გამოყენების სტანდარტული ოპერაციული პროცედურა).
მუხლი 11🔗.
ფინანსური უზრუნველყოფა
1. ფრინველის გრიპზე პასიური და აქტიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის პროგრამის ფარგლებში.
2. სადეზინფექციო საშუალებები, მატერიალური ფასეულობების (პირადი დაცვის აღჭურვილობა, ნიმუშების ასაღები აღჭურვილობა და სხვა), ვაქცინების შესყიდვა ხდება სააგენტოს მიერ ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში ან შესაძლებელია მოხდეს დონორის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემა.
მუხლი 12🔗.
რესურსები
1. დაავადების აღმოჩენისას აუცილებელია ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზაცია დაავადების კერაში ან/და ადგილებზე, სადაც განისაზღვრება მათი საჭიროება.
2. აღჭურვილობის გამოყენებასა და გადაადგილებას უზრუნველყოფს ცენტრის კოორდინატორი.
მუხლი 13🔗.
პერსონალის ტრენინგი
1. ტრენინგი პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს იმ ვეტერინარებს, რომლთაც უშუალო შეხება აქვთ დაინფიცირებულ ფრინველთან და ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, აგრეთვე, ცენტრალური და ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენლებს.
2. ტრენინგის პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს, კერძოდ:
ა) ფრინველის გრიპის აღწერა, გავრცელების არეალი, სიახლეები მსოფლიოში ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ინფიცირების რისკფაქტორები;
ბ) კლინიკური დიაგნოზი;
გ) ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიაში გაგზავნის მეთოდები;
დ) ნიმუშის თანმხლები ფორმების შევსება;
ე) საველე და ლაბორატორიული ანალიზის მეთოდები;
ვ) ფრინველის გრიპზე დაკვირვება და მონიტორინგი;
ზ) ბიოუსაფრთხოება;
თ) ზომები იმ ტერიტორიაზე, სადაც არსებობს ეჭვი ან დასტურდება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობა;
ი) ეპიდემიოლოგიური გამოკვლევისათვის აუცილებელი ფორმების შევსების მეთოდიკა;
კ) ფრინველის დეპოპულაციის/განადგურების მეთოდები;
ლ) გაწმენდისა და დეზინფექციის მეთოდები;
მ) პრაქტიკული და სიმულაციური სავარჯიშოები;
ნ) საკომპენსაციო ფორმების შევსების მეთოდიკა.
3. ტრენინგები უნდა ჩაუტარდეთ:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს;
ბ) სააგენტოს თანამშრომლებს;
გ) სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს;
დ) ადგილობრივი ცენტრების წევრებს;
ე) კერძო ვეტერინარებს;
ვ) ფერმერებს.
მუხლი 14🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინფორმაციის მიწოდება
1. ფრინველის გრიპის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს უფასო და შეუფერხებლად ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის მასობრივი ინფრომაციის საშუალებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.
2. სამიზნე ჯგუფებში უნდა გავრცელდეს საინფორმაციო სახის ფლაერები, ბუკლეტები.
დანართი №1
დაავადების კონტროლის კრიზისული ცენტრის და ადგილობრივი კრიზისული ცენტრების აღჭურვილობა
ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური და ადგილობრივი კრიზისული ცენტრების აღჭურვილობაა:
ა) ავტომანქანები:
ბ) საკომუნიკაციო საშუალებები (ტელეფონი);
გ) პერსონალური კომპიუტერი, პრინტერი, პროგრამული უზრუნველყოფა: Microsoft Windows, Microsoft Office;
დ) სატელეფონო ცნობარი, მათ შორის, ყველა ადგილობრივი სამთავრობო უწყებისა და სამსახურის ტელეფონის ნომერი; დამხმარე სპეციალისტების ტელეფონის ნომრები, საჭიროების შემთხვევაში;
ე) ფრინველის დასაჭერი და გასანადგურებიელი აღჭურვილობა;
ვ) საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები;
ზ) პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა: წყალგაუმტარი კომბინიზონები კაპიუშონით,Tyvek-ის ერთჯერადი კომბინიზონები, რეზინის ჩექმები, ერთჯერადი ბახილები, ხელთათმანები, რესპირატორები (რესპირატორები №95), დამცავი სათვალეები, ხელთათმანები; თავზე დასაფარებელი ჩაჩი;
თ) ინსტრუმენტები პათოლოგიური მასალის სინჯების ასაღებად;
ი) ზონარები და პოსტერები კარანტინის ტერიტორიის მოსანიშნად;
კ) ლაბორატორიაში წარდგენის ფორმები, ეპიდემიოლოგიური ანალიზის ფორმები, ანაზღაურების კომპენსაციის ფორმები.
