ფასების ლიბერალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 29.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 000000100.02(0).000.000247 15
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ფასების ლიბერალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №83
1992 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
ფასების ლიბერალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ 1991 წელს რესპუბლიკაში დაიწყო, მაგრამ არასაკმარისი ტემპებით ხორციელდებოდა ფასების ლიბერალიზაციის ღონისძიებები, რის შედეგადაც წარმოების და მომსახურების ცალკეულ დარგებსა და საწარმოებს შეექმნათ დამატებითი სიძნელეები, კიდევ უფრო გაღრმავდა სამომხმარებლო ბაზრის დაძაბულობა, ფასწარმოქმნის სფეროში, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკაში, თავი იჩინა სტიქიურმა პროცესებმა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ყოფილ სსრ კავშირში შემავალი სუვერენულ სახელმწიფოებში თავისუფალი (საბაზრო) ფასების შემოღებასთან დაკავშირებით, აუცილებელი ხდება რესპუბლიკის შიდა ბაზრის დაცვა, საგარეო ვაჭრობაში (საქონელგაცვლაში) საბაზრო პრინციპებზე გადასვლა და აუცილებელი ექვივალენტობის უზრუნველყოფა. საქართველოს რესპუბლიკაში აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელდეს ფასების ლიბერალიზაციის ფართო მასშტაბის ღონისძიებანი და მათი სასურველი შედეგიანობის უზრუნველსაყოფად რადიკალურად დაჩქარდეს საბაზრო სტრუქტურების ჩამოყალიბება, თავისუფალი კონკურენციის წარმოშობისათვის აუცილებელი ეკონომიკური და ორგანიზაციული წანამძღვრების შექმნა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის საწარმოებსა და გაერთიანებებს, ყველა იურიდიულ პირს, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმებისა ყველა სახის საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის, სამომხმარებლო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების (გარდა ამ დადგენილების №1 და №2 დანართებში ჩამოთვლილი სახეებისა, რომლებზეც ვრცელდება ფასებისა და ტარიფების პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება) რეალიზაცია 1992 წლის 1 თებერვლიდან მოახდინონ თავისუფალ (საბაზრო) ფასებში, რომლებიც ყალიბდება წარმოების (რეალიზაციის) ხარჯებისა და ბაზრის კონიუნქტურის (მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ჩამოყალიბებული თანაფარდობის) საფუძველზე.
5. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ნედლეულის სახელმწიფო შესყიდვა მოხდეს თავისუფალი (საბაზრო) ფასებით (გარდა მარცვლის, ხორცის, რძის, კარტოფილისა და ჩაის ფოთლისა).
2. საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა დაამუშაონ და ა. წ. 31 იანვრამდე წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს №1 და №2 2 დანართებში ჩამოთვლილი განსაკუთრებული სოციალური მნიშვნელობის მქონე პროდუქციის (მომსახურების) საბითუმო და საცალო ფასების პროექტები (ზღვრული დონეები). საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილებების საფუძველზე გამოსცეს და სამოქმედოდ შემოიღოს ახალი სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პრეისკურანტები.
ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირების სხვა წესი, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო.
3. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ რესპუბლიკის დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით:
- უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გაითვალისწინოს, როგორც გამონაკლისი, ცალკეულ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებზედაც ხორციელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება, დოტაციების გამოყოფა დამტკიცებული ბიუჯეტების ფარგლებში და განსაზღვროს დოტირების წესი;
- დაამუშაოს და სამოქმედოდ შემოიღოს საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციაზე, სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე თავისუფალი (საბაზრო) ფასების გამოყენების დროებითი დებულება;
- აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს რეგულირებადი ფასები და ტარიფები, დაადგინოს და შეცვალოს საწარმოებისათვის თავისუფლად სარეალიზაციო პროდუქციის ხვედრითი წილი, შეცვალოს ნომენკლატურა იმ პროდუქციის (სამუშაოებისა, მომსახურებისა), რომლებზედაც ვრცელდება ფასების (ტარიფების) პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება.
4. დაწესდეს, რომ სახელმწიფო რეგულირებადი და თავისუფალი (საბაზრო) ფასებისა და ტარიფების განსაზღვრისა და გამოყენების დროს ყველა საწარმო, საკუთრებისა და დაქვემდებარების ფორმების მიუხედავად, ვალდებულია მოახდინოს პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულების კალკულაცია არსებული წესის (დებულების) მიხედვით.
5. შენარჩუნებულ იქნეს 1992 წლის I კვარტალში №2 დანართში ჩამოთვლილ სამომხმარებლო საქონელზე მოქმედი სავაჭრო დათმობები, გარდა პურისა.
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ვაჭრობის სამინისტროსთან და ცეკავშირის გამგეობასთან შეთანხმებით დაადგინოს პურზე ახალი სავაჭრო დათმობის განაკვეთი.
6. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტთან ერთად დაამუშაოს და სამოქმედოდ შემოიღოს დებულება მონოპოლისტ-საწარმოთა პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასების (ტარიფების) რეგულირების მექანიზმის შესახებ.
