აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/322
2025 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2025 წლის 17 ივლისის №4076/09 და 30 ივლისის №4292/09 განცხადებები – „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს მთავრობა ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე ქვესადგურების გაფართოებას.
„წყალტუბო-ახალციხის“ პროექტი ითვალისწინებს 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას არსებული წყალტუბოს ქვესადგურიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში არსებულ ქვესადგურამდე. „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი (ხელშ. KFW/DI/OHL/Lot 1) ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა III-ის ფარგლებში.“ პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული კავშირი როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას შეუქმნის ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსის ათვისებას. პროექტის განხორციელების შედეგად მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიანობა და საიმედოობა. შეიქმნება 500 კვ-იანი ენერგეტიკული მაგისტრალის „ენგური-ზესტაფონი-ახალციხე“ სარეზერვო ქსელი. შემცირდება ავარიული გამორთვებისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყობს ხელს. „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზი გადის წყალტუბოს, ქუთაისის, ვანის, ადიგენისა და ახალციხის ტერიტორიებზე. პროექტით გათვალისწინებულია 286 საყრდენის განთავსება. „წყალტუბო-ახალციხის“ ხაზის განხორციელებით დაგეგმილია ჩრდილოეთის რგოლის გაძლიერება. პროექტი ასევე კავშირშია „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტთან. პროექტი „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“ სრულად დაარეზერვებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემ ხაზებს „იმერეთი“ და „ზეკარი.“ პროექტის არეალში მოექცა: ვლადიმერ შვანგირაძის (პ/ნ 60001132311) საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მდებარე 38 155.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №29.16.33.035) ნაწილი – 160.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ერდოღან ოზგუნის (პ/ნ: 60091000041), გენჯერ ილმაზის (დაბ. 07/03/1979, პ/ნ: U25641390) და მზია სიგუას (დაბ. 22/03/1961, პ/ნ: 60001000950) თანასაკუთრებაში არსებული ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩა №55ა-ში მდებარე 10122.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №03.01.03.793) ნაწილი – 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მდებარე 38 155.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №29.16.33.035) მესაკუთრეა ვლადიმერ შვანგირაძე (პ/ნ 60001132311).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვლადიმერ შვანგირაძის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მდებარე 38 155.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №29.16.33.035) ნაწილი – 160.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №55ა-ში მდებარე 10122 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №03.01.03.793) თანამესაკუთრეები არიან: ერდოღანი ოზგუნი (პ/ნ: 60091000041), გენჯერ ილმაზი (დაბ. 07/03/1979, პ/ნ: U25641390) და მზია სიგუა (დაბ. 22/03/1961, პ/ნ: 60001000950).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ერდოღანი ოზგუნის, გენჯერ ილმაზის და მზია სიგუას თანასაკუთრებაში არსებული ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩა №55ა-ში მდებარე 10 122.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №03.01.03.793) ნაწილი – 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 26 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:
1.1. ვლადიმერ შვანგირაძის (პ/ნ 60001132311) საკუთრებაში არსებულ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მდებარე 38 155.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №29.16.33.035) ნაწილზე – 160.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
1.2. ერდოღანი ოზგუნის (პ/ნ: 60091000041), გენჯერ ილმაზის (დაბ. 07/03/1979, პ/ნ: U25641390) და მზია სიგუას (დაბ. 22/03/1961, პ/ნ: 60001000950) თანასაკუთრებაში არსებულ ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩა №55ა-ში მდებარე 10122.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №03.01.03.793) ნაწილზე – 591 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი