საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/20
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016088 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.11.2001
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის
ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/20
2025 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ეროვნული კინოცენტრი) შექმნილია „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეროვნული კინოცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული კინოცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. ეროვნულ კინოცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ეროვნული კინოცენტრის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Georgian National Film Center“.
6. ეროვნული კინოცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0102, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №164.
მუხლი 2🔗. ეროვნული კინოცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ეროვნული კინოცენტრი უზრუნველყოფს ქართული კინოკულტურის დაცვას, მისი განვითარების ხელშეწყობას, სახელმწიფო მხარდაჭერასა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა კოორდინაციას.
2. ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინემატოგრაფიის არსებობისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, კინოს სფეროში საზოგადოების კულტურული მოთხოვნილებების გათვალისწინება, კინოს ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოებისა და გავრცელების ხელშეწყობა და მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაცია.
3. ეროვნული კინოცენტრის ამოცანებია:
ა) შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;
ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
დ) ეროვნული კინოპროდუქციის წარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა;
ე) ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო მხარდაჭერა;
ვ) ფილმების გაქირავებისა და ჩვენებისათვის სათანადო პირობების შექმნა;
ზ) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
თ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
კ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადების ხელშეწყობა;
ლ) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
მ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ნ) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა;
პ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
2. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს;
ბ) შეიმუშაოს ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამები, კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში;
გ) შეიმუშაოს და სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს სათანადო წინადადებები კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების შესახებ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და სხვა ნებადართული შემოსავლები, მათ შორის, გაანაწილოს შესაბამისი თანხები კონკურსში გამარჯვებული ეროვნული ფილმების წარმოებისა და გაქირავების დაფინანსების მიზნით;
ე) განახორციელოს ღონისძიებები ქართული კინოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და უზრუნველყოს სახელმწიფო მხარდაჭერა;
ვ) ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, ჩამოაყალიბოს ფილმების ერთიანი სააღრიცხვო-საინფორმაციო ბანკი და განსაზღვროს მისი ფუნქციონირების წესი;
ზ) განსაზღვროს სახელმწიფო კინოარქივში ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესები;
თ) დააწესოს ფულადი და სხვა სახის ჯილდოები ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეთათვის, ასევე, საერთაშორისო კინოფესტივალებში, კინობაზრობებში, კონფერენციებსა და სემინარებში კინომოღვაწეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით გასცეს სამგზავრო (მონაწილეობისთვის საჭირო) თანხა;
ი) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო და სხვა ქვეყნების ეროვნულ ან სხვა კინოფესტივალებზე, კონკურსებსა და ჯილდოებზე საქართველოს სახელით წარსადგენი ფილმ(ებ)ის შერჩევის შესახებ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
კ) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვის მიზნით შექმნას კინოორგანიზაციების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული ყველა კინოორგანიზაცია;
ლ) გამართოს კონფერენციები, სემინარები, კინოჩვენებები, მოაწყოს ფესტივალები, მათ შორის, საერთაშორისო;
მ) ქართული კინოკულტურის პოპულარიზაციის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ნ) ხელი შეუწყოს კინოს დარგში ცნობარების, ჟურნალებისა და ლიტერატურის გამოცემას, ასევე სემინარების, კინოჩვენებების, კონფერენციებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას;
ო) ხელი შეუწყოს კინოს მიმართულებით პერიოდული გამოცემების შექმნასა და გავრცელებას;
პ) ხელი შეუწყოს კინოს სფეროში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ჟ) ქართული კინოს საგანძურის საქართველოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლოს სამინისტროსთან და სხვა შესაბამის დაწესებულებებთან/პირებთან;
რ) ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ნომინაციები სხვადასხვა კონკურსებისთვის;
ს) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით მოამზადოს და განახორციელოს პროგრამები და კონკრეტული წინადადებები, საჭიროების შემთხვევაში კი განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს;
ტ) დაამყაროს ურთიერთობები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები/მემორანდუმები;
უ) კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვროს საკუთარი სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები;
ფ) განახორციელოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური რესურსების მობილიზება და შესაბამისი პროგრამების დაფინანსება;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის ეკონომიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას;
ღ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ამ დებულებას.
3. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 4🔗. ეროვნული კინოცენტრის მართვა
1. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანიშვნის წესი და პირობები.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება.
4. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირი.
5. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებსა და სტაჟიორებს;
ე) ეროვნული კინოცენტრის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
ზ) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის შინაგანაწესს;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ეროვნული კინოცენტრის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას;
ლ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიისა და საკონკურსო დებულების პროექტებს;
მ) ამტკიცებს ეროვნული ფილმის დებულებას;
ნ) პასუხისმგებელია ეროვნული კინოცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ო) ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ დოკუმენტებს;
პ) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფესტივალებში ეროვნული ფილმების მონაწილეობის დაფინანსების შესახებ;
ჟ) მინისტრის მიერ დამტკიცებული საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე ქმნის საექსპერტო კომისიას;
რ) მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო, სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში;
ს) ადგენს ფულად და სხვა სახის ჯილდოებს ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეთათვის;
ტ) საერთაშორისო კინოფესტივალებში, კინობაზრობებში, კონფერენციებსა და სემინარებში კინომოღვაწეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ამტკიცებს სამგზავრო (მონაწილეობისთვის საჭირო) თანხის გაცემის წესს და ქმნის კომისიას;
უ) საერთაშორისო და სხვა ქვეყნების ეროვნულ ან სხვა კინოფესტივალებზე, კონკურსებსა და ჯილდოებზე საქართველოს სახელით წარსადგენი ფილმის/ფილმების შერჩევის მიზნით ქმნის კომისიას და ამტკიცებს მისი საქმიანობის წესს;
ფ) ეროვნული კინოცენტრის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს;
ქ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები;
ღ) წარმოადგენს ეროვნულ კინოცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ყ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა
1. ეროვნული კინოცენტრი შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან, რომელთა მეშვეობითაც ეროვნული კინოცენტრი უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფილმწარმოების მხარდაჭერის სამსახური;
ბ) კინოექსპორტის სამსახური;
გ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახური;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ვ) ფინანსური სამსახური.
3. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
მუხლი 6🔗. ფილმწარმოების მხარდაჭერის სამსახური
ფილმწარმოების მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეროვნული ფილმის წარმოებისა და გაქირავების კონკურსების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოსაცხადებელი კონკურსების ლიმიტების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების შემუშავება და საკონკურსო პირობების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრების შესაბამისად დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის განსაზღვრა;
დ) ეროვნული ფილმების წარმოების, ეროვნული ფილმის სცენარის დახვეწისა და დისტრიბუციის პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება;
ე) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვის მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი შესაბამისი წესით რეგისტრირებული ყველა კინოორგანიზაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა;
ვ) ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
თ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗. კინოექსპორტის სამსახური
კინოექსპორტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საერთაშორისო კინოორგანიზაციებში ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული კინოკვირეულების, ფესტივალების, კომერციული ან არაკომერციული ჩვენებების ორგანიზება;
გ) მნიშვნელოვან საერთაშორისო და სხვა ქვეყნების კინოფესტივალებსა და კინობაზრობებზე საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
დ) მსოფლიო კინოფონდების, კინობაზრობებისა და კოპროდუქციის ბაზრების შესახებ ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
ე) „ა“ კატეგორიისა და სხვა კატეგორიის საერთაშორისო ფესტივალებზე ეროვნული ფილმების წარდგენის ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ვ) საერთაშორისო კინოფესტივალებში, კინობაზრობებში, კონფერენციებსა და სემინარებში კინომოღვაწეების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ზ) საერთაშორისო და სხვა ქვეყნების ეროვნულ ან/და სხვა კინოფესტივალებზე, კონკურსებსა და ჯილდოებზე საქართველოს სახელით წარსადგენი ფილმ(ებ)ის შერჩევა;
თ) საერთაშორისო დონეზე ქართული კინოს პოპულარიზაცია;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
კ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗. კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახური
კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა და მისი პოპულარიზაცია საქართველოში რეტროსპექტივების, კვირეულების, ფესტივალებისა და სხვადასხვა ჩვენებების გზით;
ბ) ქართული კინოს საგანძურის საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფა;
გ) ძველი ქართული ფილმების გაციფრულება და აღდგენა;
დ) საქართველოში არსებულ კინოარქივებთან და მუზეუმებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქმიანობის კოორდინირების მიზნით;
ე) კინოგანათლებისა და კინომცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა;
ვ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;
