სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საწარმო დაწესებულებების მფლობელობაში არსებულ არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობათა სამუშაო ფართობის რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 23.06.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №676
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000362 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 30/06/1992
600 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საწარმო დაწესებულებების მფლობელობაში არსებულ არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობათა სამუშაო ფართობის რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მ თ ა ვ რ ო ბ ი ს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №676 1992 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საწარმო დაწესებულებების მფლობელობაში არსებულ არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობათა სამუშაო ფართობის რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობისა და სხვა ახლად შექმნილ სახელმწიფო ორგანოთა განთავსებისათვის სათანადო ფართობის გამოყოფის საკითხის მოგვარება მეტად გაძნელებულია და ჭიანურდება, რაც აფერხებს ამ ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 20 მაისის № 317 განკარგულების საფუძველზე შეამოწმა ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ზოგიერთი სახელმწიფო ორგანიზაციის, დაწესებულების, საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მფლობელობაში არსებულ არასაცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობათა სამუშაო ფართობის განაწილებისა და გამოყენების მდგომარეობა (სულ 52 ობიექტი). შემოწმებამ გამოავლინა: ადმინისტრაციული და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობებში არსებობს სამუშაო ფართობის დიდი რეზერვი, რომლის რაციონალური გამოყენება საშუალებას იძლევა ახლად შექმნილი სახელმწიფო ორგანოების აპარატების განთავსების საკითხის გადაწყვეტას; რიგ ორგანიზაციებს ადრე არსებული აპარატების გაუქმების ან სტრუქტურული ცვლილებებისა და შტატების შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული სამუშაო ფართობი კანონმდებლობის დარღვევით აქვთ გადაცემული სხვადასხვა დაწესებულებებისათვის, რომელთაც საერთოდ არ ახდევინებენ ან ახდევინებენ დადგენილ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებ საიჯარო თანხას. არის შემთხვევები, როდესაც ამ ფართობებზე საიჯარო ხელშეკრულებებიც კი არ არის გაფორმებული; - მთელ რიგ ორგანიზაცია-დაწესებულებებს, ასოციაციებს, კოოპერატივებს თვითნებურად აქვთ დაკავებული სახელმწიფო ორგანოთა მფლობელობაში მყოფი შენობები, არასაცხოვრებელი ფართობი და მისი დაკავების დღიდან თვეების განმავლობაში არ იხდიან საიჯარო გადასახადს, ხოლო ამ შენობათა მფლობელი სახელმწიფო ორგანოები დაუშვებელ ინერტულობას იჩენენ; რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავალი, ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობათა სამუშაო ფართობით სარგებლობისათვის საიჯარო თანხებზე დაწესებული სახელმწიფო გადასახადების ხარჯზე უმნიშვნელოა; დასამუშავებელია დებულება, რომელშიც დაზუსტებული იქნება სახელმწიფო ადმინისტრაციული და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობათა დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის რესპუბლიკური ნორმატივები, ამ შენობა-ნაგებობებში სამუშაო ფართობის იჯარით ან ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის, მათი გადანაწილების და რეგისტრაციის წესები. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს: 1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის სამეურნეო სამმართველოს ქ. თბილისის მერიასთან ერთად შეისწავლოს და ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადება შემოწმებით გამოვლენილი ზენორმატიული არასაცხოვრებელი ფართობის გადანაწილების შესახებ. 2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, კომიტეტებს, დეპარტამენტებს, უწყებებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, ქ. თბილისის მერიას (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის სამეურნეო სამმართველოსთან ერთად), ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ ზენორმატიული (გასაქირავებელი ან გაქირავებული) სამუშაო ფართობი: 2.1. ერთი თვის ვადაში განიხილონ მათ ბალანსზე არსებული სამუშაო ფართობის გამოყენების მდგომარეობა და განახორციელონ - ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ყველა თვითნებურად დაკავებული სამუშაო ფართობის განთავისუფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ადმინისტრაციული წესით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით), ამასთან ერთად ქირის გადახდა ამ ფართობის ფაქტიურად ნასარგებლები დროის მიხედვით; - ხელშეკრულებათა გაფორმება ყველა დამქირავებელთან, რომელიც სარგებლობს სამუშაო ფართობით გამქირავებლის ნებართვით; - კანონის დარღვევით გაფორმებულ ხელშეკრულებათა დადგენილი წესით გაუქმება ან ახალი, მოქმედი წესების შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება დაწესებული პირობების დაცვით. 2.2. დააწესონ კონტროლი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის დროულად და სრული ოდენობით გადახდაზე. 2.3. განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ ამა წლის 15 ივლისამდე წარმოუდგინონ ინფორმაციები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო ინსპექციას შეისწავლოს მოიჯარის მიერ მიღებული შემოსავლებიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა და მიიღოს ზომები ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების ამოსაღებად. 4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, ქ. თბილისის მერიას, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 1992 წლის 1 სექტემბრამდე დაამუშაონ და წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დებულება სახელმწიფო ადმინისტრაციულ არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობებში სამუშაო ფართობის იჯარით ან ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის, გადანაწილებისა და რეგისტრაციის წესების შესახებ და სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობათა დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის რესპუბლიკური ნორმატივები. 5. დებულების დამტკიცებამდე ქ. თბილისის მერიამ მის ბალანსზე არსებული არასაცხოვრებელი ფართობის განაწილებისას იხელმძღვანელოს მის მიერვე დამტკიცებული დებულებით, ხოლო სხვა ფართობების განაწილებისას უშუალოდ მფლობელებთან შეთანხმებით. 6. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის სამეურნეო სამმართველოს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრის - თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                           თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                              გ. ბერიძე