შემეცნებით-კომერციული თამაშის „ტკბილქართული სიტყვების“ ჩატარების შესახებ
მიღების თარიღი 15.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №876
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000224 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 11, 29/11/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
შემეცნებით-კომერციული თამაშის „ტკბილქართული სიტყვების“ ჩატარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №876
1991 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
შემეცნებით-კომერციული თამაშის „ტკბილქართული სიტყვების“ ჩატარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს ინდივიდუალურად მომუშავეთა და სამეურნეო-სამეცნიერო საქმიანობის ასოციაცია „შემოქმედის“ წინადადება და ნება დაერთოს მას ჩაატაროს შემეცნებით-კომერციული თამაში „ტკბილქართული სიტყვა“ (ავტორი ნოდარ მოსაშვილი).
2. დამტკიცდეს შემეცნებით-კომერციული თამაშის ჩატარების თანდართული დებულება.
3. შემეცნებით-კომერციული თამაშის ჩატარების წესისა და პირობების დაცვის და ამ დადგენილების შესრულებისათვის პასუხისმგებლობა და კონტროლი დაეკისროთ ასოციაცია „შემოქმედს“ და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს.
4. ასოციაცია „შემოქმედს“ შემეცნებით-კომერციული თამაშის „ტკბილქართული სიტყვის“ ჩატარებისათვის გაეხსნას სპეციალური ანგარიში ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის საქბინსოცბანკის განყოფილებაში.
5. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ ხელი შეუწყოს შემეცნებით-კომერციული თამაშის ჩატარებას.
მოგებათა განაღდების მოხმარების თამაშია ანგარიშზე შემოსული თანხების (ამონაგების) 50 პროცენტი.
ამონაგების მეორე ნახევრის 35 პროცენტი, იმ თანხების გამოკლებით, რომლებიც წარიმართება საორგანიზაციო კომიტეტისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების ნორმატიულ ფონდსა და მის შესაბამის ანარიცხებზე, რეკლამისათვის, ტირაჟის ჩატარების დაცვის ღონისძიებებისათვის, შენობის არენდისათვის, სხვა ორგანიზაციათა მომსახურებისა თუ სხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, ამჟამად არსებული წესის შესაბამისად ჩაირიცხოს საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი სახსრები განაწილდეს თანდართული დებულების მიხედვით.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი ა. ლანდია
შემეცნებითი კომერციული თამაშის „ტკბილქართული სიტყვის“
დებულება
1. შემეცნებით-კომერციული თამაშის მიზნები
ყოველთვის, განსაკუთრებით კი საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას უდავოდ წარმოადგენს რესპუბლიკის მასშტაბით ქართული ენის პროპაგანდა დახვეწილი ხერხებით. მიზანი ორია, პირველი: ქართულენოვანმა მოსახლეობამ კიდევ უფრო გაიმდიდროს საკუთარი ცოდნა, სიტყვათა მარაგი, აიმაღლოს მეტყველების კულტურა; მეორე: არაქართულენოვანი მოსახლეობა ნებაყოფლობით დაინტერესდეს ქართული ენის შესწავლით.
მოსახლეობისათვის შემეცნებით-კომერციული თამაშის ფორმის შეთავაზება საშუალებას იძლევა დავაინტერესოთ ადამიანი მატერიალური მოგებით, ხოლო რამდენადაც გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება ქართული სიტყვის ცოდნით, უკვე სპორტული ინტერესი უბიძგებს ადამიანს თამაშში ჩაბმისა და, შესაბამისად ქართული სიტყვის, მისი აგებულების, შედგენილობისა და ოპტიმალური ვარიანტების გამოძიების შესახებ ფიქრისაკენ.
2. პირობითი ცნებები
2.1. ფრაგმენტი – ასო, ან ასოთა მიმდევრობა.
2.2. ვარიანტი – სიტყვის ფრაგმენტი ისეთ სიტყვასთან ერთად, რომლიდანაც ეს ფრაგმენტი მიიღება ერთი ან რამდენიმე ასოს ამოღების შედეგად ან რომელიც ემთხვევა ამ ფრაგმენტს.
