ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტეტუნაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29727/21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტეტუნაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის

გადაწყვეტილება საქმეზე

„ტეტუნაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N29727/21)

სტრასბურგი

2025 წლის 11 თებერვალი

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.

საქმეზე „ტეტუნაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), კომიტეტის სახით შემდეგი შემადგენლობით:

ანნე ლუის ბორმანნ, თავმჯდომარე;
სებასტიან რადულეტუ,ანდრას იაკობ, მოსამართლეები,და სიმონ პეტროვსკი, განმწესრიგებლის მოადგილე,გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N29727/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 27 მაისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შეიტანა საქართველოს მოქალაქემ, ბ.-მა ვლადიმერ ტეტუნაშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1978 წელს, მცხოვრები გორში, რომელსაც წარმოადგენდა ბ.-ნი ა. მერებაშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში;

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ.-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ შეტყობინებაზე;

მხარეთა მოსაზრებები;

2025 წლის 21 იანვრის დახურულ თათბირზე,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1. საქმე ეხება მომჩივნის დავას კონვენციის მე-3, მე-5 და მე-13 მუხლების ფარგლებში, რომ მისი დაკავება იყო უკანონო, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და რომ გამოძიება მის ბრალდებებთან დაკავშირებით არ იყო ეფექტური.

მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა

2. მომჩივნის ვერსიით, 2020 წლის 17 აპრილს, დაახლოებით საღამოს 5 საათისკენ ის ორმა პოლიციელმა გააჩერა ქუჩაში, გორში და მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ის დაემორჩილა მოთხოვნას, თუმცა პოლიციელებმა არ მიიღეს მისი დოკუმენტი და შეატყობინეს, რომ დააჯარიმებდნენ. მომჩივანმა გააპროტესტა და დაიწყო მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ამ 2 პოლიციელის გადაღება საკუთარი მობილური ტელეფონით. პოლიციელები გახდნენ აგრესიულები და დაიწყეს მისი შეურაცხყოფა. ამასობაში, შემთხვევის ადგილზე კიდევ რამდენიმე პოლიციელი მივიდა და ერთ-ერთმა მათგანმა სცადა მობილური ტელეფონის ხელში ჩაგდება, თუმცა მომჩივანმა ხელი არ გაუშვა მას. მომჩივნისა და 2 თვითმხილველი მოწმის თანახმად, ერთ-ერთმა პოლიციელმა ფეხი ჩაარტყა მომჩივანს, რის გამოც მობილური ტელეფონი დავარდა მიწაზე და გატყდა. შემდეგ მომჩივანი ძალით ჩასვეს პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაში და წაიყვანეს გორის პოლიციის დაწესებულებაში. მომჩივნის თანახმად, მას სილა გააწნეს სახეში და შეაგინეს პოლიციის მანქანაში პოლიციის დაწესებულებამდე მგზავრობის დროს. პოლიციის დაწესებულებაში მისვლისთანავე მას, ასევე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა.

3. პოლიციელების ჩვენებით, მათ გააჩერეს მომჩივანი მისი ვინაობის დადგენის მიზნით. მომჩივანმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაზე უარი განაცხადა და გახდა აგრესიული, პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ის არ დამშვიდდა და საბოლოოდ იგი დააკავეს სხვა რამდენიმე პოლიციელის დახმარებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. რაც შეეხება გამოყენებულ ძალას, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მომჩივანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და თვითონ დაეცა ძირს ძალის დატანების გარეშე. მომჩივანი აგრესიულ ქცევას აგრძელებდა პოლიციის მანქანაშიც, ის შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. პოლიციის დაწესებულებაში მისვლისთანავე, პოლიციელები შეეცადნენ მისთვის ხელბორკილის დადებას, მაგრამ მან უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწია მათ და განზრახ დაეცა ძირს.

4. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ოქმის თანახმად მომჩივანმა უარი განაცხადა პოლიციელებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაზე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შემდეგ მან წინააღმდეგობა გაუწია მათ დაკავებისას, რის გამოც პოლიციელებს მოუწიათ „თანაზომიერი ძალის“ გამოყენება. ასევე, დაკავების შესახებ ოქმში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს გარეგანი დათვალიერებით აღენიშნებოდა მსუბუქი ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხარისა და მკლავის მიდამოში, კისრის მარჯვენა მხარესა და გულმკერდის გარშემო მარცხნივ და მოწითალო ლაქები მარჯვენა ტერფის მიდამოში.