ლ) საკანცელარიო ინვენტარი: საწერი დაფა, კალმები და ქაღალდი;
მ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ფორმები:
მ.ა) პერმანენტმარკერები;
მ.ბ) GPS აპარატი;
მ.გ) ფარანი;
მ.დ) ტერიტორიის რუკები;
მ.ე) მიმართვის ფორმა;
მ.ვ) მიმართვის თანმხლები ფორმა;
ნ) ნიმუშის ასაღებად საჭირო ინვენტარი:
ნ.ა) 300მლ პიპეტები;
ნ.ბ) 2 ქირურგიული პინცეტი;
ნ.გ) დიდი მაკრატელი;
ნ.დ) პატარა ქირურგიული მაკრატელი;
ნ.ე) დანა;
ნ.ვ) სკალპელი;
ნ.ზ) ერთჯერადი შპრიცები, 5-6მლ;
ნ.თ) ნემსები, „22-20G “;
ნ.ი) ვაკუტაინერი;
ნ.კ) ვაკუტაინერის დამჭერი;
ნ.ლ) ვაკუტაინერის ორმაგი ნემსი;
ნ.მ) მცირე ზომის ელვასაკეტიანი ცელოფანის პარკები სინჯებისათვის;
ნ.ო) სატესტო სინჯარები სისხლისათვის, სასურველია რეზინის საცობით ან თავსახურით;
ნ.პ) მიკროცენტრიფუგული სინჯარები;
ნ. ჟ) ნიმუშზე დასაკრავი სტიკერები;
ნ.რ) სინჯის წასაღები კონტეინერები;
ნ.ს) ყინულის პაკეტები;
ნ.ტ)თერმოჩემოდანი;
ნ.უ) ბიოუსაფრთხოების პარკი.
შენიშვნა: ასვე გათვალისწინებული უნდა იქნეს „პათოლოგიური მასალის აღების, შეფუთვის და ლაბორატორიაში ტრანსპორტირების სტანდარტული ოპერაციული პროცედურა“.
ო) დეზინფექციისთვის საჭირო მინიმალური მასალა/აღჭურვილობა:
ო.ა) სადენზიფექციო საშუალება, საწყისი კონცენტრაციით;
ო.ბ) წყალი დეზინფექტანტის მოსამზადებლად;
ო.გ) ხელის სადენზიფექციო ჟელე;
ო.დ) სპირტი (75–80 %);
ო.ე) საპონი;
ო.ვ) ჩექმების სადეზინფექციო აბაზანა;
ო.ზ) მრავალჯერადი გამოყენების ნივთების/ხელსაწყოების სადეზინფექციო პლასტმასის კონტეინერი;
ო.თ) ქაღალდის ხელსახოცი;
ო.ი) უწყლო ხელის საწმენდები ან სადეზინფექციო ხელსახოცები;
ო.კ) ჯაგრისი;
ო.ლ) შესაშხურებელი ხელსაწყო/აპარატი;
ო.მ) პლასტმასის სათლი;
ო.ნ) დეზინფექცია უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად, ასვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ,,საველე პირობებში დეზინფექცია დეკონტამინაციის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა“.
პ) სხვა საჭირო ინვენტარი:
პ.ა) საკარანტინო ნიშნები;
პ.ბ) ზონარი და სარები საკარანტინე ტერიტორიის მოსანიშნად.
დანართი №2
შინაური ფრინველის დეპოპულაციის მეთოდები და შესაბამისი აღჭურვილობა
ნაწილი I. შინაური ფრინველის დეპოპულაციის მეთოდები
1. ნახშირმჟავას გაზის გამოყენება სასურველია, რამდენადაც ის ნაკლებად ტოქსიკურია ადამიანისათვის და ილექება მიწაში. სხვადასხვა სახის გაზის გამოყენებისათვის რეკომენდაციებია:
ა) ნახშირმჟავა გაზით (CO2) 17.5კგ/1000მ3 ფრინველი კვდება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში;
ბ) ნამწვი გაზით (CO) 8კგ/1000მ3 ფრინველი კვდება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში;
გ) წყალბადის ციანიდით (HCN) 3კგ/1000მ ფრინველი კვდება დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. ეს არის უკიდურესად ტოქსიური გაზი, რომლის გამოყენებისთვისაც აუცილებელია მაღალ დონეზე დახელოვნებული პერსონალი;
დ) გაზი არ მოქმედებს წყლის ფრინველზე. ამიტომ რეკომენდებულია ფრინველის კისრის ხელით მოტეხვა, საკასტრაციო პინცეტის გამოყენებით.
2. მცირე რაოდენობით ფრინველის დეპოპულაციისათვის გამოიყენება განსხვავებული მეთოდები:
ა) ელექტროშოკი;
ბ) კისრის მოტეხვა.
3. დიდი რაოდენობით ფრინველის დეპოპულაციისთვის ასევე ხელმისაწვდომია შემდეგი მეთოდები:
ა) ალფა ქლორალოზა უნდა შეერიოს საკვებში 2-6% კონცენტრაციით. ამის შემდეგ ფრინველი უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში;
ბ) სოდიუმის ფენობარბიტალი უნდა გაიხსნას წყალში (80მგ 55მლ-ზე). ფრინველი კვდება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში.
ნაწილი II. შინაური ფრინველის დეპოპულაციისთვის აუცილებელი აღჭურვილობა
შინაური ფრინველის დეპოპულაციისთვის აუცილებელი აღჭურვილობას წარმოადგენს:
ა) პირადი დაცვის აღჭურვილობა;
ბ) სპეციალური რეზინისა და ხის სარები, ინფიცირებული ტერიტორიის მოსანიშნად;
გ) სატრანსპორტო საშუალება, აღჭურვილი ღამის განათებით;
დ) ფრინველის დასაჭერი ბადეები;
ე) ცელოფნის პარკები ფრინველის მოსათავსებლად;
ვ) აღჭურვილობა და სახარჯი მასალები ფრინველის განადგურებისათვის.
სურათი №1
გადამფრენი ფრინველების გადასაფრენი მარშუტები, მოსასვენებელი ადგილები და მეფრინველეობის ფერმები
სურათი №2