2.3. მართებული სიტყვა – სიტყვა, რომელიც გვხვდება ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (ა. ჩიქობავას რედაქციით) ანბანურ რიგში და ამასთან:
ა) ბუნებრივ ფორმაში არ შეიცავს დეფისს (მაგალითად, სიტყვები: „დედ-მამა“, „დედიან-ბუდიანად“ და ა. შ. არ იქმნება მართებული, რადგან შეიცავს დეფისს, მაგრამ სიტყვა „სდევს“ იქმნება მართებული, თუმცა აღნიშნულ ლექსიკონში ანგარიშში იგი წერია ფორმით: „ს-დევ-ს“).
ბ) წარმოადგენს დასრულებულ სიტყვას და არა სიტყვის ნაწილს (მაგ. „-კენ“, „-თან“, „-თანა“ და ა. შ. არ იქმნება მართებული სიტყვები).
გ) მას არ უნდა ჰქონდეს მიწერილი „(მოძვ.)“ – რაც ნიშნავს მოძველებულს (მაგალითად, არ არის მართებული სიტყვა „ელსმენი“).
2.4. მართებული ვარიანტი – ფრაგმენტი მის შემცველ მართებულ სიტყასთან ერთად.
შემეცნებით-კომერციული თამაშის არსი
თამაშის განმავლობაში ხდება ასოებისაგან მართებული სიტყვის აგება. თამაში შედგება ეტაპებისაგან. პირველ ეტაპზე ხდება ქართული ანბანიდან ერთ-ერთი ასოს არჩევა, რომელიც მეორე ეტაპისათვის ჩაითვლება ფრაგმენტად. მეორე ეტაპიდან დაწყებული ყოველ შემდეგ ეტაპზე ხდება წინა ეტაპზე მიღებული ფრაგმენტისათვის კიდევ ერთი ასოს დამატება (თავში, ბოლოში ან შუაში), რითაც მიიღება ახალი ფრაგმენტი.
4. მოთამაშეები. თამაშში ჩაბმა ნებისმიერი ეტაპიდან შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
5. თამაშის ორგანიზება. თამაშს წარმართავს საორგანიზაციო კომიტეტი ავტორის თავმჯდომარეობით. თამაშისათვის ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში.
6. თამაშში მონაწილეობის წესი. თამაშის მოცემულ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად მოთამაშემ წინასაწარ გამოქვეყნებულ ვადაში თამაშის ანგარიშზე უნდა გადმორიცხოს ნებისმიერი თანხა თავისი შეხედულებისამებრ საფოსტო გზავნილით. ამასთან საფოსტო გზავნილის წერილისათვის განკუთვნილი ადგილი აუცილებლად უნდა იყოს შევსებული ბეჭდური ასოებით შემდეგნაირად;
ა) მეორე ხაზზე უნდა დაიწეროს შემოთავაზებული ფრაგმენტი.
ბ) მეოთხე ხაზზე – მართებული სიტყვა, რომელიც შეიცავს შემოთავაზებულ ფრაგმენტს.
გ) მეექვსე ხაზზე – გადმორიცხვის თარიღი.
დ) თუ ეტაპის შედეგების გამოცხადებისას მოთამაშეს სურს ინკოგნიტოდ დარჩენა, მაშინ მეორე ხაზზე მან უნდა მიუთითოს თავისი პასპორტის სერია და ნომერი.
მოთამაშეს ერთსა და იმავე ეტაპზე შეუძლია შემოგვთავაზოს იმდენი ვარიანტი, რამდენსაც საჭიროდ ცნობს, ოღონდ ყოველ განსხვავებულ ვარიანტზე აუცილებელია ახალი საფოსტო გზავნილის გამოგზავნა.