5. გორის პოლიციის დაწესებულებიდან მომჩივანი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მას მორიგე ექიმმა გარეგანი დათვალიერება ჩაუტარა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომჩივანი უჩიოდა ზურგის ტკივილს და ითხოვდა ტკივილგამაყუჩებელს. გარეგანი დათვალიერების შესახებ ჩანაწერის თანახმად, მომჩივანი, რომელსაც სხვა პრობლემებთან ერთად ჰქონდა ხერხემლის თიაქარი, აცხადებდა, რომ პოლიციის დაწესებულებაში მას პოლიციელებმა ზურგში ჩაარტყეს. ექიმმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ხილული დაზიანება, როგორც ასეთი, თუმცა მომჩივნის ჩივილები წიხლის ჩარტყმასთან დაკავშირებით შეესაბამებოდა მის მწვავე ტკივილს. ექიმმა მომჩივნის ჩივილების შესახებ შეატყობინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

6. მეორე დღეს, დილით, მომჩივანი გადაყვანილ იქნა ადგილობრივ საავადმყოფოში ზურგის არეში მწვავე ტკივილებთან დაკავშირებული ჩივილების გამო, სადაც ის ისევ ჩიოდა, რომ მას პოლიციელები დაესხნენ თავს. ზურგის ტკივილთან დაკავშირებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების, მათ შორის, ხერხემლის რენტგენის შედეგად ზურგის ახალი დაზიანებები არ დადასტურდა და მომჩივანს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მისცეს.

7. 2020 წლის 18 აპრილს, მომჩივანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის („ასკ“) 166-ე მუხლითა (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაედო მსჯავრი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის თანახმად, მომჩივანმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია მათ. ამ ოქმის ხელმოწერაზე მომჩივანმა უარი განაცხადა.

8. 2020 წლის 26 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ, მომჩივნის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის განხილვის შედეგად, მათ შორის, სხდომაზე მომჩივნის და იმ ორი პოლიციელის მოსმენის შედეგად, ვინც მომჩივანი დააკავა და ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენების საფუძველზე, გადაწყვიტა საქმისწარმოების შეწყვეტა. რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები იყო წინააღმდეგობრივი და არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დადგენილიყო მომჩივნის ბრალი.

არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მომჩივნის ბრალდებების გამოძიება

9. 2020 წლის 23 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) ფარგლებში. უფლებამოსილმა ორგანომ დაკითხა 17 მოწმე, მათ შორის, მომჩივანი, 10 პოლიციელი, 4 თვითმხილველი და 2 ექიმი. სამსახურმა, ასევე, ამოიღო ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმების ასლი, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი, მომჩივნის გარეგანი დათვალიერების შესახებ ჩანაწერისა და სხვა სამედიცინო ჩანაწერების ასლები. საქმის მასალებით დგინდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოითხოვა გორის პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები; თუმცა, აღნიშნულ მოთხოვნაზე ეთქვათ უარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ჩანაწერი „ვერ მოიძებნა ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე“. მოგვიანებით მათ განმარტეს, რომ ვიდეოჩანაწერების ამოღება ვერ მოხერხდა ჩამწერი სისტემის ტექნიკური გაუმართაობის გამო.

10. 2020 წლის 30 ივნისს გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პროკურორმა არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. 2020 წლის 21 ივლისს მომჩივანმა მისწერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სადაც ის იმეორებდა მისი უკანონო დაკავებისა და პოლიციელების მხრიდან მის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. მომჩივანმა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს წარუდგინა მისი ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების ასლები, მათ შორის, შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არარსებობის გამო სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და ისევ მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და, ასევე, მოითხოვა ჩატარებულიყო ამოცნობის პროცედურა პასუხისმგებელი პოლიციელების ამოცნობის მიზნით. 2020 წლის 10 და 22 ოქტომბერს მომჩივანმა კვლავ მიმართა გენერალურ პროკურორს.

11. 2020 წლის 2 ნოემბერს პროკურატურამ მომჩივნის მოთხოვნა დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას მიადგა რაიმე სახის ზიანი პოლიციის უკანონო ქმედებების შედეგად. 2020 წლის 7 დეკემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

„როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს და მრავალი საგამოძიებო და პროცედურული ღონისძიება ჩატარდა. გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ინფორმაციის ერთობლიობა არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ [მომჩივანს] ზიანი მიადგა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უკანონო ქმედებების გამო.“

12. საქმის მასალების თანახმად, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ბოლო საგამოძიებო ღონისძიება, დამატებითი მოწმეების დაკითხვის ჩათვლით, ჩატარდა 2021 წლის ივნისსა და სექტემბერს შორის პერიოდში (იმ ერთი მოწმის გამოკლებით, რომელიც დაიკითხა 2022 წლის თებერვალში). 2023 წლის 23 თებერვალს მომჩივანს მიეცა საქმის მასალებზე წვდომის უფლება.

