სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“ წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.04.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №397
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000305 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.1992 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“ წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №397
1992 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“ წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 24 თებერვლის № 213 დადგენილებით შექმნილ სახელმწიფო საწარმო – ფირმა „საქწყალმშენს“ ეწოდოს სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენი“.
1. დამტკიცდეს სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“ წესდება, სტრუქტურა და მასში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და საწარმოების თანდართული ნუსხა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი
სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“
წ ე ს დ ე ბ ა
I. სამართლებრივი სტატუსი
1.1. სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენი“ (შემდგომში საწარმოო გაერთიანება) შექმნილია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 24 თებერვლის №213 დადგენილებით.
საწარმოო გაერთიანება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კანონებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
საწარმოო გაერთიანება ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე.
1.2. საწარმოო გაერთიანება არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, იმყოფება სრულ სამეურნეო ანგარიშზე, საწარმოო-სამეურნეო საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლად, აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელების აღნიშვნით; უფლებამოსილია გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებში.
1.3. საწარმოო გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციები და საწარმოები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით, აქვთ საანგარიშსწორებო ანგარიშები ბანკების განყოფილებებში.
აღნიშნული ორგანიზაციების დებულებებს ამტკიცებს საწარმოო გაერთიანება.
1.4. სახელმწიფო და მისი ორგანოები პასუხს არ აგებენ საწარმოო გაერთიანების ვალდებულებებისათვის, ისევე, როგორც საწარმოო გაერთიანება არ აგებს პასუხს სახელმწიფოსა და მისი ორგანოების ვალდებულებებისათვის.
2. საწარმოო გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი და მისი უფლება-მოვალეობანი
2.1. საწარმოო გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამელიორაციო, წყალსამეურნეო, ჰიდროტექნიკურ, მეწყერი და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა, აგრეთვე სოციალური ინფრასტრუქტურისა და სხვა დანიშნულების ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა.
თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად საწარმოო გაერთიანებას შეუძლია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2.2. საწარმოო გაერთიანების ძირითადი ამოცანებია:
- სამელიორაციო, წყალსამეურნეო, სამრეწველო, სოციალური სფეროსა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელებით სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება, სოფლის სოციალური გარდაქმნის პროგრამების განხორციელება;
სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა განხორციელება წყალსამეურნეო და ბუნებადაცვითი ობიექტების მშენებლობის სფეროში, ახალი მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოო ბაზის შემდგომი განვითარება, საშენი მასალების, მოწყობილობა-დანადგარების, სათადარიგო ნაწილებისა და სახალხო მოხმარების საქონლის წარმოება;
- საწარმოო გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის კოორდინაცია;
- განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხებისადმი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მშენებლობის ყველა პროექტში და შეთანხმებულ იქნეს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის სამსახურებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან; მოქმედ საწარმოთა ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და მათი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;
გრძელვადიანი პირდაპირი სამეურნეო კავშირის დამყარება მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დამამზადებელი და მომწოდებელ ოგანიზაციებთან, სავაჭრო-სასაქონლო ბირჟებთან;
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პროგრამისა და დავალებების საფუძველზე საწარმოო გაერთიანების პროფილის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, აგრეთვე სტიქიური მოვლენებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.
2.3. მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტისათვის საწარმოო გაერთიანების დადგენილი წესით უფლება აქვს:
დააწესონ ფასები წარმოებულ პროდუქციასა და გაწეულ მომსახურებაზე, ხოლო საიჯარო სამუშაოები შეასრულოს სახელშეკრულებო ფასების საფუძველზე;
- დამოუკიდებლად განსაზღვროს შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების ფორმები, სისტემები და ოდენობა;
- საბაზრო ურთიერთობათა გათვალისწინებით გამოიყენოს სამეურნეო საქმიანობის ახალი ეფექტიანი მეთოდები და საწარმოების მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები;
- შექმნას და გააუქმოს ორგანიზაციები იურიდიული პირის უფლებებით როგორც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაამტკიცოს მათი წესდება (დებულება);
- განახორციელოს საგარეო ეკონომიკური საქმიანობა, შექმნას ერთობლივი საწარმოები როგორც რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიიღოს მონაწილეობა მის მართვაში, გააერთიანოს მასში თავისი სახსრები, საწარმოო საშუალებანი და ძირითადი ფონდები, აიღოს ამ მიზნისათვის ბანკის კრედიტი, განახორციელოს ბარტერული გაცვლა და სხვა იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციები;
- შექმნას მოსახლეობისათვის ფასიანი მომსახურების საწარმოები, დამახმარე მეურნეობები და სოციალურ-კულტურული მომსახურების ობიექტები;
- მონაწილეობა მიიღოს საჯარო ვაჭრობებში, ბაზრობებში, აუქციონებში.
- ააშენოს, შეიძინოს, გაასხვისოს, აიღოს და გასცეს იჯარით საკუთარი შენობა-ნაგებობანი და სხვა უძრავი და მოძრავი ქონება როგორც საქართველოს რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
- ფინანსური რესურსების მობილიზაციის მიზნით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები და მოახდინოს მათი რეალიზაცია როგორც საქართველოს რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2.4. საწარმოო გაერთიანება თავისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების შესასრულებლად ახორციელებს მრავალმხრივ საქმიანობას, მათ შორის:
- საწარმოო გაერთიანებაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში მართვის ახალი მეთოდების დანერგვას, მათი სამეურნეო დამოუკიდებლობის შემდგომი განვითარებით სრული სამეურნეო ანგარიშის და თვითდაფინანსების ყოველმხრივ გამოყენებას, მშრომელთა კოლექტივებისათვის ინიციატივისა და მეწარმეობრივი საქმიანობის გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას, კადრების მომზადების და გადამზადების სრულყოფას; ამყარებს კავშირებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ფონდებთან როგორც რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საწარმოო გაერთიანება წყალსამეურნეო და სხვა დანიშნულების მშენებლობის განვითარების პერსპექტივას და მისი სისტემის სამშენებლო, საწარმოო, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას განსაზღვრავს მასში შემავალი ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ დადებულ საიჯარო და სამეურნეო ხელშეკრულებათა, აგრეთვე ერთობლივი საქმიანობის პროგრამის საფუძველზე.
საწარმოო გაერთიანება განაგებს სახელმწიფო დაკვეთის განაწილებას ორგანიზაციებს შორის და დასახული პროგრამის ვადებში შესრულების მიზნით ახორციელებს სამშენებლო ორგანიზაციებისა და სამრეწველო საწარმოთა საქმიანობის კოორდინაციას.
საწარმოო გაერთიანება დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ამტკიცებს საკუთარ მშენებლობათა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და ნიშნავს მათი ექსპლუატაციაში მიმღები კომისიას.
3. საწარმოო გაერთიანების ქონება და სახსრები
3.1. საწარმოო გაერთიანებას სამეურნეო გამგებლობაში აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც შედგება ძირითადი ფონდების, საბრუნავი სახსრებისა და მატერიალურ-ფინანსური რესურსებისაგან, რომელთა ღირებულებაც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში და შეადგენს საწარმოო გაერთიანების საწესდებო ფონდს.
3.2. საწარმოო გაერთიანების სახსრები შედგება:
- შესრულებულ სამუშაოთა, პროდუქციის რეალიზაციის, მომსახურების სფეროს, ერთობლივი საწარმოებისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის ამონაგებებიდან;
- ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან;
- საბიუჯეტო სახსრები;
- ბანკის კრედიტებიდან;
- კანონით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.
3.3. საწარმოო და ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე დადგენილი წესით ბიუჯეტში გადასახადის შეტანის შემდეგ საწარმოო გაერთიანება ქმნის საფინანსო რეზერვებს, დაზღვევისა და სამეურნეოანგარიშიან ფონდებს.
3.4. საწარმოო გაერთიანება აწარმოებს საკუთარი ძირითადი ფონდების საამორტიზაციო ანარიცხებს (მათ სრულ აღდგენაზე), ახდენს დროებით გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების, საწარმოების, სასაწყობო და სხვა დანიშნულების სათავსების, მოწყობილობა-დანადგარების, მექანიზმების, ტრანსპორტისა და სხვა ძირითადი საშუალებების განკარგვას და დადგენილი წესით იჯარით გაცემას, მორალურად და ფიზიკურად მოძველებული ძირითადი ფონდების ჩამოწერას.
3.5. საწარმოო გაერთიანებას უფლება აქვს დადგენილი წესით შეიმუშაოს წინადადებანი საწარმოო გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციებისა და საწარმოების ძირითად საშუალებათა პრივატიზაციის თაობაზე და წარადგინოს შესაბამის სამთავრობო ორგანოებში.
3.6. ფინანსების, კრედიტების, აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში საწარმოო გაერთიანება ნერგავს თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს, უზრუნველყოფს სამეურნეო ანგარიშის და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებას, რენტაბელობის დონის ამაღლებას, ატარებს საბრუნავ საშუალებათა შენარჩუნებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების ღონისძიებებს.
3.7. საწარმოო გაერთიანებას უფლება აქვს თავის საქმიანობაში გამოიყენოს ბანკის კრედიტი, საკუთარი სახსრების ხარჯზე ბალანსიდან ჩამოწეროს უიმედო დებიტორული დავალიანებები და აწარმოოს სხვადასხვა დანიშნულების ფინანსური ოპერაციები არსებული კანონმდებლობის დაცვით.
თავისი საქმიანობის საბუღალტრო, ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და ანგარიშგებას საწარმოო გაერთიანება აწარმოებს დადგენილი წესის მიხედვით.
3.8. საწარმოო გაერთიანება ატარებს თავისი სისტემის საწარმოებისა და ორგანიზაციების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანალიზს და ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს მისი გაუმჯობესების მიზნით.
4. საწარმოო გაერთიანების მართვა
4.1. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის და წესდების საფუძველზე საწარმოო გაერთიანებას მართავს. მისი ხელმძღვანელი (უფროსი), რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
4.2 საწარმოო გაერთიანება უფლებამოსილია სახელმწიფო სამეურნეო ორგანიზაციისათვის დადგენილი წესით განსაზღვროს მართვის სტრუქტურა და შენახვის ხარჯები. ყველა სახის ანგარიშსწორება დამკვეთთან, მომწოდებლებთან და სხვა ორგანიზაციებთან და თანამშრომლებთან აწარმოოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
4.3. საწარმოო გაერთიანების ხელმძღვანელი - (უფროსი):
მინდობილობის გარეშე მოქმედებს საწარმოო გაერთიანების სახელით. წარმოადგენს საწარმოო გაერთიანებას ყველა ორგანიზაციასა და უწყებებში;
დადგენილი წესით განაგებს საწარმოო გაერთიანების ქონებას და საშუალებებს, აფორმებს ხელშეკრულებებს, აძლევს მინდობილობებს, ხსნის დადგენილი წესით ბანკის განყოფილებებში ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშებს;
ახდენს კადრების შერჩევასა და განაწილებას, არსებული კანონმდებლობის დაცვით ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების აპარატის მუშაკებს;
ამტკიცებს საწარმოო გაერთიანებაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
კანონმდებლობის დაცვით ღებულობს გადაწყვეტილებას საკითხებზე, რომლებიც ეხება საწარმოო-ეკონომიკურ ურთიერთობას რესპუბლიკაში ან მის ფარგლებს გარეთ;
საწარმოო გაერთიანების საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საწარმოო გაერთიანების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითად მიმართულებას. არსებული წესის შესაბამისად ამტკიცებს მოგების განაწილებასა და გაცემას.
