სვანეთის რეგიონში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №815
სარეგისტრაციო კოდი 000000150.02(0).000.000383 22
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 31/08/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სვანეთის რეგიონში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების რეგულირების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №815
1992 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სვანეთის რეგიონში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების რეგულირების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ 1987 წლიდან დაწყებული, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა მესტიისა და ლენტეხის რაიონებში სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობის განსახლებისა და ადგილებზე დამაგრების პრობლემების გადაწყვეტა. ამ კატეგორიის ოჯახებისათვის 3-4 წლის წინ ბარის რაიონებში აშენებული 300-ზე მეტი სახლი შეუსახლებელია და ნადგურდება (შესაბამისად არ მუშავდება მათთვის გამოყოფილი მიწის ფართობები). გეგმით ჩასასახლებელი 1000-მდე ოჯახისათვის ჯერ კიდევ არ დაწყებულა ან ნახევრად აშენების სტადიაშია საცხოვრებელი სახლები საქართველოს მთელ რიგ რაიონებში.
აღნიშნულის გარდა, სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების ნაწილი ცდილობს მათთვის აშენებული სახლების გასხვისებას. განსაკუთრებით - იძაბება ვითარება უახლოეს პერიოდში მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის პირობებში, ერთის მხრივ, თვით მესტიისა და ლენტეხის რაიონებში მიწის სიმცირის გამო და, მეორეს მხრივ, იმ რაიონებში, სადაც გათვალისწინებულია სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების განსახლება.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მესტიისა და ლენტეხის რაიონებში სტიქიისაგან დაზარალებული და გეგმით ჩასასახლებელ იმ ოჯახებს, რომლებიც დღემდე არ ჩასახლებულან მათთვის აშენებულ საცხოვრებელ სახლებში და სურთ ჩასახლდნენ, 1992 წლის 1 სექტემბრამდე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით გაუუქმდეთ კომლები თავის საცხოვრებელ ადგილზე და დატოვებულ იქნენ იქ დროებითი მცხოვრების სტატუსით, მათი ჩასახლების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. გაუქმებულ კომლებს ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე დარჩეთ საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე მიწის ნაკვეთი (ეზო-კარმიდამო) არა უმეტეს 0,06 ჰექტარისა.
სვანეთის რეგიონში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხთა რეგულირების სამთავრობო კომისიამ (შემდგომში „კომისია“) დაადგინოს იმ ოჯახების სია, რომლებიც არ ეპატრონებიან მათთვის, როგორც სტიქიისაგან დაზარალებულთათვის, უკვე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს, გამოყოფილ კარ-მიდამოს და მიეცეთ მათ გაფრთხილება, რომ 1992 წლის 1 სექტემბრისათვის აუთვისებელი სახლები გადაუნაწილდებათ დღემდე უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს.
2. მესტიისა და ლენტეხის რაიონებიდან სტიქიის გამო რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში განსახლებული მოსახლეობისათვის აშენებულ ჯერ კიდევ შეუსახლებელ საცხოვრებელ სახლებში მათი მფლობელების 1992 წლის 1 სექტემბრიდან გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბათილად იქნეს ცნობილი ყოველი ასეთი ოჯახისათვის გაცემული სათანადო საბუთი. აღნიშნული სახლები გადაეცეთ მესტიისა და ლენტეხის რაიონების გამგეობებს კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან ერთად იმ ოჯახებისათვის გადასანაწილებლად, რომლებიც დღეისათვის დარჩენილი არიან უსახლკაროდ, რადგან მათი სახლების მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან არ არის დაწყებული.
3. დაევალოს კომისიას შეისწავლოს დაზარალებულთა მიერ მათთვის მიკუთვნებული სახლების გასხვისებისა და გაყიდვის მცდელობის ფაქტები და მათი დადასტურების შემთხვევაში შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებანი და წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს კომისიას.
5. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიითა და რადიოთი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი