საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-572
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.030.016347 246
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
2,148 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 25.02.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 96% 17.12.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.06.2025 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-572 2025 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 ოქტომბრის №01-507 ბრძანება; ბ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №01-27 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურულi ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა წარმართვა; საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა; პირდაპირი კონტაქტების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობა; ბ) საკონსულო სფეროში საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა; გ) საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეთათვის დროული და ეფექტური დახმარების გაწევის მიზნით, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებათა კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება; ე) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა (საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი) და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესებთან დაკავშირებით, სამართლებრივ საკითხებში დახმარება; თ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა; ი) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება; კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; ლ) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, შეჩერება და გაუქმება; მ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; ნ) დიპლომატიური, სპეციალური და საიმიგრაციო ვიზის გაცემა და შეწყვეტა; ო) C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის (თუ სავიზო განაცხადი წარდგენილია e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) გაცემა; პ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია); ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოსათვის წინადადებების მომზადება; რ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვა; ს) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის გაფორმება; ტ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა, რეკომედაციის მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; უ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა; ფ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; ქ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების ფუნქციონალური ნაწილის მუდმივი მონიტორინგი მათი განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ღ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მდგრადი ურთიერთოებების განვითარება;  ყ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა; შ) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება; ჩ) საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა; ც) საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; ძ) დიასპორასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება; წ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 3. ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს; ო) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს. 4. ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საკონსულო ურთიერთობათა სამმართველო; ბ) საკონსულო მომსახურების სამმართველო; გ) დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. საკონსულო ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა და კონცეპტუალური პროექტების შემუშავება; ბ) საკონსულო სფეროში გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების შემუშავება და მათ შესასრულებლად სამოქმედო გეგმის დასახვა; გ) საკონსულო მონიტორინგის შედეგების ანალიზი და კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავება; დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საკონსულო სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი და საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება; ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებათა, მათ შორის, საქართველოს საპატიო კონსულთა მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გეგმური ანგარიშების დამუშავება-ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის საკონსულო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ცირკულარული წერილებისა და ნოტების მომზადება შესაბამის სამმართველოსთან ერთად; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შესაბამის სამმართველოსთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა; თ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოების გახსნისა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა, რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოსათვის წინადადებების მომზადება; ლ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესებთან დაკავშირებით, სამართლებრივ საკითხებში დახმარება; ნ) საკონსულო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება შესაბამის სამმართველოსთან ერთად; ო) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების საკონსულო დაწესებულებებთან კავშირის უზრუნველყოფა; პ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება და მათი საკონსულო დაცვის მიზნით, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება; ჟ) საქართველოს სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; რ) საზღვარგარეთ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ექსტრადაციისა ან მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; ს) საკონსულო სფეროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის, მათ შორის, საპატიო საკონსულოსათვის, საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და მეთოდური მითითებების მიცემა; ტ) საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; უ) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობა და მათი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან კავშირის უზრუნველყოფა; ფ) უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებებისათვის საკონსულო საკითხებში დახმარების გაწევა; ქ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის; ღ) საქართველოში დაკავებული უცხოელის ექსტრადაციის ან მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; ყ) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება; შ) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ და სავიზო სფეროს კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; ჩ) საკონსულო კონსულტაციების გაწევა; ც) სტატისტიკური მონაცემების მომზადება, დამუშავება და ანალიზი; ძ) საზღვარგარეთ შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებების დაგეგმვა; წ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ კრიზისების მართვის სახელმძღვანელოების მომზადების კოორდინაცია და კონტროლი; ჭ) საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება და მოქმედებათა კოორდინაცია; ხ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისის მართვის ღონისძიებების კოორდინირება და განხორციელება; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ გაჭირვებაში ჩავარდნილი მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა; ჰ) მეზღვაურებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; 2. საკონსულო მომსახურების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საკონსულო მიმართულებით ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკა; ბ) ვებგვერდისა და საკონსულო საქმიანობის ელექტრონული სისტემის მოდერნიზაცია/მონიტორინგი; გ) არსებული აპლიკაციების განვითარება და ახლის დანერგვა-ინტეგრირება; დ) სასარგებლო ინფორმაციების განთავსება/განახლება; ე) Travel Warning-ების ოპერატიულად განთავსება, მიწოდება და განახლება; ვ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; თ) ქოლცენტრის მართვა; ი) საკონსულო-საინფორმაციო მასალების გავრცელება და მოქალაქეთა მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე მოქალაქეთა განცხადებებზე დროული რეაგირება და პასუხების გაგზავნა; კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მყოფ უცხოელთათვის კონსულტაციის გაწევა; ლ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი საკონსულო-საინფორმაციო მასალის მომზადება, გავრცელება და სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად შესაბამისი სამმართველოსათვის გადაცემა; მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მოქალაქეთა მიღების ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი წინადადებების მომზადება; ნ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; ო) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციების სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; პ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; ჟ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; რ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით, მათი ოჯახის წევრთა და ახლო ნათესავთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; ს) საქართველოს ვიზების გაცემის და გაუქმების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; ტ) დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემის და გაუქმების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; უ) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, შეჩერება და გაუქმება; ფ) „საკონსულო ცხელი ხაზის“ მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით; ქ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; ღ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ადგილსამყოფლის დადგენა; ყ) საქართველოს მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა პრობლემის ოპერატიული გადაწყვეტა, იმ სახელმწიფოებში, სადაც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა; შ) საქართველოს მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, უცხო ქვეყნის უწყებებიდან საქართველოს მოქალაქეზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა; ჩ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია). 3. დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ბ) კავშირების დამყარება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან; გ) ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ინფორმაციების, წინადადებების, და სხვა მასალების მომზადება; დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა და განახლება; ე) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება; ვ) დიასპორასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) დიასპორული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; თ) დიასპორის შესახებ სასაუბროს მომზადება; ი) დიასპორული კალენდრის წარმოება; კ) დეპარტამენტის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხების თაობაზე შესაბამისი განცხადებების განხილვა; ლ) დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლების საქმიანობის საერთო კოორდინაციის გაწევა; მ) დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ნ) დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ორგანიზების, ასევე საგამომცემლო საქმიანობის, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემის ხელშეწყობა; ო) დიასპორასა და გარე მიგრაციაში (ემიგრაციაში) მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით კვლევების განხორციელების ხელშეწყობა; პ) შესაბამის (პროფილურ) სამეცნიერო-კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ჟ) დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი, ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ხელმძღვანელთან შეთანხმებით დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.