⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.05.1996)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების სტრუქტურისა და კოლეგიის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.1994
ძალის დაკარგვა 31.05.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000639 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 31/01/1994
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
2,485 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.1994 მიღება
31.05.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
31.01.1994
08.05.1996
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების სტრუქტურისა და კოლეგიის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №60 1994 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების სტრუქტურისა და კოლეგიის შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თანდართული დებულება, ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების ნუსხა და კოლეგია 19 კაცის შემადგენლობით. 2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე) 60 ერთეულით. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს: – განახორციელოს თავისი სისტემის ორგანიზაციათა საქმიანობის კოორდინაცია სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით; – განახორციელოს ღონისძიებანი კულტურის სფეროს მართვის დასახვეწად და დასაზუსტებლად; – ახალი სტრუქტურის შესაბამისად შეიმუშაოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი; – სამინისტროს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ მუშაკთა შრომითი მოწყობა განახორციელოს მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 10 ივნისის № 476 დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                          ო. ფაცაცია საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოა, რომლის მთავარი ფუნქციაა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება მოცემულ სფეროში. სამინისტრო პასუხს აგებს მინდობილი დარგის განვითარებისა და სახელმწიფო დავალებების შესრულებისათვის. სამინისტრო ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. სამინისტრო თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში გამოსცემს აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მათ შესრულებას. 2. სამინისტრო ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს რესპუბლიკაში თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, დეკორატიულ-გამოყენებითი, საესტრადო და საცირკო, პროფესიული და ხალხური ხელოვნების განვითარების, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ზრუნავს მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში თავმოყრილი ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციის, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის. 3. სამინისტრო თავის პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის შემოქმედებით კავშირებთან და საზოგადოებებთან, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირში. 4. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელწმიფო ბიუჯეტის ხარჯზე. სამინისტროს დებულებას, ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და მუშაკთა რიცხოვნობას, აგრეთვე მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამ მიზნისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 2. სამინისტროს მუშაობის პრინციპები და ამოცანები 1. თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობათა დამკვიდრებისა და დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კონცეფცია ემყარება კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, კერძოდ: – შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლების აღიარებას და მისი შეზღუდვის დაუშვებლობას; – სისტემის ორგანიზაციების თავისუფლად საქმიანობას, რესპუბლიკის, მოქალაქეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას; – კულტურულ ფასეულობათა შექმნის, გამოყენებისა და გავრცელების თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხების, სოციალური ჯგუფებისა და მოქალაქეებისათვის; – ცხოვრების კულტურული დონის სრულყოფასა და მსოფლიო კულტურის მიღწევებზე დაფუძნებული განათლების სისტემის განვითარებას ხელოვნების სფეროში; – მონოპოლიზმის აღკვეთას კულტურის სფეროში. 2. დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო: – კულტურის სფეროს დასაფინანსებლად იყენებს როგორც სახელმწიფო (საბიუჯეტო), ისე კერძო სტრუქტურების საქველმოქმედო სახსრებს; – კოორდინაციას უწევს კულტურის განვითარების მიმართულებებს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით; – ამკვიდრებს კულტურის სფეროში სახელშეკრულებო სისტემას; – ორგანიზაციას უწევს დარგის იურიდიულ-სამართლებრივ მომსახურებას; – ხელს უწყობს ხელოვანის თვითგამოხატვისა და შემოქმედებით პროცესს, სრულყოფს პროფესიულ განათლებას, უზრუნველყოფს შემოქმედებითი მუშაკების სოციალურ დაცვას, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მხარდაჭერას; – უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიერ კულტურის მონაპოვრებითა და სულიერი ფასეულობებით თავისუფალ სარგებლობას, იცავს და ავითარებს რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხების თვითმყოფად კულტურას; – ყოველმხრივ ხელს უწყობს კულტურის ინსტიტუტების შექმნასა და განვითარებას; – ზრუნავს ახალგაზრდა შემოქმედთა სტიმულირებისა და სოციალური დაცვისათვის; – წინ აღუდგება რესპუბლიკიდან კულტურულ ფასეულობათა გატანას სამინისტროს ლიცენზიის გარეშე, ითხოვს მათ დაბრუნებას ნებისმიერი უკანონო მფლობელობიდან; – ქმნის პირობებს კულტურის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს რესპუბლიკის ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, რისთვისაც ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო კანონმდებლობით, ხოლო მათი შეუთავსებლობის შემთხვევაში, აღიარებს საერთაშორისო აქტების პრიმატს; – ხელს უწყობს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო კულტურის ობიექტებისა და ფონდების ფილიალების თავისუფალ შემქნას; ეხმარება ნებისმიერ კულტურის ინსტიტუტს გაწევრიანდეს კულტურის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, დამოუკიდებლად განსაზღვრავს სავალუტო შემოსავლებს საქველმოქმედო მიზნებით; – შეიმუშავებს ომის, ძალადობის, სისასტიკის, რასობრივი და ეროვნული, რელიგიური შეუწყნარებლობის და პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებს; – ხელს უწყობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ შემოქმედებს და კულტურის ორგანიზაციებს კულტურულ ფასეულობათა და ეროვნულ-კულტურულ მონაპოვართა დაცვაში, შესწავლასა და ფართო საზოგადოებრიობისათვის გაცნობაში. 3. სამინისტროს უფლებამოსილებანი 1. სამინისტრო ხელმძღვანელობს პროფესიული და ხალხური ხელოვნების განვითარებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების, საქალაქო, რაიონული კულტურის სამმართველოებისა და კულტურის განყოფილებების მეშვეობით. 2. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროები, საქალაქო, რაიონული კულტურის სამმართველოები და განყოფილებები და მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, დაწესებულებები, საწარმოები და სასწავლებლები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. 3. სამინისტრო ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს და უხელმძღვანელოს ხელოვნების დარგებს მათი მდგომარეობისა და იდეურ-მხატვრული დონის შემდგომი განვითარება-ამაღლების, მოსახლეობის კულტურულ-ესთეტიკური მომსახურების მიზნით კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის სრულყოფისა და კულტურულ-ესთეტიკურ მოთხოვნილებათა რაც შეიძლება სრულად დაკმაყოფილებისათვის. 4. სამინისტრო დაკისრებულ ამოცანათა განხორციელების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: – შეიმუშაოს კულტურის სამინისტროს სისტემის ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხა, შეარჩიოს კადრები მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით; – მისცეს რეკომენდაციები კულტურის სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს ყოველწლიური მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისა და მათს კურსდამთავრებულთა სამუშაოზე განაწილებისას; – ხელშეკრულებით მოიწვიოს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი; – შეიმუშაოს ინსტრუქციები, გამოსცემს ბრძანებები და სავალდებულო მითითებანი, განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; ვ ჩაატაროს საერთაშორისო რესპუბლიკური, ზონალური და ადგილობრივი მასშტაბის სემინარები, თათბირები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, ფესტივალები, კონკურსები, გამოფენები, გამოფენა-გაყიდვები, აუქციონები და სხვა ღონისძიებები; – ხელი შეუწყოს რეპერტუარის შერჩევაში შემოქმედებით კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს; – დაამტკიცოს საექსპერტო საბჭოების, ჯგუფებსა და სხვა ქვედანაყოფების დებულებებში; – შეიმუშაოს აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტს; – მოაწყოს უცხოეთში საქართველოს კულტურის ცენტრები, ჩაატაროს კულტურის დღეები, გაცვლითი გასტროლები, გამოფენები, ხელი შეუწყოს კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობას უცხოეთში გამართულ ფესტივალებზე, კონკურსებზე, გამოფენებზე, ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნების გამოყოფის გარეშე. 4. სამინისტროს სტრუქტურა და მართვა 1. სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი. მინისტრს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 2. მინისტრი: – თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში ასრულებს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებს, ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მათ შესრულებას; – პერსონალურად პასუხს აგებს სამინისტროს დაკისრებული ამოცანების შესრულებისა და ფუნქციების განხორციელებისადმი; – კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს; – საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გამოსცემს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს; – ამტკიცებს სამინისტროს საშტატო განრიგს. 