საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ

მიღების თარიღი 30.04.1992
ძალის დაკარგვა 17.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №465
სარეგისტრაციო კოდი 000000100.02(0).000.000321 15
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
1,545 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.1992 მიღება
17.09.1998 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მ თ ა ვ რ ო ბ ი ს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №465 1992 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს: 1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, საქართველოს რესპუბლიკაში ყოფილი სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების სამმართველოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების მომენტში არსებული აქტივებითა და პასივებით. 2. დამტკიცდეს დებულება სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ და დაევალოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაამტკიცოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის წესდება. 3. ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1991 წლის 12 აპრილს დამტკიცებული საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის წესდებიდან: II თავის 2.3. პუნქტის მე-13 აბზაცი; IV თავის 4.4. პუნქტის მე-4 აბზაცი; V თავის 5.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 4. დაევალოს ქ. თბილისის მერიას განიხილოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის განთავსებისათვის საჭირო ფართობის გამოყოფის საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის – პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                          თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                    გ. ბერიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მეშვეობით. 1.2. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია მუშაობს სამეურნეო ანგარიშზე, აქვს გერბიანი ბეჭედი შესაბამისი დასახელებით, ანგარიში ბანკებში და სარგებლობს იურიდიული პირის სხვა უფლებებით, კანონმდებლობის შესაბამისად. 1.3. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს აქტებით და ამ დებულებით. 2. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ფუნქციები სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას ევალება: 2.1. ძვირფასი ლითონებისა და მათი შენადნობებით დამზადებული საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების, როგორც სამამულო წარმოების, ისე საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნახევარფაბრიკატების, შენადნობებისა და ზოდების გასინჯვა, ანალიზი (ძვირფასი ლითონების შემცველობაზე) და საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დაღით მათი დადაღვა; 2.2. ძვირფასი ლითონების შემცველობის დასადგენად არბიტრაჟული და საკონტროლო ანალიზების ჩატარება ნაკეთობებში, ზოდებში, ნახევარფაბრიკატებში, სარჩილში, მონეტებში, გალვანოდანაფარებში, ნარჩენებში, ნამწვში, ყველა სახის ქიმიური შენაერთებში; 2.3. სასინჯი რეაქტივების დამზადება იმ სახელმწიფო, კოოპერაციული, საიჯარო, აქციონერული, ერთობლივი (შერეული) საწარმო-დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დაკვეთით, რომლებიც იყენებენ და მოიხმარენ ძვირფას ლითონებს; 2.4. ანალიტიკური მიზნებისათვის ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი; 2.5. სინჯის განმსაზღვრელი სახელმწიფო დაღის ანაბეჭდების ექსპერტიზა; 2.6. იმ ძვირფასი თვლების, ძვირფასი ლითონებისა და მათი გამოყენებით დამზადებული დეტალებისა და ნაკეთობების ამოღება საანალიზოდ და ექსპერტიზისათვის, რომლებიც არ პასუხობენ სასინჯი ზედამხედველობის დებულების მოთხოვნებს; 2.7. ძვირფასი ლითონების, ძვირფასი თვლებისა და მათი ნაკეთობების ტექნიკური ექსპერტიზების ჩატარება მათში ძვირფასი ლითონების დასახელების, სინჯის და მასის განსაზღვრისათვის, აგრეთვე ძვირფასი თვლების მახასიათებლების დადგენისათვის; 2.8. საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდში შემოსულ ფასეულობებსა და ჩამბარებლის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხარისხსა და წონას შორის არსებული განსხვავებათა გამოვლენა; 2.9. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნიხრის შესაბამისად ძვირფასი ლითონების ნაკეთობები გასინჯვის, ანალიზის და დადაღვის, აგრეთვე ექსპერტიზისა და სხვა სამუშაოების ჩატარებისათვის შესაბამისი გადასახადის გადახდევინება; 2.10. კონტროლის დაწესება სახალხო მეურნეობის ყველა დარგში: - ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების მიღების, გამოყენების ხარჯვის, შესყიდვის, გაყიდვის, გირაოდ მიღების და ინდივიდუალურ მეწარმეობაში მათი გამოყენების მართლზომიერებაზე; - ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების აღრიცხვის, შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფაზე; - ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების დანაკლისისა და ზენორმატიული დანაკარგების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე; - ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების ეკონომიისა და მათი არაძვირფასი ლითონებით შეცვლის მიმართულებით განხორციელებულ ყველა სამეცნიერო, კვლევით, საცდელ და საკონსტრუქტორო სამუშაოებზე; - ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების ნარჩენებისა და ჯართის მთლიანად შეგროვებასა და სახელმწიფო ფონდში დროულად ჩაბარებაზე. 2.11. მოქმედი კანონმდებლობით დაჯარიმება იმ თანამდებობის პირებისა, რომლებმაც დაარღვიეს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების ან მათი შემცველი ნაკეთობის მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვისა, ნარჩენებისა და ჯართის შეგროვება-ჩაბარების წესები. 3. საქართველოს რესპუბლიკაში ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობებისათვის სინჯის დადგენა 3.1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ყელა საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობანი, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან შესრულებულია კერძო დაკვეთით, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს რესპუბლიკაში დადგენილი რომელიმე სინჯს და აუცილებლად უნდა იყოს დადაღული (მარკირებული) სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში. 3.2. ძვირფასი ლითონებს განეკუთვნება: ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (პალადიუმი, როდიუმი, ირიდიუმი და ოსმიუმი). ძვირფასი ლითონების ნაკეთობად აღიარებულია ნაკეთობანი, რომლებიც დამზადებულია ძვირფასი ლითონების შენადნობებისაგან ან ძვირფასი ლითონებისა და ფერადი ლითონების შენადნობებისაგან. 3.3. შენადნობების ღირსება, რომლისაგანაც დამზადებულია ნაკეთობა, განისაზღვრება სინჯით, რომელიც გამოხატავს ძვირფასი ლითონის წონითი ერთეულის რაოდენობას შენადნობების ათასეულ წონით ერთეულში. 3.4. საქართველოს რესპუბლიკაში დგინდება შემდეგი სინჯები: საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობებისათვის: პლატინის 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ოქროსი 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ოქროსი 585 (ხუთას ოთხმოცდახუთი) ოქროსი 750 (შვიდას ორმოცდაათი) ოქროსი 958 (ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ვერცხლის 830 (რვაას ოცდაათი) ვერცხლის 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ვერცხლის 925 (ცხრაას ოცდახუთი) ვერცხლის 960 (ცხრაას სამოცი) პალადიუმის 500 (ხუთასი) პალადიუმის 850 (რვაას ორმოცდაათი) ოქროსა და ვერცხლის ვარაყისათვის (ფურცლოვანი ოქრო და ვერცხლი) - 910-დან 1000-მდე (ცხრაას ათიდან ერთი ათასამდე) ყოველი მეათე სინჯის შემდეგ: 910, 920, 930, 940, 950, 60, 970, 980, 990, 1000. მწვანე ოქროსათვის - 750 (შვიდას ორმოცდაათი). 3.5. ძვირფასი ლითონების იმ ნაკეთობათა წარმოება, გაყიდვა ან საზღვარგარეთიდან სარეალიზაციოდ შემოტანა, რომელიც არ შეესაბამება ერთ რომელიმე დადგენილ სინჯს, ყოვლად დაუშვებელია. 