დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ხელმეორედ გამოყენების წესების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №590
სარეგისტრაციო კოდი 000000120.02(0).000.000177 14
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ხელმეორედ გამოყენების წესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №590
1991 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ხელმეორედ გამოყენების წესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
დამტკიცდეს დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ხელმეორედ გამოყენების თანდართული წესები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ხელმეორედ გამოყენების წესები
1. დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ხელმეორედ გამოყენების წესები არეგულირებს ტარის ჩამბარებელთა, ტარის საწარმოთა და ტარის მომხმარებელთა ურთიერთობებს, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, სამამულო და იმპორტული საქონლიდან (გარდა ამ წესების მე-14 პუნქტში ჩამოთვლილი ტარისა) გამოთავისუფლებული ხისა და მუყაოს ტარის დაბრუნების, ჩაბარების, ხელმეორედ გამოყენებისა და ჩამოწერის საკითხებში.
შენიშვნა: ტარის ჩამბარებლად ითვლებიან საწარმოები და ორგანიზაციები, რომელთაც უთავისუფლდებათ ხისა და მუყაოს ტარა საქონლიდან და პროდუქციიდან.
ტარის საწარმოდ ითვლება საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ტარის საწარმოო რესპუბლიკური გაერთიანება „საქტარა“ და მისი დაქვემდებარების ტარის შემკეთებელი საწარმოები.
2. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაქვემდებარებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში სპეციალური დანიშნულების პროდუქციიდან გამოთავისუფლებული ხისა და მუყაოს ტარის გამოყენების წესს შეიმუშავებენ აღნიშნული სამინისტროები ძირითადი მომწოდებელი სამინისტროების მონაწილეობით და სახელწმიფო არბიტრაჟთან და საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული სამინისტროების (უწყებების) სავაჭრო საწარმოებსა და ორგანიზაციებში საქონლიდან და პროდუქციიდან გამოთავისუფლებულ ხისა და მუყაოს ტარის გამოყენებას აწესრიგებს ეს წესები.
3. შეთანხმებული რესურსების შესაბამისად და მომხმარებელთა შეკვეთის საფუძველზე, საწარმოო გაერთიანება „საქტარა“ ტარის ჩამბარებელს აძლევს მიმაგრების შეტყობინებას პროდუქციის მომწოდებლების ან სხვა მომხმარებლებისათვის ტარის დაბრუნების შესახებ.
მიმაგრების შეტყობინების პირი შესრულების კონტროლისათვის ეგზავნება ტარის ჩამბარებლის ზონაში მდებარე ტარის საწარმოს.
4. ტარის ჩამბარებლები, თუ მათ არ გააჩნიათ მიმაგრების შეტყობინება, ვალდებული არიან ჩააბარონ (გადაუტვირთონ) ამ წესებით გათვალისწინებული მოცულობის ტარა უახლოეს ტარის საწარმოს, რომელიც მდებარეობს ტარის ჩამბარებლის ადგილსამყოფელის 70 კმ რადიუსში.
ხისა და მუყაოს ტარის მიტანა ტარის საწარმომდე ხორციელდება ტარის ჩამბარებლის ხარჯზე.
5. თუ ტარის ჩამბარებელი საწარმოები და ორგანიზაციები უახლოესი ტარის საწარმოდან 70 კმ რადიუსის გარეთ მდებარეობენ, მაგრამ ამავე მანძილით არიან დაშორებული საზოგადოებრივი სარგებლობისა და საუწყებო რკინიგზით სადგურიდან (ნავმისადგომიდან), ვალდებული არიან გამოთავისუფლებული ტარა გაუგზავნონ რკინიგზის ან წყლის ტრანსპორტით უახლოეს ადგილობრივ მომხმარებლებს ტარის შემკეთებელი საწარმოების განრიგებით.
დაბრუნებული ტარის გადატვირთვის მინიმალური ნორმად ითვლება ავტომობილი, ვაგონი, კონტეინერი.
საწარმოები დ ორგანიზაციები (ტარის ჩამბარებლები), რომლებიც მდებარეობდნენ 70 კმ რადიუსის ფარგლებს გარეთ ტარის შემკეთებელი საწარმოებიდან ან რკინიგზის სადგურებიდან (ნავსადგომი), უფლებამოსილი არიან გამოთავისუფლებული ხისა და მუყაოს ტარა გამოიყენონ თავისი შეხედულებისამებრ ან გაუკეთონ რეალიზაცია.
