მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.03.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №348
სარეგისტრაციო კოდი 000000360.02(0).000.000302 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
800 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №348 1992 წლის 25 მარტი ქ. თბილისი მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 15 ნოემბრის № 874 დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: დამტკიცდეს თანდართული დროებითი დებულება მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი  ბ. ბერიძე დროებითი დებულება მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის შესახებ 1. დროებითი დებულება განსაზღვრავს მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. 2. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შეწყალების შუამდგომლობათა გარდა განიხილავს სასჯელმოხდილ პირთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გაათავისუფლონ ისინი მატერიალური ზარალის ანაზღაურებისაგან, რომლის გადახდევინება სასამართლოს განაჩენით დაკისრებული აქვთ რესპუბლიკური და ადგილობრივ ბიუჯეტზე არსებული ორგანიზაციების, საწარმოებისა და დაწესებულებების სასარგებლოდ. 3. შუამდგომლობას მსჯავრდადებულის შეწყალების შესახებ განიხილავენ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულება შეწყალების შუამდგომლობის შესახებ საბოლოოა. 5. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი როგორც წესი, შეწყალებას შეუფარდებს მსჯავრდადებულს თვით მისი პირადი შუამდგომლობის საფუძველზე. 6. შეწყალების შუამდგომლობის განხილვისას ითვალისწინებენ მსჯავრდადებულის პიროვნულ თვისებებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ადრინდელ ნასამართლობას, სასჯელის მოხდის ადგილზე მისი ქცევის წესს, ოჯახურ მდგომარეობას, შრომისადმი დამოკიდებულებას, შრომა-გასწორების დაწესებულების ადმინისტრაციის აზრს. 7. პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ან სასჯელის უფრო მსუბუქი ზომა, შეიძლება შეეფარდოთ შეწყალება, თუ მსჯავრდადებული მოიხდის სასჯელის ვადის. არანაკლებ ნახევარს. შეწყალება, როგორც წესი, არ შეეფარდებათ იმ პირებს, რომლებიც წინათ, შეწყალების წესით, ვადამდე იყვნენ განთავისუფლებულნი სასჯელის მოხდისაგან და ნასამართლობის ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინეს დანაშაული, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც კანონით დადგენილი წესით ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, 8. მსჯავრდადებულისათვის შეწყალების შეფარდებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) გათავისუფლება ძირითადი ან დამატებითი სასჯელისაგან; ბ) სასჯელის ვადის შემცირება; გ) თავისუფლების აღკვეთის ვადის მოუხდელი ნაწილის შეცვლა სასჯელის უფრო მსუბუქი ზომით. 9. შეწყალების შუამდგომლობის მასალებს ამზადებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდადებული პირების შეწყალების შუამდგომლობათა მომზადების განყოფილება, რომელიც ამასთანავე კონტროლს უწევს შეწყალების შუამდგომლობათა გამო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებათა დროულად შესრულებას. 10. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში დანაშაულისათვის მსჯავრდადებული პირის შუამდგომლობის განხილვის მასალებს უნდა დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს დასკვნა. 11. შუამდგომლობას იმ მსჯავრდადებული პირის შეწყალების შესახებ, რომელმაც მოიხადა სასჯელის დანიშნული ვადის უმნიშვნელო ნაწილი, აგრეთვე იმ პირის შეწყალების შესახებ, რომელიც მსჯავრდადებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში დანაშაულისათვის, ან იმ პირის მიმართ, რომელიც კანონით დადგენილი წესით ცნობილია როგორც განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი, სასჯელის მოხდილი ვადის მიუხედავად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმს წარუდგენენ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებანი ან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს, დეპუტატების, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს წარდგინებანი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველად უბრუნდება განმცხადებელს. შენიშვნა: განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას შუამდგომლობის მასალებს უნდა დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორისა და საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის დასკვნები განსახილველი საქმის თაობაზე. 12. განმეორებით შუამდგომლობას იმ პირის შეწყალების შესახებ, რომელიც მსჯავრდადებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში დანაშაულისათვის, თუ არ არსებობს განსაკუთრებული გარემოებანი, როგორც წესი განიხილავენ წინა შუამდგომლობაზე უარის თქმის დღიდან ექვსი თვის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე შემოსული განმეორებითი შუამდგომლობა არ განიხილება. 13. მსჯავრდადებული პირების შეწყალების შუამდგომლობის მასალებს განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმთან შექმნილი შეწყალების საქმეთა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციული ორგანოების საკითხთა მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. 14. კომისიის წინადადებებს მსჯავრდადებული პირის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ წარუდგენენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმს. 15. შეწყალების შუამდგომლობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირი არასწორადაა მსჯავრდადებული, გადაეგზავნება საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სასამართლო ან პროკურატურის ორგანოებს ზედამხედველობის წესით შესამოწმებლად. 16. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი მსჯავრდადებული პირის შეწყალების შესახებ გამოსცემს განკარგულებას, რომელიც შესასრულებლად ეგზავნებათ: ა) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა მიმართ, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, აგრეთვე მსჯავრდადებულნი არიან გადასახლებით, გასახლებით, გამასწორებელი სამუშაოებით თავისუფლების აღუკვეთლად; ბ) საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს იმ პირთა მიმართ, რომელთაც მისჯილი აქვთ სასჯელის სხვა ზომები, რაც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, და განკარგულება მატერიალური ზარალის ანაზღაურებისაგან განთავისუფლების თაობაზე. 17. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულება მსჯავრდადებულის შეწყალების შესახებ უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ, განკარგულების ამონაწერის მიღებისთანავე. 18. იმ მიზნით, რომ გაიზარდოს შეწყალების აქტის მნიშვნელობა მსჯავრდადებულთა გამოსწორებისათვის, პატიმრობის ადგილების ადმინისტრაციას თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულება მსჯავრდადებული პირის შეწყალების შესახებ გამოაცხადოს შრომა-გასწორების დაწესებულების პატიმართა კრებაზე ან გააცნოს პატიმრებს ეს განკარგულება ბრიგადებში, რაზმებსა და ქვეგანაყოფებში. 19. ცნობებს შეწყალების შესახებ განკარგულების შესრულების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უგზავნის ის ორგანო, რომელსაც ეკისრება ამ განკარგულების შესრულება. 20. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო ორგანოები გამოიტანენ გადაწყვეტილებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან ზედამხედველობის წესით განაჩენის გაუქმების ან შეცვლის თაობაზე იმ მსჯავრდადებულის მიმართ, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა შეიწყალა, სასამართლო ორგანოები მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. მსჯავრდადებულის შეწყალების შესახებ ადრე გამოტანილი განკარგულების გაუქმების ან შეცვლის საკითხი განიხილება მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს პირი იხდის სასჯელს.