13. კონვენციის მე-3, მე-5 და მე-13 მუხლების ფარგლებში მომჩივანი დავობდა, რომ ის უკანონოდ დააკავეს და პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას და რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა არ ჩაატარეს ეფექტური გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით.

სასამართლოს შეფასება

კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

14. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნები იყო ნაადრევი, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ალტერნატიულად, მთავრობა დავობდა, რომ მომჩივანმა ვერ ამოწურა შიდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები დისციპლინური საჩივრის ან სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფორმით. მომჩივანმა უპასუხა, რომ გამოძიება არ იყო ეფექტური. ასევე,მან განაცხადა, რომ ამ ფონზე სამართლებრივი დაცვის ნებისმიერი სხვა საშუალების ქმედითობა იყო უსაფუძვლო. სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლისა და ამ საქმის გარემოებების მხედველობაში მიღების საფუძველზე, სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მიუღებლობის მოთხოვნით (იხ. საქმე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, N54217/16, § 51, 2021 წლის 16 ნოემბერი; საქმე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, N32245/19, § 69, 2023 წლის 19 იანვარი; და საქმე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, N24225/19, § 67, 2023 წლის 30 ნოემბერი; იხ. ასევე, საქმე Baranin and Vukčević v. Montenegro No 24655/18 და No 24656/18, § 146, 2021 წლის 11 მარტი). გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (a) ქვეპუნქტის ფარგლებში ან დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ისინი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

15. რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, მომჩივანი დავობდა, რომ პოლიციამ მის მიმართ ძალა გამოიყენა და რომ მის პრეტენზიებთან დაკავშირებით გამოძიება არასათანადო იყო. მთავრობა არ დაეთანხმა და ამტკიცებდა, რომ პოლიციის ღონისძიება იყო კანონიერი და თანაზომიერი, ხოლო გამოძიება იყო მყისიერი, შესაბამისი და ეფექტური.

16. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეებში Bouyid v. Belgium ([GC], No 23380/09, §§ 81-88, 100-01, და 114‑23, ECHR 2015; იხ. ასევე, საქმე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, N18996/06, §§ 69‑72, 2012 წლის 9 ოქტომბერი).

17. წინამდებარე საქმეში სადავო არ გამხდარა, რომ დაკავებისას მომჩივნის მიმართ პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს. თუმცა, ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ის ქმედება მომჩივნის მხრიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც გაამართლებდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას (იხ. პარაგრაფები 2-3ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ჩიოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ ძალის გამოყენების დამატებით 2 ეპიზოდთან დაკავშირებით – პოლიციის მანქანაში და პოლიციის დაწესებულებაში მისი მიყვანისთანავე.

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება საქმის მასალებში მწირია (იხ. მაგალითად, მომჩივნის გარეგანი დათვალიერების შესახებ ჩანაწერი, რომელიც უბრალოდ ეხება ზურგის ტკივილს (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ)), მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ოქმის თანახმად, მომჩივანს სხვადასხვა მცირე ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა (იხ. პარაგრაფი 4 ზემოთ). მომჩივნის თანმიმდევრული პრეტენზიების გათვალისწინებით, რომ იგი სიტყვიერად შეურაცხყვეს და მას ფიზიკურად თავს დაესხნენ დაკავებისას, რაც ორი თვითმხილველი მოწმის მიერ დასტურდებოდა (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ) და ზურგის არეში მწვავე ტკივილის გათვალისწინებით, რომელიც მომჩივანს აღენიშნა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, სასამართლო მზად არის დაეთანხმოს, რომ მომჩივანს ჰქონდა საფუძვლიანი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაექვემდებარა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით, რაც მოითხოვდა ეფექტურ სამსახურებრივ მოკვლევას.

19. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა მყისიერად დაიწყეს შემთხვევის სისხლის სამართლის გამოძიება და ჩატარდა მთელი რიგი შესაბამისი და დროული საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაექვემდებარა, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, პოლიციისგან განსხვავებით.