4.4. საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილეები მოქმედებენ თანამდებობრივი ინსტრუქციით, განსაზღვრულ მოვალეობათა შესაბამისად.
4.5. საწარმოო გაერთიანების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და საწარმოო საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, წარმოებაში მეცნიერების და ტექნიკის უახლესი მიღწევების და შრომის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დასანერგავად, მშენებარე ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განსახილველად საწარმოო გაერთიანებაში იქმნება სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო საწარმოო გაერთიანების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების, აგრეთვე სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საწარმოო გაერთიანების უფროსი.
5. საწარმოო გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა
5.1. საწარმოო გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში.
5.2. საწარმოო გაერთიანების რეორგანიზაცია ხდება მისი ფუნქციის შეცვლის ან სხვა სამეურნეო ერთეულთან შერწყმის შემთხვევაში.
5.3. საწარმოო გაერთიანების ადგილსამყოფელია საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. № 11.
ნ უ ს ხ ა
სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“ შემადგენლობაში შესული ორგანიზაციებისა და საწარმოებისა
ორგანიზაციებისა და საწარმოების დასახელება
მათი ადგილმდებარეობა
I. საპროექტო-ტექნოლოგიური საკონსტრუქტორო და
კავშირგაბმულობის ორგანიზაციები
ინსტიტუტი „საქსახწყალპროექტი“
ქ. თბილისი
საინჟინრო-ეკონომიკური ცენტრი „ინჟეკონომცენტრი“
ქ. თბილისი
კავშირგაბმულობის საექსპლუატაციო ტექნიკური კვანძი
ქ. თბილისი
II. სამშენებლო ორგანიზაციები და მათში შემავალი საწარმოები
კოლხეთის მშენებლობის სამმართველოში შემავალი ორგანიზაციები
ქ. ფოთი
ქუთაისის სამშენებლო სამმართველო
ქ. ქუთაისი
ლანჩხუთის სამშენებლო სამმართველო
ლანჩხუთის რაიონი
ზუგდიდის სამშენებლო სამმართველო
ზუგდიდის რაიონი სოფელი ცაცხვი
ხობის სამშენებლო სამმართველო
ხობის რაიონი
სენაკის სამშენებლო უბანი
სენაკის რაიონი სოფელი თეკლათი
აფხაზეთის მშენებლობის სამმართველოში შემავალი ორგანიზაციები და საწარმოები
ქ. სოხუმი
ოჩამჩირის სამშენებლო სამმართველო
ოჩამჩირის რაიონის
სოფელი ილორი
გულრიფშის სამშენებლო სამმართველო
გულრიფშის რაიონის
სოფელი მაჭარა
გალის სპეცსამშენებლო უბანი
გალის რაიონის
სოფელი ფიჩორა
გულრიფშის ავტოსატრანსპორტო ბაზა
გულრიფშის რაიონის
სოფელი მაჭარა
გულრიფშის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველო
გულრიფშის რაიონის
სოფელი დრანდა
მშენებლობის სამმართველო „სამგორწყალმშენში“ შემავალი ორგანიზაციები და საწარმოები:
თელეთის სამშენებლო სამმართველო
გარდაბნის რაიონის
სოფელი ქვემო თელეთი
საგარეჯოს სამშენებლო სამმართველო
ქ. საგარეჯო
თელეთის მექანიზაციის სპეცსამმართველო
გარდაბნის რაიონის
სოფელი ქვემო თელეთი
თბილისის ავტოსატრანსპორტო საწარმო
ქ. თბილისი
თბილისის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველო
ქ. თბილისი
დედოფლისწყაროს სამშენებლო სამმართველო
დედოფლისწყაროს რაიონი