სამომხმარებლო კოოპერაციის ტარის მიწოდების საწარმოები თავის მომსახურების ზონის (რომელიც ეცნობება „საქტარას“) კოოპორგანიზაციების სავაჭრო სა საზკვების ქსელიდან იღებენ საქონლიდან გამოთავისუფლებულ ტარას, რომელიც გადაერტვირთება პროდუქციის მიმწოდებელს ან ჩაბარდება უახლოეს ტარის შემკეთებელ საწარმოს, ხოლო საკუთარი პროდუქციის შესაფუთად ტარის გამოყენება და სხვა მომხმარებლისათვის მისი გადაცემა უნდა აწარმოონ „საქტარის“ განრიგის მიხედვით.
6. ტარის საწარმოები, რომელთაც ამ წესების გამოქვეყნების მომენტში ორგანიზებული აქვთ დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის ჩამბარებლებისაგან ცენტრალიზებული წესით გამოტანა, ვალდებული არიან ტარის ჩამბარებლების მოთხოვნით გამოიტანონ მათგან ტარა ამავე წესით. ტარის საწარმოების მიერ ტარის ჩამბარებლებისაგან დაბრუნებული ტარის ცენტრალიზებული გამოტანა ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით (ხელშეკრულების ფორმა თან ერთვის).
7. მიმწოდებლები, რომლებსაც მომხმარებლებთან პროდუქცია ან საქონელი მიაქვთ ცენტრალიზებული წესით, ვალდებული არიან იმავე ტრანსპორტით ან სპეციალური რეისებით გაიტანონ ტარის საწარმოს გვერდის ავლით მომხმარებლებთან გამოთავისუფლებული ტარა ხელმეორედ გამოყენებისათვის.
8. ხისა და მუყაოს გამოთავისუფლებულ ტარას ტარის ჩამბარებელი გამოიყენებს მის მიერ გამოშვებული პროდუქციის, საქონლის შესაფუთად, უბრუნებს უშუალოდ პროდუქციის, საქონლის მომწოდებლებს (დამამზადებლებს) და გადასცემს სხვა მომხმარებლებს შემდეგი რაოდენობით:
ხის ტარას - სულ ცოტა 85 პროცენტს;
მუყაოსი - სულ ცოტა 75 პროცენტს ერთ ქალაქში მიწოდებისას, 65 პროცენტს სხვადასხვა ქალაქში მიწოდებისას, 60 პროცენტს - სოფლებში.
ხისა და მუყაოს ტარა, რომლებსაც ჩამბარებელი ვერ გამოიყენებს საკუთარი პროდუქციის შესაფუთად, არ დაუბრუნებს მომწოდებელს (გამომგზავნს) ან არ გადასცემს სხვა მომხმარებელს, ექვემდებარება ჩაბარებას ტარის საწარმოში, შემოსული რაოდენობის 100 პროცენტის მოცულობით. ამასთან ერთად, ტარის ჩამბარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მუყაოს ტარის ჩაბარება (დაბრუნება) პირდაპირი დანიშნულებით გამოყენებისათვის ვარგისი სახით, იმ მოცულობებით, რომლებიც მითითებულია ამ პუნქტის მეორე და მესამე აბზაცებში. მუყაოს ტარა, რომელიც უვარგისია პირდაპირი დანიშნულებით მეორედ გამოსაყენებლად ან შესაკეთებლად, ტარის ჩამბარებელმა უნდა ჩააბაროს ტარის საწარმოს როგორც როგორც ტარა-მასალა. ტარის ჩამბარებლებთან შემოსული კვერცხის ბორცვიანი შუასადებების (მათ შორის, იმპორტული) სულ ცოტა 90 პროცენტი უცილობლად დაუბრუნდეს მიმწოდებელს (დამამზადებელს) ან ჩაბარდეს ტარის საწარმოს კვერცხის ყუთთან ერთად.
9. ხისა და მუყაოს ტარა გამოთავისუფლებისთანავე უნდა დაუბრუნდეს საქონლის გამომგზავნს (მომწოდებელს, დამამზადებელს) ან ჩაბარდეს ტარის საწარმოს მისი ავტომობილში, ვაგონში კონტეინერში ჩატვირთვის ნორმის ფარგლებში, მაგრამ არა უგვიანეს 30 დღისა მისი შემოსვლიდან, ხოლო ახალი ხილბოსტნეულის პროდუქციიდან გამოთავისუფლებული ტარა - არა უგვიანეს 10 დღის ვადისა, ტარის ჩამბარებელთან პროდუქციის შემოსვლის დღიდან. ეს ვადა არ ვრცელდება მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანოებზე, საბითუმო ვაჭრობის საწარმოებზე (ორგანიზაციებზე), აგრეთვე სამომხმარებლო კოოპერაციის სასაქონლო საწყობებზე, რომლებიც პროდუქციას ტარით აგზავნიან ბოლო მომხმარებლებამდე
10. დასაბრუნებელი ტარით პროდუქციის გაგზავნისას, მიმწოდებელი ვალდებულია გამოწეროს სერტიფიკატი (თანდართული ფორმით) ორ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მომხმარებელს არა უგვიანეს ორი დღისა პროდუქციის გადატვირთვის შემდეგ.