3.6. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში აუცილებელი დადაღვისაგან (მარკირებისაგან) თავისუფლდება: 3.6.1. ძვირფასი ლითონების ნაკეთობანი, რომელთაც აქვთ ისტორიული ან არქეოლოგიური მნიშვნელობა, აგრეთვე ორდენები, მედლები და მონეტები; 3.6.2. ოქროსა და ვერცხლის ზარნიშნიანი (ინკრუსტაცია) იარაღი, ვაზა, ლანგარი, ზარდახშა, რელიგიური დანიშნულების ნივთი და სხვ; 3.6.3. ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული სამეცნიერო, ტექნიკური, სამედიცინო და სხვა სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ლაბორატორიული ჭურჭელი და სხვა ნაკეთობანი. აღნიშნული სახის ნაკეთობებს უკეთდება მარკირება, ეტიკეტი ან ტვიფრი დამამზადებელი საწარმოს მიერ. შენადნობების შემადგენლობანი, რომლითაც მზადდება აღნიშნული სახის ნაკეთობანი, რეგლამენტირებულია შესაბამისი სტანდარტებითა და ტექნიკური პირობებით. 4. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების გადამმუშავებელი და მომხმარებელი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი 4.1. რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი, საიჯარო აქციონერული, ერთობლივი (შერეული) საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, სამხედრო ნაწილი და ქვედანაყოფი, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმენი, რომლებიც აწარმოებენ ოპერაციებს ძვირფასი ლითონებთან და ძვირფას თვლებთან, ვალდებულნი არიან: 4.1.1. მიიღონ სპეციალური ნებართვა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში. ზემოთ აღნიშნული იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ სპეციალური ნებართვის აღების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. 4.1.2. აწარმოონ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი თვლებისა და მათი ნარჩენების მკაცრი აღრიცხვა; 4.1.3. მიზნობრივად გამოიყენონ და ხარჯონ ძვირფასი ლითონები და ძვირფასი თვლები, მკაცრად დაიცვან მათი ეკონომია; 4.1.4. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაკეთობების, აგრეთვე მათი ნარჩენების შენახვა განახორციელონ მოქმედი ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად; 4.1.5. დროულად ჩააბარონ სახელმწიფო ფონდში გამოუყენებელი ძვირფასი ლითონები და ძვირფასი თვლები, მათი ნარჩენები და ჯართი. 4.2. საიუველირო და სხვა საწარმოები, საიუველირო სახელოსნოები სალონები, აგრეთვე ცალკეული პირები, რომლებიც ძვირფასი ლითონებისაგან და ძვირფასი თვლებისაგან ამზადებენ ნაკეთობებს, ვალდებული არიან იქონიონ სახელობითი დაღი, რომლის ნიშანი უდგინდებათ სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ. სახელობითი დაღის ანაბეჭდი დამამზადებლის მიერ ისმება ყველა დამზადებულ ნაკეთობაზე, რომელიც განკუთვნილია გასაყიდად ან დამზადებულია კერძო დაკვეთით. 4.3. აფინაჟისა და სპეცშენადნობების საწარმოებში გამოშვებული პროდუქციის დადაღვის (მარკირების) წესი დგინდება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ინსტრუქციით. 4.4. საიუველირო და სხვა საწარმოები, საიუველირო სახელოსნოები, სალონები და კერძო პირები ყოველწლიურად წარადგენენ სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში თავიანთი სახელობითი დაღის ანაბეჭდებს. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში რეგისტრაციაში გაუტარებელი სახელობითი დაღის გამოყენება სასტიკად აკრძალულია. 4.5.4.1. პუნქტში აღნიშნული ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს ყოველგვარი დახმარება მათზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. 5. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფლებები სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას ენიჭება უფლება: 5.1. ჩაუტაროს ტექნოლოგიური ხასიათის რევიზიები, შემოწმებები და გამოკვლევები -  სახელმწიფო, კოოპერაციული საზოგადოებრივ, საიჯარო აქციონერულ, ერთობლივ (შერეულ) საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, აგრეთვე მეწარმეებს, რომლებიც ეწევიან ძვირფასი ლითონებისა და თვლების მიღებას, გადამუშავებას და გამოყენებას. 5.2. ჩაატაროს რევიზიები აფინაჟის საწარმოებში, მოითხოვოს მათგან დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ძვირფასი ლითონების მიწოდებას, ამოღებას, გადამუშავებას, შენახვას, აღრიცხვას და გაცემას. ზემდგომი ორგანოს სპეციალური დავალებით ჩაატაროს რევიზია საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდში ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის მართლზომიერებაზე. 5.3. აწარმოოს ყველა სარევიზიო ობიექტზე სათავსების, სამუშაო ადგილების, საწყობების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი თვლებისა და მათი ნაკეთობების შესანახი სხვა ადგილების დათვალიერება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა უხეში დარღვევების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების დადგენილ წესებში დალუქოს ისინი. 5.4. შეამოწმოს და საჭირო შემთხვევაში დალუქოს ბუღალტრული წიგნები, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა დოკუმენტები, რომელიც ეხება ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების, მათი ჯართისა და ნარჩენების მიღებას, ხარჯვას, აღრიცხვას და შენახვას. 5.5. მოსთხოვოს თანამდებობის პირებს ახსნა-განმარტებები და ცნობები, რომელიც ეხება ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი თვლების, მათი ნაკეთობების, ჯართისა და ნარჩენების გამოყენების, ხარჯვის, აღრიცხვის და შენახვის საკითხებს. 5.6. ამოიღოს შესამოწმებლად და საანალიზოდ: - ნაკეთობანი, რომლებიც ექვემდებარება დადაღვას, მაგრამ არა აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დადის ანაბეჭდი; - ნაკეთობანი, რომელთაც აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დაღის ანაბეჭდი, მაგრამ ეჭვს იწვევს თავის უტყუარობაში, გაურკვეველი რელიეფის გამო, რაც გამოწვეულია ნაკეთობის დაზიანებით, წაშლით ან სხვა მიზეზებით; - ნაკეთობანი, სადაც სინჯის აღმნიშვნელი დაღი მირჩილულია ან დადაღულია დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად; - ნაკეთობანი, რომლის სინჯი დადგენილზე დაბალია ან ამოვსებულია ზედმეტი რაოდენობის სარჩილით ან არაძვირფასი ლითონით; - ძვირფასი თვლები, რომელნიც იწვევენ ეჭვს თავის ჭეშმარიტებაში. 5.1. დადგენილი წესით აწარმოოს სინჯისა და ნიმუშების აღება ძვირფასი ლითონების შემცველი პროდუქციიდან წარმოებისა და სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ლაბორატორიებში საანალიზოდ: - ზოდებიდან, მავთულებიდან, ფირფიტებიდან და სხვა მასალებიდან, რომელიც გათვალისწინებულია ნახევარფაბრიკატებისა და ნაკეთობების დასამზადებლად; - სამრეწველო და ანალიზური მიზნებისათვის გათვალისწინებული ყველა სახის ქიმიური შენაერთებიდან; - ნაკეთობებიდან და კვანძებიდან; - ძვირფასი ლითონების შემცველი ჯართიდან და ნარჩენებიდან, აგრეთვე სხვა სახის მასალებიდან. 5.8. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას პირადი მოწმობისა და შესაბამისი მიწერილობის წარდგენისთანავე დაუბრკოლებლივ დაიშვებიან წარმოებებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, მათი დაქვემდებარებისა და მუშაობის რეჟიმის მიუხედავად. 5.9. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია სარევიზიო ობიექტების ხელმძღვანელებს, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებს წარუდგენს შესაბამის მოთხოვნებს რევიზიის შედეგად გამოვლენილი ნაკეთობათა აღმოსაფხვრელად და აკონტროლებს მათ შესრულებას. 5.10. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას დადგინდა, რომ სასინჯი ზედამხედველობის წესის დარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები ასეთ დარღვევაზე გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. თუ შემოწმებისას ადგილი არა აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს, მაშინ ის ნივთები, რომლებიც არ პასუხობს ამ დებულების მოთხოვნებს, იმსხვრევა და შემდგომში უბრუნდება მფლობელს სათანადო აქტის გაფორმებით.