20. თუმცა სასამართლოს არ შეუძლია შეუმჩნეველი დატოვოს, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო მომჩივნის პრეტენზიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხებისთვის მოეფინა შუქი. კერძოდ, გამოძიებამ არ შეაფასა დაკავებისას მომჩივნის მიერ გაწეული სავარაუდო წინააღმდეგობის მასშტაბი; კერძოდ, დაკავების გარემოებები და მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ბრძოლა, ან რა ფარგლებში იყო მომჩივნის ქცევა სავარაუდოდ აგრესიული, ან იქცეოდა თუ არა მომჩივანი ისე, რომ საჭირო იყო მის მიმართ ძალის გამოყენება. შესაბამისი საპროცესო დოკუმენტები, პოლიციელების ჩვენებების ჩათვლით, უბრალოდ მიუთითებენ, რომ მომჩივანმა „წინააღმდეგობა გასწია“ დაკავებისას. არცერთ ეტაპზე არ ყოფილა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე პოლიციელი დაზარალდა, რაც შესაბამისი ფაქტორი იქნებოდა იმის შესაფასებლად, მიმართა თუ არა მომჩივანმა ძალის გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა მომჩივნის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაუმორჩილებლობის ბრალდებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ).

21. გამოძიების კიდევ ერთი ხარვეზი ეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისთვის ბრძანება გაიცა მხოლოდ 2020 წლის ივნისში, ანუ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თარიღიდან 2 თვის შემდეგ და შემოიფარგლებოდა საქმის მასალებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებით, რაც განსხვავდება იმისგან, რომ მომჩივანმა პირადად გაიარა დროული და სათანადო სამედიცინო შემოწმება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მომჩივნის სხეულზე არსებული არაერთი დაზიანება, რომლებიც მას სხეულზე აღმოაჩნდა დაკავებისთანავე და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისთანავე, არ იყო ხელმისაწვდომი სასამართლო ექსპერტიზის დროს.

22. გამოძიების კიდევ ერთი ხარვეზი უკავშირდება პოლიციის დაწესებულების შიდა ან გარე პერიმეტრიდან მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულების ამოღების შეუძლებლობას. სასამართლო ადგენს, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტება –მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები „ვერ მოიძებნა ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე“ – სულ მცირე, არადამაკმაყოფილებლად ჟღერს (იხ., აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“, N39503/17, §§ 161-63, 2024 წლის 5 სექტემბერი).

23. საბოლოოდ, სისხლის სამართლის გამოძიება 4 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს, 2021 წლის სექტემბრიდან კი მოქმედებები თითქმის მთლიანად შეწყდა (იხ. პარაგრაფი 12ზემოთ). მთავრობას ზემოაღნიშნულზე ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია. სისხლის სამართლის გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებული პრობლემის განმეორებადი ხასიათის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომლებიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს (იხ. საქმე „მიქელაძე და სხვები“, ზემოთ ციტირებული, § 68, შემდგომი მითითებით), სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაჭიანურება დაუსაბუთებელია.

24. ზემოაღნიშნული მოსაზრებები სასამართლოსთვის საკმარისია იმის დასადგენად, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე არ იყო ეფექტური, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას.

25. რაც შეეხება მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტს, საქმის მასალების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მას არ შეუძლია „გონივრულ ეჭვს მიღმა“ დაასკვნას, რომ მომჩივანი, როგორც ეს უკანასკნელი თავად ამტკიცებდა, დაექვემდებარა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი მისი მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტის ჭრილში.

კონვენციის მე-5 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა

26. შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები, კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში, მიუღებელია შიდასამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების ამომწურავად გამოუყენებლობის გამო (იხ. საქმე „ძერყორაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, N70572/16, §§ 77-87, 2023 წლის 2 მარტი). რაც შეეხება კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში არსებულ საჩივარს, მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევის დადგენის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მჭიდროდ დაკავშირებული საჩივარი, მე-13 მუხლის ფარგლებში, არ უნდა იყოს განხილული ცალკე (იხ. საქმე Baranin and Vukčević, ზემოთ ციტირებული, §157).

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

27. მომჩივანმა მოითხოვა 150, 000 ევრო მორალური ზიანისთვის.

28. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო გადაჭარბებული.

29. სასამართლო აკუთვნებს მომჩივანს 2, 500 ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1. აცხადებს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში არსებულ საჩივრებს მისაღებად, ხოლო კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში არსებულ საჩივარს მიუღებლად;

2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მისი პროცედურული ასპექტის ჭრილში;

3. ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი მისი მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტის ჭრილში;

4. ადგენს, რომ არ არის საჭიროება იმისა, რომ განხილულ იქნეს კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში გათვალისწინებული საჩივრის მისაღებობა და მისი არსებითი მხარე;

5. ადგენს,(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში მორალური ზიანისთვის უნდა გადაუხადოს მომჩივანს 2,500 (ორი ათას ხუთასი) ევრო, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს;

(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება გადახდის გადავადების პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

6. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2025 წლის 11 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

სიმონ პეტროვსკი                                           ანნე ლუის ბორმან
განმწესრიგებლის მოადგილე                                თავმჯდომარე