11. პასტისმაგვარი საღებავების, აგრეთვე ქიმიური პროდუქციისათვის (რომლებიც არ ითვლებიან საწამლავებად და შხამნივთიერებებად) გათვალისწინებული ხის კასრები, ფანერისა და მუყაოს დახვეული დოლები, ტარის ჩამბარებელმა, გარდა სავაჭრო ორგანიზაციებისა (საწარმოებისა), აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს უშუალოდ პროდუქციის გამომგზავნ ორგანიზაციებს (მომწოდებელს, დამამზადებელს) ან მათი მითითებით უახლოესი ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელს.
12. ნავთობპროდუქტების ხის ყუთები, მინიმალური ზეთებისა და კონსისტენტური საპოხების კასრები უბრუნდება პროდუქციის გამომგზავნს (მიმწოდებელს, მწარმოებელს) პროდუქციის პარტიის ვაგონით მიღებისას ან ნავთობბაზას - პროდუქციის წვრილი პარტიით მიღებისას.
13. ტარის ჩამბარებელთან ხილბოსტნეულის პროდუქციიდან გამოთავისუფლებული ხილბოსტნეულის ყუთები, პირდაპირ ბრუნვაზე დაგეგმილი ყუთების გამოკლებით, ექვემდებარება ტარის საწარმოებში აუცილებელ ჩაბარებას ან მათი განრიგით უშუალოდ მომხმარებლისათვის მიწოდებას. ტარის ჩამბარებლები (სავაჭრო, დამამზადებელი საწარმოები და ორგანიზაციები) უფლებამოსილი არიან სხვა რესპუბლიკიდან, მხრიდან და ოლქიდან შემოსული ხილბოსტნეულის ყუთები (პირველ რიგში თხელკედლოანი და მავთულშემოკავებული) გამოიყენონ მათ ბაზებსა და საწყობებში სატრანსპორტო ტარის გარეშე შემოსული ხილბოსტნეულის პროდუქციის ზამთრის მარაგად ხანგრძლივი შენახვისათვის (ასეთ შემთხვევებში ტარის ჩამბარებლის მიერ ანგარიშის წარდგენისას ტარის საწარმოს მიერ ეს ტარა აღირიცხება როგორც ტრანზიტით მიწოდებული).
14. არ ექვემდებარება ტარის საწარმოებში ჩაბარებას და ტარის ჩამბარებლისა და ტარის საწარმოების ანგარიშებში ჩართვის შემდეგი სახის ტარა:
- გასულ საანგარიშო წელს, გარდა დეკემბრისა, გამოყენებული ან ტრანზიტით დაბრუნებული ტარა;
- ტარის შემკეთებელი საწარმოების ან ტარის ჩამბარებლებისაგან თავისი პროდუქციის შესაფუთად მიღებული ტარა;
- ტარის საწარმოებიდან თავისი პროდუქციის შესაფუთად მიღებული ახალი ტარა (კომპლექტებში და აწყობილი სახით);
- საკონსერვო ქარხნებში და კომბინატებში მიღებული ხისა და მუყაოს ტარა ცარიელი მინის ქილებით;
- პირდაპირ ბრუნვაზე დაგეგმილი ხილბოსტნეულის ტარა;
- პირდაპირ ბრუნვაზე დაგეგმილი მუყაოს ტარა;
- სინთეზური ძაფებისათვის გათვალისწინებული ტარა;
- ელექტრონული და რადიო ტექნიკური მრეწველობის პროდუქციისათვის გათვალისწინებული ტარა;
- ქალაქთან ახლო მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკებისა და მეფრინველეობის მეურნეობების მიერ მიწოდებული კვერცხის ყუთები.
- მომწამვლელი და შხამიანი ნივთიერებების, ქიმიურ-ფარმაცევტული და ბიოლოგიური პრეპარატების ყუთები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საშიშროების ნიშნები;
- ასაფეთქებელი ნივთიერებების ხის ყუთები;
- თევზის მრეწველობის სანაპირო საწარმოებსა და მცურავ ბაზებს (გემებს) შორის მბრუნავი თევზის პროდუქციისათვის გამოყოფილი ყუთები და კასრები;
15. ხისა და მუყაოს ტარის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიღება ხორციელდება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად და სახელმწიფო არბიტრაჟის მიერ დამტკიცებული საწარმოო-ტექნიკური დანიშნულებისა და სახალხო მოხმარების საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიღების ინსტრუქციის მოთხოვნების საფუძველზე.
16. რესპუბლიკური საწარმოო გაერთიანება „საქტარა“ და მისი დაქვემდებარების ტარის შემკეთებელი საწარმოები აწესებენ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ტარის მთლიანი და დროული ჩაბარებისა და დაბრუნების კონტროლს, ამოწმებენ ტარის მოძრაობის ანგარიშების მონაცემებს.
17. თუ პროდუქციის (საქონლის) მიმღებებთან (მყიდველებთან) ტექნიკური პირობებით დამზადებული ხის ყუთების ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც ტარამასალა ხე-ტყის ფასით, მაშინ პროდუქციის საგადასახადო მოთხოვნაში ცალკე ხაზით უნდა მიეთითოს ხე-ტყის რაოდენობა და მისი ღირებულება ერთი კუბური მეტრი სუფთა ხე-ტყის ფასის შესაბამისად.
18. იმ შემთხვევაში, როდესაც ტარის ჩამბარებლის მიერ გამოთავისუფლებული ტარა, ტარის საწარმოს გვერდის ავლით გადაიტვირთება პროდუქციის მიმწოდებელთან, სხვა მომხმარებელთან, ან გამოიყენება საკუთარი პროდუქციის შესაფუთად, ტარის ჩამბარებელი ვალდებულია უახლოეს ტარის შემკეთებელი საწარმოს წარუდგინოს სათანადო ტრანზიტული ცნობა (ფორმა № 1 ტარა) არა უგვიანეს მომდევნო თვის ხუთი რიცხვისა. ამავე დროს ტარის მომხმარებლისათვის წარსადგენ ანგარიშებში დაარიცხოს ტარის საწარმოს სასარგებლოდ ხის ტარის სატრანზიტო ფასნამატი 0,4 პროცენტი და მუყაოს ტარისა - დასაბრუნებელი ტარის ღირებულების 0,8 პროცენტი.
დარიცხული ფასნამატი ტარის ჩამბარებლის მიერ უნდა გადაირიცხოს იმ ტარის საწარმოს ანგარიშზე, რომელიც მდებარეობს ტარის ჩამბარებლის მახლობლად.
19. საწარმოები და ორგანიზაციები ვალდებული არიან გამოშვებული პროდუქციის შესაფუთად პირველ რიგში გამოიყენონ დასაბრუნებელი ტარა და მუყაოს დამხმარე შესაფუთი საშუალებანი, მხოლოდ მისი უქონლობის შემთხვევაში - ახალი.
20. დაბრუნებული ხისა და მუყაოს ტარის მიწოდებისას მხარეები ხელმძღვანელობენ საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის მიწოდების დებულებით.
21. ხელმეორედ გამოყენებისათვის ვარგისი იმპორტული ხისა და მუყაოს ტარა გამოყენება სამამულო წარმოების პროდუქციისა და საქონლის შესაფუთად იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილია მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შენახვა. სტანდარტების მოთხოვნებით დამზადებული ხისა და მუყაოს ტარა (სამამულო წარმოების), რომელთა პირველადი დანიშნულებით ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახის პროდუქციისა და საქონლის შესაფუთად, თუ უზრუნველყოფილია მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შენახვა.
საწარმოები და ორგანიზაციები (ტარის ჩამბარებლები) უფლებამოსილი არიან აღნიშნული ტარა გამოიყენონ პირდაპირი დანიშნულებით, ჩააბარონ უახლოეს ტარის შემკეთებელ საწარმოს ან გაუკეთონ რეალიზაცია „საქტარასთან“ შეთანხმებით.
22. ტარის სტანდარტების შეცვლის შემთხვევაში, თუ ტარა უზრუნველყოფს პროდუქციის შენახვას და ტრანსპორტირებას, დასაშვებია ძველად მოქმედი სტანდარტებით დამზადებული ტარის ბრუნვა მის სრულ გაცვეთამდე.
23. პროდუქციის გამომგზავნთან (მომწოდებელთან, დამამზადებელთან) ხის ყუთების დაბრუნება ტარის საწარმოს გარეშე, ხორციელდება შეკეთებული სახით. ხოო მუყაოს ტარის შეკეთება წარმოებს იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც იგი უბრუნდება.
ნავთობპროდუქტების დაბრუნებული ტარის შეკეთება ხორციელდება ნავთობპროდუქტების ქარხნების მიერ.
24. დაბრუნებული ხის ყუთები (ფიცრული, კომბინირებული და ფურცლოვანი მერქნიდან) ხარისხის მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) ყუთები, რომლებიც საჭიროებენ შეკეთებას.
დაბრუნებული ყუთები საჭიროებენ შეკეთებას, თუ:
- გატეხილია (აკლია) 4 ცალამდე ფიცარი ან თამასა, გარდა ტორსის ვერტიკალური თამასისა მჭიდრო და გისოსებიანი ყუთებისათვის;
- გატეხილია (აკლია) ხილბოსტნეულის ყუთის გვერდის ან ძირის ერთი ფიცარი;
- დაზიანებულია ლითონის მავთული ან ლენტი, კუთხედები, ყუთი მორყეულია;
- ლურსმნები ამოწეულია.
ბ) შეკეთებული ხის ყუთები.
შეკეთებულ ხის ყუთებში აღკვეთილ უნდა იქნეს „ა“ მუხლში მითითებული დაზიანებები. იმ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციიდან, რომლითაც დამზადებულია ყუთი, დასაშვებია შეკეთებულ ყუთს ჰქონდეს შემდეგი სახის გადახრები:
- ფიცრებისა და თამასების სისქე გაზრდილია 3 მილიმეტრამდე;
- ფიცრებს შორის ღრეჩო მჭიდრო ყუთებისათვის გაზრდილია 5 მილიმეტრამდე, გისოსებიან ყუთებში - არა უმეტეს 5 მილიმეტრისა სტანდარტით გათვალისწინებულთან შედარებით;
- გამჭოლი ბზარი აღწევს არა უმეტეს ფიცრის სიგრძის ნახევარს.
გაუმჭოლი ახლეჩა ძირის, გვერდებისა და სახურავის ფიცრებზე ნაშურის ზომების ფარგლებშია.
- გამჭოლი ახლეჩა არა უმეტესი 10 მილიმეტრი სიგანისა და ფიცრის სიგრძის ნახევრისა, ამასთან არაუმეტეს სამი ცალისა გისოსებიანი ყუთებისათვის.
- ამოღებული ლურსმნის ნახვრეტები;
- გისოსებიან ყუთებში ამოვარდნილი ნუჟარიდან დარჩენილი ნახვრეტები;
- ყუთებში ლურსმნების და კავების გადიდებული რაოდენობა;
ფანერის განრშრევება და გაღუნვა ფურცლოვან ხე-ტყის მასალიდან დამზადებულ ყუთებზე, ხის ბოჭკოს ფილა, რომელიც არ აღემატება თითოეული დეტალის ფართობის 5 პროცენტს და არ არის დარღვეული მისი მთლიანობა;
- ლითონის სამაგრების ზედაპირის დაჟანგვა;
- გამოყენებულია გადაბმული ლითონი და მავთული, რომელიც შედგება ორი ან სამი ნაწილისაგან, ლითონის ლენტი გადაბმულია საკეტით ან პირგადადებით, მავთულის ბოლოები გადაბმულია გადაგრეხვით;
- ყუთის შიგა ზომები დარღვეულია ფიცრის სიგრძეზე, თამასებსა და ფარების სიგანეზე არა უმეტეს 5 პროცენტისა.
შენიშვნა: გადახრები ყუთებზე, რომლებიც გათვალისწინებულია მინის ტარით პროდუქციის შესაფუთად, დასაშვებია მხოლოდ ზრდისკენ.
- მარკირების უქონლობა.
25. ჩაშავებული დაბრუნებული ხის ტარა, (თუ ჩაშავება გამოწვეული არ არის ლპობით), ტარის საწარმოებისა და მომხმარებლების მიერ მიიღება საერთო წესით.
26. დაბრუნებული ხის კასრები ხარისხის მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) შესაკეთებელი კასრები, რომლებსაც აქვთ ერთ-ერთი შემდეგი დაზიანებიდან:
- გატეხილია ჩონჩხის არა უმეტესი სამი საკასრე ტკეჩი;
- დაზიანებულია განივი ღარი;
- დაზიანებულია სალტეები.
შენიშვნა: შესაკეთებელ კასრებს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა სამი სალტე და ორი ძირი. დასაშვებია, რომ ერთი ძირი გატეხილი იყოს, მაგრამ დეტალები უნდა ეწყოს კასრში.
ბ) შეკეთებული ხის კასრები, რომლებშიც აღკვეთილია „ა“ პუნქტში მითითებული დაზიანებები. შეკეთებულ ხის კასრებს, რომლებიც დამზადებულია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, დასაშვებია ჰქონდეს შემდეგი გადახრები:
- ამოგლეჯა ტკეჩის ზედაპირზე სიღრმით 5 მილიმეტრამდე (უნდა იქნეს გასუფთავებული);
- ახლეჩა და მოხლეჩა ჩასასხმელი კასრის ტორსზე დასაშვებია 3 მილიმეტრამდე, ტორსსა და განივ ღარს შორის სიღრმით 2 მილიმეტრამდე, ხოლო მშრალეულის კასრებზე დასაშვებია ახლეჩა 5 მილიმეტრამდე სიღრმით და 10 მილიმეტრამდე სიგანით.
- დასაშვებია ჩონჩხის და ყრუ ძირის ცალკეული ტკეჩის დეფორმაცია 5 მილიმეტრამდე იმ პირობით, თუ არაა დარღვეული კასრის სიმტკიცე და ჰერმეტულობა;
- დასაშვებია კასრის ტორსის მოჭრა სტანდარტით დაშვებულ კასრის შემდგომ მოცულობამდე;
- გამოყენებულია ნახმარი ლითონის სალტეები;
- სალტეები შესუსტებულია და აქვთ კოროზია.
შენიშვნა: 1. ნავთობქიმიური მრეწველობის პროდუქციის შესაფუთ კასრებში დასაშვებია ნაქურთის სოკოსებრი შეღებვა, ნაბურღ და გარეთა ზედაპირზე - ზედაპირული ლპობა და ობი.
2. დასაშვებია გამოყენებულ იქნეს კასრები, რომელთაც აქვთ ჩაშავებული შიგა ზედაპირი და გამჭოლი სილურჯე. თევზეული და საკვები პროდუქტებისათვის ტომრების აუცილებელი გამოყენებით დამზადებული იმ აფსკური მასალებისაგან, რომლებიც დაშვებულია საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ.
27. ხის ტარამასალად ითვლება:
- შემოსაფიცრი მასალა, ლარტყა, საყალიბე ფიცარი, ნალო, ლასტი, ტექნიკური პირობები და ნახაზებით დამზადებული ხის ყუთები.
- ხის ყუთები, რომელთა დაზიანება აღემატება 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ დაზიანებებს.
- ხის კასრების დეტალები, აგრეთვე კასრები, რომელთა დაზიანებები აღემატება 26-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ დაზიანებებს.
ტარამასალას უნდა ჰქონდეს ზომები სულ ცოტა: სიგრძით 500 მილიმეტრი (გარდა სტანდარტით დამზადებული ყუთებისა), განივკვეთით - 9 X 40 მილიმეტრი (ფიცრები, თამასები, შემოფიცვრის დეტალები, და ლარტყა).
- ხის ტარამასალაზე დასაშვებია:
ლითონის სამაგრები და ლურსმნები, გამჭოლი ნახვრეტები ფიცრის მთელ ზედაპირზე, რომლებიც დარჩენილია ლურსმნების ამოღების შემდეგ.
ფიცრის, თამასის, ძელის ტორსის და სხვა ახლეჩა სისქითა და სიგანით არა უმეტესი სიგანის და სისქის ერთი მეექვსედისა.
ფანერის გაღუნულობა და განშრევება, მერქანბოჭკოვანი ფილის გატეხვა, თუ მათი ფართობი არ აღემატება ამ მასალების საერთო ფართობის 10 პროცენტს.
ტარამასალის ზედაპირის გაჭუჭყიანება შესაფუთი პროდუქციისა და ქიმიური საღებავებისაგან დასაშვებია არა უმეტეს 100 კვადრატული სანტიმეტრისა.
28. დაბრუნებული მუყაოს ყუთები ხარისხის მიხედვით იყოფა:
ა) შესაკეთებელი ყუთები:
- პირველი კატეგორიის - ვარგისი ხელმეორედ გამოყენებისათვის, შიგა მხრიდან სუფთა, გაუმჭოლავი დაზიანების გარეშე, მთლიანი სარქველებით და დაკომპლექტებული დამხმარე შესაფუთი საშუალებებით. დასაშვებია შესაწებებილი ლენტი ლენტისა და ეტიკეტის ახევა.
- მეორე კატეგორია - ვარგისი ხელმეორედ გამოყენებისათვის, ორი გვერდის საერთო ფართობის 15 პროცენტის დეფორმაციით, 4 გამჭოლი დაზიანებით, მაგრამ არა უმეტესი ორისა თითოეულ გვერდზე. ზომით სიგრძით და დიამეტრით 5 სანტიმეტრამდე ან გაშიშვლებული გოფრით ზომით სიგრძეზე 12 სანტიმეტრი, სიგანით 6 სანტიმეტრამდე. აქვს სამაგრები, აგლეჯილია შესაწებებელი ლენტი და ეტიკეტი.
- დასაშვებია ყუთის შიგა ზედაპირის დაჭუჭყიანება შეფუთული პროდუქციისაგან, მაგრამ არა უმეტეს ყუთის ორი ადგილისა, ფართობით 50 კვადრატულ სანტიმეტრამდე.
ბ) მუყაოს შეკეთებული ყუთები:
შეკეთებულ ყუთებზე აღკვეთილ უნდა იქნეს „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დაზიანებები.
შეკეთებულ ყუთებზე დასაშვებია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებიდან შემდეგი გადახრები:
- ორი კედლის ფართობის დეფორმაცია 15 პროცენტამდე;
- დაწებება გამჭოლი ნახვრეტისა ზომებით სიგრძივად და დიამეტრით არა უმეტესი 5 სანტიმეტრისა. ამავე დროს არა უმეტეს 4 ადგილზე ყუთისა და თითოეულ გვერდზე - ორისა.
- დაწებება გაშიშვლებული გოფრისა ზომით არა უმეტეს 12 სანტიმეტრი სიგრძით 6 სანტიმეტრი სიგანით, რაოდენობით არა უმეტესი ორი ცალისა.
- დაწებებების ზომები უნდა აღემატებოდეს დაზიანების ზომებს და დაჭუჭყიანებას სულ ცოტა 2-3 სანტიმეტრისა. შესაწებებელი ლენტი უნდა იყოს დაწებებული თანაბრად, არ ჰქონდეს ნაოჭები, ნაკეცები, ბუშტულები.
- შეკეთებულ ყუთებზე არ დაიშვება დაუწებებელი ახეული ლენტა.
29. მუყაოს ტარამასალა:
მუყაოს ტარამასალა ითვლება მუყაოს ყუთები, რომელთა დაზიანებები აღემატება მეორე კატეგორიის ყუთების დაზიანებებს, მაგრამ არა უმეტეს ქვემოთ ნაჩვენები დაზიანებებისა:
ხუთო გამჭოლი დაზიანება ყუთზე, სიგრძით და სიგანით 10 სანტიმეტრი ზომებით.
მუყაოს გატეხვა, განშრევება ან მუყაოს გოფრის გაშიშვლება 15 პროცენტი ფართობით, თითოეულ გვერდზე და სარქველზე.
სარქველის მოგლეჯა ან ყუთის კედლის უქონლობა.
ყუთის გარეშე და შიდა ზედაპირის ზეთით გაჭუჭყიანება ყოველი კედლის 10 კვადრატულ სანტიმეტრამდე. გარდა ამისა, ტარამასალას მიეკუთვნება იმპორტული ყუთები, რომლებსაც არ აქვთ გასაღება, აგრეთვე გოფრირებული ფურცლოვანი მუყაო, რომელიც გამოთავისუფლებულია სამამულო და იმპორტული ავეჯის შეფუთვისაგან, ფართობით 0,5 კვადრატული მეტრიდან ზევით.
30. ყუთები, რომლებიც დამზადებულია თხელი ფიცრებით (4-6) და შპონით და შეკერილია მავთულის კავით ან შეკრულია მავთულით, შეკეთებას და ჩატარებას ტარის საწარმოებში არ ექვემდებარება, ტარის ჩამბარებლების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი შეხედულებისამებრ.
31. მინის ქილებით მიღებული საკონსერვო პროდუქციიდან გამოთავისუფლებული ხისა და მუყაოს ტარა სავაჭრო ორგანიზაციების მიერ ტარის შემკეთებელ საწარმოებში ბარდება იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება მათ მოთხოვნილებას შეგროვილი ცარიელი მინის ქილების შესაფუთად.
32. ტარას, დამზადებულს ტარის საწარმოს მიერ, ტარამასალიდან შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გადახრები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციიდან: ამოღებული ლურსმნის შედეგად დარჩენილი ნახვრეტები, ცალმხრივი ბზარები, ახლეჩები, ფანერისა და ხე-ტყის მასალის ბოჭკოს ფილების განშრევება, გაღუნვა, ხე-ტყის ჩაშვება (არგამოწვეული ლპობით), აგრეთვე შენაფუთი პროდუქციის კვალი.
ამ დეფექტების ზომები და რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ წესების 24-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს.
33. შეკეთებული ტარის სანიტარიული დამუშავება, აგრეთვე ტვირთის მარკირების მოცვლა, რომელიც დატანილია ყუთის დეტალებზე პროდუქციის დამამზადებლის მიერ, არ შედის ტარის საწარმოს და ტარის ჩამბარებლის მოვალეობაში.
34. არასტანდარტული ტარის მიწოდების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ტარის საწარმოები აღნიშნულს აცნობებენ სახსტანდარტის ორგანოებს.
35. თუ ტარის ჩამბარებელმა ამ წესის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ ჩააბარა (დააბრუნა) გამოთავისუფლებული ხისა და მუყაოს ტარის რაოდენობა საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, ტარის საწარმოს წარმომადგენელი ადგენს გამაფრთხილებელ აქტს ტარის ჩამბარებლის სააღრიცხვო-საანგარიშგებო ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ვალდებულია ხელი მოაწეროს ამ აქტს ან მასში აღნიშნოს თავისი შენიშვნები.
იმ შემთხვევაში, თუ ტარის ჩამბარებელი უარს განაცხადებს აქტის ხელმოწერაზე, შემმოწმებელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას აქტის ბოლოში და ერთ ეგზემპლარს აძლევს ტარის ჩამბარებელს.
ტარის საწარმო ვალდებულია ტარის ჩამბარებელს აცნობოს მისი ანგარიშიდან ჯარიმის ჩამოწერის შესახებ, ჩამოწერამდე არაუგვიანეს ხუთი დღით ადრე.
თუ გაფრთხილების მიღებიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში ტარის ჩამბარებელი აქტით გათვალისწინებული ტარის რაოდენობას სახეების მიხედვით ჩააბარებს მთლიანად ტარის საწარმოს, მაშინ იგი თავისუფლდება ჯარიმის გადახდიდან. ხოლო ჩაუბარებლობის ან ნაწილობრივი ჩაბარების შემთხევაში, აღნიშნული ორგანიზაცია ჯარიმდება იმ რაოდენობის ტარის ორმაგი ღირებულებით, რომელიც დადგენილ ვადაში არ იქნება ჩაბარებული.
იმპორტული უფასო მუყაოს ტარის ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯარიმა გავრცელდება 50 კაპიკის ოდენობით თითოეულ მუყაოს ყუთზე.
36. პროდუქციის მომწოდებლის მიერ მომხმარებლისაგან (ტარის ჩამბარებლები) ჯარიმის ამოღება ხორციელდება გადატვირთული პროდუქციის ტარის სერტიფიკატის პირის ან პროდუქციის (საქონლის) და ტარის საგადასახადო ანგარიშის პირის საფუძველზე.
მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაციების, საბითუმო ვაჭრობის საწარმოების მხრიდან პროდუქციის მომხმარებლისათვის მცირე პარტიებით განაწილების შემთხვევაში ტარის დაუბრუნებლობისათვის მომხმარებლისაგან (ტარის ჩამბარებლისაგან) ჯარიმის ამოღების საფუძვლად ითვლება სერტიფიკატი, რომელიც გამოიწერება აღნიშნული ორგანიზაციების მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მომხმარებლებზე (მიმღებზე) გადანაწილებისას მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაციები ან საბითუმო ვაჭრობის საწარმოები არ გაუგზავნიან პროდუქციის მიმწოდებელს (გამომგზავნს, დამამზადებელს) დადგენილი წესით თავის მიერ გამოწერილ სერტიფიკატს, ტარის დაუბრუნებლობის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ორგანიზაციებს.
37. ტარის ჩამოწერა:
საწარმოები, გაერთიანებები და ორგანიზაციები (სატრანსპორტო ტარის მფლობელნი), მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ვალდებული არიან ყოველი წლის დასაწყისში 1 იანვრის მდგომარეობით უზრუნველყონ სატრანსპორტო ტარის ინვენტარიზაცია დამტკიცებული დებულების მიხედვით და საინვენტარიზაციო კომისიების მიერ უვარგისად ცნობილი ტარის მოცულობა წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „საქტარის“ წარმომადგენლებს, რომელთა დასკვნით უვარგისად ცნობილი ტარა შეუძლიათ ჩამოწერონ ბალანსიდან. ამავე დროს უვარგისად ცნობილი ტარიდან მიღებული ტარამასალა გამოიყენონ სხვა ყუთების შესაკეთებლად, ნორმის ფარგლებში, ხოლო ასეთის არ საჭიროების შემთხვევაში - ჩააბარონ უახლოეს ტარის შემკეთებელ საწარმოს მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით.
ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დაუცველად სატრანსპორტო ტარის ჩამოწერის შემთხვევაში საწარმოებს, გაერთიანებებსა და ორგანიზაციებზე გავრცელდეს საჯარიმო სანქციები ჩამოწერილი ტარის ღირებულების ორმაგი ოდენობით.