საფოსტო გზავნილის წერილისათვის განკუთვნილ არეში დაუშვებელია რისიმე გადასწორება (ამოფხეკა და ა.შ.).ასეთ შემთხვევაში გზავნილი დაწუნებულად ჩაითვლება და შესაბამისი ვარიანტი გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
7. საფოსტო გზავნილის გამოგზავნის ვადა. საფოსტო გზავნილის გამოგზავნის ვადებს განსაზღვრავს და აცხადებს გაზეთში საორგანიზაციო კომიტეტი. ვადაზე უფრო გვიან გამოგზავნილი გზავნილები გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
8ეტაპზე გამარჯვებული ფრაგმენტის განსაზღვრა. ყოველ ეტპზე გამარჯვებული ფრაგმეტის განსაზღვრა ხდება იმ ვარიანტების მიხედვით, რომლებიც საოგანიზაციო კომიტეტში შემოვა ამ მიზნებისათვის დადგენილ ვადაში, მაგალითად, გაზეთ „ხე ცხოვრებისას“ გამოსვლიდან მე-10 დღის ბოლოს (უფრო გვიან მიღებული გამარჯვებული ფრაგმენტის შემცველი გზავნილები, რომლებიც ვადის დაცვით იყო გამოგზავნილი, ქულებს აგროვებენ ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე მიღებული გამარჯვებული ფრაგმენტის შემცველი გზავნილები). ჯერ ყველა მიღებული გზავნილი დაჯგუფდება ფრაგმენტების მიხედვით და განისაზღვრება ის ფრაგმენტი, რომელზეც მოსულია ყველაზე ნაკლები გზავნილი (ანუ ყველაზე იშვიათი ფრაგმენტი). თუ ორ ან მეტ ფრაგმეტზე შემოვიდა ერთი და იმავე რაოდენობის გზავნილი, არჩეულ იქნება ის ფრაგმენტი, რომელშიც მიმდინარე ეტაპზე დამატებულ ასოს ანბანში უფრო დიდი ნომერი აქვს (ანუ უფრო ახლოსაა ანბანის ბოლოსთან). თუ ამის შედეგაც ერთზე მეტი ფრაგმენტი დარჩა, უპირატესობა იმას მიეცემა, სადაც ასო დამატებულია უფრო მარცხნივ.
ამის შესახებ არჩეული ფრაგმეტის შემცველი გზავნილებიდან ხდება მართებული სიტყვის შემცველი გზავნილების ამორჩევა (დანარჩენი გზავნილები კი უქმდება). თუ მოიძებნა ერთი ამგვარი გზავნილი მაინც (ე. ი. მართებული ვარიანტის შემცველი), მაშინ ეს ფრაგმენტი ცხადდება გამარჯვებულად (წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფრაგმენტი მთლიანად უქმდება და ფრაგმენტების განხილვა იწყება თავიდან), ხოლო ისინი, ვინც ვადების დაცვით გამოაგზავნეს გამარჯვებული ფრაგმენტის შემცველი მართებული ვარიანტი, ცხადდებიან ეტაპზე გამარჯვებულად და მიიღებს იმდენ ქულას, რა თანხაც გადმორიცხეს გამარჯვებული ფრაგმენტის შემცველი გზავნილით (მაგ; თუ გადმორიცხეს 10 მან. მიიღებენ 10 ქულას, 127 მან. – 127 ქულას და ა. შ).
ამგვარად, იმისათვის, რომ ეტაპზე განისაზღვროს გამარჯვებული ვარიანტი, საჭიროა, რომ საორგანიზაციო კომიტეტში დათქმულ ვადაში შემოვიდეს ორი ან მეტი განსხვავებული ფრაგმენტის განაცხადი (რათა არსებობდეს არჩევი საშუალება) და იმ ფრაგმენტის განცხადებში, რომლებიც რაოდენობით ნაკლებია, მოიძებნოს ერთი მართებული ვარიანტი მაინც.
9. თამაშის დასასრული. სიტყვის გათამაშება მთავრდება, როდესაც შესრულდება ერთ-ერთი შემდეგ პირობათაგან:
ა) გამარჯვებული ფრაგმენტი წარმოადგენს მართებულ სიტყვას.
ბ) არ შესრულდა წინა პუნქტის ბოლო აბზაცში აღნიშნული პირობა გამარჯვებული ვარიანტი გამოსავლენად.