7. დაევალოს საწარმოებს, გაერთიანებებს, სხვა სამეურნეო სუბიექტებს თავისუფალი (საბაზრო) ფასებისა და ტარიფების სამოქმედოდ შემოღებისა და მათი შეცვლის შემთხვევაში ინფორმაცია დადგენილი წესის (ფორმის) მიხედვით გადასცენ სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტს, ხოლო ამ უკანასკნელმა მოახდინოს ფასებისა და ტარიფების რეგისტრაცია და ინდექსაცია, ანალიზური მასალების მომზადება.
დაწესდეს, რომ ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების, მომარაგება-გასაღებისა და სავაჭრო-შემსყიდველი ყველა საწარმო და ორგანიზაცია (მიუხედავად საკუთრების ფორმებისა) ახდენს გამოყენებული სავაჭრო დარიცხვების, მომარაგება-გასაღების ფასდანამატებისა და საკომისიო მოსაკრებლების რეგისტრაციას საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ორგანოებს.
8. ნება დაერთოს ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს, ქალაქებსა და რაიონების ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს აუცილებლობის შემთხვევაში შეამცირონ ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე დაწესებული ზღვრული ფასები და ტარიფები.
9. რეკომენდაცია მიეცეთ ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს აუცილებლობის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე მოახდინონ:
რეგულირება დარიცხვებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების (სკოლების, სტუდენტური, მუშათა სასადილოების და სხვათა) პროდუქციაზე;
რეგულირება ტარიფებისა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და მოსახლეობის მომსახურების სხვა უმნიშვნელოვანეს სახეობებზე.
10. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებმა, რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა უზრუნველყონ საწარმოები, ორგანიზაციები და სხვა სამეურნეო სუბიექტები ფასების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მეთოდური და ინსტრუქციული მასალებით.
11. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებმა, ქალაქებისა და რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა ახალი პირობების შესაბამისად სრულყონ და გააძლიერონ ფასწარმოქმნის სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლი.
ნებისმიერი საწარმოსა და ორგანიზაციის მიერ (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) როგორც სახელმწიფო რეგულირებადი, ისე თავისუფალი (საბაზრო) ფასებისა და ტარიფების გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში არა- კანონიერი გზით მიღებული მოგების მთელი თანხა და იგივე სიდიდის ჯარიმა უდავო წესით ამოიღება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ დაამუშაოს და დაამტკიცოს ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვისათვის ეკონომიკური სანქციების გამოყენების წესი (ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გათვალისწინებით) და დაიყვანოს იგი დაინტერესებულ სამინისტროებამდე და უწყებებამდე, საწარმოებამდე და ორგანიზაციებამდე.
12. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ფასების ლიბერალიზაციის პირობებში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით 1992 წლის 15 იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 13 იანვრის და №13 და №14 დადგენილებებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკების ხელფასები, ასევე პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები გაზრდილია ასი პროცენტით.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
დანართი №1
ნუსხა
იმ საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციისა და მომსახურებისა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა, რომლებზეც ვრცელდება ფასებისა და ტარიფების პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება
სახელმწიფო რეგულირებადი საბითუმო ფასები და ტარიფები
ქვანახშირი
ნავთობი
ბუნებრივი და თხევადი გაზი
ძრავისა და საქვაბეს საწვავი, ნავთი
ელექტროენერგია და თბოენერგია (ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის საწარმოები)
ძვირფასი ლითონები (მათი შენადნობები, ჯართი – და ნარჩენები), ძვირფასი, ნახევრადძვირფასი, სინთეზური და ხელოვნური ქვები და მათგან დამზადებული ნაწარმი
ტვირთების გადაზიდვა სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტით
კავშირგაბმულობის მომსახურების ძირითადი სახეები (განისაზღვრება კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით).
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახელმწიფო რეგულირებადი
შესასყიდი ფასები
მარცვალი
კარტოფილი
ჩაი
ხორცი
რძე
ჩაის ფოთოლი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
დანართი №2
ნ უ ს ხ ა
მოსახლეობისათვის მისაყიდი იმ სამომხმარებლო საქონლისა (მომსახურებისა), რომელთა საცალო ფასები (ტარიფები) უშუალოდ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ
პური
რძე, ბავშვთა კვების პროდუქტები
ხორცი და ხორცის პროდუქტები
კარტოფილი
მარილი
შაქარი
მცენარეული ზეთი
ასანთი
მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი)
ინვალიდობის პროფილაქტიკისა და ინვალიდთა რეაბილიტაციის
ტექნიკური საშუალებები)
ბენზინი
დიზელის საწვავი
ნავთი
ქვანახშირი, ღუმელის საწვავი
ბუნებრივი და თხევადი გაზი
ელექტროენერგია
წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მომსახურება
თბური ენერგია ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყალმომარაგებისათვის
ბინის ქირა, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრების ქირა
სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტით
მგზავრების გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა
კავშირგაბმულობის მომსახურების ძირითადი სახეები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
*) ამ ჯგუფის ნაწარმთა კონკრეტული სახეები განისაზღვრება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.