3. მინისტრის ბრძანებები, კოლეგიის დადგენილებები, ინსტრუქციები, აგრეთვე მითითებები სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემისათვის. 4. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. 5. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე სამინისტროს აპარატისა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების (საჭიროების მიხედვით) ხელმძღვანელი მუშაკები. სამინისტროს კოლეგიის წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. 6. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს ხელოვნების განვითარების, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის კადრების მომზადება-გამოყენებისა და სხვა პრობლემატურ საკითხებს, ისმენს სამინისტროს ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ. 7. კოლეგიის დადგენილებებსა და სხვა აქტებს ხელს აწერს მინისტრი, მისი არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით, პირველი მოადგილე. 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა შედგება დარგობრივ მიმართულებათა მიხედვით დაყოფილი საექსპორტო საბჭოებისა და ადმინისტრაციის სამსახურისგან. 9. სამინისტროს სისტემაში მოქმედებს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო („საქმთავრძეგლთდაცვა“), რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა რგოლსა და ორგანიზაციას, განაგებს ადმინისტრაციულ, საპროექტო, საწარმოო, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საბჭოს სხდომაზე იხილავს ყველა საკვანძო საკითხს. 10. სამინისტროს საექსპორტო საბჭოს სათავეში უდგას თავმჯდომარე – მინისტრის მოადგილე, რომელიც მინდობილ სფეროში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქვეუწყებო ორგანიზაციათა მუშაობას, აძლევს მათ ოპერატიულ მითითებებს და ეხმარება მინისტრის ბრძანებების შესრულებაში. 11. კულტურისა და ხელოვნების საექსპორტო საბჭო: – ახორციელებს თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, დეკორატიულ-გამოყენებითი, საცირკო ხელოვნების, პროფესიული კოლექტივების საქმიანობის კოორდინაციას, კრებს ინფორმაციებს დარგში მიმდინარე პროცესებზე, ხელს უწყობს ცალკეულ შემოქმედებითი კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს შემოქმედებით მუშაობაში, ზრუნავს ეროვნული ხელოვნების დაცვისა და აღმავლობისათვის, პოპულარიზაციასა და პროპაგანდას უწევს შემოქმედებით მიღწევებს; – აანალიზებს ეროვნული ხელოვნების განვითარების ტენდენციებს, პრობლემებს და შეიმუშავებს ხელოვნების დარგების განვითარების  სახელმწიფო პროგრამებს ექსპერტთა ჯგუფების მეშვეობით; – შეიმუშავებს სახელოვნო კოლექტივებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის ინსტრუქციებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს, და მეთოდურ დახმარებას უწევს კოლექტივებს მათ შესრულებასა და დაცვაში; – ადგენს უცხოეთში ჩასატარებელი  ქართული კულტურის დღეების, გასტროლების, გამოფენების, კონცერტების პროგრამებს, სტაჟიორთა უცხოეთში მივლინებების სამუშაო გეგმებს და წარუდგენს მათ დასამტკიცებლად კულტურის სამინისტროს კოლეგიას; – ხელმძღვანელობს და წარმართავს ხალხური შემოქმედების და ეროვნული ტრადიციების საექსპორტო საქმიანობას; – ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროებთან და კულტურის მართვის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ახორციელებს სახელმწიფო მუზეუმების, ბიბლიოთეკების, ხალხური შემოქმედების ორგანიზაციებისა და კლუბების, კულტურისა და დასვენების პარკების საქმიანობას, დადგენილი წესით მეთოდურ დახმარებას უწევს და აკონტროლებს მათს საქმიანობას; – სწავლობს და აანალიზებს რესპუბლიკის კულტურის დაწესებულებათა მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს კულტურის დაწესებულებათა საქმიანობას, ამზადებს ხალხური შემოქმედებისა და კულტურის დაწესებულებების მარეგლამენტირებულ დოკუმენტებს, ახორციელებს კონტროლს მათი შესრულებისა და დაცვისადმი. 12. სასწავლო დაწესებულებათა საექსპორტო ჯგუფი: – ხელმძღვანელობს კულტურისა და ხელოვნების სფეროში პროფესიულ განათლებას და ზრუნავს მისი შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის, რეკომენდაციებს აძლევს სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს ყოველწლიური მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისა და მათი კურსდამთავრებულების სამუშაოზე განაწილებისას. იგი არის სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებათა სამივე რგოლში (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი) სახელმწიფო განათლების პოლიტიკის გამტარებელი მაკოორდინირებელი რგოლი; – ახდენს სამხატვრო, სამუსიკო, ქორეოგრაფიული განათლების პროცესის უწყვეტობის კოორდინაციას და უწევს მეთოდურ დახმარებას შესაბამისი პროფილის სასწავლო დაწესებულებებს; – სასწავლო დაწესებულებათა მონაწილეობით აწყობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციებს, კონკურსებს, სესიებს კულტურისა და ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე; – სწავლობს  რესპუბლიკაში მცხოვრები მცირე ერების კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. 13. სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა საექსპერტო საბჭო ქართული კულტურით დაინტერესებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების დამყარების მიზნით ხელს უწყობს და ორგანიზაციას უწევს ქართული კულტურის ექსპორტს, მსოფლიო ფესტივალებში ქართული კოლექტივების, თეატრების, ქორეოგრაფიული და მუსიკალური კოლექტივების, სახვითი ხელოვნების წარმომადგენლობისა და ცალკეული  შემსრულებლების ინტენსიურ მონაწილეობას. 14. კულტურულ ფასეულობათა პროპაგანდისა და გამოყენების საბჭო არის მხატვრულ-საკონცერტო შემოქმედებითი ორგანო, რომელიც მოწოდებულია: – მოიზიდოს უცხოელი იმპესარიოები, ფირმები, საკონცერტო ორგანიზაციები და გალერეები; – კომპეტენციის ფარგლებში დააწესოს კონტროლი ხელოვნების ნიმუშებისა და ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისადმი; – კოორდინაცია გაუწიოს და მოაწყოს საკონცერტო-საფესტივალო საქმიანობა, კონკურსები, აუქციონები, გასტროლები, სპეციალური ტურიზმი და სხვა. 15. სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ და სააღრიცხვო-საანგარიშგებო საქმიანობას წარმართავს საფინანსო-ეკონომიკური საბჭო, რომელიც თავის საქმიანობას ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებითა და სხვა აქტებით. 16. სამინისტროს სისტემაში მოქმედებს სარედაქციო-სარეპერტუარო კოლეგია, რომელიც მუშაობას წარმართავს ახალი, ორიგინალური პიესებისა და მუსიკალური ნაწარმოებების შექმნის, შეძენისა და შემდგომ მათი გავრცელებისათვის. 17. სამინისტროს აპარატში შექმნილია ადმინისტრაციის სამსახური, რომელიც არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება უშუალოდ მინისტრს. იგი უზრუნველყოფს სამინისტროს ძირითად ღონისძიებათა განხორციელებასა და შესრულების კონტროლს. ხელმძღვანელობს აპარატის საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებასა და საკადრო პოლიტიკას, განაზოგადებს და აშუქებს პრესასა და ტელევიზიაში რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ მოვლენებს. 5. სამინისტროს ქონება, ფინანსური სახსრები, რევიზია და ლიკვიდაციის წესი 1. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სახსრებს ანუ მის ქონებას შეადგენს სამინისტროს დაქვემდებარების ორგანიზაცია-დაწესებულებათა ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სამინისტროს ეკისრება სახელმწიფო ქონების გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. 2. სამინისტროს სახსრებს შეადგენს: ა) ასიგნებანი ბიუჯეტიდან; ბ) საქველმოქმედო შემოწირულობანი და დახმარებანი; გ) სხვა შემოსავლები. 3. საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ხორციელდება მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 4. სხვა შემოსავლებს განკარგავს სამინისტრო და ისინი ამოღებას ან ჩამორთმევას არ ექვემდებარება. 5. სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში რევიზიათა ჩატარებისათვის უფლებამოსილი არიან მაკონტროლებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 6. სამინისტროს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურა – ხელმძღვანელობა; – ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-სარეპერტუარო კოლეგია; – კულტურისა და ხელოვნების საექსპორტო საბჭო; – საგარეო ურთიერთობათა საექსპორტო საბჭო; – კულტურულ ფასეულობათა გამოყენებისა და პროპაგანდის საბჭო; – საფინანსო-ეკონომიკური საბჭო; – ადმინისტრაციის სამსახური. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების ნუსხა – სამინისტროსთან არსებული ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი; – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი; – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი; – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი; – საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი; – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი; – თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი; – თბილისის სახელმწიფო მოზარდმაყურებელთა რუსული თეატრი; – თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი; – თბილისის ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია „მეტეხი“; – თბილისის თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრი; – საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი; – თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი; – თბილსის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია; – თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი; – საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლი; – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი; – ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელწმიფო საგუნდო კაპელა; – სულხან ცინცაძის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და კამერული მუსიკის ცენტრი; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო გიმნაზია; – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა; – თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი; – თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერო კოლეჯთან არსებული სამუსიკო სკოლა; – თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და მასთან არსებული ინტერნატი; – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; – ალექსანდრე მრევლიშვილის სახელობის მცხეთის კერამიკული სკოლა; – თბილისის ხელოვნების კოლეჯი; – თბილისის ხელოვნების კოლეჯთან არსებული სკოლა; – თბილისის ხელოვნების გიმნაზია; – თბილისის ხელოვნების გიმნაზიასთან არსებული სკოლა; – თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელი; – თბილისის კულტურის კოლეჯი; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელი; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სკოლა; – თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებელი; – თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სკოლა; – თბილისის საესტრადო-საცირკო სასწავლებელი; – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური და კინოხელოვნების ინსტიტუტი; – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; – თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი; – თბილისის საოპერო სტუდია; – თბილისის სასწავლო კინოსტუდია; – საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა; – თბილისის მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა; – თბილისის ლადო ასათიანის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა; – საქართველოს რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების და კულტურის რესპუბლიკური ცენტრი; – საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სასწავლო-სამეცნიერო ჯგუფი; – საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება, სურათების ეროვნული გალერეა; – შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; – თბილისის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი; – თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; – ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი; – კავკასიის ხალხთა კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის რესპუბლიკური ცენტრი; – თბილისის ქართველ ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; – თბილისის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი; – გორის სტალინის სახლ-მუზეუმი; – კულტურის სახლი (კოჩუბეი); – თეატრი-სტუდია „ჰერეთი“; – თბილსის სახელმწიფო ცირკი; – რესპუბლიკური გაერთიანება საქკულტმომსახურება „ხალისი“; – რეკლამების გამოშვების რედაქცია; – სხვადასხვა სახის ნაკეთობათა საწარმო; – თბილისის სასტუმრო „მუზა“; – სურათების ეროვნული გალერეის დამხმარე სახელოსნო; – კულტურის ობიექტების მშენებლობის და ექსპლუატაციის სამმართველო; – საპროექტო-დიზაინერული აღდგენა-რესტავრაციის საწარმო; – სპეციალიზებული სარემონტო-სამონტაჟო სამმართველო; – სასცენო ტექნიკისა და ტექნოლოგიის ექსპერიმენტული საკონსტრუქტორო ლაბორატორია-სახელოსნო; – ავტოსატრანსპორტო საწარმო; – დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველო; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოები; – საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდა ხელოვანთა დიზაინისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შემოქმედებითი სახელოსნო; – სამეცნიერო-შემოქმედებითი სამუზეუმო გაერთიანება „მატიანე“; – სამხატვრო აკადემიის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო; – მცხეთის კერამიკული ქარხანა. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კოლეგიის შემადგენლობა დავით მაღრაძე  – მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე); რევაზ ამაშუკელი  – მინისტრის მოადგილე; მერაბ ბერძენიშვილი   – მოქანდაკე; გიორგი გუნია  – მინისტრის მოადგილე; ლაშა თაბუკაშვილი  – საქართველოს უცხოეთთან წარსული და თანამედროვე ურთიერთობათა ცენტრის პრეზიდენტი; ჯანსუღ კახიძე  – საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; მაია კობახიძე   – მინისტრის პირველი მოადგილე; ნოდარ ლომოური – შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; გრიგოლ ლორთქიფანიძე– საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი; ვაჟა მიქაბერიძე – მხატვარ-დიზაინერი; ლერი მეძმარიაშვილი  – მინისტრის მოადგილე; თამაზ სეფერთელაძე – მინისტრის მოადგილე; ნოდარ ფაღავა   – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი; ალექსანდრე ქანთარია – თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სვეტლანა ქეცბა   – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი; თამაზ ყურაშვილი  – საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდული ფონდის თანამშრომელი; ელდარ შენგელია – საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი; რევაზ ჩხაიძე  – საქართველოს სახელმწიფო კონცერნ „ქართული ფილმის“ პრეზიდენტი; აკაკი ძიძიგური – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.