შენიშვნა: თუ აღნიშნული პირობა შესრულდება მოგვიანებით ახალი განცხადების მოსვლასთან დაკავშირებით, საორგანიზაციო კომიტეტი ზემოთ აღნიშნული წესით გამოავლენს გამარჯვებულ ვარიანტს და დაარიცხავს ქულებს, მაგრამ სიტყვის გათამაშება აღარ გაგრძელდება.
10. ამონაგების განაწილება. ამონაგები ნაწილდება შემდეგნაირად:
- მოგებათა განაღდებას მოხმარდება თამაშის ანგარიშზე შემოსული თანხის (ამონაგების) 50 პროცენტი;
- ამონაგების მეორე ნახევრიდან იმ თანხების გამოკლებით, რომლებიც მიიმართება საორგანიზაციო კომიტეტისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების ნორმატიულ ფონდში და მის შესაბამის ანარიცხებზე, რეკლამაზე, ტირაჟის ჩატარების დაცვის ღონისძიებებზე, შენობის არენდაზე, სხვა ორგანიზაციების მომსახურების ხარჯებზე და სხვა წვრილმან ხარჯებზე, 35 პროცენტი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ამჟამად არსებული წესის შესაბამისად. ხოლო დანარჩენი სახსრები განაწილდება საავტორო ჰონორარზე (ამონაგების 5 პროცენტი) და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ასოციაცია „შემოქმედის“ ინტელექტუალური და სხვა საქმიანობის განვითარების ღონისძიებებზე.
11. საპრიზო ფონდის განაწილდება. საპრიზო ფონდი ნაწილდება სხვადასხვა ეტაპზე გამარჯვებულ პირთა შორის შემდეგი წესით:
ა) ჯერ გამარჯვებული პირის ქულები მრავლდება გამოსახულებაზე: 2n-1, სადაც n არის მოცემულ გათამაშებაში იმ ეტაპების რაოდენობა, რომლებშიც გაიმარჯვა პიროვნებამ. მაგალითად, თუ პირმა გათამაშების მანძილზე დააგროვა 200 ქულა, მაშინ მას საბოლოოდ ექმნება ქულათა შემდეგი რაოდენობა:
რამდენ ეტაპზე გაიმარჯვა
(n)
2n-1
ქულათა საბოლოო რაოდენობა
1
1
200 X 1=200
2
2
200 X 2 =400
3
4
200 X 4 =800
4
8
200 X 8 =1600 და ა.შ.
საპრიზო ფონდში არსებული თანხა გაიყოფა გათამაშების განმავლობაში ყველას მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობაზე, რითაც დადგინდება 1 ქულაზე მოსული თანხა.
გ) ეს თანხა თითოეული პირისათვის გამრავლდება მის მიერ დაგროვილ ქულებზე, რითაც განისაზღვრება ცალკეული პირისათვის განკუთვნილი თანხა. აღნიშნული თანხა არ იბეგრება.
დ) მოგება მოთამაშემ უნდა მიიღოს პირადა თამაშის საორგანიზაციო კომიტეტში.
ე) ცალკეული პირისათვის გასაცემი თანხიდან გაიცემა მხოლოდ მანეთების შესაბამისი რაოდენობა, ხოლო კაპიკების შესაბამისად თანხა გადაირიცხება მომავალი გათამაშების საპრიზო ფონდში.
12. თამაშის მსვლელობის გამოქვეყნება. თამაშის მსვლელობა შუქდება გაზეთ „ხე ცხოვრებისას“ (ან სხვა გაზეთების) ფურცლებზე.
13. პრეტენზიები. საორგანიზაციო კომიტეტი პრეტენზიებს განსახილველად მიიღებს ეტაპის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში.
14. მოგების მიღების ვადები. გამარჯვებულმა პირმა მოგების მისაღებად საორგანიზაციო კომიტეტს უნდა მიმართოს გათამაშების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან სამი თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი თანხები გამარჯვებულ პირზე აღარ გაიცემა და გადაირიცხება მომდევნო გათამაშების საპრიზო ფონდში.
შენიშვნა: საორგანიზაციო კომიტეტს უფლება აქვს დახვეწოს თამაშის წესები ყოველი შემდგომი სიტყვის გათამაშებისათვის.