ზ) კინემატოგრაფიის მიმართულებით საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა;
თ) საქართველოს ტერიტორიაზე კინოკლუბების განვითარების ხელშეწყობა;
ი) ბეჭდური და ინტერნეტგამოცემების დაფინანსების ხელშეწყობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კინოთეატრებთან თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ლ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე კინოჩვენებების ორგანიზება;
მ) საქართველოს რეგიონებში კინოთეატრების ქსელისა და კინოდისტრიბუციის აღდგენის მიზნით პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა;
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ო) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებისა და აქტივობების შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიული ინფორმირების უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული კინოცენტრის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით;
გ) ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია;
დ) ციფრული და ბეჭდური პლატფორმების გამოყენებით ეროვნული ფილმების შესახებ ცნობადობის ამაღლება;
ე) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების მუდმივი ინფორმირება;
ვ) ეროვნული კინოცენტრის ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება, ასევე, ფოტო- და ვიდეომასალის არქივის შექმნის უზრუნველყოფა;
ზ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბაზის შექმნა;
თ) საინფორმაციო არხების ტექნიკური და შინაარსობრივი გამართულობის უზრუნველყოფა;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის ხელშეწყობა და მისი პროაქტიული გამოქვეყნება;
კ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;
ბ) ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) ეროვნული კინოცენტრის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
დ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა;
ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების, წერილებისა და საჩივრების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და მისი პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ი) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗. ფინანსური სამსახური
ფინანსური სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეროვნული კინოცენტრის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება;
დ) ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
ე) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცესების მართვა;
ვ) ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილი, ერთიანი და გამჭვირვალე აღრიცხვა და ანალიზი საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი მართვის მიზნით;
ზ) ეროვნული კინოცენტრის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) ეროვნული კინოცენტრის ინფრასტრუქტურისა და მის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
ი) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
კ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ლ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ავიზებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე;
ვ) დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
ზ) ინფორმაციას აწვდის დირექტორს სამსახურის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და ეროვნული კინოცენტრის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;
თ) დირექტორს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით სამსახურის თანამშრომლის წახალისების თაობაზე;
ი) შუამდგომლობს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წინაშე სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;
კ) უზრუნველყოფს დირექტორის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, შესაბამისი სამსახურის დებულებით, ეროვნული კინოცენტრის შრომის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
მუხლი 13🔗. ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელი
1. ეროვნულ კინოცენტრში დასაქმებული არიან საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლები. ეროვნულ კინოცენტრში შეიძლება დასაქმდნენ პირები არასაშტატო პოზიციებზე.
2. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლებისა, შესაძლებელია დირექტორს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ საშტატო თანამდებობაზე ან არასაშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირები.
3. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი უშუალოდ ექვემდებარება ეროვნული კინოცენტრის შესაბამისი სამსახურის უფროსს.
მუხლი 14🔗. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ეროვნული კინოცენტრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ეროვნულ კინოცენტრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ეროვნული კინოცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ეროვნული კინოცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 15🔗. ეროვნული კინოცენტრის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) ეროვნული კინოცენტრის მიერ მხარდაჭერილი ფილმების დემონსტრაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად ეროვნულ კინოცენტრს აქვს ქონება. ეროვნული კინოცენტრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ეროვნულ კინოცენტრს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეროვნული კინოცენტრი პასუხისმგებელია საკუთარ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
5. ეროვნული კინოცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
6. ეროვნული კინოცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 16🔗. ეროვნული კინოცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
ეროვნული კინოცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 17🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.