წნორის სამშენებლო სამმართველო
სიღნაღის რაიონის დაბა
წნორი
გორის სამშენებლო სამმართველო
ქ. გორი
ხაშურის სამშენებლო სამმართველო
ხაშურის რაიონის
სოფელი გომი
თელავის სამშენებლო სამმართველო
ქ. თელავი
გურჯაანის სამშენებლო სამმართველო
გურჯაანის რაიონის
სოფელი არაშენდა
სამშენებლო სამმართველო „მრეწვსახლმშენი“
ქ. თბილისი
სადგური ლილო
III. მექანიზაციის სპეციალიზებული სამმართველოები
ფოთის მექანიზაციის სპეციალიზებული სამმართველო
ქ. ფოთი
გორის მექანიზაციის სპეციალიზებული სამმართველო
ქ. გორი
თელავის მექანიზაციის სპეციალიზებული სამმართველო
ქ. თელავი
IV. სამშენებლო ინდუსტრიის, სამშენებლო მასალებისა და სამრეწველო ქარხნები
ქოლობნის რკინა-ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა
აბაშის რაიონის სოფელი ქოლობანი
ნოჯიხევის კერამიკული-სადრენაჟო მილებისა და აგურის ქარხანა
ხობის რაიონი
სოფელი ნოჯიხევი
თელავის რკინა-ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა
ქ. თელავი
თელავის საცდელ-სარემონტო მექანიკური ქარხანა
ქ. თელავი
კაჭრეთის რკინა-ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა
გურჯაანის რაიონის
სოფელი კაჭრეთი
საგარეჯოს პოლიმერული მილების ექსპერიმენტული ქარხანა
საგარეჯო
ლილოს რკინაბეტონის ნაკეთობათა არხანა
ქ. თბილისი სადგური ლილო
შულავრის არამადნეული მასალების ქარხანა
მარნეულის რაიონის
სადგური შულავერი
გურჯაანის სამრეწველო საწარმო
გურჯაანის რაიონის
სოფელი მუკუზანი
სარემონტო მექანიკური საწარმო „საქრემმანქანა“
გარდაბნის რაიონის
სოფელი ვაზიანი
V. ავტოსატრანსპორტო საწარმოები
ფოთის ავტოსატრანსპორტო საწარმო
ქ. ფოთი
გორის ავტოსატრანსპორტო საწარმო
ქ. გორი
თელავის ავტოსატრანსპორტო საწარმო
ქ. თელავი
წნორის ავტოსატრანსპორტო საწარმო
სიღნაღის რაიონის დაბა
წნორი
კაჭრეთის ავტოსატრანსპორტო საწარმო
გურჯაანის რაიონის
სოფელი კაჭრეთი
VI. კომპლექტაციის, მომარაგებისა და სოციალური
სფეროს ორგანიზაციები
წნორის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველო
სიღნაღის რაიონის
დაბა წნორი
გორის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველო
ქ. გორი
თელავის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველო
ქ. თელავი
მუშათა მომარაგების სამმართველო
ქ. თბილისი
დამხმარე სოფლის მეურნეობის სამმართველო
ქ. თბილისი
საწარმოო-გამაჯანსაღებელი კომბინატი „კოდორი“
გულრიფშის რაიონის
სოფელი ბაბუშარა
„საქწყალმშენის“ ახალდაბის დასასვენებელი ზონა
გარდაბნის რაიონის
სოფელი ახალდაბა
სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წყალმშენის“ სტრუქტურა
ადმინისტრაცია
საერთო განყოფილება
საწარმოო განყოფილება
კაპიტალური მშენებლობის განყოფილება
მექანიზაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის განყოფილება
ტექნიკური განყოფილება
ეკონომიკისა და ფინანსების განყოფილება
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება
მატერიალური ბალანსებისა და კომპლექტაციის განყოფილება
სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანალიზის განყოფილება
კადრების და სპეცსამსახურის განყოფილება
ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილება.