ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-405
სარეგისტრაციო კოდი 340060000.22.023.016909 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-405
2025 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ცხოველის ზოგიერთი დაავადების კონტროლის ზოგადი ზომებისა და ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის (დანართი №10)“ მე-18 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ – გეგმა) მიზნად ისახავს ღორის ვეზიკულარული დაავადების წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში.
2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე, მასში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს ამთისებელ ცხოველთა სახეობაში ღორის ვეზიკულარული დაავადების შესაძლო გავრცელების შემთხვევაში გასატარებელ კონტროლის ზომებს და სხვა დამატებით ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორის ვეზიკულარული დაავადების უფრო ფართო გავრცელება.
3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია დაინფიცირებულ ტერიტორიაზე ღორის ვეზიკულარული დაავადების აღმოფხვრისათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი დაცვის ზომებზე, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ღორის ვეზიკულარული დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.
4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს ღორის ვეზიკულარული დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.
5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
მუხლი 2🔗.
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და ვალდებულებები
1. ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან დაკავშირებული ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, ოფიციალური მოკვლევის ჩატარებას და ლაბორატორიული გამოკვლევისათვის საჭირო ნიმუშების აღებას;
ბ) სადგომის სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას და სადგომში ამთვისებელი სახეობის ყველა კატეგორიის ცხოველის აღწერას, მათ შორის მკვდარი, დაინფიცირებული ან სავარაუდოდ დაინფიცირებული ცხოველების აღრიცხვას;
გ) ნიმუშების აღებას ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
დ) ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში ინფორმაციის შეტანას, დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის;
ე) საკარანტინო ღონისძიებების გეგმის პროექტის შემუშავებას და გადაგზავნას ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში;
ვ) ღორის ვეზიკულარული დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ორგანიზებას;
თ) პასუხისმგებელ პირ(ებ)ზე მითითებებისა და რეკომენდაციების გაცემას;
ი) მკვდარი ან მოკლული ცხოველების დაწვა/დამარხვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფას, ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი აგენტის მინიმიზების მიზნით;
კ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობაზე ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე;
ლ) ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი აგენტის აღმოფხვრის მიზნით დასუფთავების, დეზინფექციისა და დერატიზაციის სამუშაოების განხორციელებას ზედამხდველობის ქვეშ.
მუხლი 3🔗.
ღორის ვეზიკულარული დაავადების კრიზისების მართვის ცენტრი
1. ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების კრიზისების მართვის ცენტრის (შემდგომ – ცენტრის) შექმნა, რომლის მიერ მოხდება ქვეყნის მასშტაბით ღორის ვეზიკულარული დაავადების კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. ცენტრი უზრუნველყოფს ღორის ვეზიკულარული დაავადების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ზომების კოორდინირებას და ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარებას.
2. ცენტრის შემადგენლობა:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (სააგენტოს კურატორი) – ცენტრის თავმჯდომარე;
ბ) სააგენტოს უფროსი;
გ) სააგენტოს უფროსის მოადგილე (მთავარი ვეტერინარი);
დ) სამინისტროს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი;
ე) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი;
ვ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კურატორი მოადგილე);
ზ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
თ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ი) სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;
კ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ლ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (შემდგომში – სახელმწიფო ლაბორატორია) დირექტორი;
მ) სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ნ) დარგის ექსპერტები;
ო) სხვა უწყებების წარმომადგენლები - საჭიროებისამებრ.
3. ცენტრი პასუხისმგებელია:
ა) ქვეყანაში, ღორის ვეზიკულარული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების ყველა ზომაზე;
ბ) სახელმწიფო ლაბორატორიასთან მუშაობის კოორდინირებაზე;
გ) ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მედიის საშუალებებთან კოორდინირებულ მუშაობაზე;
დ) საბაჟო გამშვებ პუნქტებში სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაზე;
ე) საჭირო დაფინანსებისა და აღჭურვილობის განსაზღვრასა და კოორდინირებაზე;
ვ) ტრენინგისა და სიმულაციური სავარჯიშოების გეგმების მომზადებასა და მათ განხორციელებაზე;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსებით (ფინანსები, ადამიანური რესურსი, აღჭურვილობა) უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადებასა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე.
4. ცენტრს ჰყავს კოორდინატორი, რომელსაც ირჩევს ცენტრის თავმჯდომარე.
5. ცენტრის კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ცენტრის წევრთა შეხვედრის დაუყოვნებელი ორგანიზება;
ბ) სააგენტოს საქალაქო სამსახურის/რეგიონული სამმართველოების მუშაობის ორგანიზება;
გ) ცენტრთან ერთად ქვეყანაში ღორის ვეზიკულარული დაავადების წინააღმდეგ რეაგირების ღონისძიებების შემუშავება/დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ღორის ვეზიკულარული დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევა, ცენტრის კოორდინატორი, ცენტრის წევრებთან ერთად, ახორციელებს ღონისძიებებს ღორის ვეზიკულარული დაავადების კრიზისების მართვის ადგილობრივი ცენტრების მეშვეობით;
დ) პერსონალის, აღჭურვილობისა და სხვა საჭირო რესურსების განაწილება სააგენტოს საქალაქო სამსახურზე/რეგიონულ სამართველოებზე;
ე) სააგენტოს საქალაქო სამსახურიდან/რეგიონული სამმართველოებიდან სახელმწიფო ლაბორატორიებიდან ინფორმაციისა და მონაცემების მიღება;
ვ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ინფრომაციის მიწოდება სათანადო ფორმით;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღების ორგანიზება;
თ) პასუხისმგებელი პირის/ფერმერებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
ი) გამოკვლეული ღორების მოკვლა და განადგურება, ან ზედამხედველობის ქვეშ მათი დაკვლა, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;
კ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზაციის ხელშეწყობა;
ლ) რესურსების (ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების, დამცავი და სადეზინფექციო აღჭურვილობის და სხვა) განაწილებისა და გამოყენების მუდმივი კონტროლი;
მ) დამცავ და საკონტროლო ზონებში არსებული მდგომარეობის კონტროლი;
ნ) სხვა უწყებებთან კოორდინაცია.
მუხლი 4🔗.
ღორის ვეზიკულარული დაავადების კრიზისების მართვის ადგილობრივი ცენტრები
1. ცენტრის კოორდინატორი, წევრებთან ერთად, ახორციელებს ღონისძიებებს ღორის ვეზიკულარული დაავადების კრიზისების მართვის ადგილობრივი ცენტრების (შემდგომ – ადგილობრივი ცენტრი) მეშვეობით.
2. ადგილობრივი ცენტრის შემადგენლობა:
ა) სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ან/და რეგიონული სამმართველოს უფროსი;
ბ) სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ან/და სააგენტოს რეგიონული სამართველოს უფროსის მოადგილე;
გ) სახელმწიფო ლაბორატორიის საველე სადგურების უფროსები;
დ) სხვა უწყებების წარმომადგენლები, საჭიროებისამებრ.
3. ადგილობრივი ცენტრი ღორის ვეზიკულარული დაავადების წინააღმდეგ მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის საორგანიზაციო და პრაქტიკული განხორციელების შესახებ მითითებებს იღებს ცენტრიდან, ხოლო კონკრეტულ ინფორმაციას – სააგენტოს საქალაქო სამსახურიდან/რეგიონული სამმართველოდან.
4. ადგილობრივი ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქებისათვის მომზადებას ცენტრის მითითებების შესაბამისად;
ბ) ღორის ვეზიკულარული დაავადების კონტროლის მიზნით, ცენტრის ინფორმაციით უზრუნველყოფას;
გ) ტრენინგებისა და სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარებას ვეტერინარებისთვის, მეღორეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის, სხვა უწყების წარმომადგენლებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც ჩართულია ეპიდემიის მართვის პროცესში;
დ) ადგილობრივ უწყებებთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული მომზადების კოორდინაციას;
ე) ერთობლივი მუშაობის გზამკვლევების შემუშავებას და ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო აღჭურვილობის რეზერვის შექმნას;
ვ) ღორის ვეზიკულარული დაავადების წინააღმდეგ მზადყოფნას, საეჭვო შემთხვევის დროს, რაც მოიცავს:
ვ.ა) ცენტრისთვის შეტყობინებას;
ვ.ბ) უფლებამოსილი პირის სადგომში მისვლისას პირადი უსაფრთხოების სრული აღჭურვილობის ჩაცმას;
ვ.გ) მონაცემთა ფორმის შევსებას მფლობელის/პასუხისმგებელი პირის ვინაობის, მისი საკონტაქტო ინფორმაციის, ადგილმდებარეობის, ღორის ჯიშებისა და ამ სახეობათა მიახლოებითი რაოდენობის მითითებით. ამასთან, მოკვლევის განხორციელებას, მათ შორის უკვე მკვდარი, დაინფიცირებული ან სავარაუდოდ დაინფიცირებული და დასნებოვნებული (კონტამინირებული) ცხოველების რაოდენობის აღრიცხვას;
ვ.დ) თითოეულ ობიექტზე დიაგნოზისთვის საჭირო მასალის აღებას „ტექნიკური რეგლამენტის – ღორის ვეზიკულარული დაავადების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის №747 დადგენილების შესაბამისად;
ვ.ე) სადგომში შეზღუდვების დაწესებას და ამ ტერიტორიაზე ცხოველთა გადაადგილების აკრძალვას.
ზ) ღორის ვეზიკულარული დაავადების წინააღმდეგ მზადყოფნას ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქებისას, რაც მოიცავს:
ზ.ა) ცენტრისთვის ნებისმიერი ახალი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
ზ.ბ) დაინფიცირებული სადგომის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით დამცავი ზონისა და არანაკლებ 10 კმ-ს რადიუსში საზედამხედველო ზონის შექმნას (რომელშიც თავის მხრივ შედის დამცავი ზონა);
ზ.გ) ამთვისებელი ცხოველების რაოდენობის განსაზღვრას დამცავ და საზედამხედველო ზონებში;
ზ.დ) დამცავ და საზედამხედველო ზონებში კონტროლის დაწესებას და ამ გეგმის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებას;
ზ.ე) დეზინფექციის ჩატარების უზრუნველყოფასა და დეზინფექციის ჩატარებაზე ზედამხედველობას.
მუხლი 5🔗.
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართული მხარეები
ღორის ვეზიკულარული დაავადების საწინააღმდეგო სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებაში ჩართულია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);
ბ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო;
გ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია;
დ) სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ე) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ტერიტორიულ ერთეულში;
ზ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია;
თ) ექსპერტთა ჯგუფი (მათ შორის, დარგობრივი მიმართულების);
ი) ცხოველზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 6🔗.
სახელმწიფო ლაბორატორიის ფუნქციები და ვალდებულებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო ლაბორატორია ახორციელებს ღორის ვეზიკულარული დაავადების დიაგნოსტიკას და სააგენტოს დროულად აწვდის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ გამოცდის ოქმს, საჭიროების შემთხვევაში ატარებს პოსტვაქცინალურ კვლევებს.
2. სახელმწიფო ლაბორატორია უზრუნველყოფს:
ა) ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე საეჭვო ან/და სავარაუდო ცხოველების პათოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;
ბ) კვლევის შედეგის შეტყობინებას დაინტერესებული მხარეებისათვის.
3. სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადებაზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები
პასუხისმგებელი პირი (რომელიც ფლობს ცხოველს ან/და პასუხისმგებელია ცხოველის მოვლა-შენახვაზე) ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ღორის ვეზიკულარული დაავადების საწინააღმდეგო შემზღუდავი და სალიკვიდაციო ღონისძიებების, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;
ბ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე არსებულ სადგომში ახალი ცხოველების შეყვანის შესახებ.
მუხლი 8🔗.
ზომები ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე ეჭვის არსებობის დროს
1. ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.
2. ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე ეჭვის არსებობად ჩაითვლება, თუ ღორის ვეზიკულარული დაავადების დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები გამოვლინდება ერთ ან მეტ ცხოველში, ან გაკვეთის დასკვნების ან ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, ან ინფიცირებულ კოლტთან ან ცხოველიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში.
3. ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობის დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით და დააწესოს ზედამხედველობა სადგომზე, რა დროსაც უნდა:
ა) განხორციელდეს სადგომში მყოფი ყველა კატეგორიის ცხოველის აღწერა, ამთვისებელი ცხოველის თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებით მოხდეს მკვდარი ცხოველების, დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველების რაოდენობის დადგენა;
ბ) განახლდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული აღწერის შედეგები იმ ამთვისებელი ცხოველების გათვალისწინებით, რომლებიც დაიბადნენ ან მოკვდნენ საეჭვო პერიოდში. ასეთი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს მფლობელის/პასუხისმგებელი პირის მიერ სააგენტოსთვის მოთხოვნისთანავე და დაექვემდებაროს სააგენტოს მიერ შემოწმებას თითოეული ვიზიტის დროს;
გ) განხორციელდეს ცხოველური პროდუქტების, მათ შორის, რძის, რძის ნაწარმის, ხორცის, ასევე, ტყავისა და კანის, მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის ყველა მარაგის, ასევე ცხოველის საკვების მარაგის დადგენა/აღწერა და მონაცემების შენახვა;
დ) აიკრძალოს ნებისმიერი ცხოველის გადაადგილება (შეყვანა ან გამოყვანა) სადგომიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სადგომს აქვს სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური წარმოების ერთეული და როცა სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველი იმყოფება ერთსა და იმავე ან სხვა შენობაში იზოლირებულად;
ე) გამოყენებული იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები შენობებში ან ადგილებში, სადაც ამთვისებელი ცხოველები იმყოფებიან ან სადგომში შესვლისას ან გამოსვლისას;
ვ) განხორციელდეს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა;
ზ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ხელშესაწყობად, ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის მოხდეს საჭირო ნიმუშების აღება;
თ) აიკრძალოს სადგომიდან:
თ.ა) ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ცხოველური პროდუქტების, მათ შორის, ხორცის, რძის ან რძის ნაწარმის, ასევე, სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის ან ცხოველის საკვების, მატყლის, ტყავის და კანის, ცხოველური ნარჩენების, ნაკელის გატანა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღორის ვეზიკულარული დაავადების ვირუსის გავრცელება;
თ.ბ) ცხოველების გადაადგილება;
თ.გ) სადგომში ადამიანების შესვლა-გასვლა;
თ.დ) სადგომში ტრანსპორტის შესვლა-გასვლა.
4. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სააგენტო ქმნის დროებითი კონტროლის ზონას, თუ არის ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვე, ამთვისებელ ცხოველებთან შეხებაში მყოფი ცხოველებისა და პირების ინტენსიური მოძრაობა, იგვიანებს სავარაუდო სტატუსის შესახებ შეტყობინება, ან არასაკმარისია ინფორმაცია ვირუსის შესაძლო წარმოშობისა და სადგომში შეტანის გზების შესახებ.
5. ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობა უნდა დადასტურდეს:
ა) სადგომებში, რომლებშიც ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსი იზოლირებულია (გამოყოფილია) ღორებიდან ან გარემოდან;
ბ) ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე სეროდადებითი ღორების შემცველ სადგომებში, იმ პირობით, რომ სადგომში არსებულ სულადობას ან სხვა ღორებს აქვთ ღორის ვეზიკულური ღორის ვეზიკულარული დაავადებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები;
გ) სადგომებში, სადაც ინახებიან ღორები, რომლებიც ავლენენ ამ ღორის ვეზიკულარული დაავადების კლინიკურ ნიშნებს ან არიან სეროდადებითები იმ პირობით, რომ არსებობს პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი ღორის ვეზიკულარული დაავადების დადასტურებულ აფეთქებასთან;
დ) სხვა კოლტებში, რომლებშიც გამოვლინდა სეროდადებითი ღორები.
6. სააგენტომ, საეჭვო შემთხვევის დროს, ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობის დადასტურებამდე, უნდა ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევები, კერძოდ, განმეორებითი ნიმუშების აღება და შემოწმება, სულ მცირე, ნიმუშების აღებას შორის 28-დღიანი ინტერვალით.
7. გამოკვლევების შედეგად, თუ არ დადასტურდა ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობა, მაშინ, როდესაც ღორები ჯერ კიდევ სეროდადებითები არიან, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ გამოკვლეული ღორების მოკვლა და განადგურება, ან ზედამხედველობის ქვეშ დაკვლა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე.
8. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაოზე შესული ღორების შენახვა და დაკვლა განხორციელდეს სხვა ღორებისაგან განცალკავებულად.
მუხლი 9🔗.
ეპიდემიოლოგიური მოკვლევა
1. ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარების მიერ.
2. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) დროის ინტერვალს, ვირუსის სადგომში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან ღორის ვეზიკულარული დაავადების შეტყობინებამდე;
ბ) სადგომში შესაძლო წარმოშობასა და სხვა სადგომის იდენტიფიკაციას, სადაც ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ იმავე წყაროდან;
გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც სხვა ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ ან მოხდა კონტამინაცია;
დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ცხოველების და რძის, რძის ნაწარმის, ხორცის, ხორცის პროდუქტების, ტანხორცის, ტყავისა და კანის, მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული სადგომიდან სხვა სადგომში.
მუხლი 10🔗.
ზომები ღორის ვეზიკულარული დაავადების დადასტურების შემთხვევაში
1. ღორის ვეზიკულარული დაავადების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და მის გატარებაში ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა ღორის ვეზიკულარული დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას.
2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3. აფეთქების დადასტურებისთანავე სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სადგომში, ამ გეგმის მე-8 მუხლში მითითებული ზომების გარდა, დაუყოვნებლივ გატარდეს შემდეგი სახის დამატებითი ზომები:
ა) იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ოფიციალურად დადასტურდება, სააგენტომ დამატებით უნდა უზრუნველყოს, ღორის ვეზიკულარული დაავადების სავარაუდო შემოჭრასა და ოფიციალური ზომების განხორციელებას შორის პერიოდში დაკლული ღორების ხორცის, შეძლებისდაგვარად, მიკვლევა და განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას ღორის ვეზიკულარული დაავადების შემდგომი გავრცელების რისკი;
ბ) როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი მიიჩნევს, რომ არსებობს ეჭვი იმისა, რომ ღორების დაინფიცირება, სავარაუდოთ, მოხდა ადამიანის, ცხოველის, ავტომანქანის გადაადგილების შედეგად ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, სადგომში მოთავსებული ღორების გადაადგილებაზე ვრცელდება შეზღუდვები და ექცევა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, მანამ სანამ ოფიციალურად არ გამოირიცხება ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობის ეჭვი და, სულ მცირე, სანამ:
ბ.ა) არ ჩატარდება ღორების კლინიკური შემოწმება უარყოფითი შედეგებით;
ბ.ბ) არ ჩატარდება ღორების სტატისტიკური ნიმუშების სეროლოგიური გამოკვლევა ღორის ვეზიკულარული დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის გარეშე (სეროლოგიური სკრინინგის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ღორის ვეზიკულური დაავადებების გადაცემასა და ღორების შენახვის ტიპს).
4. კლინიკური შემოწმება და ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დაინფიცირებულ სადგომში წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის ზომების დასრულებიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გამოკვლევა ტარდება მხოლოდ ადამიანის, ცხოველის, ავტომანქანის გადაადგილების შემთხვევაში ან სხვა ნებისმიერი გზით შესაძლო დაინფიცირებიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.
6. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობა სასაკლაოზე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სადგომში ყველა ღორის გადაუდებელი დაკვლა;
ბ) დაინფიცირებული ან დასნებოვნებული (კონტამინირებული) ღორების კარკასისა და სუბპროდუქტების განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;
გ) შენობებისა და აღჭურვილობის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
დ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება;
ე) ღორების დასაკლავად გადაადგილებაზე აკრძალვის დაწესება ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 11🔗.
ზომები დამცავ ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში ამთვისებელი ცხოველების სადგომებისა და ამ სადგომებში არსებული ყველა ცხოველის აღწერა შესაძლო მოკლე ვადაში, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა:
ა) უნდა შეამოწმოს და გამოავლინოს ზონაში არსებული ყველა ის სადგომი, რომელშიც განთავსებულია ამთვისებელი სახეობის ცხოველები;
ბ) უნდა ჩაატაროს ამთვისებელი სახეობის ცხოველთა სადგომებში პერიოდული ვიზიტები, ამ ცხოველების კლინიკური შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება; ხოლო თითოეული ვიზიტისა და დასკვნის შესახებ შეინახოს ჩანაწერები. ამასთან, ვიზიტების სიხშირე უნდა იყოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სადგომების ეპიზოოტიის სიმძიმის პროპორციული;
გ) უნდა აკრძალოს ამთვისებელი სახეობის ცხოველთა გადაადგილება საერთო სარგებლობის ან კერძო საავტომობილო გზებზე, გარდა სადგომის მომსახურების გზებისა. თუმცა, სააგენტომ შეიძლება დაუშვას ამ აკრძალვიდან გამონაკლისი, საგზაო ან სარკინიგზო საშუალებით, გადმოტვირთვის ან გაჩერების გარეშე, ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით;
დ) შეიძლება დაუშვას გამონაკლისი იმ ღორების დაკვლასთან დაკავშირებით, რომლებიც შემოდიან დამცავი ზონის ფარგლებს გარედან და მიემართებიან აღნიშნულ ზონაში არსებულ სასაკლაოზე;
2. სატრანსპორტო საშუალებები, ასევე მოწყობილობები, რომელიც იქნა გამოყენებული დამცავ ზონაში ღორების, სხვა საქონლის ან მასალის გადასატანად და რომელიც შეიძლება იყოს დაინფიცირებული, არ უნდა გავიდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავების, დეზინფექციისა და შემოწმების გარეშე:
ა) დამცავ ზონაში განლაგებული სადგომიდან;
ბ) დამცავი ზონიდან;
გ) სასაკლაოდან.
3. ამ გეგმის მე-13 მუხლით განსაზღვრული წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულების შემდგომ, 21 დღის განმავლობაში, ღორებმა არ უნდა დატოვონ ის სადგომი, სადაც ისინი ინახებიან.
4. 21 დღის შემდეგ სააგენტომ შესაძლებელია გასცეს აღნიშნული სადგომიდან ღორების გადაადგილების ავტორიზაცია:
ა) პირდაპირ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რომელიც უმჯობესია იყოს დამცავ ან საზედამხედველო ზონაში იმ პირობით, რომ:
ა.ა) სადგომში ჩატარდება ყველა ღორის შემოწმება;
ა.ბ) ჩატარდება სასაკლაოზე გადასაყვანი ღორების კლინიკური შემოწმება;
ა.გ) განხორციელდება თითოეული ღორის ნიშანდება საყურე ნიშნით ან იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა მიღებული მეთოდით;
ა.დ) ღორების გადაყვანა მოხდება სააგენტოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით.
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, პირდაპირ დამცავ ზონაში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში იმ პირობით, რომ:
ბ.ა) სადგომში ჩატარებულია ყველა ღორის შემოწმება;
ბ.ბ) ჩატარებულია გადასაყვანი ღორების კლინიკური შემოწმება და ღორის ვეზიკულარული დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღმოაჩნდათ;
ბ.გ) განხორციელდა თითოეული ღორის ნიშანდება საყურე ნიშნით ან იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა მიღებული მეთოდით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირდაპირ სასაკლაოზე გადასაადგილებელი ღორებისგან მიღებული ხორცი:
ა) არ უნდა დაიშვას საერთაშორისო ვაჭრობაში და უნდა ატარებდეს ,,ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №587 დადგენილების (შემდგომ – საქართველოს მთავრობის №587 დადგენილება) დანართი №2-ით განსაზღვრულ ახალი ხორცის ჯანმრთელობის დამადასტურებელ სპეციალურ ნიშანდებას;
ბ) უნდა იყოს მიღებული, დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახული საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხორცისაგან განცალკევებით და გამოიყენებოდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მოხვედრა საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ხორცის პროდუქტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორცზე ჩატარებულია საქართველოს მთავრობის №587 დადგენილების დანართი №3-ით განსაზღვრული დამუშავება.
6. ღორის ხორცისთვის გამოყენებული ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება უნდა იყოს მკვეთრი და წაუშლელი, სიმბოლოები ადვილად უნდა იკითხებოდეს და ჰქონდეს მკაფიო გამოსახულება, ამასთან, უნდა ჰქონდეს შემდეგი ფორმა და შეიცავდეს შემდეგ მითითებებს:
XY ნიშნავს ქვეყნის შესაბამის კოდს GE-ს. 1234 ნიშნავს საწარმოს აღიარების ნომერს.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს რეგიონალურ სამმართველოს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სასაკლაოზე, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, აღნიშნულ სასაკლაოზე ცხოველების გაგზავნის თაობაზე.
8. სასაკლაოზე მიყვანის შემდეგ ღორების განთავსება და დაკვლა უნდა განხორციელდეს სხვა ღორებისგან განცალკევებით. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენებოდა ღორების გადასაყვანად, უნდა დასუფთავდეს და გაიაროს დეზინფექცია სასაკლაოდან გამოსვლამდე.
9. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა მიიღოს მხედველობაში ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მეტყველებს ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე.
10. ამ მოთხოვნების შესაბამისად დაკლული ღორების შემთხვევაში უნდა შეგროვდეს სისხლის სტატისტიკურად რეპრეზენტატიული ნიმუშები და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომლითაც დასტურდება ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობა სასაკლაოზე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სადგომში ყველა ღორის გადაუდებელი დაკვლა;
ბ) დაინფიცირებული ან დასნებოვნებული (კონტამინირებული) ღორების კარკასისა და სუბპროდუქტების განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;
გ) შენობებისა და აღჭურვილობის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
დ) ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება;
ე) რომ არცერთი ღორი არ იქნეს ხელახლა შეყვანილი დასაკლავად ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.
11. დამცავ ზონაში ზომების გამოყენება უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, ვიდრე:
ა) არ განხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ყველა ზომა;
ბ) ამ ზონაში ყველა სადგომი არ დაექვემდებარება:
ბ.ა) ღორების კლინიკურ შემოწმებას, რომელიც აჩვენებს, რომ მათ არ გააჩნიათ ღორის ვეზიკულარული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები;
ბ.ბ) ღორების სტატისტიკური ნიმუშის სეროლოგიურ გამოკვლევას ღორის ვეზიკულარული დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის გარეშე. სეროლოგიური სკრინინგის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს დაავადებების გადაცემასა და ღორების შენახვის ტიპს.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოწმება და ნიმუშების აღება ხდება დაინფიცირებულ სადგომში წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის ზომების დასრულებიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ზომების გამოყენების შემდეგ წესები, რომლებიც ვრცელდება საზედამხედველო ზონაზე ასევე გამოიყენება დამცავ ზონაშიც.
14. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაადგილების აკრძალვის მოქმედება სცდება 30 დღეს ღორის ვეზიკულარული დაავადების შემდგომი შემთხვევების გამო და ამის შედეგად ცხოველების მოვლაში წარმოიქმნება პრობლემები, სააგენტომ, მფლობელის განაცხადის საფუძველზე, რომელშიც განმარტებული იქნება ამ განაცხადის საფუძველი და იმ პირობით, რომ სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტებს, შეიძლება დაუშვას დამცავი ზონის ტერიტორიაზე მდებარე სადგომებიდან ცხოველების გაყვანა.
მუხლი 12🔗.
ზომები საზედამხედველო ზონაში
1. ღორის ვეზიკულარული დაავადების ოფიციალურად დადასტურებისთანავე სააგენტომ უნდა შექმნას დაინფიცირებული სადგომის გარშემო არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საზედამხედველო ზონა. ზონების შექმნისას უნდა იქნეს გათვალისწინებული გეოგრაფიული, ადმინისტრაციული, ეკოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის დაავადებასთან და მონიტორინგის ობიექტებთან.
2. ღორის ვეზიკულარული დაავადების დადასტურების შემთხვევაში:
ა) უნდა გამოვლინდეს ამთვისებელი სახეობების ცხოველთა სადგომი;
ბ) ღორების ნებისმიერი გადაადგილება, საზედამხედველო ზონაში მდებარე პირდაპირ სასაკლაოზე გადაყვანის გარდა, უნდა იყოს ავტორიზებული იმ პირობით, რომ ბოლო 21 დღის მანძილზე სადგომში არ მოხდა არცერთი ღორის შეყვანა; მფლობელმა ან ცხოველებზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა აწარმოოს ღორების ნებისმიერი გადაადგილების შესახებ ჩანაწერები;
გ) სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია ღორების გაყვანაზე საზედამხედველო ზონიდან, იმ პირობით, რომ:
გ.ა) სადგომში ჩატარდა ყველა ღორის შემოწმება გადაადგილებამდე 48 საათით ადრე;
გ.ბ) გადასაყვანი ღორების კლინიკურმა შემოწმებამ აჩვენა უარყოფითი შედეგები გადაადგილებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში;
გ.გ) ჩატარდა სტატისტიკურად შერჩეული ღორების სეროლოგიური გამოკვლევა ღორის ვეზიკულარული დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის გარეშე გადაადგილებამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში. თუმცა, დასაკლავი ღორების შემთხვევაში სეროლოგიური გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს სისხლის ნიმუშების საფუძველზე, რომლებიც აღებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული დანიშნულების სასაკლაოდან.
3. თუ დადასტურდა ღორის ვეზიკულარული დაავადების არსებობა სასაკლაოზე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სადგომში ყველა ღორის გადაუდებელი დაკვლა;
ბ) დაინფიცირებული ან დასნებოვნებული (კონტამინირებული) ღორების კარკასისა და სუბპროდუქტების განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;
გ) შენობებისა და აღჭურვილობის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარება სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
დ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება;
ე) რომ არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი დასაკლავად ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში;
ვ) თითოეული ღორის ნიშანდება საყურე ნიშნით ან სხვა იდენტიფიკაციის აღიარებული მეთოდით;
ზ) ღორების გადასაყვანად გამოყენებული სატვირთო და სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების დასუფთავება და დეზინფექციაზე ზედამხედველობა თითოეული გადაყვანის შემდეგ;
თ) რომ სატვირთო მანქანებმა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა, ასევე მოწყობილობამ, რომელიც იქნა გამოყენებული დამცავ ზონაში ღორების, სხვა საქონლის ან მასალის გადასატანად და რომელიც შეიძლება იყოს დაინფიცირებული, არ დატოვოს აღნიშნული ზონა სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის გარეშე.
4. საზედამხედველო ზონის ზომები შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო ვეტერინარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
5. სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, განსაზღრული ზონების საზღვრების (კერძოდ, საჭიროებისამებრ, მათი შემცირების ან გაზრდის მიზნით) ან შემზღუდავი ზომების ხანგრძლივობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც უნდა იყოს გათვალისწინებული:
ა) გეოგრაფიული მდებარეობა და ეკოლოგიური ფაქტორები;
ბ) მეტეოროლოგიური პირობები;
გ) ინფექციის გადამტანების არსებობა, გავრცელება და ტიპი;
დ) ჩატარებული ეპიზოოტოლოგიური მოკვლევების შედეგები;
ე) ლაბორატორიული შემოწმების შედეგები;
ვ) ფაქტობრივად გამოყენებული საკონტროლო ზომები.
6. საზედამხედველო ზონაში აღნიშნული ზომების გამოყენება უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, ვიდრე:
ა) არ გატარდება ამ გეგმის მე-13 მუხლით განსაზღვრული ყველა ზომა;
ბ) არ გატარდება დამცავ ზონაში აუცილებელი ყველა ზომა.
მუხლი 13🔗.
დაინფიცირებული სადგომების დასუფთავება და დეზინფექცია
1. დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები უნდა მოიცავდეს სათანადო მავნებლების კონტროლს, ამავე დროს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა შემცირდეს ასეთი სამუშაოების შედეგად წარმოქნილი ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
2. დასუფთავების და დეზინფექციის საერთო პრინციპები და პროცედურები გულისხმობს, რომ:
ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოები უნდა განხოციელდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების თანახმად;
ბ) ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი აგენტის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება უნდა მოხდეს სააგენტოს ნებართვით;
გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება უნდა მოხდეს გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად;
დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელებიც უნდა დამუშავდეს;
ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა;
ვ) გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებულ პირობებთან ერთად აუცილებელია შემდეგი საერთო წესების დაცვა:
ვ.ა) სადეზინფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა;
ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების დასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა, რათა არ შემცირდეს დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების ეფექტურობა;
ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის ვეზიკულარული დაავადების გავრცელების რისკი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად;
ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას უკვე დასუფთავებული ან დეზინფიცირებული ნაწილის ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;
ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების და საგნების დასუფთავება, დეზინფექცია ან განადგურება;
ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ განმეორებითი დაბინძურების თავიდან აცილება;
ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება, დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან;
ვ.თ) დეზინფექციის საშუალებების გამოყენების ხანგრძლივობა მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით.
3. დაინფიცირებული სადგომების დასუფთავების და დეზინფექციის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნები:
ა) წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:
ა.ა) ცხოველების მოკვლისას მიღებული უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების დასუფთავებას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;
ა.ბ) მოკლული ცხოველების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით;
ა.გ) სადგომიდან მათი გატანის აუცილებლობისას, გადამუშავებისა და განადგურების მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები;
ა.დ) დამუშავების მიზნით, ამთვისებელი ცხოველების ტანხორცის გატანისთანავე, სადგომის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა მათი მოკვლის, დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, უნდა დამუშავდეს შესაბამისად;
ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვა მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს;
ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
ბ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:
ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებული უნდა იქნეს ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით და ზედაპირები უნდა დამუშავდეს წყლით წნევის ქვეშ;
გ) ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;
დ) დასალუქ ოთახებში უნდა ჩატარდეს ფუმიგაცია;
ე) დაზიანებული იატაკის, კედლების და ა.შ. რემონტი უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო ვეტერინართან, მის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ და განხორციელდეს დაუყონებლივ;
ვ) დასრულებული რემონტი უნდა იქნეს ინსპექტირებული, რათა დადასტურდეს, რომ ის დამაკმაყოფილებელ დონეზე შესრულდა;
ზ) შენობის ყველა ის ნაწილი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს საწვავ ნივთიერებას, უნდა დამუშავდეს თერმულად, სანთურის გამოყენებით;
თ) ყველა ზედაპირი უნდა დამუშავდეს ტუტოვანი დეზინფექტანტით, რომლის pH მაჩვენებელი აღემატება 12,5-ს ან სხვა გამოსაყენებლად ნებადართული დეზინფექტანტით. დეზინფექტანტი უნდა ჩამოირეცხოს 48 საათის შემდეგ;
ი) საბოლოო დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურა – სანთურით ან ტუტოვანი სადეზინფექციო საშუალებით დამუშავება უნდა გამეორდეს 14 დღის შემდეგ.
მუხლი 14🔗.
დაინფიცირებული სადგომის აღწარმოება
1. სადგომის აღწარმოების ავტორიზაცია ხდება სააგენტოს მიერ, მას შემდეგ, რაც ამ გეგმის მე-13 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები სრულად იქნება შესრულებული და სახელმწიფო ვეტერინარი დადებითად შეაფასებს მას.
2. სადგომის აღწარმოების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) სადგომის რეპოპულაცია დაიწყოს შენობების პირველი სრული დეზინფექციის, ანუ დასუფთავებისა და დეზინსექციის სამუშაოების მე-3 დონის დასრულებიდან მხოლოდ ოთხი კვირის გასვლის შემდეგ;
ბ) ღორების რეინტროდუქციის დროს გათვალისწინებული იყოს ფერმის პრაქტიკის ტიპი, რომელიც ხორციელდება სადგომში და იქნეს დაცული შემდეგი ქვემოთ მოცემული წესებიდან ერთ-ერთი:
ბ.ა) გარე სადგომის შემთხვევაში აღწარმოება უნდა დაიწყოს შეზღუდული რაოდენობის იმ საკონტროლო გოჭების შეყვანით, რომლებიც დაექვემდებარენ გამოკვლევას და გამოავლინეს უარყოფითი შედეგები ღორის ვეზიკულარული დაავადების ვირუსის ანტისხეულების არსებობაზე; საკონტროლო გოჭები უნდა მოთავსდნენ დაინფიცირებულ სადგომში სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად და სადგომში მოთავსებიდან 28 დღის შემდეგ დაექვემდებარონ კლინიკურ შემოწმებას და შეირჩნენ სეროლოგიური ტესტირებისთვის. თუ არცერთმა გოჭმა არც ღორის ვეზიკულარული დაავადების კლინიკური ნიშნები გამოავლინა და არც ღორის ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსის ანტისხეულები გამოიმუშავა, შეიძლება ჩატარდეს სადგომის სრული რეპოპულაცია;
ბ.ბ) ყველა სხვა ტიპის სადგომისთვის ღორების რეინტროდუქცია უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად ან სრული რეპოპულაციის გზით, იმ პირობით, რომ:
ბ.ბ.ა) ყველა ღორი იქნა შეყვანილი რვა დღის განმავლობაში ღორის ვეზიკულარული დაავადების შედეგად დახურული ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სადგომებიდან და ყველა ღორი არის სეროუარყოფითი;
ბ.ბ.ბ) არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს სადგომი ბოლო ღორის შეყვანიდან 60 დღის განმავლობაში;
ბ.ბ.გ) რეპოპულაციას დაქვემდებარებული კოლტი ექვემდებარება კლინიკურ შემოწმებას და სეროლოგიურ გამოკვლევას სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ბოლო ღორის შეყვანიდან არანაკლებ 28 დღეში.
მუხლი 15🔗.
პერსონალის ცნობიერების დონის ამაღლება, რეგულარული სწავლება და მოსახლეობის ინფორმირებულობა
1. ღორის ვეზიკულარული დაავადების საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად:
ა) სააგენტომ მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ღორის ვეზიკულარული დაავადების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე;
ბ) ღონისძიების ჩატარების პროცესში მოსახლეობაში უნდა დარიგდეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და პლაკატები;
გ) ურთიერთინფორმირებულობის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა იხელმძღვანელონ „ცხოველთა დაავადებების შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით“;
დ) სწრაფი კომუნიკაციის მიზნით ასევე გამოყენებული უნდა იქნეს სატელეფონო კომუნიკაცია და ელექტრონული ფოსტა;
ე) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს/რეგიონული სამმართველოს მიერ უნდა განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია;
ვ) კომუნიკაციის პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩართული უნდა იყო სააგენტოს ყველა პასუხისმგებელი პირი კომპეტენციიდან გამომდინარე.
2. სააგენტომ რეგულარულად უნდა უზრუნველყოს პერსონალის სწავლება:
ა) ღორის ვეზიკულარული დაავადების აღმოფხვრაში ჩართული ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავადების არსზე;
ბ) კლინიკურ ნიშნებზე, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) რეალურ დროში სიმულაციურ სწავლებებზე, რომლებიც ტარდება პერიოდულად კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღორის ვეზიკულარული დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერების, ვეტერინარებისა და სხვადასხვა ორგანოსათვის.
მუხლი 16🔗.
ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისთვის ფინანსური და მატერიალური რესურსები
1. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
2. ღორის ვეზიკულარული დაავადების სადიაგნოსტიკოდ აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა და სალიკვიდაციო ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
3. სადეზინფექციო საშუალებები, ინვენტარი და პირადი დაცვის მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია ტერიტორიული ორგანოებისთვის – რეგიონული სამმართველოებისათვის.
4. ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული სამმართველოების შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, ყოველწლიურად საორიენტაციო გეგმებით განსაზღვრული და ადგილზე საჭიროებიდან/რეზერვების არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ხდება სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობების გადაცემა – დასაწყობება.
5. სააგენტოს ტერიტორიული 64 ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით (კომპიუტერი, პრინტერი, GPS-ს აპარატი, მაცივარი ნიმუშებისა და ვაქცინების შესანახად, საველე სამუშაოების განხორციელებისთვის და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი).
6. უზრუნველყოფილია ცხოველის ლეშის ინსენერაციისთვის სააგენტოს ბალანსზე არსებული 2 ცალი მობილური ინსენერატორის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.
7. სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონული სამმართველოები უზრუნველყოფილია სადეზინფექციო შესასხურებელი აპარატურით.
8. სააგენტო უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით, რომლებიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე.